თავი მეთექვსმეტე
იმედისმომცემი ცნობა გულგატეხილი ტყვეებისთვის
1. აღწერეთ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდაელთა მდგომარეობა.
იუდა მძიმე მდგომარეობაში იყო. ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხი სამშობლოს იყო მოწყვეტილი და ბაბილონის ტყვეობაში იტანჯებოდა. ისინი გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ და შეეძლოთ ყოველდღიური საქმეებით დაკავებულიყვნენ (იერემია 29:4—7). ზოგი ახალ ხელობას ეუფლებოდა, ზოგი კი ვაჭრობას იწყებდაa (ნეემია 3:8, 31, 32). მიუხედავად ამისა, იუდაელი ტყვეებისთვის ცხოვრება ადვილი არ იყო. ისინი როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ვნახოთ როგორ.
2, 3. რა გავლენა მოახდინა ტყვეობამ იეჰოვასადმი იუდაელთა თაყვანისცემაზე?
2 როდესაც ბაბილონელთა ჯარებმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი დაანგრიეს, მათ მხოლოდ ერს კი არა, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასაც მიაყენეს დარტყმა. მათ გაძარცვეს და იავარყვეს იეჰოვას ტაძარი და თითქმის სრულიად მოსპეს სამღვდელოება, როდესაც ლევის ტომიდან ზოგი ტყვედ წაიყვანეს, ხოლო ზოგიც მოკლეს. თაყვანისმცემლობის ადგილის, სამსხვერპლოსა და ორგანიზებული სამღვდელოების გარეშე იუდაელებისთვის შეუძლებელი იყო ჭეშმარიტი ღმერთისთვის რჯულის მიხედვით მსხვერპლის შეწირვა.
3 მიუხედავად ამისა, ღვთის ერთგულ იუდაელებს შეეძლოთ არ დაეკარგათ თავიანთი რწმენა — არ დაევიწყებინათ წინადაცვეთა და შეძლებისდაგვარად მიჰყოლოდნენ რჯულს. მაგალითად, მათ შეეძლოთ მორიდებოდნენ აკრძალულ საკვებს და დაეცვათ შაბათი. მაგრამ ამგვარად მოქმედებით დაცინვას ვერ გაექცეოდნენ, რადგან ბაბილონელთათვის სისულელე იყო იუდაელთა რელიგიური რიტუალები. ტყვეების გულგატეხილობა კარგად ჩანს ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან: „ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო! ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა“ (ფსალმუნი 136:1—3).
4. რატომ იქნება იუდაელთათვის უსარგებლო სხვა ერებზე ხსნის იმედის დამყარება, მაგრამ ვის უნდა მიმართონ მათ დახმარებისთვის?
4 ვისთვის უნდა მიემართათ იუდაელ ტყვეებს ნუგეშსაცემად? ვინ იხსნიდა მათ? ცხადია, ვერც ერთი მეზობელი ერი! ყველა ეს ერი უძლური იყო ბაბილონის ჯარების წინაშე და ბევრი მათგანი მტრულად იყო განწყობილი იუდაელთა მიმართ. მაგრამ მდგომარეობა არ ყოფილა გამოუვალი. იეჰოვა, რომელსაც ტყვეობამდე აუჯანყდნენ, მთელი გულით იწვევდა მათ თავისთან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობაში იყვნენ.
„წყალთან მოდით“
5. რას ნიშნავს სიტყვები „წყალთან მოდით“?
5 ესაიას პირით იეჰოვა წინასწარმეტყველურად იწვევს ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებს: «ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით [„მოდით“, აქ], და ვერცხლის უქონელნო, წადით [„მოდით“, აქ], იყიდეთ და ჭამეთ! წადით [„მოდით“, აქ] და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!» (ესაია 55:1). ამ სიტყვებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, განვიხილოთ მოწვევა: „წყალთან მოდით“. უწყლოდ სიცოცხლის არსებობა შეუძლებელია. ამ ძვირფასი სითხის გარეშე ადამიანი დაახლოებით ერთი კვირა თუ გაძლებს. ამიტომაც იეჰოვა სათანადოდ იყენებს წყალს მეტაფორად, რათა მისმა სიტყვებმა გავლენა მოახდინოს იუდაელ ტყვეებზე. მისი ცნობა როგორც პაპანაქება სიცხეში ცივი სასმელი, ისე გამოაცოცხლებს ხალხს. ის მათ რთული მდგომარეობიდან გამოიყვანს და ჭეშმარიტებისა და სიმართლის წყურვილს მოუკლავს. აგრეთვე ტყვეობიდან გათავისუფლების იმედს ჩაუსახავს. მაგრამ ამ წყალმა რომ სარგებლობა მოუტანოს იუდაელ ტყვეებს, მათ ღვთის ცნობა უნდა „დალიონ“, ყურად იღონ და მის თანახმად მოიქცნენ.
6. რა სიკეთეს ნახავენ იუდაელები, თუ „ღვინოსა და რძეს“ იყიდიან?
6 იეჰოვა ხალხს „ღვინოსა და რძესაც“ სთავაზობს. რძე ჩვილის სხეულს აძლიერებს და ზრდაში ეხმარება. ამნაირადვე, იეჰოვას სიტყვები სულიერად გააძლიერებს ღვთის ხალხს და მასთან ურთიერთობის განმტკიცებაში შეუწყობს ხელს. რა შეიძლება ითქვას ღვინოზე? ღვინოს ხშირად დღესასწაულებზე სვამენ. ბიბლიაში ის კეთილდღეობასა და სიხარულთან არის დაკავშირებული (ფსალმუნი 103:15). მოწოდებით: „იყიდეთ... ღვინო“, იეჰოვა არწმუნებს თავის ხალხს, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მთელი გულით დაბრუნება ‘გაამხიარულებს’ მათ (მეორე რჯული 16:15; ფსალმუნი 18:9; იგავნი 10:22).
7. რატომ არის დიდმნიშვნელოვანი იეჰოვას მიერ ტყვეების მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობა და ეს რას გვასწავლის მის შესახებ?
7 რა დიდ გულმოწყალებას ამჟღავნებს იეჰოვა ტყვე იუდაელებისთვის ასეთი სულიერი გამხნევების შეთავაზებით! მისი თანაგრძნობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, თუ მხედველობაში მივიღებთ წარსულში იუდაელთა ურჩობას. რა თქმა უნდა, ისინი არ იმსახურებენ იეჰოვას კეთილგანწყობილებას. მაგრამ ფსალმუნმომღერალმა დავითმა საუკუნეების წინათ დაწერა: „შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება“ (ფსალმუნი 102:8, 9). იეჰოვა თავიდან კი არ იშორებს თავის ხალხს, არამედ თავად დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ. ის ნამდვილად „წყალობის მოყვარული“ ღმერთია (მიქა 7:18).
ცრუ იმედი
8. ვისზე ამყარებდა იმედს ბევრი იუდაელი და როგორ იყვნენ ისინი გაფრთხილებული?
8 ბევრი იუდაელი დღემდე არ ამყარებს ხსნის იმედს იეჰოვაზე. მაგალითად, იერუსალიმის დაცემის წინ მისმა მთავრებმა მხარდაჭერისთვის ძლიერ ერებს მიმართეს, რითაც, ასე ვთქვათ, როგორც ეგვიპტესთან, ისე ბაბილონთან იმრუშეს (ეზეკიელი 16:26—29; 23:14). იერემია სათანადოდ აფრთხილებდა მათ: „დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს“ (იერემია 17:5). მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხი ზუსტად ასე იქცეოდა!
9. რა გაგებით ‘ხარჯავს ვერცხლს, მაგრამ ვერ შოულობს პურს’ ბევრი იუდაელი?
9 ახლა ისინი ერთ-ერთ იმ ერს ჰყავს დამონებული, რომელზეც იმედს ამყარებდნენ. ისწავლეს მათ რამე გამოცდილებიდან? როგორც ჩანს, ბევრმა ვერაფერი ისწავლა, რადგან იეჰოვა ეკითხება მათ: „რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ პურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით?“ (ესაია 55:2ა). თუ ტყვე იუდაელები იეჰოვაზე კი არა, სხვაზე ამყარებენ იმედს, ისინი ‘ვერცხლს ხარჯავენ, მაგრამ პურს ვერ შოულობენ’. ისინი ნამდვილად ვერ გათავისუფლდებიან ბაბილონისგან, რადგან ის არასდროს ათავისუფლებს ტყვეებს. ფაქტობრივად, ბაბილონი თავისი იმპერიალისტური პოლიტიკით, კომერციული მიზნებითა და ცრუთაყვანისმცემლობით ტყვე იუდაელებს ვერაფერს შესთავაზებს.
10. ა) როგორ აკურთხებს იეჰოვა ტყვე იუდაელებს, თუ მას მოუსმენენ? ბ) რა აღთქმა დაუდო იეჰოვამ დავითს?
10 იეჰოვა ევედრება თავის ხალხს: „მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს. ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო“ (ესაია 55:2ბ, 3). სულიერად დაუნაყრებელი ამ ხალხის ერთადერთი იმედი იეჰოვაა, რომელიც ახლა წინასწარმეტყველურად ელაპარაკება მათ ესაიას პირით. მათი სიცოცხლე იეჰოვას ცნობის მოსმენაზეა დამოკიდებული, რადგან იეჰოვა ამბობს, რომ ამით ‘იცოცხლებს მათი სული’. მაგრამ რა არის „საუკუნო აღთქმა“, რომელსაც იეჰოვა დაუდებს მათ, ვინც მის სიტყვებს გამოეხმაურება? ეს აღთქმა ანუ კავშირი ‘დავითის გამო’ იქნება დადებული. საუკუნეებით ადრე იეჰოვა შეჰპირდა დავითს, რომ ‘მყარი იქნებოდა მისი ტახტი სამარადისოდ’ (მეორე მეფეთა 7:16). მაშასადამე, აქ მოხსენიებული „საუკუნო აღთქმა“ მმართველობას ეხება.
მარადიული სამეფოს მუდმივი მემკვიდრე
11. რატომ უნდა იყოს წარმოუდგენელი ღვთის მიერ დავითთან დადებული აღთქმის შესრულება ბაბილონში მყოფ ტყვეთათვის?
11 დავითის საგვარეულო ხაზის მმართველობა შეიძლება წარმოუდგენელი იყოს ტყვე იუდაელთათვის. მათ თავიანთი მიწა და სახელმწიფოებრიობაც კი დაკარგული აქვთ. მაგრამ ეს ყოველივე დროებითია. იეჰოვას არ დავიწყებია დავითთან შეკრული კავშირი. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად წარმოუდგენელია ეს ადამიანური თვალსაზრისით — ღვთის განზრახვა დავითის მემკვიდრის მარადიულ სამეფოსთან დაკავშირებით აუცილებლად განხორციელდება. როგორ და როდის? ძვ. წ. 537 წელს იეჰოვა ბაბილონის ტყვეობიდან ათავისუფლებს და სამშობლოში აბრუნებს თავის ხალხს. მყარდება თუ არა ამის შემდეგ მარადიული სამეფო? არა, ერი სხვა წარმართულ სამეფოს, მიდია-სპარსეთს, ემორჩილება. ერების მმართველობისთვის განკუთვნილი „წარმართთა ჟამი“ ჯერ არ არის გასული (ლუკა 21:24). ისრაელს მეფე არ ეყოლება და იეჰოვას მიერ დავითისთვის დადებული აღთქმა საუკუნეების განმავლობაში არ შესრულდება.
12. რა ნაბიჯი გადადგა იეჰოვამ დავითთან დადებული აღთქმის შესასრულებლად?
12 ხუთას წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ისრაელი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდა, იეჰოვამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც სამეფოს თაობაზე შეკრული კავშირიდან გამომდინარეობდა. მან თავისი პირმშო ძის, პირველი ქმნილების, სიცოცხლე ზეციერი დიდებიდან იუდაელი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში გადაიტანა (კოლასელთა 1:15—17). ამ მოვლენის შესახებ იეჰოვას ანგელოზმა უთხრა მარიამს: „დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:32, 33). ამგვარად, იესო დავითის სამეფო საგვარეულო ხაზში დაიბადა და მეფობის უფლება მემკვიდრეობით მიიღო. გამეფების შემდეგ იესოს მარადიულად უნდა ემეფა (ესაია 9:6; დანიელი 7:14). ახლა გზა გახსნილი იყო იეჰოვას მიერ საუკუნეების წინათ დადებული აღთქმის შესასრულებლად, რომ მუდმივ მემკვიდრეს მისცემდა მეფე დავითს.
‘ხალხების მბრძანებელი’
13. რა გაგებით იყო იესო „ხალხების მოწმე“ როგორც დედამიწაზე მსახურებისას, ისე ამაღლების შემდეგ?
13 რას გააკეთებს ეს მომავალი მეფე? იეჰოვა ამბობს: „აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად“ (ესაია 55:4). როდესაც იესო გაიზარდა, დედამიწაზე იეჰოვას წარმომადგენელი, ღვთის მოწმე, გახდა ერებისთვის. დედამიწაზე ცხოვრებისას იესო „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრებისთვის“ მსახურობდა. მაგრამ ზეცად ამაღლების წინ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი... აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის დასასრულამდე“ (მათე 10:5, 6; 15:24; 28:19, 20). ამგვარად, დროთა განმავლობაში სამეფოს შესახებ ცნობამ არაიუდეველებამდეც მიაღწია და ზოგი მათგანი დავითთან შეკრული კავშირის მონაწილე გახდა (საქმეები 13:46). ამით იესო სიკვდილის, მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგაც ‘ხალხებს შორის [იეჰოვას] მოწმედ’ დარჩა.
14, 15. ა) რა გაგებით არის იესო „ბელადი და მბრძანებელი“? ბ) რა პერსპექტივა ჰქონდათ იესოს მიმდევრებს პირველ საუკუნეში?
14 იესო აგრეთვე „ბელადი და მბრძანებელი“ უნდა ყოფილიყო. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დედამიწაზე იესომ სრულად იტვირთა მეთაურობის ყოველგვარი პასუხისმგებლობა — იპყრობდა უამრავი ხალხის ყურადღებას, ასწავლიდა მათ ჭეშმარიტების სიტყვებს და აჩვენებდა, რა სარგებლობას მიიღებდნენ მისი მიმდევარნი (მათე 4:24; 7:28, 29; 11:5). ის საუკეთესოდ მოძღვრავდა და მომავალი სამქადაგებლო საქმიანობისთვის ამზადებდა თავის მოწაფეებს (ლუკა 10:1—12; საქმეები 1:8; კოლასელთა 1:23). მხოლოდ სამ-ნახევარ წელიწადში იესომ საფუძველი ჩაუყარა ერთიან მრავალეროვან კრებას, რომელშიც სხვადასხვა რასის ათასობით წარმომადგენელი იყო გაერთიანებული! მხოლოდ ჭეშმარიტი „ბელადი და მბრძანებელი“ შესძლებდა ასეთი საოცარი რამის მოხდენასb.
15 პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები იყვნენ, რომლებსაც ზეციერ სამეფოში იესოს თანამმართველობის იმედი ჰქონდათ (გამოცხადება 14:1). მაგრამ აღსანიშნავია, რომ ესაიას წინასწარმეტყველება მოგვიანებით უნდა შესრულებულიყო. არაერთი ფაქტით დასტურდება, რომ იესო ქრისტე ღვთის სამეფოს მეფე მხოლოდ 1914 წელს გახდა. მცირე ხანში სულითცხებული ქრისტიანები დედამიწაზე დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც ტყვე იუდაელები იყვნენ ძვ. წ. VI საუკუნეში. ფაქტობრივად, ესაიას წინასწარმეტყველება უდიდესი მნიშვნელობით ამ ქრისტიანებზე შესრულდა.
ტყვეობა და გათავისუფლება უკანასკნელ ჟამს
16. რა საშინელი მოვლენები მოჰყვა 1914 წელს იესოს ზეცაში გამეფებას?
16 ზეცაში 1914 წელს იესოს გამეფებას მსოფლიოში თან ახლდა საშინელი მოვლენები. რატომ? გამეფებისას იესომ ზეციდან განდევნა სატანა და სხვა ბოროტი სულიერი ქმნილებები. დედამიწაზე ჩამოსული სატანა დანარჩენ წმინდანებს, ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილ ნაწილს, შეება (გამოცხადება 12:7—12, 17). დაპირისპირებამ კულმინაციურ წერტილს 1918 წელს მიაღწია, როდესაც საჯაროდ ქადაგება, ფაქტობრივად, შეწყდა და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პასუხისმგებელი პირები შეთქმულების ცრუბრალდებით იქნენ დაპატიმრებული. ამგვარად, იეჰოვას მსახურები სულიერ ტყვეობაში აღმოჩნდნენ, რაც ძველი იუდაელების ტყვეობის პარალელური მოვლენა იყო. ისინი დიდად შეურაცხყვეს.
17. როგორ შეიცვალა ცხებულთა მდგომარეობა 1919 წელს და როგორ იქნენ ისინი განმტკიცებული?
17 ღვთის ცხებულ მსახურთა ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1919 წლის 26 მარტს დაპატიმრებული პასუხისმგებელი პირები გაათავისუფლეს, ხოლო მოგვიანებით ყოველგვარი ბრალდება მოუხსნეს. გათავისუფლების შემდეგ იეჰოვამ სულიწმიდით გააძლიერა თავისი ხალხი მომავალი საქმიანობისთვის. ისინი სიხარულით გამოეხმაურნენ მოწოდებას, ‘უსასყიდლოდ აეღოთ სიცოცხლის წყალი’ (გამოცხადება 22:17). მათ ‘უვერცხლოდ და უსასყიდლოდ იყიდეს ღვინო და რძე’ და სულიერად იქნენ განმტკიცებული იმ სასწაულებრივი მომავალი გაფართოებისთვის, რომლის წარმოდგენაც არ შეეძლო ცხებულთა დარჩენილ ნაწილს.
უამრავი ხალხი ღვთის ცხებულებისკენ მიეშურება
18. რა ორი ჯგუფი არსებობს იესო ქრისტეს მოწაფეებში და რას ქმნიან ისინი დღეს?
18 იესოს მოწაფეებს ორგვარი იმედი აქვთ. პირველად „მცირე სამწყსო“ შეიკრიბა — 144000 ცხებული ქრისტიანი — როგორც იუდეველთაგან, ისე არაიუდეველთაგან, რომლებსაც „ღვთის ისრაელი“ ეწოდებათ და ზეციერ სამეფოში იესოსთან ერთად მმართველობის იმედი აქვთ (ლუკა 12:32; გალატელთა 6:16; გამოცხადება 14:1, სსგ). მეორე ჯგუფი — „უამრავი ხალხი“, ანუ „სხვა ცხვრები“ — ამ უკანასკნელ დღეებში გამოჩნდა. მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. დიდი გასაჭირის დადგომამდე უამრავი ხალხი, რომელთა რიცხვი წინასწარ არ არის განსაზღვრული, მცირე სამწყსოს მხარდამხარ მსახურობს; ეს ორივე ჯგუფი „ერთ ფარას“ ქმნის, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს (გამოცხადება 7:9, 10; იოანე 10:16).
19. როგორ გამოეხმაურა სულიერი ერის მოწოდებას „ხალხი“, რომელსაც მანამდე არ იცნობდა ღვთის ისრაელი?
19 ამ მრავალრიცხოვანი ჯგუფის შეკრება ესაიას წინასწარმეტყველების შემდეგი სიტყვებიდანაც ჩანს: «აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი, რომელიც არ გიცნობს, შენსკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ [„ის დაგამშვენებს შენ“, აქ]» (ესაია 55:5). სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ წლების განმავლობაში არ ესმოდა ცხებულთა დარჩენილ ნაწილს, რომ იეჰოვა მათ არმაგედონამდე თავის თაყვანისმცემლობაში დიდძალი „ხალხის“ მოწოდებისთვის გამოიყენებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მრავალი გულწრფელი ადამიანი, რომლებსაც ზეციერი იმედი არ ჰქონდათ, შეუერთდნენ ცხებულებს იეჰოვას თაყვანისმცემლობაში და მათსავით გულმოდგინედ დაიწყეს მსახურება. ამ ახალმოსულებმა შენიშნეს ღვთის ხალხის საუკეთესო მდგომარეობა და დაინახეს, რომ იეჰოვა მათ შორის იყო (ზაქარია 8:23). XX საუკუნის 30-იან წლებში ცხებულებმა სრულად ამოიცნეს ეს ჯგუფი, რომლის რიცხვიც თანდათანობით მატულობდა. ისინი მიხვდნენ, რომ უმნიშვნელოვანესი საქმიანობა — მათი შეკრება — ჯერ კიდევ წინ იყო. უამრავი ხალხი ნამდვილად საფუძვლიანი მიზეზით გაეშურა ღმერთთან კავშირით შეკრული ხალხისკენ.
20. ა) რატომ არის დღეს დროული ‘უფლის ძიება’ და როგორ არის ეს შესაძლებელი? ბ) როგორ მოექცევა იეჰოვა თავის მძებნელებს?
20 ესაიას დღეებში გაისმა მოწოდება: „ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი“ (ესაია 55:6). ჩვენს დღეებში ეს სიტყვები დროულია, როგორც ღვთის ისრაელისთვის, ისე რიცხობრივად მზარდი უამრავი ხალხისთვის. იეჰოვა ნებისმიერ შემთხვევაში როდი გვაკურთხებს ან მარადიულად როდი მოგვიხმობს. ახლაა დრო მისი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად. იეჰოვას მიერ დადგენილი სამსჯავროს დროს უკვე ძალზე გვიან იქნება. ამიტომაც ესაია ამბობს: «მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა — თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ [„დაუბრუნდეს იეჰოვას“, აქ] და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია» (ესაია 55:7).
21. როგორ უგულებელყო ისრაელმა ერმა წინაპრების მიერ დადებული პირობა?
21 ფრაზიდან „დაუბრუნდეს იეჰოვას“ ჩანს, რომ მათ, ვისაც მონანიება სჭირდება, ადრე ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან. ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილის მრავალი მხარე პირველად ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებზე შესრულდა. საუკუნეების წინათ ამ ტყვეების წინაპრებმა განაცხადეს, რომ იეჰოვას მორჩილები იქნებოდნენ: „არ იქნება ჩვენგან უფლის დავიწყება, უცხო ღმერთების სამსახური“ (იესო ნავეს ძე 24:16). მაგრამ ისტორია ცხადყოფს, რომ ისინი არაერთხელ მოიქცნენ თავიანთი განაცხადის საპირისპიროდ! სწორედ ურწმუნოების გამო ჩაცვივდა ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობაში.
22. რატომ ამბობს იეჰოვა, რომ მისი ზრახვები და გზები ადამიანის ზრახვებსა და გზებზე მაღალია?
22 რა მოხდება, თუ ისინი მოინანიებენ? ესაიას პირით იეჰოვა აღუთქვამს მათ, რომ ‘მრავალგზის მიუტევებს’. გარდა ამისა, ის ამბობს: „რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“ (ესაია 55:8, 9). იეჰოვა სრულყოფილია და მისი ზრახვები და გზები ძალზე მაღალია. მისი გულმოწყალებაც იმდენად დიდია, რომ ჩვენ, ადამიანები, ვერასდროს შევძლებთ მსგავსი გულმოწყალების გამოვლენას. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვინმეს დანაშაულს ვპატიებთ, ეს ცოდვილი კაცის მიერ ცოდვილისთვის დანაშაულის მიტევებაა. ჩვენ გვესმის, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც დაგვჭირდება ვიღაცის მიერ პატიება (მათე 6:12). მაგრამ იეჰოვა, მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს სჭირდება სხვისგან პატიება, „მრავალგზის მიმტევებელია“! ის ნამდვილად მოწყალე ღმერთია. იეჰოვა ხსნის ცას და კურთხევებს ცლის მათზე, ვინც მთელი გულით უბრუნდება (მალაქია 3:10).
იეჰოვასთან დაბრუნებულთა კურთხევები
23. რა მაგალითი მოჰყავს იეჰოვას, რათა დაგვანახვოს, რომ მისი სიტყვა უეჭველად შესრულდება?
23 იეჰოვა ჰპირდება თავის ხალხს: „რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:10, 11). იეჰოვას თითოეული სიტყვა აუცილებლად სრულდება. როგორც ციდან წამოსული წვიმა და თოვლი ასრულებს თავის დანიშნულებას, რწყავს და ნაყოფს აღმოაცენებინებს მიწას, ისე იეჰოვას პირიდან გამოსული სიტყვაც სრულიად სანდოა. იეჰოვა უეჭველად შეასრულებს თავის ყოველგვარ დანაპირებს (რიცხვნი 23:19).
24, 25. რა კურთხევები ელის იუდაელ ტყვეებს, რომლებიც ესაიას მიერ გაცხადებული იეჰოვას ცნობის თანახმად მოქმედებენ?
24 ასე რომ, თუ იუდაელები ყურად იღებენ ესაიას პირით წარმოთქმულ წინასწარმეტყველურ სიტყვებს, მათ, აღთქმისამებრ, უეჭველად დაიხსნის იეჰოვა. ამით ისინი უსაზღვროდ გაიხარებენ. იეჰოვა ამბობს: „სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები; მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა; და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ წაიშლება“ (ესაია 55:12, 13).
25 იუდაელი ტყვეები ნამდვილად დიდი სიხარულით ტოვებენ ბაბილონს ძვ. წ. 537 წელს (ფსალმუნი 125:1, 2). იერუსალიმში ჩასვლისას მათ ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული მიწა ეკალბარდებით გავსებული ხვდებათ. მაგრამ ღვთის ხალხს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დიდი ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობა ეძლევა! სარეველა მცენარეებს ტანმაღალი ხეები, ალვები და მურტები ცვლიან. იეჰოვას კურთხევა სრულიად აშკარაა, როდესაც ხალხი მას „მხიარული ყიჟინით“ ემსახურება. ხალხთან ერთად თითქოს ქვეყნის მთელი მიწა-წყალიც ხარობს.
26. როგორ არის კურთხეული იეჰოვას ხალხი დღეს?
26 სულითცხებულთა დარჩენილი ნაწილი 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან იქნა გათავისუფლებული (ესაია 66:8). სხვა ცხვრებისგან შემდგარ უამრავ ხალხთან ერთად ისინი სიხარულით ემსახურებიან ღმერთს სულიერ სამოთხეში. მათზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენს ბაბილონი, ამიტომაც ისინი საუკეთესო მდგომარეობით სარგებლობენ, რაც ‘სახელია უფლისათვის’. მათ სულიერ კეთილდღეობას ქება მოაქვს მისი სახელისთვის და განადიდებს მას, როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების ღმერთს. ყოველივე, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა, ცხადყოფს, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ერთგულია თავისი სიტყვისადმი და გულმოწყალეა ცოდვის ჩამდენთა მიმართ. დაე ყველამ, ვინც ‘უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ვყიდულობთ ღვინოსა და რძეს’, გავიხაროთ ღვთისთვის მარადიულად მსახურებით!
[სქოლიოები]
a ძველი ბაბილონის მრავალ სავაჭრო ჩანაწერში ბევრი იუდაელის სახელია მოხსენიებული.
b იესო კვლავაც ხელმძღვანელობს მოწაფეების მომზადების საქმეს (გამოცხადება 14:14—16). დღეს ქრისტიანები იესოს კრების თავად აღიარებენ (1 კორინთელთა 11:3). ღვთის მიერ დადგენილ დროს იესო სხვაგვარად ამოქმედდება, როგორც „ბელადი და მბრძანებელი“, როდესაც ღვთის მტრების წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლას უხელმძღვანელებს არმაგედონის ომში (გამოცხადება 19:19—21).
[სურათი 234 გვერდზე]
ღმერთი მოუწოდებს სულიერად მწყურვალ იუდაელებს, ‘წყალთან მივიდნენ და ღვინო და რძე იყიდონ’.
[სურათი 239 გვერდზე]
იესომ ცხადყო, რომ ხალხების „ბელადი და მბრძანებელია“.
[სურათები 244, 245 გვერდებზე]
„მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა“.