თავი მეჩვიდმეტე
უცხონი ღვთის სამლოცველო სახლში იკრიბებიან
1, 2. რა გაცხადდა 1935 წელს და რისი ნაწილი იყო ეს?
პარასკევს, 1935 წლის 31 მაისს, ჯოზეფ რუტერფორდი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში გამართულ კონგრესზე. მან მოციქულ იოანეს მიერ ხილვაში ნანახი „უამრავი ხალხის“ საკითხი განიხილა. მოხსენების ბოლოს ძმა რუტერფორდმა ითხოვა, ‘ფეხზე წამომდგარიყვნენ ისინი, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი ჰქონდა’. ერთი დამსწრის სიტყვების თანახმად, „მსმენელთა ნახევარზე მეტი წამოდგა“. შემდეგ მომხსენებელმა თქვა: «აი, „უამრავი ხალხი“!». სხვა დამსწრე იხსენებს: „ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი სიხარულის ხმამაღალი და ხანგრძლივი შეძახილები გაისმა“ (გამოცხადება 7:9).
2 ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტი იყო დაახლოებით 2700 წლის წინათ დაწერილი იმ წინასწარმეტყველების თანამედროვე შესრულებისას, რომელიც ბიბლიაში ესაიას 56-ე თავშია მოცემული. ესაიას სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ამ წინასწარმეტყველებაში, როგორც მანუგეშებელი აღთქმები, ისე მკაცრი გაფრთხილებებია მოცემული. პირველი შესრულებისას ეს წინასწარმეტყველება ესაიას დროს მცხოვრებ, ღმერთთან კავშირით შეკრულ, ხალხს ეხება, მაგრამ ის აგრეთვე დაწერიდან საუკუნეების შემდეგ დღესაც სრულდება.
რა არის საჭირო ხსნისთვის
3. რა უნდა გააკეთონ იუდაელებმა, თუ სურთ ღვთისმიერი ხსნა?
3 ესაიას 56-ე თავი იუდაელებისადმი მიმართული შეგონებით იწყება, მაგრამ თითოეულმა ჭეშმარიტმა თაყვანისმცემელმა ყურად უნდა იღოს წინასწარმეტყველების სიტყვები: „ასე ამბობს უფალი: შეინახეთ რჯული და ქმენით სამართალი, რადგან სადაც არის, მოვა ჩემი ხსნა და ჩემი სამართალი გაცხადდება. ნეტარია ის კაცი, ვინც აკეთებს ამას და ადამის ძე, ვინც ამას ეჭიდება; უმწიკვლოდ შემნახველი შაბათისა და ყოველი ავის ქმნისგან ხელის დამყენებელი“ (ესაია 56:1, 2). იუდას მცხოვრებლებმა, რომლებსაც ღვთისმიერი ხსნა სურთ, მოსეს რჯული უნდა დაიცვან — სამართლიანად იმოქმედონ და სიმართლით იცხოვრონ. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვა თავად არის მართალი. სიმართლის მაძიებელთათვის იეჰოვას კეთილგანწყობილებას ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნი 143:15ბ).
4. რატომ არის საჭირო შაბათის დაცვა ისრაელში?
4 წინასწარმეტყველებაში შაბათის დაცვაზე მახვილდება ყურადღება, რადგან შაბათი მოსეს რჯულის მნიშვნელოვანი ნაწილია. შაბათის უგულებელყოფა ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც იუდას მცხოვრებლები საბოლოოდ ტყვეობაში ცვივდებიან (ლევიანნი 26:34, 35; მეორე ნეშტთა 36:20, 21). შაბათი იუდაელებთან იეჰოვას განსაკუთრებული ურთიერთობის ნიშანია. ამიტომაც შაბათის დამცველები ცხადყოფენ, რომ აფასებენ ამ ურთიერთობას (გამოსვლა 31:13). გარდა ამისა, შაბათის დაცვა შეახსენებს ესაიას თანამედროვეებს, რომ იეჰოვა შემოქმედია. ამგვარად, ისინი მათდამი იეჰოვას გულმოწყალებასაც არ დაივიწყებენ (გამოსვლა 20:8—11; მეორე რჯული 5:12—15). ბოლოს კი, შაბათის დაცვით რეგულარული და ორგანიზებული იქნება იეჰოვას თაყვანისმცემლობა. ყოველდღიური საქმეებისგან კვირაში ერთხელ დასვენებით იუდაელებს ლოცვის, სწავლისა და დაფიქრების შესაძლებლობა მიეცემათ.
5. როგორ ეხება ქრისტიანებს რჩევა შაბათის შესახებ?
5 რა შეიძლება ითქვას ქრისტიანებზე? მათაც ეხებათ თუ არა შაბათის დაცვისკენ მოწოდება? პირდაპირი გაგებით — არა, რადგან ისინი არ ექვემდებარებიან რჯულს და ამიტომაც არ მოეთხოვებათ შაბათის დაცვა (კოლასელთა 2:16, 17). მაგრამ მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის „შაბათის სიმშვიდეა“ განკუთვნილი. ამ „შაბათის სიმშვიდეში“ შედის იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა და არა მხოლოდ საქმეებზე დანდობა (ებრაელთა 4:6—10). აქედან გამომდინარე, ესაიას წინასწარმეტყველების სიტყვები, რომლებიც შაბათს ეხება, იეჰოვას თაყვანისმცემლებს იმის აუცილებლობის შესახებ შეახსენებს, რომ ყოველივე რწმენით მიიღონ, რაც ღმერთმა მათ გამოსასყიდად გააკეთა. ეს აგრეთვე შესანიშნავი შეხსენებაა, თუ რამდენად აუცილებელია, იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და მუდმივად მისთვის თაყვანისცემა.
უცხოთა შვილისა და საჭურისის ნუგეშისცემა
6. რომელ ორ ჯგუფზეა ამჯერად ყურადღება გამახვილებული?
6 იეჰოვა ახლა იმ ორ ჯგუფს მიმართავს, რომლებსაც სურთ მისთვის მსახურება, მაგრამ მოსეს რჯულის მიხედვით, იუდაელთა კრებულში შესვლის ნება არა აქვთ: „ნუ იტყვის უცხოს შვილი, უფალს მიკრული, უფალმა ჩემს ხალხს მომწყვიტაო, და ნუ იტყვის საჭურისი, აჰა, გამხმარი ხე ვარო“ (ესაია 56:3). უცხოები შიშობენ, რომ ისრაელიდან მოიკვეთებიან. საჭურისებს კი ის აღელვებთ, რომ არასდროს ეყოლებათ შვილები გვარის გასაგრძელებლად. ორივე ჯგუფს მხნეობა ესაჭიროება. ვიდრე ამის მიზეზს გავიგებთ, ვნახოთ, რა მდგომარეობაში არიან ისინი ისრაელ ერთან მიმართებაში რჯულის მიხედვით.
7. როგორ ზღუდავს რჯული უცხოელებს ისრაელში?
7 წინადაუცვეთელი უცხოელები ისრაელებთან ერთად ვერ იღებენ მონაწილეობას თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, მათ არ აქვთ პასექის ჭამის უფლება (გამოსვლა 12:43). უცხოელებს, რომლებიც უხეშად არ არღვევენ რჯულს, ხალხი სამართლიანად ეპყრობა და სტუმართმოყვარეობას ავლენს მათ მიმართ, მაგრამ მათ შორის არავითარი მუდმივი კავშირი არ არსებობს. ცხადია, ზოგი უცხოელი იღებს რჯულს და ამის ნიშნად მამაკაცები წინადაცვეთას ასრულებენ. ისინი პროზელიტები ხდებიან, რომელთაც იეჰოვას სახლის ეზოში მსახურების უპირატესობა ეძლევათ და ისრაელის კრებულს მიეკუთვნებიან (ლევიანნი 17:10—14; 20:2; 24:22). მაგრამ თავად პროზელიტებიც კი არ არიან იეჰოვასა და ისრაელს შორის შეკრული კავშირის სრულუფლებიანი მონაწილენი და ისინი მემკვიდრეობას ვერ იღებენ აღთქმულ მიწაზე. სხვა უცხოელებს შეუძლიათ ტაძარში სალოცავად მისვლა და, როგორც ჩანს, მღვდლების მეშვეობით მსხვერპლის შეწირვა, თუ შესაწირავი რჯულთან არის შეთანხმებული (ლევიანნი 22:25; მესამე მეფეთა 8:41—43). მაგრამ ისრაელებს მჭიდრო კავშირი არ უნდა ჰქონდეთ მათთან.
საჭურისები საუკუნო სახელს იმკვიდრებენ
8. ა) რა მდგომარეობა ეკავათ საჭურისებს რჯულის მიხედვით? ბ) როგორ იყენებდნენ საჭურისებს წარმართი ერები და ზოგჯერ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმები სიტყვა „საჭურისით“?
8 საჭურისები, თუნდაც იუდაელი მშობლების შვილები ყოფილიყვნენ, არ იყვნენ ისრაელის საკრებულოს სრულუფლებიანი წევრებიa (მეორე რჯული 23:1). ბიბლიურ დროში ზოგ წარმართ ერში საჭურისებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ საზოგადოებაში. იმ დროს ომში დატყვევებული ბავშვების დასაჭურისების ჩვეულებაც არსებობდა. საჭურისები სამეფო კარის მოხელეებად ინიშნებოდნენ. საჭურისი შეიძლებოდა „დიაცთა მცველი“, „ხარჭათა მცველი“ ან დედოფლის მსახური ყოფილიყო (ესთერი 2:3, 12—15; 4:4—6, 9). არც ერთ წყაროში არ არის მოხსენიებული, რომ ისრაელებიც ამგვარად იქცეოდნენ ან რომ საჭურისები ისრაელი მეფეების მსახურები იყვნენb.
9. რა მანუგეშებელი სიტყვებით მიმართავს იეჰოვა ფიზიკურად საჭურისებს?
9 გარდა იმისა, რომ საჭურისები ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობაში შეზღუდული არიან, ისრაელში ისინი ძლიერ მცირდებიან, რადგან არ შეუძლიათ შვილების ყოლა და გვარის გაგრძელება. ამიტომ რამდენად მანუგეშებელია მათთვის წინასწარმეტყველების შემდგომი სიტყვები! „ამბობს უფალი: საჭურისებს, რომლებიც ინახავენ ჩემს შაბათებს, ირჩევენ ჩემთვის სასურველს და მტკიცედ უჭირავთ ჩემი აღთქმა, მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს... ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება“ (ესაია 56:4, 5).
10. როდის შეიცვალა საჭურისთა მდგომარეობა და რა უპირატესობა არსებობს მათთვის იმ დროიდან?
10 დიახ, მოვა დრო, როდესაც ფიზიკური საჭურისობაც კი აღარ იქნება იეჰოვას მსახურებაში ხელის შემშლელი. მორჩილ საჭურისებს იეჰოვას სახლში „ძეგლი“, ანუ ადგილი და ვაჟებსა და ასულებზე უკეთესი სახელი ექნებათ. როდის ხდება ეს? მხოლოდ იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ. იმ დროს ძველი რჯულის კავშირი ახალი კავშირით შეიცვალა, ხოლო ხორციელი ისრაელი „ღვთის ისრაელმა“ შეცვალა (გალატელთა 6:16). იმ დროიდან მოყოლებული ღვთისთვის მისაღებია რწმენის მქონე თითოეული ადამიანისგან თაყვანისცემა. ფიზიკურ სხვაობებსა და ნაკლს აღარ აქვს მნიშვნელობა. ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ის, ვინც ერთგულებას შეინარჩუნებს, მიიღებს ‘საუკუნო სახელს, რომელიც არ წაიშლება’. იეჰოვა არ დაივიწყებს მათ. მათი სახელები მის „სამახსოვრო წიგნში“ ჩაიწერება და ღვთის მიერ დადგენილ დროს ისინი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (მალაქია 3:16; იგავნი 22:1; 1 იოანე 2:17).
უცხოელები და ღვთის ხალხი თაყვანისმცემლობაში არიან გაერთიანებული
11. რა უნდა გააკეთონ უცხოელებმა კურთხევების მისაღებად?
11 რა შეიძლება ითქვას უცხოელებზე? წინასწარმეტყველებაში ახლა მათზეა გამახვილებული ყურადება; იეჰოვას მათთვისაც აქვს დიდად მანუგეშებელი სიტყვები. ესაია წერს: «უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის [„კავშირის“, აქ] მტკიცედ დამჭერს, მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა» (ესაია 56:6, 7).
12. როგორ ესმოდათ ბიბლიის მკვლევარებს იესოს წინასწარმეტყველება „სხვა ცხვრებთან“ დაკავშირებით?
12 ჩვენს დროში „უცხოელები“ თანდათანობით გამოჩნდნენ. პირველ მსოფლიო ომამდე ბიბლიის მკვლევარებმა გაიგეს, რომ გადარჩენილები მრავალრიცხოვანი იქნებოდნენ ზეცაში იესო ქრისტესთან ერთად მმართველობის იმედის მქონე პიროვნებებთან შედარებით, რომლებსაც დღეს ღვთის ისრაელად ვიცნობთ. ბიბლიის მკვლევარებმა იცოდნენ იოანეს 10:16-ში მოცემული იესოს სიტყვების მნიშვნელობა: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“ (იოანე 10:16). ეს „სხვა ცხვრები“ ამოცნობილ იქნენ მიწიერ კლასად. მაგრამ ბიბლიის მკვლევართა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ისინი იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში გამოჩნდებოდნენ.
13. რატომ უნდა გამოჩენილიყვნენ მათეს 25-ე თავში მოხსენიებული ცხვრები ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში?
13 საბოლოოდ, ნათელი მოეფინა პარალელურ მუხლებს, სადაც ცხვრები არიან მოხსენიებული. მათეს სახარების 25-ე თავში ცხვრებისა და თხების შესახებ იესოს იგავია მოცემული. ამ იგავის თანახმად, ცხვრები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ, რადგან ისინი მხარს უჭერენ იესოს ძმებს. ასე რომ, ისინი ქრისტეს ცხებული ძმებისგან განცალკევებულ კლასს ქმნიან. 1923 წელს კონგრესზე ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) აიხსნა, რომ ცხვრები ათასწლიანი მმართველობის პერიოდში კი არა, ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში უნდა გამოჩენილიყვნენ. რატომ? რადგანაც იესომ ეს იგავი შემდეგი შეკითხვის პასუხად მოიყვანა: „როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
14, 15. როგორ მოეფინა ნათელი სხვა ცხვრების მდგომარეობას ამ უკანასკნელ ჟამს?
14 მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ბიბლიის ზოგმა მკვლევარმა იგრძნო, რომ მათ უფლის სული არ ემოწმებოდა და არ ჰქონდათ ზეციური მოწოდება. მაგრამ ისინი უზენაესი ღმერთის ერთგული მსახურები იყვნენ. 1931 წელს მათი მდგომარეობა უკეთ იქნა გაგებული, როდესაც წიგნი „გამართლება“ გამოიცა. ამ წიგნში, რომელშიც თანმიმდევრულად არის განხილული ბიბლიის წიგნის, „ეზეკიელ წინასწარმეტყველის“, თითოეული მუხლი, ახსნილია ხილვა მწერლის სამელნიანი „კაცის“ შესახებ (ეზეკიელი 9:1—11). ხილვაში ეს „კაცი“იერუსალიმში დადის და შუბლზე ნიშანს ადებს ყველას, ვინც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო. „კაცით“ იესოს ძმები, ცხებული ქრისტიანები, არიან წარმოდგენილი, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ იერუსალიმით წარმოდგენილი ქრისტიანული სამყაროს განსჯის დროს. ნიშანდადებულები ამავე დროს მცხოვრები სხვა ცხვრები არიან. ხილვაში ისინი ცოცხლები რჩებიან, როდესაც იეჰოვას განაჩენის აღმსრულებლები შურს იძიებენ იმ განდგომილ ქალაქზე.
15 ისრაელის მეფე იეჰუსა და მისი არაისრაელი მხარდამჭერის, იონადაბის, წინასწარმეტყველური დრამის უკეთ გაგებამ 1932 წელს ნათელი მოჰფინა, თუ როგორ მოქმედებდნენ სხვა ცხვრები ქრისტეს ცხებული ძმების მხარდასაჭერად — ზუსტად ისე, როგორც იონადაბმა დაუჭირა მხარი იეჰუს ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოფხვრაში. საბოლოოდ, 1935 წელს ამ სისტემის უკანასკნელ ჟამს მცხოვრები სხვა ცხვრები ამოცნობილ იქნენ უამრავ ხალხად, რომლებიც მოციქულმა იოანემ ნახა ხილვაში. ეს პირველად ვაშინგტონში ზემოხსენებულ კონგრესზე იქნა ახსნილი, როდესაც ჯოზეფ რუტერფორდმა მიწიერი იმედის მქონენი „უამრავ ხალხად“ მოიხსენია.
16. რა უპირატესობები და პასუხისმგებლობები აქვთ „უცხოელებს“?
16 ამგვარად, თანდათანობით გამოჩნდა, რომ ამ უკანასკნელ დღეებში „უცხოელები“ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იეჰოვას განზრახვებში. ისინი ღვთის ისრაელთან მოდიან იეჰოვას თაყვანსაცემად (ზაქარია 8:23). ამ სულიერ ერთან ერთად ისინი სასურველ მსხვერპლს სწირავენ ღმერთს და შაბათის სიმშვიდეში შედიან (ებრაელთა 13:15, 16). გარდა ამისა, ისინი ღმერთს სულიერ ტაძარში ემსახურებიან, რომელიც, იერუსალიმის ტაძრის მსგავსად, ‘ყველა ხალხის სამლოცველო სახლია’ (მარკოზი 11:17). რწმენას ამჟღავნებენ იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი ‘კრავის სისხლით თავიანთი სამოსის გარეცხვითა და გასპეტაკებით’. ისინი მუდმივად, „დღე და ღამე“, ემსახურებიან იეჰოვას (გამოცხადება 7:14, 15).
17. როგორ იჭერენ ახალ კავშირს დღეს მცხოვრები „უცხოელები“?
17 ეს უცხოელები ახალ კავშირს იჭერენ იმ გაგებით, რომ ღვთის ისრაელთან ურთიერთობით ნახულობენ სიკეთესა და კურთხევებს, რომლებიც ახალ კავშირს მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ამ კავშირის მონაწილენი, ისინი მთელი გულით ემორჩილებიან მის კანონებს. ამგვარად, მათ გულებში აქვთ იეჰოვას რჯული და შეცნობილი ჰყავთ იეჰოვა, როგორც თავიანთი მამა და უზენაესი უფალი (იერემია 31:32, 33; მათე 6:9; იოანე 17:3).
18. ვის კრებს იეჰოვა უკანასკნელ ჟამს?
18 ესაიას წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს“ (ესაია 56:8). უკანასკნელ ჟამს იეჰოვამ შეკრიბა „გაფანტული ისრაელი“ — ცხებულთა დარჩენილი ნაწილი. გარდა ამისა, ის უამრავ ხალხს კრებს. ისინი ერთად და მშვიდობიანად ასრულებენ მსახურებას იმით, რომ იეჰოვასა და მისი ტახტზე ასული მეფის, ქრისტე იესოს ქვეშევრდომები არიან. ქრისტეს მეშვეობით განხორციელებული იეჰოვას მმართველობისადმი ერთგულების გამო კარგი მწყემსი მათ ერთ სიხარულით აღსავსე ფარად კრებს.
ბრმა გუშაგები და დადუმებული ძაღლები
19. როგორ იწვევს იეჰოვა ველისა და ტყის მხეცებს?
19 ზემოხსენებული გულთბილი და გამამხნევებელი სიტყვები სრულიად საპირისპირო — გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი — სიტყვებით იცვლება. იეჰოვა მზად არის, გულმოწყალება გამოავლინოს უცხოელებისა და საჭურისების მიმართ, მაგრამ ბევრს, ვინც ღვთის კრებულის წევრად თვლის თავს, ბრალს სდებს და დასჯას უპირებს. ისინი ღირსეულად დამარხვასაც კი არ იმსახურებენ და მხოლოდ მშიერი მხეცების ლუკმა უნდა გახდნენ. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ველის მხეცებო და ტყის მხეცებო, ყველანი მოდით და ჭამეთ!“ (ესაია 56:9). რატომ უნდა ინადიმონ ტყის მხეცებმა? წინასწარმეტყველება ამას აგვიხსნის. ამით ის შეგვახსენებს, თუ რა მოელით არმაგედონის მოახლოებულ ომში ღვთის მოწინააღმდეგეებს, რომელთა გვამები ცის ფრინველთა საძიძგნად დაიყრება (გამოცხადება 19:17, 18).
20, 21. რატომ არის უსარგებლო რელიგიურ წინამძღოლთა სულიერი ხელმძღვანელობა?
20 წინასწარმეტყველება გრძელდება: «დარაჯები [„გუშაგები“, აქ] ბრმები არიან ყველანი, უმეცრები არიან ყველანი; მუნჯი ძაღლები არიან, ყეფა არ შეუძლიათ, თვლემენ, ძირს ყრიან, ძილის მოყვარულნი. ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს. მოდით, ვიშოვი ღვინოს და დავთვრეთო სასმელით; დღესაც გვეყოფა და ხვალისთვისაც ბევრი დარჩებაო!» (ესაია 56:10—12).
21 იუდას რელიგიური წინამძღოლები აცხადებენ, რომ თაყვანს სცემენ იეჰოვას. მათ მის „გუშაგობაზე“ აქვთ პრეტენზია. ისინი სულიერად ბრმები, დადუმებულები და მძინარენი არიან. რაღას აკეთებენ ისინი, თუ არ შეუძლიათ გუშაგობა და საფრთხის შესახებ ხალხის გაფრთხილება? მათ არაფერი ესმით და სულიერად ვერ ხელმძღვანელობენ ცხვრისმაგვარ ადამიანებს. გარდა ამისა, უწმინდურნი და გაუმაძღარნი არიან. იეჰოვას მითითებების შესრულების ნაცვლად, თავიანთი გულისთქმისამებრ იქცევიან, ანგარებით მოქმედებენ, უზომოდ თვრებიან სასმლით და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ისინი სრულიად უყურადღებოდ ტოვებენ ღვთის მოახლოებულ სასჯელს და ხალხს ეუბნებიან, რომ ყველაფერი შესანიშნავად იქნება.
22. რით ჰგვანან ძველი იუდას რელიგიურ წინამძღოლებს იესოს თანამედროვე წინამძღოლები?
22 წინა წინასწარმეტყველებაში ესაიამ ამის მსგავსად აღწერა იუდას რელიგიური ორგული წინამძღოლები — სულიერად მთვრალებად, მთვლემარეებად და გაუგებრებად. ისინი ხალხს ადამიანთა გადმოცემებით ამძიმებდნენ, სიცრუეს ელაპარაკებოდნენ და ღვთის მაგივრად აშურზე ამყარებდნენ იმედს (მეოთხე მეფეთა 16:5—9; ესაია 29:1, 9—14). აშკარად, მათ ვერაფერი ისწავლეს. სამწუხაროდ, ასეთივე წინამძღოლები იყვნენ პირველ საუკუნეში. იმის მაგივრად, რომ სიხარულით მიეღოთ კეთილი ცნობა თავად ღვთის ძისგან, მათ უარყვეს იესო და შეთქმულება მოაწყვეს მის მოსაკლავად. იესომ მათ „ბრმათა წინამძღოლნი“ უწოდა და დასძინა: „თუ ბრმას ბრმა მიყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივიან“ (მათე 15:14).
დღევანდელი გუშაგი
23. პეტრეს რა წინასწარმეტყველება შესრულდა რელიგიურ წინამძღოლებზე?
23 მოციქულმა პეტრემ დაწერა, რომ ცრუმოძღვრები ქრისტიანებსაც კი შეაცდენდნენ: „იყვნენ აგრეთვე ცრუწინასწარმეტყველნი [ისრაელის] ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფად დაიღუპავენ თავს“ (2 პეტრე 2:1). რა მოიტანა ასეთ ცრუმოძღვართა ცრუ სწავლებებმა და სექტანტობამ? ქრისტიანული სამყარო, რომლის რელიგიური წინამძღოლები ღმერთს ლოცვაში სთხოვენ პოლიტიკოსების — თავიანთი მეგობრების — კურთხევას და შემდეგ ნათელ მომავალს აღუთქვამენ ხალხს. ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები სულიერად ბრმები, მუნჯები და მთვლემარენი არიან.
24. როგორ არიან გაერთიანებული სულიერი ისრაელი და უცხოელები?
24 მიუხედავად ამისა, იეჰოვას თავის დიდებულ სულიერ სამლოცველო სახლში მილიონობით „უცხოელი“ მოჰყავს ღვთის ისრაელთა დარჩენილ ნაწილთან ერთად თაყვანსაცემად. ეს „უცხოელები“ სხვადასხვა ერის, რასისა და ენის ხალხიდან იკრიბებიან, მაგრამ ისინი გაერთიანებული არიან, როგორც ერთმანეთთან, ისე ღვთის ისრაელთან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხსნა მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია იესო ქრისტეს მეშვეობით. ისინი, იეჰოვას სიყვარულით აღძრული, უერთდებიან ქრისტეს ცხებულ ძმებს თავიანთი რწმენის გაცხადებაში. მათთვის დიდად მანუგეშებელია მოციქულის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები“ (რომაელთა 10:9).
[სქოლიო]
a სიტყვა „საჭურისმა“ სამეფო კარის მოხელის მნიშვნელობა შეიძინა, რაშიც არ იგულისხმებოდა სქესობრივი ნაკლი. რადგანაც ფილიპეს მიერ მონათლული ეთიოპელი, როგორც ჩანს, პროზელიტი იყო (ის მანამდე მოინათლა, ვიდრე წინადაუცვეთელი არაებრაელებისთვის გაიხსნებოდა გზა), ის სწორედ ამ გაგებით უნდა ყოფილიყო საჭურისი (საქმეები 8:27—39).
b ყებედ-მელექი, მეფე ციდკიასთან დაახლოებული პირი, რომელიც იერემიას დაეხმარა, საჭურისად არის მოხსენიებული. ეს, როგორც ჩანს, სამეფო კარზე მსახურებას უნდა ეხებოდეს, და არა მის ფიზიკურ ნაკლს (იერემია 38:7—13).
[სურათი 250 გვერდზე]
შაბათი ლოცვის, შესწავლისა და დაფიქრებისთვის იყო განკუთვნილი.
[სურათები 256 გვერდზე]
„სხვა ცხვრების“ მდგომარეობა ნათლად იქნა ახსნილი 1935 წელს ვაშინგტონში ჩატარებულ კონგრესზე (ნათლობა, ქვემოთ; პროგრამა, მარჯვნივ).
[სურათი 259 გვერდზე]
ტყის მხეცები ნადიმზე არიან მოწვეული.
[სურათები 261 გვერდზე]
უცხოელები და ღვთის ისრაელი გაერთიანებული არიან.