თავი მეთხუთმეტე
იეჰოვას განაჩენი გამოაქვს ერებისთვის
1. იეჰოვას მიერ აშურისთვის გამოტანილი რა განაჩენის შესახებ წინასწარმეტყველებს ესაია?
იეჰოვას შეუძლია თავისი ბოროტი ხალხის დასასჯელად გამოიყენოს ერები. მაგრამ ის თვალს არ ხუჭავს ამ ერების უსაზღვრო სისასტიკესა და სიამაყეზე და არ ამართლებს მათ მიერ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრობას. ამიტომაც იეჰოვა დიდი ხნით ადრე აღძრავს ესაიას, დაწეროს „განაჩენი ბაბილონისა“ (ესაია 13:1). ამ დროს ბაბილონი ჯერ არ გაბატონებულა ისრაელზე. ესაიას დღეებში ღვთის ხალხი აშურის უღელქვეშ არის. აშური ანადგურებს ისრაელს, ჩრდილოეთ სამეფოს, და თითქმის მთლიანად აოხრებს იუდას. მაგრამ აშურის ტრიუმფი დროებითია. ესაია წერს: „დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება... შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ“ (ესაია 14:24, 25). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან მცირე ხანში აშური ეცლება იუდას (მეოთხე მეფეთა 19:35—37).
2, 3. ა) ვის უღერებს იეჰოვა ხელს ძველ დროში? ბ) რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვას „ყოველ ხალხზე“ აქვს ხელი მოღერებული?
2 რა შეიძლება ითქვას სხვა ერებზე, რომლებიც მტრობენ ღმერთთან კავშირით შეკრულ ხალხს? მათაც განსჯის იეჰოვა. ესაია აცხადებს: „აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული! ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?“ (ესაია 14:26, 27). ამ „განაჩენით“ იეჰოვას ერების გაფრთხილება არ სურს. ეს უკვე მისი მტკიცე გადაწყვეტილება და დადგენილებაა (იერემია 49:20, 30). ღვთის „ხელი“ მის მიერ გამოყენებული ძალაა. მე-14 თავის ბოლო მუხლებსა და მე-15 — მე-19 თავებში იეჰოვას ფილისტიმის, მოაბის, დამასკოს, ქუშისა და ეგვიპტისთვის გამოაქვს განაჩენი.
3 მაგრამ ესაია ამბობს, რომ იეჰოვას ხელი „ყოველ ხალხზეა“ მოღერებული. აქედან გამომდინარე, ესაიას ეს წინასწარმეტყველებები, რომლებიც პირველად ძველ დროში სრულდება, „ბოლო ჟამსაც“ ეხება, როდესაც იეჰოვა მთელი დედამიწის სამეფოებს უღერებს ხელს (დანიელი 2:44; 12:9; რომაელთა 15:4; გამოცხადება 19:11, 19—21). იეჰოვა, ყოვლისშემძლე ღმერთი, დიდი ხნით ადრე დარწმუნებით აცხადებს თავის განაჩენს და ვერავინ შეაბრუნებს მის მოღერებულ ხელს (ფსალმუნი 32:11; ესაია 46:10).
„მფრინავი გველეშაპი“ ფილისტიმის წინააღმდეგ
4. რას წინასწარმეტყველებს ესაია ფილისტიმისთვის გამოტანილ განაჩენში?
4 პირველად ესაია ყურადღებას ფილისტიმელებზე ამახვილებს. „ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება“ (ესაია 14:28, 29).
5, 6. ა) რა მხრივ იყო ყუზია გველივით ფილისტიმელებისთვის? ბ) ვინ იყო ხიზკიაჰუ ფილისტიმის ქვეყნისთვის?
5 ყუზია საკმაოდ ძლიერი მეფე იყო და შეეძლო ფილისტიმელთა მოგერიება (მეორე ნეშტთა 26:6—8). ამ მტრულად განწყობილი მეზობლებისთვის გველივით იყო ყუზია, რომლის კვერთხიც გამუდმებით გვემდა მათ. მისი სიკვდილის ანუ ‘კვერთხის დალეწვის’ შემდეგ ღვთის ერთგული იოთამი მეფობდა, რომლის დროსაც ხალხი „ძველებურად სცოდავდა“. იოთამის შემდეგ ახაზი გამეფდა. მის დროს მდგომარეობა შეიცვალა და ფილისტიმელებმა იუდაში თარეში დაიწყეს (მეორე ნეშტთა 27:2; 28:17, 18). მაგრამ მდგომარეობა კიდევ ერთხელ იცვლება. ძვ. წ. 746 წელს მეფე ახაზის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ახალგაზრდა ხიზკიაჰუ ადის. ფილისტიმელები ძლიერ ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ხიზკიაჰუ მათი დაუძინებელი მტერი ხდება. ყუზიას შთამომავალი (მისი „ფესვიდან“ გამოსული „ნაშიერი“) ხიზკიაჰუ „მფრინავ გველეშაპს“ ჰგავს — საოცარი სისწრაფით გადადის შეტევაზე, ელვისებურად ესხმის თავს მტრებს და ისე ავლებს მუსრს, თითქოს გესლავსო მათ.
6 წინასწარმეტყველებაში ნამდვილად სათანადოდ არის აღწერილი ეს ახალი მეფე. ხიზკიაჰუმ „დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე“ (მეოთხე მეფეთა 18:8). აშურის მეფის, სანხერიბის, მემატიანეთა ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ფილისტიმელები ხიზკიაჰუს მორჩილნი ხდებიან. „უპოვართათვის“ ანუ იუდას დასუსტებული სამეფოსთვის მშვიდობისა და მატერიალური კეთილდღეობის დრო დგება, ხოლო ფილისტიმის ქვეყანაში — შიმშილობა მძვინვარებს (წაიკითხეთ ესაია 14:30, 31).
7. როგორ უნდა გამოამჟღავნოს ხიზკიაჰუმ ღვთისადმი რწმენა უცხო ქვეყნის წარმომადგენლების წინაშე?
7 როგორც ჩანს, იუდაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც, ალბათ, აშურის წინააღმდეგ გაერთიანების სურვილი აქვთ. რა პასუხი უნდა მიიღონ მათ? «რას იტყვიან ხალხის მოციქულები? [„რას უპასუხებენ ხალხის მოციქულებს?“, აქ]» (ესაია 14:32). უნდა ეცადოს თუ არა ხიზკიაჰუ თავისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უცხოელებთან კავშირის შეკვრით? არა! მან უნდა უთხრას მათ, რომ „უფალმა დააფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი“ (ესაია 14:32). მეფემ იეჰოვაზე უნდა დაამყაროს მთელი იმედი. სიონს მტკიცე საფუძველი აქვს და ის უსაფრთხო საფარივით გადაურჩება აშურელებს (ფსალმუნი 45:2—8).
8. ა) რით ჰგავს ზოგი ქვეყანა დღეს ფილისტიმს? ბ) ძველი დროის მსგავსად რას აკეთებს იეჰოვა დღეს თავისი ხალხის დასაცავად?
8 ფილისტიმის მსგავსად, ზოგი ქვეყანა ჩვენს დროშიც სასტიკ წინააღმდეგობას უწევს ღვთის თაყვანისმცემლებს. იეჰოვას ქრისტიან მოწმეებს ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აპატიმრებდნენ, მათ საქმიანობას კრძალავდნენ და მრავალ მათგანს ხოცავდნენ. მოწინააღმდეგეები კვლავაც ‘ლაშქრობენ წმიდანის სულზე’ (ფსალმუნი 93:21). მტრებისთვის ქრისტიანები „უპოვარნი“ და „ღარიბ-ღატაკნი“ არიან, მაგრამ იეჰოვას მხარდაჭერით მათ სულიერი საზრდო არ აკლიათ, მაშინ როდესაც ღვთის ხალხის მტრები შიმშილობენ (ესაია 65:13, 14; ამოსი 8:11). როდესაც იეჰოვა ხელს მოუღერებს თანამედროვე ფილისტიმელებს, „უპოვარნი“ დაცული იქნებიან. სად ჰპოვებენ ისინი თავშესაფარს? „ღვთის სახლეულებთან“, რომლის ქვაკუთხედიც იესო ქრისტეა (ეფესელთა 2:19, 20). მათი მფარველი „ზეციური იერუსალიმი“, ღვთის ზეციერი სამეფო, იქნება, რომლის მეფეც იესო ქრისტეა (ებრაელთა 12:22; გამოცხადება 14:1, სსგ).
მოაბი გაცამტვერებულია
9. რომელი ერისთვის გამოაქვს იეჰოვას მომდევნო განაჩენი და როგორ მტრობდა ეს ერი ღვთის ხალხს?
9 მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით ისრაელის სხვა მეზობელი ქვეყანა მოაბია. ფილისტიმელებისგან განსხვავებით, მოაბელი ხალხი ისრაელის მონათესავეა, რადგან ისინი აბრაამის ძმისშვილის, ლოტის, შთამომავლები არიან (დაბადება 19:37). მიუხედავად ამისა, მოაბი გამუდმებით მტრობს ისრაელს. მაგალითად, მოსეს დროს მოაბის მეფემ წინასწარმეტყველი ბალაამი დაიქირავა ისრაელების დასაწყევლად. როდესაც ამანაც არ გაჭრა, მოაბმა უზნეობითა და ბაალის თაყვანისმცემლობით აცდუნა ისრაელი (რიცხვნი 22:4—6; 25:1—5). ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ესაიას „მოაბის განაჩენის“ დასაწერად აღძრავს (ესაია 15:1ა).
10, 11. რა მოელის მოაბს?
10 ესაიას წინასწარმეტყველება მოაბის რამდენიმე ქალაქსა და მხარეს, მათ შორის ყარს, კირსა (კირ-ხარესეთს) და დიბონს, ეხება (ესაია 15:1ბ, 2ა). მოაბელები იგლოვებენ კირ-ხარესეთის ქიშმიშის კვერების, შესაძლებელია, ქალაქის ძირითადი საკვები პროდუქტის გამო (ესაია 16:6, 7, აქ). სიბმა და იაყზერი, მევენახეობით ცნობილი ქალაქები, მთლიანად გაპარტახდება (ესაია 16:8—10). ყეგლათ-შელიშია, რომლის სახელწოდებაც შეიძლება განიმარტოს როგორც „სამი წლის ფური“, ტკივილებით შეწუხებული დეკეულივით განწირული ხმით აბღავლდება (ესაია 15:5). გადახმება მოაბის ბალახი, როდესაც მოაბელთა სისხლის ღვრის გამო სისხლით აივსება „დიმონის წყლები“. „ნიმრიმის წყლები“ როგორც ფიგურალურად, ისე პირდაპირი გაგებით „გაოხრდება“, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ მტერი ჩახერგავს მათ (ესაია 15:6—9).
11 მოაბელები სირცხვილისა და გლოვის ნიშნად ჯვალოთი, სამგლოვიარო სამოსლით, შეიმოსებიან და თავებს გადაიპარსავენ. გარდა ამისა, დიდი მწუხარებისა და დამამცირებელი მდგომარეობის გამო წვერებს „მოიკვეცავენ“ (ესაია 15:2ბ—4). ესაია დარწმუნებულია, რომ გარდაუვალია ამ განაჩენის აღსრულება. ამიტომაც სულით შეძრულია და ქნარის სიმებივით თრთის მისი შიგნეული მოაბის უბედურების მაუწყებელი ცნობის გამო (ესაია 16:11, 12).
12. როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება მოაბთან დაკავშირებით?
12 როდის შესრულდება ეს წინასწარმეტყველება? მალე. „ეს არის სიტყვა, რომელიც რა ხანია წარმოთქვა უფალმა მოაბზე. ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები“ (ესაია 16:13, 14). არქეოლოგიური მონაპოვარი ადასტურებს, რომ ეს წინასწარმეტყველება ზუსტად შესრულდა — ძვ. წ. VIII საუკუნეში მოაბი მთლიანად გაპარტახდა და მრავალი მისი მხარე გაუკაცრიელდა. ტიგლათფილესერ III მოაბის მეფეს, სალამანუს, იმ მეფეთა შორის იხსენიებს, რომლებიც ხარკს უხდიდნენ მას. სანხერიბი კი ხარკს მოაბის მეფე კამუსუნადბისგან იღებდა. აშურის მეფეები ესარხადონი და ასურბანიფალი მოაბის მეფეებს მუზურისა და კამასჰალტუს თავიანთ ქვეშევრდომებად იხსენიებენ. საუკუნეების წინათ მოაბს, როგორც ერს, ბოლო მოეღო. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, როგორც ფიქრობენ, ძველი მოაბის ქალაქების ნანგრევები, მაგრამ ისრაელის ამ ოდესღაც ძლიერ მტერთან დაკავშირებული არქეოლოგიური მონაპოვარი დღემდე მეტად მწირია.
თანამედროვე „მოაბი“ იღუპება
13. რა შეიძლება შევადაროთ დღეს მოაბს?
13 ძველ მოაბს ძლიერ ჰგავს დღევანდელი ქრისტიანული სამყარო, რომელიც „დიდი ბაბილონის“ ძირითადი შემადგენელი ნაწილია (გამოცხადება 17:5). მოაბელებიც და ისრაელებიც აბრაამის მამის, თერახის, შთამომავლები იყვნენ. ამნაირადვე, ცხებული ქრისტიანების კრებასთან ერთად ქრისტიანული სამყაროც აცხადებს, რომ ფესვები პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში აქვს გადგმული (გალატელთა 6:16). მაგრამ ქრისტიანული სამყარო მოაბივით გახრწნილია — მხარს უჭერს სულიერ უზნეობასა და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, გარდა სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემას (იაკობი 4:4; 1 იოანე 5:21). გარდა ამისა, ქრისტიანული სამყაროს ხელმძღვანელები წინააღმდეგობას უწევენ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მქადაგებლებს (მათე 24:9, 14).
14. მიუხედავად იეჰოვას მიერ თანამედროვე „მოაბისთვის“ გამოტანილი განაჩენისა, რა იმედი არსებობს ამ ორგანიზაციის ცალკეული წევრებისთვის?
14 საბოლოოდ, მოაბი განადგურდა. იგივე დაემართება ქრისტიანულ სამყაროსაც. იეჰოვა თანამედროვე „აშურს“ გამოიყენებს მის გასანადგურებლად (გამოცხადება 17:16, 17). მაგრამ თანამედროვე „მოაბელები“ უიმედოდ არ არიან დატოვებული. მოაბის შესახებ წინასწარმეტყველებაში ესაია ამბობს: „წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში“ (ესაია 16:5). 1914 წელს იეჰოვამ ტახტზე აიყვანა იესო — მეფე დავითის საგვარეულო ხაზით მოსული მმართველი. იესოს მეფობა იეჰოვას წყალობაა და მეფე დავითთან დადებული აღთქმიდან გამომდინარე, მას არ ექნება დასასრული (ფსალმუნი 71:2; 84:11, 12; 88:4, 5; ლუკა 1:32). დღეს მრავალი ღვთისმოშიში ადამიანი გამოდის თანამედროვე „მოაბიდან“ და იესო ქრისტეს აღიარებს თავის მმართველად, რასაც მათთვის სიცოცხლის მოტანა შეუძლია (გამოცხადება 18:4). რა სასიხარულოა მათთვის იმის ცოდნა, რომ იესო ‘სამართალს აუწყებს ხალხებს’ (მათე 12:18 სსგ; იერემია 33:15).
დამასკო ნანგრევებად იქცევა
15, 16. ა) როგორ მტრობენ დამასკო და ისრაელი იუდას და რა მოაქვს ამას დამასკოსთვის? ბ) აგრეთვე ვინ არის განსჯილი იეჰოვას მიერ დამასკოსთვის გამოტანილ განაჩენში? გ) რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს ისრაელის მაგალითიდან?
15 შემდეგ ესაია წერს „დამასკოს განაჩენს“ (წაიკითხეთ ესაია 17:1—6). ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე დამასკო „არამის თავია“ (ესაია 7:8). იუდაში ახაზის მეფობის დროს დამასკოს მეფე რეცინი და მისი მოკავშირე ისრაელის მეფე ფეკახი იუდაში იჭრებიან. მაგრამ ახაზის თხოვნით აშურის მეფე ტიგლათფილესერ III თავს ესხმის დამასკოს, იპყრობს მას და ტყვედ მიჰყავს მრავალი მისი მცხოვრები. ამის შემდეგ დამასკო საფრთხეს აღარ უქმნის იუდას (მეოთხე მეფეთა 16:5—9; მეორე ნეშტთა 28:5, 16).
16 როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ისრაელს დამასკოსთან აქვს კავშირი დადებული, იეჰოვას მიერ დამასკოსთვის გამოტანილ განაჩენში ჩრდილოეთის ურჩი სამეფოც არის განსჯილი (ესაია 17:3—6). ისრაელი მომკილ ყანას დაემსგავსება, სადაც რამდენიმე თავთავიღაა შემორჩენილი ან კიდევ იმ ზეთისხილის ხეს, რომლის ტოტებიდანაც ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამობერტყილია (ესაია 17:4—6). რა გამომაფხიზლებელი მაგალითია ყველასთვის, ვისაც თავი იეჰოვასთვის აქვს მიძღვნილი! იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს და მხოლოდ გულწრფელი და წმინდა მსახურება სურს. მას სძულს ის, ვინც თავისი მოძმის წინააღმდეგ მიდის (გამოსვლა 20:5; ესაია 17:10, 11; მათე 24:48—50).
იეჰოვაზე სრულად მინდობა
17, 18. ა) როგორ ეხმაურება ზოგი ისრაელში იეჰოვას გამაფრთხილებელ სიტყვებს, მაგრამ ძირითადად როგორ რეაგირებს ხალხი? ბ) რით ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა ხიზკიაჰუს დღეებს?
17 ახლა ესაია ამბობს: „იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას. აღარ მიიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს“ (ესაია 17:7, 8). დიახ, ისრაელში ზოგი ყურად იღებს იეჰოვას სიტყვებს. მაგალითად, როდესაც ხიზკიაჰუ ისრაელებს იწვევს, იუდასთან ერთად იზეიმონ პასექი, ზოგი მათგანი ეხმაურება და სამხრეთისკენ მიემგზავრება, რომ წმინდა თაყვანისმცემლობაში თავის ძმებს შეუერთდეს (მეორე ნეშტთა 30:1—12). მაგრამ ისრაელების უმრავლესობა დასცინის ხიზკიაჰუს წარგზავნილ კაცებს, რომლებიც დღესასწაულზე ეპატიჟებიან მათ. ამ განდგომილ ერს არ სურს განკურნება. ამიტომაც იეჰოვას სისრულეში მოჰყავს მისთვის გამოტანილი განაჩენი. აშური ანგრევს ისრაელის ქალაქებს, ქვეყანა უკაცრიელდება და საძოვრები ნადგურდება (წაიკითხეთ ესაია 17:9—11).
18 რა შეიძლება ითქვას ჩვენი დროის შესახებ? ისრაელი განდგომილი ერი იყო. ამიტომაც ხიზკიაჰუს მცდელობა, ამ განდგომილ ხალხს დახმარებოდა და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დაებრუნებინა, ძლიერ ჰგავს დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანების მცდელობას, დაეხმარონ განდგომილი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლებს. „ღვთის ისრაელის“ მაცნეები 1919 წლიდან მთელ ქრისტიანულ სამყაროში „დადიან“ და ხალხს იწვევენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობის მისაღებად (გალატელთა 6:16). ბევრი უარს ამბობს ამაზე. ბევრიც დასცინის მაცნეებს. მაგრამ ზოგი ეხმაურება მათ ცნობას. ასეთი ადამიანების რიცხვი დღეს რამდენიმე მილიონს აღწევს. მათ სიხარულით აქვთ ‘თვალები მიპყრობილი ისრაელის წმიდისკენ’ და მისგან არიან დამოძღვრილი (ესაია 54:13). ისინი ტოვებენ არაწმინდა სამსხვერპლოებთან თაყვანისცემას — აღარ ამყარებენ იმედს ადამიანის ხელქმნილ ღმერთებზე და მთელი გულით იეჰოვაზე არიან მინდობილი (ფსალმუნი 145:3, 4). ესაიას თანამედროვე წინასწარმეტყველ მიქას მსგავსად თითოეული მათგანი ამბობს: „მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი“ (მიქა 7:7).
19. ვის ამხელს იეჰოვა და რას მოუტანს ეს მათ?
19 როგორ განსხვავდებიან ისინი მათგან, რომლებიც მოკვდავ ადამიანებზე ამყარებენ იმედს! ძალადობისა და უწესრიგობის აბობოქრებულმა ტალღამ შეძრა კაცობრიობა ამ უკანასკნელ დღეებში. დაუდგრომელი და მოჯანყე კაცობრიობის „ზღვა“ უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სულს ავლენს (ესაია 57:20; გამოცხადება 8:8, 9; 13:1). ამიტომაც იეჰოვა «დააფრთხობს [„ამხელს“, აქ]» ამ ახმაურებულ ბრბოს. მისი ზეციერი სამეფო გაანადგურებს შფოთის ამტეხ ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს და ისინი „გაიხვეტებიან... როგორც... ბზის მტვერი ქარბორბალასგან“ (ესაია 17:12, 13; გამოცხადება 16:14, 16).
20. რაში არიან დარწმუნებული ჭეშმარიტი ქრისტიანები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ხალხი ‘ძარცვავს’ მათ?
20 რა მოხდება შემდგომ? ესაია ამბობს: „დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი მძარცველების წერა“ (ესაია 17:14). უხეში და უპატივცემულო მოპყრობით მრავალი ძარცვავს იეჰოვას ხალხს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ადვილად ხელში ჩასაგდებ მსხვერპლად თვლიან მიკერძოებული კრიტიკოსები და ფანატიკოსი მოწინააღმდეგეები, იმის გამო, რომ ისინი არ არიან — და არ სურთ, იყვნენ — მსოფლიო რელიგიების ნაწილი. მაგრამ ღვთის ხალხი დარწმუნებულია, რომ სწრაფად ახლოვდება „განთიადი“, როდესაც მათ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება (2 თესალონიკელთა 1:6—9; 1 პეტრე 5:6—11).
ქუშის ქვეყანა ძღვენს მიართმევს იეჰოვას
21, 22. რომელი სამეფოსთვის გამოაქვს იეჰოვას შემდგომი განაჩენი და როგორ სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება?
21 ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ქუში სულ ცოტა ორჯერ მაინც იღებს მონაწილეობას იუდას წინააღმდეგ ლაშქრობაში (მეორე ნეშტთა 12:2, 3; 14:1, 9—15; 16:8). ახლა ესაია ამ ერის განაჩენის შესახებ წინასწარმეტყველებს: «ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს [„ვაი, ფრთებმოშრიალე მწერების ქვეყანას“, აქ], ქუშის მდინარეთა გაღმა!» (წაიკითხეთ ესაია 18:1—6)a. იეჰოვა აცხადებს, რომ ‘აკაფავს და მოაშორებს’ ქუშის ქვეყანას.
22 ისტორია გვაუწყებს, რომ ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს ქუშმა ეგვიპტე დაიპყრო და დაახლოებით 60 წლის მანძილზე ბატონობდა მასზე. მოგვიანებით ეგვიპტეში აშურის მეფეებმა, ესარხადონმა და ასურბანიფალმა, ილაშქრეს. აშურის მეფე ასურბანიფალმა აიღო თებე, დაიმორჩილა ეგვიპტე და ამით ბოლო მოუღო ნილოსის მიდამოებში ქუშელთა ბატონობას (აგრეთვე იხილეთ ესაია 20:3—6). მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე?
23. რა როლს ასრულებს დღეს თანამედროვე „ქუში“ და რატომ განადგურდება იგი?
23 „უკანასკნელი ჟამის“ შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ გაშმაგებული „ჩრდილოეთის მეფის... კვალს დაადგებიან“ ანუ მას მიბაძავენ «ლიბიელნი და ნუბიელნი [„ქუშელნი“, აქ]» (დანიელი 11:40—43). ქუში აგრეთვე „გოგ მაგოგელის“ მოლაშქრეთა შორისაც არის მოხსენიებული (ეზეკიელი 38:2—5, 8). გოგის ლაშქარი, მათ შორის ჩრდილოეთის მეფეც, საბოლოოდ განადგურდება, როდესაც თავს დაესხმის იეჰოვას წმინდა ერს. ამიტომაც იეჰოვა თანამედროვე „ქუშსაც“ მოუღერებს ხელს, რადგან „ქუში“ მის უზენაეს მმართველობას ეწინააღმდეგება (ეზეკიელი 38:21—23; დანიელი 11:45).
24. რა გაგებით მიაქვთ ერებს იეჰოვასთან „ძღვენი“?
24 მაგრამ წინასწარმეტყველებაში აგრეთვე ნათქვამია: „იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი“ (ესაია 18:7). მიუხედავად იმისა, რომ ერები არ აღიარებენ იეჰოვას უზენაესობას, ზოგჯერ მათ თავიანთი მოქმედებით სარგებლობა მოაქვთ იეჰოვას ხალხისთვის. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში შემუშავებული კანონმდებლობა და მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებს იურიდიულ უფლებებს აძლევს (საქმეები 5:29; გამოცხადება 12:15, 16). გარდა ამისა, ერებს სხვაგვარადაც მიაქვთ ძღვენი იეჰოვასთან. „საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები ... მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს“ (ფსალმუნი 67:30—32). დღეს თანამედროვე „ქუშიდან“ გამოსულ მილიონობით ღვთისმოშიშ ადამიანს მიაქვს ძღვენი იეჰოვასთან თაყვანისმცემლობის სახით (მალაქია 1:11). ისინი მონაწილეობას იღებენ უმნიშვნელოვანესი დავალების შესრულებაში — მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას (მათე 24:14; გამოცხადება 14:6, 7). რა ძვირფასი ძღვენია იეჰოვასთვის! (ებრაელთა 13:15).
ეგვიპტეს გული უდნება
25. რა ემართება ძველ ეგვიპტეს, რითაც ესაიას 19:1—11 წინასწარმეტყველება სრულდება?
25 იუდას სამხრეთით ეგვიპტე ესაზღვრება, რომელიც დიდი ხანია მტრობს ღმერთთან კავშირით შეკრულ ერს. ესაიას მე-19 თავში აღწერილია, რა არეულ-დარეულ მდგომარეობაშია ეგვიპტე ესაიას დღეებში. ეგვიპტეში შინაომია, „ქალაქი ქალაქს [და] სამეფო სამეფოს“ ებრძვის (ესაია 19:2, 13, 14). ისტორიაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილს ერთსა და იმავე დროს მეტოქე დინასტიები მართავდნენ. ეგვიპტის სანაქებო სიბრძნეს, „კერპებსა და მჩხიბავებს“ არ შეუძლიათ „სასტიკი ბატონის ხელიდან“ მისი ხსნა (ესაია 19:3, 4). ეგვიპტეს ერთმანეთის მიყოლებით იპყრობს აშური, ბაბილონი, სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. ყოველივე ამით ესაიას 19:1—11-ში მოცემული წინასწარმეტყველება სრულდება.
26. წინასწარმეტყველების უფრო ფართო მასშტაბით შესრულებისას რა რეაქცია ექნებათ თანამედროვე „ეგვიპტის“ მკვიდრთ, როდესაც იეჰოვა განაჩენის სისრულეში მოყვანას დაიწყებს?
26 აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში ეგვიპტით ხშირად სატანის წუთისოფელია წარმოდგენილი (ეზეკიელი 29:3; იოველი 4:19; გამოცხადება 11:8). მაშ, შესრულდება თუ არა „ეგვიპტის განაჩენის“ შესახებ წინასწარმეტყველება უფრო ფართო მასშტაბით? დიახ, ნამდვილად! არავის უნდა გამორჩეს მხედველობიდან ამ წინასწარმეტყველების პირველი სიტყვები: „აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები“ (ესაია 19:1). იეჰოვა მალე ამოქმედდება სატანის ორგანიზაციის წინააღმდეგ. მაშინ ყველა დაინახავს წუთისოფლის ღმერთების უსარგებლობას (ფსალმუნი 95:5; 96:7). შიშისგან ‘მკერდში გულები დაუდნებათ ეგვიპტელებს’. ამ დროის შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა: „იქნება ... ხალხთა შეჭირვება შფოთში, ზღვის ხმაურისა და აზვირთების გამო. ხალხს გული შეუწუხდება შიშით და ქვეყნად მომავალთა მოლოდინით“ (ლუკა 21:25, 26).
27. „ეგვიპტის“ როგორი დაყოფა იწინასწარმეტყველა ესაიამ და როგორ სრულდება ეს დღეს?
27 იეჰოვა წინასწარმეტყველებს, რა მოვლენები წაუძღვება ეგვიპტის განაჩენის აღსრულებას: „ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს“ (ესაია 19:2). მას შემდეგ, რაც 1914 წელს ღვთის სამეფომ მმართველობა დაიწყო, «[იესოს] მოსვლის [„თანდასწრების“, აქ] ნიშანი» ერის ერზე და სამეფოს სამეფოზე აღდგომითაც ხასიათდება. ტომობრივმა ხოცვა-ჟლეტამ, გენოციდმა და ეგრეთ წოდებულმა ეთნიკურმა წმენდამ ამ უკანასკნელ დღეებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს „მშობიარობის ტკივილები“ მით უფრო გამწვავდება, რაც უფრო ახლოვდება ამ სისტემის აღსასრული (მათე 24:3, 7, 8).
28. შეძლებს თუ არ ცრუ რელიგია ამ სისტემის შველას ღვთის განაჩენის აღსრულების დღეს?
28 „დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს; კერპებს, მჩხიბავებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს დაუწყებენ ძებნას სამკითხაოდ“ (ესაია 19:3). როდესაც მოსე ფარაონის წინაშე წარსდგა, ეგვიპტის გრძნეულები შერცხვნენ, რადგან მათ ვერ შეძლეს იეჰოვასავით დიდი ძალის გამოვლენა (გამოსვლა 8:18, 19; საქმეები 13:8; 2 ტიმოთე 3:8). მსგავსად ამისა, იეჰოვას განაჩენის აღსრულების დღეს ცრუ რელიგია ვერ შეძლებს ამ გახრწნილი სისტემის შველას (შეადარეთ ესაია 47:1, 11—13). საბოლოოდ, ეგვიპტე „სასტიკი ბატონის“, აშურის, ხელში ჩავარდა (ესაია 19:3, 4). ეს იმის მომასწავებელია, რომ ამ სისტემასაც იგივე უბედურება ელის.
29. რის გაკეთებას შეძლებენ პოლიტიკოსები იეჰოვას დღის დადგომისას?
29 მაგრამ რა შეიძლება ითქვას პოლიტიკური ლიდერების შესახებ? შეძლებენ ისინი დახმარებას? „შეიშალნენ ცოყანის მთავრები, გაცუდდა ფარაონის ბრძენი მრჩევლების თათბირი“ (წაიკითხეთ ესაია 19:5—11). რა დიდი უგუნურებაა იეჰოვას დღეს ბრძენ მრჩევლებზე დანდობა! მთელი წუთისოფლის სიბრძნეც რომ იყოს ამ მრჩევლების განკარგულებაში, მათ მაინც არ ექნებათ ღვთის სიბრძნე (1 კორინთელთა 3:19). ისინი უარყოფენ იეჰოვას და მის ადგილს ეგრეთ წოდებულ მეცნიერებას, ფილოსოფიას, ფულს, სიამოვნებასა და კერპებს უთმობენ. ამიტომაც მათთვის უცნობია ღვთის განზრახვები. ისინი დაბნეული და შეცბუნებული არიან და მათი საქმეები ფუჭია (წაიკითხეთ ესაია 19:12—15). „თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?“ (იერემია 8:9).
იეჰოვას ნიშანი და მოწმობა
30. რა გაგებით ‘ექცევა შიშისზარად ეგვიპტეს იუდას მიწა’?
30 იმ დროს, როდესაც „ეგვიპტის“ ხელმძღვანელები „დიაცებივით“ სუსტები არიან და ვერაფერს ხდებიან, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ღვთიური სიბრძნისკენ ისწრაფვის. იეჰოვას მიერ ცხებულები და მათი თანამსახურნი საყოველთაოდ ‘აცხადებენ ღვთის სათნოებებს’ (ესაია 19:16; 1 პეტრე 2:9). ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, გააფრთხილონ ხალხი სატანის ორგანიზაციის მოახლოებული აღსასრულის შესახებ. ამ დროის შესახებ ესაია წინასწარმეტყველებს: „შიშისზარად ექცევა ეგვიპტეს იუდას მიწა; ყველას, მის გამხსენებელს, შეაძრწუნებს ცაბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა“ (ესაია 19:17). იეჰოვას ერთგული მაცნეები ჭეშმარიტებას აუწყებენ ხალხს და იმ სასჯელთა შესახებაც აფრთხილებენ, რომლებიც იეჰოვას აქვს ნაწინასწარმეტყველები (გამოცხადება 8:7—12; 16:2—12). ამის გამო აღშფოთებული არიან წუთისოფლის რელიგიური წინამძღოლები.
31. რა გაგებით ლაპარაკობენ „ქანაანურად“ ეგვიპტის ქალაქებში ა) ძველ დროში? ბ) ჩვენს დროში?
31 რა გასაოცარი შედეგი მოაქვს ღვთის მაცნეთა საქმიანობას? «იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის [„ნგრევის“, აქ] ქალაქი» (ესაია 19:18). ძველ დროში ეს წინასწარმეტყველება, როგორც ჩანს, იმ პერიოდში შესრულდა, როდესაც ებრაულ ენაზე ეგვიპტის ქალაქებში საცხოვრებლად გაქცეული ებრაელები ლაპარაკობდნენ (იერემია 24:1, 8—10; 41:1—3; 42:9—43:7; 44:1). დღეს კი თანამედროვე „ეგვიპტეში“ ზოგმა ბიბლიის ჭეშმარიტების სუფთა ენაზე ისწავლა ლაპარაკი (სოფონია 3:9). ხუთი ფიგურალური ქალაქიდან ერთ-ერთს „ნგრევის ქალაქი“ ეწოდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სუფთა ენა ამხელს და ‘დაანგრევს’ სატანის ორგანიზაციას.
32. ა) რა „სამსხვერპლოა“ ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში? ბ) რა გაგებით ასრულებენ ცხებულები ეგვიპტის საზღვართან აღმართული „სვეტის“ როლს?
32 იეჰოვას მაცნეთა საქმიანობის წყალობით ღვთის სახელი ყველასთვის ცნობილი ხდება ამ სისტემაში. „იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან“ (ესაია 19:19). ეს სიტყვები ცხებულ ქრისტიანებს ეხება, რომლებსაც ღმერთთან კავშირი აქვთ დადებული (ფსალმუნი 49:5). როგორც „სამსხვერპლო“, ისინი გამუდმებით სწირავენ ღმერთს თავიანთ მსხვერპლს და როგორც „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“, იეჰოვას შესახებ იუწყებიან (1 ტიმოთე 3:15; რომაელთა 12:1; ებრაელთა 13:15, 16). ისინი „ქვეყნის შუაგულში“ არიან — თავიანთ თანამსახურ „სხვა ცხვრებთან“ ერთად 230-ზე მეტ ქვეყანასა და კუნძულებზე ქადაგებენ, მაგრამ „წუთისოფლისანი არ არიან“ (იოანე 10:16; 17:15, 16). ისინი, ასე ვთქვათ, წუთისოფლისა და ღვთის სამეფოს საზღვარზე დგანან, მზად არიან მის გადასაკვეთად და თავიანთი ზეციერი ჯილდოს მისაღებად.
33. რა გაგებით არიან ცხებულები „ნიშნად“ და „მოწმობად“ „ეგვიპტეში“?
33 ესაია განაგრძობს: «იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშნად და სასწაულად [„მოწმობად“, აქ] ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს [„მხსნელს“, აქ] და პატრონს და იხსნის მათ» (ესაია 19:20). როგორც „ნიშანი“ და „მოწმობა“, ცხებულები სამქადაგებლო საქმიანობას უძღვებიან ამ უკანასკნელ ჟამს და იეჰოვას სახელს განადიდებენ (ესაია 8:18; ებრაელთა 2:13). დღეს მთელ მსოფლიოში გაისმის ჩაგრული ხალხის ხმა, რომელთა დახმარებასაც ადამიანთა ხელისუფლებები, ძირითადად, ვერ ახერხებენ. მაგრამ იეჰოვა დიდებულ მხსნელს, იესო ქრისტეს, მოუვლენს მათ, რომ იხსნას ჩაგრულნი. ის შვებასა და მარადიულ კურთხევებს მოუტანს ღვთისმოშიშ ადამიანებს, როდესაც ეს უკანასკნელი დღეები არმაგედონის ომით დასრულდება (ფსალმუნი 71:2, 4, 7, 12—14).
34. ა) როგორ შეიცნობენ „ეგვიპტელები“ იეჰოვას და რა მსხვერპლსა და ძღვენს შესწირავენ მას? ბ) როდის დაჰკრავს იეჰოვა „ეგვიპტეს“ და შემდეგ როგორ განკურნავს კაცობრიობას?
34 ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს ჭეშმარიტების შემეცნება და გადარჩეს (1 ტიმოთე 2:4). ამიტომაც ესაია წერს: „გამოეცხადება უფალი ეგვიპტელებს და შეიცნობენ ეგვიპტელები უფალს იმ დღეს; შესწირავენ მსხვერპლსა და ძღვენს, აღუთქვამენ აღთქმებს და აღასრულებენ კიდეც. დაჰკრავს უფალი ეგვიპტეს, დაჰკრავს და განკურნავს კიდეც; მიიქცევიან უფლისაკენ, შეიწყნარებს მათ და განკურნავს“ (ესაია 19:21, 22). ამ სატანის წუთისოფელში ყველა ერის წარმომადგენლები, ცალკეული „ეგვიპტელები“, შეიცნობენ იეჰოვას და შესწირავენ მას მსხვერპლს — „მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15). ისინი აღთქმას დაუდებენ იეჰოვას, ანუ თავს მიუძღვნიან მას და მის სამსახურში ერთგულად ყოფნით შეასრულებენ თავიანთ აღთქმას. იეჰოვა არმაგედონით „დაჰკრავს“ ამ სისტემას და შემდეგ თავის სამეფოს გამოიყენებს კაცობრიობის განსაკურნავად. იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს კაცობრიობა სულიერ, გონებრივ, ზნეობრივ და ფიზიკურ სრულყოფილებას მიაღწევს ანუ ნამდვილად განიკურნება! (გამოცხადება 22:1, 2).
„კურთხეულ იყოს ჩემი ერი“
35, 36. რა ურთიერთობა დამყარდა ძველ დროში ეგვიპტეს, აშურსა და ისრაელს შორის, რითაც ესაიას 19:23—25 შესრულდა?
35 შემდეგ ესაია შესანიშნავ ცვლილებას წინასწარმეტყველებს: «იმ დღეს გზა გავა ეგვიპტიდან აშურამდე და ივლის აშური ეგვიპტეში და ეგვიპტე აშურში; დაემონება [„ემსახურება“, აქ] ეგვიპტე უფალს აშურთან ერთად. იმ დღეს მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად; კურთხევა იქნება ქვეყნის შუაგულში, რადგან ბრძანებს კურთხევას ცაბაოთ უფალი: კურთხეულ იყოს ჩემი ერი ეგვიპტე, ჩემ ხელთა ქმნილება აშური და ჩემი სამკვიდრო ისრაელი» (ესაია 19:23—25). დიახ, ისეთი დროც დადგება, როცა ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ექნებათ ეგვიპტესა და აშურს. როგორ?
36 წარსულში, როდესაც იეჰოვა თავის ხალხს ტყვეობიდან ათავისუფლებდა, ის, ასე ვთქვათ, თავისუფლებისკენ მიმავალ შარაგზას უკვალავდა მათ (ესაია 11:16; 35:8—10; 49:11—13; იერემია 31:20). მცირე მასშტაბებით ეს წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემის შემდეგ შესრულდა, როდესაც აშურიდან, ეგვიპტიდან და ბაბილონიდან ტყვეები აღთქმულ მიწაზე დაბრუნდნენ (ესაია 11:11). მაგრამ როგორ სრულდება ის ჩვენს დროში?
37. როგორ ცხადყოფს მილიონობით ადამიანი თავისი ცხოვრებით, რომ „აშურსა“ და „ეგვიპტეს“ შორის ფიგურალური გზა არის გაყვანილი?
37 დღეს სულიერი ისრაელის, ცხებულ ქრისტიანთა, დარჩენილი წევრები ‘კურთხევა არიან ქვეყნის შუაგულში’. ისინი ავრცელებენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ყველა ერის ხალხს აუწყებენ სამეფოს შესახებ ცნობას. ამ ერებიდან ზოგი აშურივით მილიტარისტული ერია. ზოგი კი ეგვიპტესავით ლიბერალურია, რომელიც ერთ დროს, დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით, „სამხრეთის მეფე“ იყო (დანიელი 11:5, 8). დღეს როგორც მილიტარისტული, ისე ლიბერალური ერებიდან მილიონობით ადამიანი დაადგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზას. ამგვარად, ყველა ერის წარმომადგენლები გაერთიანდნენ ღვთის ‘სამსახურში’. ამ ხალხს შორის არავითარი ეროვნული დაყოფა არ არსებობს. მათ უყვართ ერთმანეთი და ამიტომაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ‘აშური ეგვიპტეში დადის და ეგვიპტე — აშურში’, თითქოს ნამდვილად გზა იყოს გაყვანილი მათ შორის (1 პეტრე 2:17).
38. ა) რა გაგებით ‘იქნება ისრაელი მესამე ეგვიპტესთან და აშურთან ერთად’? ბ) რატომ ამბობს იეჰოვა „კურთხეულ იყოს ჩემი ერი“?
38 მაგრამ რას ნიშნავს სიტყვები: „მესამე იქნება ისრაელი ეგვიპტესთან და აშურთან ერთად“? „ბოლო ჟამის“ პირველ პერიოდში მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურთა უმრავლესობა „ღვთის ისრაელის“ წევრი იყო (დანიელი 12:9; გალატელთა 6:16). 1930-იანი წლებიდან კი მიწიერი იმედის მქონე უამრავი ხალხი, „სხვა ცხვარი“, გამოჩნდა (იოანე 10:16ა; გამოცხადება 7:9). ისინი ეგვიპტითა და აშურით წარმოდგენილი ერებიდან გამოდიან, იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლისკენ მიედინებიან და სხვებსაც იწვევენ თაყვანისმცემლობაში შემოსაერთებლად (ესაია 2:2—4). თავიანთი ცხებული ძმების მსგავსად, ისინიც იღებენ მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში, ლახავენ რწმენის გამოცდებს, თავიანთი ცხოვრებით ამტკიცებენ ღვთისადმი ერთგულებასა და უმწიკვლოებას და იკვებებიან იეჰოვას იმავე სულიერი სუფრიდან. ცხებულები და „სხვა ცხვრები“ ნამდვილად „ერთ ფარას“ ქმნიან, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს (იოანე 10:16ბ). განა საეჭვოა, რომ იეჰოვა კმაყოფილია მათი საქმიანობით, როდესაც მათ მონდომებასა და გამბედაობას ხედავს? ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ის ამბობს: „კურთხეულ იყოს ჩემი ერი“!
[სქოლიო]
a ზოგი სწავლულის აზრით, ფრაზა „ფრთებმოშრიალე მწერების ქვეყანა“ კალიებს უნდა ეხებოდეს, რომლებიც დროდადრო გუნდ-გუნდად ირევიან ქუშის ტერიტორიაზე. ზოგი კი იმასაც აღნიშნავს, რომ „მოშრიალედ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „ცელაცალ“ ბგერითი შედგენილობით ძლიერ ჰგავს ბუზი ცეცეს სახელს — „ცალცალიას“, რომელიც მას დღევანდელი ეთიოპიის (ძველი ქუშის) ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქამიტური წარმომავლობის ხალხმა გალა ენაზე უწოდა.
[სურათი 191 გვერდზე]
ფილისტიმელები მტრებს უტევენ (ეგვიპტური რელიეფი, ძვ. წ. XII საუკუნე).
[სურათი 192 გვერდზე]
ქვის რელიეფი მოაბელი მეომრის ან მოაბელთა ღმერთის გამოსახულებით (ძვ. წ. XI—VIII საუკუნეები).
[სურათი 196 გვერდზე]
სირიელი მეომარი აქლემზე (ძვ. წ. IX საუკუნე).
[სურათი 198 გვერდზე]
მოჯანყე კაცობრიობის „ზღვა“ უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სულს ავლენს.
[სურათი 203 გვერდზე]
ეგვიპტის გრძნეულებმა ვერ შეძლეს იეჰოვასავით დიდი ძალის გამოვლენა.