თავი 12
„განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცნობდა?!“
1, 2. რატომ იყო არაგონივრული ასეთი დიდი მშენებლობის წამოწყება?
მეფე იეჰოიაკიმი დიდებულ სახლს იშენებდა. ამ სახლს ექნებოდა ფართო და განიერი ოთახები და, სულ მცირე, ორსართულიანი იქნებოდა. დიდი სარკმლებიდან კაშკაშა მზის შუქი და სუფთა ჰაერი შევიდოდა, რაც მეფესა და მის ოჯახს სასიამოვნო გარემოს შეუქმნიდა. კედლები ლიბანის სურნელოვანი კედრით იქნებოდა მოპირკეთებული. უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილი ალისფერი საღებავი ოთახებს მდიდრულ იერს შესძენდა, რაც ასე პოპულარული იყო სხვა ქვეყნების წარჩინებულთა და მდიდართა შორის (იერ. 22:13, 14).
2 ასეთი სახლის აშენება საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა. არადა სახელმწიფო ხაზინა გამოცარიელებული იყო, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ქვეყანა დიდძალ ხარკს უხდიდა ეგვიპტეს და შეიარაღებაშიც დიდი თანხები მიდიოდა (2 მეფ. 23:33—35). იეჰოიაკიმმა მაინც შეძლო სასახლის აშენება. ის მშენებლებს გასამრჯელოს გარეშე ამუშავებდა. მეფე მათ ისე ეპყრობოდა, როგორც მონებს და აიძულებდა, რომ თავიანთი ძალ-ღონე მეფის კეთილდღეობისთვის შეელიათ.
3. რით განსხვავდებოდნენ იეჰოიაკიმი და მამამისი ერთმანეთისგან? ახსენით.
3 იერემიას მეშვეობით ღმერთმა იეჰოიაკიმი სიხარბეში ამხილა.a მან გაახსენა მეფეს, რომ მამამისი, მეფე იოშია, არაჩვეულებრივ სიკეთესა და გულუხვობას ავლენდა ხელოსნებისა და ღარიბების მიმართ. ის მათ ესარჩლებოდა კიდეც სასამართლოში. როცა იეჰოიაკიმს შეახსენა, თუ როგორ ზრუნავდა იოშია უბრალო ხალხზე, იეჰოვამ ჰკითხა მას: „განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიცნობდა?!“ (წაიკითხეთ იერემიას 22:15, 16 ).
4. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, იცნობდეთ იეჰოვას?
4 სატანის ქვეყნიერებაში მდგომარეობა რაც უფრო უარესდება, იეჰოვას დახმარება და მფარველობა მით უფრო გვესაჭიროება. ის კი, თავის მხრივ, დახმარებასა და მფარველობას არ აკლებს მათ, ვინც მას კარგად იცნობს. ასე რომ, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას. ჩვენ უნდა ავირეკლოთ მისი შესანიშნავი თვისებები, რათა კარგ შედეგებს მივაღწიოთ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას. მაგრამ, ალბათ, გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ქრისტიანმა ისევე კარგად გაიცნოს იეჰოვა, როგორც იოშია იცნობდა მას?
რას ნიშნავს, იცნობდე ღმერთს?
5, 6. ა) როგორ გავლენას ახდენს მამის კარგი მაგალითი შვილებზე? ბ) იეჰოიაკიმისგან განსხვავებით, როგორ უნდა ვიქცეოდეთ, როცა იეჰოვას გზებს ვეცნობით?
5 დაფიქრდით, როგორ შეიძლება იმოქმედოს მამის კარგმა მაგალითმა შვილებზე. როცა ისინი ხედავენ, როგორ ეხმარება მათი მამა გაჭირვებულებს, თვითონაც უჩნდებათ სურვილი, ხელგაშლილები იყვნენ. ასევე, როცა ხედავენ, როგორი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობა ის მათ დედას, თვითონაც სწავლობენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების პატივისცემას. და როცა საქმე ფულს ეხება, მამა ყოველთვის პატიოსნად და სამართლიანად იქცევა, რაც შვილებს უბიძგებს, რომ თავადაც ასეთები იყვნენ. როდესაც აკვირდებიან, როგორ იქცევა მამა და რა თვისებებს ავლენს, მათაც სურთ, სხვებს ისე მოექცნენ, როგორც მამა ექცევა.
6 მსგავსად ამისა, ქრისტიანი, რომელიც ისევე იცნობს იეჰოვას, როგორც იოშია იცნობდა, აღიარებს, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია და ბიბლიის კითხვისას უფრო ახლოს ეცნობა მას. ის ხედავს, როგორ ექცევა ღმერთი სხვებს და სურვილი უჩნდება, მიჰბაძოს ზეციერ მამას. მას იეჰოვასადმი სიყვარული უძლიერდება და დღითი დღე უკეთ ჰბაძავს მას. ამის საპირისპიროდ, ის ადამიანი, რომელიც ღვთის კანონებსა და შეხსენებებს უარყოფს და ამგვარად არ აძლევს საშუალებას, უხელმძღვანელოს მას, ვერ გაიცნობს ჭეშმარიტ ღმერთს. ის ჰგავს იეჰოიაკიმს, რომელიც იერემიას გრაგნილზე ჩაწერილ იეჰოვას სიტყვას ცეცხლში ყრიდა (წაიკითხეთ იერემიას 36:21—24 ).
7. რატომ უნდა გაიცნოთ იეჰოვა ისე, როგორც იოშია იცნობდა მას?
7 წმინდა მსახურებაში ჩვენი წარმატება და ახალ ქვეყნიერებაში ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვიცნობთ იეჰოვას (იერ. 9:24). ახლა ვისაუბროთ ღვთის რამდენიმე თვისებაზე, რომლებსაც იერემიას წიგნების მეშვეობით ვეცნობით. იმაზე დაფიქრებისას, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი, ეცადეთ გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ პირადად გაეცნოთ მას და მიჰბაძოთ ღმერთს იოშიას მსგავსად.
რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეფე იოშია კარგად იცნობდა იეჰოვას? რას ნიშნავს, იცნობდე იეჰოვას ისე, როგორც იოშია იცნობდა მას?
„მარადიულია მისი სიკეთე!“
8. რა არის სიკეთე?
8 ღვთის პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებას სიკეთეს ანუ ერთგულ სიყვარულს ბევრ ენაზე ეკვივალენტი არ მოეძებნება. ერთ-ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად სიკეთედ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ერთდროულად გამოხატავს სიძლიერეს, სიმტკიცესა და სიყვარულს. ამ ლექსიკონში ნათქვამია: „ნებისმიერი განმარტება, რომელიც ამ სამივე თვისებას არ გამოხატავს, სრულად ვერ გადმოსცემს ამ სიტყვის მნიშვნელობას“. აქედან გამომდინარე, ის, ვინც სიკეთეს ავლენს, მხოლოდ კარგი პიროვნება არ არის. ის ზრუნავს სხვებზე და ცდილობს, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ, განსაკუთრებით იმაში, რომ სულიერი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე უანგაროდ იქცევა, არის მისი სურვილი, ასიამოვნოს ყოვლისშემძლე ღმერთს.
9. რაზე მიუთითებდა ის, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელ ერს?
9 ბიბლიური ტერმინის „სიკეთის“ მნიშვნელობა რომ გავიგოთ, საუკეთესო საშუალება იმის გამოკვლევაა, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს საუკუნეების მანძილზე. იეჰოვა იცავდა და ასაზრდოებდა ისრაელ ერს უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის დროს; აღთქმულ მიწაზე კი მათ დაუყენა მსაჯულები, რათა მტრის ხელიდან ეხსნა ისინი და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დაებრუნებინა. რადგან იეჰოვა საუკუნეების მანძილზე მათ გვერდით იყო ჭირსა თუ ლხინში, შეეძლო ეთქვა მათთვის: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე, და ამიტომაც მოგიზიდე სიკეთით“ (იერ. 31:3).b
10. როგორ ავლენს იეჰოვა სიკეთეს ლოცვების მოსმენით, როგორც ეს ბაბილონში გადასახლებული იუდეველების შემთხვევიდან გამოჩნდა?
10 ღმერთი დღესაც ავლენს სიკეთეს სხვადასხვა სახით თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. მაგალითად, ლოცვების მოსმენით. ის ყველა გულწრფელ ლოცვას ისმენს, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი მიძღვნილი მსახურების ლოცვებს აქცევს. მაშინაც კი, როცა წლების მანძილზე ერთსა და იმავე პრობლემაზე ვლოცულობთ, ის მოთმინებით გვისმენს; ის არ იღლება ჩვენი მოსმენით. ერთხელ იეჰოვამ იერემიას მეშვეობით ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებს ცნობა გადასცა. ისინი 800 კილომეტრით იყვნენ დაშორებული ტაძარს, ოჯახსა და მეგობრებს. თუმცა ტაძრიდან ძალიან შორს იყვნენ, ამან ხელი ვერ შეუშალა იეჰოვას, მოესმინა მათი ვედრება და ქების სიტყვები. დაფიქრდით, როგორ ამხნევებდა იუდეველებს იერემიას 29:10—12-ში ჩაწერილი სიტყვები და ეს სიტყვები თქვენც გაგამხნევებთ (წაიკითხეთ).
11, 12. ა) რას დაჰპირდა იეჰოვა იერუსალიმის მცხოვრებთ? ბ) როგორ ეხმარებიან მათ, ვინც სათანადოდ დაისაჯა?
11 იეჰოვა სიკეთეს იმითაც ავლენს, რომ ყველაფერში დადებითს ხედავს. რადგან იერუსალიმის დაცემა ახლოვდებოდა და ხალხიც ურჩობას არ იშლიდა და, ფაქტობრივად, ღმერთს ეწინააღმდეგებოდა, რა ელოდა მათ? შიმშილით ან ბაბილონელთა ხელით სიკვდილი ხომ არა? ან, უკეთეს შემთხვევაში, გადასახლება და უცხო მიწაზე სიკვდილი? იეჰოვას „სასიკეთო სიტყვა“ ჰქონდა მათთვის, ვინც მოინანიებდა და შეიცვლებოდა. ის დაჰპირდა, რომ მიხედავდა მათ და „ამ ადგილზე“ ანუ სამშობლოში დააბრუნებდა შორეული ბაბილონიდან (იერ. 27:22). მაშინ ისინი სიხარულით შესძახებდნენ: „ადიდეთ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რადგან კარგია იეჰოვა, მარადიულია მისი სიკეთე!“ (იერ. 33:10, 11).
12 იეჰოვა თავისი სიკეთიდან გამომდინარე გამხნევების წყაროა მათთვის, ვინც ადამიანური თვალსაზრისით გამოუვალ მდგომარეობაშია. ზოგიერთს, რომელიც ერთ დროს ქრისტიანული კრების წევრი იყო და სამართლიანად დაისაჯა, შესაძლოა დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევს და ღვთის ხალხთან ურთიერთობის აღდგენას აჭიანურებს. შეიძლება ეჭვი ეპარებათ, რომ იეჰოვა აპატიებს მათ და მიიღებს. ყოვლისშემძლე ღმერთს თითოეული ასეთი ადამიანისთვის „სასიკეთო სიტყვა“ აქვს. უხუცესები კეთილად მოეპყრობიან მათ და დახმარებას აღმოუჩენენ, რათა შეიცვალონ თავიანთი აზროვნება და საქციელი. და, რაც წინა აბზაცში ვთქვით, შეიძლება მათზეც გავრცელდეს, — იეჰოვა მათ თავიანთ ადგილზე ანუ თავის ბედნიერ ხალხში დააბრუნებს (იერ. 31:18—20).
13. რატომ არის თქვენთვის გამამხნევებელი ის ფაქტი, რომ იეჰოვას არ მიუტოვებია იერემია?
13 იეჰოვას სიკეთე იმაშიც ვლინდება, რომ თავის ერთგულ მსახურებს ყოველთვის მხარში უდგას. სატანის ქვეყნიერების ამ ბოლო დღეებში ყველანაირი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა დაეხმარება და დაიცავს ყველას, ვინც უპირველესად მის სამეფოს ეძებს. გახსოვდეთ, რომ ბოლო დღეებში, სანამ იერუსალიმი განადგურდებოდა, იერემიას იმედი ჰქონდა, რომ იეჰოვა გამოკვებავდა მას და დაიცავდა. ღმერთს არასოდეს გაუცრუებია მისთვის იმედი (იერ. 15:15; წაიკითხეთ გოდების 3:55—57 ). ნებისმიერი სერიოზული განსაცდელის დროს დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ახსოვს თქვენი ერთგულება. თავისი სიკეთის წყალობით ის განგამტკიცებთ, რომ ‘ბოლო არ მოგეღოთ’ (გოდ. 3:22).
იეჰოვას სიკეთის გამოვლინების რომელი მხარე გიზიდავთ განსაკუთრებით? რატომ ფიქრობთ ასე?
„ცოცხალია იეჰოვა . . . სამართლიანი!“
14. რა უსამართლობას შეხვდით ახლახან?
14 ზოგიერთი ადამიანი წლობით იხდის სასჯელს ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია პატიმრისთვის და მხოლოდ განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ გამხდარა ცნობილი, რომ უდანაშაულო ადამიანი დასაჯეს. ზოგიერთ ქვეყანაში სასოწარკვეთილი მშობლები საკუთარ შვილებს მონებად ყიდიან, რომ ლუკმაპური ჰქონდეთ. რას გრძნობთ, როცა ასეთი უსამართლობის შესახებ იგებთ? როგორ ფიქრობთ, იეჰოვა რას გრძნობს? ბიბლიიდან ნათლად ვხედავთ, რომ მას სურს ტანჯვის ყველა მიზეზის მოსპობა. ამის გაკეთების ძალა მხოლოდ მას შესწევს. ამიტომ ღარიბებსა და უდანაშაულოებს შეუძლიათ გამხნევდნენ. იეჰოვა, სამართლიანობის ღმერთი უკვე იღებს ზომებს იმისათვის, რომ ისინი გასაჭირისგან დაიხსნას (იერ. 23:5, 6).
15, 16. ა) იეჰოვას რომელ თვისებას გაუსვა ხაზი იერემიამ? ბ) რატომ შეგიძლიათ ენდოთ ღვთის კანონებსა და დაპირებებს?
15 იერემიას დროს ზოგიერთი აღიარებდა, რომ ღმერთი აბსოლუტურად სამართლიანი იყო. წინასწარმეტყველი ვარაუდობდა, რომ თუ ისინი მოინანიებდნენ, და შეიცვლიდნენ თვალსაზრისს, იტყოდნენ: „ცოცხალია იეჰოვა, ჭეშმარიტი, სამართლიანი და მართალი!“ (იერ. 4:1, 2). ეს მართლაც ასეა, რადგან იეჰოვას განზრახვაში არანაირ უსამართლობას არა აქვს ადგილი. თუმცა არსებობს იმის სხვა მტკიცებულებებიც, რომ იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია.
16 ღმერთი ყოველთვის თავისი ნათქვამის თანახმად მოქმედებს; ის უთვალთმაქცოა. ადამიანები ხშირად არღვევენ პირობას და ტეხენ სიტყვას, რასაც იეჰოვა არასოდეს გააკეთებს. მის მიერ დადგენილი ბუნების კანონებიც კი, რომლებიც ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება, არასდროს ირღვევა (იერ. 31:35, 36). ჩვენ ასევე შეგვიძლია ვენდოთ მის დაპირებებსა და კანონებს, რადგან ისინი ყოველთვის კარგია (წაიკითხეთ გოდების 3:37, 38).
17. ა) როგორ ასამართლებს იეჰოვა? ბ) რატომ შეგიძლიათ ენდოთ უხუცესებს, როცა ისინი კრებაში პრობლემებს აგვარებენ? (იხილეთ ჩარჩო „ისინი იეჰოვას სახელით ასამართლებენ“ 148-ე გვერდზე)
17 გასამართლებისას იეჰოვა არასდროს აფასებს მდგომარეობას ზერელედ. ის ღრმად იკვლევს საკითხს და ყველა ფაქტს ამოწმებს. ის ასევე იკვლევს ყველა მხარის მოტივებს. დღეს ექიმებს შეუძლიათ სპეციალური აპარატურითა და მეთოდებით დააკვირდნენ პაციენტის გულს, როცა ის მუშაობს და გაიგონ, რა მდგომარეობაშია. მათ ასევე შეუძლიათ, გამოიკვლიონ თირკმელები, რომლებიც ორგანიზმში სისხლს ფილტრავს. იეჰოვას გაცილებით მეტი შეუძლია. ის ამოწმებს ჩვენს სიმბოლურ გულსა და თირკმელებს ანუ აფასებს ჩვენს მოტივებსა და ფარულ გრძნობებს. ასეთი სახით ის იგებს, რამ აღგვძრა ამა თუ იმ მოქმედებისკენ და რას ვგრძნობთ და რას ვფიქრობთ ჩვენს საქციელზე. უზენაეს ღმერთს არ დააბნევს იმ დეტალების სიუხვე, რომლებიც გამოკვლევისას გახდება ცნობილი. ყველაზე გამჭრიახი მოსამართლეც კი ვერ შეედრება იეჰოვას. ღმერთი ინფორმაციას სწორად და გაწონასწორებულად იყენებს, რათა სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს (წაიკითხეთ იერემიას 12:1ა; 20:12).
18, 19. როგორ მოქმედებს ჩვენზე იმის გაგება, თუ რამდენად სამართლიანია ღმერთი?
18 თქვენ მართლაც საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ ენდოთ იეჰოვას, მაშინაც კი, როცა წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო სინდისი მოსვენებას არ გაძლევთ. არ იფიქროთ, რომ იეჰოვა შეუბრალებელი პროკურორია, რომელიც მიზეზს ეძებს, რათა დაგსაჯოთ. პირიქით, ის თანამგრძნობი მოსამართლეა, რომელსაც თქვენი დახმარება სურს. თუ გაურკვეველი გრძნობები მოგეძალათ წარსული ცხოვრების ან ვინმეს გამო, სთხოვეთ იეჰოვას „გამოგესარჩლოთ“ ანუ იტვირთოს თქვენი დარდი, რათა თავიდან მოგაშოროთ საწუხარი.c ღმერთი დაგანახვებთ, რამდენად აფასებს იმას, რომ განაგრძობთ წმინდა მსახურებას (წაიკითხეთ გოდების 3:58, 59).
19 სრულყოფილად სამართლიან ღმერთს სურს, რომ ისინი, ვისაც უნდა, ღვთის მოწონება დაიმსახუროს, სამართლიანად იქცეოდნენ (იერ. 7:5—7; 22:3). ღვთისმოსაწონი სამართლიანობის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება სასიხარულო ცნობის მიუკერძოებლად ქადაგებაა. როცა კეთილსინდისიერად აკეთებთ განმეორებით მონახულებებს და ატარებთ ბიბლიის შესწავლებს, ხალხის მიმართ სიკეთეს ავლენთ, რითაც ღმერთს სრულყოფილ სამართლიანობაში ჰბაძავთ. მას სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ და გადარჩეს (გოდ. 3:25, 26). რაოდენ დიდი პატივია, იყო ღვთის თანამშრომელი და ასეთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულებით აირეკლო მისი სამართლიანობა!
რატომ არის თქვენთვის მანუგეშებელი ის, რომ იეჰოვა სამართლიანია? როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ღმერთს სამართლიანობაში და ანუგეშოთ სხვები?
„მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი“
20. ა) ადამიანების მიმართ ღვთის დამოკიდებულების რომელ მხარეზე გაამახვილა ყურადღება იერემიამ? ბ) როგორ უკავშირდება პატიებას ის, რომ „იეჰოვა გადაიფიქრებს“? (იხილეთ ჩარჩო „რა გაგებით გადაიფიქრებს იეჰოვა?“).
20 ბევრის აზრით წიგნებში „იერემია“ და „გოდება“ მხოლოდ ბოროტების მხილება და განსჯაა ჩაწერილი. სინამდვილეში, მათ მხედველობიდან რჩებათ ის მონაკვეთები, სადაც იეჰოვა თავის ხალხს გულთბილად აღუთქვამს ცოდვების პატიებას. ის მოუწოდებდა იუდეველებს: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“ სხვა დროს კი იერემიამ ურჩია მათ: „გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, დაემორჩილეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას ხმას და იეჰოვაც გადაიფიქრებს იმ უბედურების მოხდენას, რომელსაც თქვენზე წარმოთქვამს“ (იერ. 18:11; 26:13). ჩვენს დროშიც პატიობს იეჰოვა ყველას, ვინც გულწრფელად ინანიებს და ცოდვილ გზას ტოვებს.
21. რა მიზნით პატიობს იეჰოვა შემცოდველს?
21 იეჰოვას სიტყვა პატიებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვად არ რჩება. მან იერემიას მეშვეობით მოუწოდა თავის ხალხს: „დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო . . . რისხვით არ შეგხედავ, რადგან ერთგული ვარ . . . მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი“ (იერ. 3:12). იეჰოვა წყენასა და ბრაზს არ იტოვებს გულში მათ მიმართ, ვისაც პატიობს. მართალია, მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, მაგრამ იეჰოვას უნდა, გაამთელოს ის. რა ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, თუ გულწრფელად ინანიებს და ღმერთს პატიებას სთხოვს, იეჰოვა მიიღებს მას და კურთხევას არ მოაკლებს (იერ. 15:19). ამის ცოდნამ უნდა აღძრას ყველა, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს ჩამოშორდა, დაუბრუნდეს მას. განა არ გიზიდავთ იეჰოვა იმით, რომ ასე შეუძლია პატიება? (წაიკითხეთ გოდების 5:21 ).
22, 23. რა მიზანი უნდა გქონდეთ, როდესაც იეჰოვას ჰბაძავთ პატიებაში?
22 თუ ვინმე გულს გატკენთ დაუფიქრებელი სიტყვითა თუ საქციელით, მიჰბაძავთ იეჰოვას? ღმერთმა იერემიას დროში მცხოვრებ იუდეველებზე თქვა, რომ განწმენდდა მათ, ვისაც აპატია (წაიკითხეთ იერემიას 33:8). ის იმ გაგებით განწმენდს მომნანიებელ შემცოდველს, რომ აღარ გაუხსენებს დანაშაულს და მსახურების ახალ შანსს მისცემს. ცხადია, ღვთის პატიების მიღება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისგან გათავისუფლდება და სრულყოფილი და უცოდველი გახდება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის სწავლა იქიდან, რაც ღმერთმა შემცოდველის განწმენდაზე თქვა. შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და, ასე ვთქვათ, განვიწმინდოთ შეხედულება მასზე, ვინც გული გვატკინა. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
23 დავუშვათ, მემკვიდრეობით მიიღეთ ძვირფასი სამკაული. ნადები რომ გასჩენოდა, გადააგდებდით? ალბათ, გულდასმით გააპრიალებდით და გაწმენდდით, რათა კვლავ დამტკბარიყავით მისი თვალისმომჭრელი სილამაზით. ამის მსგავსად ყველანაირად უნდა შეეცადოთ, გულიდან ამოიგდოთ წყენა და ბოღმა იმ დის ან ძმის მიმართ, რომელმაც გაწყენინათ. არ იფიქროთ იმ სიტყვებსა და საქციელზე, რომელმაც ასე გატკინათ გული. როდესაც წყენას ივიწყებთ, თქვენს გონებაში წმენდთ იმ ადამიანს ანუ შეხედულებას იცვლით მასზე, ვისაც აპატიეთ. როცა უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლდებით, შეძლებთ კვლავ აღადგინოთ ის ახლო ურთიერთობა, რომელიც სამუდამოდ დაკარგული გეგონათ.
24, 25. რა კურთხევებს მიიღებთ, თუ ისევე კარგად გაიცნობთ იეჰოვას, როგორც მეფე იოშია იცნობდა?
24 ჩვენ განვიხილეთ იეჰოვას მხოლოდ რამდენიმე თვისება და იმის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ იქცეოდა ის სხვადასხვა სიტუაციაში, რამაც უკეთ გაგვაცნო ღმერთი. ჩვენ გვესმის, რომ თუ კარგად ვეცნობით იეჰოვას, ეს კურთხევებს მოგვიტანს, რაც თავის მხრივ აღგვძრავს, თაყვანი ვცეთ მას მოსაწონი სახით. თუ მეფე იოშიას მსგავსად კარგად გავიცნობთ იეჰოვას, უსაზღვროდ ბედნიერი ადამიანები ვიქნებით; ბედნიერება კი ღვთის პიროვნების განუყოფელი ნაწილია.
25 იეჰოვას უკეთ გაცნობით სხვებთან ურთიერთობასაც გავიუმჯობესებთ. თუ შევეცდებით, იეჰოვას მივბაძოთ სიკეთის, სამართლიანობისა და მიმტევებლობის გამოვლენაში, ქრისტიანული კრების წევრებთან ჩვენი მეგობრობა გაღრმავდება და უფრო ძვირფასი გახდება. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ უკეთ გავაკეთოთ განმეორებითი მონახულებები და უფრო ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჩავატაროთ. ჩვენი მაგალითის შემხედვარე ახლები კიდევ უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ ქრისტიანული ცხოვრების წესი მართლაც საუკეთესოა. უკეთ შევძლებთ მათ დახმარებას, რათა იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით სცენ თაყვანი, ანუ მიჰყვნენ „კარგ გზას“ (იერ. 6:16).
რას გეუბნებათ პირადად თქვენ გოდების 5:21?
a იეჰოიაკიმის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ იხილეთ ამავე წიგნის მე-4 თავის მე-12 აბზაცი.
b „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ იეჰოვას ეს სიტყვები შემდეგნაირად არის გადმოცემული: „ძველი დროიდან მოყოლებული სათუთად მიყვარდი და დღესაც განუწყვეტლივ ვზრუნავ შენზე“.
c თუ დამ ან ძმამ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, ეს ამბავი კრების უხუცესების ყურამდე უნდა მივიდეს, რათა მათ განიხილონ ის და დაეხმარონ ბიბლიის მეშვეობით (იაკ. 5:13—15).