ჟესტები და პოზები
წმინდა წერილებში ხშირად არის მოხსენიებული სხვადასხვა ჟესტი თუ პოზა, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთში მიღებული ჟესტებისა და გამომხატველობითი მოძრაობებისგან დიდად არ განსხვავდება. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებნი უფრო გახსნილები არიან და თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, ვიდრე დასავლეთში მცხოვრებნი. იმის მიუხედავად, ახლდა თუ არა ჟესტებსა თუ პოზებს სიტყვები, მათ დიდი ძალა და აზრობრივი დატვირთვა ჰქონდა.
ლოცვა და პატივის მიგება. ფეხდგომელა. ებრაელებსა და ბიბლიაში მოხსენიებულ ბევრ სხვა ხალხს დადგენილი არ ჰქონდათ, რა პოზაში უნდა ელოცათ. თუმცა ყველა პოზა პატივისცემის გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ხშირად ისინი ფეხზე მდგარნი ლოცულობდნენ. ამის შესახებ მოიხსენია იესომ (მრ. 11:25). ნათლობის დროს იესო სავარაუდოდ ფეხზე იდგა და ისე ლოცულობდა, როცა გაიხსნა ცა, წმინდა სული სხეულებრივად მტრედის სახით გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა ღვთის ხმა (ლკ. 3:21, 22).
მიღებული იყო მუხლმოყრილი ლოცვაც. იესო მუხლმოყრილი ლოცულობდა გეთსემანეს ბაღში (ლკ. 22:41). ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონმა მთელი ერის სახელით მუხლმოყრილმა ილოცა (1მფ. 8:54). მიუხედავად იმისა, რომ დედნისეულ ენებში ბევრ ადგილას ბიბლიაში სიტყვა „მუხლი“ მრავლობით რიცხვში დგას, შესაძლოა ადამიანი ზოგჯერ ერთ მუხლზე დგებოდა, როგორც ეს დღესაც ხდება აღმოსავლეთის ქვეყნებში (სქ. 9:40; 20:36; 21:5; ეფ. 3:14).
პირქვედამხობილი. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, იუდეველები თაყვანისმცემლობის დროს პირს იერუსალიმისა და მისი ტაძრისკენ იბრუნებდნენ ხოლმე (1მფ. 8:42, 44; დნ. 6:10). თავის ხილვაში ეზეკიელმა იხილა იეჰოვას ტაძრისთვის ზურგშექცეული 25 კაცი, რომლებიც აღმოსავლეთისკენ იყვნენ პირქვედამხობილები (ეზკ. 8:16). მზის თაყვანისმცემელთა ტაძრებს შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა, რათა იქ შესვლისას თაყვანისმცემლებს აღმოსავლეთისკენ ჰქონოდათ მზერა მიმართული. იეჰოვას ტაძრის შესასვლელი კი აღმოსავლეთით იყო, ამიტომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ზურგშექცევით იდგნენ იმ ადგილისკენ, საიდანაც მზე ამოდიოდა.
ხელებაპყრობილი. ფეხდგომელა ან მუხლმოყრილი ლოცვისას ადამიანი ზოგჯერ ხელებს ზეცისკენ აღაპყრობდა ან წინ იწვდიდა, თითქოს რაღაცას ითხოვდა (1მფ. 8:22; 2მტ. 6:13; ნემ. 8:6). ამასთან შეიძლება ადამიანს ზეცისკენ აღეპყრო სახე ან მხოლოდ თვალები (იობ. 22:26; მთ. 14:19; მრ. 7:34; ინ. 17:1).
მუხლებზე ჩაჯდომა და პირქვე დამხობა. ადამიანი ლოცვისას ზოგჯერ მუხლებზე დგებოდა, შემდეგ უკან იწევდა და ქუსლებზე ჯდებოდა (1მტ. 17:16). ასეთ პოზაში მას შეეძლო თავი დაეხარა. ან ის ელიას მსგავსად შეიძლებოდა ჩაცუცქულიყო და თავი მუხლებში ჩაერგო (1მფ. 18:42). პირქვე დამხობა ბიბლიაში ხშირად მოიხსენიება. ამ დროს ადამიანი მუხლებზე დგებოდა, წინ იხრებოდა, ხელის გულებს ან იდაყვებს ეყრდნობოდა და შუბლით ეხებოდა მიწას (დბ. 24:26, 48; ნემ. 8:6; რც. 16:22, 45; მთ. 26:39). თუ ადამიანი ძალიან იყო დამწუხრებული ან მხურვალედ ლოცულობდა, ის შეიძლებოდა ჯვალოთი შემოსილი პირქვე გართხმულიყო მიწაზე (1მტ. 21:16). კერპთაყვანისმცემლებიც ემხობოდნენ თავიანთი კერპების წინაშე (გმ. 20:5; რც. 25:2; 2მფ. 5:18; დნ. 3:5—12) და კოცნიდნენ მათ (1მფ. 19:18).
თაყვანისცემის ობიექტისკენ მიმართული რელიგიური ჟესტები. იობი საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შეიძლებოდა ადამიანის გული ცდუნებულიყო და მზისთვის ან მთვარისთვის ეცა თაყვანი — გაეგზავნა ჰაეროვანი კოცნები, როგორც ამას მთვარის თაყვანისმცემლები ან კერპთაყვანისმცემლები აკეთებდნენ. იობს ესმოდა, რომ ეს ჭეშმარიტი ღვთის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა და ამის გამკეთებელი ღვთის წინაშე აგებდა პასუხს (იობ. 31:26—28).
რა და რა პოზაში ლოცულობენ ქრისტიანები. იესო გულწრფელად ლოცულობდა სახალხოდ, ისევე როგორც პავლე და სხვები. ის მოუწოდებდა ხალხს, განმარტოებითაც ელოცათ (მთ. 6:5, 6). მაგრამ განსჯიდა მათ, ვინც დიდხანს ლოცულობდა მოსაჩვენებლად, როგორც ამას ზოგიერთი მწიგნობარი აკეთებდა (მრ. 12:40; ლკ. 20:47). ქრისტიანებმა გადაიღეს იუდეველთა სინაგოგაში გავრცელებული ბევრი წეს-ჩვეულება, რომელთაც ღმერთი არ განსჯიდა, ამიტომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ლოცვასთან დაკავშირებით მოიხსენიება სინაგოგაში მიღებული ჟესტები და პოზები. მაგრამ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები არ ამართლებს თვალთმაქც ადამიანებს, რომლებიც სახის გამომეტყველებით ან პოზით ცდილობენ ღვთისმოსაობის ჩვენებას. მასში დადგენილი არ არის ლოცვის დროს კონკრეტული პოზები, მაგალითად ხელისგულების ერთმანეთზე მიდება ან თითების გადაჭდობა. ადამიანს შეუძლია ჩუმად და შეუმჩნევლად ილოცოს, როცა დავალებულ საქმეს ასრულებს ან მოულოდნელი პრობლემის წინაშე დგას (შდრ. ნემ. 2:4). ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ მუდამ აღავლინონ „ყოველგვარი ლოცვა და ვედრება“ (ეფ. 6:18).
პატივისცემა და თავმდაბლობა. მუხლის მოყრა. ხშირად აღმოსავლელები ლოცვის დროს მიღებული პოზითა თუ ჟესტით ერთმანეთისადმი პატივისცემასაც გამოხატავდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათზე მაღლა მდგომს თხოვნით მიმართავდნენ. ბიბლიაში მოყვანილია შემთხვევები, როცა თხოვნის დროს ადამიანი მუხლს იყრიდა სხვის წინაშე. ეს თაყვანისცემას კი არ ნიშნავდა, არამედ სხვისი მდგომარეობის ან უფლებამოსილების მოკრძალებულად აღიარებას (მთ. 17:14; მრ. 1:40; 10:17; 2მფ. 1:13).
მდაბლად თაყვანისცემა და პირქვე დამხობა მიღებული იყო მისალმების და საქმიანი ურთიერთობების მოგვარების დროს. ასე გამოხატავდნენ ღრმა პატივისცემასაც. ესავთან შეხვედრისას იაკობმა მას „შვიდჯერ მდაბლად თაყვანი სცა“ (დბ. 33:3). მართალია, სოლომონი მეფე იყო, მაგრამ პატივისცემის ნიშნად მდაბლად თაყვანი სცა დედას (1მფ. 2:19).
ზოგჯერ ადამიანები პირქვე დამხობით დამარცხებას აღიარებდნენ (ეს. 60:14) და წყალობის სათხოვნელად ჯვალოშემოსილი და თავზე თოკშემოხვეული მიდიოდნენ დამპყრობლის წინაშე (1მფ. 20:31, 32). ზოგის აზრით, თოკები თავზე კი არა, კისერზე ჰქონდათ შემოხვეული მორჩილებისა და ტყვეობის სიმბოლოდ.
ებრაელები, ჩვეულებრივ, პატივისცემის ნიშნად უფლებამოსილი პირების წინაშე ემხობოდნენ, მაგრამ მორდოქაიმ თაყვანი არ სცა ჰამანს. მას ამის მიზეზიც ჰქონდა: აგაგელი ჰამანი, როგორც ჩანს, ამალეკელთა ნაშიერი იყო, რომლებზეც იეჰოვამ თქვა, რომ მოსპობდა მათ სახსენებელს ცისქვეშეთიდან და თაობიდან თაობაში ომი ექნებოდა მათთან (გმ. 17:14—16). ვინაიდან მდაბლად თაყვანისცემა ჰამანის მიმართ მშვიდობიანი დამოკიდებულების მაჩვენებელი იქნებოდა, მორდოქაიმ უარი თქვა ამაზე და ღვთის მითითების დარღვევაზე (ესთ. 3:5).
იესო ნავეს ძემ მდაბლად თაყვანი სცა ანგელოზს, „იეჰოვას ლაშქრის მეთაურს“, თუმცა არა მისი თაყვანისცემის ნიშნად, არამედ იმიტომ, რომ აღიარებდა ანგელოზის მაღალ მდგომარეობას და აცნობიერებდა, რომ ის იეჰოვასგან იყო გამოგზავნილი მისთვის მითითების მისაცემად (იეს. 5:14).
დედამიწაზე იესოს მსახურების დროს ადამიანები პირქვედამხობილნი მიმართავდნენ მას სათხოვრით ან გამოხატავდნენ მისადმი პატივისცემას. ამის გამო იესოს არ გაუკიცხავს ისინი (ლკ. 5:12; ინ. 9:38). ის ხომ უკვე მეფედ იყო დანიშნული, რაზეც მისი სიტყვებიც მოწმობს: „მოახლოვდა ღვთის სამეფო“ (მრ. 1:15). იესო დავითის ტახტის მემკვიდრე იყო, ამიტომ მას მართებულად ეკუთვნოდა მეფის საკადრისი პატივისცემა (მთ. 21:9; ინ. 12:13—15).
იესო ქრისტეს მოციქულები სხვებს არ აძლევდნენ უფლებას, მათ წინაშე დამხობილიყვნენ. მიზეზი ის იყო, რომ ეს ადამიანები ამას თაყვანისცემის ნიშნად აკეთებდნენ, თითქოს ღვთის წმინდა სული, რომლის დახმარებითაც მოციქულები ავადმყოფებს კურნავდნენ და სხვა სასწაულებს ახდენდნენ, მოციქულებისა იყო. მაგრამ მოციქულებს ესმოდათ, რომ ამ საქმეებისთვის მათ იეჰოვა უნდა განედიდებინათ და მისთვის უნდა ეცათ თაყვანი იესო ქრისტეს მეშვეობით, თავად კი მხოლოდ იესოს წარმომადგენლები იყვნენ (სქ. 10:25, 26).
იესოსთვის პატივის მიგებაზე საუბრისას ბიბლიაში ხშირად გამოიყენება სიტყვა პროსკინეო, რომლის ძირითადი მნიშვნელობაა მდაბლად თაყვანისცემა, თუმცა ის შეიძლება თაყვანისცემადაც ითარგმნოს (მთ. 2:11; ლკ. 4:8). იესო სხვებისგან არ იღებდა თაყვანისცემას, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა (მთ. 4:10), თუმცა ნებას რთავდა მათ, რომ ღვთისგან მიცემული უფლებამოსილების აღიარების ნიშნად მდაბლად თაყვანი ეცათ მისთვის. როცა იოანეს უნდოდა, თაყვანი ეცა ანგელოზისთვის, რომლის მეშვეობითაც იესო ქრისტემ გამოცხადება გადასცა მას, ანგელოზმა უარი უთხრა და გაუმეორა პრინციპი, რომ ადამიანები მხოლოდ ღმერთს უნდა სცემდნენ თაყვანს (გმც. 19:10; იხ. მდაბლად თაყვანისცემა).
თავზე დაფარება ქალების მხრიდან პატივისცემის გამომხატველი ქმედება იყო. ამ ჩვეულებას იცავდნენ ქრისტიანულ კრებაში. მეთაურობის პრინციპზე საუბრისას პავლე მოციქულმა აღნიშნა: „ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს ... ამიტომ ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე ანგელოზებისთვის“ (1კრ. 11:3—10; იხ. მეთაურობა).
სანდლების გახდა პატივისცემისა და მოწიწების მაჩვენებელი იყო. ცეცხლმოდებულ ბუჩქთან მისულ მოსეს და ანგელოზის წინაშე მდგარ იესო ნავეს ძეს სანდლები უნდა გაეხადათ (გმ. 3:5; იეს. 5:15). ვინაიდან კარავი და ტაძარი წმინდა ადგილებად ითვლებოდა, მღვდლები, სავარაუდოდ, თავიანთი მოვალეობების შესრულებისას ფეხშიშველი იყვნენ. ამასთან, სხვისი სანდლების თასმების შეხსნა ან სანდლების ხელით ტარება ნაკლებად საპატიო საქმედ ითვლებოდა. მსახური თავმდაბლობას ამგვარად იჩენდა და ბატონის წინაშე თავის დაბალ მდგომარეობას აღიარებდა. დღესაც ახლო აღმოსავლეთში სახლში შესულებს სანდლებს ახდევინებენ, რაც ზოგჯერ მოსამსახურის მოვალეობაა (მთ. 3:11; ინ. 1:27; იხ. სანდალი).
სხვის ხელებზე წყლის დასხმა. იმის საჩვენებლად, რომ ელისე ელიას მსახური იყო, მას მოიხსენიებდნენ კაცად, „რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელზე“. როგორც წესი, მსახური თავის ბატონს ხელზე წყალს ჭამის შემდეგ უსხამდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში საჭმელს ჩვეულებრივ ხელით ჭამდნენ და არა დანა-ჩანგლით (2მფ. 3:11). მსგავსი ჩვეულება იყო სხვისი ფეხის დაბანაც, რითაც სტუმართმოყვარეობასა და პატივისცემას, ზოგ შემთხვევაში კი თავმდაბლობას იჩენდნენ (ინ. 13:5; დბ. 24:32; 43:24; 1ტმ. 5:10).
თანხმობა, თანამშრომლობა. ხელის ჩამორთმევა ან ხელზე ხელის დაკვრა თანხმობის, ხელშეკრულების დადების ან საქმიანი გარიგების დამტკიცების ნიშანი იყო (ეზრ. 10:19). ბიბლია იძლევა გაფრთხილებას, რომ ადამიანი ასეთი ქმედებით სესხის ამღებს თავდებად არ უნდა დაუდგეს (იგ. 6:1—3; 17:18; 22:26). ხელის ჩამორთმევა ან სხვისთვის ხელის გაწოდება თანამშრომლობის ნიშანიც იყო (2მფ. 10:15; გლ. 2:9).
კურთხევა. თავზე ხელის დადება; ხელების აპყრობა. ვინაიდან ებრაული სიტყვა ბარაქ მუხლის მოყრას, მუხლებზე დადგომასა და კურთხევას უკავშირდება, შესაძლებელია, რომ ადამიანი მუხლმოყრილი და თავდახრილი დგებოდა კურთხევის წარმომთქმელის წინაშე, რომელიც ხელებს ადებდა თავზე (დბ. 48:13, 14; მრ. 10:16). ადამიანთა ჯგუფის კურთხევისას კურთხევის წარმომთქმელი, ჩვეულებრივ, ხელებს აღაპყრობდა ან მათკენ იწვდიდა (ლვ. 9:22; ლკ. 24:50).
დაფიცება. ხელის აწევა; ბარძაყქვეშ ხელის ამოდება. დაფიცებისას ადამიანს, ჩვეულებრივ, მარჯვენა ხელი აწეული ჰქონდა. სიმბოლური გაგებით ღმერთმაც საკუთარ თავთან მიმართებით გამოიყენა ეს ჩვეულება (კნ. 32:40; ეს. 62:8). დანიელის ხილვაში ანგელოზმა ფიცის წარმოსათქმელად ორივე ხელი ასწია ზეცისკენ (დნ. 12:7). ზოგჯერ ადამიანი ფიცის დასამტკიცებლად თავის ხელს სხვას ბარძაყქვეშ ამოუდებდა. მსგავსად მოიქცა აბრაამის მსახური, რომელმაც დააფიცა, რომ ისაკს აბრაამის ნათესავებიდან მოუყვანდა ცოლს (დბ. 24:2, 9), აგრეთვე იოსები, რომელმაც შეჰფიცა იაკობს, რომ ეგვიპტეში არ დამარხავდა (დბ. 47:29—31). ბარძაყში იგულისხმება ფეხის ნაწილი თეძოსა და მუხლისთავს შორის. ებრაელი რაბინის, რაშბამის სიტყვების თანახმად, ფიცის დადების ზემოხსენებული ჩვეულება მიღებული იყო, როცა უფრო მაღლა მდგომი, მაგალითად ბატონი ან მამა, ფიცს ჩამოართმევდა თავისზე დაბლა მდგომს, მაგალითად მსახურს ან შვილს, რომლისგანაც მორჩილება მოითხოვებოდა. როგორც სხვა ებრაელი სწავლული, აბრაჰამ იბნ ეზრა ამბობდა, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, მსახური ფიცის დადებისას ბატონს ბარძაყქვეშ ამოუდებდა ხოლმე ხელს, ის კი მის ხელზე ჯდებოდა. ამგვარად, მსახური ბატონის უფლებამოსილებას აღიარებდა (The Soncino Chumash, ა. კოენის რედაქციით, ლონდონი, 1956, გვ. 122).
მწუხარება; სირცხვილი. თავზე მტვრის დაყრა; ტანსაცმლის შემოხევა; ჯვალოთი შემოსვა. ჩვეულებრივ, მგლოვიარეები ხმამაღლა ტიროდნენ (დბ. 50:1—3; ინ. 11:35), მწუხარებისგან თავდახრილები იყვნენ (ეს. 58:5), თავზე მტვერს იყრიდნენ (იეს. 7:6) და მიწაზე ისხდნენ (იობ. 2:13; ეს. 3:26). ხშირად ისინი მწუხარების ნიშნად ტანსაცმელს იხევდნენ (1სმ. 4:12; იობ. 2:12; იხ. ტანსაცმლის შემოხევა), ზოგჯერ კი თავზე ნაცარს იყრიდნენ (2სმ. 13:19). როცა მეფე ახაშვეროშმა იუდეველები გასანადგურებლად გადასცა მტერს, „ბევრს ჯვალო და ნაცარი ლოგინად ექცა“ (ესთ. 4:3). იეჰოვამ იერუსალიმის მკვიდრნი მოახლოებული უბედურების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, ჯვალო შემოერტყათ და ნაცარში ეგორავათ (იერ. 6:26). მიქამ კი ფილისტიმელთა ქალაქ აფრას მაცხოვრებლებს უთხრა, რომ მტვერში ეგორავათ (მქ. 1:10).
თავის გაპარსვა; თმების დაგლეჯა; მკერდში ცემა. ზოგჯერ ადამიანები თავს იპარსავდნენ (იობ. 1:20), წვერს იგლეჯდნენ (ეზრ. 9:3), თავზე იფარებდნენ (2სმ. 15:30; ესთ. 6:12), ულვაშებს იფარავდნენ (ეზკ. 24:17; მქ. 3:7) და ხელებს თავზე იწყობდნენ მწუხარების, სირცხვილის ან გაოგნების ნიშნად (2სმ. 13:19; იერ. 2:37). ზოგი მიიჩნევს, რომ თავზე ხელების დაწყობა მგლოვიარეზე ღვთის ხელის დამძიმების ნიშანი იყო. ესაია ტანშიშველი და ფეხშიშველი დადიოდა იმის ნიშნად, რომ ეგვიპტე და ეთიოპია შერცხვებოდნენ (ეს. 20:2—5). ძლიერი მწუხარების ან სინანულის დროს ადამიანები ზოგჯერ მკერდში იცემდნენ ხელს (მთ. 11:17; ლკ. 23:27); აგრეთვე თეძოზე ირტყამდნენ ხელს სინანულის, სირცხვილის, დამცირებისა თუ გლოვის ნიშნად (იერ. 31:19; ეზკ. 21:12).
განრისხება, დაცინვა, შეურაცხყოფა, წყევლა. თავის ქნევა; სილის გაწვნა. ადამიანები სიტყვებთან ერთად სხვადასხვა ჟესტითა და მოძრაობით გამოხატავდნენ ძლიერ ემოციებს, მაგალითად რისხვას, მტრულ დამოკიდებულებასა და სიძულვილს, აგრეთვე დაცინვასა და შეურაცხყოფას. ამაში შედიოდა სახის მიმიკა, თავის ან ხელის ქნევა (2მფ. 19:21; ფს. 22:7; 44:14; 109:25; სფ. 2:15), სილის გაწვნა (იობ. 16:10; მთ. 5:39; ინ. 18:22) და სხვისთვის წვერების გლეჯა (ეს. 50:6). იუდეველთა უზენაეს სასამართლოში იესოს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს, როცა აფურთხებდნენ, სილას აწნავდნენ, სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და დაცინვით ეუბნებოდნენ: „თუ წინასწარმეტყველი ხარ, ქრისტე, აბა გვითხარი, ვინ დაგარტყა?“ (მთ. 26:67, 68; მრ. 14:65). მოგვიანებით მას ჯარისკაცებიც მსგავსად მოექცნენ (მთ. 27:30; მრ. 15:19; ინ. 19:3).
სიძულვილის გამოსახატავად ზოგჯერ მტვერს ჰაერში ყრიდნენ. ამის მაგალითია შიმეი, რომელიც ქვებს ესროდა დავითს, წყევლიდა და მტვერს აყრიდა (2სმ. 16:13). როცა პავლემ იერუსალიმში საკუთარი თავის დასაცავად სიტყვით მიმართა ბრბოს, ისინი აყვირდნენ, ტანსაცმელს აქეთ-იქით ისროდნენ და მტვერს ჰაერში ყრიდნენ (სქ. 22:22, 23).
როგორც იესო ნავეს ძის 15:18-დან ჩანს, ტაშის შემოკვრით ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ ხოლმე, უფრო ხშირად კი ამით რისხვას (რც. 24:10), სიძულვილს, დაცინვას (იობ. 27:23; გდ. 2:15), მწუხარებას (ეზკ. 6:11), მტრობას, აგრეთვე მეტოქის, დაუძინებელი მტრის ან მჩაგვრელის უბედურებით გამოწვეულ სიხარულს გამოხატავდნენ. ზოგჯერ ამ დროს ფეხებსაც აბაკუნებდნენ (ეზკ. 25:6; ნამ. 3:19).
დანიშვნა. ცხება. ზოგიერთი ჟესტი აღნიშნავდა მსახურებისთვის დანიშვნას ან უფლებამოსილების მინიჭებას. სამღვდელოების დანიშვნის დროს მოსემ აარონი წმინდა საცხები ზეთით სცხო (ლვ. 8:12). ზეთით სცხებდნენ მეფეებსაც (1სმ. 16:13; 1მფ. 1:39). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წარმომადგენელს პირდაპირი გაგებით არ უცხია ზეთი თავზე სპარსეთის მეფე კიროსისთვის, ის ბიბლიაში იეჰოვას ცხებულად მოიხსენიება, რადგან ბაბილონის დამპყრობლად და ღვთის ხალხის განმათავისუფლებლად დაინიშნა (ეს. 45:1). ელისე ცხებული იყო, რადგან წინასწარმეტყველად იყო დანიშნული, თუმცა ზეთი არც მისთვის უცხიათ (1მფ. 19:16, 19). იესო მამამისმა, იეჰოვამ სცხო, ოღონდ არა ზეთით, არამედ წმინდა სულით (ეს. 61:1; ლკ. 4:18, 21). იესოს მეშვეობით ხდება მისი სულით შობილი ძმების ცხება (2კრ. 1:21; სქ. 2:33), რითაც ისინი ღვთის მსახურებად ინიშნებიან, უფლებამოსილებას იღებენ და ამ მსახურებისთვის გამოსადეგნი ხდებიან (1ინ. 2:20; 2კრ. 3:5, 6; იხ. ცხებული, ცხება).
დავალების ან პასუხისმგებლობის მიცემის ნიშნად ადამიანს ხელებს ადებდნენ. მოციქულებმა ასე დანიშნეს შვიდი კაცი იერუსალიმის კრებისთვის საკვების გამნაწილებლებად (სქ. 6:6). კრების უხუცესთა საბჭომ ტიმოთე გარკვეული მსახურების შესასრულებლად დანიშნა (1ტმ. 4:14). მოგვიანებით პავლე მოციქულმა მას სხვების დანიშვნის პასუხისმგებლობა მიანდო, რაც მხოლოდ კარგი დაფიქრების შემდეგ უნდა გაეკეთებინა (1ტმ. 5:22).
ხელის დადებას სხვა მნიშვნელობებიც ჰქონდა. მაგალითად, გამოსვლის 29:10, 15-ში მსხვერპლზე ხელის დადებით აარონმა და მისმა ვაჟებმა აღიარეს, რომ ის მათთვის იყო გაღებული. ამ ქმედებას მსგავსი დატვირთვა აქვს ლევიანების 4:15-შიც.
ხელების დადება იმის ნიშანიც იყო, რომ ვინმე კურთხევას ან ძალას მიიღებდა. მაგალითად, იესო ხელებს ადებდა მათ, ვისაც კურნავდა (ლკ. 4:40), მათზე კი, ვისაც პავლემ ხელები დაადო, წმინდა სული გადავიდა (სქ. 19:6). ეს არ ნიშნავდა, რომ წმინდა სული პავლეს ხელებში ჰქონდა. ის, როგორც ქრისტეს წარმომადგენელი, უფლებამოსილი იყო, მიენიშნებინა, ვინ შეესაბამებოდა მოთხოვნებს, რათა სულის ძღვენი მიეღო (იხ. აგრეთვე სქ. 8:14—19). კორნელიუსისა და მისი სახლეულობის შემთხვევიდან ჩანს, რომ ხელების დადება არ იყო სულის ძღვნის მიღების წინაპირობა. მოციქული პეტრე უბრალოდ მათთან იყო, როცა წმინდა სული გადავიდა მათზე და უცხო ენებზე ლაპარაკის ძღვენი მიიღეს (სქ. 10:44—46).
კეთილგანწყობა. უფლებამოსილი პირის წინაშე წარდგომა. ხელისუფლის წინაშე დგომა კეთილგანწყობისა და აღიარების მოპოვების ნიშანი იყო, რადგან ნებართვის გარეშე ვერავინ წარდგებოდა მეფის წინაშე (იგ. 22:29; ლკ. 1:19; 21:36). გამოცხადების 7:9, 15-დან ჩანს, რომ უამრავი ხალხი ტახტის წინაშე დგას, რაც მათდამი ღვთის კეთილგანწყობაზე მიუთითებს.
გამოთქმა სხვისთვის თავის აწევა ზოგჯერ გამოიყენებოდა დაწინაურების ან კეთილგანწყობის აღდგენის აღსანიშნავად (დბ. 40:13, 21; იერ. 52:31).
ძალაუფლებით ხელის ავსება. შუამავალმა მოსემ მღვდელმსახურების შესასრულებლად ძალაუფლებით აუვსო ხელი მღვდლებს, როცა სხვადასხვა შესაწირავი აარონსა და მის ვაჟებს ხელებზე დაუწყო და იეჰოვას წინაშე შეარხია. შერხევა მსახურების განუწყვეტლივ შესრულების სიმბოლო იყო (ლვ. 8:25—27).
მეგობრობა. კოცნა; ფეხების დაბანა; თავზე ზეთის ცხება. მეგობრობას კოცნით გამოხატავდნენ (დბ. 27:26; 2სმ. 19:39), ძლიერი ემოციების მოზღვავებისას კი კისერზე ეხვეოდნენ, ტიროდნენ და კოცნიდნენ (დბ. 33:4; 45:14, 15; 46:29; ლკ. 15:20; სქ. 20:37). სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად აუცილებელი იყო სამი რამის გაკეთება: მისალმებისას გადაკოცნა, ფეხების დაბანა და თავზე ზეთის ცხება (ლკ. 7:44—46).
იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მიღებული იყო სუფრასთან წამოწოლა. ამ დროს ვინმეს მკერდზე მიყრდნობა ახლო მეგობრობაზე ან კეთილგანწყობაზე მოწმობდა (ინ. 13:23, 25). ლუკას 16:22, 23-სა და იოანეს 1:18-ში სწორედ ეს ჩვეულება მოიხსენიება.
ვინმესთან ერთად პურის ჭამა მეგობრობისა და მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშანი იყო (დბ. 31:54; გმ. 2:20; 18:12). ამის შემდეგ მისთვის ზიანის მიყენება საშინელ ვერაგობად ითვლებოდა. სწორედ ეს დანაშაული ჩაიდინა გამცემმა იუდამ (ფს. 41:9; ინ. 13:18).
უდანაშაულობა და პასუხისმგებლობის მოხსნა. ხელების დაბანა. საკუთარი უდანაშაულობის ან პასუხისმგებლობის მოხსნის საჩვენებლად ადამიანი ხელებს იბანდა (კნ. 21:6). სიტყვებში „დავიბანე ხელები უდანაშაულობით“ ფსალმუნმომღერალმა საკუთარ უდანაშაულობას გაუსვა ხაზი (ფს. 73:13; იხ. აგრეთვე ფს. 26:6). პილატე შეეცადა იესოს სიკვდილის პასუხისმგებლობა მოეხსნა, ხალხის წინაშე ხელები დაიბანა და თქვა: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში. რაც გინდათ, ის გიქნიათ“ (მთ. 27:24).
ტანსაცმლის დაბერტყვა. შემდგომი პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით პავლემ ტანსაცმელი დაიბერტყა კორინთში მცხოვრები იუდეველების წინაშე, რომლებიც ქადაგების შემდეგ დაუპირისპირდნენ მას, და უთხრა: „თქვენი სისხლი თქვენზე იყოს. მე სუფთა ვარ. ამიერიდან უცხოტომელებთან წავალ“ (სქ. 18:6). უბის გადმობერტყვით ნეემიამ ცხადყო, რომ ღმერთი უარყოფდა მათ, ვინც მიცემულ სიტყვას არ შეასრულებდა (ნემ. 5:13).
ფეხებიდან მტვრის დაბერტყვაც პასუხისმგელობის მოხსნის მაჩვენებელი იყო. იესომ დაარიგა მოწაფეები, რომ ასე მოქცეულიყვნენ იქ, სადაც მათ არ მიიღებდნენ და არ მოუსმენდნენ (მთ. 10:14; ლკ. 10:10, 11; სქ. 13:51).
სიხარული. სიხარულს გამოხატავდნენ ტაშის შემოკვრით (2მფ. 11:12; ფს. 47:1) და ცეკვით, რომელსაც ხშირად მუსიკა ახლდა (მსჯ. 11:34; 2სმ. 6:14). მუშაობისას, განსაკუთრებით რთვლის დროს, სიხარულსა და მადლიერებას მხიარული შეძახილებითა და სიმღერით გამოხატავდნენ (ეს. 16:10; იერ. 48:33).
წინააღმდეგობა. მუშტის მოღერება წინააღმდეგობის მაჩვენებელი იყო (ეს. 10:32; 19:16).
თავის წამოყოფა მიუთითებდა ვინმეს წინააღმდეგ წასვლაზე, ბრძოლაზე ან ვინმეს დაჩაგვრაზე (მსჯ. 8:28; ფს. 83:2).
უფლებამოსილ პირზე ხელის აღმართვა მის წინააღმდგეგ ამბოხებას ნიშნავდა (2სმ. 18:28; 20:21).
მტვრის ალოკვა მარცხისა და განადგურების სიმბოლო იყო (ფს. 72:9; ეს. 49:23).
მტრის კისერში ხელის ჩავლება ან კისერზე ფეხის დადგმა ნიშნავდა მტრის დამარცხებას, მის უკუქცევას, დადევნებასა და დაჭერას (დბ. 49:8; იეს. 10:24; 2სმ. 22:41; ფს. 18:40).
უფლებამოსილების მიღება ან მოქმედების დაწყება. სიტყვა აღსდგა ნიშნავდა უფლებამოსილების მიღებას ან მოქმედების დაწყებას. ფრაზაში „მეფე აღსდგა“ იგულისხმება, რომ მან მიიღო სამეფო ძალაუფლება ან განსაკუთრებული სახით გამოიყენა ის (დნ. 8:22, 23; 11:2, 3, 7, 21; 12:1). იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის აღსდგა ხალხის გასასამართლებლად (ფს. 76:9; 82:8). ბიბლია სატანაზე ამბობს, რომ ის აღსდგა ისრაელის წინააღმდეგ, როცა დავითი ისრაელის აღსარიცხავად აღძრა (1მტ. 21:1).
სარტყლის შემორტყმა საქმის საკეთებლად მზადებას ნიშნავდა. ბიბლიურ დროში საქმის დაწყების, გაქცევის ან სხვა რამის კეთების წინ ადამიანი სარტყელს ირტყამდა და მოსასხამის კალთებს იკეცავდა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა (იობ. 40:7; იერ. 1:17; ლკ. 12:37; 1პტ. 1:13, კს).
სხვადასხვა. ვინმეს ფეხებთან დაწოლა. როცა რუთს უნდოდა, ბოაზისთვის შეეხსენებინა, რომ ის იყო გამომსყიდველი, ღამით მივიდა, გადახადა ფეხებთან და დაწვა. გამოღვიძებულ ბოაზს რუთმა უთხრა: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი მოსასხამის კალთა, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“. ამგვარად, მან ცხადყო, რომ მზად იყო ლევირატის წესით ქორწინებისთვის (რთ. 3:6—9).
სახის გამომეტყველება მარხვის დროს. ზოგ კონტექსტში თავის დამდაბლება მარხვაზე მიანიშნებდა და სავარაუდოდ გულისხმობდა გლოვას, ცოდვების აღიარებას, მონანიებას ან სინანულს (ლვ. 16:29, 31; 2სმ. 1:12; ფს. 35:13; იოლ. 1:13, 14). იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს თვალთმაქცები მარხვისას დაღვრემილ სახეს იღებდნენ და სახეს იღუშავდნენ თავიანთი „სიწმინდის“ საჩვენებლად. მაგრამ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მარხვისას თავზე ზეთი ეცხოთ და პირი დაებანათ, რათა სხვებს არ დაენახათ, რომ მარხულობდნენ; მათ გულებს ზეციერი მამა დაინახავდა (მთ. 6:16—18). ზოგჯერ ქრისტიანები მთლიანად სულიერზე კონცენტრირების მიზნით მარხულობდნენ (სქ. 13:2, 3; იხ. მარხვა).
მკვდრისთვის თვალების დახუჭვა. იეჰოვამ იაკობს უთხრა: „იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“ (დბ. 46:4). ეს ნიშნავდა, რომ იოსები სიკვდილის შემდეგ დაუხუჭავდა იაკობს თვალებს, რაც პირმშოს მოვალეობა იყო. როგორც ჩანს, იეჰოვას იმის თქმა უნდოდა იაკობისთვის, რომ პირმშოობის უფლებას იოსები მიიღებდა (1მტ. 5:2).
სტვენა. სტვენით ხალხი ხშირად გაკვირვებას ან გაოგნებას გამოხატავდა. ასეთი რეაქცია ჰქონდა მათ, ვინც საკუთარი თვალით ნახა იუდას შიშის მომგვრელი გაუდაბურება, მოგვიანებით კი ბაბილონის შემზარავი განადგურება (იერ. 25:9; 50:13; 51:37).
ძველად მიღებული იყო, რომ მეფეები ან დიდებულები მსახურის ან მათზე დაბლა მდგომის ხელს ეყრდნობოდნენ; ასე იქცეოდა ისრაელის მეფე იეჰორამი (2მფ. 7:2, 17). მეფე ბენ-ჰადად II თავისი მსახურის, ნაამანის ხელს ეყრდნობოდა, როცა ღვთაება რიმონის სახლში იჩოქებდა თაყვანისცემისთვის (2მფ. 5:18).
სიმბოლური გაგებით. ვინმესთვის ფეხების დაბანა. იესომ ამ აღმოსავლური ჩვეულების მიყოლით მოწაფეებს თავმდაბლობის მაგალითი მისცა და დაანახვა, რომ ერთმანეთს უნდა მომსახურებოდნენ. პეტრემ სთხოვა მას, მხოლოდ ფეხები კი არა, ხელებიცა და თავიც დაებანა მისთვის. მაგრამ იესომ მიუგო: „დაბანილს ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა“ (ინ. 13:3—10). იესომ ამით აჩვენა, რომ ბანაობის შემდეგ სახლში დაბრუნებულ ადამიანს მხოლოდ ფეხების დაბანა სჭირდებოდა, რადგან იმ დროს სანდლები ეცვათ და ფეხები ემტვერებოდათ. სისუფთავეში იესო სულიერ სიწმინდეს გულისხმობდა.
სიარული. სიარულსაც გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და გარკვეული კურსის მიყოლას ნიშნავდა. მაგალითად, ბიბლიაში ნოეზე ნათქვამია, რომ ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დბ. 6:9; 5:22). ისინი, ვინც ღმერთთან ერთად დადიოდნენ, მიჰყვებოდნენ ღვთის მიერ დადგენილ ცხოვრების წესს და მისი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. იგივე გამოთქმა გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში და გამოიყენება ცხოვრების ორი საპირისპირო კურსის აღსანიშნავად, რომელთაგან ერთს ადამიანი ღვთის მსახურად გახდომამდე მიჰყვებოდა, მეორეს კი — ღვთის მსახურად გახდომის შემდეგ (ეფ. 2:2, 10; 4:17; 5:2). მსგავსად, გარკვეული კურსის მიყოლის აღსანიშნავად იყენებდნენ სიტყვა „სირბილს“. ღმერთმა იუდას წინასწარმეტყველებზე თქვა, რომ მისგან არ იყვნენ გაგზავნილნი, მაგრამ გარბოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვითმარქვიები იყვნენ და თვითნებურად წინასწარმეტყველებდნენ (იერ. 23:21). პავლე ამბობს, რომ ქრისტიანებიც „გარბიან“. ის ქრისტიანულ ცხოვრებას რბოლას ადარებს, რომლის დროსაც ჯილდოს მისაღებად წესების დაცვაა საჭირო (1კრ. 9:24; გლ. 2:2; 5:7).