იეჰოვას მსახურებს ჭეშმარიტი იმედი აქვთ
„იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი . . . აღარ ექნება კაცის იმედი“ (მიქა 5:6).
1. რატომ არის სულიერი ისრაელი გამომაცოცხლებელი ხალხისთვის?
იეჰოვა წვიმისა და ცვრის დიდებული შემოქმედია. ამაო იქნებოდა, ცვრისა თუ წვიმისთვის იმედი ადამიანებზე დაგვემყარებინა. წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე. აღარ ექნება კაცის იმედი, და აღარ დაენდობა ადამიანებს“ (მიქა 5:6). ვინ არის დღეს „იაკობის ნატამალი“? სულიერი ისრაელები, „ღვთის ისრაელის“ დარჩენილი ნაწილი (გალატელთა 6:16). დედამიწაზე მცხოვრებ „ხალხთათვის“ ისინი გამომაცოცხლებელნი არიან, როგორც „უფლის ცვარი“ და „შხაპუნა წვიმა ბალახზე“. დიახ, ღმერთი ხალხს ცხებული ქრისტიანების მეშვეობით აკურთხებს. მისი ნებისამებრ, ისინი ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებენ და ადამიანებს ჭეშმარიტი იმედის მომცემ ცნობას გადასცემენ.
2. რატომ გვაქვს ჭეშმარიტი იმედი მიუხედავად იმისა, რომ ამ მშფოთვარე წუთისოფელში ვცხოვრობთ?
2 გასაკვირი არაა, რომ დღეს ბევრს არა აქვს ჭეშმარიტი იმედი. პოლიტიკური არასტაბილურობა, დაცემული მორალი, დამნაშავეობა, ეკონომიკური კრიზისი, ტერორიზმი, ომები — ეს ყოველივე ჩვენთვის მოულოდნელი არ არის მსოფლიოში, რომელსაც სატანა ეშმაკი განაგებს (1 იოანე 5:19, აქ). ბევრი დათრგუნულია და შიშით უყურებს მომავალს. ჩვენ კი, იეჰოვას თაყვანისმცემლებს, არ გვეშინია — ჩვენ მომავლის მტკიცე იმედი გვაქვს. ეს იმედი ჭეშმარიტია, რადგან მას საფუძვლად ღვთის სიტყვა უდევს. ჩვენ ვენდობით იეჰოვას და მის სიტყვას, რადგან რასაც იეჰოვა ამბობს, ყოველთვის მართლდება.
3. ა) რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ, ზომები მიეღო ისრაელისა და იუდას წინააღმდეგ? ბ) რატომ ეხება მიქას სიტყვები ჩვენს დროსაც?
3 მიქას წინასწარმეტყველება, რომელიც ღვთის შთაგონებით დაიწერა, იეჰოვას სახელით სიარულში გვეხმარება და ჭეშმარიტი იმედის საფუძველს გვაძლევს. ძვ. წ. VIII საუკუნეში, წინასწარმეტყველ მიქას ცხოვრების პერიოდში, ხალხი, რომელთანაც ღმერთმა შეთანხმება დადო, ორ ნაწილად — ისრაელისა და იუდას სამეფოებად — იყო გაყოფილი და ორივე უგულებელყოფდა ამ შეთანხმებას. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ორივე სამეფოში დაეცა ზნეობა, თავი იჩინა რელიგიურმა განდგომილებამ და მატერიალიზმმა. ამიტომ, იეჰოვამ გააფრთხილა ისინი, რომ მათ წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა. რა თქმა უნდა, ღვთის გაფრთხილება მიქას თანამედროვეებს ეხებოდა, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია იმდენად ჰგავს მიქას დროინდელ პერიოდს, რომ მისი სიტყვები ჩვენს დროსაც ეხება. ამას თვალნათლივ დავინახავთ მიქას წიგნის შვიდივე თავის ძირითადი აზრების განხილვისას.
რას ვიგებთ მიქას წიგნის მიმოხილვიდან
4. რა ინფორმაციას ვიღებთ მიქას 1—3 თავებიდან?
4 თავდაპირველად მოკლედ მიმოვიხილოთ მიქას წიგნი. 1-ელ თავში იეჰოვა საქვეყნოდ ამხელს ისრაელსა და იუდას. დანაშაულის გამო ისრაელი განადგურდება, იუდას სასჯელი თვით იერუსალიმის კარიბჭემდეც კი მიაღწევს. მე-2 თავი გვიჩვენებს, თუ როგორ ჩაგრავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი სუსტებსა და უმწეოებს. ამასთან, მასში ღვთის დანაპირებიც არის მოცემული. კერძოდ ის, რომ ღვთის ხალხი შეიკრიბება და გაერთიანდება. მე-3 თავში ჩაწერილი იეჰოვას განაჩენი ერის წინამძღოლებსა და ცრუწინასწარმეტყველებს ეხება. ქვეყნის მთავრები ამრუდებენ სამართალს, წინასწარმეტყველები კი სიცრუეს ლაპარაკობენ. მიუხედავად ამისა, სულიწმიდით გაძლიერებული მიქა საქვეყნოდ აცხადებს ღვთის მოახლოებულ განაჩენს.
5. რა არის ნაწინასწარმეტყველები მიქას მე-4 და მე-5 თავებში?
5 მე-4 თავში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო დღეებში ყველა ერი შეიკრიბება უფლის სახლის მთაზე, რათა განისწავლონ იეჰოვას მიერ. მანამდე იუდაელები გადასახლებულნი იქნებიან ბაბილონში, მაგრამ იეჰოვა დაიხსნის მათ. მე-5 თავი გვიმჟღავნებს, რომ მესია იუდას ბეთლემში დაიბადება; ის დამწყემსავს თავის ხალხს და მჩაგვრელი ერებისგან გამოიხსნის.
6, 7. რაზეა გამახვილებული ყურადღება მიქას წინასწარმეტყველების მე-6 და მე-7 თავებში?
6 მიქას მე-6 თავში იეჰოვა, ისე როგორც სასამართლო პროცესზე, ბრალდებებს უყენებს თავის ხალხს. ისეთი რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ხალხი მის წინააღმდეგ წასულიყო? არაფერი. მისი მოთხოვნები ხომ ყოველმხრივ გონივრულია. ის თავისი მსახურებისგან სამართლიანობას, სიკეთესა და მის წინაშე მოწიწებით სიარულს მოითხოვს. მაგრამ ისრაელი და იუდა განუდგა იეჰოვას, რის გამოც თავს უბედურება დაიტეხეს.
7 ბოლო თავში მიქა განსჯის თავის თანამედროვეთა ბოროტებას. თუმცა, ის გულს არ იტეხს. მიქას გადაწყვეტილი აქვს იეჰოვას დაელოდოს და ამბობს: „ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქა 7:7). წიგნის დასკვნით ნაწილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იეჰოვა შეიწყნარებს თავის ხალხს. ისტორია ადასტურებს, რომ ეს ასეც მოხდა. იეჰოვამ დასაჯა თავისი ხალხი, მაგრამ ძვ. წ. 537 წელს მათ მიმართ გულმოწყალება გამოავლინა და გადასახლებულთა დარჩენილი ნაწილი საკუთარ მიწა-წყალზე დააბრუნა.
8. როგორ გადმოსცემდით მოკლედ მიქას წიგნის შინაარსს?
8 რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იეჰოვა მიქას მეშვეობით! ამ ღვთივშთაგონებულ წიგნში ჩაწერილია გამაფრთხილებელი მაგალითები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა იეჰოვა მათ, ვინც აცხადებს, რომ მისი მსახურია, სინამდვილეში კი ორგულობას ავლენს. ის ჩვენი დროის მოვლენებზეც წინასწარმეტყველებს. გარდა ამისა, მასში ღვთიური რჩევადარიგებებიც არის მოცემული, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ მძიმე დროს მტკიცე იმედი შევინარჩუნოთ.
უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს
9. მიქას 1:2-ის თანახმად, რას აპირებდა იეჰოვა?
9 ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მიქას წიგნი. მიქას 1:2-ში ვკითხულობთ: „ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს მიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან“. მიქას დღეებში რომ გეცხოვრათ, უეჭველად დიდ ყურადღებას მიაქცევდით ამ სიტყვებს. მიქას სიტყვები დღესაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას, რადგან იეჰოვა წმინდა ტაძრიდან ლაპარაკობს და მისი ნათქვამი არა მხოლოდ იუდასა და ისრაელს ეხება, არამედ მთელ დედამიწაზე მცხოვრებთ. მიქას დღეებში, საკმაოდ დიდი ხანი იყო, რაც ხალხი უგულებელყოფდა იეჰოვას, როგორც უზენაეს უფალს. მაგრამ მალე ყველაფერი უნდა შეცვლილიყო; იეჰოვა გადამწყვეტი ზომების მიღებას აპირებდა.
10. რატომ არის ჩვენთვის ყურადსაღები მიქას 1:2-ის სიტყვები?
10 ანალოგიური სიტუაციაა დღესაც. გამოცხადების 14:18—20-ში ჩანს, რომ იეჰოვა კვლავ ლაპარაკობს წმინდა ტაძრიდან. მალე ის გადამწყვეტ ზომებს მიიღებს და უდიდესი მნიშვნელობის მოვლენები შიშის ზარს დასცემს კაცობრიობას. ამჯერად, ბოროტი «მიწის [„დედამიწის“, აქ] ვაზის მტევნები» იეჰოვას რისხვის დიდ საწნახელში ჩაიყრება, რათა სატანის სისტემა საბოლოოდ განადგურდეს.
11. რა იგულისხმება მიქას 1:3, 4-ში?
11 ყურადღება მიაქციეთ, კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს იეჰოვა. მიქას 1-ლი თავის მე-3 და მე-4 მუხლებში ნათქვამია: „აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი“. დატოვებს იეჰოვა თავის ზეციერ სამყოფელს და ფიზიკურად გათელავს აღთქმული მიწის გორაკებსა და ველებს? არა. ეს არ არის საჭირო. თავისი ნების განსახორციელებლად ის მხოლოდ ყურადღებას მიაპყრობს დედამიწას. უფრო მეტიც, ეს სიტყვები ფიზიკურ მიწას კი არ ეხება, არამედ მასზე დასახლებულ ადამიანებს, რომლებსაც ზემოთ აღწერილი მოვლენები დაატყდებათ თავს. როცა იეჰოვა ამოქმედდება, ორგულებს საშინელი დღე დაუდგებათ, რაც მთების ცვილივით დადნობასა და მიწისძვრის დროს ველების დასკდომას არის შედარებული.
12, 13. რა შემთხვევაში იქნება ჩვენი იმედი მტკიცე 2 პეტრეს 3:10—12-ის თანახმად?
12 მიქას 1:3, 4-ში ჩაწერილმა წინასწარმეტყველურმა სიტყვებმა შეიძლება გაგახსენოთ ღვთის მიერ შთაგონებული სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც ასევე გამანადგურებელ მოვლენებს ეხება. 2 პეტრეს 3:10-ში პეტრე მოციქულმა შემდეგი სიტყვები დაწერა: „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“. მიქას წინასწარმეტყველების მსგავსად, არც პეტრეს სიტყვები ეხება პირდაპირი გაგებით ცასა და დედამიწას. აქ ლაპარაკია დიდ გასაჭირზე, რომელიც ამ უღვთო წუთისოფელს მოელის.
13 მიუხედავად მოსალოდნელი გასაჭირისა, ქრისტიანებს შეუძლიათ მომავლის ისეთივე მტკიცე იმედი ჰქონდეთ, როგორიც მიქას ჰქონდა. როგორ? იმ რჩევის გათვალისწინებით, რომელიც ჩაწერილია პეტრეს წერილის მომდევნო მუხლებში: „როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს“! (2 პეტრე 3:11, 12). მომავალთან დაკავშირებით ჩვენი იმედი ყოველთვის მტკიცე იქნება, თუ მორჩილი გული გვექნება და ჩვენს ნებისმიერ მოქმედებაში სიწმინდე და ღვთისმოსაობა აირეკლება. გარდა ამისა, მტკიცე იმედის შესანარჩუნებლად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას დღე უეჭველად დადგება.
14. რატომ იმსახურებდნენ დასჯას ისრაელი და იუდა?
14 იეჰოვა გვიხსნის, თუ რატომ იმსახურებდა მისი ხალხი დასჯას. მიქას 1:5-ში ნათქვამია: „იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკი? იერუსალიმი ხომ არა?“. ისრაელი და იუდა თავიანთ არსებობას იეჰოვას უნდა უმადლოდნენ. ამის საპირისპიროდ, ისინი ღვთის წინააღმდეგ მიდიან და ხალხი თვით სატახტო ქალაქებში, სამარიასა და იერუსალიმშიც ეურჩება იეჰოვას.
ხალხი უმსგავსოდ იქცევა
15, 16. რა უმსგავსო ქმედებებში იყვნენ დამნაშავეები მიქას თანამედროვენი?
15 მიქას თანამედროვეთა უმსგავსო ქმედებების მაგალითები ცოცხლად არის აღწერილი მიქას 2:1, 2-ში: „ვაი მათ, ვინაც ავსა და ბოროტს განიზრახავენ სარეცელზე მწოლნი, და რა ინათებს — განთიადზე — ისრულებენ მას, რადგან ძალა აქვთ ხელში! მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები — და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს“.
16 ხარბ ადამიანებს ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, თუ როგორ მიითვისონ თავიანთი მოყვასის მინდვრები და სახლები. დილაობით კი ჩქარობენ, რომ ბოროტი ზრახვები სისრულეში მოიყვანონ. ისინი არ ჩაიდენდნენ ასეთ ბოროტებას, იეჰოვასთან დადებული შეთანხმება რომ ხსომებოდათ. მოსეს რჯული ღარიბთა მფარველობას ითვალისწინებდა. მის თანახმად, კუთვნილი მემკვიდრეობა სამუდამოდ არც ერთ ოჯახს არ უნდა დაეკარგა. მაგრამ ხარბებს ეს არც კი ადარდებდათ. ისინი უგულებელყოფდნენ ლევიანების 19:18-ში ჩაწერილ სიტყვებს: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.
17. რა შეიძლება მოხდეს, თუ ხალხი, რომელიც თავს ღვთის მსახურად აცხადებს, ცხოვრებაში პირველ ადგილზე მატერიალურს აყენებს?
17 აქედან ჩანს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთს ემსახურება, უგულებელყოფს სულიერ მიზნებს და პირველ ადგილზე მატერიალურს აყენებს. პავლე თანაქრისტიანებს აფრთხილებდა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“ (1 ტიმოთე 6:9). როდესაც ადამიანის მთავარი მიზანი გამდიდრებაა, ის ეთაყვანება ცრუ ღმერთს — მამონს ანუ სიმდიდრეს, — რომელსაც მისთვის მომავლის სარწმუნო იმედის მიცემა არ შეუძლია (მათე 6:24).
18. რა უნდა დამართოდათ მიქას თანამედროვეებს, რომლებიც გამდიდრებისკენ ისწრაფვოდნენ?
18 მიქას დღეებში ბევრი მწარე გამოცდილების ფასად მიხვდა, რომ მატერიალურ ნივთებზე დანდობა ამაოა. მიქას 2:4-ში იეჰოვა ამბობს: „იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: ‘გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის წილი სხვამ მიიკუთვნა! როგორ გამცილდა! ჩვენს დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები’“. დიახ, ის, ვინც სხვის სახლებსა და ყანებს ითვისებს, მთლიანად დაკარგავს ქონებას. ისინი უცხო მიწაზე იქნებიან გადასახლებულები და მათი საკუთრება ‘დამატყვევართ’ ანუ სხვა ერებს ჩაუვარდებათ ხელში. შედეგად, მდიდრული ცხოვრების ყოველგვარი იმედი გაქარწყლდება.
19, 20. რა ემართებათ იუდაელებს, რომლებიც იეჰოვაზე ამყარებენ იმედს?
19 მათი იმედი კი, ვინც იეჰოვაზეა დანდობილი, არ გაქრება. იეჰოვა აბრაამთან და დავითთან დადებული შეთანხმებების ერთგულია. ის გულმოწყალეა მათ მიმართ, რომელთაც მიქას მსგავსად, უყვართ ღმერთი და წუხან იმის გამო, რომ თავიანთი თანამემამულენი ჩამოშორდნენ მას. მართლების გამო ღმერთს დანიშნულ დროს თავისი ხალხის სამშობლოში დაბრუნება აქვს განზრახული.
20 ეს ხდება ძვ. წ. 537 წელს, ბაბილონის დაცემის შემდეგ, როდესაც იუდაელების დარჩენილი ნაწილი სამშობლოში ბრუნდება. იმ დროს პირველად სრულდება მიქას 2:12-ში ჩაწერილი სიტყვები. იეჰოვა ამბობს: „მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ, როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან“. რა მოსიყვარულეა იეჰოვა! თავისი ხალხის დასჯის შემდეგ დარჩენილ ნაწილს აბრუნებს, რათა ემსახურონ მას იმ მიწაზე, რომელიც მათ წინაპრებს მისცა.
საოცარი მსგავსება ჩვენს დღეებთან
21. რა მსგავსებაა ჩვენს დროსა და მიქას დღეებს შორის?
21 ახლა, როდესაც მიქას წინასწარმეტყველების 1-ლი და მე-2 თავები განვიხილეთ, განა აშკარა არაა, რომ მსგავსი რამ ჩვენს დროშიც ხდება? ისევე როგორც მიქას დღეებში, დღესაც ბევრი აცხადებს, რომ ღმერთს ემსახურება, თუმცა იუდასა და ისრაელის მსგავსად დაყოფილები არიან და ომობენ კიდეც ერთმანეთს შორის. ქრისტიანულ სამყაროში ბევრი შეძლებული ჩაგრავს უბრალო ადამიანებს. უფრო და უფრო იზრდება იმ რელიგიურ წინამძღოლთა რიცხვი, რომლებიც თვალს ხუჭავენ იმაზე, რასაც ბიბლია აშკარად გმობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანულ სამყაროს მალე ბოლო მოეღება ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, „დიდი ბაბილონის“, დანარჩენ ნაწილთან ერთად (გამოცხადება 18:1—5). ისევე როგორც მიქას დროს, იეჰოვას მაშინაც ეყოლება ერთგული მსახურები, რომლებიც გადარჩებიან.
22. რომელი ორი ჯგუფი ამყარებს იმედს ღვთის სამეფოზე?
22 ერთგული ცხებული ქრისტიანები 1919 წელს საბოლოოდ გამოეყვნენ ქრისტიანულ სამყაროს და ორგანიზება გაუწიეს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ყველა ერში ქადაგებას (მათე 24:14). თავდაპირველად ისინი სულიერი ისრაელის დარჩენილი წევრების ძებნას შეუდგნენ. შემდეგ კი დაიწყო „სხვა ცხვრების“ შეკრება და ეს ორი ჯგუფი გაერთიანდა „ერთ ფარაში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს (იოანე 10:16). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი 234 ქვეყანაში მსახურობენ, იეჰოვამ თავისი ყველა ერთგული თაყვანისმცემელი ჭეშმარიტად „ერთად“ შეკრა. ეს ფარა მართლაც რომ ‘ახმაურებულია’ მამაკაცების, ქალებისა თუ ბავშვების სიმრავლით. ღვთის მსახურები წუთისოფელზე კი არ არიან დაიმედებულნი, არამედ ღვთის სამეფოზე, რომლის ქვეშევრდომობითაც იცხოვრებენ მალე სამოთხეში დედამიწაზე.
23. რატომ ხართ დარწმუნებულნი, რომ თქვენი იმედი ჭეშმარიტია?
23 იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლების შესახებ მიქას მე-2 თავის ბოლო მუხლში ვკითხულობთ: „ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი — მათ სათავეში“. ხედავთ საკუთარ თავს ამ ტრიუმფალურ პროცესიაში, რომელსაც ჩვენი მეფე იესო ქრისტე უძღვება და რომლის სათავეშიც იეჰოვა დგას? თუ ასეა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გამარჯვება რეალურია და თქვენი იმედი სარწმუნოა. ამაში უფრო მეტად დარწმუნდებით, როდესაც მიქას წინასწარმეტყველების სხვა მნიშვნელოვან აზრებს განვიხილავთ.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ მიქას დღეებში იუდასა და ისრაელის წინააღმდეგ ზომების მიღება?
• რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხალხი, რომელიც თავს ღვთის მსახურად აცხადებს, პირველ ადგილზე მატერიალურს აყენებს?
• მიქას წინასწარმეტყველების 1-ლი და მე-2 თავების განხილვის შემდეგ, რატომ ხართ დარწმუნებულნი, რომ თქვენი იმედი ჭეშმარიტია?
[სურათი 9 გვერდზე]
მიქას წინასწარმეტყველება ჩვენთვის სულიერად განმამტკიცებელია.
[სურათები 10 გვერდზე]
როგორც იუდაელთა მცირე ნაწილი ძვ. წ. 537 წელს, სულიერი ისრაელები და მათი თანამსახურები მხარს უჭერენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.