ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 12
ხედავთ იმას, რაც ზაქარიამ ნახა?
«„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (ᲖᲐᲥ. 4:6).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 73 მოგვეცი გამბედაობა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რისი შესაძლებლობა მიეცათ ებრაელებს?
ᲔᲑᲠᲐᲔᲚᲔᲑᲡ სიხარულის ჟამი დაუდგათ. იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფე კიროსი, გაეთავისუფლებინა ისრაელები ბაბილონიდან, სადაც ათწლეულები გაატარეს. მეფემ გამოსცა ბრძანებულება, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და აღედგინათ „ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ტაძარი“ (ეზრ. 1:1, 3). ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო ებრაელებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცათ, ღვთისგან ბოძებულ მიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინათ.
2. რისი გაკეთება მოახერხეს სამშობლოში დაბრუნებულებმა?
2 ძვ. წ. 537 წელს გადასახლებულთა პირველი ნაკადი იერუსალიმში დაბრუნდა, რომელიც ერთ დროს იუდას ორტომიანი სამეფოს დედაქალაქი იყო. ისინი მალევე შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას და ძვ. წ. 536 წლისთვის უკვე საძირკველი ჩაყრილი ჰქონდათ.
3. რა წინააღმდეგობას შეხვდნენ ებრაელები?
3 ებრაელებს მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. გარშემო მცხოვრები ხალხი „გამუდმებით გულს უტეხდა იუდას მკვიდრთ და მშენებლობის ხალისს უკარგავდა“ (ეზრ. 4:4). თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. როცა ძვ. წ. 522 წელს სპარსეთის სამეფო ტახტზე მეფე არტაქსერქსეb ავიდა, მოწინააღმდეგეებმა დრო იხელთეს და „საზიანო დადგენილებებით“ ცდილობდნენ მშენებლობის შეჩერებას (ფსალმ. 94:20). მათ მეფის წინაშე ბევრ რამეში დასდეს ბრალი ებრაელებს, მათ შორის იმაში, რომ აჯანყებას გეგმავდნენ (ეზრ. 4:11—16). მეფემ დაიჯერა მათი ცრუ ბრალდებები და ტაძრის მშენებლობა აკრძალა (ეზრ. 4:17—23). ასე შეჩერდა დიდი შემართებით წამოწყებული საქმე (ეზრ. 4:24).
4. რა გააკეთა იეჰოვამ მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეებმა ტაძრის მშენებლობა აკრძალეს? (ესაია 55:11).
4 ისრაელის გარშემო მცხოვრები ხალხი და სპარსეთის სამეფო კარის ზოგი მოხელე ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ტაძრის მშენებლობა. მაგრამ იეჰოვას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე და მას ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა (წაიკითხეთ ესაიას 55:11). იეჰოვამ თავისი უშიშარი მსახური ზაქარია დანიშნა წინასწარმეტყველად და რვა ამაღელვებელი ხილვა აჩვენა თავისი ხალხის გასამხნევებლად. ეს ხილვები დაარწმუნებდა მათ, რომ არ უნდა შეშინებოდათ მოწინააღმდეგეების და უნდა გაეგრძელებინათ იეჰოვასგან დავალებული საქმის შესრულება. მეხუთე ხილვაში ზაქარიამ სალამპრე და ორი ზეთისხილის ხე იხილა.
5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
5 დროდადრო ყველანი ვხვდებით გულგატეხილობას. ამიტომ ზაქარიას მეხუთე ხილვა, რომლის მეშვეობითაც იეჰოვამ ისრაელი გაამხნევა, ჩვენც გაგვამხნევებს და ძალებს შეგვმატებს. ეს ხილვა დაგვეხმარება, ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას, როცა წინააღმდეგობას ვხვდებით, მდგომარეობა გვეცვლება ან ისეთ მითითებებს ვიღებთ, რომლებიც ბოლომდე არ გვესმის.
ᲠᲝᲪᲐ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲝᲑᲐᲡ ᲕᲮᲕᲓᲔᲑᲘᲗ
6. როგორ შემატა მხნეობა ებრაელებს ზაქარიას 4:1—3-ში ჩაწერილმა ხილვამ? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
6 წაიკითხეთ ზაქარიას 4:1—3. როგორ დაეხმარა ხილვა სალამპრესა და ორ ზეთისხილის ხეზე ებრაელებს, წინააღმდეგობის მიუხედავად გაეგრძელებინათ მშენებლობა? ალბათ შენიშნეთ, რომ სალამპრეს უწყვეტად მიეწოდებოდა ზეთი. ორი ზეთისხილის ხიდან ზეთი ჯამში იღვრებოდა, იქიდან კი შვიდ ლამპარში. ამის წყალობით ლამპრები არ ქრებოდა. ზაქარიამ ანგელოზს ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ანგელოზმა მიუგო: «„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (ზაქ. 4:4, 6). ზეთი იეჰოვას წმინდა სულს, მის უსაზღვრო ძალას, განასახიერებდა. სპარსეთის იმპერიის სამხედრო ძალა ახლოსაც ვერ მოვიდოდა იეჰოვას სულთან. იეჰოვას მხარდაჭერის წყალობით მშენებლები ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ამის გაგება უდავოდ გაამხნევებდა ისრაელებს. მათ მხოლოდ ის მოეთხოვებოდათ, რომ მინდობოდნენ იეჰოვას და გაეგრძელებინათ მშენებლობა. აკრძალვის მიუხედავად ისინი ასეც მოიქცნენ.
7. როგორ შეიცვალა მდგომარეობა?
7 მოგვიანებით ისეთი რამ მოხდა, რამაც მშენებლებს მდგომარეობა შეუმსუბუქა. ძვ. წ. 520 წელს, თავისი მეფობის მეორე წელს, სპარსეთის მეფე დარიოს I-მა აღმოაჩინა, რომ მშენებლობის აკრძალვის განკარგულება უკანონო იყო. ამიტომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცა ებრაელებს (ეზრ. 6:1—3). ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მეფემ ისრაელის გარშემო მცხოვრებ ხალხს მშენებლებისთვის ხელის შეშლა აუკრძალა. მეტიც, ისიც უბრძანა, რომ მათ მშენებლობის ხარჯები დაეფარათ და მშენებლები ყოველივე აუცილებლით მოემარაგებინათ (ეზრ. 6:7—12). შედეგად, ტაძრის მშენებლობა დაახლოებით ოთხ წელიწადში, ძვ. წ. 515 წელს, დასრულდა (ეზრ. 6:15).
8. რატომ არ უნდა შეგეშინდეთ წინააღმდეგობის?
8 დღეს ღვთის ბევრი მსახური ხვდება წინააღმდეგობას. ზოგი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული ან შეზღუდულია. ზოგჯერ ასეთ ქვეყნებში ჩვენს ძმებს აპატიმრებენ. ისინი „გამგებლებთან და მეფეებთან“ მიჰყავთ, რაც ქადაგების შესაძლებლობას აძლევთ (მათ. 10:17, 18). ზოგჯერ შეიძლება ხელისუფლების შეცვლამ შეუმსუბუქოს ჩვენს და-ძმებს მდგომარეობა, ზოგჯერ კი კეთილსინდისიერი მოსამართლის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ. ბევრი იეჰოვას მოწმე სხვაგვარ წინააღმდეგობას ხვდება. მართალია, მათ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული არ არის, მაგრამ ოჯახის წევრები უწევენ დიდ წინააღმდეგობას (მათ. 10:32—36). ხშირ შემთხვევაში, როცა ოჯახის წევრები ხვდებიან, რომ მათი მცდელობა უშედეგოა, უკან იხევენ. ის კი არადა, ზოგი მათგანი თავადაც გამხდარა იეჰოვას გულმოდგინე მსახური. როცა წინააღმდეგობას ხვდებით, გამბედაობა მოიკრიბეთ და არ დანებდეთ! იეჰოვა თავისი უსაზღვრო ძალით, წმინდა სულით, გიჭერთ მხარს. ამიტომ ნურაფერს შეუშინდებით!
ᲠᲝᲪᲐ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ ᲒᲕᲔᲪᲕᲚᲔᲑᲐ
9. რატომ მოთქვამდა ზოგი ებრაელი, როცა ტაძარს საძირკველი ეყრებოდა?
9 როდესაც ტაძარს საძირკველი ეყრებოდა, მოხუცებული ებრაელები მოთქვამდნენ (ეზრ. 3:12). რაკი მათ ნანახი ჰქონდათ სოლომონის დიდებული ტაძარი, ფიქრობდნენ, რომ ახალი ტაძარი ახლოსაც ვერ მივიდოდა სოლომონის ტაძართან (ანგ. 2:2, 3). ამის გამო მათ გული გაუტყდათ. თუმცა ზაქარიას ხილვა მათაც დაეხმარებოდა გულგატეხილობის დაძლევაში.
10. როგორ დაეხმარა ზაქარიას 4:8—10-ში ჩაწერილი ანგელოზის სიტყვები ებრაელებს გულგატეხილობის დაძლევაში?
10 წაიკითხეთ ზაქარიას 4:8—10. რას გულისხმობდა ანგელოზი, რომელმაც თქვა, რომ ისრაელები გაიხარებდნენ, როცა გამგებელ ზერუბაბელის ხელში შვეულს იხილავდნენ? შვეული არის ხელსაწყო რისამე ვერტიკალური მდგომარეობის შესამოწმებლად. ამ სიტყვებით ანგელოზმა დაარწმუნა ღვთის ხალხი, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდებოდა და ის იეჰოვას კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ტაძარი ძალიან უბრალოდ ეჩვენებოდა. თუკი იეჰოვა მოიწონებდა ახალ ტაძარს, მაშინ არც მათ უნდა დაეწუნებინათ. იეჰოვასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ახალ აშენებულ ტაძარში ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით შესრულებულიყო. თუ ებრაელები მთელ ყურადღებას იეჰოვას მოსაწონ თაყვანისცემაზე გადაიტანდნენ და შეეცდებოდნენ, არ დაეკარგათ მისი კეთილგანწყობილება, სიხარულსაც დაიბრუნებდნენ.
11. რა სირთულეს ხვდება იეჰოვას ზოგი მსახური?
11 ბევრი ჩვენგანისთვის რთულია ცვლილებებთან შეგუება. ზოგს, ვინც მრავალი წლის მანძილზე სპეციალური სრული დროით მსახური იყო, დავალება შეეცვალა. ზოგსაც ასაკის გამო მოუწია, შეეწყვიტა იმ საქმის კეთება, რომელიც ძალიან უყვარდა. როცა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები ხდება, ბუნებრივია, გული გვწყდება. თავიდან შეიძლება ბოლომდე ვერ მივხვდეთ, რატომ მიიღეს ძმებმა ეს გადაწყვეტილება და პროტესტის გრძნობაც გაგვიჩნდეს. ამ დროს ადვილია, რომ წარსულს მივტიროდეთ. შეიძლება გულიც კი გაგვიტყდეს და ვიფიქროთ, რომ დღეს იეჰოვასთვის ბევრს ვერაფერს ვაკეთებთ (იგავ. 24:10). როგორ დაგვეხმარება ზაქარიას ხილვა, კვლავაც საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის?
12. როგორ დაგვეხმარება ზაქარიას ხილვა, არ დავკარგოთ სიხარული, თუ მდგომარეობა შეგვეცვლება?
12 თუ მდგომარეობას იეჰოვას თვალით შევხედავთ, გაგვიადვილდება ცვლილებებთან შეგუება. დღეს ის დიდებულ საქმეებს ასრულებს და ჩვენ გვხვდა წილად პატივი, მისი თანამშრომელნი ვიყოთ (1 კორ. 3:9). შეიძლება ჩვენი დავალება შეიცვალოს, მაგრამ არასდროს შეიცვლება იეჰოვას დამოკიდებულება ჩვენდამი. მას ყოველთვის უწინდებურად ვეყვარებით. თუ რაიმე ცვლილება თქვენც შეგეხოთ, ზედმეტად ნუ იფიქრებთ მიზეზებზე. იეჰოვას სთხოვეთ, ცვლილების დადებითი მხარეების დანახვაში დაგეხმაროთ (ეკლ. 7:10). იმაზე კი ნუ იფიქრებთ, რისი გაკეთებაც აღარ შეგიძლიათ, არამედ იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ზაქარიას ხილვიდან ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია დადებითი განწყობა, რომ არ დავკარგოთ სიხარული და გავაგრძელოთ ერთგულად მსახურება ცვლილებების მიუხედავად.
ᲠᲝᲪᲐ ᲒᲕᲘᲭᲘᲠᲡ ᲛᲘᲗᲘᲗᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲧᲝᲚᲐ
13. რატომ ეგონა ზოგ ებრაელს, რომ ტაძრის აღდგენის გადაწყვეტილება არაგონივრული იყო?
13 აკრძალვის მიუხედავად ხალხის წინამძღოლებმა, მღვდელმთავარმა იეშუამ (იეჰოშუა) და გამგებელმა ზერუბაბელმა, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გააგრძელეს (ეზრ. 5:1, 2). შესაძლოა ზოგ ებრაელს მათი გადაწყვეტილება არაგონივრულად მიაჩნდა, რადგან ტაძრის მშენებლობა მტრებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ და უკან არაფერზე დაიხევდნენ მის შესაჩერებლად. იეჰოშუა და ზერუბაბელი ღვთის მხარდაჭერაში უნდა ყოფილიყვნენ დარწმუნებული, რაზეც იეჰოვამ იზრუნა კიდეც.
14. ზაქარიას 4:12, 14-ის თანახმად, როგორ დაარწმუნა იეჰოვამ თავის მხარდაჭერაში მღვდელმთავარი იეჰოშუა და გამგებელი ზერუბაბელი?
14 წაიკითხეთ ზაქარიას 4:12, 14. ხილვის ამ ნაწილში ანგელოზმა გაუმხილა ზაქარიას, რომ ორი ზეთისხილის ხე განასახიერებდა „ორ ცხებულს“ — იეჰოშუასა და ზერუბაბელს, რომლებიც „მთელი დედამიწის უფლის, იეჰოვას, გვერდით“ იდგნენ. მათ მართლაც საპატიო მდგომარეობა ეკავათ. იეჰოვა ენდობოდა იეჰოშუასა და ზერუბაბელს. ამიტომ არც თანამემამულეებს უნდა შეეტანათ ეჭვი მათ გადაწყვეტილებებსა და იმ მითითებებში, რომლებსაც ღმერთი მათი მეშვეობით აძლევდა.
15. რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ხელმძღვანელობას, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით გვიწევს?
15 ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა დღეს გვხელმძღვანელობს, მისი სიტყვა ბიბლიაა. ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ ხელმძღვანელობას, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით გვიწევს? ამას ვაჩვენებთ, თუ ვკითხულობთ ბიბლიას და ვფიქრობთ წაკითხულზე. დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: ბიბლიისა და პუბლიკაციების კითხვის დროს ვცდილობ, კარგად გავიაზრო წაკითხული? ვიკვლევ ძნელად გასაგებ საკითხებს? გადარბენით ხომ არ ვკითხულობ ყველაფერს? (2 პეტ. 3:16). თუ ჩავუკვირდებით იმას, რასაც იეჰოვა გვასწავლის, არ გაგვიჭირდება მისი ხელმძღვანელობის მიყოლა და ჩვენთვის დავალებული სამქადაგებლო საქმის შესრულება (1 ტიმ. 4:15, 16).
16. რა დაგვეხმარება, მაშინაც კი დავემორჩილოთ „ერთგული და გონიერი მონის“ მითითებებს, როცა ბოლომდე არ გვესმის?
16 იეჰოვა ხელმძღვანელობას „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობითაც გვიწევს (მათ. 24:45). ზოგჯერ შეიძლება „მონისგან“ მიღებული მითითებები ბოლომდე არ გვესმოდეს. მაგალითად, რატომ უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები სტიქიური უბედურებისთვის მოსამზადებლად, თუ ჩვენს ტერიტორიაზე სტიქიის ალბათობა მცირეა. ან შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს პანდემიის დროს. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვეჩვენება, რომ მიღებული მითითებები არაგონივრულია? დავფიქრდეთ, რა სასიკეთო აღმოჩნდა ისრაელებისთვის იეჰოშუასა და ზერუბაბელის მითითებებით ხელმძღვანელობა. შეგვიძლია ბიბლიაში წაკითხულ სხვა შემთხვევებზეც ვიფიქროთ. ზოგჯერ ღვთის ხალხი ისეთ მითითებებს იღებდა, რომლებიც ადამიანური გადასახედიდან არაგონივრული ჩანდა, თუმცა საბოლოოდ მათ ხსნას ემსახურებოდა (მსაჯ. 7:7; 8:10).
ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲔᲗ ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲖᲐᲥᲐᲠᲘᲐᲛ ᲜᲐᲮᲐ!
17. როგორ იმოქმედა ებრაელებზე ხილვამ სალამპრესა და ზეთისხილის ხეებზე?
17 მართალია ზაქარიას მეხუთე ხილვა მოკლე იყო, მაგრამ ებრაელებს იმაში დაეხმარა, რომ მთელი შემართებით შესდგომოდნენ საქმეს და სიხარულით გაეგრძელებინათ იეჰოვას თაყვანისცემა. ისინი ხედავდნენ, როგორ უჭერდა მათ მხარს იეჰოვა და ხელმძღვანელობდა. იეჰოვა თავისი უძლიერესი ძალით, წმინდა სულით, დაეხმარა ხალხს, გაეგრძელებინათ მშენებლობა და კვლავ განეცადათ სიხარული (ეზრ. 6:16).
18. როგორ დაგეხმარებათ ზაქარიას ხილვა?
18 თქვენ როგორ დაგეხმარებათ ზაქარიას ხილვა სალამპრესა და ორ ზეთისხილის ხეზე? ის შეგმატებთ ძალას წინააღმდეგობის ასატანად; დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ სიხარული, როცა მდგომარეობა შეგეცვლებათ და განგიმტკიცებთ ნდობას „ერთგული და გონიერი მონის“ მიმართ, რომ მაშინაც დაემორჩილოთ მის მითითებებს, როცა ბოლომდე არ გესმით. მაშ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა სირთულეებს შეხვდებით? დაინახეთ ის, რაც ზაქარიამ ნახა, ანუ ღვთის ამ ერთგული მსახურის მსგავსად დარწმუნდით, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე და მხარში უდგას. შემდეგ შესაბამისად იმოქმედეთ — მიენდეთ იეჰოვას და მთელი გულით განაგრძეთ მისი თაყვანისცემა (მათ. 22:37). თუ ასე მოიქცევით, იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ მარადიულად ემსახუროთ მას სიხარულით (კოლ. 1:10, 11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 7 იეჰოვა, ჩვენო ძალავ!
a იეჰოვამ წინასწარმეტყველ ზაქარიას არაერთი ამაღელვებელი ხილვა აჩვენა. ამ ხილვებმა ზაქარიასა და ღვთის ხალხს ძალა შემატა იმ სირთულეებთან გასამკლავებლად, რომლებსაც წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენისას შეხვდნენ. ეს ხილვები ჩვენც დაგვეხმარება, რომ სირთულეების მიუხედავად ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რისი სწავლა შეგვიძლია ზაქარიას ხილვიდან სალამპრესა და ზეთისხილის ხეებზე.
b წლების შემდეგ, გამგებელ ნეემიას დროს, სპარსეთს განაგებდა სხვა არტაქსერქსე, რომელიც კეთილგანწყობილი იყო ებრაელების მიმართ.
c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ხვდება, რომ უნდა შეეგუოს ასაკითა და სუსტი ჯანმრთელობით გამოწვეულ ცვლილებებს.
d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და აცნობიერებს, რომ იეჰოვა ისევე უჭერს მხარს „ერთგულ და გონიერ მონას“, როგორც თავის დროზე იეჰოშუასა და ზერუბაბელს.