„ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“!
„იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: . . .ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“ (ზაქარია 8:18, 19).
1, 2. ა) რას ცხადყოფს კაცობრიობის ისტორია მშვიდობასთან დაკავშირებით? ბ) რატომ ვერ იხილავს ნამდვილ მშვიდობას დღევანდელი ქვეყნიერება?
„მსოფლიოში არასდროს ყოფილა მშვიდობა. სადმე, ხოლო ხშირ შემთხვევაში ერთდროულად მრავალ კუთხეში, ყოველთვის მიმდინარეობს ომი“. ეს სიტყვები გამოთქვა მასაჩუსეტსის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორმა მილტონ მეიერმა. რამდენად დამანაღვლიანებელი გამონათქვამია კაცობრიობის შესახებ! მართალია, ადამიანებს სურთ მშვიდობა. რომის პერიოდის „Pax Romana“-დან, ანუ „რომის მშვიდობიდან“ დაწყებული, ცივი ომის განმავლობაში მიმდინარე „ორივე მხრიდან გარანტირებული განადგურების“ პოლიტიკის დრომდე პოლიტიკური მოღვაწეები ყოველგვარ ხერხს იყენებდნენ მშვიდობის შესანარჩუნებლად. მაგრამ, საბოლოოდ, ყოველმა მათმა ძალისხმევამ მარცხი განიცადა. ესაიას მიერ მრავალი საუკუნის წინ გამოთქმული სიტყვების თანახმად, ‘მშვიდობის მოციქულნი მწარედ ტირიან’ (ესაია 33:7). რატომ ხდება ეს?
2 ეს ხდება იმიტომ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა უნდა მყარდებოდეს სიძულვილისა და გაუმაძღრობისგან თავისუფალი პირობებისგან; ის ჭეშმარიტებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შეუძლებელია, რომ მშვიდობას საფუძვლად ედოს ტყუილი. ზუსტად ამიტომ, როცა ძველი დროის ისრაელს დაბრუნებასა და მშვიდობას ჰპირდებოდა, იეჰოვამ თქვა: „აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით“ (ესაია 66:12). ამ სისტემის ღმერთი, სატანა ეშმაკი, არის „კაცის მკვლელი“ და ‘სიცრუის მამა’ (იოანე 8:44; 2 კორინთელთა 4:4). როგორ შეუძლია ქვეყნიერებას ოდესმე ჰქონდეს მშვიდობა, როცა ასეთი ღმერთი ჰყავს?
3. რომელი შესანიშნავი ძღვენი უბოძა იეჰოვამ თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაჭირვებით აღსავსე ქვეყნიერებაში ცხოვრობენ?
3 მაგრამ შესანიშნავია ის, რომ იეჰოვა მაშინაც კი აძლევს მშვიდობას თავის ხალხს, როცა ისინი ომებით გაპარტახებულ სატანის ქვეყნიერებაში ცხოვრობენ (იოანე 17:16). ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში მან შეასრულა იერემიას მეშვეობით მიცემული აღთქმა და მისცა თავის განსაკუთრებულ ერს ‘მშვიდობა და ჭეშმარიტება’, როცა დააბრუნა ისინი თავიანთ სამშობლოში (იერემია 33:6, აქ). და ამ უკანასკნელ დღეებში მან მისცა თავის ხალხს ‘მშვიდობა და ჭეშმარიტება’ თავიანთ „ქვეყანაში“, ანუ დედამიწაზე სულიერ მამულში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ყველაზე უარესი გაჭირვების დროს, რომელიც კი ოდესმე უნახავს ქვეყნიერებას (ესაია 66:8; მათე 24:7–13; გამოცხადება 6:1–8). „ზაქარიას“ მერვე თავის განხილვის გაგრძელებისას ჩვენ შევიძენთ უფრო ღრმა მადლიერებას ღმერთის მოცემული მშვიდობისა და ჭეშმარიტებისთვის და გავიგებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მათში მუდმივი მონაწილეობის მისაღებად.
„გაიმაგრეთ ხელები“
4. როგორ აღძრავდა ზაქარია ისრაელებს მოქმედებისკენ, თუ სურდათ, ჰქონოდათ მშვიდობა?
4 მეექვსედ „ზაქარიას“ მერვე თავში ჩვენ ვისმენთ იეჰოვას მიერ წარმოთქმულ ასეთ ამაღელვებელ გადაწყვეტილებას: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: უფლის ტაძრის ასაშენებლად გაიმაგრეთ ხელები, ვინც ისმენდით იმ დღეებში იმ წინასწარმეტყველთა ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც იყვნენ ცაბაოთ უფლის სახლის დაფუძნების ჟამს. რადგან ამ დღეებამდე არ არსებობდა გასამრჯელო არც კაცისთვის და არც პირუტყვისთვის; არ ჰქონდა მშვიდობა მიმსვლელ-მომსვლელს მტრის შიშით და ერთი-მეორეზე მყავდა მისეული ადამიანები“ (ზაქარია 8:9, 10).
5, 6. ა) რა მდგომარეობა იყო ისრაელში ისრაელების გულაცრუებულობის გამო? ბ) რა ცვლილება აღუთქვა იეჰოვამ ისრაელებს, თუ პირველ ადგილზე დააყენებდნენ მისადმი თაყვანისმცემლობას?
5 ამ სიტყვებს ზაქარია ამბობდა იერუსალიმში ტაძრის ხელახლა აშენების დროს. მანამდე, ისრაელებს, რომლებიც ბაბილონიდან დაბრუნდნენ, გული აუცრუვდათ და შეწყვიტეს ტაძრის აშენება. რადგან თავიანთი ყურადღება საკუთარ კეთილდღეობას მიაპყრეს, მათ არ ჰქონდათ კურთხევა და მშვიდობა იეჰოვასგან. მიუხედავად იმისა, რომ მიწებს ამუშავებდნენ და ვენახებზე ზრუნავდნენ, ისინი ვერ აღწევდნენ წარმატებას (ანგია 1:3–6). გამოდიოდა, რომ ისინი ‘გასამრჯელოს’ გარეშე მუშაობდნენ.
6 ახლა, როცა ტაძრის აღდგენა მიმდინარეობდა, ზაქარია აღძრავდა იუდეველებს, ‘მაგრად’ მდგარიყვნენ, გაბედულად დაეყენებინათ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე. რა მოხდებოდა, თუ ასე მოიქცეოდნენ? „ახლა ისეთი აღარ ვარ, როგორიც იმ დღეებში, ამ ერის ნატამალისთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი. რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და ცა მოსცემს თავის ცვარს; და ამ ერის ნატამალს დავუმკვიდრებ ყველაფერს ამას. და როგორც საწყევრად იყავით ხალხებში, იუდას სახლო და ისრაელის სახლო, ასე გიხსნით და საკურთხევლად იქნებით. ნუ გეშინიათ, გაიმაგრეთ ხელი“ (ზაქარია 8:11–13). თუ ისრაელი გაბედულად იმოქმედებდა, ის მიაღწევდა წარმატებას. ადრე, როცა ერებს წყევლის მაგალითის დამოწმება სურდათ, მათ ისრაელზე შეეძლოთ მიეთითებინათ. ახლა ისრაელი კურთხევის მაგალითი იქნებოდა. რა შესანიშნავი საფუძველი იყო, ‘გაემაგრებინათ ხელები’!
7. ა) როგორი ამაღელვებელი ცვლილებები განიცადა იეჰოვას ხალხმა, რამაც 1995 სამსახურებრივ წელს მწვერვალს მიაღწია? ბ) როცა წლიურ ანგარიშს უყურებ, რომელ ქვეყნებში ხედავ მაუწყებლების, პიონერებისა და საშუალო საათების შესანიშნავ მონაცემებს?
7 როგორი ვითარებაა დღეს? ათას ცხრაას ცხრამეტ წლამდე იეჰოვას ხალხს, გარკვეულწილად, აკლდა გულმოდგინება. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ისინი სრულად არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს და ჰქონდათ მიდრეკილება, უფრო ადამიანს მიჰყოლოდნენ, ვიდრე მეფეს, იესო ქრისტეს. ამის შედეგად ორგანიზაციაში და მის გარეთ მიმდინარე წინააღმდეგობამ ზოგიერთს გული აუცრუა. შემდეგ, 1919 წელს, იეჰოვას დახმარებით მათ გაიმაგრეს ხელები (ზაქარია 4:6). იეჰოვამ მისცა მშვიდობა და მათ დიდი წარმატება ჰქონდათ. ეს ჩანს ბოლო 75 წლის ანგარიშიდან, რომელმაც 1995 სამსახურებრივ წელს თავის მწვერვალს მიაღწია. როგორც ერი, იეჰოვას მოწმეები თავს არიდებენ ნაციონალიზმს, ტომობრივ შუღლს, წინასწარაკვიატებულ ცრუ აზრებსა და სიძულვილის ყველა სხვა წყაროს (1 იოანე 3:14–18). ისინი ნამდვილი გულმოდგინებით ემსახურებიან იეჰოვას მის სულიერ ტაძარში (ებრაელთა 13:15; გამოცხადება 7:15). მხოლოდ გასული წლის განმავლობაში სხვებთან თავიანთი ზეციერი მამის შესახებ საუბარს მათ მილიარდ საათზე მეტი დაუთმეს! ყოველთვიურად ისინი ატარებდნენ ბიბლიის 4 865 060 შესწავლას. თვეში საშუალოდ 663 521 მონაწილეობდა პიონერულ მსახურებაში. როცა ქრისტიანული სამყაროს მსახურებს სურთ, მიუთითონ თაყვანისმცემლობის ნამდვილად აღტაცებით შემსრულებელ ადამიანებზე, ისინი ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებზე მიუთითებენ.
8. როგორ შეუძლია ყოველ ქრისტიანს სარგებლობა მიიღოს ‘მშვიდობის თესლიდან’?
8 მათი გულმოდგინების გამო იეჰოვა აძლევს თავის ხალხს ‘მშვიდობის თესლს’. ყოველი პიროვნება, რომელიც ამ თესლს განავითარებს, იხილავს მშვიდობას, რომელიც გაიზრდება მის გულსა და ცხოვრებაში. ყოველი მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც იეჰოვასა და თანაქრისტიანებთან მშვიდობისკენ ისწრაფის, მონაწილეობს იეჰოვას სახელით წოდებული ხალხის ჭეშმარიტებასა და მშვიდობაში (1 პეტრე 3:11; შეადარე იაკობი 3:18, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ნუთუ ეს აღმაფრთოვანებელი არ არის?
„ნუ გეშინიათ“
9. როგორი ცვლილება აღუთქვა იეჰოვამ თავის ხალხთან დამოკიდებულებაში?
9 ახლა ჩვენ ვკითხულობთ იეჰოვას მეშვიდე გადაწყვეტილებას. რის შესახებ არის ის? „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: როგორც ბოროტის ქმნა განვიზრახე თქვენთვის, როცა გამარისხა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და არ შევინანე, კვლავ განვიზრახავ ამ ხანებში სიკეთის ქმნას იერუსალიმისთვის და იუდას სახლისთვის; ნუ გეშინიათ!“ (ზაქარია 8:14, 15).
10. რომელი მონაცემები ცხადყოფენ იეჰოვას მოწმეების შესახებ, რომ მათ არ ეშინიათ?
10 თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ხალხი სულიერი გაგებით მიმოფანტული იყო, გულში მათ სურდათ გაეკეთებინათ ის, რაც სწორი იყო. ამიტომ დასჯის შემდეგ იეჰოვამ შეცვალა მათთან დამოკიდებულება (მალაქია 3:2–4). დღეს, როცა წარსულში ვიხედებით, ჩვენ მხურვალე მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა. მართალია, ჩვენ ‘ვძულვართ ყველა ერს’ (მათე 24:9). რწმენის გამო მრავალი დაპატიმრებულია, ხოლო ზოგიერთი სიკვდილსაც კი შეხვდა. ჩვენ ხშირად ვხვდებით გულგრილობასა და მტრობას. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ ხილულ თუ უხილავ წინააღმდეგობაზე უფრო ძლიერი არის იეჰოვა (ესაია 40:15; ეფესელთა 6:10–13). ჩვენ მუდამ გავითვალისწინებთ: „მიენდე უფალს [იეჰოვას, აქ], გამხნევდი და გაამაგრე შენი გული“ (ფსალმუნი 26:14).
„ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“
11, 12. რა უნდა გვახსოვდეს თითოეულს, თუ გვსურს სრულად ვისარგებლოთ კურთხევებით, რომლებითაც იეჰოვა თავის ხალხს აკურთხებს?
11 იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებით სრულად რომ ვისარგებლოთ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს. ზაქარია ამბობს: „აი, რა უნდა შეასრულოთ: ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, ჭეშმარიტება და სამშვიდობო სამართალი გააჩინეთ თქვენს კარიბჭეებთან, ავი არ იზრახოთ ერთმანეთზე თქვენს გულში და ნუ გიყვართ ცრუ ფიცილი, რადგან მძულს ეს ყველაფერი, ამბობს უფალი“ (ზაქარია 8:16, 17).
12 იეჰოვა დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება (ეფესელთა 4:15, 25). ის არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ბოროტს იზრახავს, საკუთარი გამორჩენისთვის ჭეშმარიტებას მალავს ან ცრუდ იფიცება (იგავნი 28:9). იეჰოვას, რომელსაც სძულს განდგომილება, სურს, რომ მივეკრათ ბიბლიის ჭეშმარიტებას (ფსალმუნი 24:5; 2 იოანე 9–11). გარდა ამისა, ისრაელის ქალაქებში კარიბჭეებთან მსხდომი უფროსი მამაკაცების მსგავსად, უხუცესები, რომლებიც სასამართლო საქმეებს არჩევენ, თავიანთ რჩევებსა და გადაწყვეტილებებს ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე უნდა აფუძნებდნენ და არა საკუთარ აზრებზე (იოანე 17:17). იეჰოვას სურს, რომ ისინი ეძებდნენ ‘სამშვიდობო სამართალს’ და როგორც ქრისტიანი მწყემსები ცდილობდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მშვიდობის აღდგენასა და მომნანიებელი ცოდვილებისთვის ღმერთთან მშვიდობის ხელახლა შეძენაში დახმარების გაწევას (იაკობი 5:14, 15; იუდა 23). ამავე დროს, ისინი იცავენ მშვიდობას კრებაში და გაბედულად რიცხავენ მათ, ვინც მცდარი მოქმედებების განზრახ გაგრძელებით ხელს უშლის ამ მშვიდობას (1 კორინთელთა 6:9, 10).
‘ლხენა და სიხარული’
13. ა) მარხვასთან დაკავშირებული რომელი ცვლილების შესახებ წინასწარმეტყველებდა ზაქარია? ბ) რომელ მარხვას იცავდნენ ისრაელში?
13 ახლა ჩვენ ვისმენთ მერვე საზეიმო გადაწყვეტილებას: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მეოთხე თვის მარხვა, მეხუთე თვის მარხვა, მეშვიდე თვის მარხვა და მეათე თვის მარხვა იყოს იუდას სახლისთვის შვებად [ლხენად, აქ] და სიხარულად, და კეთილ დღესასწაულებად; ოღონდ ჭეშმარიტება და მშვიდობა გიყვარდეთ“ (ზაქარია 8:19). მოსეს რჯულით ისრაელები მარხულობდნენ მიტევების დღის განმავლობაში, რათა გამოევლინათ სინანული ჩადენილი ცოდვებისთვის (ლევიანნი 16:29–31). ზაქარიას მიერ მოხსენიებულ ოთხ მარხვას, როგორც ჩანს, იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებასთან დაკავშირებული დატირების შემთხვევებში იცავდნენ (მეოთხე მეფეთა 25:1–4, აქ, 8, 9, 22–26). მაგრამ ახლა ისინი ტაძარში აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ და კვლავ იერუსალიმში სახლდებოდნენ. ტირილი სიხარულმა შეცვალა და მარხვები დღესასწაულებად იქცნენ.
14, 15. ა) რატომ იყო გახსენების საღამოს ზეიმი სიხარულის დიდებული მიზეზი და რა უნდა შეგვახსენოს ყოველივე ამან? ბ) როგორც წლიური ანგარიშიდან ჩანს, რომელ ქვეყნებში იყო გახსენების საღამოზე დამსწრეთა განსაკუთრებული რიცხვი?
14 დღეს ჩვენ არ ვიცავთ ზაქარიას მიერ მოხსენიებულ მარხვებს ან რჯულში მითითებულ მარხვას. რადგან იესომ თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად, ჩვენ უფრო დიდებული მიტევების დღის კურთხევებით ვსარგებლობთ. ჩვენი ცოდვების შეწყალება ხდება არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ სრულიად (ებრაელთა 9:6–14). რადგან მივყვებით ზეციერი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს ბრძანებას, ჩვენ აღვნიშნავთ მისი სიკვდილის გახსენებას, როგორც ერთადერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს ქრისტიანული კალენდრის მიხედვით (ლუკა 22:19, 20). ნუთუ არ განვიცდით ‘ლხენასა და სიხარულს’, როცა ყოველწლიურად ვიკრიბებით ამ დღესასწაულის აღსანიშნავად?
15 გასულ წელს გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბა 13 147 201 პიროვნება, რაც 858 284-ით აღემატებოდა 1994 წელს დამსწრეებს. რაოდენ დიდი რიცხვია! წარმოიდგინე 78 620 კრებაში იეჰოვას მოწმეების სიხარული, როცა მათ „სამეფო დარბაზებში“ ამ დღესასწაულისთვის არაჩვეულებრივად დიდმა რიცხვმა მოიყარა თავი. უეჭველია, ყველა დამსწრე აღიძრა ‘ჭეშმარიტებისა და მშვიდობის სიყვარულისკენ’, როცა გაიხსენეს იმ პიროვნების სიკვდილი, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ და რომელიც ახლა მმართველობს, როგორც იეჰოვას ‘მშვიდობის დიდებული მთავარი’! (იოანე 14:6; ესაია 9:5). ამ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც აღნიშნავს მას შფოთითა და ომით დატანჯულ ქვეყნებში. ჩვენი ძმებიდან ზოგიერთმა პირადად იხილა 1995 წლის განმავლობაში მომხდარი, ენით გამოუთქმელი საშინელი შემთხვევები. მაგრამ ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, იფარავს მათ გულებს და მათ ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:7).
‘მოდი, თავი შევაბრალოთ იეჰოვას’
16, 17. როგორ შეუძლიათ ხალხებს ‘თავი შეაბრალონ იეჰოვას’?
16 მაგრამ საიდან მოვიდა ეს მილიონობით ადამიანი, რომელიც გახსენების საღამოს ესწრებოდა? იეჰოვას მეცხრე გამონათქვამი განმარტავს: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ის მოხდება, რომ მოვლენ ხალხები და უამრავ ქალაქთა მცხოვრებნი. ერთი ქალაქის მცხოვრებნი მეორეში წავლენ, იტყვიან: წამო, წავიდეთ სამხვეწროდ უფლის წინაშე [თავის შესაბრალებლად, აქ] და ცაბაოთ უფლის საძიებლადო. მაშინ მეც წავალ. მოვლენ მრავალრიცხოვანი ხალხები და ძლიერი ერები ცაბაოთ უფლის საძიებლად იერუსალიმში და სამხვეწრად [თავის შესაბრალებლად, აქ] უფლის წინაშე“ (ზაქარია 8:20–22).
17 ადამიანებს, რომლებიც გახსენების საღამოს ესწრებოდნენ, სურდათ ‘ეძიათ ცაბაოთ უფალი’. მრავალი მათგანი, მისადმი მიძღვნილი მონათლული მსახური იყო. დამსწრეთაგან მილიონებს ჯერ არ ჰქონდათ გადადგმული ეს ნაბიჯი. ზოგიერთ ქვეყანაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი ოთხ-ხუთჯერ აღემატებოდა სამეფოს მაუწყებელთა რიცხვს. წინსვლის გასაგრძელებლად ამ მრავალ დაინტერესებულ პიროვნებას დახმარება სჭირდება. მოდი, ვასწავლოთ, იხარონ იმის შემეცნებით, რომ იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის და ახლა ღმერთის სამეფოში მმართველობს (1 კორინთელთა 5:7, 8; გამოცხადება 11:15). და მოდი, გავამხნეოთ ისინი, თავი მიუძღვნან იეჰოვა ღმერთს და დაემორჩილონ მის მიერ დანიშნულ მეფეს. ასე მოქმედებით ისინი ‘თავს შეაბრალებენ იეჰოვას’ (ფსალმუნი 115:9, 10; ფილიპელთა 2:12, 13).
„ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან“
18, 19. ა) ზაქარიას 8:23-ის განხორციელების თანახმად, ვინ არის დღეს ‘იუდაელი’? ბ) ვინ არიან დღეს მცხოვრები „ათი კაცი“, რომლებიც ‘იუდაელის კალთებს ეჭიდებიან’?
18 „ზაქარიას“ მერვე თავში საბოლოოდ ჩვენ ვკითხულობთ: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი“. რას აცხადებს იეჰოვა საბოლოოდ? „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ზაქარიას დღეებში ხორციელი ისრაელი იყო ღმერთის რჩეული ერი. მაგრამ პირველ საუკუნეში ისრაელმა უარყო იეჰოვას მესია. ამიტომ, თავის განსაკუთრებულ ერად ჩვენმა ღმერთმა ამოირჩია ‘იუდაელი’ — ახალი ისრაელი — სულიერი იუდეველებისგან შემდგარი ‘ღვთის ისრაელი’ (გალატელთა 6:16; იოანე 1:11; რომაელთა 2:28, 29). მათი საბოლოო რიცხვი უნდა ყოფილიყო 144 000, რომლებიც ამორჩეული იქნებოდნენ კაცობრიობიდან, რათა იესოსთან ერთად ემმართველათ მის ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 14:1, 4, აფ).
19 ამ 144 000-გან უმრავლესობა, რომლებიც ბოლომდე ერთგულები დარჩნენ, უკვე გარდაიცვალნენ და მიიღეს ზეციერი ჯილდო (1 კორინთელთა 15:51, 52; გამოცხადება 6:9–11). დედამიწაზე ძალიან მცირე რიცხვი დარჩა და მათ უხარიათ იმის ხილვა, რომ „ათი კაცი“, რომელმაც ‘იუდაელთან’ ერთად არჩია წასვლა, სინამდვილეში, არის „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9; ესაია 2:2, 3; 60:4–10, 22).
20, 21. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მშვიდობა იეჰოვასთან იმ დროს, როცა ახლოვდება ამ ქვეყნიერების აღსასრული?
20 იმ დროს, როცა ამ ქვეყნიერების აღსასრული შეუჩერებლივ ახლოვდება, ქრისტიანული სამყარო ჰგავს იერემიას დღეებში არსებულ იერუსალიმს: „მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა — საშინელება!“ (იერემია 14:19). ეს საშინელება თავის მწვერვალს მიაღწევს, როცა ერები თავს დაესხმიან ცრუ რელიგიას და ძალადობით მოუღებენ ბოლოს მას. ამის შემდეგ მოკლე ხანში თვით ერები იქნებიან განადგურებული ღმერთის დასკვნით ომში, არმაგედონში (მათე 24:29, 30; გამოცხადება 16:14, 16; 17:16–18; 19:11–21). რამდენად დიდი შფოთის დრო იქნება ეს!
21 ყოველივე ამის დროს იეჰოვა დაიცავს მათ, ვისაც უყვარს ჭეშმარიტება და ავითარებს ‘მშვიდობის თესლს’ (ზაქარია 8:12; სოფონია 2:3). მაშ, მოდი, დავრჩეთ უსაფრთხოებაში, რომელიც მისი ხალხის ქვეყანაში მკვიდრობს, გულმოდგინედ განვადიდოთ ის სახალხოდ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ‘თავი შეაბრალონ იეჰოვას’. თუ ასე მოვიქცევით, მუდამ დავტკბებით იეჰოვას მშვიდობით. დიახ, „უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით“ (ფსალმუნი 28:11).
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ როგორ ‘გაიმაგრა ხელები’ ღმერთის ხალხმა ზაქარიას დღეებში? დღეს?
◻ როგორ ვრეაგირებთ დევნაზე, გულგრილობასა და მტრობაზე?
◻ რას ნიშნავს ‘ჭეშმარიტება ველაპარაკოთ ერთმანეთს’?
◻ როგორ შეუძლია პიროვნებას ‘თავი შეაბრალოს იეჰოვას’?
◻ სიხარულის რომელი დიდებული მიზეზი ჩანს ზაქარიას 8:23-ის განხორციელებაში?
[სურათი 31-ე გვერდზე]
გასულ წელს ღმერთის სამეფოს შესახებ სხვებთან საუბარს იეჰოვას მოწმეებმა დაუთმეს 1 150 353 444 საათი.