თავი მეთოთხმეტე
„უხვი კურთხევა“
1, 2. ა) რა არჩევანი მოგვიტანს კურთხევებს? ბ) რომელი წინასწარმეტყველების შესრულებაზეა დამოკიდებული კურთხევების მიღება?
ჩვენ ვცხოვრობთ გასამართლებისა და კურთხევების, რელიგიის დაკნინებისა და სულიერი განახლების დროს. უეჭველია, თქვენც გსურთ მიიღოთ კურთხევები და გაიხაროთ სულიერი განახლებით ახლაც და მომავალშიც. მაგრამ ნამდვილად მოგიტანთ სულიერი განახლება კურთხევებს? ამ კითხვაზე პასუხი დაკავშირებულია წინასწარმეტყველებასთან, რომლის საბოლოო შესრულება დაიწყო 1914 წლიდან, „ბოლო დღეების“ დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ (2 ტიმოთე 3:1). მალაქიამ იწინასწარმეტყველა: „მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი [იეჰოვა], რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. აი, უეჭველად მოვა ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ (მალაქია 3:1).
2 ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება თორმეტიდან ბოლო წინასწარმეტყველურ წიგნშია ჩაწერილი. ამ წიგნების განხილვის ბოლოს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის, რაც მალაქიამ დაწერა. მისი წიგნიდან გავიგებთ, რა არის აუცილებელი იეჰოვას სხვა მსახურებთან ერთად „უხვი კურთხევის“ მისაღებად (მალაქია 3:10). მოდი, უფრო გულდასმით განვიხილოთ მალაქიას წიგნის მე-3 თავი.
სულიერი განწმენდის დრო
3. რატომ ამოირჩია ღმერთმა თავისი ხალხის ნაცვლად „ღვთის ისრაელი“?
3 მალაქიას დროიდან დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ იეჰოვა, რომელსაც დედამიწაზე წარმოადგენდა ქრისტე (აბრაამთან დადებული „შეთანხმების მაცნე“, ღვთისგან მოვლენილი), მოვიდა იერუსალიმის ტაძარში იმ ხალხის განსასჯელად, რომელთანაც ღმერთმა შეთანხმება დადო. როგორც ერმა, ისრაელმა, არ დაიმსახურა იეჰოვას კეთილგანწობა და ამიტომაც უარყო იეჰოვამ ეს ერი (მათე 23:37, 38). ამას ამტკიცებს ის, რაც ახ. წ. 70 წელს მოხდა. მათ ნაცვლად ღმერთმა სხვადასხვა ერიდან ამოირჩია 144 000 ადამიანი. ისინი არიან „ღვთის ისრაელი“, ანუ სულიერი ერი (გალატელები 6:16; რომაელები 3:25, 26). მაგრამ ეს მალაქიას წინასწარმეტყველების საბოლოო შესრულება არ ყოფილა. მისი სიტყვები დღევანდელობასაც ეხება და სწორედ „უხვი კურთხევის“ მიღებას უკავშირდება.
4. რა კითხვა მოითხოვდა პასუხს 1914 წელს იესოს გამეფების შემდეგ?
4 ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება ადასტურებს, რომ 1914 წელს იესო ქრისტე გამეფდა იეჰოვას ზეციერ სამეფოში. ამის შემდეგ დადგა დრო, როცა იესოს უნდა განესაზღვრა, ქრისტიანთა რომელი ჯგუფი იმსახურებდა ღვთის მოწონებას. ვინ გაუძლებდა სულიერ განწმენდას? ამაზე მალაქია წერს: „ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივით იქნება ის“ (მალაქია 3:2). როდის და როგორ მოვიდა იეჰოვა თავის ტაძარში ხალხის განსასჯელად?
5, 6. ა) როდის მოვიდა იეჰოვა თავისი სულიერი ტაძრის შესამოწმებლად და რა მდგომარეობაში დახვდა მათი უმრავლესობა, ვინც თავს ღვთის თაყვანისმცემლად აცხადებდა? ბ) რა სჭირდებოდათ ღვთის სულითცხებულ მსახურებს?
5 ცხადია, ღმერთი არ მოსულა ფიზიკურ, ქვით ნაშენ ტაძარში, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი უკანასკნელი ტაძარი ახ. წ. 70 წელს განადგურდა. იეჰოვა მოვიდა სულიერ ტაძარში, რისი საშუალებითაც შეგვიძლია დავუახლოვდეთ და თაყვანი ვცეთ ღმერთს იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე (ებრაელები 9:2—10, 23—28). ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები არ წარმოადგენდა სულიერ ტაძარს, რადგან სისხლისღვრითა და სულიერი მეძაობით წაბილწული რელიგიური სისტემის ნაწილი იყო და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაცვლად ცრუ სწავლებებს უჭერდა მხარს. იეჰოვამ „იჩქარა, რომ დაემოწმებინა“ მათ წინააღმდეგ. მისი განაჩენი უეჭველად სამართლიანი იყო (მალაქია 3:5). ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ ღვთის სულიერი ტაძრის ეზოებში მსახურობდა ჭეშმარიტ ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც ღვთის ერთგულებას სასტიკი გამოცდების დროს ამტკიცებდა. მიუხედავად ამისა, ცხებულებსაც ესაჭიროებოდათ განწმენდა. ამ განწმენდაზე თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნი ადრევე მიუთითებდა, რადგან მათში მოცემული იყო გამამხნევებელი დაპირებები ღვთის მსახურთა სულიერ თუ ფიზიკურ განახლებაზე. მალაქიამ იწინასწარმეტყველა ხალხზე, რომელსაც იეჰოვა „ოქრო-ვერცხლივით განწმენდდა“ და ისინი „იქცეოდნენ ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანდა იეჰოვას საძღვნო შესაწირავს“ (მალაქია 3:3).
6 არსებობს იმის მტკიცე საფუძველი, რომ 1918 წლიდან იეჰოვამ განწმინდა ცხებული ქრისტიანები — მათი თაყვანისცემა, სწავლებები და მოქმედებებიa. ამან სასიკეთოდ იმოქმედა ცხებულებსა და „უამრავ ხალხზე“, რომლებიც მოგვიანებით შეურთდნენ მათ (გამოცხადება 7:9). ისინი ერთ ჯგუფად არიან გაერთიანებული და „სიმართლით მიაქვთ საძღვნო შესაწირავი“, რაც „სასიამოვნოა იეჰოვასთვის“ (მალაქია 3:3, 4).
7. რაზე უნდა დავფიქრდეთ, როცა საქმე ღმერთთან პირადად ჩვენს ურთიერთობას ეხება?
7 ეს ყველაფერი ღვთის ხალხზე სრულდება, მაგრამ როგორ გვეხება ეს თითოეულ ჩვენგანს? დავფიქრდეთ: ხომ არა გვმართებს აზროვნებისა და საქმეების კიდევ უფრო დახვეწა? ცხებულების მსგავსად, რომლებიც იეჰოვამ განწმინდა, ჩვენც ხომ არ გვჭირდება განწმენდა? როგორც უკვე განვიხილეთ, თორმეტი წინასწარმეტყველი საუბრობდა როგორც უარყოფით, ისე დადებით აზროვნებასა და საქმეებზე. ამის წყალობით უკეთ გაიგეთ, „რას ითხოვს იეჰოვა თქვენგან“ (მიქა 6:8). ეს პირდაპირი მიმართვაა, რამაც თითოეული უნდა დაგვაფიქროს: კიდევ რაში გვჭირდება განწმენდა ან გამოსწორება?
„გამომცადეთ“
8. რისკენ მოუწოდებს იეჰოვა თავის ხალხს?
8 ახლა განვიხილოთ, რას ამბობს იეჰოვა მალაქიას 3:10-ში. აქ ასეთ გულთბილ მოწოდებას ვხვდებით: „მოიტანეთ მთელი მეათედი საცავში, რომ იყოს საკვები ჩემს სახლში და გამომცადეთ ამაში, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“. თუმცა ეს მოწოდება ღვთის ხალხისადმია მიმართული, თუ გიფიქრიათ, რომ ეს პირადად თქვენც გეხებათ?
9. რა სახით მიგვაქვს მსხვერპლი და მეათედი იეჰოვასთვის?
9 როგორ მივუტანოთ იეჰოვას მეათედი? მართალია, ჩვენ აღარ მოგვეთხოვება პირდაპირი გაგებით მსხვერპლისა და მეათედის მიტანა, როგორც ეს კანონით მოითხოვებოდა, მაგრამ ღმერთი ჩვენგან სულიერ მსხვერპლს ელის. როგორც წინა თავშიც განვიხილეთ, პავლემ ჩვენი დამოწმების საქმე მსხვერპლს შეადარა (ოსია 14:2). მოციქულმა კიდევ ერთი სახის მსხვერპლი მოიხსენია: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:15, 16). ნათელია, რომ მალაქიას 3:10-ში მოხსენიებულ მეათედში სულიერი და მატერიალური მსხვერპლი იგულისხმება. თქვენ, მონათლული ქრისტიანი, სრულად ხართ მიძღვნილი იეჰოვასთვის, და თქვენი მეათედი არის ის, რისი მიტანაც პირადად თქვენ შეგიძლიათ მისთვის ან რისი გამოყენებაც შეგიძლიათ ღვთისმსახურებაში, ანუ დროის, ენერგიის, ქონებისა და ფულადი შესაწირავის.
10. რა გაგებით შეგვიძლია, გამოვცადოთ იეჰოვა?
10 იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სიყვარულითა და ერთგულებით ვწირავდეთ ასეთ სიმბოლურ მეათედს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დრო არ ითმენს. გვესმის, რომ იეჰოვას დიდი და „შიშის მომგვრელი“ დღე სწრაფად გვიახლოვდება (იოელი 2:1, 2, 11). ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია. თითოეულს შეუძლია გამოეხმაუროს ღვთის მოწოდებას. იეჰოვა გვთხოვს: „გამომცადეთ“. რა თქმა უნდა, ადამიანმა არ უნდა გაბედოს იეჰოვას გამოცდა, რომ გაიგოს, სანდოა ღმერთი თუ არა (ებრაელები 3:8—10). მაშ როგორ შეგვიძლია, გამოვცადოთ იეჰოვა? როცა კურთხევების აღმთქმელ ღმერთს ვემორჩილებით, ჩვენ ვცდით მას, თითქოსდა ვეკითხებით: „მაკურთხებ“? იეჰოვა კი თავს ივალდებულებს და ასრულებს დანაპირებს. ამგვარად, ღმერთი გვაძლევს საშუალებას, გამოვცადოთ იგი და დავრწმუნდეთ, რომ ის უხვად გვაკურთხებს.
11, 12. რითი აკურთხებს იეჰოვა თავის ხალხს თქვენს თვალწინ?
11 აშკარაა, რომ იეჰოვას ხალხი გულუხვად სწირავს მას ფიზიკურ თუ სულიერ მსხვერპლს. იეჰოვაც არ აკლებს მათ „უხვ კურთხევას“. ღვთის ხალხის კურთხევა ცხადყო იმ სწრაფმა რიცხობრივმა ზრდამ, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე განიცადეს. ისიც აშკარაა, რომ „ღვთის სიღრმეების“ ცოდნა საგრძნობლად გაიზარდა (1 კორინთელები 2:10; იგავები 4:18). ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. პირადად ჩვენ როგორ შეგვეხო ეს?
12 ერთ დროს, ალბათ, რომელიმე რელიგიის მიმდევრები ვიყავით, ან ახალი დაწყებული გვქონდა იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე დასწრება. რამდენად ღრმად გვესმოდა მაშინ ბიბლიური ჭეშმარიტება? რაც მაშინ ვიცოდით შევადაროთ იმას, რაც ახლა ვიცით და რისი ახსნაც ბიბლიით შეგვიძლია. ასევე დავფიქრდეთ, როგორ გვესმის ღრმა საკითხები, მაგალითად, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც დღეს სრულდება; რამდენად უკეთესად ვიყენებთ ბიბლიურ რჩევებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს ყოველივე დიდ წინსვლაზე მეტყველებს. შეგვიძლია დავეთანხმოთ მოციქულ პეტრეს სიტყვებს: „წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახდა“ (2 პეტრე 1:19). ეს გვარწმუნებს, რომ „იეჰოვას მიერ განვისწავლეთ“ და იმ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის ვართ, რომელთაც სურთ, მარადიულად ემსახურონ იეჰოვას (ესაია 54:13). შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა არ გვაკლებს კურთხევებს.
თქვენი სახელი სიცოცხლის წიგნში
13. როგორ იწერება ჩვენი სახელი ღვთის სამახსოვრო წიგნში?
13 იეჰოვასგან მიღებულ სხვა კურთხევებზე მალაქიას 3:16-შია საუბარი: „იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი, თითოეული თავის მოძმეს, და ყურს უგდებდა იეჰოვა და უსმენდა. სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს“. როგორც სულითცხებულები, აგრეთვე უამრავი ხალხი ასეთ მოკრძალებულ შიშს ავლენენ იეჰოვასადმი. უეჭველია, ვაფასებთ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და იმ ბედნიერ ხალხს შორის ვართ, რომელიც ფიქრობს იეჰოვას სახელზე და განადიდებს მას მთელ დედამიწაზე. გვახარებს ის, რომ იეჰოვას ახსოვს ჩვენი ერთგულება (ებრაელები 6:10).
14. როგორ გვეხმარება თორმეტი წინასწარმეტყველი იეჰოვასთვის საძულველი აზროვნებისა და საქმეების დანახვაში?
14 რისი გაკეთება გვმართებს, რომ ჩვენი სახელიც ჩაიწეროს ღვთის „სამახსოვრო წიგნში“, რომელიც დღემდე იწერება იეჰოვას წინაშე? გავიხსენოთ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში მოცემული ზოგიერთი ბრძნული რჩევა. ჩვენ განვიხილეთ, როგორი საქციელი, თვისებები და აზროვნება არ მოსწონს იეჰოვას. მაგალითად, წინასწარმეტყველები გვაფრთხილებენ, რომ ბოროტება და „გარყვნილების სული“ ღვთის სამართლიან ნორმებს ეწინააღმდეგება და დამღუპველია (ოსია 4:12; 6:9); იეჰოვას სძულს ისინი, ვინც ვერაგულად ექცევიან მეუღლეებს ან ოჯახის სხვა წევრებს (მალაქია 2:15, 16); წინასწარმეტყველები იეჰოვას შთაგონებით წერდნენ, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფორმა (ამოსი 3:10); მათი მეშვეობით იეჰოვამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქმიან ურთიერთობებში აუცილებელია სამართლიანობა და პატიოსნება (ამოსი 5:24; მალაქია 3:5); თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში აღნიშნულია, რამდენად მნიშვნელოვანია, პასუხისმგებელმა ძმებმა ყველაფერი მიუკერძოებლად და უანგაროდ განსაჯონ (მიქა 7:3, 4).
15. რით არის თქვენთვის სასარგებლო თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში მოცემული რჩევების გათვალისწინება?
15 წინასწარმეტყველებს მხოლოდ იმაზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება, თუ რას უნდა მოვერიდოთ, ისინი იმაზეც საუბრობდნენ, რა სასიკეთო შედეგებს მოგვიტანს ღვთის ნორმების დაცვა. მაგალითად, ჩვენ უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას (მიქა 4:5); სიმართლის დამკვიდრება გააძლიერებს და გაააქტიურებს ჩვენს კრებას; ჩვენი ქორწინება განმტკიცდება, ჩვენი ოჯახი გაერთიანდება და უფრო მეტად ჩავებმებით სულიერ საქმეებში (ოსია 2:19; 11:4); სამართლიანობითა და პატიოსნებით სხვების პატივისცემას დავიმსახურებთ; თუ იეჰოვას მივბაძავთ გულმოწყალებაში, შედეგად თანაგრძნობასა და სიკეთეს გამოვავლენთ და და-ძმებისგანაც იმავეს მივიღებთ (მიქა 7:18, 19); გარშემო გვეყოლებიან სულიერი ადამიანები, ჩვენი და-ძმები, რომლებსაც უყვართ ჭეშმარიტება და მშვიდობა; და რაც მთავარია, ჩვენ იეჰოვას მეგობრები გავხდებით (ზაქარია 8:16, 19). განა ეს კურთხევა არ არის?!
16. რა განსხვავება ჩანს დღეს აშკარად და რა მნიშვნელობა ექნება ამას იეჰოვას განკითხვის დღეს?
16 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებით აშკარა ხდება „განსხვავება მართალსა და ბოროტს შორის“, ჭეშმარიტ და ცრუ ქრისტიანებს შორის (მალაქია 3:18). ჩვენ ვცდილობთ, შევესაბამებოდეთ იეჰოვას ნორმებს, ეს ქვეყნიერება კი უფრო მეტად ეფლობა უღვთოობის ჭაობში. ვიცით, რომ ამ სხვაობას დიდი მნიშვნელობა ექნება „იეჰოვას დიდი დღის“ დადგომისას (სოფონია 1:14; მათე 25:46).
17. სამომავლოდ როგორ გამოგადგებათ ამ წიგნში მოცემული რჩევები?
17 ნათელია, რომ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში მოცემული რჩევები ყოველთვის დროულია. როცა გარკვეული პრობლემების ან გადაწყვეტილებების წინაშე დადგებით, კარგი იქნება, თუ გადახედავთ ამ წიგნში მოცემულ პრაქტიკულ რჩევებს. ასე დაამტკიცებთ, რომ გსურთ, მუდამ სწავლობდეთ იეჰოვას გზებს და დადიოდეთ „მისი ბილიკებით“ (მიქა 4:2). ამ გზაზე სიარული მხოლოდ დღეს არ არის საჭირო. ხომ გსურთ, რომ თქვენი სახელი სამუდამოდ ჩაიწეროს იეჰოვას სამახსოვრო წიგნში? ამაში თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნი დაგეხმარებათ.
რწმენას ხსნამდე მივყავართ
18. რა მნიშვნელოვან მოთხოვნას ვხვდებით იოელის 2:32-ში და როგორ განავრცო ეს აზრი პავლე მოციქულმა?
18 იოელმა აღნიშნა, რა არის მთავარი, რომ ღმერთი ყოველთვის კეთილგანწყობილი იყოს ჩვენდამი: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (იოელი 2:32). მოციქულებმა პეტრემ და პავლემ ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა გაიმეორეს (საქმეები 2:21; რომაელები 10:13). პავლემ ამ მოწოდების კიდევ ერთ მხარეზე გაამახვილა ყურადღება: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს?“ (რომაელები 10:14) ამიტომ ჩვენც უნდა ვუხმობდეთ იეჰოვას სახელს და მისდამი რწმენას ვავლენდეთ ახლაც და მარადიულადაც.
19. რას ნიშნავს იეჰოვას სახელის მოხმობა?
19 იეჰოვას სახელის მოხმობა მისი სახელის ცოდნასა და გამოყენებაზე მეტს ნიშნავს (ესაია 1:15). იოელის 2:32-ის კონტექსტიდან ვიგებთ, რომ აუცილებელია გულწრფელი მონანიება და რწმენა იმისა, რომ იეჰოვა მოგვიტევებს (იოელი 2:12, 13). ღვთის სახელის მოხმობა ნიშნავს, რომ ვეცნობოდეთ ღმერთს, ვენდობოდეთ მას, ვემორჩილებოდეთ და ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებდეთ. იეჰოვას მსახურება უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში. ეს ღვთის კურთხევას — ბედნიერ და მარადიულ სიცოცხლეს — მოგვიტანს (მათე 6:33).
20. რითი დაჯილდოვდება ჩვენი რწმენა?
20 იეჰოვამ აბაკუმის პირით განაცხადა: „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (აბაკუმი 2:4). კარგად ჩაიბეჭდეთ ეს გულსა და გონებაში. ეს ერთ-ერთი ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებაა. ღვთისგან შთაგონებულ წერილებში პავლე სამჯერ ციტირებდა აბაკუმის სიტყვებსb (რომაელები 1:16, 17; გალატელები 3:11, 14; ებრაელები 10:38). ეს ჭეშმარიტება აღგვძრავს, რწმენა გამოვავლინოთ იესო ქრისტეს მსხვერპლისადმი, რომელიც მან ჩვენი ცოდვებისთვის გაიღო. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, . . მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. ჩვენ ასეთ სიტყვებსაც ვკითხულობთ: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (იოანე 3:16, 36). მხოლოდ ჩვენს გამომსყიდველს შეეძლო იმ მსხვერპლის გაღება, რაც ჩვენ განგვკურნავდა. მალაქიამ ჯერ აღწერა, იეჰოვას სიტყვისამებრ რა მოუვიდოდა ღვთის დიდ დღეს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას, შემდეგ კი დასძინა: „თქვენ კი, ჩემი სახელის მოშიშნო, ამოგიბრწყინდებათ სიმართლის მზე, რომლის ფრთებიდანაც იქნება განკურნება“. ეს სინათლე იესოსგან გამოვა და განკურნავს ხალხს. ამაში იგულისხმება სულიერი განკურნება, რომელიც დღეს ხდება. გვიხარია, რომ ახალ ქვეყნიერებაში ფიზიკურადაც განვიკურნებით (მალაქია 4:2).
21. რატომ გვჯერა, რომ იეჰოვას შეუძლია თავისი განზრახვის შესრულება?
21 ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ღვთის ნება შესრულდება. მიქას დროს მოძმესაც კი ვერ ენდობოდა კაცი. წინასწარმეტყველი წერდა: „ნუ დაუჯერებთ მოძმეს, ნუ ენდობით ახლო მეგობარს“. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად მიქას იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავს. თქვენც უნდა ენდობოდეთ მას. მიქამ განაცხადა: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა“ (მიქა 7:5, 7). იეჰოვა არ ჰგავს ადამიანებს, რომელთა მოქმედებებს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. მას სურვილიც აქვს და ძალაც, რომ თავისი განზრახვა განახორციელოს, გაამართლოს თავისი უზენაესობა და მარადიული ბედნიერება მოუტანოს ერთგულ ადამიანებს.
22. რა მოელით მათ, ვინც რწმენით უხმობს იეჰოვას სახელს?
22 თქვენც შეგიძლიათ გაიზიაროთ აბაკუმის გრძნობები: „გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით“ (აბაკუმი 3:18). წინასწარმეტყველი იოელი ამბობს, სიხარულის რა მიზეზი აქვთ მათ, ვინც რწმენით უხმობს იეჰოვას სახელს: ისინი გადარჩებიან. ამ აზრს პავლეც იმეორებს (იოელი 2:32; რომაელები 10:13). როგორ გადარჩებიან? ჩვენ რწმენამ უკვე გვიხსნა სატანის მზაკვრობისგან და მრავალი სატკივრისგან, რასაც ბოროტი ადამიანები ხვდებიან (1 პეტრე 1:18). გარდა ამისა, მტკიცე იმედი გვაქვს, რომ ამ ბოროტი ქვეყნიერების ტრაგიკულ აღსასრულს გადავურჩებით. მაშინ გავიხარებთ იმ უხვი კურთხევით, რაზეც თორმეტი წინასწარმეტყველი საუბრობდა.
სამოთხის სურათი
23, 24. ა) როგორ აღგვიწერს სამოთხეს თორმეტი წინასწარმეტყველი? ბ) რა იმედს გვისახავს თორმეტი წინასწარმეტყველური წიგნი?
23 „იეჰოვას მოშიშებს“ მარადიული კურთხევები მოელით (მალაქია 3:16). თორმეტ წინასწარმეტყველთაგან ზოგიერთი ისე ცოცხლად აღწერს მომავალ სამოთხეს, რომ ჩვენც სიხარულით მოველით მას. მაგალითად, მიქა წერდა: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4). ღვთის სამეფოს მმართველობის დროს თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ და ჩვენი შრომის ნაყოფს მოვიმკით.
24 ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც აღარ იქნება ავადმყოფობა, მწუხარება და სიკვდილი, ლამაზი ოცნება როდია. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებენ მკვდრეთით აღდგენილები, რომელთაც გასრულყოფილების საშუალება მიეცემათ. მათ შემთხვევაში სრულად შესრულდება ოსიას 13:14-ში ჩაწერილი სიტყვები: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან დავიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი გამანადგურებელი ძალა, სამარევ?“ პავლემ ეს მუხლი ზეციერ აღდგომას დაუკავშირა (1 კორინთელები 15:55—57).
25. რა გრძნობები დაგეუფლებათ ახალ ქვეყნიერებაში?
25 რთული არ უნდა იყოს იმის დაჯერება, რომ დედამიწაზე მკვდრები აღდგებიან (ზაქარია 8:6). ამოსისა და მიქას წინასწარმეტყველება ღვთის ხალხის გადასახლებიდან დაბრუნებაზე ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ ეს მოხდა (ამოსი 9:14, 15; მიქა 2:12; 4:1—7). დაბრუნებულები ამბობდნენ: „თავი სიზმარში გვეგონა. მაშინ გვიცინოდა პირი და სიხარულით ყიჟინებდა ჩვენი ენა. . . დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის. გახარებული ვართ“ (ფსალმუნები 126:1—3). თქვენც იგივე გრძნობები დაგეუფლებათ ახალ ქვეყნიერებაში, როცა „უხვ კურთხევას“ მიიღებთ.
როცა იეჰოვას ვემსახურებით, ჩვენ გვერდით ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მოყვარული ხალხია.
26. რა მოელით მათ, ვინც იეჰოვას დღის მოლოდინით ცხოვრობს?
26 როდესაც „იეჰოვას დღე“ ბოროტებისგან განწმენდს დედამიწას, „იეჰოვასი იქნება მეფობა“ ამ სიტყვების სრული გაგებით (აბდია 15, 21). ეს ხომ შესანიშნავი კურთხევა იქნება ღვთის ქვეშევრდომებისთვის დედამიწაზე! თქვენზეც შესრულდება მალაქიას მე-3 თავში ჩაწერილი სიტყვები: „ჩემი იქნებიან ისინი, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, . . შევიბრალებ მათ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის ვაჟს, თავის მსახურს“ (მალაქია 3:17). თქვენი ერთგულება თქვენივე გადარჩენისა და „უხვი კურთხევის“ საწინდარია. რა დიდებული იმედია!
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1987 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.), გვ. 14—20.
b პავლე ციტირებდა ბერძნული სეპტუაგინტიდან, რომელშიც სიტყვების თანამიმდევრობა ოდნავ განსხვავდება ებრაული ტექსტისგან.