თავი მეცამეტე
„გამოაცხადეთ ხალხებში“
1. რით ჰგავს წინასწარმეტყველთან იეჰოვას ლაპარაკი ლომის ღრიალს?
გაგიგონიათ ლომის ღრიალი? ეს თავზარდამცემი ხმა შეიძლება რვა კილომეტრზეც კი გაიგოთ. რას იზამთ, თუ ლომის ღრიალს სადმე ახლომახლო, ღამის სიჩუმეში გაიგებთ? ალბათ, მაშინვე რაღაცას მოიფიქრებთ. ამოსმა, თორმეტ წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთმა, სწორედ ლომის ღრიალი ახსენა: „ბრდღვინავს ლომი — ვის არ შეეშინდება?! უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს — ვინ არ აწინასწარმეტყველდება?!“ (ამოსი 3:3—8) იეჰოვას ხმის გაგონებაზე, ნუთუ ამოსივით არ მოიქცეოდით?! მან დაუყოვნებლივ დაიწყო ისრაელის ათტომიანი სამეფოს საუბედუროდ წინასწარმეტყველება.
2. ა) როგორ შეიძლება მივბაძოთ ამოსს, რომელსაც ღმერთმა წინასწარმეტყველება დაავალა? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?
2 შეიძლება თქვათ: „მე ხომ წინასწარმეტყველი არა ვარ!“ შესაძლებელია, თავს არაკომპეტენტურად თვლით, რადგან არასოდეს დამოძღვრილხართ წინასწარმეტყველთა მსგავსად. მაგრამ, გავიხსენოთ ამოსი. როდესაც ხბოს თაყვანისმცემელი მღვდელი ამაცია დაუპირისპირდა მას, ამოსმა უთხრა: „მე არც წინასწარმეტყველი ვყოფილვარ და არც წინასწარმეტყველის ვაჟი, მწყემსი ვიყავი და სიკომოროს ლეღვის მომყვანი“ (ამოსი 7:14). ამოსი უბრალო კაცი იყო, მაგრამ უარი არ უთქვამს, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველი გამხდარიყო. თქვენც მზად ხართ? გესმით, რომ თქვენც თითქმის ისეთივე დავალება გაქვთ მოცემული, როგორიც თორმეტ წინასწარმეტყველს ჰქონდა? დღეს ჩვენც ღვთის ცნობას ვაცხადებთ და მოწაფეებს ვამზადებთ. სერიოზულად ვეკიდებით ამ დავალებას? რა ცნობას ვაუწყებთ ხალხს? გულმოდგინედ ვასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებას? როგორ მივაღწიოთ წარმატებას? მოდი ვნახოთ.
„ბაგეების ნაყოფი“
3. როგორ შევასრულოთ ისეთი საქმე, როგორსაც წინასწარმეტყველები აკეთებდნენ?
3 როგორ გავიგოთ, რომ ნამდვილად ვასრულებთ იმის მსგავს საქმეს, რასაც წინასწარმეტყველები ასრულებდნენ? შეიძლება არ გაგვიგია ლომის ღრიალი იმ გაგებით, რომ არ ვყოფილვართ იეჰოვასგან შთაგონებული, მაგრამ მისმა სიტყვამ, ბიბლიამ გვამცნო, რომ იეჰოვას დღე აუცილებლად დადგება. როგორც პირველ თავში განვიხილეთ, სიტყვებს — წინასწარმეტყველს და წინასწარმეტყველურს — სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. თუმცა ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ ისე, როგორც ამოსი და სხვა იმდროინდელი წინასწარმეტყველები, მაგრამ მომავალზე მაინც ვლაპარაკობთ. როგორ? ჩვენ უნდა გავაცხადოთ ბიბლიიდან გაგებული წინასწარმეტყველური სიტყვები თორმეტივე წინასწარმეტყველის სიტყვების ჩათვლით. ახლა სწორედ ამის დროა.
4. დღეს რა გაგებით სრულდება იოელის 2:28—32-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
4 მოდი კიდევ ერთ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. იეჰოვამ წინასწარმეტყველ იოელს გამოუცხადა იმ დროზე, როცა ყველანაირი ხალხი დაიწყებდა წინასწარმეტყველებას: „ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ, თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკები ხილვებს იხილავენ“ (იოელი 2:28—32). ახ. წ 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ ეს სიტყვები იერუსალიმში, კერძოდ, ზემოთა ოთახში შეკრებილ ხალხზე წმინდა სულის გადმოსვლას მიუსადაგა. მან ეს სიტყვები „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ქადაგებასაც დაუკავშირა (საქმეები 1:12—14; 2:1—4, 11, 14—21). მოდი ახლა ჩვენს დროში გადმოვინაცვლოთ. იოელის წინასწარმეტყველება ყველაზე დიდი მასშტაბით XX საუკუნის დასაწყისიდან სრულდება. სულითცხებულმა ქრისტიანებმა, ქალებმა თუ კაცებმა, ახალგაზრდებმა თუ მოხუცებმა, დაიწყეს წინასწარმეტყველება, ანუ „ღვთის დიდებული საქმეების“ გაცხადება, მათ შორის ზეცაში უკვე დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება.
5. ა) რა პატივი გვხვდა წილად? ბ) რას ნიშნავს თქვენთვის „ბაგეების მოზვრების“ შეწირვა?
5 თუმცა სხვა ცხვრის ნაწილი, „უამრავი ხალხი“, წმინდა სულით ცხებულები არ არიან და ღვთის ძეებად არ იწოდებიან, ისინი იესო ქრისტეს სულითცხებულ მიმდევრებს ეუბნებიან: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16; ზაქარია 8:23). ზეცაში მარადიული ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ჩვენ „ჩვენი ბაგეების მოზვრების“ შეწირვის პატივი გვხვდა წილად (ოსია 14:2, სქოლიო). რას გულისხმობდა ოსია ამ სიტყვებში? ბიბლიის მკვლევარი კ. ფ. კილი ამბობს: „ცხოველური შესაწირიდან მოზვერი საუკეთესო სამადლობელი შესაწირავი იყო“. მოციქულმა პავლემაც გამოიყენა ოსიას 14:2, როდესაც წერდა: „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15). ფრაზა „ჩვენი ბაგეების მოზვრები“ ჩვენი ბაგეების საუკეთესო ნაყოფს, იეჰოვას განსადიდებლად წარმოთქმულ სიტყვებს გულისხმობს.
6. რატომ უნდა დავინტერესდეთ, როგორია ჩვენი ქების მსხვერპლი?
6 ჩვენ ქების მსხვერპლს ვწირავთ იეჰოვას, როცა გულწრფელად ვლოცულობთ, როცა ქრისტიანული კრების შეხვედრებზე მადლიერების გამომხატველი კომენტარებით განვადიდებთ მას და გულმოდგინედ ვქადაგებთ. მართალია, ვმონაწილეობთ მსახურებაში, მაგრამ რამდენად კარგი „შესაწირავი“ მიგვაქვს? მალაქიას თანამედროვე მღვდლებს თუ გაიხსენებთ, უეჭველად გაგიჩნდებათ ზიზღის გრძნობა, რადგან ურცხვად მიჰყავდათ ღვთის სამსხვერპლოზე შესაწირავად ბრმა, კოჭლი და სნეული ცხოველები. იეჰოვამ მალაქიას პირით ამხილა ისინი, რადგან უვარგის საქონელს სწირავდნენ და თვლიდნენ, რომ ამით უპატივცემულოდ სულაც არ ეპყრობოდნენ იეჰოვას სუფრას (მალაქია 1:8). ამიტომ კარგი იქნება, თუ დავინტერესდებით, როგორია ჩვენი მსხვერპლი, საუკეთესოა თუ რაღაც ნაკლი აქვს.
ცნობა, რომელიც უნდა გაცხადდეს
7. რა ცნობის გაცხადება მოითხოვს სიმამაცეს?
7 „ბაგეების მოზვრების“ შეწირვა მსახურებაში სიმამაცეს მოითხოვს, რადგან ცნობა, რომელსაც ხალხს ვაწვდით, ორგვარია. ერთი მათგანი არცთუ სასიამოვნოა. წინასწარმეტყველმა იოელმა ღვთის ხალხს უთხრა: „გამოაცხადეთ ხალხებში: საომრად მოემზადეთ! აღძარით ძლიერები! ახლოს მოვიდნენ ისინი! ადგეს ყველა მებრძოლი!“ (იოელი 3:9) ეს სიტყვები ჩვენს დროს ეხება და საომრად იწვევს ხალხებს. ეს არის განაცხადი იეჰოვას სამართლიანი ომის შესახებ ღვთისადმი დაუმორჩილებელი ხალხის წინააღმდეგ. იეჰოვა თავის მტრებს მოუწოდებს, რომ გუთნებისგან მახვილები გამოჭედონ და სასხლავებისგან — შუბები, მაშინ, როცა თავის ხალხს ასწავლის, რომ მახვილებისგან სახნისები გამოჭედონ და შუბებისგან — სასხლავები (მიქა 4:3; იოელი 3:10). ღვთის მოწინააღმდეგეები სამყაროს შემოქმედთან საბრძოლველად უნდა გამოვიდნენ. ამ ცნობის გავრცელება იოლი როდია.
8. რატომ არის „იაკობის დარჩენილი ნაწილი“ შედარებული ლომს?
8 მიქამ „ბაგეების მოზვრების“ შემწირველები ლომს შეადარა: „იქნება იაკობის დარჩენილი ნაწილი ერებში . . . როგორც ლომი ტყის მხეცებს შორის, როგორც ფაფრიანი ლომი ცხვრის ფარაში, ჩავლისას რომ თელავს და გლეჯს, და არავინაა მხსნელი“ (მიქა 5:8). რატომ მოიყვანა მიქამ ეს შედარება? დღეს ღვთის ხალხს, რომელსაც ცხებულთაგან დარჩენილები ხელმძღვანელობენ, ლომის სიმამაცე სჭირდება ერების გასაფრთხილებლადa.
9. ა) როდის გვჭირდება ლომის სიმამაცე? ბ) როგორ მოვიკრიბოთ გაბედულება წინააღმდეგობისა და გულგრილობის მიუხედავად?
9 თქვენც ლომის სიმამაცით აცხადებთ გამაფრთხილებელ ცნობას? ასეთი სიმამაცე გვჭირდება არა მარტო მაღალჩინოსნების წინაშე, არამედ თანაკლასელებთან, თანამშრომლებთან და ნათესავებთან საუბრის დროსაც (მიქა 7:5—7; მათე 10:17—21). როგორ მოვიკრიბოთ გაბედულება წინააღმდეგობისა და გულგრილობის მიუხედავად? დავუკვირდეთ, როგორ გაართვა თავი მიქამ რთული დავალების შესრულებას, როცა სამარიისა და იერუსალიმის განადგურების შესახებ ცნობა უნდა გაეცხადებინა: „ავივსე ძალით, იეჰოვას სულით, სამართლიანობითა და ძლიერებით, რათა გავაგებინო იაკობს თავისი ურჩობა და ისრაელს — თავისი ცოდვა“ (მიქა 1:1, 6; 3:8). თქვენც აივსებით ძალით, რადგან ღმერთი უხვად იძლევა თავის სულს (ზაქარია 4:6). თუ ლოცვით მივენდობით ღმერთს, არ გაგვიჭირდება იმ ცნობის გაცხადება, „რომლის გაგონებაზეც ხალხს ყურები შუილს დაუწყებს“ (2 მეფეები 21:10—15).
10. როგორ მივბაძოთ სოფონიას, როცა ხალხს „იეჰოვას დღის“ შესახებ ვაუწყებთ?
10 მართალია საჭიროა ეს თვისება, მაგრამ არც ტაქტიანობა უნდა დაგვავიწყდეს, როცა ხალხთან გამაფრთხილებელი ცნობით მივდივართ. ჩვენ ყველასთან თავაზიანები [ტაქტიანები] უნდა ვიყოთ, მაშინაც კი, როცა ხალხს „იეჰოვას დღის“ მოახლოებას ვამცნობთ (2 ტიმოთე 2:24; იოელი 2:1, 11; სოფონია 1:14). თორმეტ წინასწარმეტყველს ამაშიც უნდა მივბაძოთ. გაბედულად კი უცხადებდნენ ხალხს იეჰოვას განაჩენს, მაგრამ ტაქტიანობასაც იჩენდნენ მათდამი, ვინც მათ ყურს უგდებდა. მაგალითად, წინასწარმეტყველმა სოფონიამ გაბედულად გაკიცხა ქედმოუხრელი მთავრები, მაგრამ მეფე იოშია არ გაუკიცხავს (სოფონია 1:8). როცა ხალხს ვაფრთხილებთ, ვუყურებთ მათ, როგორც ცხვრისმაგვარ ადამიანებს, და დადებითად ვართ მათდამი განწყობილი? (მათე 25:32—34)
11. ა) რომელია ამ ცნობის მეორე მხარე? ბ) რაში უნდა მივბაძოთ თორმეტ წინასწარმეტყველს, როცა ხალხს „იეჰოვას დღის“ შესახებ ვაუწყებთ?
11 რომელია დასაწყისში მოხსენიებული ცნობის მეორე მხარე? ამაზე მიქას მეხუთე თავშია საუბარი. „იქნება იაკობის დარჩენილი ნაწილი მრავალ ხალხს შორის, როგორც ნამი იეჰოვასგან, როგორც შხაპუნა წვიმა მცენარეებისთვის, რომელიც კაცზე არ არის დაიმედებული და ადამიანის ძეებს არ ელოდება“ (მიქა 4:1; 5:7). „იაკობის დარჩენილი ნაწილი“, იგივე ისრაელი, და მათი თანამსახურები — ისინი, ვინც დღეს სასიხარულო ცნობას აუწყებს „მრავალ ხალხს“ — შედარებული არიან ნამს იეჰოვასგან და შხაპუნა წვიმას მცენარეებისთვის. ჩვენი ცნობის მეორე მხარეზე ბევრი რამის გაგება შეგვიძლია ებრაული წერილების ბოლო თორმეტი წიგნიდან, რადგან ამ წიგნებში ნაწინასწარმეტყველებია არა მხოლოდ განადგურება, არამედ აღდგენა. ვამახვილებთ ყურადღებას დადებით მხარეზე, როდესაც ხალხს იეჰოვას დღის შესახებ ვესაუბრებით?
როგორ ვაცხადებთ ამ ცნობას?
12, 13. ა) რატომ არის ღვთის ხალხი შედარებული მწერების გუნდს? ბ) რას ვიგებთ იოელის 2:7, 8-დან?
12 მაშ, როგორ ვქადაგებთ ამ ცნობას? წინასწარმეტყველმა იოელმა ღვთის ხალხის საქმე მწერების, კალიების შემოსევას შეადარა (იოელი 1:4). რატომ არის იეჰოვას ხალხი შედარებული მწერების გუნდს? იოელის 2:11-ში იეჰოვა ამ მწერებს „თავის ჯარად“ იხსენიებს (ღვთის ხალხი გამოცხადების წიგნშიც კალიებთან არის შედარებული. იხილეთ გამოცხადების 9:3, 4). იოელმა მწერების სვლა შთამნთქმელ ცეცხლს შეადარა, თითქოს ის გზა, რომელიც „ედემის ბაღს“ ჰგავდა, მათ გაუდაბურებულ უდაბნოდ აქციეს (იოელი 2:2, 3). როგორ ცხადვყოთ, რომ გვესმის იოელის წინასწარმეტყველების მნიშვნელობა?
13 მოდი, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გულმოდგინებით მოქმედებენ ეს პატარა მწერები, რაც იოელმა ასე აღწერა: „ძლიერი კაცებივით დარბიან; მეომრებივით ადიან გალავანზე; თითოეული თავისი გზით მიდის, გზას არ იცვლიან; ერთმანეთს არ ეხლებიან; ვაჟკაცივით აგრძელებენ სვლას. შუბითაც რომ დაეცეს ზოგიერთი, დანარჩენები მაინც არ ჩერდებიან“ (იოელი 2:7, 8). წინააღმდეგობის „გალავანიც“ კი ვერ შეაჩერებს მათ და ვერც მათი თავდასხმის შედეგებს. „შუბითაც რომ დაეცეს ზოგიერთი“, როგორც ეს მტრისგან დასჯილი ერთგული ქრისტიანების შემთხვევაში მოხდა, დანარჩენები მაინც არ შეწყვეტენ მოქმედებას და ბოლომდე მიიყვანენ იეჰოვას საქმეს. თქვენც ასეთივე გულმოდგინებით აცხადებთ იეჰოვას დღის შესახებ, სანამ ჯერ არ დაუსრულებია ღმერთს ეს საქმე? თქვენ იმ ერთგული ქრისტიანების საქმესაც განაგრძობთ, რომლებიც დაიღუპნენ.
14. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ?
14 მთავარი გულმოდგინებაა. როგორ ვაჩვენოთ გულმოდგინება სამქადაგებლო საქმეში, როგორც ეს იოელის წინასწარმეტყველებაშია აღწერილი? მონაწილეობა უნდა მივიღოთ კარდაკარ მსახურებაში და კვლავ მივაკითხოთ და ვასწავლოთ მათ, ვინც დაინტერესდა. არც ისინი უნდა დავივიწყოთ, ვინც სახლში არ დაგვხვდა. თუ ასე ვიქცევით, ესე იგი გვესმის წინასწარმეტყველების მნიშვნელობა. ზოგს შეიძლება მხოლოდ ქუჩაში ვუქადაგოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სამეზობლოში მცხოვრებ უცხოელებსაც დავეხმაროთb. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ გულმოდგინედ ვიქადაგოთ?
როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
15. როგორ ეხმაურებოდა ხალხი თორმეტი წინასწარმეტყველის ცნობას და რა არის აღსანიშნავი?
15 როგორ ეხმაურება ხალხი ცნობას იეჰოვას შიშის მომგვრელი დღის შესახებ? არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ წინააღმდეგობას ან გულგრილობას ვხვდებით. იგივეს ხვდებოდა ღვთის მრავალი წინასწარმეტყველი, რომლებიც სერიოზულ, გამაფრთხილებელ ცნობას აუწყებდნენ (იერემია 1:17—19; 7:27; 29:19). მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანის გულმოდგინებამ დადებითი შედეგები მოიტანა. მათგან სულ მცირე ხუთმა, იონამ, მიქამ, სოფონიამ, ანგიამ და ზაქარიამ, ზოგიერთი მაინც აღძრა, მოენანიებინა ცოდვები და სწორ გზას დასდგომოდა.
16. რა ნაყოფი გამოიღო წინასწარმეტყველ მიქას გულმოდგინებამ?
16 როგორც ჩანს, წინასწარმეტყველმა სოფონიამ აღძრა მეფე იოშია, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღედგინა. მიქამ გაბედულად გამოაცხადა იუდას მთავრების საუბედუროდ გამოტანილი განაჩენი და მეფე ხიზკიამაც მიქას სიტყვების თანახმად იმოქმედა (მიქა 3:1—3). იერემიას დროს მცხოვრებმა უხუცესებმა ხიზკიას საქციელი დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ მეფეს შეეშინდა იეჰოვასი, გული მოულბო იეჰოვას (იერემია 26:18, 19; 2 მეფეები 18:1—4). ხიზკიას ხელმძღვანელობით იუდეველებმა და ჩრდილოეთი სამეფოდან ჩამოსულმა ხალხმა პასექი და უფუარობის დღესასწაული აღნიშნეს და ერთი კვირის მაგივრად ორი კვირა იზეიმეს. რა მოჰყვა შედეგად ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას? „დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში“ (2 მატიანე 30:23—26). მართალია, მიქამ ახაზის მეფობის დროს დაიწყო ღვთის განაჩენის გამოცხადება განდგომილი ერის წინააღმდეგ, მაგრამ წინასწარმეტყველის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მის ცნობას ახაზის ვაჟი, ხიზკია გამოეხმაურა.
17. რა შედეგები მოიტანა ანგიასა და ზაქარიას მსახურებამ?
17 გავიხსენოთ წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია. ისინი იუდეველების ტყვეობიდან დაბრუნებისას მსახურობდნენ. ხალხი გულგრილი და ეგოისტი იყო (ანგია 1:1, 2; ზაქარია 1:1—3). ეს ორი წინასწარმეტყველი მსახურებას იმ დროს შეუდგა, როცა ტაძრის საძირკვლის ჩაყრიდან უკვე თექვსმეტი წელი იყო გასული. ხალხი თავ-თავიანთ სახლებზე ზრუნავდა, იეჰოვას სახლი კი მიგდებული იყო. ანგიამ იუდეველებს მოუწოდა: „გამაგრდით, ამ მიწის ხალხო, — ამბობს იეჰოვა, — და იშრომეთ“. რა მოჰყვა ამას შედეგად? „აღუძრა სული იეჰოვამ იუდას გამგებელ ზერუბაბელს, . . მღვდელმთავარ იეჰოშუას, . . მთელ დარჩენილ ხალხს“ და მათ წარმატებით დაასრულეს ტაძრის მშენებლობა (ანგია 1:9, 12, 14; 2:4).
18, 19. ა) ზოგ ქვეყანაში როგორ ეხმაურებიან ცნობას იეჰოვას დღის შესახებ? ბ) როგორ გამოეხმაურებით მოწოდებას, რომ ყველა ხალხმა უნდა გაიგოს გამაფრთხილებელი ცნობა?
18 თითქმის თორმეტივე წინასწარმეტყველი იეჰოვასთვის მიძღვნილ ხალხს აუწყებდა ცნობას. ჩვენ კი უმეტესწილად ისეთ ადამიანებს ვუქადაგებთ, რომლებიც არ იცნობენ ჭეშმარიტ ღმერთს. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრის სწავლა შეგვიძლია წინასწარმეტყველთა მოღვაწეობიდან. იეჰოვას დღის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას დღესაც ბევრგან ეხმაურება ხალხი და იმ შედეგებსაც ვხედავთ, რაზეც ზაქარია წინასწარმეტყველებდა: „იმ დღეს მრავალი ხალხი შეუერთდება იეჰოვას და ისინი გახდებიან ჩემი ხალხი, და დავმკვიდრდები შენთან“ (ზაქარია 2:11). ღვთის ხალხს დღესაც ეხმაურება „მრავალი ხალხი“ (გამოცხადება 7:9). ზაქარიამ იწინასწარმეტყველა: „მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას საძებნელად და იეჰოვას გულის მოსალბობად“. ზაქარიამ ისინი მოიხსენია, როგორც „ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი“, რომლებიც სულიერი ისრაელის კალთას მოეჭიდებიან და იტყვიან: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქარია 8:20—23).
19 დავუკვირდეთ ფრაზას „ყველა ენის ხალხიდან“. ბიბლია და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა მრავალ ენაზე ითარგმნება. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ღვთის მსახურებს ამზადებენ, რომ მათ „ყველა ენის“ ხალხს ასწავლონ (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). შეიძლება ის უცხო ენა შეისწავლოთ, რომელზეც თქვენს მხარეში ლაპარაკობენ, და დაეხმაროთ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს. ბევრმა ისწავლა ერთი ან ორი უცხო ენა და გადავიდა ისეთ ქვეყანაში, სადაც სიხარულით ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. შეგიძლიათ თქვენც გადახვიდეთ ასეთ ნაყოფიერ ტერიტორიაზე და გააცხადოთ ეს ცნობა ხალხებში? ჯერ ლოცვით აწონ-დაწონეთ ყველაფერი. თუ ბავშვები გყავთ, ხშირად ესაუბრეთ მათ ამ შესაძლებლობაზე, რომ დაუსახოთ ეს მიზანი.
20. რა დაგვანახვა იეჰოვამ ნინეველების მაგალითით?
20 კიდევ ერთი წინასწარმეტყველი, რომელმაც ერთი შეხედვით ურჩ, მაგრამ სინამდვილეში მომსმენ ხალხს უქადაგა, იონა იყო. ნინეველები და თვით მათი მეფეც დადებითად გამოეხმაურნენ იონას ცნობას და ირწმუნეს იეჰოვა. ღმერთმა თქვა: „მე დიდი ქალაქი ნინევე არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ?!“ (იონა 4:11) ამ სიტყვებიდან გამომდინარე, რა აღგვძრავს, რომ სხვებს იეჰოვას შიშის მომგვრელი დღის შესახებ ვაუწყოთ? ნუთუ იეჰოვას წინაშე თავს დავალებულად არ გრძნობთ იმის გამო, რომ გიხსნათ გამოსასყიდით? ხომ გრძნობთ პასუხისმგებლობას, როგორც იეჰოვასთვის მიძღვნილი მსახური? (1 კორინთელები 9:16, 17) მართლაც სერიოზული საფუძველი გვაქვს, რომ იეჰოვას დღის შესახებ გავაცხადოთ. გარდა ამისა, არ გენანებათ ის ხალხი, ვისაც იეჰოვას დღის შესახებ ესაუბრებით? რამდენად ბედნიერი იქნებით, თუ ღვთის მსგავსად გულმოწყალება აღგძრავთ, ხალხს მისი დღის შესახებ აუწყოთ!
21. როგორ იმოქმედა ამოსმა ამაციას მუქარის მიუხედავად და რას ვსწავლობთ აქედან?
21 ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურა ხალხი იოელს, აბდიას, ნაუმს, აბაკუმსა და მალაქიას, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ამოსის მსახურებიდან ერთი შემთხვევა. ამაცია, ამოსის მტერი, წინასწარმეტყველს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდა და ცდილობდა, ამოსისთვის ბეთელში ქადაგება აეკრძალა (ამოსი 7:10—13). ამოსი გაბედულად შეხვდა ამ წინააღმდეგობას. დღესაც ბევრი რელიგიური წინამძღოლი ცდილობს, დაიყოლიოს პოლიტიკოსები, რომ შეავიწროონ იეჰოვას ხალხი და აკრძალონ კიდეც მათი სასიკეთო სამქადაგებლო საქმე. მივბაძავთ ამოსს და წინააღმდეგობის მიუხედავად გაბედულად გავაცხადებთ სასიხარულო ცნობას?
22. რა ცხადყოფს, რომ თქვენს მხარეში მსახურება წარმატებით მიმდინარეობს?
22 თუმცა თორმეტივე წინასწარმეტყველს ხალხი სხვადასხვანაირად ეხმაურებოდა, ყველა მათგანმა შეასრულა თავისი დავალება. მთავარი ის კი არ არის, თუ როგორ ეხმაურება ხალხი მათ ცნობას, არამედ ის, რომ ჩვენ იეჰოვას „ჩვენი ბაგეების მოზვრებს“, საუკეთესო „ქების მსხვერპლს“ ვწირავთ (ოსია 14:2; ებრაელები 13:15). თუ რა შედეგს გამოიღებს ჩვენი ქადაგება, ეს ღვთის საქმეა. ის მიიზიდავს ნამდვილ ცხვარს (იოანე 6:44). გარდა ამისა, ჩვენი როგორც ღვთის ცნობის მქადაგებლების წარმატება ხალხის გამოხმაურებაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. დარწმუნებული იყავით, რომ „მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის ფეხები“ მშვენიერია მათთვის, ვინც მადლიერებით იღებს სასიხარულო ცნობას, და რაც მთავარია, ისინი იეჰოვასთვისაა მშვენიერი (ნაუმი 1:15; ესაია 52:7). იეჰოვას დიდი დღე კარსაა მომდგარი; ამიტომ ნუ დაიშურებთ ძალ-ღონეს, რომ ჩვენი დროის შესახებ იოელის ნათქვამი სიტყვების თანახმად იმოქმედოთ: „გამოაცხადეთ ხალხებში: საომრად მოემზადეთ! აღძარით ძლიერები!“ ეს სიტყვები ხალხთა წინააღმდეგ ღვთის ომს ეხება (იოელი 3:9).
a პირველად ეს წინასწარმეტყველება, შესაძლოა, მაკაბელთა დროს შესრულდა, როცა იუდეველებმა მაკაბელთა მეთაურობით განდევნეს მტრები იუდადან და აღადგინეს ტაძარი, რამაც შესაძლებელი გახადა, იუდეველთა დარჩენილ ნაწილს მესია მიეღო (დანიელი 9:25; ლუკა 3:15—22).
b იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის“ წარმატებით გამოიყენება უცხოელებთან სასაუბროდ.