ბიბლიის წიგნი 21 — ეკლესიასტე
დამწერი: სოლომონი
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 1000 წლამდე
1. რა მიზნით დაიწერა „ეკლესიასტე“?
წიგნი „ეკლესიასტე“ კეთილშობილური მიზნით დაიწერა. იეჰოვასადმი მიძღვნილი ხალხის წინამძღოლის, სოლომონის პასუხისმგებლობა იყო, დახმარებოდა მათ, მიძღვნის ერთგულები ყოფილიყვნენ. ამ პასუხისმგებლობის შესრულებას ის „ეკლესიასტეში“ ჩაწერილი ბრძნული რჩევებით ცდილობდა.
2. როგორ ცხადყოფს ებრაული სახელწოდება წიგნის დაწერის მიზანს და რატომ არის ის უფრო შესაფერისი, ვიდრე ბერძნული და ქართული სახელწოდებები?
2 ეკლესიასტეს 1:1-ში სოლომონი თავის თავს „შემკრებს“ უწოდებს. ებრაულად ეს სიტყვა არის „კოჰელეთ“; წიგნი ებრაულ ბიბლიაში ამ სახელს ატარებს. ბერძნული სეპტუაგინტა წიგნს „ეკლესიასტეს“ უწოდებს, რაც ნიშნავს „ეკლესიის (კრების) წევრს“, საიდანაც მომდინარეობს წიგნის ქართული სახელწოდება „ეკლესიასტე“. „კოჰელეთ“-ის უფრო ზუსტი თარგმანია „შემკრები“, რაც უკეთ გვანახვებს სოლომონის როლს. ამ სახელწოდებიდან წიგნის დაწერის მიზანიც ჩანს.
3. რა გაგებით იყო სოლომონი შემკრები?
3 რა გაგებით იყო სოლომონი შემკრები და ვინ შეკრიბა მან? ის იყო თავისი ხალხის, ისრაელის, და მათთან შეხიზნული ხალხის შემკრები. სოლომონმა ისინი თავისი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის შეკრიბა. მან იერუსალიმში ააგო ტაძარი და მთელი ხალხი ტაძრის მიძღვნისთვის შეკრიბა, რათა ღვთისთვის თაყვანი ეცათ (1 მეფ. 8:1). „ეკლესიასტეს“ მეშვეობით ის მოუწოდებდა ხალხს, ღირსეული საქმეები ეკეთებინათ და განრიდებოდნენ ქვეყნიერების ამაო და უნაყოფო საქმეებს (ეკლ. 12:8—10).
4. რა ამტკიცებს, რომ წიგნი სოლომონმა დაწერა?
4 თუმცა სოლომონი წიგნში არსად მოიხსენიება, რამდენიმე მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი მან დაწერა. შემკრებმა თავი „დავითის ძედ“ გაგვაცნო და თქვა, რომ ‘განაგებდა ისრაელს იერუსალიმიდან’. ეს სიტყვები მხოლოდ მეფე სოლომონს შეიძლება მივუსადაგოთ, რადგან მის შემდეგ მეფეები იერუსალიმიდან მხოლოდ იუდას განაგებდნენ. გარდა ამისა, შემკრებმა დაწერა: „დიდი სიბრძნე შევიძინე, იმათზე მეტი, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში; დიდ სიბრძნესა და ცოდნას ეზიარა ჩემი გული“ (1:1, 12, 16). ეს სიტყვებიც სოლომონს მიესადაგება. ეკლესიასტეს 12:9-ში ნათქვამია, რომ ის „ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი“. მეფე სოლომონმა 3 000 იგავი წარმოთქვა (1 მეფ. 4:32). ეკლესიასტეს 2:4—9-ში დამწერი მოგვითხრობს, რომ აიშენა სახლები, გააშენა ბაღ-ვენახები და წალკოტები, მოსარწყავად წყალსატევები გააკეთა, აიყვანა მსახურები და მოახლეები, დააგროვა ოქრო-ვერცხლი. ასე იყო სოლომონის შემთხვევაში. როდესაც საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე და სიმდიდრე იხილა, თქვა: „ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის“ (1 მეფ. 10:7).
5. სად და როდის დაიწერა „ეკლესიასტე“?
5 წიგნში ნათქვამია, რომ შემკრები „მეფობდა იერუსალიმში“, რაც ცხადყოფს, რომ წიგნი იერუსალიმში დაიწერა. მისი წერა უნდა დასრულებულიყო სოლომონის 40-წლიანი მეფობის ბოლო პერიოდში, ძვ. წ. 1000 წლამდე. ამ დროისთვის სოლომონს წიგნში მოხსენიებული მრავალი საქმე გაკეთებული უნდა ჰქონოდა. მაშინ ის კერპთაყვანისმცემელი არ იქნებოდა. ის უკვე ჩახედული იყო ქვეყნიერების საქმეებში და იცოდა, რისკენ ისწრაფვოდნენ ადამიანები. იმ პერიოდში მას ჯერ კიდევ სწყალობდა ღმერთი და თავისი წმინდა სულით ხელმძღვანელობდა.
6. რა არგუმენტები მოჰყავთ „ეკლესიასტეს“ საწინააღმდეგოდ და რით შეგვიძლია მათი გაბათილება?
6 რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ „ეკლესიასტე“ „ღვთისგან არის შთაგონებული“? ზოგიერთს შეიძლება ამაში ეჭვი შეეპაროს, რადგან წიგნში არც ერთხელ არ არის მოხსენიებული ღვთის სახელი იეჰოვა. თუმცა წიგნში ყურადღება მახვილდება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე და არაერთხელ გამოიყენება გამოთქმა „ჰა ელოჰიმ“ ანუ „ჭეშმარიტი ღმერთი“. ზოგმა შეიძლება არგუმენტად მოიყვანოს ის, რომ ბიბლიის სხვა წიგნებში ციტირებული არ არის მუხლები „ეკლესიასტედან“. მაგრამ წიგნში მოცემული სწავლებები და პრინციპები სრულად ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს. ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «როგორც ებრაელები, ისე ქრისტიანული ეკლესიები აღიარებენ, რომ „კოჰელეთ“ ანუ „ეკლესიასტე“ ყოვლისშემძლის შთაგონებით დაიწერა. მან მართებულად დაიკავა თავისი ადგილი წმინდა წერილების კანონში» (Commentary, კლარკი, ტ. III, გვ. 799).
7. რის საფუძველზე შეგვიძლია ჩავთვალოთ სოლომონი „ეკლესიასტეს“ დამწერად?
7 ბიბლიის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ეკლესიასტე“ სოლომონის დაწერილი არ არის და არც „მთელი წმინდა წერილის“ ნაწილია, რადგან წიგნის ენა და მსჯელობა უფრო გვიანდელი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ ისინი უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის, აგრეთვე სტუმრად მისული წარჩინებულებისა და სხვა კავშირების მეშვეობით სოლომონს შეეძლო დიდი ცოდნა დაეგროვებინა (1 მეფ. 4:30, 34; 9:26—28; 10:1, 23, 24). ერთმა სწავლულმა აღნიშნა: „დიდი ებრაელი მეფის ყოველდღიურმა საქმიანობამ და ცხოვრების წესმა განაპირობა ის, რომ არ შემოიფარგლა მხოლოდ ებრაელთათვის ჩვეული ცხოვრებით, აზროვნებითა და ენით“ (Bible Commentary, ფ. კუკი, ტ. IV, გვ. 622).
8. რა ამტკიცებს ყველაზე მეტად, რომ „ეკლესიასტე“ კანონიკური წიგნია?
8 მაგრამ გვჭირდება სხვა წყაროების მოშველიება „ეკლესიასტეს“ კანონიკურობის დასამტკიცებლად? წიგნის გამოკვლევა ცხადყოფს არა მარტო მის შინაგან შეთანხმებულობას, არამედ შესაბამისობას მთელ წმინდა წერილთან, სადაც მას მართებულად უკავია თავისი ადგილი.
შინაარსი
9. რა დასკვნამდე მივიდა შემკრები ადამიანის ძეთა საქმეების გამოკვლევის შემდეგ?
9 ამაოება (1:1—3:22). შესავალი სიტყვები გადმოსცემს წიგნის თემას: „ამაოებათა ამაოება! — თქვა შემკრებმა. — ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა!“. რას არგებს კაცს გარჯა? თაობა თაობას ცვლის, ბუნებრივი ციკლები მეორდება, „ასე რომ, არაფერია ახალი მზის ქვეშ“ (1:2, 3, 9). შემკრებმა გული მიმართა, რომ გამოეკვლია და ეძებნა სიბრძნე მწუხარების მომტან ყველა იმ საქმეში, რასაც ადამიანის ძეები აკეთებენ; მაგრამ დაინახა, რომ — სიბრძნე და სიბრიყვე, საგმირო საქმეები და მძიმე შრომა, ჭამა და სმა — „ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა“. მას შესძულდა საკუთარი ინტერესებისთვის მიძღვნილი და მწუხარებით სავსე სიცოცხლე (1:14; 2:11, 17).
10. რა არის ღვთისგან ნაბოძები ძღვენი და რა არის ცოდვილი ადამიანის ბოლო?
10 ყველაფერს თავისი დრო აქვს და ღმერთმაც ‘თავის დროზე ყველაფერი მშვენივრად შექმნა’. მას სურს, რომ მისმა ქმნილებებმა გაიხარონ დედამიწაზე ცხოვრებით. „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“. მაგრამ, სამწუხაროდ, ცოდვილი ადამიანების ბოლო და ცხოველების ბოლო ერთნაირია: „როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა“ (3:1, 11—13, 19).
11. რა ბრძნული რჩევები მისცა შემკრებმა ღვთისმოშიშ ადამიანებს?
11 ბრძნული რჩევები ღვთისმოშიშთათვის (4:1—7:29). სოლომონმა მკვდრები ცოცხლებზე ბედნიერებად ჩათვალა, რადგან თავისუფლები იყვნენ „ყოველგვარი ჩაგვრისგან, რომელიც მზის ქვეშ ხდება“. შემდეგ მან განაგრძო ამაო და დამამწუხრებელი საქმეების აღწერა და ბრძნულად აღნიშნა: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას“ და „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (4:1, 2, 9, 12). მან შესანიშნავი რჩევა მისცა ღვთის ხალხს: „დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ; გიჯობს მზად იყო მოსასმენად“. მათ ღვთის წინაშე სიტყვის წარმოთქმა არ უნდა ეჩქარათ, ‘ცოტა უნდა ელაპარაკათ’ და არ უნდა დაეყოვნებინათ ღვთისთვის მიცემული აღთქმის შესრულება. მათ უნდა ‘შინებოდათ ჭეშმარიტი ღვთის’. როცა ღარიბებს ჩაგრავდნენ, უნდა ხსომებოდათ, რომ „მაღალზე უფრო მაღლა მდგომი უყურებს ამას; არიან მათზე მაღლა მდგომნიც“. შემკრები აღნიშნავს, რომ მსახურის ძილი ტკბილია, მდიდარს კი საზრუნავი ძილს უკრთობს. ის შიშველი მოვიდა ამქვეყნად და თავისი გარჯის მიუხედავად, ვერაფერს წაიღებს აქედან (5:1, 2, 4, 7, 8, 12, 15).
12. რა რჩევას გვაძლევს შემკრები სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებით და რატომ არის სიბრძნე ფულზე უმჯობესი?
12 კაცმა შეიძლება სიმდიდრე და დიდება მოიხვეჭოს, მაგრამ „ორი ათასი წელიც“ რომ იცხოვროს და კარგი არაფერი ნახოს, რა ხეირი ექნება?! უკეთესია, ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე დაფიქრდეს, ვიდრე კარგი დრო ატაროს სულელებთან ერთად „მხიარულების სახლში“. ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია „სულელის სიცილს“, „ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნს“ რომ ჰგავს. სიბრძნე სასარგებლოა. „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“. მაშ, რატომ გახდა ადამიანთა ცხოვრება ასეთი დამამწუხრებელი? „ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა, მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“ (6:6; 7:4, 6, 12, 29).
13. რა გვირჩია შემკრებმა, რა შეაქო და რა თქვა ადგილზე, სადაც ყველა მიდის?
13 ყველას ერთი ბოლო აქვს (8:1—9:12). შემკრებმა გვირჩია: „შეასრულე მეფის ბრძანება“. შემდეგ აღნიშნა, რომ მალევე არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის; „ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“ (8:2, 11). მან შეაქო მხიარულება, მაგრამ სამწუხარო რამ შეამჩნია. ყველა ადამიანი სიკვდილისკენ მიმავალ ერთი და იმავე გზას ადგას! ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, „მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (9:5, 10).
14. ა) რა ბრძნული რჩევები მოგვცა შემკრებმა? ბ) რა დასკვნა გამოიტანა მან?
14 სიბრძნე და ადამიანის ვალდებულება (9:13—12:14). შემკრებმა სხვა დამამწუხრებელი რამეც შენიშნა; მაგალითად ის, რომ „უგუნურებს მაღალი მდგომარეობა უკავიათ“. შემდეგ უამრავი ბრძნული იგავი წარმოთქვა და განაცხადა, რომ კაცი თუ ბრძნულად არ მოქმედებს, „ამაოებაა ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები“. მან თქვა: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიბერე მიწის მტვერში დააბრუნებს მას და გამართლდება შემკრების სიტყვები: „ამაოება! . . ყველაფერი ამაოებაა“. ის გამუდმებით აძლევდა ხალხს ცოდნას, რადგან „ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა“ და კარგი საქმეებისკენ აღძრავს. თუმცა ქვეყნიური სიბრძნის შესახებ განაცხადა: „წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია სხეულისთვის“. წიგნის დასასრულს შემკრებმა შეაჯამა ამაოებისა და სიბრძნის შესახებ მსჯელობა: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება. ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი“ (10:6; 11:1, 10; 12:1, 8—14).
რატომ არის სასარგებლო
15. როგორ განასხვავებს სოლომონი დამამწუხრებელ და ღირსეულ საქმეებს?
15 წიგნი „ეკლესიასტე“ შორს არის პესიმიზმისგან; მასში ღვთის სიბრძნე გამოსჭვივის. იმ საქმეების ჩამოთვლისას, რომელთაც სოლომონმა ამაოება უწოდა, არ მოიხსენია იერუსალიმში მორიას მთაზე იეჰოვას ტაძრის აგება და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. მან არც ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლის ძღვენს უწოდა ამაოება. პირიქით, თქვა, რომ ადამიანმა სიცოცხლით უნდა გაიხაროს და სიკეთე აკეთოს (3:12, 13; 5:18—20; 8:15). დამამწუხრებელ საქმეებში იგულისხმება საქმეები, რომლებშიც უგულებელყოფილია ღვთის ნება. მამამ შეიძლება შვილისთვის სიმდიდრე დააგროვოს, მაგრამ უბედური შემთხვევის დროს ყველაფერი დაიკარგოს და ის უპოვარი გახდეს. უმჯობესი იქნებოდა, მისთვის სულიერი მემკვიდრეობა დაეტოვებინა, რომელსაც მუდმივი სარგებლობა მოაქვს. რა სამწუხაროა, გქონდეს სიმდიდრე და ვერ გამოიყენო ის! ყველა მდიდარს უბედურება ეწევა — მოკვდებიან და თან ვერაფერს წაიღებენ (5:13—15; 6:1, 2).
16. როგორ ეთანხმება „კოჰელეთი“ ანუ „ეკლესიასტე“ იესოს სწავლებებს?
16 მათეს 12:42-ში იესომ თავის თავს „სოლომონზე დიდი“ უწოდა. სოლომონი იესოს განასახიერებდა. ეთანხმება ერთმანეთს „კოჰელეთ“-ისა და იესოს სწავლებები? მათ შორის ბევრი მსგავსებაა. მაგალითად, ღვთის საქმეების მასშტაბურობაზე იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17). სოლომონმაც მოიხსენია ღვთის საქმეები: „ვნახე ჭეშმარიტი ღვთის ყოველი საქმე, რომ ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს იმ საქმეს, რაც მზის ქვეშ კეთდება. როგორც არ უნდა გაისარჯოს ადამიანი მის ძებნაში, მაინც ვერ ჩასწვდება. თუნდაც თქვას, რომ საკმაოდ ბრძენია და შეუძლია მიხვდეს, მაინც ვერ ჩასწვდება“ (ეკლ. 8:17).
17. კიდევ რა მსგავსება არსებობს იესოსა და სოლომონის სიტყვებს შორის?
17 იესოც და სოლომონიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შეკრებისკენ მოუწოდებდნენ (მათ. 18:20; ეკლ. 4:9—12; 5:1). იესოს სიტყვები „ქვეყნიერების აღსასრულსა“ და „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროზე“ ეთანხმება სოლომონის განაცხადს, რომ „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“ (მათ. 24:3; ლუკ. 21:24; ეკლ. 3:1).
18. სოლომონის მსგავსად, რის შესახებ გაგვაფრთხილეს იესომ და მისმა მოწაფეებმა?
18 სოლომონის მსგავსად, იესომ და მისმა მოწაფეებმა მატერიალიზმის მახის შესახებ გაგვაფრთხილეს. სიბრძნე მართლაც დამცველია, რადგან „სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“, — თქვა სოლომონმა. „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“, — გვირჩია იესომ (ეკლ. 7:12; მათ. 6:33). ეკლესიასტეს 5:9-ში ნათქვამია: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა“. მსგავსი რამ თქვა პავლე მოციქულმაც 1 ტიმოთეს 6:6—19-ში: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“. „ეკლესიასტესა“ და ბიბლიის სხვა წიგნებს შორის შეგვიძლია სხვა პარალელების პოვნაც (ეკლ. 3:17 — საქ. 17:31; ეკლ. 4:1 — იაკ. 5:4; ეკლ. 5:1, 2 — იაკ. 1:19; ეკლ. 6:12 — იაკ. 4:14; ეკლ. 7:20 — რომ. 3:23; ეკლ. 8:17 — რომ. 11:33).
19. როგორი მომავლის იმედით ვიკრიბებით იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის?
19 ღვთის საყვარელი ძე, იესო ქრისტე, რომელიც ბრძენი მეფე სოლომონის შთამომავალი იყო, თავისი სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე ახალ საზოგადოებას ჩამოაყალიბებს (გამოცხ. 21:1—5). სოლომონის სამეფო იესოს სამეფოს განასახიერებდა, ამიტომ სოლომონის მიერ თავისი ქვეშევრდომებისთვის დაწერილი რჩევები საინტერესოა მათთვისაც, ვინც იმედს ამყარებს ღვთის სამეფოზე. ამ სამეფოს ქვეშევრდომები იმავე ბრძნული პრინციპებით იხელმძღვანელებენ, რომლებიც შემკრებმა დაწერა, და მარადიულად გაიხარებენ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლით. ახლა დროა, გავერთიანდეთ იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის, რათა მისი სამეფოს კურთხევებით გავიხაროთ (ეკლ. 3:12, 13; 12:13, 14).