ბიბლიის წიგნი 20 — იგავები
წარმომთქმელები: სოლომონი, აგური და ლემუელი
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 717
1. ვისი სიბრძნეა ჩაწერილი „იგავებში“?
დავითის ვაჟმა სოლომონმა ძვ. წ. 1037 წელს გამეფების შემდეგ იეჰოვას „სიბრძნე და ცოდნა“ სთხოვა, რათა მისი მრავალრიცხოვანი ხალხი განეგო. იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა და მისცა მას ‘ცოდნა, სიბრძნე და გაგებული გული’ (2 მატ. 1:10—12; 1 მეფ. 3:12; 4:30, 31). ამის წყალობით სოლომონმა „წარმოთქვა სამი ათასი იგავი“ (1 მეფ. 4:32). მისი ბრძნული სიტყვებიდან ზოგი ბიბლიის წიგნ „იგავებში“ ჩაიწერა. სოლომონს სიბრძნე „ღმერთმა ჩაუდო გულში“, ამიტომ „იგავებიდან“ იეჰოვას სიბრძნეს ვეცნობით (1 მეფ. 10:23, 24). ამ იგავებში შეჯამებულია არაერთი უცვლელი ჭეშმარიტება. ისინი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა პირველად წარმოითქვა.
2. რატომ იყო სოლომონის მმართველობის პერიოდი შესაფერისი დრო ხალხისთვის „იგავებში“ ჩაწერილი დარიგების მისაცემად?
2 სოლომონის მმართველობის პერიოდი შესაფერისი დრო იყო ხალხისთვის ამ ღვთივშთაგონებული დარიგების მისაცემად. ბიბლიაში სოლომონზე ნათქვამია, რომ „იეჰოვას ტახტზე“ იჯდა. ღმერთმა სოლომონს შეუდარებელი „სამეფო ღირსება“ მიანიჭა. მისი მეფობის დროს ისრაელს ოქროს ხანა დაუდგა (1 მატ. 29:23, 25). ეს იყო მშვიდობის, სიუხვისა და უსაფრთხოების პერიოდი (1 მეფ. 4:20—25). თუმცა ისრაელს ღმერთი ხელმძღვანელობდა, არასრულყოფილების გამო ისინი მაინც ხვდებოდნენ პრობლემებსა და სირთულეებს. ამიტომ გასაგებია, რომ ხალხი დახმარებისთვის ბრძენ მეფე სოლომონს მიმართავდა (1 მეფ. 3:16—28). სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას სოლომონი წარმოთქვამდა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ იგავებს. ამ მოკლე და სხარტ გამონათქვამებს ძალიან აფასებდნენ ისინი, ვისაც ღვთის ნებისამებრ ცხოვრება სურდა.
3. როგორ შეადგინეს „იგავები“?
3 წიგნში ნათქვამია, რომ სოლომონმა წარმოთქვა იგავები, მაგრამ არსად წერია, რომ მან დაწერა ისინი. სოლომონის შესახებ ასევე ვკითხულობთ, რომ ის „გულმოდგინედ იკვლევდა, რათა თანამიმდევრობით შეედგინა მრავალი იგავი“. აშკარაა, მას სურდა, იგავები სამომავლოდ შენახულიყო (1 მეფ. 4:32; ეკლ. 12:9). დავითისა და სოლომონის დროს მეფის კარზე მოხელეთა შორის მწერლებიც იყვნენ (2 სამ. 20:25; 2 მეფ. 12:10). ჩვენ არ ვიცით, სოლომონის იგავები სამეფო კარის მწერლებმა შეაგროვეს და ჩაწერეს თუ არა, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი სახელოვანი მმართველის გამონათქვამებს ძალიან აფასებდნენ და იწერდნენ. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წიგნი „იგავები“ შედგენილია სხვადასხვა კრებულიდან აღებული იგავებისგან.
4. ა) რა ნაწილებად შეგვიძლია დავყოთ „იგავები“? ბ) ვის ეკუთვნის „იგავების“ დიდი ნაწილი?
4 წიგნი შეგვიძლია ხუთ ნაწილად დავყოთ: 1) თავები 1—9, იწყება სიტყვებით: „ეს არის ისრაელის მეფის, დავითის ძის, სოლომონის იგავები“; 2) თავები 10—24, დასათაურებულია როგორც „სოლომონის იგავები“; 3) თავები 25—29, იწყება სიტყვებით: „ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას კაცებმა გადაწერეს“; 4) თავი 30, იწყება სიტყვებით: „იაკეს ძის, აგურის, სიტყვები“, და 5) თავი 31, რომელსაც წინ უძღვის სიტყვები: „მეფე ლემუელის სიტყვები, მნიშვნელოვანი ცნობა, დედამისის შეგონება“. ამგვარად, იგავების დიდი ნაწილი სოლომონს ეკუთვნის. რაც შეეხება აგურსა და ლემუელს, მათ შესახებ არაფერია ცნობილი. ზოგიერთი ბიბლეისტის ვარაუდით, ლემუელი, შესაძლოა, სოლომონის კიდევ ერთი სახელი იყო.
5. როდის დაწერეს და შეკრიბეს „იგავები“ ერთ წიგნად?
5 როდის დაწერეს და შეკრიბეს „იგავები“ ერთ წიგნად? წიგნის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სოლომონის მეფობის პერიოდში, მის განდგომილებამდე დაიწერა (ძვ. წ. 1037—998). ვინაიდან აგურისა და ლემუელის ვინაობა უცნობია, შეუძლებელია მათ მიერ წარმოთქმული იგავების დათარიღება. იგავების ერთ-ერთი კრებული ხიზკიას მეფობის დროს შეადგინეს (ძვ. წ. 745—717), ამიტომ შეუძლებელია, რომ „იგავების“ საბოლოოდ შეკრება მის მეფობამდე დასრულებულიყო. მისი მეფობის დროს შეკრიბეს წიგნის ბოლო ორი ნაწილიც? „ახალი ქვეყნიერების თარგმანში — სქოლიოებით“ იგავების 31:31-ის სქოლიოში ნათქვამია: «ებრაული ტექსტის ზოგიერთ ვარიანტში ჩნდება ტრიგრამატონი ანუ სამი ასო „ხეთ“, „ზაინ“ და „კოფ“ (חזק), მეფე ხიზკიას ხელმოწერა, რომელსაც მწერლების მიერ დასრულებულ ასლებზე აკეთებდა».
6. რა არის იგავი და რატომ შეეფერება წიგნს მისი ებრაული სახელწოდება?
6 ებრაულ ბიბლიებში თავდაპირველად წიგნი დასათაურებული იყო მისი პირველი სიტყვით „მიშლე“, რაც „იგავებს“ ნიშნავს. „მიშლე“ ებრაული არსებითი სახელის, „მაშალ“-ის მრავლობითი რიცხვია (status constructus). ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ ამ არსებითი სახელის ფუძე ნიშნავს „მსგავსს“ ან „შესადარს“. ეს სიტყვები სათანადოდ აღწერს წიგნის ხასიათს, რადგან იგავები შედგება ლაკონიური გამონათქვამებისგან, რომლებშიც ხშირად გამოიყენება მსგავსება ან შედარება, რათა მსმენელი ფიქრისკენ აღძრას. იგავების ლაკონიურობა აადვილებს მათ აღქმას და საინტერესოს ხდის მათ, რის გამოც მათი სწავლა, სწავლება და დამახსოვრება იოლია. გამონათქვამის არსი გონებაში იბეჭდება.
7. რა სტილით არის დაწერილი „იგავები“?
7 აგრეთვე ძალიან საინტერესოა წიგნის გადმოცემის სტილიც. ის ებრაული პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსთწყობით არის დაწერილი. წიგნში ძირითადად პარალელიზმები გვხვდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მუხლები გარითმულია. ის შედგება რიტმული სტრიქონებისგან, რომლებიც პარალელურ აზრებს გადმოსცემს. იგავების სილამაზე და შთამბეჭდაობა აზრთა ამგვარი რიტმულობის შედეგია. აზრები შეიძლება სინონიმური ან კონტრასტული იყოს; პარალელის გავლება განავრცობს აზრს და გასაგებად გადმოსცემს მის მნიშვნელობას. სინონიმური პარალელიზმის მაგალითებია იგავების 11:25; 16:18 და 18:15, ხოლო კონტრასტული პარალელიზმის მაგალითები, რომლებსაც უფრო მრავლად ვხვდებით, არის იგავების 10:7, 30; 12:25 და 15:8. სხვა სახის წყობას ვხვდებით წიგნის ბოლოში (იგავ. 31:10—31). ებრაულში ეს 22 მუხლი ისეა დაწყობილი, რომ ყოველი მომდევნო მუხლი ებრაული ანბანის მომდევნო ასოთი იწყება. ასეთ წყობას აკროსტიქი ეწოდება, რაც „ფსალმუნებშიც“ გვხვდება. სილამაზით ამ სტილს ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ბადალი არ მოეპოვება.
8. როგორ ადასტურებდნენ „იგავების“ უტყუარობას ადრინდელი ქრისტიანები?
8 იგავების უტყუარობა დასტურდება იმით, რომ ადრინდელი ქრისტიანები ხშირად მიმართავდნენ მას ქცევის ნორმებზე საუბრისას. როგორც ჩანს, იაკობმა კარგად იცოდა „იგავები“ და ქრისტიანულ ქცევასთან დაკავშირებულ თავის შესანიშნავ რჩევებს ამ წიგნიდან აღებულ ძირითად პრინციპებზე აფუძნებდა (შეადარეთ იგავების 14:29; 17:27 — იაკობის 1:19, 20; იგავების 3:34 — იაკობის 4:6; იგავების 27:1 — იაკობის 4:13, 14). ციტატები „იგავებიდან“ გვხვდება შემდეგ მუხლებშიც: რომაელების 12:20 — იგავების 25:21, 22; ებრაელების 12:5, 6 — იგავების 3:11, 12; 2 პეტრეს 2:22 — იგავების 26:11.
9. როგორ ეთანხმება „იგავები“ ბიბლიის სხვა წიგნებს?
9 „იგავები“ ბიბლიის დანარჩენ წიგნებსაც ეთანხმება, რაც ცხადყოფს, რომ ის „მთელი წმინდა წერილის“ ნაწილია. თუ მას შევადარებთ მოსეს კანონს, იესოს სწავლებებსა და მისი მოწაფეებისა და მოციქულების წიგნებს, აზრთა საოცარ ერთიანობას შევნიშნავთ (იხილეთ იგავების 10:16 — 1 კორინთელების 15:58 და გალატელების 6:8, 9; იგავების 12:25 — მათეს 6:25; იგავების 20:20 — გამოსვლის 20:12 და მათეს 15:4). წიგნის ავტორთა აზრი ბიბლიის სხვა მწერლების აზრს ემთხვევა მაშინაც კი, როცა ადამიანთა დასასახლებლად დედამიწის მომზადების საკითხს ეხებიან (იგავ. 3:19, 20; დაბ. 1:6, 7; იობ. 38:4—11; ფსალმ. 104:5—9).
10, 11. კიდევ რა ადასტურებს „იგავების“ ღვთივშთაგონებულობას?
10 წიგნის ღვთივშთაგონებულობას ისიც ადასტურებს, რომ ის მეცნიერულად ზუსტია, მაგალითად ქიმიურ პროცესებთან თუ მედიცინასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. იგავების 25:20-ში, როგორც ჩანს, მჟავა-ტუტოვანი რეაქცია იგულისხმება. იგავების 31:4, 5 შეესაბამება მეცნიერულ აღმოჩენას, რომ ალკოჰოლი აქვეითებს აზროვნების უნარს. მრავალი ექიმი და დიეტოლოგი აღიარებს თაფლის სამკურნალო თვისებებს, რაც შეგვახსენებს იგავს: „შვილო, ჭამე თაფლი, რადგან კარგია“ (იგავ. 24:13). ფსიქოსომატიკის აღმოჩენებიც არ არის ახალი „იგავებისთვის“, სადაც ვკითხულობთ: „მხიარული გული მკურნალივით არის“ (17:22; 15:17).
11 იგავების წიგნი ისე სრულად მოიცავს ადამიანთა ყველა მოთხოვნილებასა და ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომ ერთმა სპეციალისტმა აღნიშნა: „არ არსებობს ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელზეც არ არის შესაბამისი მითითება; არც კარგი საქციელი რჩება შექების გარეშე და არც ცუდი — შეგონების გარეშე. ადამიანის ცნობიერება გამუდმებით ღმერთს უკავშირდება . . . და ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი შემოქმედი და მსაჯული აკვირდება . . . ამ უძველეს წიგნში ყველანაირი კატეგორიის ადამიანს ვხვდებით; და თუმცა სამი ათასი წლის წინათ დაიწერა, იმდენად ახლოა ჩვენს ცხოვრებასთან, თითქოს მისი ავტორი ჩვენი თანამედროვეა“ (Dictionary of the Bible, 1890, სმითი, ტ. III, გვ. 2616).
შინაარსი
12. ა) რისგან შედგება „იგავების“ პირველი ნაწილი? ბ) რას ამბობს ის სიბრძნესა და ადამიანთა ქცევაზე? გ) რა აზრი გასდევს მთელ წიგნს?
12 პირველი ნაწილი (1:1—9:18). ეს არის მოკლე რჩევა-დარიგებებისგან შედგენილი პოემა, რომლითაც მამა მოძღვრავს შვილს. ის ხაზს უსვამს სიბრძნის აუცილებლობას, რათა გულის ანუ ჩვენი შინაგანი პიროვნებისა და სურვილების მართვა შევძლოთ. ის გვანახვებს სიბრძნის ღირებულებასა და იმ კურთხევებს, რომლებიც სიბრძნეს მოაქვს — ბედნიერებას, სიამეს, მშვიდობასა და სიცოცხლეს (1:33; 3:13—18; 8:32—35). ეს ყოველივე დაპირისპირებულია უგუნურებასა და იმ სავალალო შედეგებთან, ტანჯვასა და სიკვდილთან, რომლებიც უგუნურებას მოაქვს (1:28—32; 7:24—27; 8:36). ამ ნაწილში განხილული უამრავი ცხოვრებისეული სიტუაცია საერთო წარმოდგენას გვიქმნის ადამიანთა ქცევაზე, ასევე გვანახვებს ამა თუ იმ საქციელის როგორც ამჟამინდელ, ისე სამომავლო შედეგებს. მთელ წიგნს გასდევს იგავების 1:7-ში ჩაწერილი აზრი: „იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა“. ადამიანმა თავისი საქციელით უნდა ცხადყოს, რომ ახსოვს იეჰოვა. ამ ნაწილში არაერთხელ მეორდება, რომ უნდა გვახსოვდეს ღვთის კანონები, დავიცვათ მისი მითითებები და არასდროს უგულებელვყოთ ისინი.
13. რაზე ამახვილებს ყურადღებას „იგავების“ პირველი ნაწილი?
13 პირველი ნაწილი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს სიბრძნეზე, ცოდნაზე, იეჰოვას შიშზე, დარიგებასა და გამჭრიახობაზე. ის გვაფრთხილებს, მოვერიდოთ ცუდ საზოგადოებას, უზნეო ქალთან ურთიერთობას და იეჰოვას დარიგების უგულებელყოფას (1:10—19; 3:11, 12; 5:3—14; 7:1—27). მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სიბრძნე ადვილად ხელმისაწვდომია (1:20, 21; 8:1—11). გაპიროვნებული სიბრძნე თბილად მიმართავს გამოუცდელებს და ნათელს ჰფენს დედამიწასთან დაკავშირებულ შემოქმედებით საქმეებს (1:22—33; 8:4—36). მართლაც, რა საოცარი წიგნია! პირველი ნაწილი მთავრდება დასაწყისში მოყვანილი აზრით: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“ (9:10). ის გვარწმუნებს, რომ იეჰოვა თუ გვეხსომება ყველა ჩვენს გზაზე და მის სიმართლეს დავიცავთ, სიცოცხლეს მივიღებთ და მრავალ არასასურველ შედეგს ავირიდებთ თავიდან.
14. რა გვეხმარება „იგავებში“ ჩაწერილი რჩევების დამახსოვრებაში?
14 მეორე ნაწილი (10:1—24:34). ამ ნაწილში ჩაწერილი უამრავი გონივრული, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რჩევა რთულ სიტუაციებში ბრძნულად მოქცევას გვასწავლის, რაც ჩვენს ბედნიერებას უწყობს ხელს. დაპირისპირებული აზრები გვეხმარება რჩევების დამახსოვრებაში. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი საკითხი, რომლებიც განიხილება მე-10—12 თავებში.
სიყვარული — სიძულვილი
სიბრძნე — უგუნურება
პატიოსნება — უპატიოსნობა
ერთგულება — ცილისწამება
სიმართლე — ტყუილი
ხელგაშლილობა — სიძუნწე
გულმოდგინება — სიზარმაცე
უმწიკვლობით სიარული — მრუდე გზებით სიარული
კარგი რჩევა — არაგონივრული მითითება
მარჯვე ცოლი — შემარცხვენელი ცოლი
სიმართლე — ბოროტება
მოკრძალება — კადნიერება
თუ ზემოთ ჩამოთვლილს ყოველდღიურ ცხოვრებას დავუკავშირებთ, დავრწმუნდებით, რომ „იგავები“ ძალიან პრაქტიკული წიგნია.
15. მოიხსენიეთ ზოგიერთი ცხოვრებისეული საკითხი, რომელსაც „იგავები“ ეხება.
15 ამ ნაწილის დანარჩენი თავები (13:1—24:34) შეგვახსენებს იეჰოვას ნორმებს, რომლებიც წვდომის უნარსა და გამჭრიახობას გვძენს. მასში აღწერილი მრავალი ცხოვრებისეული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვანახვებს, რომ ეს წიგნი მრავლისმომცველია. ამ ნაწილში მოყვანილი სასარგებლო რჩევები ეხება თვალთმაქცობას, კადნიერებას, სიტყვის შესრულებას, წინდახედულობას, მეგობრების არჩევას, შვილების აღზრდა-დარიგებას, ადამიანურ თვალსაზრისს სიმართლეზე, რისხვის გაკონტროლებას, დაჩაგრულის შეწყალებას, თაღლითობას, ლოცვას, დაცინვას, აუცილებლით დაკმაყოფილებას, სიამაყეს, უკანონო შემოსავალს, მექრთამეობას, შუღლს, თავშეკავებას, განმარტოებას, დუმილს, მიკერძოებას, დავას, თავმდაბლობას, ფუფუნებას, დედ-მამაზე ზრუნვას, მათრობელ სასმელს, მოტყუებას, ცოლის თვისებებს, საჩუქრებს, სესხება-გასესხებას, სიკეთეს, ნდობას, მიჯნის გადაწევას, ოჯახის აღშენებას, შურს, შურისძიებას, ამაოებას, მშვიდ პასუხს, ფიქრსა და ნამდვილ მეგობარს. „იგავები“ მართლაც ძვირფასი რჩევების საგანძურია! ზოგმა შეიძლება ზემოხსენებულ საკითხთაგან ზოგიერთი უმნიშვნელოდ მიიჩნიოს, მაგრამ ბიბლია უყურადღებოდ არ ტოვებს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებსაც კი. ამ მხრივ „იგავები“ განუმეორებელი წიგნია.
16. რა სასარგებლო რჩევებს ვხვდებით „იგავების“ მესამე ნაწილში?
16 მესამე ნაწილი (25:1—29:27). ამ ნაწილში სასარგებლო რჩევებია მოცემული პატივისცემაზე, მოთმინებაზე, მტრობაზე, სულელისთვის პასუხის გაცემაზე, ხუმრობაზე, პირფერობაზე, შურზე, მეგობრისგან წყენაზე, შიმშილზე, ცილისწამებაზე, სარგებელზე, ცოდვების აღიარებაზე, ბოროტთა მმართველობის შედეგებზე, ქედმაღლობაზე, მართალთა მმართველობის შედეგებზე, ურჩ ბავშვებზე, მსახურისადმი დამოკიდებულებაზე, წვდომის უნარსა და ღვთისგან ხელმძღვანელობის მიღებაზე.
17. ა) რა „მნიშვნელოვანი ცნობა“ ჰქონდა აგურს? ბ) რა ოთხ-ოთხ რამეს აღწერს ის?
17 მეოთხე ნაწილი (30:1—33). ეს არის აგურის „მნიშვნელოვანი ცნობა“. დასაწყისში ავტორი თავმდაბლად აღიარებს, რომ ბევრი არაფერი აქვს დასაკვეხნი. ის აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ადამიანს შეექმნა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა. ღვთის სიტყვას ის წმინდას უწოდებს და ღმერთს ფარს ადარებს. ის ღმერთს სთხოვს, განაშოროს სიცრუე, არც სიღატაკეში ამყოფოს და არც სიმდიდრე მისცეს. ის საუბრობს უწმინდურ, ამაყ და ხარბ თაობაზე, რომელიც დედ-მამას წყევლის. მისი აზრით, ოთხი რამ არ ამბობს „კმარა!“ და ოთხი რამ არის გაუგებარი (30:15, 16). ის აღწერს, რა უსირცხვილოდ იმართლებს თავს მრუში ქალი. შემდეგ საუბრობს ოთხ რამეზე, რაც დედამიწას ვერ აუტანია, ოთხ რამეზე, რაც პატარაა, მაგრამ ინსტინქტურად ბრძენი და ოთხ რამეზე, რომლებიც თამამად დააბიჯებენ. ავტორი სხარტ შედარებებს იყენებს და გვაფრთხილებს, რომ ‘რისხვის ჭყლეტით ჩხუბი გამოდის’ (30:33).
18. რას ამბობს მეფე ლემუელი ა) უზნეო ქალზე და ბ) მარჯვე ცოლზე?
18 მეხუთე ნაწილი (31:1—31). ეს არის მეფე ლემუელის სიტყვები, „მნიშვნელოვანი ცნობა“, რომელიც ორი სტილითაა დაწერილი. პირველ ნაწილში ვკითხულობთ, რომ უზნეო ქალთან ურთიერთობას სავალალო შედეგები მოაქვს, მათრობელი სასმელი განსჯის უნარს აქვეითებს და სიმართლით განსჯა მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილის აკროსტიქი ეძღვნება მარჯვე ცოლის აღწერას. დაწვრილებით განიხილება, რა ძვირფასია ასეთი ქალი და აღნიშნულია, რომ ქმრის გული მასზეა მინდობილი და ისიც ამართლებს ნდობას. ის შრომისმოყვარეა, დილაადრიან დგება, ფულს ყაირათიანად ხარჯავს, სიკეთეს უკეთებს ღარიბებს, წინდახედულია, სიბრძნით ლაპარაკობს და ყურადღებას არ ადუნებს. შვილები პატივს სცემენ მას, ქმარი კი აქებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას იეჰოვას შიში აქვს.
რატომ არის სასარგებლო
19. რა მიზნით დაიწერა „იგავები“?
19 „იგავების“ დაწერის მიზანი მის პირველივე მუხლებში ჩანს: „სიბრძნის შესაცნობად და დასარიგებლად, რომ ჩასწვდე სიტყვებს, რომლებშიც გაგების უნარი ვლინდება, მიიღო დარიგება, რომლისგანაც მომდინარეობს წვდომის უნარი, სიმართლე, სამართლიანობა, პატიოსნება; რათა გამოუცდელებს მიეცეთ წინდახედულობა, ახალგაზრდებს კი — ცოდნა და ჭკუა“ (1:2—4). ამ მიზნის შესაბამისად, წიგნში ყურადღება მახვილდება ცოდნაზე, სიბრძნესა და გაგების უნარზე, რომელთაგან თითოეული მნიშვნელოვანია.
20. რას ამბობს „იგავები“ ცოდნაზე?
20 1) ცოდნა ადამიანისთვის აუცილებელია, რადგან უვიცობას კარგი არაფერი მოაქვს. იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა, ამიტომ საფუძვლიანი ცოდნის მიღება მის გარეშე შეუძლებელია. ასეთი ცოდნა ხალას ოქროზე სასურველია, რადგან მართალ ადამიანებს გადაარჩენს. ის ცოდვის ჩადენისგან გვაკავებს. ნამდვილად ღირს, ვისწრაფოთ მისი შეძენისკენ! ის ძვირფასია, ამიტომ გასათვალისწინებელია შემდეგი რჩევა: „ყური მიაპყარი ბრძენთა სიტყვებს და მოისმინე, რომ გული დაუდო ჩემს ცოდნას“ (22:17; 1:7; 8:10; 11:9; 18:15; 19:2; 20:15).
21. რას ვსწავლობთ „იგავებიდან“ სიბრძნეზე?
21 2) სიბრძნე, იეჰოვას განსადიდებლად ცოდნის სწორად გამოყენების უნარი, უმთავრესია. შეიძინეთ ის! სიბრძნის წყარო იეჰოვაა. სიცოცხლის მომცემი სიბრძნის მიღება იეჰოვა ღმერთის გაცნობითა და მისდამი შიშის განვითარებით იწყება. ეს სიბრძნის უდიდესი საიდუმლოა. ასე რომ, გეშინოდეთ ღვთისა და არა ადამიანის. გაპიროვნებული სიბრძნე ყველას მოუწოდებს, რომ სწორ გზას დაადგნენ. ის ქუჩებში გაჰყვირის. იეჰოვა უხმობს გამოუცდელებსა და უგუნურებს, დაუბრუნდნენ მას და ჭამონ სიბრძნის პური. იეჰოვას შიში თუ ექნებათ, თუნდაც მდიდრები არ იყვნენ, მაინც ბედნიერები იქნებიან. სიბრძნეს მრავალი კურთხევა სდევს. სიბრძნისა და ცოდნის გარეშე შეუძლებელია საღად აზროვნება. სიბრძნე თაფლივით სასარგებლო და სასიამოვნოა, ოქროზე ძვირფასია და სიცოცხლის ხეა. ხალხი სიბრძნის გარეშე იღუპება. ის დამცავია და მას დღეგრძელობა მოაქვს (4:7; 1:7, 20—23; 2:6, 7, 10, 11; 3:13—18, 21—26; 8:1—36; 9:1—6, 10; 10:8; 13:14; 15:16, 24; 16:16, 20—24; 24:13, 14).
22. როგორ გვიცავს გაგების უნარი?
22 3) ცოდნასა და სიბრძნესთან ერთად გაგების უნარიც მნიშვნელოვანია. ამიტომაც „იგავები“ მოგვიწოდებს, შევიძინოთ „გაგების უნარი“. გაგების უნარში იგულისხმება რისამე არსში სრული წვდომა. ამისთვის საჭიროა გამჭრიახობა და ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინება, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი გონების იმედზე ვერ იქნება. შეუძლებელია ადამიანს გაგების უნარი და გამჭრიახობა ჰქონდეს, თუ ის იეჰოვას უპირისპირდება. მან დამალული განძივით უნდა ეძებოს გაგების უნარი, რისთვისაც ცოდნაა საჭირო. ამგვარად, მისი ძალისხმევა დაჯილდოვდება და ის სიბრძნეს შეიძენს. ის დაცული იქნება ქვეყნიერებაში არსებული მრავალი საფრთხისგან, მაგალითად ბოროტი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ, მას სწორი გზიდან გადაახვევინონ. ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ იეჰოვა ღმერთს, რომელიც გვაძლევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცოდნას, სიბრძნესა და გაგების უნარს (4:7; 2:3, 4; 3:5; 15:14; 17:24; 19:8; 21:30).
23. რა ბრძნულ რჩევებს განვიხილავთ ქვემოთ?
23 „იგავები“ ამართლებს თავის მიზანს და უხვად გვაძლევს ბრძნულ, ღვთივშთაგონებულ რჩევებს, რომლებიც გვეხმარება შევიძინოთ გაგების უნარი და იცავს ჩვენს გულს, „სიცოცხლის წყაროს“ (4:23). ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი ბრძნული რჩევა, რომლებიც არაერთხელ მეორდება „იგავებში“.
24. რას ამბობს „იგავები“ ბოროტებსა და მართლებზე?
24 ბოროტებისა და მართლების ხვედრი: ბოროტის უკუღმართობა არ დაიმალება და რისხვის დღეს სიმდიდრე ვერ გადაარჩენს მას. მართალი კი სიცოცხლის გზას ადგას და იეჰოვასგან დაჯილდოვდება (2:21, 22; 10:6, 7, 9, 24, 25, 27—32; 11:3—7, 18—21, 23, 30, 31; 12:2, 3, 7, 28; 13:6, 9; 14:2, 11; 15:3, 8, 29; 29:16).
25. რას ამბობს „იგავები“ უზნეობაზე?
25 ზნეობრივი ნორმების დაცვა: სოლომონი არაერთხელ გვაფრთხილებს, არ ჩავიდინოთ უზნეობა. მრუშები უბედურებასა და დამცირებას დაიტეხენ და სირცხვილი არ ჩამოშორდებათ. ახალგაზრდას შეიძლება ჰგონია, რომ „მოპარული წყალი“ ტკბილია, მაგრამ მეძავი სიკვდილისკენ მიექანება და გამოუცდელი მსხვერპლიც თან მიჰყავს. იეჰოვა განსჯის მათ, ვინც უზნეობაშია ჩაფლული (2:16—19; 5:1—23; 6:20—35; 7:4—27; 9:13—18; 22:14; 23:27, 28).
26. რა არის ნათქვამი „იგავებში“ თავშეკავებაზე?
26 თავშეკავების აუცილებლობა: „იგავები“ გმობს ლოთობასა და გაუმაძღრობას. ვისაც ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს, ჭამა-სმაში ზომიერება მართებს (20:1; 21:17; 23:21, 29—35; 25:16; 31:4, 5). რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია და ქალაქის დამპყრობს სჯობია (14:17, 29; 15:1, 18; 16:32; 19:11; 25:15, 28; 29:11, 22). თავშეკავებაა საჭირო, რომ ადამიანი შურიანი არ იყოს, რაც ძვლების ლპობაა (14:30; 24:19; 27:4; 28:22).
27. ა) რა იგულისხმება უგუნურ ლაპარაკში? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი მეტყველების უნარის ბრძნულად გამოყენება?
27 გონივრული და უგუნური ლაპარაკი: უკუღმართად მოლაპარაკე, ცილისმწამებელი, ცრუმოწმე და მატყუარა მხილებული იქნება, რადგან ეს ყოველივე სძულს იეჰოვას (4:24; 6:16—19; 11:13; 12:17, 22; 14:5, 25; 17:4; 19:5, 9; 20:17; 24:28; 25:18). სიმართლის ლაპარაკს სიცოცხლე მოაქვს, სულელის პირი კი თავის დაღუპვას აჩქარებს. „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, მისი მოყვარული მის ნაყოფს შეჭამს“ (18:21). ღმერთი გმობს ცილისწამებას, სიცრუეს, პირფერობასა და დაუფიქრებლად ლაპარაკს. ჭეშმარიტების ლაპარაკი და ღვთის განდიდება სიბრძნეზე მოწმობს (10:11, 13, 14; 12:13, 14, 18, 19; 13:3; 14:3; 16:27—30; 17:27, 28; 18:6—8, 20; 26:28; 29:20; 31:26).
28. რა დაემართებათ ამაყებს და რა კურთხევები ექნებათ თავმდაბლებს?
28 სიამაყე და თავმდაბლობა: ამაყ ადამიანს თავი ისეთად მოაქვს, როგორიც სინამდვილეში არ არის, ამიტომ ის დაეცემა. გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის, თავმდაბლებს კი სიბრძნეს, დიდებას, სიმდიდრესა და სიცოცხლეს ანიჭებს (3:7; 11:2; 12:9; 13:10; 15:33; 16:5, 18, 19; 18:12; 21:4; 22:4; 26:12; 28:25, 26; 29:23).
29. როგორ ახასიათებს „იგავები“ ზარმაცებს და როგორ ფასდება მუყაითობა?
29 სიზარმაცე და მუყაითობა: „იგავებში“ არაერთხელ ვხვდებით ზარმაცი ადამიანის დახასიათებას. ის ჭიანჭველასთან უნდა მივიდეს, დააკვირდეს მას და დაბრძენდეს. მუყაითს ყველაფერში ხელი ემართება (1:32; 6:6—11; 10:4, 5, 26; 12:24; 13:4; 15:19; 18:9; 19:15, 24; 20:4, 13; 21:25, 26; 22:13; 24:30—34; 26:13—16; 31:24, 25).
30. როგორ უსვამს ხაზს „იგავები“ ჯანსაღი ურთიერთობის აუცილებლობას?
30 კარგი საზოგადოება: უგუნურებაა მათთან ურთიერთობა, ვისაც იეჰოვას შიში არ გააჩნია, ვინც ბოროტი, სულელი, მრისხანე, ჭორიკანა ან გაუმაძღარია. უმჯობესია, ვიმეგობროთ ბრძენებთან და თავადაც დავბრძენდეთ (1:10—19; 4:14—19; 13:20; 14:7; 20:19; 22:24, 25; 28:7).
31. რა ბრძნული რჩევა გვეძლევა შეგონებასთან დაკავშირებით?
31 შეგონების აუცილებლობა: „იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს“. დიდებისა და სიცოცხლის გზას ადგას ის, ვინც ყურად იღებს ამ დარიგებას. შეგონების მოძულე შერცხვება (3:11, 12; 10:17; 12:1; 13:18; 15:5, 31—33; 17:10; 19:25; 29:1).
32. რა რჩევები ეძლევათ ცოლებს?
32 რჩევები ცოლებისთვის: „იგავები“ არაერთხელ აფრთხილებს ცოლებს, არ იყვნენ ანჩხლები და შემარცხვენლები. გონიერი, ღვთისმოშიში და მარჯვე ცოლის ენაზე სიკეთის კანონია. ვინც ასეთ ცოლს იპოვის, იეჰოვას კეთილგანწყობას იძენს (12:4; 18:22; 19:13, 14; 21:9, 19; 27:15, 16; 31:10—31).
33. რა სასარგებლო რჩევებს იძლევა „იგავები“ შვილების აღზრდასთან დაკავშირებით?
33 შვილების აღზრდა: რეგულარულად ასწავლეთ მათ ღვთის მითითებები, რომ ‘არ დაივიწყონ’. სიყრმიდანვე იეჰოვას დარიგებით აღზარდეთ ისინი. საჭიროების შემთხვევაში გაწკეპვლას ნუ მოერიდებით. ჯოხი და შეგონება მშობლის სიყვარულზე მეტყველებს და სიბრძნეს იძლევა. ვინც შვილებს იეჰოვას მოსაწონად ზრდის, ბრძენი შვილები ეყოლება, რომლებიც მშობლებს სიხარულსა და სიამოვნებას მიანიჭებენ (4:1—9; 13:24; 17:21; 22:6, 15; 23:13, 14, 22, 24, 25; 29:15, 17).
34. რა სარგებლობა მოაქვს სხვების დახმარებას?
34 სხვების დახმარების პასუხისმგებლობა: „იგავებში“ ამას ხშირად ესმება ხაზი. ბრძენმა ადამიანმა ცოდნა სხვებს უნდა გაუზიაროს. ის მზად უნდა იყოს ღარიბის დასახმარებლად; თუ ასე მოიქცევა, ის სესხს მისცემს იეჰოვას, რომელიც აუცილებლად გადაუხდის (11:24—26; 15:7; 19:17; 24:11, 12; 28:27).
35. რას გვირჩევს „იგავები“ პრობლემებთან გასამკლავებლად?
35 იეჰოვაზე მინდობა: „იგავები“ სწვდება ჩვენი პრობლემების არსს და გვირჩევს, ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას. ის ყველა ჩვენს გზაზე უნდა გვახსოვდეს. ადამიანს შეუძლია დაგეგმოს თავისი ცხოვრება, მაგრამ მისი ნაბიჯები იეჰოვამ უნდა წარმართოს. იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია, მართალს შეუძლია თავი შეაფაროს და უსაფრთხოდ იყოს. მიენდეთ იეჰოვას და რჩევებისთვის მის სიტყვას მიმართეთ (3:1, 5, 6; 16:1—9; 18:10; 20:22; 28:25, 26; 30:5, 6).
36. რატომ შეიძლება ეწოდოს „იგავებს“ თანამედროვე, პრაქტიკული და სასარგებლო წიგნი?
36 წიგნი „იგავები“ ნამდვილად სასარგებლოა სასწავლებლად და გამოსასწორებლად! ის უყურადღებოდ არ ტოვებს ადამიანთა ურთიერთობის არც ერთ მხარეს. იჭერს თავს ვინმე შორს თანაქრისტიანებისგან? (18:1); აკეთებს პასუხისმგებელი პირი დასკვნას საქმის გამოკვლევამდე? (18:17); ხუმრობს ვინმე ბოროტად? (26:18, 19); არის ვინმე მიკერძოებული? (28:21). ვაჭრებს, მიწათმოქმედებს, ქმრებს, ცოლებსა და შვილებს — ყველას შეუძლია წიგნ „იგავებში“ სასარგებლო რჩევების პოვნა. ის ეხმარება მშობლებს, დაიცვან შვილები იმ უამრავი საფრთხისგან, რომლებიც ახალგაზრდებს ემუქრებათ. ბრძენებს შეუძლიათ გამოუცდელებს ასწავლონ. ეს იგავები პრაქტიკულია ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის. წიგნში მოცემული რჩევები არასოდეს ძველდება. ამერიკელმა განმანათლებელმა, უილიამ ლაიონ ფელფსმა აღნიშნა: «„იგავები“ უფრო თანამედროვეა, ვიდრე დილის გაზეთი»a. ის არის თანამედროვე, პრაქტიკული და სასწავლებლად სასარგებლო, რადგან ღვთის შთაგონებით არის დაწერილი.
37. როგორ ეთანხმება „იგავები“ იესოს სწავლებებს?
37 წიგნი „იგავები“, რომელშიც ძირითადად სოლომონის სიტყვებია ჩაწერილი, სასარგებლოა გამოსასწორებლად, რადგან ყურადღებას ყოვლისშემძლე ღმერთზე ამახვილებს. მსგავსად იქცეოდა იესო ქრისტეც, რომელსაც მათეს 12:42-ში „სოლომონზე დიდი“ ეწოდება.
38. როგორ გვიღრმავებს „იგავები“ ღვთის სამეფოსა და მისი სამართლიანი პრინციპების შესახებ ცოდნას?
38 რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ აღთქმული სამეფოს შთამომავლად უსაზღვროდ ბრძენი პიროვნება აირჩია! მისი ტახტი „სიმართლით გამტკიცდება“ და მისი მშვიდობიანი მმართველობა მეფე სოლომონის მმართველობაზე ბევრად დიდებული იქნება. ამ სამეფოზე გამართლდება სიტყვები: „სიკეთე და ჭეშმარიტება იცავს მეფეს; ის სიკეთით განამტკიცებს თავის ტახტს“. ამის წყალობით კაცობრიობას მარადიულად ეყოლება სამართლიანი ხელისუფლება, რის შესახებაც „იგავებში“ ნათქვამია: „თუ მეფე საწყალ ხალხს სიმართლით განსჯის, მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება“. გარდა იმისა, რომ „იგავები“ ცოდნისკენ, სიბრძნისკენ, გაგების უნარისა და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას გვანახვებს, გვახარებს იმის ცოდნა, რომ ის განადიდებს იეჰოვას, ჭეშმარიტი სიბრძნის წყაროს, რომელიც ამ სიბრძნეს იესო ქრისტეს, სამეფოს მემკვიდრის მეშვეობით გვაძლევს. „იგავების“ დახმარებით მეტს ვიგებთ ღვთის სამეფოსა და იმ სამართლიანი პრინციპების შესახებ, რომლითაც ის დღეს ხელმძღვანელობს (იგავ. 25:5; 16:12; 20:28; 29:14).
[სქოლიო]
a Treasury of the Christian Faith, 1949, სტაბერი და კლარკი, გვ. 48.