საიდან მოვიდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი უამრავი ხალხი?
„აჰა, უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ“ (გამოცხადება 7:9).
1. რატომ იმსახურებს დღეს ჩვენს დიდ ინტერესს გამოცხადებაში ჩაწერილი ხილვა?
ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის დასასრულს მოციქულ იოანეს ჰქონდა იეჰოვას განზრახვებთან დაკავშირებული სასწაულებრივი ხილვები. იმ ხილვებიდან ზოგიერთი სწორედ ახლა სრულდება. სხვები კი დროულად შესრულდება ახლო მომავალში. ყოველივე ეს შეეხება იეჰოვას დიდებული განზრახვების დრამატულ კულმინაციას, რომ ყოველი ქმნილების წინაშე წმინდა გახდეს მისი სახელი (ეზეკიელი 38:23; გამოცხადება 4:11; 5:13). უფრო მეტიც, იეჰოვას განზრახვები შეეხება თითოეული ჩვენგანის მომავალ ცხოვრებას. როგორ?
2. ა) რა იხილა მოციქულმა იოანემ თავის მეოთხე ხილვაში? ბ) რომელი კითხვების განხილვას ვაპირებთ ამ ხილვასთან დაკავშირებით?
2 გამოცხადების ხილვების მეოთხე ნაწილში იოანემ იხილა ანგელოზები, რომელთაც ეპყრათ განადგურების ოთხი ქარი იმ დრომდე, ვიდრე „ჩვენი ღმერთის მონებს“ დაბეჭდავდნენ შუბლებზე. შემდეგ მას ჰქონდა ძალზე შთამბეჭდავი ხილვა — „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, და ხალხებიდან და ენებიდან“, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში და პატივს მიაგებდნენ მის ძეს. როგორც იოანეს ამცნეს, ესენი იყვნენ დიდი ჭირიდან მოსულები (გამოცხადება 7:1–17, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აღწერილი არიან როგორც ‘ჩვენი ღმერთის მონები’ ? ვინ არიან ისინი, ვინც ‘უამრავ ხალხს’ შეადგენს და რომლებმაც დიდი ჭირი გადაიტანეს? იქნები თუ არა შენც ერთ-ერთი მათგანი?
ვინ არიან ‘ჩვენი ღმერთის მონები’ ?
3. ა) იოანეს 10:1–15-ში რას შეადარა იესომ თავის მიმდევრებთან საკუთარი ურთიერთობა? ბ) რა გახდა შესაძლებელი ცხვრისთვის იესოს შეწირვის მეშვეობით?
3 სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე იესო ლაპარაკობდა, რომ თავად იყო „მწყემსი კეთილი“, ხოლო თავისი მიმდევრები — „ცხვრები“, რომლებისთვისაც საკუთარი სიცოცხლე გაწირა. მან ხაზგასმით მოიხსენია ცხვრები, რომლებიც ჰპოვა სიმბოლურ ფარეხში და შემდეგ განსაკუთრებული სიყვარულით იზრუნა მათზე (იოანე 10:1–15)a. იესომ სიყვარულით დათმო საკუთარი სული ცხვრისთვის, მათთვის გაიღო გამოსასყიდი, რაც აუცილებელი იყო, რომ გაეთავისუფლებინა ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან.
4. ვინ იყვნენ პირველები იმ შეკრებილთა შორის, რომელთა შესახებაც ლაპარაკობდა იესო?
4 ვიდრე ამას გააკეთებდა, იესომ, როგორც კეთილმა მწყემსმა, პირადად შეაგროვა მოწაფეები. მათგან პირველები წარდგენილი იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მიერ, რომელიც იესოს იგავის თანახმად იყო „მეკარე“. იესო ეძებდა ადამიანებს, რომლებიც სიხარულით გამოეხმაურებოდნენ უპირატესობას, გამხდარიყვნენ ‘აბრაამის თესლის’ ნაწილი (დაბადება 22:18; გალატელთა 3:16, 29). მან ზეციერი სამეფოს მიმართ მადლიერება განავითარა მათ გულებში და დაარწმუნა, რომ მიდიოდა ზეციერი მამის სახლში მათთვის ადგილების მოსამზადებლად (მათე 13:44–46; იოანე 14:2, 3). მან სათანადოდ თქვა: „იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ხოლო ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას“ (მათე 11:12). მათ, რომლებიც მიჰყვებიან მას, რომ მიაღწიონ ამ მიზანს, დაამტკიცეს, რომ არიან იმ ფარაში, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა იესო.
5. ა) ვინ არიან „ჩვენი ღმერთის მონები“, რომელთა შესახებაც ლაპარაკია გამოცხადების 7:3–8-ში? ბ) რა ცხადყოფს, რომ სულიერ ისრაელებს თაყვანისცემაში მხარში ამოუდგებოდა სხვა მრავალი?
5 როგორც გამოცხადების 7:3–8-შია ნათქვამი, ისინი, რომლებიც წარმატებით მიიწევენ წინ ზეციერი იმედისკენ, ასევე მოხსენიებული არიან, როგორც ‘ღვთის მონები’ (იხილე 1 პეტრე 2:9, 16). არიან თუ არა 144 ათასის წევრები ებრაელები? იესოს იგავის სიმბოლურ ფარაში მხოლოდ ებრაელები არიან? ნათელია, რომ არა; 144 000 წარმოადგენს ღმერთის სულიერ ისრაელს და გაერთიანებულია იესოსთან ერთად აბრაამის სულიერ თესლში (გალატელთა 3:28, 29; 6:16; გამოცხადება 14:1, 3, აფ). საბოლოოდ მოვიდოდა დრო, როდესაც შეივსებოდა მუდმივი რიცხვი. რა მოხდებოდა შემდეგ? როგორც იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში სულიერ იესრაელს უამრავი ხალხი შეუერთდებოდა (ზაქარია 8:23).
‘სხვა ცხვრები’ — არიან თუ არა ქრისტიანები წარმართთაგან?
6. რის შესახებ მიუთითებს იოანეს 10:16?
6 შემდეგ, იოანეს 10:7–15-ში მოხსენიებულ ფარასთან, იესომ მოიხსენია სხვა ჯგუფიც, როდესაც თქვა: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“ (იოანე 10:16). ვინ არიან ‘სხვა ცხვრები’ ?
7, 8. ა) რატომ არის დაფუძნებული არასწორ წინაპირობაზე იდეა, რომ სხვა ცხვრები წარმართებიდან მოსული ქრისტიანები არიან? ბ) დედამიწის მიმართ ღმერთის განზრახვებთან დაკავშირებით, რა ფაქტებმა უნდა მოახდინოს ზეგავლენა ჩვენს აზროვნებაზე იმის შესახებ, თუ ვინ არიან სხვა ცხვრები?
7 ქრისტიანული სამყაროს კომენტატორებს მიაჩნიათ, რომ ზეცაში მიდის ორი ჯგუფი — სხვა ცხვრები, რომლებიც არიან ქრისტიანები წარმართთაგან, და ისინი, ვინც არიან ფარეხში — ებრაელი ქრისტიანები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რჯულის აღთქმას. მაგრამ იესო არ მოსულა, როგორც გარეშე პირი და არ ესაჭიროებოდა მეკარე, რომელიც გზას მისცემდა ებრაელთა ფარეხში შესასვლელად, რომლისთვისაც რჯული დამცველი კედელი იყო. იესო დაიბადა როგორც ებრაელი და ამიტომაც რჯულს ექვემდებარებოდა (გალატელთა 4:4). უფრო მეტიც, ისინი, რომლებიც ფიქრობდნენ, — რომ სხვა ცხვრები — ქრისტიანები წარმართთაგან — დაჯილდოვდებოდნენ ზეციერი ცხოვრებით, შეცდნენ, რადგან მხედველობიდან გამორჩათ ღმერთის განზრახვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც იეჰოვამ შექმნა პირველი ადამიანები და დაასახლა დედამიწაზე სამოთხეში, ცხადია, რომ მისი განზრახვა იყო ადამიანებს დედამიწაზე ეცხოვრათ, რომ სამოთხე მთელ დედამიწაზე ყოფილიყო და სამოთხეზე მზრუნველ ადამიანებს მარადიული სიცოცხლით ნეტარება ეგრძნოთ — იმ პირობით, თუ დაემორჩილებოდნენ და პატივს მიაგებდნენ თავიანთ შემოქმედს (დაბადება 1:26–28; 2:15–17; ესაია 45:18).
8 როდესაც ადამმა შესცოდა, იეჰოვას განზრახვა არ ჩაშლილა. ღმერთმა სიყვარულით გაითვალისწინა ადამის შთამომავლებისთვის მშვენიერი შესაძლებლობა, რომ მათ ეგრძნოთ ის ნეტარება, რაც ადამმა არ დააფასა. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ წარმოგზავნიდა მხსნელს, თესლს, რომლის მეშვეობითაც კურთხევა ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა ერისთვის (დაბადება 3:15; 22:18). ეს აღთქმა არ ნიშნავდა, რომ ყველა კარგი ადამიანი წავიდოდა ზეცაში. იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, ელოცათ: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ იესომ წარმოთქვა იგავი, რომელიც ჩაწერილია იოანეს 10:1–16-ში, მან უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ეს შეეხებოდა ‘მცირე სამწყსოს’, რომელიც იეჰოვამ მოიწონა ზეციერი სამეფოსთვის (ლუკა 12:32, 33). ასე რომ, როდესაც ვკითხულობთ იესოს იგავს კეთილ მწყემსზე, რომელიც თავად იესოა და რომელმაც საკუთარი სული გასწირა თავისი ცხვრებისთვის, შეცდომა იქნებოდა არ გვერწმუნა, რომ ისინი, ვისზეც სიყვარულით მზრუნველობს იესო, არიან ზეციერი სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები (იოანე 3:16).
9. რას მიხვდნენ ბიბლიის მკვლევარები ჯერ კიდევ 1884 წელს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან სხვა ცხვრები?
9 ადრე, 1884 წელს, „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) ნათქვამი იყო, რომ სხვა ცხვრები არიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ დედამიწაზე ისეთ პირობებში, როგორიც თავდაპირველად ჰქონდა განზრახული ღმერთს. ბიბლიის ადრეულ მკვლევარებს ესმოდათ, რომ სხვა ცხვრებთაგან ზოგიერთებმა ცხოვრება დაასრულეს იესოს დედამიწაზე მსახურებამდე. არსებობდა ზოგიერთი წვრილმანი, რომლებიც ბიბლიის ადრეულ მკვლევარებს ზუსტად არ ესმოდათ. მაგალითად, ისინი ფიქრობდნენ, რომ სხვა ცხვრების შეგროვება დაიწყებოდა მაშინ, როდესაც ყველა ცხებული მიიღებდა ზეციურ ჯილდოს. ისინი მიხვდნენ, რომ სხვა ცხვრები მხოლოდ წარმართთაგან მოსული ქრისტიანები არ არიან. სხვა ცხვრებში შედიოდნენ, როგორც ებრაელები, ასევე წარმართები, ყველა ხალხიდან, ერიდან და რასიდან (შეადარე საქმეები 10:34, 35).
10. როგორი უნდა ვიყოთ, რომ შევესაბამებოდეთ იესოს მიერ აღწერილ სხვა ცხვარს?
10 იესოს მიერ აღწერილს რომ შეესაბამებოდეს, სხვა ცხვრები უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რასობრივი ან ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, იესო ქრისტეს კეთილ მწყემსად აღიარებენ. რას ნიშნავს ეს? მათ უნდა გამოავლინონ თავმდაბლობა და მზად უნდა იყვნენ ხელმძღვანელობისადმი მორჩილებისთვის, რადგან ზუსტად ეს თვისებები ახასიათებს ცხვარს (ფსალმუნი 36:11). მცირე სამწყსოს მსგავსად, ისინი უნდა ‘ცნობდნენ თავიანთი [კეთილი მწყემსის] ხმას’ და ნება არ უნდა დართონ საკუთარ თავს, მიჰყვნენ მათ ხელმძღვანელობას, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მათზე (იოანე 10:4; 2 იოანე 9, 10). მათ უნდა დააფასონ დიდი მნიშვნელობა იმისა, რაც იესომ გააკეთა, როდესაც საკუთარი სული გაწირა თავისი ცხვრისთვის და უნდა გააძლიერონ რწმენა ამასთან დაკავშირებით (საქმეები 4:12). მათ უნდა ‘უსმინონ’ კეთილი მწყემსის ხმას, რომელიც მოუწოდებს მათ, რომ წმინდა მსახურებით მხოლოდ იეჰოვას მიაგონ პატივი, რომ უპირველესად ღმერთის სამეფო ეძებონ, რომ გამოეყონ ქვეყნიერებას და გამოავლინონ თავგანწირული სიყვარული ერთმანეთის მიმართ (მათე 4:10; 6:31–33; იოანე 15:12, 13, 19). შეესაბამები თუ არა იმათ აღწერილობას, რომლებსაც იესო თავის სხვა ცხვრებად მიიჩნევს? გსურს თუ არა იყო ერთ-ერთი მათგანი? და რამდენად დიდებული ურთიერთობაა ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც ნამდვილად არის იესოს სხვა ცხვარი!
სამეფოს მმართველების დაფასება
11. ა) თავისი თანდასწრების ნიშნად, რა თქვა იესომ ცხვრებისა და თხების შესახებ? ბ) ვინ არიან ძმები, ვისაც იესო მიმართავს?
11 მას შემდეგ, რაც იესომ ზემოხსენებული იგავი მოიყვანა, გავიდა რამდენიმე თვე და ის კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა. როდესაც ზეთისხილის მთაზე იჯდა, რომელიც ტაძარს გადაჰყურებდა, თავის მოწაფეებს აუხსნა ზოგიერთი წვრილმანი ‘წუთისოფლის აღსასრულის ნიშანზე’ (მათე 24:3). იესომ კვლავ ისაუბრა ცხვრების შეგროვების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად მან თქვა: „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ“. ამ იგავში იესომ აჩვენა, რომ ისინი, ვისაც მეფე მიაქცევს ყურადღებას, გასამართლდებიან იმის საფუძველზე, თუ როგორ ექცეოდნენ მის ‘ძმებს’ (მათე 25:31– 46). ვინ არიან ეს ძმები? ისინი არიან სულიერად შობილი ქრისტიანები და ამიტომ არიან „ღმერთის ძეები“. იესო ღმერთის მხოლოდშობილი ძეა. ასე რომ, ისინი არიან ქრისტეს ძმები. ისინი არიან „ჩვენი ღმერთის მონები“, რომლებიც ნახსენებია გამოცხადების 7:3-ში და რომელთა არჩევაც მოხდა ადამიანთაგან, რომ ქრისტესთან ერთად იყვნენ ზეციერ სამეფოში (რომაელთა 8:14–17).
12. რატომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები ქრისტეს ძმებს?
12 ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანები სამეფოს ამ მემკვიდრეებს. გაქვს თუ არა მათზე ისეთი თვალსაზრისი, როგორიც აქვთ იეჰოვასა და ქრისტეს? (მათე 24:45– 47; 2 თესალონიკელთა 2:13). ამ ცხებულების მიმართ პიროვნების დამოკიდებულება ირეკლავს თვით იესო ქრისტესა და მისი მამის, სამყაროს უზენაესის მიმართ დამოკიდებულებას (მათე 10:40; 25:34–46).
13. როგორ ესმოდათ ბიბლიის მკვლევარებს 1884 წელს იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?
13 „საგუშაგო კოშკის“ 1884 წლის აგვისტოს გამოცემაში მითითებულია, რომ იგავში მოხსენიებული „ცხვრები“ არიან ისინი, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ დედამიწაზე მშვენიერი ცხოვრების იმედი. ისიც იყო ნათქვამი, რომ იგავი მაშინ შეასრულებდა თავის დანიშნულებას, როდესაც იესო დაიწყებდა მმართველობას თავისი დიდებული ზეციერი ტახტიდან. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ნათლად არ ესმოდათ, თუ როდის დაიწყებოდა იგავში მოხსენიებული ცხვრებისა და თხების ერთმანეთისგან გამორჩევა და რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს საქმიანობა.
14. როგორ დაეხმარა ბიბლიის მკვლევარებს 1923 წლის კონგრესზე წარმოთქმული მოხსენება, რომ გაეგოთ იესოს წინასწარმეტყველური იგავის შესრულება?
14 მაგრამ საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯ. ფ. რუტერფორდმა, 1923 წელს კონგრესის ერთ-ერთ მოხსენებაში, ცხადყო ცხვრებისა და თხების შესახებ იგავის შესრულების დრო. როგორ? იმით რომ, ნაწილობრივ, თავად იგავი ცხადყოფს, მეფის ძმათაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებოდა. ადამიანთა შორის მხოლოდ სულით შობილ მიმდევრებს შეიძლება ჭეშმარიტად ეწოდოს მისი ძმები (ებრაელთა 2:10–12). ისინი არ იქნებიან დედამიწაზე სრული ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში, მაგრამ სანამ დედამიწაზე არიან ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ როგორც იესომ აღწერა, კეთილად მოექცნენ მათ (გამოცხადება 20:6).
15. ა) რა ვითარება დაეხმარა ბიბლიის მკვლევარებს, რომ ზუსტად მიმხვდარიყვნენ, თუ ვინ იყვნენ იესოს იგავში მოხსენიებული ცხვრები? ბ) როგორ გამოავლინა ცხვარმა მადლიერება სამეფოსთვის?
15 ამ გამოსვლაში, 1923 წელს, ყურადღება გამახვილდა, რომ ცხადი გამხდარიყო, თუ ვინ არიან უფლის მიერ აღწერილი ცხვრები და თხები, მაგრამ ვიდრე იგავის მთლიანი აზრი გახდებოდა ნათელი, საჭირო იყო სხვა საკითხების შესახებაც ჰქონოდათ ნათელი გაგება. შემდეგ წლებში იეჰოვამ თავისი მსახურების ყურადღება მიაპყრო ამ მნიშვნელოვან დეტალებზე. 1927 წელს ნათელი გახდა, რომ „ერთგული და გონიერი“ მონა არის სულით ცხებული ქრისტიანების მთელი კორპორაცია დედამიწაზე; 1932 წელს მიხვდნენ, რომ აუცილებელია იეჰოვას ცხებულ ქრისტიანებთან მტკიცე კავშირისთვის შეუპოვრობა იონადაბისა და იეჰუს მსგავსად (მათე 24:45; მეოთხე მეფეთა 10:15). გამოცხადების 22:17-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, იმ დროს ცხვრისმაგვარ ადამიანებს განსაკუთრებულად მოუწოდეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ მესიანური სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში. მესიანური სამეფოს მიმართ მადლიერების გრძნობამ აღძრა ისინი, რომ არა მხოლოდ ჰუმანურობით აღსავსე სიკეთე გამოემჟღავნებინათ უფლის სულით ცხებულთა მიმართ, არამედ ქრისტეს მეშვეობით იეჰოვასთვის მიეძღვნათ თავი და ცხებულთა ახლო მოკავშირეები გამხდარიყვნენ, ამასთანავე მათთან ერთად გულმოდგინე მონაწილეობა მიეღოთ ერთობლივ საქმიანობაში. აკეთებ თუ არა შენც ამას? მათთვის, ვინც ასე იქცევა დიდებულმა მეფემ თქვა: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.“ ამ ადამიანების წინაშეა სრულყოფილი და მარადიული ცხოვრების დიდებული პერსპექტივა სამეფოს მიწიერ სამფლობელოში (მათე 25:34, 46).
საით მიემართება „უამრავი ხალხი“ ?
16. ა) რა მცდარი თვალსაზრისი ჰქონდათ ბიბლიის ადრინდელ მკვლევარებს უამრავი, ანუ დიდძალი ხალხის შესახებ, რომელიც მოხსენებულია გამოცხადების 7:9-ში? ბ) როდის და რის საფუძველზე შესწორდა მათი თვალსაზრისი?
16 იეჰოვას მსახურებს ერთ ხანს სჯეროდათ, რომ უამრავი ხალხი, რომელიც ნახსენებია გამოცხადების 7:9, 10-ში, არ მიეკუთვნებოდა სხვა ცხვრებს, რომლის შესახებ იოანეს 10:16-სა და მათეს 25:33-შია ლაპარაკი. რადგან ბიბლია ლაპარაკობს, რომ უამრავი ხალხი ‘იდგა ტახტის წინ’, ღმერთის მსახურები ფიქრობდნენ, რომ ეს ხალხი იქნებოდა ზეცაში, მაგრამ ისინი არ გახდებოდნენ ქრისტესთან ერთად ტახტზე აღზევებული მემკვიდრე მმართველები, არამედ ტახტის წინ მეორეხარისხოვან ადგილს დაიკავებდნენ. ისინი ეგონათ ნაკლებად ერთგული ქრისტიანები, რომლებიც არ ავლენდნენ ჭეშმარიტად თავგანწირულ სულისკვეთებას. ეს თვალსაზრისი შესწორდა 1935 წელსb. გამოცხადების 7:9-ის გამოკვლევის შემდეგ ისეთი მუხლების შუქზე, როგორიცაა მათე 25:31, 32, ნათელი გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დედამიწაზე, იმყოფებიან „ტახტის წინ“. ისინი ასევე მიხვდნენ, რომ ღმერთს არ ჰყავს ერთგული ხალხის ორი კატეგორია. ყველა, ვისაც სურს მისი კეთილგანწყობილება დაიმსახუროს, ბოლომდე უმწიკვლო უნდა დარჩეს მის წინაშე (მათე 22:37, 38; ლუკა 16:10).
17, 18. ა) რით იყო გამოწვეული 1935 წლიდან იმ ადამიანთა უდიდესი ზრდა, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ? ბ) რომელ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობს გულმოდგინედ უამრავი ხალხი?
17 იეჰოვას ერთგული ადამიანები მრავალი წლების განმავლობაში საუბრობდნენ დედამიწასთან დაკავშირებული აღთქმების შესახებ. ამიტომ 1920-იან წლებში ისინი ქადაგებდნენ იმას, რასაც მოელოდნენ და ამბობდნენ: „ამჟამად მცხოვრებთაგან მილიონები აღარასოდეს მოკვდებიან“. მაგრამ იმ დროისთვის ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ირწმუნეს სიცოცხლისთვის საჭირო ღმერთის დადგენილება, მილიონებს ჯერ კიდევ ვერ აღწევდა. ჭეშმარიტების მიმღებთა უმრავლესობა ისეთი ადამიანები იყვნენ, რომელთაც სულიწმიდით ჰქონდათ მიცემული ზეციერი ცხოვრების იმედი. მაგრამ, განსაკუთრებით, 1935 წლიდან აღინიშნა აშკარა ცვლილებები. „საგუშაგო კოშკი“ არასდროს უარყოფდა მარადიული სიცოცხლის იმედს დედამიწაზე. ათწლეულების განმავლობაში იეჰოვას მსახურები საუბრობდნენ ამ იმედის შესახებ და ეძებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეესაბამებოდნენ ბიბლიის აღწერილობას. მაგრამ იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ეს ადამიანები განსაზღვრულ დროს თავად გამოცხადებულიყვნენ.
18 იმ დროის ანგარიშებიდან ჩანს, რომ მრავალი წლის მანძილზე, გახსენების საღამოზე დამსწრეთაგან უმეტესობა ღებულობდა სიმბოლოებს. მაგრამ 1935 წლიდან, 25 წლის განმავლობაში, გაიზარდა მათი რიცხვი, რომლებიც ესწრებოდნენ ქრისტეს სიკვდილის ყოველწლიური გახსენების საღამოს და ასობით გადააჭარბეს მათ რიცხვს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საღამოში. ვინ იყვნენ ის ადამიანები? — უამრავი ხალხი. ცხადია, რომ იეჰოვამ თავის დროზე მოაგროვა ისინი, რომ მოემზადებინა დიდ გასაჭირში გადარჩენისთვის, რომელიც ჯერ კიდევ წინაა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ისინი მოვიდნენ „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9). ისინი გულმოდგინედ ღებულობენ მონაწილეობას იმ საქმიანობაში, რომლის შესახებაც იესომ თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ ! (მათე 24:14).
[სქოლიოები]
a იხილე „საგუშაგო კოშკის“ 1946 წლის 15 მაისისა და 1980 წლის 15 ივლისის გამოცემები.
b „საგუშაგო კოშკი“, 1935 წლის 1 და 15 აგვისტო (ინგლ.).
როგორ კომენტარს იტყოდი?
◻ რატომ არის გამოცხადების მე-7 თავში ჩაწერილი ხილვა განსაკუთრებით საინტერესო?
◻ რატომ არის რომ, მხოლოდ წარმართთაგან მოსული ქრისტიანებისგან არ არის შემდგარი იოანეს 10:16-ში მოხსენიებული სხვა ცხვრები?
◻ როგორები არიან ისინი, ვინც შეესაბამება ბიბლიის მიერ აღწერილ სხვა ცხვრებს?
◻ როგორ აყენებს პირველ ადგილზე სამეფოს ძალაუფლებისადმი პატივისცემას იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?
◻ რა ცხადყოფს იმას, თუ როდის მოვიდა იეჰოვას დრო გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული ხალხის შესაგროვებლად?