სასწავლო სტატია 14
ყოველმხრივ ასრულებთ თქვენს მსახურებას?
„აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“ (2 ტიმ. 4:5).
სიმღერა 57 ვქადაგებთ ყველანაირ ადამიანთან
მოკლე შინაარსიa
1. რა გვსურს ღვთის ერთგულ მსახურებს და რატომ? (იხილეთ სურათი გარეკანზე)
იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს დაავალა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19). ღვთის ერთგულ მსახურებს გვსურს, ვისწავლოთ, როგორ შევასრულოთ ყოველმხრივ ჩვენზე მონდობილი მსახურება (2 ტიმ. 4:5). მიუხედავად იმისა, რომ ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირებული და გადაუდებელი საქმეა, შეიძლება მას იმდენ დროს ვერ ვუთმობთ, რამდენიც გვსურს.
2. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი, რომ ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება?
2 დრო და ენერგია სხვა მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებასაც სჭირდება. შეიძლება დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, რათა საკუთარი თავი და ოჯახი ვარჩინოთ. შესაძლოა სხვა ოჯახური პასუხისმგებლობები გვაკისრია ან ავადმყოფობით, დეპრესიითა და ასაკის მატებით გამოწვეულ სირთულეებთან გვიწევს გამკლავება. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორ შეგვიძლია ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება?
3. რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია მათეს 13:23-ში ჩაწერილი სიტყვებიდან?
3 გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ ჩვენი მდგომარეობის გამო იეჰოვას მსახურებას ბევრ დროს ვერ ვუთმობთ. იესომ იცოდა, რომ სამეფოს ნაყოფს ყველა ერთი და იმავე რაოდენობით ვერ გამოიღებდა (წაიკითხეთ მათეს 13:23). იეჰოვა დიდად აფასებს ჩვენ მიერ შესრულებულ მსახურებას, როცა საუკეთესოს გავცემთ მისთვის (ებრ. 6:10—12). თუმცა შეიძლება ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა მეტის კეთების საშუალებას გვაძლევს. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ შეგვიძლია მსახურება უმთავრეს საქმედ მივიჩნიოთ, გავიმარტივოთ ცხოვრება და გავიუმჯობესოთ სწავლებისა და ქადაგების უნარი. თავდაპირველად გავიგოთ, რა იგულისხმება სიტყვებში „ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“.
4. რას ნიშნავს, ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება?
4 მარტივად რომ ვთქვათ, მსახურების ყოველმხრივ შესრულება ნიშნავს, შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა მივიღოთ ქადაგებისა და სწავლების საქმეში. ეს მხოლოდ ქადაგებისთვის დათმობილი დროით არ განისაზღვრება, რადგან იეჰოვასთვის ჩვენი მოტივებია მნიშვნელოვანი. იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, რომ მთელი სულითა და გულით შევასრულოთ ქრისტიანული მსახურებაb (მარ. 12:30, 31; კოლ. 3:23). ღვთისადმი მთელი სულითა და გულით მსახურება ნიშნავს, სრულად დავიხარჯოთ მისთვის, ანუ არ დავიშუროთ ძალა და ენერგია მისადმი მსახურებაში და საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. როდესაც ვაფასებთ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის პატივს, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ სასიხარულო ცნობა.
5, 6. როგორ შეგვიძლია დროის სიმცირის მიუხედავად ქადაგება უმთავრეს საქმედ ვაქციოთ? მოიყვანეთ მაგალითი.
5 წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჰობიც გიტარაზე დაკვრაა. მას იმდენად სიამოვნებს ეს პროცესი, რომ ხელიდან არ უშვებს დაკვრის შესაძლებლობას. მან ერთ-ერთ კაფეში გიტარისტად დაიწყო მუშაობა, სადაც შაბათ-კვირას უკრავს. ვინაიდან მუსიკით საკმარის ფულს ვერ შოულობს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით სუპერმარკეტში მოლარედ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს მაღაზიაში ატარებს, გონებაში სულ მუსიკა უტრიალებს. მას ძალიან სურს, დაიხვეწოს როგორც მუსიკოსი და მთლიანად ამ პროფესიით დაკავდეს. ამიტომ როგორც კი დრო გამოუჩნდება, მაშინვე გიტარას იღებს ხელში.
6 მსგავსად, შეიძლება სამქადაგებლო საქმეს იმდენ დროს ვერ უთმობთ, რამდენიც გსურთ. მაგრამ ამ საქმის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ. თქვენ ცდილობთ, დაიხვეწოთ როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, რათა ჩასწვდეთ ადამიანთა გულებს. ვინაიდან ბევრ რამეზე გიწევთ ზრუნვა, ალბათ, გაფიქრებთ, როგორ შეგიძლიათ ქადაგება უმთავრეს საქმედ აქციოთ.
როგორ შეგიძლიათ მსახურება პირველ ადგილზე დააყენოთ
7, 8. როგორ შეგვიძლია ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს მსახურების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა?
7 იესომ მსახურებისადმი სწორი დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სამეფოზე ქადაგება იყო (იოან. 4:34, 35). იესო ასობით კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა სასიხარულო ცნობა. ის ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კარდაკარ ექადაგა. იესოს მთელი ცხოვრება მსახურების გარშემო ტრიალებდა.
8 ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს და ყველგან და ყოველთვის შევქმნათ ქადაგების სიტუაცია. მზად ვართ, უარი ვთქვათ პირად კომფორტზე, რათა მახარობლის საქმე შევასრულოთ (მარ. 6:31—34; 1 პეტ. 2:21). კრებაში ზოგი სპეციალურ პიონერად, პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურობს. სხვები უცხო ენას სწავლობენ ან ისეთ ტერიტორიებზე გადადიან, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. თუმცა სამქადაგებლო საქმიანობის დიდ ნაწილს ის მაუწყებლები ასრულებენ, რომლებიც კონკრეტული სახის მსახურებაში არ არიან ჩაბმულები, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმს აკეთებენ. რამდენსაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იეჰოვა ჩვენს შესაძლებლობებზე მეტს არ გვთხოვს. მას სურს, სიხარულით მივიღოთ მონაწილეობა წმინდა მსახურებაში და „ღვთის დიდებული სასიხარულო ცნობა“ გავაცხადოთ (1 ტიმ. 1:11; კან. 30:11).
9. ა) როგორ აყენებდა პავლე პირველ ადგილას ქადაგებას მაშინაც კი, როცა თავის სარჩენად მუშაობა უწევდა? ბ) რას ვიგებთ საქმეების 28:16, 30, 31-დან მსახურებისადმი პავლეს დამოკიდებულებაზე?
9 პავლე მოციქულისთვის მსახურება უმნიშვნელოვანესი საქმე იყო, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. როცა ის მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს კორინთში იმყოფებოდა, თავის სარჩენად გარკვეულ დროს კარვების კერვას უთმობდა. თუმცა კარვების კერვა პავლესთვის უმთავრესი საქმე არ იყო. ის იმიტომ შრომობდა, რომ კორინთელებს ტვირთად არ დასწოლოდა (2 კორ. 11:7). მიუხედავად იმისა, რომ თავის სარჩენად შრომა უწევდა, პავლე მოციქული კვლავაც პირველ ადგილზე აყენებდა მსახურებას და ყოველ შაბათს ქადაგებდა. მატერიალური დახმარების მიღების შემდეგ კი მოციქულმა უფრო მეტი ყურადღება ქადაგებაზე გადაიტანა. „პავლე მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში. ის უმოწმებდა და უმტკიცებდა იუდეველებს, რომ იესო არის ქრისტე“ (საქ. 18:3—5; 2 კორ. 11:9). მოგვიანებით რომში ორწლიანი შინაპატიმრობის დროს პავლე მნახველებთან ქადაგებდა და წერილებს წერდა (წაიკითხეთ საქმეების 28:16, 30, 31). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მსახურებაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი გამხდარიყო. ის წერდა: „რადგან . . . მივიღეთ ეს მსახურება, სულით არ ვეცემით“ (2 კორ. 4:1). მაშინაც კი, თუ დროის დიდ ნაწილს სამუშაოს ვუთმობთ, პავლეს მსგავსად შეგვიძლია მსახურება ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს საქმედ ვაქციოთ.
10, 11. როგორ შეგვიძლია ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება?
10 თუ ასაკის ან გაუარესებული ჯანმრთელობის გამო კარდაკარ ვეღარ ვქადაგებთ, შეგვიძლია მსახურების სხვა სფერო მოვსინჯოთ. პირველი საუკუნის ქრისტიანები ყველგან ქადაგებდნენ, სადაც კი ხალხი ეგულებოდათ. ისინი ხელიდან არ უშვებდნენ შესაძლებლობას და ქადაგებდნენ კარდაკარ, სახალხოდ თუ არაფორმალურად (საქ. 17:17; 20:20). თუ ბევრი სიარული გიჭირთ, შეგიძლიათ ისეთი ადგილები შეარჩიოთ, სადაც დაჯდომას და გამვლელებთან ქადაგებას შეძლებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ იქადაგოთ არაფორმალურად, წერილებით ან ტელეფონით. ის მაუწყებლები, რომლებიც შეზღუდული მდგომარეობის გამო კარდაკარ ვერ მსახურობენ, სხვა სახის მსახურებაში პოულობენ დიდ სიხარულს.
11 შეზღუდული მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ყოველმხრივ შეასრულოთ მსახურება. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ პავლე მოციქულის მაგალითზე. მან თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13). პავლეს გაძლიერება დასჭირდა, როცა ერთ-ერთი მისიონერული მოგზაურობის დროს ავად გახდა. მან გალატელებს მისწერა: „პირველად სასიხარულო ცნობა ჩემი ხორცის ავადმყოფობით გაუწყეთ“ (გალ. 4:13). მსგავსად ამისა, ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება საშუალება მოგცეთ, სასიხარულო ცნობა გაუზიაროთ ექიმებს, ექთნებს ან მომვლელებს, რომლებიც ძირითადად სამსახურში არიან და კარდაკარ ძნელია მათი პოვნა.
როგორ შეგიძლიათ გაიმარტივოთ ცხოვრება
12. რას ნიშნავს სუფთა თვალის ქონა?
12 იესომ თქვა: „სხეულის ლამპარი თვალია. ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება“ (მათ. 6:22). რას გულისხმობდა იესო? ამ სიტყვებით მას იმის თქმა სურდა, რომ ცხოვრება უნდა გავიმარტივოთ ანუ ერთ მიზანზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რათა ყურადღება სხვა რამეზე არ გადავიტანოთ. იესომ თავადაც დაგვიტოვა ამის კარგი მაგალითი და მოწაფეებსაც ასწავლა, რომ მთელი ყურადღება იეჰოვასა და მის სამეფოზე გადაეტანათ. ჩვენ ვბაძავთ იესოს, როცა ქადაგებას უმნიშვნელოვანეს ადგილს ვუთმობთ და უპირველესად სამეფოსა და ღვთის სიმართლეს ვეძებთ (მათ. 6:33).
13. რა დაგვეხმარება, რომ მთელი ყურადღება მსახურებაზე გვქონდეს გადატანილი?
13 მთელი ყურადღება მსახურებაზე რომ გადავიტანოთ, ცხოვრება უნდა გავიმარტივოთ. ეს დაგვეხმარება, მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას, რათა ხალხს გავაცნოთ და შევაყვაროთ იეჰოვა.c დავფიქრდეთ: შეგვიძლია ისე შევცვალოთ სამუშაო გრაფიკი, რომ კვირის განმავლობაში მსახურებას მეტი დრო დავუთმოთ? ან შეგვიძლია დასვენებასა და გართობას მოვაკლოთ დრო, რომ მეტი ვიმსახუროთ?
14. რა ცვლილებები მოახდინა ერთმა წყვილმა, რათა მსახურებისთვის მეტი დრო დაეთმო?
14 აი რას ამბობს ერთი წყვილი. ელიასი, რომელიც უხუცესად მსახურობს, გვიხსნის: „მართალია, ეგრევე პიონერობას ვერ დავიწყებდით, მაგრამ შეგვეძლო ისე დაგვეგეგმა ჩვენი ცხოვრება, რომ უფრო მეტი დრო დაგვეთმო მსახურებისთვის. დავიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, შევამცირეთ ხარჯები, დრო მოვაკელით გართობასა და დასვენებას, რასაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდით. გარდა ამისა, დამსაქმებლებს ვთხოვეთ, რომ ჩვენთვის სამუშაო საათები შეემცირებინათ. შედეგად საშუალება მოგვეცა, საღამოობით გვემსახურა, მეტი ბიბლიის შესწავლა ჩაგვეტარებინა და თვეში ორჯერ შუა კვირაშიც გვექადაგა. ამან დიდი სიხარული მოგვიტანა!“.
როგორ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ქადაგებისა და სწავლების უნარი?
15, 16. პირველი ტიმოთეს 4:13, 15-დან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია გავუმჯობესდეთ როგორც მქადაგებლები? (იხილეთ ჩარჩო „რომელი მიზნები დამეხმარება, ყოველმხრივ შევასრულო ჩემი მსახურება?“).
15 ყოველმხრივ რომ შევასრულოთ ჩვენი მსახურება, ქადაგებისა და სწავლების უნარი უნდა გავიუმჯობესოთ. ზოგიერთი პროფესიის ადამიანს მუდმივად სჭირდება ტრენინგის გავლა და ცოდნის ამაღლება, რათა უფრო კვალიფიცირებულები გახდნენ. იმავეს თქმა შეიძლება სამეფოს მაუწყებლებზეც. ჩვენც უნდა განვაგრძოთ ცოდნის მიღება, რათა უფრო დახელოვნებული მქადაგებლები გავხდეთ (იგავ. 1:5; წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:13, 15).
16 რა უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც მქადაგებლებმა, არ შევწყვიტოთ პროგრესი? განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შუა კვირის შეხვედრაზე მიღებულ მითითებებს. ამ შეხვედრებზე ფასდაუდებელ ცოდნას ვიძენთ, რაც გვეხმარება, მუდმივად განვვითარდეთ და დავხვეწოთ ქადაგების უნარ-ჩვევები. მაგალითად, როცა პროგრამის თავმჯდომარე რჩევას აძლევს დავალებით გამოსულ მაუწყებელს, შეგვიძლია ეს რჩევები საკუთარ თავს მივუსადაგოთ, რათა უკეთესი მქადაგებლები გავხდეთ. კარგი იქნება, თუ ამ რჩევებს მსახურების დროს გამოვიყენებთ. შეგვიძლია სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველს დახმარება ვთხოვოთ ან ჩვენთან ერთად მსახურება შევთავაზოთ. გარდა ამისა, შეგვიძლია მსახურება დავუგეგმოთ გამოცდილ მაუწყებელს, პიონერს ან სარაიონო ზედამხედველს. რაც უფრო დახელოვნებულად გამოვიყენებთ „სწავლებაში დამხმარე საშუალებებს“, ქადაგება და სწავლება უფრო დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს.
17. რას იგრძნობთ, თუ ყოველმხრივ შეასრულებთ თქვენს მსახურებას?
17 რამხელა პატივია, რომ იეჰოვა მასთან თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს (1 კორ. 3:9). როცა იცით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ და მთელი ყურადღება მსახურებაზე გაქვთ გადატანილი, სიხარულით ემსახურებით იეჰოვას (ფილ. 1:10; ფსალმ. 100:2). დარწმუნებული იყავით, რომ ის მოგცემთ ძალას, რათა სირთულეებისა თუ შეზღუდული მდგომარეობის მიუხედავად, ყოველმხრივ შეასრულოთ თქვენი მსახურება (2 კორ. 4:1, 7; 6:4). მნიშვნელობა არა აქვს, მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს აკეთებთ თუ ცოტას, როცა სულითა და გულით მონაწილეობთ მსახურებაში, შეგიძლიათ „სიხარულის მიზეზი“ გქონდეთ (გალ. 6:4). თუ ყოველმხრივ ასრულებთ თქვენს მსახურებას, ცხადყოფთ, რომ გიყვართ იეჰოვა და მოყვასი. შედეგად თქვენს თავსაც იხსნით და მსმენელებსაც (1 ტიმ. 4:16).
სიმღერა 58 ვეძებთ მშვიდობის მეგობრებს
a ჩვენ სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება გვაქვს დავალებული. ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ შეგვიძლია პრობლემების მიუხედავად, ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება. აგრეთვე განვიხილავთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უკეთესი მქადაგებლები გავხდეთ და მეტი სიხარული ვპოვოთ ამ საქმეში.
b განმარტება: ქრისტიანული მსახურება მოიცავს სწავლებისა და ქადაგების სხვადასხვა მხარეს, თეოკრატიული შენობების აგებასა და მოვლა-პატრონობას და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარებას (2 კორ. 5:18, 19; 8:4).
c 2016 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკის“ მე-10 გვერდზე იხილეთ ჩარჩო „როგორ შეგიძლიათ ცხოვრების გამარტივება“. ჩარჩოში მოცემულია შვიდი რჩევა.
d სურათის აღწერა: და განმეორებითი მონახულების ინსცენირებას აკეთებს შუა კვირის შეხვედრაზე; შემდეგ კი პროგრამის თავმჯდომარის რჩევას ინიშნავს ბროშურაში „კითხვა და სწავლება“; მოგვიანებით შუა კვირის შეხვედრაზე ნასწავლს მსახურებაში იყენებს.