იეჰოვასადმი მსახურება თავგანწირვის სულისკვეთებით
„ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი [წამების ძელი, აქ] და გამომყვეს“ (მათე 16:24).
იესო ქრისტე იმყოფებოდა თოვლით დაფარული ხერმონის მთის მახლობლად; დადგა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტი. მას სიკვდილამდე ერთ წელზე ნაკლები დარჩა. იესომ იცის ეს, მისმა მოწაფეებმა — არა. დადგა დრო, მათ გაიგონ ეს. მართალია, იესომ ადრეც მოიხსენია, რომ მოახლოებულია მისი სიკვდილი; მაგრამ ამის შესახებ ახლა პირველად ლაპარაკობს გარკვევით (მათე 9:15; 12:40). მათეს ცნობაში ნათქვამია: „მას შემდეგ დაიწყო იესომ გამოცხადება თავისი მოწაფეებისათვის, რომ ის უნდა წავიდეს იერუსალიმს, მრავლად იტანჯოს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან და მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს“ (მათე 16:21; მარკოზი 8:31, 32).
2 იესოს ძალიან ცოტა დრო დარჩა სიკვდილამდე. მაგრამ პეტრესთვის ეს აზრი საშინელებაა და მის აღშფოთებას იწვევს. მას არ შეუძლია შეურიგდეს იმ აზრს, რომ მესიას ნამდვილად მოკლავენ. ამიტომ პეტრე ბედავს, შეეპასუხოს თავის უფალს. საუკეთესო განზრახვებით აღძრული, ის მგზნებარედ, დაჟინებით მოითხოვს: „შეიწყალე თავი, უფალო! არ მოგიხდეს ასე!“ მაგრამ იესო მსწრაფლ უარყოფს პეტრეს უადგილო სიკეთეს, ისევე შეუპოვრად, როგორც უჭეჭყავენ თავს შხამიან გველს. „მომცილდი, სატანავ! საცდუნებლად [დაბრკოლების ლოდად, აქ] ხარ ჩემს მიმართ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე რაც ადამიანურია“ (მათე 16:22, 23).
3 პეტრემ გაუთვითცნობიერებლად გაიხადა თავი სატანის აგენტად. იესო ისეთივე შეუპოვრობით ეპასუხება, როგორც მაშინ, როცა უდაბნოში პასუხობდა სატანას. იქ ეშმაკი ცდილობდა იესო იოლი ცხოვრებით, ტანჯვა-წამების გარეშე მეფობით, ეცდუნებინა (მათე 4:1–10). ახლა პეტრეს სურს დაიყოლიოს ის, იყოს საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებელი. იესომ იცის, რომ ეს არ არის თავისი მამის ნება. მისი სიცოცხლე უნდა იყოს თავგანწირვის და არა საკუთარი თავისთვის სიამოვნების ძიების სიცოცხლე (მათე 20:28). ასეთ გზაზე დაბრკოლების ლოდი ხდება პეტრე; კეთილ აღძვრებზე დაფუძნებული მისი თანაგრძნობა, ხაფანგი ხდებაa. მაგრამ იესო ნათლად ხედავს, რომ თუ მიჰყვება რაიმე აზრს, მსხვერპლად შეწირვის გარეშე სიცოცხლის შესახებ, დაკარგავს ღმერთის კეთილგანწყობას, ვინაიდან ჩაჭერილი აღმოჩნდება სატანის მიერ დაგებულ სიკვდილისმომტან ხაფანგში.
4 ამის გამო პეტრეს აზროვნების გამოსწორება სჭირდებოდა. იესოსადმი მისი სიტყვები გამოხატავდა ადამიანურ და არა ღვთიურ აზრებს. საკუთარი სურვილისამებრ, კომფორტული ცხოვრება — ტანჯვა-წამებიდან იოლი გამოსავალი — იესოსთვის მიუღებელი იყო; ეს ასევე, მიუღებელი იყო მისი მიმდევრებისთვისაც, იმიტომ რომ, შემდეგ იესო პეტრესა და დანარჩენ მოწაფეებს ეუბნება: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი [წამების ძელი, აქ] და გამომყვეს“ (მათე 16:24).
5 იესო ისევ და ისევ უბრუნდება ამ მთავარ თემას: თუ რა მოითხოვება იმისათვის, რომ იცხოვრო როგორც ქრისტიანმა. იესოს მიმდევრები რომ იყვნენ, თავიანთი ხელმძღვანელის მსგავსად, ქრისტიანები იეჰოვას უნდა ემსახურონ თავგანწირვის სულისკვეთებით (მათე 10:37–39). და ასე, მას მოჰყავს სამი აუცილებელი პირობა, რომლის შესასრულებლადაც ქრისტიანი მზად უნდა იყოს: 1) საკუთარი თავის უარყოფა, 2) საკუთარი წამების ძელის ზიდვა და 3) მუდამ ქრისტეს მიმდევრობა.
„ვისაც უნდა, რომ მომყვეს“
6 რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა სავსებით უნდა თქვას უარი საკუთარ „მე“-ზე, თითქოს მოკვდეს საკუთარი თავისთვის. ბერძნული სიტყვის ძირითადი მნიშვნელობა, რომელიც გადმოთარგმნილია სიტყვად „უარყოს“, ნიშნავს «უარის „თქმას“ »; ის ნიშნავს „სრულ უარყოფას“. მაშასადამე, თუ ქრისტიანულ გზაზე დგები, შენ მზად ხარ დატოვო ყველა პირადი მისწრაფება, კეთილმოწყობა, სურვილი, ბედნიერება, სიამოვნება. არსებითად, შენ სამუდამოდ უძღვნი იეჰოვა ღმერთს მთელ შენს სიცოცხლესა და ყველაფერს, რაც მასში შედის. საკუთარი თავის უარყოფა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე დროდადრო საკუთარი თავისადმი რაიმე სურვილების აღკვეთაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გადასცეს იეჰოვას (1 კორინთელთა 6:19, 20). ადამიანი, რომელმაც უარყო თავისი თავი, ცხოვრობს იმისათვის, რომ ასიამოვნოს არა საკუთარ თავს, არამედ ღმერთს (რომაელთა 14:8; 15:3). ეს ნიშნავს, რომ თავისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში ეგოისტურ სურვილებს ეუბნება „არას“ და იეჰოვას — „დიახ“.
7 საკუთარი წამების ძელის ზიდვა გულისხმობს, ამ მხრივ, სერიოზულ მოთხოვნებს. წამების ძელის ზიდვა — ეს ტვირთია და სიკვდილს ასიმბოლოებს. თუ აუცილებელია, ქრისტიანი მზად არის იტანჯოს ან იყოს შერცხვენილი, ან წამებული, ან მოკლულიც კი იმის გამო, რომ ის — იესო ქრისტეს მიმდევარია. იესომ თქვა: „და ვინც არ იღებს თავის ჯვარს [წამების ძელს, აქ] და არ მომყვება მე, იგი არ არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:38). ვინც იტანჯება, ყველა კი არ ეზიდება საკუთარ წამების ძელს. ცოდვილებს მრავალი „სატკივარი“ აქვთ, მაგრამ არა აქვთ წამების ძელი (ფსალმუნი 31:10). მაგრამ ქრისტიანის ცხოვრება — ესაა ცხოვრება, რომლის განმავლობაშიც ის ეზიდება იეჰოვასადმი თავგანწირული მსახურების წამების ძელს.
8 იესოს მიერ მოხსენიებული ბოლო პირობაა — მუდმივად მივყვეთ მას. იესო მოითხოვს, რომ ჩვენ არა მარტო მივიღოთ და ვირწმუნოთ ის, რასაც თვითონ ასწავლიდა, არამედ, ასევე, მთელი ჩვენი სიცოცხლე მუდმივად მივყვეთ იმ მაგალითს, რომელიც მან დატოვა. და როგორია ზოგიერთი ძირითადი თავისებურებები, რომელთა დანახვაც შეიძლება მისი ცხოვრების მაგალითიდან? როდესაც თავის მიმდევრებს უკანასკნელი დავალება მისცა, მან თქვა: „ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). იესო ქადაგებდა და ასწავლიდა კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ. იმავეს აკეთებდნენ მისი უახლოესი მოწაფეები და, რა თქმა უნდა, ადრინდელ ქრისტიანთა ყველა კრება. ამ გულმოდგინე საქმიანობამ იმასთან ერთად, რომ ისინი არ იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი, გამოიწვია ქვეყნიერების მხრიდან სიძულვილი და წინააღმდეგობა, ამის შედეგად კი წამების ძელი უფრო ძნელად სატარებელი გახდა (იოანე 15:19, 20; საქმე 8:4).
9 სხვა ღირსშესანიშნავი მაგალითი, რომელიც იესომ საკუთარი ცხოვრების მაგალითზე აჩვენა, — იყო ადამიანებისადმი მისი მოპყრობა. ის იყო „მშვიდი და გულით თავმდაბალი“. ამიტომ მისი მსმენელები თავს სულიერად განახლებულად გრძნობდნენ და მისი იქ ყოფნით გამხნევებულნი იყვნენ (მათე 11:29). ის არ აშინებდა მათ იმ მიზნით, რომ თავისი მიმდევრები გამხდარიყვნენ და არ უდგენდა წესს წესზე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს; მას, ასევე, არ აღუძრავს მათში დანაშაულის გრძნობა, რათა ისინი იძულებული გაეხადა, თავისი მოწაფეები გამხდარიყვნენ. მათი თავგანწირული ცხოვრების მიუხედავად, ისინი ჭეშმარიტ სიხარულს აფრქვევდნენ. როგორი მკვეთრი სხვაობაა იმათთან შედარებით, ვინც ქვეყნიური სულისკვეთებით უდგება საკუთარ თავს, რაც ‘უკანასკნელი დღეებისთვისაა’ დამახასიათებელი! (2 ტიმოთე 3:1–4).
განავითარე და შეინარჩუნე იესოს თავგანწირულების სულისკვეთება
10 იესომ დატოვა იმის მაგალითი, თუ როგორ უარვყოთ საკუთარი თავი. მან აიღო წამების ძელი და თავისი მამის ნების შესრულებით, მუდმივად ეზიდებოდა მას. პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა: „რამეთუ აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენ შორისაც. ის, თუმცა ღმერთის ხატება იყო, მტაცებლობად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას. არამედ დაიძაბუნა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, და ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპელთა 2:5–8). ვის შეეძლო საკუთარი თავის უფრო მეტად უარყოფა? თუ შენ მიეკუთვნები იესო ქრისტეს და მისი ერთ-ერთი მიმდევარი ხარ, უნდა შეინარჩუნო ასეთივე აზროვნება.
11 მეორე მოციქული, პეტრე, გვეუბნება, რომ რამდენადაც იესო იტანჯა და მოკვდა ჩვენთვის, ქრისტიანები, კარგად მომზადებული ჯარისკაცების მსგავსად, უნდა აღიჭურვონ ისეთივე სულისკვეთებით, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ის წერს: „რაკი ქრისტე ჩვენთვის ტანჯულ იქნა ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იგივე აზრით, ვინაიდან ხორციელად ტანჯულმა შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. რათა ხორცში დარჩენილი დრო იცხოვროთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით“ (1 პეტრე 3:18; 4:1, 2). იესოს თავგანწირვამ ნათლად გვიჩვენა, თუ რას ფიქრობდა ის ღმერთის ნების შესრულების შესახებ. ის მიზანდასახული იყო თავის მიძღვნაში და მამის ნებას ყოველთვის თავისაზე მაღლა აყენებდა, სამარცხვინო სიკვდილის დროსაც კი (მათე 6:10; ლუკა 22:42).
12 თუმცა თავგანწირვით ცხოვრება იესოსთვის მძიმე იყო და ბრძოლას მოითხოვდა, ის არასასიამოვნოდ არ მიიჩნევდა მას. პირიქით, იესოს სიამოვნებას ანიჭებდა ღმერთის ნებისადმი მორჩილება. თავისი მამის საქმის შესრულება მისთვის საკვების მსგავსი იყო. ის ამისგან ნამდვილ სიამოვნებას ღებულობდა, ისევე როგორც კარგი საჭმლისგან (მათე 4:4; იოანე 4:34). ამგვარად, თუ გსურს ცხოვრებაში გრძნობდე ჭეშმარიტ კმაყოფილებას, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მისდიო ქრისტეს მაგალითს და განავითარო მისი აზროვნების სტილი.
13 სინამდვილეში, რა არის აღმძვრელი ძალა, რომელიც თავგანწირვის სულისკვეთების მიღმა დგას? ერთი სიტყვით რომ ვთქვათ — სიყვარული. იესომ თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის დიდი და პირველი მცნება. და მეორე ამის მსგავსია: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:37–39). ქრისტიანი არ შეიძლება იყოს ანგარი და ამავე დროს დაემორჩილოს ამ სიტყვებს. მის პირად ბედნიერებასა და ინტერესებს უნდა ხელმძღვანელობდეს უპირველესად იეჰოვასადმი და შემდეგ მოყვასისადმი სიყვარული. ასე გაატარა იესომ თავისი სიცოცხლე და ამას მოელის ის თავისი მიმდევრებისგანაც.
14 მოციქულ პავლეს ესმოდა სიყვარულის ეს კანონი. ის წერდა: „მაშ, მუდამ შევწიროთ მისი საშუალებით ღმერთს ქების მსხვერპლი, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება; ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სასიამოვნოა ღმერთისათვის“ (ებრაელთა 13:15, 16). ქრისტიანები იეჰოვას არ სწირავენ ცხოველურ ან სხვა მსგავს მსხვერპლებს; მაშასადამე, პირდაპირი გაგებით, ტაძარში თაყვანისმცემლური მსახურებისთვის მათ არ სჭირდებათ მღვდლები ადამიანთა სახით. ქების მსხვერპლი მიიტანება იესო ქრისტეს მეშვეობით. და ძირითადად ქების ამ მსხვერპლით, მისი სახელის განდიდებით, ვავლენთ ღმერთისადმი სიყვარულს. განსაკუთრებით ჩვენი უანგარო სულისკვეთება, რომელიც სიყვარულშია ფესვებგადგმული, აღგვძრავს კეთილი ცნობის გულმოდგინედ ქადაგებისაკენ, ჩვენ ვისწრაფვით, ყოველთვის ვიყოთ მზად ღმერთისთვის ჩვენი ბაგეთა ნაყოფის მისატანად. ასეთნაირად მოყვასის მიმართაც ვავლენთ სიყვარულს.
თავგანწირვას მოაქვს უხვი კურთხევა
15 შეჩერდი წამით და დაუფიქრდი ასეთ კითხვებს: ცხადყოფს თუ არა ჩემი სიცოცხლე ახლა, რომ თავგანწირვის გზით მივდივარ? მიუთითებს თუ არა ჩემი მიზნები ასეთ სიცოცხლეზე? სარგებლობის მომტანია თუ არა ჩემი მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის? (შეადარე 1 ტიმოთე 5:8). ხოლო რა შეიძლება ითქვას ობლებისა და ქვრივების შესახებ? მათთვის სარგებლობის მომტანია თუ არა ჩემი თავგანწირვის სულისკვეთება? (იაკობი 1:27). შემიძლია თუ არა იმ დროის გაზრდა, რომელსაც ქების მსხვერპლის მოტანაში ვატარებ? ვისწრაფვი თუ არა უპირატესობისკენ, ვიყო პიონერი, ბეთელის მსახური ან მისიონერი; შემიძლია თუ არა გადავიდე იმ ადგილზე, სადაც სამეფოს მქადაგებლები მეტად საჭირონი არიან?
16 ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ მცირე მოხერხებულობაც კი, რომ მივაღწიოთ იეჰოვასადმი თავგანწირვის სულისკვეთებით მსახურებაში ჩვენი შესაძლებლობების სრულ გამოყენებას. მაგალითად, ეკვადორზე საერთო პიონერად მომსახურე ჟანეტა ამქვეყნიურ სამუშაოზე მუშაობდა სრული სამუშაო დღით. მალე, სამუშაო რეჟიმის გამო, მისთვის ძნელი გახდა საერთო პიონერისთვის აუცილებელი საათების რაოდენობის შესრულება და ამავე დროს, მხიარული განწყობილების შენარჩუნება. მან გადაწყვიტა, თავისი დამსაქმებლისთვის აეხსნა პრობლემა და სთხოვა სამუშაო საათების შემცირება. რადგანაც დამსაქმებელს არ სურდა მისთვის შეემცირებინა სამუშაო დღე, მან თან წაიყვანა მარიამი, რომელიც ეძებდა სამუშაოს ნახევარ განაკვეთზე იმ მიზნით, რომ პიონერად ემსახურა. მათ შესთავაზეს ნახევარ-ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. ამ წინადადებაზე დამსაქმებელი დათანხმდა. ახლა ორივე და საერთო პიონერია. როცა დაინახა ასეთი შესანიშნავი შედეგი, კაფამ, რომელიც ასევე, იმავე კომპანიაში სრული სამუშაო დღით მუშაობით იყო მოქანცული და ძლივს ასწრებდა პიონერის საათების შესრულებას, თან წაიყვანა მაგალი და დამსაქმებელს იგივე შესთავაზა. ამგვარად, ამჯერად ოთხ დას შეუძლია იმსახუროს პიონერად, ნაცვლად ორისა, რომლებიც უკვე ფიქრობდნენ მიეტოვებინათ სრული დროით მსახურება. მოხერხებულობამ და ინიციატივამ სასარგებლო შედეგები გამოიღო.
17 გარდა ამისა, იფიქრე იმ თავგანწირვის გზის შესახებ, რომელსაც ივონი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მიჰყვებოდა. აი, რა მისწერა მან 1991 წლის მაისში საგუშაგო კოშკის საზოგადოებას:
18 «მე ჩემს ოჯახთან ერთად, 1982 წლის ოქტომბერში ექსკურსიით ვიყავი ბრუკლინის ბეთელში. იმის გამო, რაც ვნახე, სურვილი აღმეძრა, შემეთავაზებინა ჩემი დახმარება და იქ მემუშავა. მე წავიკითხე განცხადება, იქ დასმული იყო ერთი შესანიშნავი კითხვა: „საშუალოდ რამდენ საათს უთმობდი სამქადაგებლო მსახურებას უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში? თუ საშუალოდ ათ საათზე ნაკლებია, ახსენი მიზეზი“. მე ვერ შევძელი ვერავითარი საფუძვლიანი მიზეზის მოყვანა, ამიტომ დავისახე მიზანი და ხუთ თვეში მივაღწიე მას.
19 თუმცა მე შემეძლო გარკვეული საპატიო მიზეზების მოყვანა იმის შესახებ, რომ არა ვარ პიონერი, მაგრამ მას შემდეგ, რაც წავიკითხე „იეჰოვას მოწმეთა 1983 წლის წელიწდეული, მე დავრწმუნდი, რომ სხვებმა, იმისათვის რომ პიონერები ყოფილიყვნენ, გადალახეს უფრო დიდი წინააღმდეგობები, ვიდრე ჩემია. ამიტომ 1983 წლის 1 აპრილს მივატოვე ჩემი სარფიანი სამუშაო, სრული სამუშაო დღით, და გავხდი დამხმარე პიონერი, ხოლო 1983 წლის 1 სექტემბრიდან — საერთო პიონერი.
20 ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი წლის აპრილში მე გავთხოვდი ერთ კარგ ძმაზე, სამსახურებრივ თანაშემწეზე. სამი წლის შემდეგ, საოლქო კონგრესზე, როცა პიონერული მსახურების შესახებ წარმოითქმებოდა მოხსენება, ქმარი გადმოიხარა ჩემსკენ და მკითხა: „ხედავ თუ არა რაიმე დამაბრკოლებელ მიზეზს იმისა, რომ 1 სექტემბრიდან დავიწყო პიონერული მსახურება?“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის შემომიერთდა ამ სამუშაოს შესრულებაში.
21 ჩემმა ქმარმა შესთავაზა დახმარება ორი კვირით ბრუკლინის ბეთელში მშენებლობაზე მუშაობაში და განცხადება შეიტანა მშენებლობის საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ 1989 წლის მაისში, ერთი თვით წავედით ნიგერიაში ფილიალის მშენებლობაზე მუშაობაში დასახმარებლად. ხვალ მივემგზავრებით გერმანიაში, სადაც მოგვიმზადებენ პოლონეთში გასამგზავრებელ ვიზებს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ იმით, რომ შეგვიძლია ამ ისტორიული მნიშვნელობის სამშენებლო პროექტსა და ასეთნაირად სრული დროით მსახურების ახალი სახეობის შესრულებაში მონაწილეობა».
22 თუ თვითონ არ შეგიძლია იყო პიონერი, შეგიძლია თუ არა წაახალისო სხვა სრული დროით მსახურები, მტკიცედ იდგნენ თავიანთ უპირატესობაზე და შესაძლოა, დაეხმარო კიდეც მათ ამის გაკეთებაში? თუ შენ ისეთივე იქნები, როგორც ოჯახის ზოგიერთი წევრი ან მეგობარი, რომელთაც კარგი განზრახვები აქვთ და, პეტრეს მსგავსად, შეუძლიათ უთხრან სრული დროით მსახურებს, თავი არ შეიწუხონ, იყვნენ კეთილნი საკუთარი თავის მიმართ და არ ესმით, რომ ეს შეიძლება დაბრკოლების ლოდი გახდეს? მართალია, თუ პიონერის ჯანმრთელობა სერიოზულ საფრთხეში იმყოფება ან თუ ის გულგრილია ქრისტიანული ვალდებულებების მიმართ, მას, შესაძლოა, მოუწიოს დატოვოს გარკვეული ხნით სრული დროით მსახურება. იეჰოვასადმი თავგანწირვის სულისკვეთებით მსახურება არ არის დამოკიდებული მსახურების სახელწოდებაზე, როგორიცაა, მაგალითად, პიონერი, ბეთელის ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. პირიქით, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პიროვნებები ვართ ჩვენ: რას ვფიქრობთ, რას ვლაპარაკობთ, როგორ ვექცევით სხვებს, როგორ ვატარებთ ჩვენს ცხოვრებას.
23 თუ ნამდვილად გაგვაჩნია თავგანწირვის სულისკვეთება, მოხარულნი ვიქნებით ვიმსახუროთ ღმერთის თანამშრომლებად (1 კორინთელთა 3:9). ჩვენ კმაყოფილებას მოგვგვრის იმის ცოდნა, რომ ვახარებთ იეჰოვას გულს (იგავნი 27:11). და გვაქვს მტკიცება, რომ იეჰოვა არასდროს დაგვივიწყებს და არასდროს მიგვატოვებს, ვიდრე მის ერთგულებად ვრჩებით (ებრაელთა 6:10–12).
[სქოლიოები]
a ბერძნულ ენაზე სიტყვა „დაბრკოლების ლოდი“ (სკანდა·ლონ) თავდაპირველად ნიშნავდა „ხაფანგის ნაწილის, სახელწოდებას, რომელზედაც მიმაგრებულია სატყუარა, მაშასადამე — თვით ხაფანგს ან მახეს“ („ვაინის ახალი და ძველი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ [ინგლ.]).
როგორ ფიქრობ შენ?
◻ გაუთვითცნობიერებლად, თავგანწირვის გზაზე როგორ გახდა პეტრე დაბრკოლების ლოდი?
◻ რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა?
◻ როგორ ეზიდება ქრისტიანი თავისი წამების ძელს?
◻ როგორ ვავითარებთ და ვინარჩუნებთ თავგანწირვის სულისკვეთებას?
◻ რა აღმძვრელი ძალა დგას თავგანწირვის სულისკვეთების მიღმა?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორ ამცნო იესომ მოწაფეებს, თავისი მოახლოებული სიკვდილის შესახებ?
2. როგორი იყო პეტრეს რეაქცია იესოს სიტყვებზე, მისი მომავალი ტანჯვა-წამების შესახებ, და როგორი იყო ამაზე იესოს რეაქცია?
3. ა) გაუთვითცნობიერებლად, პეტრემ როგორ გაიხადა თავი სატანის აგენტად? ბ) თავგანწირვის გზაზე რანაირად იყო პეტრე დაბრკოლების ლოდი?
4. რატომ იყო საკუთარი სურვილისამებრ, კომფორტული ცხოვრება იესოსა და მისი მიმდევრებისთვის მიუღებელი?
5. ა) რა მოითხოვება იმისათვის, რომ იცხოვრო როგორც ქრისტიანმა? ბ) რომელი სამი პირობის შესასრულებლად უნდა იყოს მზად ქრისტიანი?
6. ა) რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ბ) ვის უნდა ვასიამოვნოთ უფრო მეტად, ვიდრე საკუთარ თავს?
7. რა არის ქრისტიანის წამების ძელი და როგორ ეზიდება ის მას?
8. რა ცხოვრებისეული მაგალითი დაუტოვა ქრისტემ თავის მიმდევრებს?
9. როგორ ეპყრობოდა იესო სხვა ადამიანებს?
10. ა) ფილიპელთა 2:5–8-ის თანახმად, როგორ უარყო იესომ საკუთარი თავი? ბ) თუ ჩვენ ქრისტეს მიმდევრები ვართ, როგორი აზროვნება უნდა გვქონდეს?
11. ვის ნებას ვასრულებთ, თუ თავგანწირვით ვცხოვრობთ?
12. იყო თუ არა იესოსთვის თავგანწირვით ცხოვრება არასასიამოვნო? ახსენი.
13. რანაირად არის სიყვარული ის აღმძვრელი ძალა, რომელიც თავგანწირვის სულისკვეთების მიღმა დგას?
14. ა) რა ვალდებულებები იხსნება ებრაელთა 13:15, 16-ში? ბ) რა აღგვძრავს კეთილი ცნობის გულმოდგინედ ქადაგებისკენ?
15. თავგანწირვის სულისკვეთებასთან დაკავშირებით ჩვენი თავის შესამოწმებლად, რა კითხვები შეგვეძლო დაგვესვა საკუთარი თავისთვის?
16. როგორ შეუძლია მოხერხებულობას, დაგვეხმაროს სიცოცხლის თავგანწირვით გატარებაში?
17-21. როგორ გადახედა ერთმა მეუღლეთა წყვილმა თავისი ცხოვრების მიზნებს და რა შედეგით?
22. ა) პეტრეს მსგავსად, როგორ შეიძლება, უნებლიედ, გავხდეთ დაბრკოლების ლოდი? ბ) რაზე არ არის დამოკიდებული იეჰოვასადმი თავგანწირვის სულისკვეთებით მსახურება?
23. ა) როგორ შევძლებთ სიხარულის შენარჩუნებას ღმერთის თანამშრომლებად მსახურების დროს? ბ) რა მტკიცებას ვპოულობთ ებრაელთა 6:10–12-ში?