ᲗᲐᲕᲘ 27
„განუზომელია მისი სიკეთე“
1, 2. რამდენად კეთილი ღმერთია იეჰოვა და როგორ არის ბიბლიაში ხაზგასმული ღვთის ეს თვისება?
ᲫᲕᲔᲚᲘ მეგობრები ერთად ვახშმობენ ბუნებაში, იცინიან, საუბრობენ და მზის ჩასვლის ცქერით ტკბებიან. სადღაც შორს, მიწათმოქმედი კმაყოფილი სახით გასცქერის მინდვრებს, რომელთა თავზეც ცა ღრუბლებით დაფარულა; ჩანს, წვიმას აპირებს. სხვაგან კი, მშობლები თავიანთი პატარის პირველი გაუბედავი ნაბიჯებით ხარობენ.
2 შეიძლება ასეთმა ადამიანებმა არც კი იციან, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობას იეჰოვას სიკეთე აძლევს. ზოგი რელიგიის მიმდევარი ხშირად იმეორებს ფრაზას: „ღმერთი კეთილია“. ბიბლიაში ხაზგასმით არის აღნიშნული ღვთის ეს თვისება: „განუზომელია მისი სიკეთე“ (ზაქარია 9:17). მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ბევრს არ ესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა. რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვა კეთილი ღმერთია და რატომ არის ეს ჩვენთვის სასიკეთო?
ღვთის სიყვარულის განსაკუთრებული გამოვლინება
3, 4. რა არის სიკეთე და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა?
3 ბევრ თანამედროვე ენაში „სიკეთე“ ფართო მნიშვნელობის სიტყვაა, მაგრამ ბიბლია გვიმჟღავნებს, სინამდვილეში რა იგულისხმება ამ თვისებაში. სიტყვა „სიკეთეში“ სიკარგეც მოიაზრება; რომელიც თავის მხრივ, უბიწოებასა და ზნეობრიობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვისებას სრულად ფლობს იეჰოვა. მისი ყველა სხვა თვისება — მათ შორის ძლიერება, სამართლიანობა და სიბრძნე — ყოველმხრივ კარგია. და მაინც, სიკეთეს საუკეთესოდ აღვწერთ, თუ ვიტყვით, რომ ის იეჰოვას სიყვარულის გამოვლინებაა. რატომ?
4 სიკეთე მოქმედებაში ვლინდება. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ეს თვისება ადამიანებისთვის სამართლიანობაზე მეტად მიმზიდველია (რომაელები 5:7). სამართლიანი კაცი ცდილობს, ერთგულად დაიცვას ის, რაც კანონით მოეთხოვება, კარგი და კეთილი ადამიანი კი უფრო მეტს აკეთებს. ის ინიციატივას ავლენს და სხვებისთვის სიკეთის კეთების შესაძლებლობას ეძებს. როგორც ხედავ, იეჰოვას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს კეთილი ღმერთი. ცხადია, ეს თვისება მისი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარეობს.
5—7. რატომ არ ისურვა იესომ, რომ მისთვის „კარგი მოძღვარი“ ეწოდებინათ და რა ჭეშმარიტება დაადასტურა ამით?
5 იეჰოვას ვერავინ შეედრება კარგი თვისებების გამოვლენაში. დედამიწაზე მსახურების მიწურულს ერთმა კაცმა იესოს „კარგი მოძღვარი“ უწოდა. «იესომ მიუგო: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“» (მარკოზი 10:17, 18). შეიძლება დაგაბნიოს იესოს პასუხმა. რატომ შეუსწორა იესომ ამ კაცს სიტყვები? განა ნამდვილად კარგი მოძღვარი არ იყო?!
6 როგორც ჩანს, ამ კაცმა ტიტულივით უწოდა იესოს „კარგი მოძღვარი“ იმისათვის, რომ მისი გული მოეგო. იესომ კი თავმდაბლობით განადიდა ზეციერი მამა, რომელიც კარგი თვისებების სწორუპოვარ მაგალითს იძლევა (იგავები 11:2). ამით იესომ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაც დაადასტურა — იეჰოვა სიკეთისა და სიკარგის ეტალონია! მხოლოდ მას აქვს სრული უფლება განსაზღვროს, რა არის კარგი და რა — ცუდი. როდესაც ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს და სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი შეჭამეს, ცხადყვეს, რომ თავად სურდათ ამ უფლების მითვისება. მათგან განსხვავებით, ნორმების დადგენის უფლებაში იესო თავის მამას არ ეცილება.
7 გარდა ამისა, იესომ იცოდა, რომ იეჰოვაა ყოველივე კარგის დასაბამი. მისგან არის „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ (იაკობი 1:17). ვნახოთ, როგორ ვლინდება იეჰოვას გულუხვობაში მისი სიკეთე.
იეჰოვა უხვად ავლენს სიკეთეს
8. როგორ უკეთებს იეჰოვა სიკეთეს მთელ კაცობრიობას?
8 იეჰოვას სიკეთეს ბევრჯერ მოუტანია ბედნიერება ადამიანებისთვის. ფსალმუნის 145:9-ში ნათქვამია: „იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს“. რა გაგებით ვლინდება ღვთის ეს თვისება ყველას მიმართ? ბიბლიაში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „სიკეთის კეთებით მუდამ გიმტკიცებდათ, თუ როგორია იგი — გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს, არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქმეები 14:17). დამდგარხარ ოდესმე კარგ ხასიათზე გემრიელი სადილის გამო? დედამიწის შექმნისას იეჰოვას რომ არ ეზრუნა წვიმასა და უხვ მოსავალზე, არავითარი საკვები არ იარსებებდა. აქედან გამომდინარე, იეჰოვა სიკეთეს უკეთებს არა მარტო თავის მოყვარულებს, არამედ ყველას. იესომ თქვა: „[ზეციერ მამას] მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45).
9. როგორ ცხადყოფს ვაშლის მაგალითი, რომ ღმერთი კეთილია?
9 ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს ღვთის გულუხვობას, რადგან მზე, წვიმა და უხვი მოსავალი მათთვის საოცრებას არ წარმოადგენს. მოდი ვაშლის მაგალითი მოვიყვანოთ. ზომიერ სარტყლებში ვაშლი სრულიად არაეგზოტიკური ხილია. მიუხედავად ამისა, ვაშლი ლამაზი ფორმისაა, გემრიელია, აგრეთვე წყლითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით არის სავსე. იცოდი, რომ მთელ მსოფლიოში ვაშლის დაახლოებით 7 500 სახეობა არსებობს? წითელი, ოქროსფერი, ყვითელი ან მწვანე; როგორც ალუბლის მარცვალზე ოდნავ დიდი, ისე გრეიპფრუტის ზომის. ვაშლის თესლი ძალიან პატარაა, მაგრამ მისგან უმშვენიერესი ხე იზრდება (ქებათა ქება 2:3). გაზაფხულობით ვაშლის ხე ყვავილებით იმკობა; ყოველ შემოდგომას კი ნაყოფს იძლევა. ყოველწლიურად, დაახლოებით 75 წლის განმავლობაში, ვაშლის ხე საშუალოდ ოც 19-კილოიან ყუთს ავსებს!
იეჰოვა გვაძლევს „წვიმას ციდან და უხვ მოსავალს“.
10, 11. როგორ ცხადყოფს გრძნობის ორგანოები, რომ იეჰოვა კეთილია?
10 იეჰოვამ სიკეთე იმ მხრივაც გამოავლინა, რომ საოცრად შეგვქმნა და მოგვცა გრძნობები, რომელთა მეშვეობითაც ვწვდებით ღვთის საქმეებს და ვტკბებით შემოქმედებით (ფსალმუნი 139:14). კიდევ ერთხელ დაფიქრდი იმაზე, რაც ამ თავის დასაწყისში იყო აღწერილი. რისი დანახვა ახარებს ადამიანს? ბავშვის დაწითლებული ლოყების, წვიმით მორწყული მინდვრებისა და ჩამავალი მზის წითელი, ოქროსფერი და იისფერი სხივების. ადამიანის თვალს ასიათასობით, შესაძლოა მილიონობით ფერის აღქმაც კი შეუძლია! სმენით კი შეგვიძლია საყვარელი ადამიანის ხმის ტონის ოდნავი ცვლილებაც კი აღვიქვათ, ფოთლების შრიალი გავიგონოთ და ბავშვის გულწრფელი კისკისით დავტკბეთ. საიდან გვაქვს ამ სასიამოვნო სანახაობებისა და ხმების აღქმის უნარი? ბიბლიაში ნათქვამია: „ყურს ესმის და თვალი ხედავს; ერთიცა და მეორეც იეჰოვას შექმნილია“ (იგავები 20:12). მაგრამ გრძნობის ორგანოები მხოლოდ ყურითა და თვალით როდი შემოიფარგლება.
11 ყნოსვის უნარი იეჰოვას სიკეთის კიდევ ერთი დადასტურებაა. ადამიანის ცხვირს უამრავი სუნის აღქმა შეუძლია. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი ათასებიდან ტრილიონამდე მერყეობს. გაიხსენე შენი საყვარელი კერძის, ყვავილების, ჩამოცვენილი ფოთლების ან ბუხარში დანთებული ცეცხლის კვამლის სუნი. შეხების უნარი შესაძლებლობას გაძლევს შეიგრძნო, როგორ გელამუნება სახეზე ნიავი, როგორ გიხუტებს გულში საყვარელი ადამიანი ან რამდენად რბილია ხილი, რომელიც ხელში გიჭირავს. ჩაკბეჩისას მის გემოსაც გრძნობ. გსიამოვნებს, როდესაც გემოს რეცეპტორები ხილის ქიმიური შემადგენლობით განპირობებულ გემოს შეიგრძნობენ. დიახ, ნამდვილად საფუძვლიანად შეგვიძლია ვუთხრათ იეჰოვას: „უამრავი კურთხევა გაქვს შენს მოშიშთათვის შემონახული“ (ფსალმუნი 31:19). როგორ „შემოუნახა“ იეჰოვამ უამრავი კურთხევა თავის მოშიშებს?
მარადიული კურთხევები
12. იეჰოვას რა კურთხევებია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
12 იესომ თქვა: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“» (მათე 4:4). ნამდვილად, სულიერ კურთხევებს ფიზიკურ კურთხევებზე მეტი სიკეთე მოაქვს, რადგან ისინი მარადიული სიცოცხლის მიღწევის შესაძლებლობას გვაძლევს. ამ წიგნის მე-8 თავში აღვნიშნეთ, რომ უკანასკნელ დღეებში იეჰოვა თავის ძალას იმისთვის იყენებს, რომ ჭეშმარიტების გაგებაში დაეხმაროს ადამიანებს და სულიერი სამოთხე აღადგინოს. ამ სულიერი სამოთხის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი სულიერი საზრდოს სიუხვეა.
13, 14. ა) რა იხილა წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა და ჩვენ როგორ გვეხება მისი ხილვა? ბ) როგორ აძლევს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას?
13 აღორძინების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში, ეზეკიელის ხილვაში, აღდგენილი ტაძარია აღწერილი. ეზეკიელმა იხილა, რომ ამ დიდებული ტაძრიდან წყალი მოედინებოდა და თანდათანობით მატულობდა; ბოლოს კი მდინარედ იქცა. მდინარის წყალს ყველგან კურთხევა მოჰქონდა. მის ნაპირებზე საჭმელად ვარგისი და სამკურნალო ხეები იზრდებოდა. მდინარემ მლაშე მკვდარ ზღვაშიც კი გააჩინა სიცოცხლე! (ეზეკიელი 47:1—12). რას ნიშნავდა ეს ყოველივე?
14 ტაძრის შესახებ ხილვა მიანიშნებდა, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა და ხალხი იეჰოვას კვლავ მის მოსაწონად სცემდა თაყვანს. ეზეკიელის მიერ ნანახი მდინარის მსგავსად, რომელიც თანდათან ღრმავდებოდა, ღვთის ხალხი უფრო და უფრო მეტ კურთხევას მიიღებდა. 1919 წელს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შემდეგ იეჰოვამ სწორედ ასე აკურთხა თავისი ხალხი. მაინც როგორ? ბიბლია, ბიბლიური ლიტერატურა, კრების შეხვედრები და კონგრესები მილიონობით ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. ამ საშუალებებით იეჰოვა ხალხს უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას ასწავლის — იესო ქრისტეს მსხვერპლი ღვთის მოყვარულ ადამიანებს იეჰოვას თვალში გაწმენდისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს.a როგორც ვხედავთ, ამ უკანასკნელ დღეებში, როდესაც მთელი მსოფლიო სულიერად შიმშილობს, იეჰოვას ხალხს უხვად აქვს სულიერი საზრდო (ესაია 65:13).
15. რა გაგებით იდინებს უფრო მეტად იეჰოვას სიკეთე ქრისტეს ათასწლიანი მეფობისას?
15 მდინარე, რომელიც ეზეკიელმა იხილა, არ წყვეტს დინებას ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს. ის სულ უფრო მეტად იდინებს ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს. მაშინ მესიანური სამეფოს მეშვეობით იეჰოვა ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე თანდათანობით გაასრულყოფილებს ერთგულ ადამიანებს. როგორ გავიხარებთ იმ სიკეთით, რასაც იეჰოვა ჩვენთვის გააკეთებს!
კიდევ რა მხრივ ავლენს იეჰოვა სიკეთეს?
16. როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვას სიკეთე მის თვისებებში ვლინდება და რომელია ეს თვისებები?
16 მხოლოდ გულუხვობა როდი მეტყველებს იეჰოვას სიკეთეზე. ღმერთმა უთხრა მოსეს: „შენ წინ ჩავივლი და იხილავ ჩემს სიდიადეს; შენ წინაშე გავაცხადებ ჩემს სახელს, იეჰოვას“. მოგვიანებით, როგორც ბიბლიაშია მოთხრობილი, «იეჰოვამ მის წინაშე ჩაიარა და განუცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“» (გამოსვლა 33:19; 34:6, სქოლიო). ამგვარად, იეჰოვას სიკეთე მის კარგ თვისებებში ვლინდება. განვიხილოთ ორი მათგანი.
17. რა არის თანაგრძნობა და როგორ ავლენს ამ თვისებას იეჰოვა არასრულყოფილი ადამიანების მიმართ?
17 „თანამგრძნობი“. ეს სიტყვა წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ქმნილებებს. ძალაუფლების მქონე ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, ის უხეში და ცივი კი არ არის, არამედ მოსიყვარულე და კეთილია. მაგალითად, «იეჰოვამ აბრამს სთხოვა: „ასწიე თავი და გაიხედე ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ“» (დაბადება 13:14). ბევრ თარგმანში სიტყვა „სთხოვა“ სხვა სიტყვითაა ჩანაცვლებული, მაგრამ ბიბლიის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ებრაულში გამოყენებულია ნაწილაკი, რომელიც იეჰოვას სიტყვებს არა ბრძანების, არამედ თხოვნის მნიშვნელობას სძენს. ბიბლიაში სხვაგანაც გვხვდება მსგავსი მაგალითები (ეზეკიელი 8:5). წარმოიდგინე, სამყაროს უზენაესი მმართველი თხოვნით მიმართავს ჩვეულებრივ ადამიანებს! განა გამამხნევებელი არ არის იეჰოვას თანაგრძნობაზე ფიქრი მაშინ, როცა ჩვენ ირგვლივ ადამიანები სასტიკები, უხეშები და აგრესიულები არიან?!
18. რას ნიშნავს, რომ იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“ და რით არის ეს სიტყვები მანუგეშებელი?
18 „გულუხვი . . . ჭეშმარიტებაში“. დღეს ადამიანები უპატიოსნო გზით დადიან. ღვთის შესახებ კი ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ იცრუოს“ (რიცხვები 23:19). ტიტეს 1:2-შიც ნათქვამია, რომ ღმერთმა „შეუძლებელია, იცრუოს“. მის კარგ თვისებებს საერთო არაფერი აქვს სიცრუესთან. ამიტომაც იეჰოვას დაპირებები სრულიად სანდოა; ის ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. იეჰოვას „ჭეშმარიტების ღმერთი“ ეწოდება (ფსალმუნი 31:5). ის მხოლოდ სიცრუის თქმისგან კი არ იკავებს თავს, არამედ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. იეჰოვა არაფერს მალავს და ასაიდუმლოებს; პირიქით, ერთგულ მსახურებს უზიარებს თავის უსაზღვრო სიბრძნეს.b ის მათ ჭეშმარიტების გზით სიარულსაც ასწავლის (3 იოანე 3). რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას სიკეთემ თითოეული ჩვენგანი?
იეჰოვას სიკეთის გამო გაბრწყინებულნი
19, 20. ა) როგორ შეეცადა სატანა, დაეეჭვებინა ევა ღვთის სიკეთეში და რით დამთავრდა სატანის მცდელობა? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იეჰოვას სიკეთემ და რატომ?
19 ედემის ბაღში სატანა შეეცადა, ევა ღვთის სიკეთეში დაეეჭვებინა. იეჰოვას ადამისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო“. იმ ათასობით ხიდან, რომლებითაც ედემის ბაღი იქნებოდა დამშვენებული, მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ჭამა იყო აკრძალული. მიუხედავად ამისა, სატანამ ევას ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“ (დაბადება 2:9, 16; 3:1). სატანამ დაამახინჯა იეჰოვას სიტყვები და ევას შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს იეჰოვა რაღაც კარგს უმალავდა. სამწუხაროდ, ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა. ევა ღვთის სიკეთეში დაეჭვდა მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ყველაფერი ჰქონდა მიცემული. ევას მსგავსად, დღესაც მრავალს ებადება ასეთი აზრი.
20 კარგად ვიცით, რა სავალალო შედეგები მოჰყვება ასეთ ეჭვებს. ამიტომაც, ყურადღება მივაქციოთ იერემიას 31:12-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მოვლენ ისინი და სიხარულით შესძახებენ სიონის მაღლობზე, გაბრწყინდებიან, რადგან სიკეთეს არ დაიშურებს მათთვის იეჰოვა“. იეჰოვას სიკეთემ ნამდვილად სიხარულით უნდა გაგვაბრწყინოს. არასდროს უნდა დავეჭვდეთ ჩვენს ღმერთში, რომელიც სიკეთის სწორუპოვარი მაგალითია. სრულად უნდა მივენდოთ მას, რადგან იეჰოვას მხოლოდ კარგი სურს მათთვის, ვისაც ღმერთი უყვარს.
21, 22. ა) რისკენ აღგძრავს იეჰოვას სიკეთეზე ფიქრი? ბ) რა თვისებას განვიხილავთ მომდევნო თავში და რით განსხვავდება ეს თვისება სიკეთისგან?
21 გარდა ამისა, სასიხარულოა ღვთის სიკეთეზე სხვებთან ლაპარაკიც. იეჰოვას ხალხის შესახებ ფსალმუნის 145:7-ში ნათქვამია: „გაიხსენებენ შენს სიკეთეს და განგადიდებენ დღემუდამ“. ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ იეჰოვას სიკეთის გამოვლინებას. განა მართებული არ იქნებოდა, ყოველდღე მადლიერება გამოგვეხატა იეჰოვასადმი, რომელიც სიკეთეს ავლენს ჩვენ მიმართ?! კარგი იქნება, თუ კონკრეტულად ვეტყვით, რატომ ვართ მადლიერი. თუ ხშირად დავფიქრდებით, რამდენად კეთილია იეჰოვა, ყოველდღე მადლობას გადავუხდით მას და სხვებსაც ვესაუბრებით მისი ამ თვისების შესახებ, გაგვიადვილდება ჩვენი ღმერთის მიბაძვა. თუკი იეჰოვას მსგავსად სიკეთის კეთების შესაძლებლობებს მოვძებნით, უფრო მეტად დავუახლოვდებით მას. ხანში შესულმა მოციქულმა იოანემ დაწერა: „საყვარელო, ცუდს კი ნუ მიჰბაძავ, კარგს მიჰბაძე. კარგის მოქმედი ღვთისგან არის“ (3 იოანე 11).
22 იეჰოვას სიკეთე სხვა თვისებებსაც უკავშირდება. მაგალითად, წიგნ „გამოსვლაში“ ნათქვამია, რომ ღმერთი „გულუხვია სიკეთეში“. აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა „სიკეთე“ ურყევი სიყვარულით ვლინდება (გამოსვლა 34:6, სქოლიო). ასეთი სიყვარული ყველაზე არ ვრცელდება, რადგან იეჰოვა მას მხოლოდ თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს. მომდევნო თავში სწორედ ამ თვისებას განვიხილავთ.
a იეჰოვას სიკეთეზე ყველაზე მეტად გამოსასყიდი მეტყველებს. მილიონობით სულიერი ქმნილებიდან იეჰოვამ თავისი საყვარელი მხოლოდშობილი ძე ამოარჩია, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო.
b ბიბლიაში სათანადოდ უკავშირდება ჭეშმარიტება სინათლეს. „შენი სინათლე და ჭეშმარიტება გამოგზავნე“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 43:3). იეჰოვა სულიერ ნათელს ჰფენს ყველას, ვისაც მისგან სწავლა, ანუ განათლების მიღება სურს (2 კორინთელები 4:6; 1 იოანე 1:5).