„გვითხარი, როდის იქნება ეს?“
„ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს გაცნობებთ“ (ესაია 42:9)
1, 2. ა) რას ეკითხებოდნენ იესოს მოციქულები მომავლის შესახებ? ბ) როგორ შესრულდა იესოს მიერ აღნიშნული შედგენილი ნიშანი?
ღვთიური სწავლება გამომდინარეობს იეჰოვა ღმერთისგან, რომელიც ‘დასაბამიდანვე აცხადებს მომავალს’ (ესაია 46:10). როგორც წინა სტატიაში იყო ნაჩვენები, მოციქულებს ძლიერ სურდათ მიეღოთ ასეთი სწავლება იესოსგან, ამიტომ ისინი ეკითხებოდნენ: „გვითხარი, როდის იქნება ეს, და რა იქნება ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“ (მარკოზი 13:4).
2 პასუხად იესომ აღწერა შედგენილი „ნიშანი“, რომელიც იუდეველთა სისტემის მოახლოებული აღსასრულის დამამტკიცებელ ფაქტებს შეიცავდა. ეს შესრულდა იერუსალიმის დანგრევის დროს, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს. მაგრამ მომავალში, იესოს წინასწარმეტყველებას უფრო დიდი შესრულება ექნებოდა. 1914 წელს, როგორც კი დასრულდა „წარმართთა დრო“, მაშინვე უზარმაზარი მასშტაბით გამოჩნდა ნიშანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე ბოროტი სისტემა ‘დიდ ჭირში’ განადგურდებაa (ლუკა 21:24). მილიონობით დღეს მცხოვრებს შეუძლია დაადასტუროს, რომ ნიშანი შესრულდა, რასაც მსოფლიო ომები და XX საუკუნის სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები გვიჩვენებს. აგრეთვე, ეს შემთხვევები მოწმობენ იესოს წინასწარმეტყველების უდიდეს შესრულებაზე, რომელსაც ახალი წელთაღრიცხვით 33–70 წლებში მომხდარი მოვლენები ასიმბოლიზირებს.
3. სხვა ნიშანზე საუბრისას, რომელი დამატებითი მოვლენების შესახებ იწინასწარმეტყველა იესომ?
3 ლუკას მიერ წარმართთა დროის მოხსენიების შემდეგ, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარების პარალელურ ტექსტებში აღწერილია თანმიმდევრული მოვლენების რიგი, რომელიც ‘ამ სისტემის აღსასრულის’ შედგენილ ‘ნიშანთან’ ერთად დამატებით ნიშანს შეიცავს (მათე 24:3, აქ). (25-ე გვერდზე ეს მითითება აღნიშნულია ორმაგი წყვეტილი ხაზით). მათემ თქვა: „და მაშინვე, ჭირის იმ დღეების შემდგომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ ძე კაცისას — ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. და წარგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთა ქართაგან, ცათა კიდეთაგან მათ კიდეებამდის“ (მათე 24:29-31).
ჭირი და ციური მოვლენები
4. რა კითხვა წამოიჭრება ციური მოვლენების შესახებ, რომელიც იესომ მოიხსენია?
4 როდის შესრულდებოდა ყოველივე ეს? სამივე სახარებაში მოიხსენიება ის, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ ციური მოვლენები — მზისა და მთვარის დაბნელება და ვარსკვლავების ცვენა. იესომ თქვა, რომ ეს მოვლენები მოხდებოდა „ჭირის“ შემდგომ. გულისხმობდა თუ არა იესო დიდ ჭირს, რომელმაც თავის უმაღლეს წერტილს ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს მიაღწია, თუ საუბრობდა იმ დიდი ჭირის შესახებ, რომელიც ჩვენს დროში მოხდება? (მათე 24:29; მარკოზი 13:24).
5. რა წარმოდგენა არსებობდა თანამედროვე ჭირის შესახებ?
5 ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან, როდესაც დასრულდა წარმართთა დრო, ღმერთის მსახურებმა ‘დიდი ჭირის’ მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს (გამოცხადება 7:14). წლების განმავლობაში ისინი ფიქრობდნენ, რომ თანამედროვე დიდი ჭირი დაიწყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, შემდეგ დროებით შეწყდა და საბოლოოდ დასრულდება ომით ‘ყოვლისმპყრობელი ღმერთის ამ დიდ დღეს’. თუ ასეა, რა უნდა მომხდარიყო ათწლეულების განმავლობაში, ‘ამ სისტემის აღსასრულამდე’? (გამოცხადება 16:14; მათე 13:39; 24:3, აქ; 28:20).
6. როგორი თვალსაზრისი არსებობდა იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაზე ციური მოვლენების შესახებ?
6 როგორც ადრე ფიქრობდნენ, ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდებოდა შედგენილი ნიშანი, რომელიც, აგრეთვე, შეიცავდა ღმერთის შეკრებილი ხალხის მიერ ჩატარებულ სამქადაგებლო საქმიანობას. ასევე, ითვლებოდა, რომ ნაწინასწარმეტყველები ციური მოვლენები მოსალოდნელი იქნებოდა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც 1914–18 წლებში დაიწყო (მათე 24:29; მარკოზი 13:24, 25; ლუკა 21: 25). იმ დროს, ყურადღება ექცეოდა ცაში, პირდაპირი გაგებით, მიმდინარე პროცესებს — თანამგზავრებსა და რაკეტებს, კოსმოსურ ანუ გამა-გამოსხივებას, მთვარეზე გაფრენასა და მასზე სადგურების დაფუძნებას.
7. რომელი ახალი გაგება დადგინდა დიდი ჭირის შესახებ?
7 მაგრამ, 1970 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკმა“ (ინგლ.) კიდევ ერთხელ გამოიკვლია იესოს წინასწარმეტყველება, განსაკუთრებით კი დიდი ჭირის მოახლოება. ამის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმის გათვალისწინებით, რაც პირველ საუკუნეში მოხდა, თანამედროვე ჭირი არ დაიწყებოდა 1914–18 წლებში, შემდეგ არ შეწყდებოდა რამდენიმე ათწლეულით და მოგვიანებით არ გაგრძელდებოდა. ჟურნალმა დაასკვნა: „‘დიდი ჭირი’, რომლის მსგავსი არასდროს მოხდება, ჯერ წინაა, რაც ნიშნავს ცრუ რელიგიური მსოფლიო მპყრობლის განადგურებას (ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით), რომელსაც ‘ყოვლისმპყრობელი ღმერთის ამ დიდ დღეს’ მოჰყვება ომი — არმაგედონი“.
8. თანამედროვე ჭირის შესახებ ახალი თვალსაზრისის გათვალისწინებით როგორ იყო ახსნილი მათეს 24:29?
8 მაგრამ, მათეს 24:29-ში ნათქვამია, რომ ციური მოვლენები გამოჩნდება „მაშინვე, ჭირის იმ დღეების შემდგომ“. რამდენად შესაძლებელია ეს? 1975 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) გამოთქვამდა აზრს, რომ აქ ‘დიდი ჭირით’ იგულისხმება მოვლენები, რომელთა აპოგეას ჰქონდა ადგილი ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს. მაგრამ, რა გაგებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ჩვენი დროის ციური მოვლენები მოხდებოდა „მაშინვე“, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს მომხდარი შემთხვევების შემდეგ? ამ აზრს ასაბუთებდნენ იმით, რომ ღმერთის თვალში საუკუნეები წამიერად გადის (რომაელთა 16:20; 2 პეტრე 3:8). მაგრამ, ამ წინასწარმეტყველების, განსაკუთრებით კი მათეს 24:29-31-ის უფრო გულმოდგინე გამოკვლევა მიუთითებს საკმაოდ განსხვავებულ განმარტებაზე. ეს ცხადყოფს დილის ნათელის მაგალითს, რომელიც „უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“ (იგავნი 4:18)b მოდით განვიხილოთ, რატომ არის ახალი ახსნა სათანადო.
9. რამდენად კარგ საფუძველს წარმოადგენს ებრაული წერილები, ციური მოვლენების შესახებ, იესოს სიტყვების უკეთესად გაგებისათვის?
9 თავის ოთხ მოციქულს იესომ წინასწარ შეატყობინა, რომ ‘მზე დაბნელდებოდა და მთვარე აღარ გამოსცემდა თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებოდნენ’. როგორც იუდევლებს, მათ უნდა გაეგოთ ებრაული წერილების ასეთი ენა, მაგალითად სოფონიას 1:15, სადაც ღმერთის სასამართლოს დრო აღწერილია, როგორც „ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე“. ასევე მრავალი სხვა წინასწარმეტყველი აღწერდა დაბნელებულ მზეს, მთვარეს, რომელიც არ ანათებდა და ვარსკვლავებს, რომლებიც არ გამოსცემდნენ შუქს. ასეთი ენით გადმოცემული ცნობები შეგიძლია იხილო ღმერთის ინსპირირებულ წინასწარმეტყველებებში, რომლებიც მიმართულია ბაბილონის, ედომის, ეგვიპტისა და ისრაელის ჩრდილო სამეფოს წინააღმდეგ (ესაია 13:9, 10; 34:4 5; იერემია 4:28; ეზეკიელი 32:2, 6-8; ამოს 5:20; 8:2, 9).
10, 11. ა) რა იწინასწარმეტყველა იოველმა ციური მოვლენების შესახებ? ბ) იოველის წინასწარმეტყველების რომელი ნაწილები შესრულდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს და რომელი არა?
10 როდესაც პეტრემ და სხვა სამმა მოციქულმა მოისმინა იესოს სიტყვები მათ, შესაძლოა, გაიხსენეს იოველის 3:1-4-სა და 4:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები. . . გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“. „მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი“.
11 საქმის 2:1-4-სა და 14-21-ში ჩაწერილის თანახმად, ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ღმერთმა გადმოაფრქვია წმინდა სული 120 მოწაფეზე, მამაკაცებზე და ქალებზე. მოციქულმა პეტრემ გამოაცხადა, რომ ამ შემთხვევის შესახებ წინასწარმეტყველ იოველმა იწინასწარმეტყველა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იოველის სიტყვების შესახებ, რომ ‘მზე დაბნელდება, მთვარე გასისხლიანდება და ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი’? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყოველივე ეს შესრულდა ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ან მომდევნო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც იუდეველთა სისტემის აღსასრულის დადგომამდე გრძელდებოდა.
12, 13. როგორ შესრულდა იოველის წინასწარმეტყველება ციური მოვლენების შესახებ?
12 ნათელია, რომ იოველის წინასწარმეტყველების ბოლო ნაწილი უფრო დაკავშირებული იყო ‘უფლის დიდი და საშინელი დღის დადგომასთან’ — იერუსალიმის დანგრევასთან. 1966 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) ნათქვამია იმ ჭირის შესახებ, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს იერუსალიმისა და მისი შვილებისთვის „უფლის დღე“ იყო. იმ დღეს იყო ბევრი ‘სისხლი, ცეცხლი და კვამლის სვეტები’, დღისით მზის სხივები ვერ აღწევდნენ სიბნელით დაფარულ ქალაქამდე, ღამით კი მთვარე, რომლის ფერი დაღვრილ სისხლს ახსენებდა, არ გამოსცემდა თავის მშვიდობიან, ვერცხლისფერ სინათლეს“.c
13 დიახ, ისევე როგორც სხვა მოხსენიებულ წინასწარმეტყველებებში, იოველის მიერ ნაწინასწარმეტყველები ციური მოვლენები უნდა შესრულებულიყო მაშინ, როდესაც იეჰოვა სასამართლო განაჩენს გამოიტანდა. როდესაც განაჩენის აღმასრულებელი ძალები იერუსალიმის წინააღმდეგ წავიდნენ, იუდეველთა სისტემის დასასრულის მთელი პერიოდის განმავლობაში, მზე, მთვარე და ვარსკვლავები არ გამოსცემდნენ სინათლეს. მაშასადამე, უნდა მოველოდეთ იოველის წინასწარმეტყველების ამ ნაწილის უფრო დიდ შესრულებას, როდესაც იეჰოვა თანამედროვე სისტემისთვის გამოტანილი განაჩენის შესრულებას დაიწყებს.
რომელი ჭირი მოხდება ციური მოვლენების წინ?
14, 15. რა გავლენას ახდენს იოველის წინასწარმეტყველება ჩვენს მიერ მათეს 24:29-ის გაგებაზე?
14 იოველის წინასწარმეტყველების შესრულება (სხვა მრავალ წინასწარმეტყველებასთან ერთად, რომელშიც ასეთივე ენაა გამოყენებული) გვეხმარება გავიგოთ მათეს 24:29-ში ჩაწერილი სიტყვები. ნათელია, ის, რაც თქვა იესომ იმის შესახებ, რომ „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან“, არ ეხება კოსმოსურ რაკეტებს, მთვარეზე დაჯდომას და ამის მსგავს სხვა შემთხვევებს, რომლებიც მიმდინარეობს თანამედროვე სისტემის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. არა, იესო მიუთითებდა ‘უფლის დიდ და საშინელ დღესთან’ — მომავალ განადგურებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
15 ეს გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ მოხდებოდა ციური მოვლენები „მაშინვე, ჭირის იმ დღეების შემდგომ“. იესო არ ამბობდა იმ ჭირის შესახებ, რომელმაც მიაღწია თავის აპოგეას ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს. პირიქით, ის მიუთითებდა დიდი ჭირის დაწყებაზე, რომელიც მისი აღთქმული ‘თანდასწრების’ დროს თავს დაატყდება ქვეყნიერების სისტემას (მათე 24:3). ეს ჭირი ჯერ კიდევ წინაა.
16. რომელ ჭირზე მიუთითებდა მარკოზის 13:24 და რატომ?
16 რა შეიძლება ითქვას მარკოზის 13:24-ში მოცემული სიტყვების შესახებ: „მაგრამ იმ დღეებში, იმ ჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს“? აქ, ორჯერ გამოყენებული სიტყვა „იმ“ არის ბერძნული ჩვენებითი ნაცვალსახელის ე·კეი·ნოს ფორმა, რომელიც მიუთითებს დროის მიხედვით შორს არსებულ მოვლენაზე. სიტყვა ე·კეი·ნოს გამოიყენება დიდი ხნის წინ მომხდარ (ან ადრე მოხსენიებულ), ასევე შორეულ მომავალში მოსალოდნელ შემთხვევასთან დაკავშირებით (მათე 3:1; 7:22; 10:19; 24:38; მარკოზი 13:11, 17, 32; 14:25; ლუკა 10:12; 2 თესალონიკელთა 1:10). ამიტომ, როდესაც მარკოზის 13:24 ლაპარაკობს ‘იმ ჭირის’ შესახებ, ის მიუთითებს არა რომაელთა მიერ გამოწვეულ ჭირზე, არამედ იეჰოვას ძლევამოსილ მოქმედებაზე — თანამედროვე სისტემის აღსასრულზე.
17, 18. რა ნათელი მოჰფინა გამოცხადებამ იმას, თუ როგორ განვითარდება დიდი ჭირი?
17 გამოცხადების 17–19 თავები სრულ თანხმობაშია მათეს 24:29-31-ში, მარკოზის 13:24-27-სა და ლუკას 21:25-28-ში მოყვანილ სიტყვებთან და ადასტურებს მათ ახალ გაგებას. როგორ? სახარებებიდან ჩანს, რომ ჭირი არ დამთავრდება დაწყებისთანავე. მისი დაწყების შემდეგ ზოგიერთი ურჩი ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება, ისინი იხილავენ ‘ძე კაცისას ნიშანს’, რომლის გამოც გოდებას დაიწყებენ და ლუკას 21:26-ის სიტყვების თანახმად მათ ‘გული შეუწუხდებათ შიშით და მსოფლიოზე მომავალთა მოლოდინით’. ამ დაუძლეველ შიშს გამოიწვევს მათი განადგურების მაუწყებელი „ნიშანი“, რომელსაც იხილავენ.
18 წიგნი „გამოცხადება“ გვიჩვენებს, რომ მომავალი დიდი ჭირი დაიწყება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ‘მხეცის’ მებრძოლი ‘რქები’ დაარბევენ ‘დიდ მეძავს’, დიდ ბაბილონსd(გამოცხადება 17:1, 10-16). მაგრამ, დარჩება ბევრი ადამიანი, რადგან მეფეები, ვაჭრები, მეზღვაურები და სხვები დაიტირებენ ცრუ რელიგიის აღსასრულს. უეჭველია, ამ მოვლენის შემდეგ მრავალი ადამიანი შეიგნებს, რომ მათი განადგურების ჯერიც დადგა (გამოცხადება 18:9-19).
რა გვიახლოვდება?
19. რას უნდა მოველოდეთ დიდი ჭირის დაწყებისას?
19 მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან აღებული ნაწყვეტები, გამოცხადების 17–19 თავების ჩათვლით, მნიშვნელოვან ნათელს ჰფენს იმას, რაც მალე მოხდება. ღმერთის მიერ დანიშნულ დროს, ცრუ რელიგიურ მსოფლიო მპყრობელზე (დიდ ბაბილონზე) თავდასხმით დაიწყება დიდი ჭირი. განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა იქნება ქრისტიანულ სამყაროზე, რომელიც შეესატყვისება მოღალატე იერუსალიმს. „მაშინვე“, ჭირის იმ პერიოდის „შემდგომ“ „იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე, ხოლო დედამიწაზე — ხალხთა [არნახული] შეშფოთება“ (მათე 24:29; ლუკა 21:25).
20. რა ციურ მოვლენებს შეგვიძლია მოველოდეთ?
20 რა გაგებით ‘დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან’? ეჭვგარეშეა, რომ დიდი ჭირის დასაწყისში, მრავალი „მნათობი“ — რელიგიური სამყაროს გამოჩენილი სასულიერო პირები — მხილებულნი და განადგურებულნი იქნებიან გამოცხადების 17:16-ში მოხსენიებული ‘ათი რქის მიერ’. თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკური ძალებიც შეირყევიან. მაგრამ, იქნება თუ არა საშინელი მოვლენები, ასევე ფიზიკურ ცაზე? სავსებით შესაძლებელია, თანაც უფრო საშინელი ვიდრე იოსებ ფლავიუსის მიერ აღწერილი მოვლენები, რომლებიც იუდეველთა სისტემის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე მიმდინარეობდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ძველ დროში ასეთი დამანგრეველი მოვლენების გამოწვევის მიზნით ღმერთი ავლენდა თავის ძალას და მას დღესაც შეუძლია იგივე გაიმეოროს (გამოსვლა 10:21-23; იესო ნავეს ძე 10:12-14; მსაჯულნი 5:20; ლუკა 23:44, 45).
21. როგორ გამომჟღავნდება მომავალი „ნიშანი“?
21 ამასთან დაკავშირებით, მომდევნო მოვლენის გამოსახატავად, სამივე სახარების მწერლებმა გამოიყენეს სიტყვა ტო·ტე (მაშინ). „მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში“ (მათე 24:30; მარკოზი 13:26; ლუკა 21:27). პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან დაწყებული იესოს ერთგული მოწაფეები თვალყურს ადევნებენ მისი უხილავი თანდასწრების შედგენილ ნიშანს, იმ დროს, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხვდება ამას. მაგრამ მათეს 24:30 მიუთითებს ‘ნიშანზე’, რომელიც მომავალში გამოჩნდება — „ძე კაცისას ნიშანი“, რომლის დანახვაც ყველა ერს მოუწევს. როდესაც იესო მოვა უხილავად, ცის ღრუბლებით, მტრულად განწყობილი ადამიანები მთელ მსოფლიოში, მისი მეფური ძალის ზებუნებრივი გამოვლინების წყალობით იძულებულნი იქნებიან აღიარონ ღრუბლებით ‘მომავალი’ (ბერძნულად ერ·ხო·მე·ნონ) (გამოცხადება 1:7).
22. რა ზეგავლენას მოახდენს მათეს 24:30-ში ჩაწერილი „ნიშანი“?
22 იმისათვის, რომ წარმოგვიდგინოს, თუ რა მოჰყვება ამ მოვლენას, მათეს 24:30 ისევ იყენებს სიტყვას ტო·ტე. როდესაც შეიგნებს, რომ განადგურება მოახლოებულია და შეიგრძნობს თავის მდგომარეობას, დედამიწის ყველა ერი მოთქმას მოჰყვება. რამდენად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით ღმერთის მსახურები, რადგან გავიმართებით და თავს ავწევთ, იმიტომ, რომ ახლოვდება ჩვენი ხსნა! (ლუკა 21:28). აგრეთვე, გამოცხადების 19:1-6-ში ნაჩვენებია, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ზეცაში და დედამიწაზე გაიხარებენ დიდი მეძავის განადგურებით.
23. ა) რას მოიმოქმედებს იესო რჩეულებთან დაკავშირებით? ბ) რა შეიძლება ითქვას დარჩენილი ნაწილის ზეცაში შეკრების შესახებ?
23 იესოს წინასწარმეტყველება გრძელდება მარკოზის 13:27-ში: „მაშინ [ტო·ტე] წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთა ქართაგან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდის“. აქ იესომ გაამახვილა ყურადღება დედამიწაზე მცხოვრებ ‘რჩეულებზე’, 144 000-ის დარჩენილ ნაწილზე. ამ სისტემის აღსასრულის ადრეულ ეტაპზე იესოს ცხებული მოწაფეები მოყვანილნი იყვნენ თეოკრატიულ ერთიანობაში. მაგრამ მარკოზის 13:27-სა და მათეს 24:31-ში მოცემული თანმიმდევრობის თანახმად კიდევ სხვა მოვლენებია აღწერილი. „დიდხმიანი საყვირით“ დედამიწის კიდეთაგან შეკრებილნი იქნებიან დარჩენილი ‘რჩეულები’. როგორ იქნებიან ისინი შეკრებილნი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ისინი იქნებიან ‘ბეჭედდასმულნი’, იეჰოვას მიერ ამორჩეულნი, რომლებიც მიეკუთვნებიან მათ, ვინც „მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი არიან“. დანიშნულ დროს, ღმერთი შეკრებს მათ ზეცაში, რომ მეფე-მღვდლებად დანიშნოსe. ეს სიხარულს მოუტანს თითოეულ მათგანს და მათ ერთგულ თანამშრომლებს, ‘უამრავ ხალხს’, რომელთაც ედებათ ნიშანი, რომელიც გამოიყვანს „დიდი ჭირიდან“ და მიაღებინებს კურთხევას სამოთხეში დედამიწაზე (მათე 24:22; გამოცხადება 7:3, 4, 9-17; 17:14; 20:6; ეზეკიელი 9:4, 6).
24. მომავალი მოვლენების რა თანმიმდევრობა ჩანს მათეს 24:29-31-დან?
24 როდესაც მოციქულებმა ჰკითხეს: „გვითხარი. . .“ იესომ, თავისი პასუხით უთხრა მეტი, ვიდრე მათ შეეძლოთ გაეგოთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრების განმავლობაში, მათ უხაროდათ, როდესაც ხედავდნენ მისი წინასწარმეტყველების შესრულების წინასახეს. იესოს პასუხის განხილვისას ხაზი ესმევა წინასწარმეტყველების იმ ნაწილს, რომელიც ახლო მომავალში შესრულდება (მათე 24:29-31; მარკოზი 13:24-27; ლუკა 21:25-28). უკვე ახლა ჩანს, რომ ჩვენი ხსნა მოახლოებულია. ჩვენ შეგვიძლია მოველოდეთ დიდი ჭირის დაწყებას და მაშინ ძე კაცისას ნიშანს და მაშინ ღმერთის მიერ რჩეულთა შეკრებას. საბოლოოდ კი არმაგედონში ჩვენ ვიხილავთ იეჰოვას განაჩენის შემსრულებლის, ჩვენი მეომარი-მეფის, ტახტზე აღზევებული იესოს ‘გამარჯვებას’ (გამოცხადება 6:2). იმ დღეს, როდესაც იეჰოვა შურს იძიებს, დადგება დიდებული ფინალი ამ სისტემის აღსასრულისა, რომელიც 1914 წლიდან აღინიშნება, როგორც უფალ იესოს დღე.
25. როგორ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რაც ლუკას 21:28-ის თანახმად შესრულდება მომავალში?
25 მაშ, განუწყვეტლივ ისარგებლე ღვთიური სწავლებით, რომ გამოეხმაურო იესოს სიტყვების მომავალ შესრულებას: „ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, იმიტომ, რომ ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28). რაოდენ დიდებული მომავალია რჩეულთა და უამრავი ხალხის წინაშე, როდესაც იეჰოვა თავისი წმინდა სახელის განწმენდას შეუდგება!
[სქოლიოები]
a იეჰოვას მოწმეები მოხარულნი არიან წარმოგიდგინონ იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ დღეს ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებით სრულდება ბიბლიის ეს წინასწარმეტყველება.
b დამატებითი მასალა შეგიძლია იხილო „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების მიერ 1973 წელს გამოცემულ წიგნში „ღმერთის ათასწლიანი სამეფო მოახლოებულია“ (ინგლ.) (გვერდები 296-323) და 1982 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.) (გვერდები 17-22).
c იოსებ ფლავიუსი აღწერს მოვლენებს, რომელიც რომაელთა მიერ იერუსალიმზე პირველი შეტევიდან (ახალი წელთაღრიცხვით 66 წელი) მის განადგურებამდე მიმდინარეობდა: „ღამე ატყდა გამანადგურებელი ქარიშხალი; გამძვინვარებული გრიგალი კოკისპირულ წვიმასთან ერთად, განუწყვეტელი ელვა, რომელსაც თან სდევდა შემაძრწუნებელი ჭექა-ქუხილი, მიწა რყევისაგან საშინლად გუგუნებდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მსოფლიო სისტემა აირია იმისთვის, რომ თავს დაატყდეს ადამიანებს და არავინ ეჭვობდა, რომ ავბედი ნიშნები დიდი უბედურების შესახებ წინასწარმეტყველებდნენ“.
d იმის პირველი შესრულება რაც იესომ მოიხსენია, როგორც „დიდი ჭირი“ და „ჭირი“ — იყო იუდეველთა სისტემის განადგურება. მაგრამ, მხოლოდ ჩვენი დღეებისთვის განკუთვნილ მუხლებში, სიტყვასთან „ჭირი“, იესომ გამოიყენა განსაზღვრული არტიკლი (მათე 24:21, 29; მარკოზი 13:19, 24). გამოცხადების 7:14 ამ მომავალ მოვლენას ‘დიდ ჭირს’ უწოდებს, უფრო ზუსტად კი — ‘სწორედ ის დიდი ჭირი’
e იხილე „მკითხველთა შეკითხვები“ 1990 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).
თუ გახსოვს?
□ იოველის 3:1-4-ისა და 4:15-ის თანახმად რა შესრულდა პირველ საუკუნეში?
□ რომელი ჭირი განიხილება მათეს 24:29-ში და რატომ შეგვიძლია ვიფიქროთ ასე?
□ რომელ უჩვეულო ციურ მოვლენებზე მიუთითებს მათეს 24:29 და როგორ გამოჩნდება ეს მოვლენები მაშინვე, ჭირის შემდეგ?
□ როგორ შესრულდება ლუკას 21:26, 28 მომავალში?
[სურათი 27-ე გვერდზე]
ტაძრის მდებარეობის ადგილი
[საავტორო უფლება 27-ე გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.