მარკოზის სახარება
13 იესო ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფემ უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა დიდებული ქვები და შენობებია!“+ 2 იესომ მას უთხრა: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს?! ყველაფერი ისე დაინგრევა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩება“.+
3 როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა და ტაძარს გადაჰყურებდა, პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ განცალკევებით ჰკითხეს: 4 „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება ამ ყოველივეს დასასრულის ნიშანი?“+ 5 იესომ მიუგო: „ფრთხილად იყავით, არავინ შეგაცდინოთ.+ 6 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, ის მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. 7 როცა გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეშინდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+
8 ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა.+ ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.+
9 ფრთხილად იყავით! ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს,+ გცემენ სინაგოგებში და+ გამგებელთა და მეფეთა წინაშე დაგაყენებენ, რაც ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 10 თუმცა ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს.+ 11 როცა გადაგცემენ, წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული.+ 12 ძმა ძმას გაიმეტებს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 13 ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+
14 როცა დაინახავთ გამაპარტახებელ სისაძაგლეს,+ რომელიც იქ იდგება, სადაც არ უნდა იდგეს (წამკითხველმა გამჭრიახობა გამოიჩინოს), მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ.+ 15 ბანზე მყოფი ნურც ძირს ჩამოვა და ნურც სახლში შევა რაიმეს ასაღებად; 16 ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 17 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 18 ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19 რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება,+ როგორიც ღვთის შემოქმედების დასაბამიდან იმ დრომდე არ ყოფილა და არც აღარასოდეს იქნება.+ 20 თუ იეჰოვა* არ შეამოკლებს იმ დღეებს, ვერცერთი ხორციელი ვერ გადარჩება; ამიტომ ის რჩეულთა გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია, შეამოკლებს იმ დღეებს.+
21 მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 22 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ სასწაულებსა და საკვირველებებს, რათა გზა აუბნიონ რჩეულებს, თუკი შეძლებენ. 23 ამიტომ იფხიზლეთ!+ წინასწარ გითხარით ყველაფერი.
24 იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს,+ 25 ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივდება და ციური ძალები შეირყევა. 26 მაშინ იხილავენ კაცის ძეს+ ღრუბლებში ძლევამოსილებითა და სიდიადით მომავალს.+ 27 მაშინ გაგზავნის ის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს დედამიწის ოთხივე კუთხიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.+
28 ლეღვის ხეს დააკვირდით და ისწავლეთ: როცა ყლორტებს გამოიტანს და შეიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.+ 29 თქვენც, როცა დაინახავთ ამ ყოველივეს, იცოდეთ, რომ ის* კარზეა მომდგარი.+ 30 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 31 ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+
32 მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ.+ 33 ყურადღებით იყავით და იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო.+ 34 ეს ისეა, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე კაცმა თავისი სახლი მონებს რომ ჩააბაროს,+ თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, და დარაჯს უბრძანოს, იფხიზლეო.+ 35 მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი:+ დღის ბოლოს, შუაღამისას, გამთენიისას თუ დილით ადრე,+ 36 რათა მოულოდნელად რომ მოვა, მძინარეთ არ მოგისწროთ.+ 37 რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“+