თავი 111
ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი
მათე 24:3—51; მარკოზი 13:3—37; ლუკა 21:7—38
მოწაფეები ეკითხებიან იესოს, რა იქნება ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი
„ნიშნის“ შესრულება პირველ საუკუნეში და ბოლო დღეებში
აუცილებელია სიფხიზლე
სამშაბათია, საღამო ახლოვდება. 11 ნისანი იწურება. საგულისხმოა, რომ იესოს აქტიური მსახურებაც აქ, დედამიწაზე დასასრულს უახლოვდება. დღის მანძილზე ის ტაძარში ქადაგებდა, ღამეს კი ქალაქგარეთ ათევდა. ხალხი დიდი ინტერესით უსმენდა მას; ისინი დილაადრიან მიდიოდნენ ტაძარში მის მოსასმენად (ლუკა 21:37, 38). ახლა იესო ოთხ მოციქულთან, პეტრესთან, ანდრიასთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ზეთისხილის მთაზეა.
ეს ოთხი მოციქული სხვებისგან განცალკევებით მივიდა მასთან. მათ აინტერესებთ, რა მოელის ტაძარს, რადგან იესომ ცოტა ხნის წინ იწინასწარმეტყველა, რომ მის ადგილზე ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. მაგრამ მოციქულებს კიდევ რაღაც აფიქრებთ. იესომ რამდენიმე ხნით ადრე მოუწოდა მათ: „მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). ის მათ იმ დღის შესახებაც ესაუბრა, „როცა კაცის ძე გამოცხადდება“ (ლუკა 17:30). უკავშირდება რამენაირად მისი ეს სიტყვები იმას, რაც ტაძრის შესახებ თქვა? მოციქულებს ერთი სული აქვთ, მეტი გაიგონ. ისინი ეკითხებიან: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
შესაძლოა მათ სწორედ იმ ტაძრის განადგურება აქვთ მხედველობაში, რომელსაც ახლა ზეთისხილის მთიდან კარგად ხედავენ. მოციქულებს აგრეთვე აინტერესებთ, როდის მოვა კაცის ძე. შესაძლოა ახსენდებათ იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი ერთ დიდგვაროვანზე, რომელიც შორეულ ქვეყანაში იმ მიზნით „წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“ (ლუკა 19:11, 12). და ბოლოს, ისიც აინტერესებთ, თუ რას მოიცავს „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“.
იესო წვრილმანებში უხსნის მათ ყველაფერს და ყურადღებას ამახვილებს იმ ნიშანზე, რომლის მეშვეობითაც განჭვრეტენ, როდის განადგურდება იუდეველთა სისტემა, მათ შორის ტაძარი. მაგრამ იესო კიდევ უფრო მეტ რამეს ჰფენს ნათელს. სწორედ ამ ნიშნის წყალობით მომავალში ქრისტიანები მიხვდებიან, მოსულია თუ არა ქრისტე და მოახლოებულია თუ არა ქვეყნიერების აღსასრული.
წლების სვლასთან ერთად მოციქულებმა დაინახეს, როგორ შესრულდა იესოს წინასწარმეტყველება. დიახ, ბევრი ნაწინასწარმეტყველები მოვლენის შესრულება სწორედ მათ სიცოცხლეში დაიწყო. ამიტომ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც 37 წლის გასვლის შემდეგ, ახ. წ. 70 წელს ფხიზლად იყვნენ, მოულოდნელი არ იყო იუდეველთა სისტემისა და ტაძრის განადგურება. მაგრამ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ყველა მოვლენა არ შესრულდა ახ. წ. 70 წლამდე და არც უშუალოდ ამ წელს. მაშ, რა იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ იესო სამეფო ძალაუფლებითაა მოსული? იესო მოციქულებთან საუბრის დროს ამ საკითხსაც ჰფენს ნათელს.
იგი წინასწარმეტყველებს, რომ ხალხი მოისმენს „ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ“ და რომ აღსდგება „ერი ერის წინააღმდეგ . . . და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:6, 7). აგრეთვე ამბობს, რომ „იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკა 21:11). იესო აფრთხილებს თავის მოწაფეებს: „ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ“ (ლუკა 21:12). გამოჩნდებიან ცრუწინასწარმეტყველები და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში. უკანონობა გამრავლდება და მრავალს სიყვარული გაუნელდება. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესოს წინასწარმეტყველება ნაწილობრივ იერუსალიმის განადგურებამდე და მისი განადგურების დროს შესრულდა მაშინ, როცა რომაელებმა ის მიწასთან გაასწორეს. მაგრამ საინტერესოა, იესოს ეს წინასწარმეტყველება მომავალში ფართო მასშტაბითაც ხომ არ უნდა შესრულდეს? ხედავთ იმის მტკიცებულებებს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება უმთავრესად ჩვენს დღეებში სრულდება?
იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ამ ნიშნის შემადგენელი ერთ-ერთი მოვლენა „გამაპარტახებელი სისაძაგლის“ გამოჩენაა (მათე 24:15). ახ. წ. 66 წელს „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ იმ გაგებით გამოჩნდა, რომ იერუსალიმის გარშემო რომაელთა ჯარი დაბანაკდა. მათ თან ჰქონდათ თავიანთი შტანდარტები ანუ დროშები, რომლებიც კერპებად ითვლებოდა. რომაელებმა ალყაში მოაქციეს იერუსალიმი და ზოგ ადგილას კედლისთვის ძირის გამოთხრა დაიწყეს (ლუკა 21:20). ამრიგად, „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ იქ დადგა, სადაც არ უნდა მდგარიყო ანუ იმ ადგილას, რომელსაც იუდეველები წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ.
აი, რას წინასწარმეტყველებს კიდევ იესო: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“. ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს. მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს იუდეველთა წმინდა ქალაქს, მათ შორის ტაძარს; ეს მართლაც დიდი გასაჭირი იყო, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა (მათე 4:5; 24:21). ასეთი რამ არც ამ ქალაქს ახსოვდა და არც რომელიმე იუდეველს. ამ დროს ხომ წერტილი დაესვა ორგანიზებულ თაყვანისმცემლობის სისტემას, რომელიც იუდეველებს საუკუნეების მანძილზე გააჩნდათ?! აქედან გამომდინარე, როცა იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები მომავალში, ფართო მასშტაბით შესრულდება, ეს არანაკლებ შემაძრწუნებელი იქნება.
ბოლო დღეებში ქრისტიანებმა რწმენა უნდა გამოავლინონ
მოციქულებთან იესოს საუბარი სამეფო ძალაუფლებით მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის შესახებ ამით არ მთავრდება. ახლა ის აფრთხილებს მათ, რომ არ გაჰყვნენ „ცრუქრისტეებსა და ცრუწინასწარმეტყველებს“. იესო ამბობს, რომ ისინი შეეცდებიან, „რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ“ (მათე 24:24). მაგრამ რჩეულები არ შეცდებიან. ცრუქრისტეების დანახვა შესაძლებელია, თუმცა იესოს ვერავინ დაინახავს, როცა მოსული იქნება.
დიდი გასაჭირის შესახებ, რომელიც თავის კულმინაციას ქვეყნიერების აღსასრულის დროს მიაღწევს, იესო ამბობს: „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა“ (მათე 24:29). მოციქულებმა, რომლებიც ამ შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ ისმენენ, ზუსტად არ იციან, რა მოხდება, მაგრამ იმას კი ხვდებიან, რომ ეს ნამდვილად თავზარდამცემი იქნება.
რა დაემართება ამ დროს ხალხს? იესო ამბობს: „ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს, რადგან ციური ძალები შეირყევა“ (ლუკა 21:26). აშკარაა, რომ იესო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შავბნელ პერიოდს აღწერს.
საბედნიეროდ, როგორც მოციქულებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიდან ჩანს, ყველა არ მოჰყვება გოდებას „აღმატებული დიდებით . . . მომავალი კაცის ძის“ დანახვაზე (მათე 24:30). იესომ უკვე აღნიშნა, რომ ამ დროს ღმერთი „რჩეულთა გულისთვის“ ჩაერევა და საჭირო ზომებს მიიღებს (მათე 24:22). აქედან გამომდინარე, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ერთგულ მოწაფეებს, როდესაც იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ეს შემაძრწუნებელი მოვლენები განვითარდება? იესო ასეთი სიტყვებით ამხნევებს თავის მიმდევრებს: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28).
როგორ შეუძლიათ იესოს მოწაფეებს, რომლებიც ამ ნაწინასწარმეტყველები პერიოდის განმავლობაში იცხოვრებენ, განჭვრიტონ აღსასრულის მოახლოება? იესოს მოჰყავს ლეღვის მაგალითი: „როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (მათე 24:32—34).
ასე რომ, როცა იესოს მოწაფეები დაინახავენ, რომ სრულდება ნიშნისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა მოვლენა, უნდა მიხვდნენ, რომ აღსასრული ახლოსაა. იესო იმ მოწაფეების საყურადღებოდ, რომლებიც ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში იცხოვრებენ, ამბობს:
„იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:36—39). იესო კაცის ძის მოსვლას ნოეს დროინდელ წარღვნას ადარებს; წარღვნის მსგავსად, ეს მოვლენაც მთელ კაცობრიობაზე იქონიებს გავლენას.
მოციქულებმა, რომლებიც ახლა ზეთისხილის მთაზე იესოს უსმენენ, უნდა დაინახონ, რომ აუცილებელია სიფხიზლე. იესო ეუბნება: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36).
იესო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ მის მიერ ნაწინასწარმეტყველებ სიტყვებს ფართო შესრულებაც ექნება. ის მხოლოდ იმ მოვლენებზე არ წინასწარმეტყველებს, რომლებიც რამდენიმე ათწლეულში მოხდება და რომლებიც მარტო იერუსალიმსა და იუდეველებს შეეხება. სინამდვილეში ის საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც „დედამიწის ყველა მცხოვრებზე“ აისახება.
ის ამბობს, რომ მისმა მოწაფეებმა უნდა იფხიზლონ და მზად იყვნენ. იესოს თავისი სათქმელის ხაზგასასმელად კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს: „ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:43, 44).
იესო შემდეგ ისეთ რამეს ეუბნება მოწაფეებს, რაც მათ იმედის საფუძველს აძლევს. ის არწმუნებს, რომ იმ დროს, როცა მის მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები მოხდება, დედამიწაზე იქნება „მონა“, რომელიც იფხიზლებს და იშრომებს. იესოს ისეთი სიტუაცია მოჰყავს, რაც მოციქულებისთვის ადვილი წარმოსადგენია: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“. მაგრამ თუ ეს „მონა“ ბოროტი გახდება და სხვებს ცუდად მოეპყრობა, ბატონი მას „სასტიკად დასჯის“ (მათე 24:45—51; შეადარეთ ლუკას 12:45, 46).
იესოს იმის თქმა ნამდვილად არ სურს, რომ მისი მიმდევრების გარკვეული ნაწილი ბოროტი გახდება. მაშ, რის დანახვება უნდა თავისი მოწაფეებისთვის? მას სურს, რომ მათ იფხიზლონ და იშრომონ, რაც მის მიერ მოყვანილი კიდევ ერთი მაგალითიდან ჩანს.