ბიბლია
წმინდა წერილები, იეჰოვას ღვთივშთაგონებული სიტყვა, ყველა დროის გამორჩეულ წიგნად მიიჩნევა, რადგან ის უძველესი, საყოველთაოდ გავრცელებული, მრავალ ენაზე ნათარგმნი, უბადლო ლიტერატურული შედევრი და კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნია. ის სათავეს არც ერთი წიგნიდან არ იღებს და ყველა წიგნისგან განსხვავდება. მას ღირსეული ადგილი უკავია და პატივს მიაგებს თავის ერთადერთ ავტორს. ბიბლია იმითაც გამოირჩევა სხვა წიგნებისგან, რომ ბევრჯერ გაუძლო კრიტიკის ქარცეცხლსა და მრავალრიცხოვანი მტრის თავდასხმას.
სახელწოდება. „ბიბლია“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს პატარა წიგნების კრებულს. ის მომდინარეობს სიტყვიდან ბიბლოს, რაც პაპირუსის ლერწმის შუაგულს ნიშნავს, რომელსაც პრიმიტიული საწერი საშუალების დასამზადებლად იყენებდნენ. ფინიკიელთა ქალაქ გებალს, რომელმაც პაპირუსის ვაჭრობით გაითქვა სახელი, ბერძნებმა ბიბლოსი შეარქვეს (იხ. იეს. 13:5, სქ., Rbi 8). დროთა განმავლობაში ბერძნული სიტყვა „ბიბლია“ ეწოდა ხელნაწერებს, გრაგნილებსა თუ წიგნებს, საბოლოოდ კი — პატარა წიგნების კრებულს. იერონიმემ ამ კრებულს უწოდა „საღვთო ბიბლიოთეკა“ (Bibliotheca Divina).
იესო და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები წმინდა ხელნაწერების კრებულს „წმინდა წერილებს“ უწოდებდნენ (მთ. 21:42; მრ. 14:49; ლკ. 24:32; ინ. 5:39; სქ. 18:24; რმ. 1:2; 15:4; 2ტმ. 3:15, 16). ის არის ღვთის წერილი კაცობრიობისადმი, ღვთის სიტყვა, რაც შემდეგი ფრაზებიდანაც ჩანს: „იეჰოვას პირიდან მომდინარე“ სიტყვა (კნ. 8:3; მთ. 4:4), „იეჰოვას ნათქვამი“ (იეს. 24:27), „იეჰოვას მცნებათა სიტყვები“ (ეზრ. 7:11), „იეჰოვას კანონი“, „იეჰოვას შეხსენება“, „იეჰოვას ბრძანებები“ (ფს. 19:7, 8) და „იეჰოვას სიტყვა“ (ეს. 38:4; 1თს. 4:15). ბიბლიის წიგნები თავად ბიბლიაში ხშირად „ღვთის წმინდა სიტყვად“ არის მოხსენიებული (რმ. 3:2; სქ. 7:38; ებ. 5:12; 1პტ. 4:11).
დაყოფა. სამოცდაექვსი წიგნი, „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“, შეადგენს ბიბლიის კანონს. ამ წიგნების არჩევა და სხვა წიგნების უგულებელყოფა იმაზე მოწმობს, რომ მისმა ღვთაებრივმა ავტორმა არა მხოლოდ შთააგონა ადამიანებს მათი დაწერა, არამედ ერთ წმინდა კრებულში მოუყარა თავი და დაიცვა (იხ. აპოკრიფი, ბიბლიის კანონი). 66 წიგნიდან 39, ანუ ბიბლიის სამი მეოთხედი, ებრაულ წერილებად არის ცნობილი, რადგან ისინი თავდაპირველად ებრაულად დაიწერა, გარდა არამეულად დაწერილი რამდენიმე მოკლე მონაკვეთისა (ეზრ. 4:8—6:18; 7:12—26; იერ. 10:11; დნ. 2:4ბ—7:28). ებრაელები ამ წიგნებიდან ზოგს აერთიანებდნენ, ამიტომ მხოლოდ 22 ან 24 წიგნი ჰქონდათ, თუმცა მოცულობა იგივე რჩებოდა. როგორც ჩანს, ისინი წმინდა წერილებს სამ ნაწილად — მოსეს კანონად, წინასწარმეტყველთა წიგნებად და ფსალმუნებად ყოფდნენ (ლკ. 24:44; იხ. ებრაული წერილები). ბიბლიის ბოლო ნაწილი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებად არის ცნობილი, რადგან 27-ვე წიგნი ბერძნულად დაიწერა. ამ წიგნების დაწერა, შეკრება და ბიბლიის კანონში შეტანა აგრეთვე ცხადყოფს, რომ იეჰოვა ამას თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა (იხ. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები).
ბიბლია თავებად და მუხლებად მის დამწერებს არ დაუყვიათ (აქ-ში 1 189 თავი და 31 102 მუხლია). ის საუკუნეების შემდეგ დაყვეს, რათა უფრო ადვილი ყოფილიყო გამოყენება. ებრაული წერილები მასორეტებმა დაყვეს მუხლებად; ახ. წ. მე-13 საუკუნეში კი მოხდა მისი თავებად დაყოფა. საბოლოოდ, 1553 წელს რობერ ესტიენმა გამოსცა ფრანგული ბიბლია, რომელიც დღეს გავრცელებული ბიბლიების მსგავსად დაყოფილი პირველი სრული ბიბლია იყო.
ბიბლიის 66 წიგნი ერთ წიგნს ქმნის. ბიბლიის თავებად და მუხლებად დაყოფა მხოლოდ მისი გამოკვლევის გაადვილების მიზნით მოხდა და არა მთლიანობის დასარღვევად. მსგავსად, ბიბლიის ორ ნაწილად გაყოფა მოხდა იმის დასანახვებლად, თუ რომელ ენებზე დაიწერა ისინი. ამგვარად მივიღეთ ებრაული და ბერძნული წერილები. ბერძნულ წერილებს დაემატა სიტყვა „ქრისტიანული“, რათა ებრაული წერილების ბერძნული თარგმანისგან, სეპტუაგინტისგან განესხვავებინათ.
„ძველი აღთქმა“ და „ახალი აღთქმა“. ბიბლიის ებრაულ და არამეულ ნაწილს დღეს, ჩვეულებრივ, „ძველ აღთქმას“ უწოდებენ. ეს სახელწოდება გამოყენებულია 2 კორინთელების 3:14-ში (აფ; კს; სსგ). თუმცა ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა დიათეკე შეთანხმებას ნიშნავს ისევე, როგორც ბერძნულ ტექსტში სხვა 32 ადგილას. ბევრ თანამედროვე თარგმანში ეს სიტყვა სწორად არის გადმოტანილი „ძველ შეთანხმებად“ (აქ; NE, RS, JB). პავლე აქ არ საუბრობს ზოგადად წმინდა წერილების ებრაულ და არამეულ ნაწილზე. ის არც იმას გულისხმობს, რომ ღვთივშთაგონებული ქრისტიანული წერილები „ახალი აღთქმაა“ (ან შეთანხმება). მოციქული გულისხმობს კანონის შეთანხმებას, რომელიც მოსემ ხუთწიგნეულში ჩაწერა და ქრისტიანობამდელი წმინდა წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია. სწორედ ამიტომ თქვა მან შემდეგ მუხლში: „როცა მოსეს კითხულობენ“.
ამგვარად, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ებრაულ და არამეულ წერილებს ვუწოდოთ „ძველი აღთქმა“, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს კი — „ახალი აღთქმა“. იესო ქრისტემ წმინდა ხელნაწერების კრებული „წმინდა წერილებად“ მოიხსენია (მთ. 21:42; მრ. 14:49; ინ. 5:39). მსგავსად უწოდა მათ მოციქულმა პავლემაც (რმ. 1:2; 15:4; 2ტმ. 3:15).
ავტორი. თანდართული ცხრილიდან ჩანს, რომ ბიბლიის ავტორმა, იეჰოვა ღმერთმა, დაახლოებით 40 მწერალი გამოიყენა თავისი სიტყვის დასაწერად. „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“, რაშიც „წმინდა წერილების სხვა ადგილების მსგავსად“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც შედის (2ტმ. 3:16; 2პტ. 3:15, 16). ფრაზა „ღვთისგან არის შთაგონებული“ გადმოტანილია ბერძნული სიტყვიდან თეოპნევსტოს, რაც ღვთისგან შთაბერილს ნიშნავს. ღმერთმა შთააგონა, ანუ თავისი სულით, მოქმედი ძალით, აამოქმედა ერთგული მსახურები და უხელმძღვანელა, რათა მისი აზრები დაეწერათ. ასე რომ, „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2პტ. 1:21; ინ. 20:21, 22; იხ. შთაგონება).
ღვთის უხილავი წმინდა სული მისი სიმბოლური ხელია. სწორედ ამიტომ აღმოხდათ მოსეს სასწაულების თვითმხილველებს: „ღვთის ხელია ეს!“ (გმ. 8:18, 19, იხ. სქ.; შდრ. იესოს სიტყვებს მთ. 12:22, 28-სა და ლკ. 11:20-ში). მსგავსად გამოვლინდა ღვთის ძალა, როცა იეჰოვამ თავისი „თითით“ დაიწყო ბიბლიის წერა და ათი მცნება ქვის ფილებზე ამოტვიფრა (გმ. 31:18; კნ. 9:10). ამიტომ ღმერთს არ გაუჭირდებოდა ადამიანების მწერლებად გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი „უსწავლელი და უბრალო“ იყო, ანუ უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ მიღებული (სქ. 4:13), და მწყემსი, მიწათმოქმედი, კარვების მკერავი, მეთევზე, გადასახადების ამკრეფი, ექიმი, მღვდელი, წინასწარმეტყველი ან მეფე იყო. იეჰოვას მოქმედმა ძალამ ღვთის აზრები მწერლებს გონებაში ჩაუდო, ზოგ შემთხვევაში კი მათ იმის უფლება მისცა, რომ ღვთის აზრები საკუთარი სიტყვებით გამოეხატათ. შედეგად, მათი დაწერილიდან ჩანს მათი პიროვნული თვისებები და ხასიათი, თუმცა თემა და მიზანი უცვლელია. ამიტომაც ბიბლია, რომელშიც იეჰოვას აზროვნება და ნება ჩანს, ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვა წიგნს საკითხების მრავალფეროვნებასა და სიღრმისეულ განხილვაში. ყოვლისშემძლე ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ მისი სიტყვა ადვილად გასაგები ყოფილიყო და მისი თარგმნა ნებისმიერ ენაზე ყოფილიყო ადვილი.
არც ერთი წიგნის წერა არ გაგრძელებულა ისე დიდხანს, როგორც ბიბლიის. ძვ. წ. 1513 წელს ბიბლიის წერა მოსემ დაიწყო. ღვთივშთაგონებულ სიტყვას სხვა წმინდა წერილები ემატებოდა. ბოლოს ძვ. წ. 443 წელს ნეემიამ და მალაქიამ დაასრულეს თავიანთი წიგნების წერა და მას შემდეგ დაახლოებით 500 წლის განმავლობაში ბიბლიას არც ერთი წიგნი არ შემატებია, ვიდრე მათემ არ დაწერა თავისი ისტორიული მონათხრობი. დაახლოებით 60 წლის შემდეგ იოანემ, რომელიც მოციქულთაგან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დაწერა სახარება და სამი წერილი, რითაც დაასრულა ბიბლიის კანონი. ასე რომ, ბიბლიის წერას მთლიანობაში დაახლოებით 1 610 წელი დასჭირდა. ყველა დამწერი ებრაელი იყო და მიეკუთვნებოდნენ ხალხს, რომელთაც „ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რმ. 3:2).
ბიბლია არ არის ერთმანეთთან დაუკავშირებელი იუდაისტური ან ქრისტიანული ლიტერატურული ნაშრომების კრებული. პირიქით, მისი სხვადასხვა ნაწილი ურთიერთკავშირშია და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც მისი ავტორის ორგანიზებულობაზე მოწმობს. ღმერთმა ისრაელს მისცა ყოვლისმომცველი კანონი და დაწვრილებითი მითითებები, რომლებიც ბანაკში ცხოვრებას არეგულირებდა. მოგვიანებით პრინციპები, რომლებიც ამ კანონებსა და მითითებებს ედო საფუძვლად, დავითის სამეფოსა და პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაშიც მოქმედებდა. ყოველივე ეს ბიბლიის ჰარმონიულობაზე მოწმობს.
შინაარსი. ეს ყველაზე გამორჩეული წიგნი გვიმხელს წარსულს, გვიხსნის დღევანდელი მოვლენების მნიშვნელობას და წინასწარმეტყველებს მომავალს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმ პიროვნებისგან შეგვიძლია გავიგოთ, ვინც დასაწყისიდანვე იცის დასასრული (ეს. 46:10). ბიბლიის თხრობა იწყება იქიდან, თუ როგორ შეიქმნა ცა და დედამიწა და ზოგადი წარმოდგენა გვექმნება, როგორ მომზადდა დედამიწა ადამიანების საცხოვრებლად. შემდეგ ადამიანის წარმოშობა ახსნილია მეცნიერულად — სიცოცხლე სიცოცხლის მომცემისგან მომდინარეობს. ამ ფაქტების ახსნა მხოლოდ შემოქმედს, ბიბლიის ავტორს შეუძლია (დბ. 1:26—28; 2:7). იმ მონაკვეთიდან, სადაც ადამიანის სიკვდილის მიზეზია ახსნილი, ჩანს ბიბლიის მთავარი თემა. ეს თემა — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება და დედამიწასთან დაკავშირებული მისი განზრახვის შესრულება სამეფოს მეშვეობით, რომელსაც სათავეში ქრისტე, აღთქმული შთამომავალი უდგას — ლაკონიურად არის აღწერილი ქალის შთამომავლობასთან დაკავშირებულ ბიბლიის პირველ წინასწარმეტყველებაში (დბ. 3:15). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 2 000 წელზე მეტი ხნის შემდეგ ღმერთმა გაუმეორა აბრაამს შთამომავლის შესახებ დაპირება: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი“ (დბ. 22:18). გავიდა კიდევ დაახლოებით 800 წელი და ღმერთმა ეს დაპირება აბრაამის შთამომავალ მეფე დავითს გაუმეორა. მომდევნო საუკუნეებში იეჰოვას წინასწარმეტყველები ამ იმედს ცოცხლად უნარჩუნებდნენ ხალხს (2სმ. 7:12, 16; ეს. 9:6, 7). ედემში პირველი წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 4 000 წლისა და დავითის შემდგომ 1 000 წელზე მეტი ხნის შემდეგ გამოჩნდა აღთქმული შთამომავალი, იესო ქრისტე, „დავითის, მამამისის ტახტის“ კანონიერი მემკვიდრე (ლკ. 1:31—33; გლ. 3:16). „უზენაესის ძემ“, რომელიც „გველის“ მიწიერმა შთამომავალმა მოკლა, თავისი სიკვდილით გამოსასყიდი გაიღო ადამის შთამომავლების დაკარგული სიცოცხლის დასაბრუნებლად. მარადიული სიცოცხლის მისაღებად ეს კაცობრიობის ერთადერთი საშუალება იყო. ზეცად ამაღლებული იესო ქრისტე ელოდებოდა დროს, როცა „ძველ გველს, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“, დედამიწაზე გადმოაგდებდა. ბოლოს ის სამუდამოდ გაანადგურებს ეშმაკს. ამგვარად, „დაბადებაში“ ნათქვამი და შემდეგ მთელ ბიბლიაში განვითარებული და გავრცობილი თემა თავის აპოგეას „გამოცხადების“ ბოლო თავებში აღწევს, რომლებიც ხაზს უსვამს სამეფოს მეშვეობით შესრულებულ დიდებულ განზრახვას (გმც. 11:15; 12:1—12, 17; 19:11—16; 20:1—3, 7—10; 21:1—5; 22:3—5).
ამ სამეფოს მეშვეობით, რომელსაც სათავეში ქრისტე, აღთქმული შთამომავალი უდგას, დამტკიცდება იეჰოვას უზენაესობა და განიწმინდება მისი სახელი. ამ თემის განვითარებისას ბიბლია ყველა წიგნზე მეტად განადიდებს ღვთის საკუთარ სახელს. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ებრაულ წერილებში ის 6 973-ჯერ არის მოხსენიებული, თუ არ ჩავთვლით ღვთის სახელის შემოკლებულ ფორმას „იაჰს“ და იმ უამრავ შემთხვევას, სადაც ის შედგენილი სახელის ნაწილია (მაგ., იეჰოშუა ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“) (იხ. იეჰოვა [რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელის ხსენება]). თუ ბიბლიაში არ ჩაიწერებოდა, ჩვენ არ გვეცოდინებოდა შემოქმედის სახელი, ედემში ურჩობის შედეგად მისი უზენაესობის შესახებ წამოჭრილი საკამათო საკითხი ან ღვთის განზრახვა, ყველა ქმნილების წინაშე განწმინდოს თავისი სახელი და დაამტკიცოს თავისი უზენაესობა.
ამ 66 პატარა წიგნში სამეფოს თემა და იეჰოვას სახელი მჭიდროდ უკავშირდება სხვა მრავალ საკითხს. ბიბლია ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა არქიტექტურა, ასტრონომია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება, ვაჭრობა, მუსიკა, მშენებლობა, ომის წარმოება, პოეზია, საქმის მართვა, სოფლის მეურნეობა, ქიმია და ჰიგიენა, რასაც თემის განვითარება განაპირობებს და არა წიგნის მეცნიერული ხასიათი. მიუხედავად ამისა, ის უდიდესი საგანძურია არქეოლოგებისა თუ პალეოგრაფებისთვის.
ბიბლიას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება, რადგან მისი ისტორიული ჩანაწერები უდიდესი სიზუსტით გამოირჩევა და ყველაზე შორეულ წარსულს ჰფენს ნათელს. თუმცა ის განსაკუთრებით ღირებულია წინასწარმეტყველებების გამო, რადგან გვიმხელს მომავალს, რომლის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ მარადიულობის მეფე ფლობს. საუკუნეების მანძილზე მსოფლიო არენაზე ძლევამოსილი იმპერიების გამოჩენა, დღევანდელი წესწყობილებების ჩამოყალიბება და მათი საბოლოო ხვედრიც კი დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში.
ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანებს უმეცრებისგან, ცრურწმენისგან, ადამიანური ფილოსოფიისა და აზრმოკლებული ტრადიციებისგან (ინ. 8:32). „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებ. 4:12). ბიბლიის გარეშე ვერ გავიცნობდით იეჰოვას, არ გვეცოდინებოდა ქრისტეს გამოსასყიდით გამოწვეული შესანიშნავი კურთხევები და მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ღვთის სამართლიანი სამეფოს მმართველობის დროს მარადიული სიცოცხლის მისაღებად.
ბიბლია სხვა მხრივაც არის დამხმარე. ის გონივრული რჩევებით ასწავლის ქრისტიანებს, როგორ იცხოვრონ, შეასრულონ თავიანთი მსახურება და გაუძლონ ამ უღვთო და განცხრომის მოყვარულ ქვეყნიერებას. ბიბლია მოუწოდებს მათ, მოიშორონ ქვეყნიური აზროვნება და არ იცხოვრონ ქვეყნიერების ყაიდაზე. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ, თუ იესოს მსგავსად თავმდაბლები იქნებიან, გაიხდიან ძველ პიროვნებას და ახლით შეიმოსებიან (რმ. 12:2; ფლ. 2:5—8; ეფ. 4:23, 24; კლ. 3:5—10). ეს ნიშნავს ღვთის სულის ნაყოფის — სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სიკეთის, სიკარგის, რწმენის, რბილი ხასიათისა და თავშეკავების გამოვლენას, რომლებზეც ბევრი რამ დაიწერა ბიბლიაში (გლ. 5:22, 23; კლ. 3:12—14).
უტყუარობა. ბიბლიის უტყუარობა მრავალმხრივ გამოიცადა, მაგრამ ვერაფერმა შეარყია მისი ავტორიტეტი.
ბიბლიური ისტორია. სერ ისააკ ნიუტონმა აღნიშნა: „ბიბლიაში უტყუარობის უფრო მეტი სარწმუნო მტკიცება ვიპოვე, ვიდრე ნებისმიერ საერო ისტორიაში“ (Two Apologies, რ. უოტსონი, ლონდონი, 1820, გვ. 57). მისი უტყუარობა ყველა გამოცდას უძლებს. მასში ჩაწერილი ისტორიული ცნობები ზუსტი და სანდოა. არავის შეუძლია მოიყვანოს საფუძვლიანი არგუმენტები იმის წინააღმდეგ, რაც ბიბლიაში წერია მიდიელებისა და სპარსელების მიერ ბაბილონის განადგურებაზე (იერ. 51:11, 12, 28; დნ. 5:28), ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორზე (იერ. 27:20; დნ. 1:1), ეგვიპტის მეფე შიშაკზე (1მფ. 14:25; 2მტ. 12:2), ასურელ ტიგლათფილესერ III-სა და სინახერიბზე (2მფ. 15:29; 16:7; 18:13), რომის იმპერატორ ავგუსტუსზე, ტიბერიუსსა და კლავდიუსზე (ლკ. 2:1; 3:1; სქ. 18:2), რომაელ პილატეზე, ფელიქსა და ფესტუსზე (სქ. 4:27; 23:26; 24:27) და არც ეფესოს არტემიდას ტაძარსა და ათენის არეოპაგზე (სქ. 19:35; 17:19—34). ბიბლია დაწვრილებით გვაწვდის ზუსტ ისტორიულ ცნობებს ამ და სხვა ადგილებზე, ადამიანებსა თუ მოვლენებზე (იხ. არქეოლოგია).
რასები და ენები. ბიბლიიდან ზუსტ ინფორმაციას ვიგებთ რასებსა და ენებზე. ყველა ადამიანი აღნაგობის, კულტურის, კანის ფერისა თუ ენის მიუხედავად ერთ ოჯახს მიეკუთვნება. კაცობრიობის სამ ჯგუფად — იაფეთურ, ქამიტურ და სემიტურ რასებად (ადამის შთამომავლები ნოეს ხაზით) დაყოფას ეჭვქვეშ არავინ აყენებს (დბ. 9:18, 19; სქ. 17:26). სერ ჰენრი როულინსონმა აღნიშნა: „თუ მხოლოდ ენების განვითარების ისტორიით ვიმსჯელებთ და ბიბლიურ ჩანაწერებს გვერდს ავუვლით, მაინც იქამდე მივალთ, რომ ყველაფერი შინარის ველიდან დაიწყო“ (The Historical Evidences of the Truth of the Scripture Records, ჯ. როულისონი, 1862, გვ. 287; დბ. 11:2—9).
პრაქტიკულობა. ბიბლიურ სწავლებებს, მაგალითებსა და მოძღვრებებს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ბიბლია მასში ჩაწერილი სამართლიანი პრინციპებისა და მაღალზნეობრივი ნორმების გამო სხვა წიგნებზე გაცილებით მაღლა დგას. ის არა მხოლოდ პასუხს სცემს მნიშვნელოვან კითხვებს, არამედ უამრავ პრაქტიკულ რჩევასაც იძლევა, რომელთა გათვალისწინებაც ადამიანთა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ბიბლია განსაზღვრავს, რა არის სწორი და რა — არასწორი, რაც ეხმარება ადამიანს, სამართლიანად აწარმოოს საქმიანი ურთიერთობები (მთ. 7:12; ლვ. 19:35, 36; იგ. 20:10; 22:22, 23), იყოს შრომისმოყვარე (ეფ. 4:28; კლ. 3:23; 1თს. 4:11, 12; 2თს. 3:10—12), შეინარჩუნოს ზნეობრივი სიწმინდე (გლ. 5:19—23; 1თს. 4:3—8; გმ. 20:14—17; ლვ. 20:10—16), სწორად აირჩიოს მეგობრები (1კრ. 15:33; ებ. 10:24, 25; იგ. 5:3—11; 13:20) და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ოჯახის წევრებთან (ეფ. 5:21—33; 6:1—4; კლ. 3:18—21; კნ. 6:4—9; იგ. 13:24). ცნობილმა პედაგოგმა უილიამ ლაიონ ფელფსმა მართებულად აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესია, იცოდე ბიბლია და არ გქონდეს უმაღლესი განათლება, ვიდრე გქონდეს უმაღლესი განათლება და არ იცოდე ბიბლია“ (The New Dictionary of Thoughts, გვ. 46). ბიბლიასთან დაკავშირებით ჯონ კუინსი ადამსი (აშშ-ს მეექვსე პრეზიდენტი) წერდა: „ყველა სხვა წიგნზე მეტად ეს წიგნი აკეთილშობილებს, აბრძენებს და აბედნიერებს ადამიანებს“ (Letters of John Quincy Adams to His Son, 1849, გვ. 9).
მეცნიერულად ზუსტი. ბიბლია მეცნიერული სიზუსტითაც გამოირჩევა. მაგალითად, მასში აღწერილია, როგორ მომზადდა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად (დბ. 1:1—31), ნათქვამია, რომ დედამიწა სფეროს ფორმისაა და ღმერთმა ის „არაფერზე დაჰკიდა“ (იობ. 26:7; ეს. 40:22), კურდღელი იცოხნის (ლვ. 11:6) და „ხორციელის სული მის სისხლშია“ (ლვ. 17:11—14).
სხვადასხვა კულტურა და წეს-ჩვეულება. ბიბლია ზუსტ ინფორმაციას შეიცავს სხვადასხვა კულტურისა და წეს-ჩვეულების შესახებ. ის ყველა დროის პოლიტიკურ მოღვაწეს შესაფერისი წოდებებით მოიხსენიებს. მაგალითად, ჰეროდე ანტიპა და ლისანია მოხსენიებულნი არიან მხარის გამგებლებად (ტეტრარქი), ჰეროდე აგრიპა (II) — მეფედ, გალიონი კი — პროკონსულად (ლკ. 3:1; სქ. 25:13; 18:12). რომაელები ომში გამარჯვების შემდეგ საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ, რომლის დროსაც ტყვეებსაც ჩამოატარებდნენ ხოლმე (2კრ. 2:14). ბიბლიაში დიდი სიზუსტით მოიხსენიება უცხოების მიმართ სტუმართმოყვარეობა, აღმოსავლური ყოფა-ცხოვრება, უძრავი ქონების შეძენის წესი, ხელშეკრულების დადების იურიდიულად დამტკიცება და ებრაელებსა თუ სხვა ხალხებში წინადაცვეთის წეს-ჩვეულება (დბ. 18:1—8; 23:7—18; 17:10—14; იერ. 9:25, 26).
გულწრფელობა. ძველი დროის მწერლებისგან განსხვავებით ბიბლიის დამწერები გულწრფელები იყვნენ. ბიბლიის პირველივე წიგნების დამწერი მოსე გულახდილად ლაპარაკობდა თავისი და თავისი ხალხის ცოდვებსა და შეცდომებზე. ასე იქცეოდნენ ებრაული წერილების სხვა დამწერებიც (გმ. 14:11, 12; 32:1—6; რც. 14:1—9; 20:9—12; 27:12—14; კნ. 4:21). არ დაფარულა ისეთი დიდებული მეფეების ცოდვებიც, როგორებიც იყვნენ დავითი და სოლომონი (2სმ. 11:2—27; 1მფ. 11:1—13). იონამ თავად დაწერა თავისი ურჩობის შესახებ (იონ. 1:1—3; 4:1). სხვა წინასწარმეტყველებიც მსგავს გულწრფელობასა და გულახდილობას ავლენდნენ. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებსაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ და სიმართლეს წერდნენ. მაგალითად, პავლე გულახდილად გვიამბობს გაქრისტიანებამდე ჩადენილ შეცდომებზე; მარკოზზე ნათქვამია, რომ მიატოვა მისიონერული მსახურება; მოციქული პეტრეს შეცდომებიც არ დაფარულა (სქ. 22:19, 20; 15:37—39; გლ. 2:11—14). ასეთი გულწრფელობა და გულახდილობა გვარწმუნებს, რომ ბიბლია ყოველმხრივ სანდოა.
სანდო. ფაქტები მოწმობს, რომ ბიბლია ყოველმხრივ სანდოა. ბიბლიური ჩანაწერები მჭიდროდ უკავშირდება ისტორიულ ფაქტებს. მასში მარტივად არის გადმოცემული პირდაპირი და სარწმუნო რჩევები. მისი დამწერების გულწრფელობა და ერთგულება, ჭეშმარიტების მოშურნეობა და უდიდესი ძალისხმევა, წვრილმანებშიც კი შეენარჩუნებინათ სიზუსტე, კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ბიბლია ღვთის ჭეშმარიტი სიტყვაა (ინ. 17:17).
წინასწარმეტყველებები. მხოლოდ წინასწარმეტყველებებიც კი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ბიბლია იეჰოვას შთაგონებული სიტყვაა. შესრულდა მრავალი წინასწარმეტყველება, რომლებიც დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. ზოგიერთი მათგანი ჩამოთვლილია წიგნში „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ 343—346 გვერდებზე.
ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია. წმინდა წერილების არც ერთ თავდაპირველ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა იეჰოვამ იზრუნა, რომ გაკეთებულიყო ახალ-ახალი ასლები. ბაბილონში გადასახლების შემდეგ პალესტინის საზღვრებს გარეთ იუდეველთა არაერთი დიასპორა ჩამოყალიბდა, ამიტომ წმინდა წერილების ასლებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროფესიონალი გადამწერები უდიდეს ძალისხმევას ახმარდნენ, რომ ზუსტად გადაეწერათ ხელნაწერები. მათ შორის იყო ეზრაც, „იეჰოვას, ისრაელის ღვთის მიერ მიცემული მოსეს კანონის დახელოვნებული გადამწერი“ (ეზრ. 7:6).
წმინდა წერილების ასლები საუკუნეების მანძილზე კეთდებოდა. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც შეემატა. წმინდა წერილები სხვა ენებზეც ითარგმნა. ებრაული წერილები პირველი ღირსშესანიშნავი კრებული იყო, რომელიც სხვა ენაზე ითარგმნა. ჩვენამდე მოაღწია ბიბლიის ათასობით ხელნაწერმა და თარგმანმა (იხ. ბიბლიის ხელნაწერები; ბიბლიის თარგმანები).
პირველი ბეჭდური ბიბლია, გუტენბერგის ბიბლია, გამოიცა 1456 წელს. დღეისთვის დაბეჭდილია მთლიანი ბიბლიის ან მისი რომელიმე ნაწილის 5 მილიარდზე მეტი ეგზემპლარი 2 500-ზე მეტ ენაზე. მაგრამ ეს საქმე წინააღმდეგობის გარეშე არ შესრულებულა. არც ერთ სხვა წიგნს არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც ბიბლიას. რომის პაპებისა და საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებების თანახმად, ბიბლიის კითხვა ეკლესიიდან განკვეთით ისჯებოდა. მათ სიკვდილით დასაჯეს ბიბლიის ათასობით მოყვარული და ცეცხლს მისცეს ბიბლიის ათასობით ეგზემპლარი. ერთ-ერთი, ვინც სიცოცხლის ფასად ბიბლიის გადასარჩენად იბრძოდა, იყო მთარგმნელი უილიამ ტინდალი, რომელმაც ერთ სასულიერო პირს უთხრა: „თუ ღმერთი ინებებს და ცოტას კიდევ ვიცოცხლებ, მერწმუნეთ, რომ რამდენიმე წელიწადში უბრალო ბიჭუნას, რომელსაც ხელში გუთანი უჭირავს, თქვენზე უკეთ ეცოდინება წმინდა წერილები“ (Actes and Monuments, ჯონ ფოქსი, ლონდონი, 1563, გვ. 514).
იეჰოვას, თავისი სიტყვის დამცველის დამსახურებაა, რომ ბიბლიამ ასეთი სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენამდე მოაღწია, რისთვისაც მთელი ქება-დიდება მას ეკუთვნის. შედეგად, მეტ აზრს იძენს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები, რომლებიც პეტრე მოციქულმა გაიმეორა: „ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით. ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა, იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“ (1პტ. 1:24, 25; ეს. 40:6—8). ამიტომ კარგი იქნება, თუ ჩვენ, 21-ე საუკუნეში მცხოვრებნი, ყურადღებას მივაქცევთ მას, „როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში“ (2პტ. 1:19; ფს. 119:105). ბედნიერი და წარმატებულია კაცი, რომელსაც „იეჰოვას კანონი ანიჭებს ... სიამოვნებას,.. კითხულობს მის კანონს დღედაღამ“ და წაკითხულს ცხოვრებაში იყენებს (ფს. 1:1, 2; იეს. 1:8). მისთვის ბიბლიაში ჩაწერილი ყველა კანონი, შეხსენება, ბრძანება, მცნება და განაჩენი „თაფლზე ტკბილი“ და მათგან მომდინარე სიბრძნე ოქროზე, „თვით დიდძალ ხალას ოქროზე“ სასურველია, რადგან სიცოცხლე მოაქვს მისთვის (ფს. 19:7—10; იგ. 3:13, 16—18; იხ. ბიბლიის კანონი).
ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი მათი დასრულების თარიღის მიხედვით
(ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობა მიახლოებითია; ზოგი თარიღი [და დაწერის ადგილი] გაურკვეველია. შემოკლებები: დ. — დაახლოებით; შ. — წლის შემდეგ).
ებრაული წერილები (ძვ. წ.)
წიგნი დამწერი წერა დასრულდა მოიცავს პერიოდს დაწერის ადგილი
დაბადება მოსე 1513 დასაბამიდან 1657-მდე უდაბნო
გამოსვლა მოსე 1512 1657—1512 უდაბნო
ლევიანები მოსე 1512 1 თვე (1512) უდაბნო
იობი მოსე დ. 1473 140 წელზე მეტი უდაბნო
1657 და 1473 წლებს შორის
რიცხვები მოსე 1473 1512—1473 უდაბნო და მოაბის
ველი
მეორე კანონი მოსე 1473 2 თვე (1473) მოაბის ველი
იესო ნავეს ძე იესო ნავეს ძე დ. 1450 1473— დ. 1450 ქანაანი
მსაჯულები სამუელი დ. 1100 დ. 1450— დ. 1120 ისრაელი
რუთი სამუელი დ. 1090 მსაჯულების ისრაელი
მმართველობის
11 წელი
1 სამუელი სამუელი;
გადი; ნათანი დ. 1078 დ. 1180—1078 ისრაელი
2 სამუელი გადი; ნათანი დ. 1040 1077— დ. 1040 ისრაელი
ქებათა ქება სოლომონი დ. 1020 იერუსალიმი
ეკლესიასტე სოლომონი 1000-მდე იერუსალიმი
იონა იონა დ. 844
იოელი იოელი დ. 820 (?) იუდა
ამოსი ამოსი დ. 804 იუდა
ოსია ოსია 745 შ. 804-მდე— 745 შ. სამარია (მხარე)
ესაია ესაია 732 შ. დ. 778 — 732 შ. იერუსალიმი
მიქა მიქა 717-მდე დ. 777 — 717 იუდა
იგავები სოლომონი; დ. 717 იერუსალიმი
აგური;
ლემუელი
სოფონია სოფონია 648-მდე იუდა
ნაუმი ნაუმი 632-მდე იუდა
აბაკუმი აბაკუმი დ. 628 (?) იუდა
გოდება იერემია 607 იერუსალიმთან
ახლოს
აბდია აბდია დ. 607
ეზეკიელი ეზეკიელი დ. 591 613 — დ. 591 ბაბილონი
1 და 2 მეფეები იერემია 580 დ. 1040—580 იუდა და ეგვიპტე
იერემია იერემია 580 647—580 იუდა და ეგვიპტე
დანიელი დანიელი დ. 536 618— დ. 536 ბაბილონი
ანგია ანგია 520 112 დღე (520) იერუსალიმი
ზაქარია ზაქარია 518 520—518 იერუსალიმი
ესთერი მორდოქაი დ. 475 493— დ. 475 შუშანი, ელამი
1 და 2 მატიანე ეზრა დ. 460 1 მატიანის 9:44-ის იერუსალიმი (?)
შემდეგ: 1077—537
ეზრა ეზრა დ. 460 537— დ. 467 იერუსალიმი
ფსალმუნები დავითი დ. 460
და სხვები
ნეემია ნეემია 443 შ. 456—443 შ. იერუსალიმი
მალაქია მალაქია 443 შ. იერუსალიმი
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები (ახ. წ.)
წიგნი დამწერი წერა დასრულდა მოიცავს პერიოდს დაწერის ადგილი
მათე მათე დ. 41 ძვ. წ. 2— ახ. წ. 33 პალესტინა
1 თესალონიკელები პავლე დ. 50 კორინთი
2 თესალონიკელები პავლე დ. 51 კორინთი
გალატელები პავლე დ. 50—52 კორინთი ან
სირიის ანტიოქია
1 კორინთელები პავლე დ. 55 ეფესო
2 კორინთელები პავლე დ. 55 მაკედონია
რომაელები პავლე დ. 56 კორინთი
ლუკა ლუკა დ. 56—58 ძვ. წ. 3— ახ. წ. 33 კესარეა
ეფესოელები პავლე დ. 60—61 რომი
კოლოსელები პავლე დ. 60—61 რომი
ფილიმონი პავლე დ. 60—61 რომი
ფილიპელები პავლე დ. 60—61 რომი
ებრაელები პავლე დ. 61 რომი
საქმეები ლუკა დ. 61 33— დ. 61 რომი
იაკობი იაკობი 62-მდე იერუსალიმი
მარკოზი მარკოზი დ. 60—65 29—33 რომი
1 ტიმოთე პავლე დ. 61—64 მაკედონია
ტიტე პავლე დ. 61—64 მაკედონია (?)
1 პეტრე პეტრე დ. 62—64 ბაბილონი
2 პეტრე პეტრე დ. 64 ბაბილონი (?)
2 ტიმოთე პავლე დ. 65 რომი
იუდა იუდა დ. 65 პალესტინა (?)
გამოცხადება იოანე დ. 96 პატმოსი
იოანე იოანე დ. 98 შესავლის შემდეგ ეფესო ან მის
29—33 მახლობლად
1 იოანე იოანე დ. 98 ეფესო ან მის
მახლობლად
2 იოანე იოანე დ. 98 ეფესო ან მის
მახლობლად
3 იოანე იოანე დ. 98 ეფესო ან მის
მახლობლად