ზეცად ამაღლება
აღდგომიდან 40 დღის შემდეგ იესო ქრისტეს ზეცაში დაბრუნება.
იესოს ზეცად ამაღლება ზეთისხილის მთიდან მოხდა (სქ. 1:9, 12), რომლის სიახლოვეს, აღმოსავლეთით, ქალაქი ბეთანია მდებარეობდა (ლკ. 24:50). მისი ამაღლების მომსწრე ერთგული მოციქულების პატარა ჯგუფი იყო (სქ. 1:2, 11—13). წიგნ „საქმეებში“ ვკითხულობთ: „ის მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა დაფარა მათ თვალთაგან“. მოციქულები ცას შეჰყურებდნენ, ვიდრე ანგელოზებმა არ უთხრეს: „ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევ [„ისევე“, სსგ] მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“ (სქ. 1:9—11).
საგულისხმოა, რომ ანგელოზებმა იესოზე ის კი არ თქვეს, რა ფორმით (ბერძ. მორფე) მოვიდოდა, არამედ ის, თუ როგორ (ბერძ. ტროპოს) მოევლინებოდა ქვეყნიერებას. როგორც კი ღრუბელმა დაფარა, იესო თვალისთვის უხილავი გახდა. „საქმეები“ გვამცნობს, რომ ამაღლება ზარ-ზეიმის გარეშე მოხდა. მისი აღმასვლა, ისიც მხოლოდ დასაწყისი, სულ რამდენიმე მიმდევარმა იხილა. იესო ისე ამაღლდა ზეცად, რომ ამაღლების თვითმხილველ მოციქულებს შესძლებოდათ ამ ფაქტის დადასტურება, ისევე, როგორც მისი აღდგომა დაადასტურეს (სქ. 1:3). ამგვარად, იესო ისე არ გაუჩინარებულა, როგორც ორი მოწაფის თვალწინ ემაუსის გზაზე და არც ისე, როგორც გედეონთან მისული ანგელოზი, რომელიც „თვალს მიეფარა“ (ლკ. 24:31; მსჯ. 6:21, 22). მისი ამაღლება გარკვეულწილად ჰგავდა იმ ანგელოზის ამაღლებას, რომელიც მანოახსა და მის ცოლს გამოეცხადა. ანგელოზმა მანოახს შესაწირავი გაამზადებინა და „როცა სამსხვერპლოდან ალი ცად ავარდა, იეჰოვას ანგელოზი სამსხვერპლოს ალს აჰყვა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ“ (მსჯ. 13:20).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმეების 1:3—9-ის თანახმად იესოს ზეცად ამაღლება მისი მკვდრეთით აღდგომიდან 40 დღის შემდეგ მოხდა, ესე იგი, ლუკას 24:1—49-ში აღწერილი მოვლენებიდან ამავე თავის 51-ე მუხლში აღწერილ იესოს ზეცად ამაღლებამდე გარკვეული დრო უნდა გასულიყო. საინტერესოა ისიც, რომ 51-ე მუხლის ნაწილი, „ცაში იქნა აყვანილი“ ზოგიერთ ძველ ხელნაწერში, შესაბამისად ზოგ თანამედროვე თარგმანში არ მოიპოვება. სამაგიეროდ გვხვდება ბოდმერის პაპირუსში (P75), ალექსანდრიის ხელნაწერში, ვატიკანურ ხელნაწერსა №1209 თუ სხვა ძველ ხელნაწერებში.
გავლენა მოწაფეებზე. ჯერ კიდევ იესოს ზეცად ამაღლებამდე, მოწაფეებს ეგონათ, რომ იესო მიწიერი სამეფოს მეფე იქნებოდა, რაზეც საქმეების 1:6-ც მოწმობს. მაგრამ, როცა იესომ მოწაფეებს საკუთარი თვალით ახილვინა, როგორ ადიოდა ზეცაში, მათთვის ნათელი გახდა, რომ მისი სამეფო ზეციერი იყო. დავითისგან განსხვავებით, რომელიც „არ ასულა ზეცაში“, იესოს ღვთის მარჯვნივ უნდა დაეკავებინა ადგილი, რაც პეტრემ გაბედულად დაადასტურა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (სქ. 2:32—36).
გარდა ამისა, იესოს ზეცად ამაღლების თვითმხილველ მოწაფეებს უთუოდ გაახსენდებოდათ ყველაფერი, რაც მათ მოძღვარს მანამდე თავის ზეციერ მდგომარეობაზე ჰქონდა მათთვის ნათქვამი და მის არსს ჩასწვდებოდნენ. მაგალითად, ერთხელ იესომ შემდეგი სიტყვებით გააკვირვა ზოგიერთი: „მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო?“ (ინ. 6:62). ერთხელაც იუდეველებს მიმართა: „თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან“ (ინ. 8:23). უკანასკნელ საღამოს იესომ მოციქულებს უთხრა, რომ მამასთან მიდიოდა მათთვის ადგილის მოსამზადებლად (ინ. 14:2, 28); იმ საღამოსვე მან თავის მამას განუცხადა, რომ დაასრულა დედამიწაზე მისთვის დაკისრებული საქმე და ილოცა: „განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ და დასძინა „მე შენთან მოვდივარ“ (ინ. 17:4, 5, 11). დაპატიმრებულმა იესომ სინედრიონის წინაშეც იგივე აზრი გაიმეორა (მთ. 26:64). მკვდრეთით აღმდგარმა მაგდალელ მარიამს უთხრა: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (ინ. 20:17). ზემოხსენებული კომენტარების მიუხედავად, მოწაფეები იესოს სიტყვების მნიშვნელობას მხოლოდ მისი ზეცად ამაღლების დროს ჩასწვდნენ. მოგვიანებით სტეფანემ იესო ღვთის მარჯვნივ მდგომი იხილა (სქ. 7:55, 56), პავლემ კი საკუთარ თავზე გამოსცადა ზეცაში განდიდებული იესოს ძალა (სქ. 9:3—5).
„ახალი და ცოცხალი“ გზის გახსნა. მართალია, იესომ თავისი მოწაფეების თანდასწრებით ფიზიკური სხეულით იწყო ზეცად ამაღლება, მაგრამ ეს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ღრუბელში მიმალვის შემდეგაც ფიზიკურ სხეულში დარჩა. პეტრე მოციქული ამბობს, რომ იესო მოკვდა ხორცში, მაგრამ „გაცოცხლდა სულში“ (1პტ. 3:18). პავლე მოციქულის თქმით „ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (1კრ. 15:50; აგრეთვე ინ. 12:23, 24-ში იესოს ნათქვამი შდრ. 1კრ. 15:35—45-ს). პავლე იესოს ზეცაში ასვლას და ღვთის წინაშე წარდგომას ადარებს გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავრის შესვლას წმინდათაწმინდაში და აკონკრეტებს, რომ ამ დროს მღვდელმთავარს მხოლოდ შეწირული საკლავის სისხლი (და არა ხორცი) ჰქონდა თან (ებ. 9:7, 11, 12, 24—26). შემდეგ პავლე წმინდისა და წმინდათაწმინდის გამყოფ ფარდას ქრისტეს სხეულს ადარებს. როცა მღვდელმთავარი წმინდათაწმინდაში ანუ ღვთის სიმბოლურ სამყოფელში შედიოდა, ფარდა თან კი არ მიჰქონდა, შიგნით მისი გავლით შედიოდა და ფარდას უკან იტოვებდა. ამიტომ ამბობს პავლე, რომ „გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე შესასვლელად ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით, ანუ თავისი ხორცით“ (ებ. 9:3, 24; 10:10, 19, 20; შდრ. ინ. 6:51; ებ. 6:19, 20).
იესოს ზეცად ამაღლებისა და იეჰოვასთვის თავისი გამოსასყიდის საფასურის წარდგენის შემდეგ გაჩნდა ღმერთთან ლოცვით დაახლოების „ახალი და ცოცხალი გზა“. გარდა ამისა, გაიხსნა გზა ზეციერი ცხოვრებისკენ, რასაც იესოს ნათქვამიც ადასტურებს, კერძოდ, რომ მანამდე „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“ (ინ. 3:13). აქედან გამომდინარე, ეს გზა არც ენოქს გაუხსნია, არც ელიას და არც დავითს (დბ. 5:24; 2მფ. 2:11; სქ. 2:34). როგორც პავლე ამბობს: „წმინდა სული მიუთითებს, რომ სანამ პირველი კარავი იდგა, ჯერ კიდევ არ იყო გამოჩენილი წმინდაში შესასვლელი გზა“ (ებ. 9:8; იხ ელია №1; ენოქი №2).
სიტყვის სისწორე. ზოგი ამბობს, რომ იესოს ზეცად ამაღლების ისტორია ძალიან პრიმიტიულ აზრს გადმოსცემს, რადგან ზეცა დედამიწის ზემოთ ვერ იქნება; მათი აზრით, მთხრობელი სრულ უცოდინარობას ავლენს სამყაროს აგებულებისა და იმ ფაქტის მიმართ, რომ დედამიწა მბრუნავი სხეულია. მაგრამ თუ ასე ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ „ზემოთ“, „მაღლა“ თუ მსგავსი სიტყვები საერთოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. ჩვენს კოსმოსურ ეპოქაში ხშირად წაგვიკითხავს ან გვსმენია, რომ ასტრონავტები დედამიწიდან ამა და ამ სიმაღლეზე ავიდნენ, მაგრამ ამაში ის იგულისხმება, რომ ისინი დედამიწას რაღაც მანძილით გასცდნენ. გავიხსენოთ სახარების ის მონაკვეთიც, როცა ანგელოზთა დასმა იესოს დაბადება ამცნო მწყემსებს. რა მოხდა ამის შემდეგ? „ანგელოზები ზეცაში ავიდნენ“ (ლკ. 2:15; შდრ. სქ. 12:10). მართალია, მოწაფეებისთვის იესოს ზეცად ამაღლება მისი აღმასვლით დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ მას შეეძლო ნებისმიერი მიმართულებით გაეგრძელებინა სვლა მამის წინაშე წარსადგომად. ამაღლება უბრალოდ ზემოთ სვლა კი არ იყო, არამედ სულიერ სფეროში, მიწიერისგან სრულიად განსხვავებულ განზომილებაში, ახალი, აღმატებული მდგომარეობის დაკავება უზენაესის წინაშე (შდრ. ებ. 2:7, 9).
რატომ იყო მნიშვნელოვანი. იესოს ზეცად ამაღლება რამდენიმე მიზეზის გამო იყო მნიშვნელოვანი. მას ნათქვამი ჰქონდა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო, რათა თავისი მოწაფეებისთვის დამხმარედ წმინდა სული გამოეგზავნა (ინ. 16:7—14). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოწაფეებზე წმინდა სულის გადმოფრქვევა იმის ნიშანი იყო, რომ იესო წარდგა მამის წინაშე და თავისი გამოსასყიდის საფასური წარადგინა (სქ. 2:33, 38). გარდა ამისა, ზეცად ამაღლების გარეშე ის თავის გამოსასყიდს ვერ წარუდგენდა ღმერთს, რადგან იერუსალიმის ტაძრის წმინდათაწმიდაში კი არ უნდა მიეტანა იგი, არამედ „თვით ზეცაში ... ღვთის სახის წინაშე“ (ებ. 9:24). ამასთანავე, იესო უნდა დანიშნულიყო და განდიდებულიყო, როგორც „დიდი მღვდელმთავარი ... რომელმაც ზეცა გაიარა“ (ებ. 4:14; 5:1—6). პავლე განმარტავს: „ის რომ დედამიწაზე ყოფილიყო, მღვდელი არ იქნებოდა“, მაგრამ იესო „სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ და, ამგვარად, „ხალხს უფრო აღმატებული სახით ემსახურება, რადგან ის შუამავალია უკეთესი შეთანხმებისა“ (ებ. 8:1—6). ამიტომ მემკვიდრეობით ცოდვას დაქვემდებარებულ ქრისტიანებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ჰყავთ „დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1ინ. 2:1; რმ. 8:34; ებ. 7:25).
დაბოლოს, ზეცად ამაღლება აუცილებელი იყო, რადგან იესო, როგორც მემკვიდრე, სათავეში უნდა ჩადგომოდა სამეფოს და მას უნდა დამორჩილებოდნენ „ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები“ (1პტ. 3:22; ფლ. 2:6—11; 1კრ. 15:25; ებ. 10:12, 13; შდრ. დნ. 7:14). იესომ სძლია ქვეყნიერებას (ინ. 16:33), რითაც შესრულდა ფსალმუნის 68:18-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ ავიდოდა მაღლა და წაასხამდა ტყვეებს (ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობას პავლე ეფესოელების 4:8—12-ში ხსნის).