იუდა
[ნიშნავს ქებულს, საქებარს].
1. იაკობის მეოთხე ვაჟი ლეასგან (დბ. 29:35; 1მტ. 2:1); იუდამ დაახლოებით ცხრა წელიწადი ხარანში (ფადან-არამი) იცხოვრა, შემდეგ იაკობის სახლეულობასთან ერთად ქანაანში გადავიდა (შდრ. დბ. 29:4, 5, 32—35; 30:9—12, 16—28; 31:17, 18, 41). მოგვიანებით ის მამასთან ერთად სუქოთში, შემდეგ კი შექემში დასახლდა. როგორც ჩანს, იუდაც მონაწილეობდა შექემის გაძარცვაში მას შემდეგ, რაც ხამორის ვაჟმა მისი და, დინა გააუპატიურა და სიმონმა და ლევიმ შურისძიების მიზნით შექემელი კაცები ამოხოცეს (დბ. 33:17, 18; 34:1, 2, 25—29).
იოსებისადმი დამოკიდებულება. დროთა განმავლობაში იუდამ და მისმა ნახევარძმებმა იოსები შეიძულეს, რადგან იაკობს ის განსაკუთრებით უყვარდა. იოსების ორი სიზმრის გაგების შემდეგ მათ უფრო მეტად შესძულდათ ის, რადგან სიზმრებიდან ჩანდა, რომ ის მათზე აღმატებული იქნებოდა. ერთხელ იაკობმა იოსები ნახევარძმების სანახავად გაგზავნა, რომლებიც ფარას მწყემსავდნენ. ნახევარძმებმა იოსები შორიდანვე შენიშნეს და მისი მოკვლა განიზრახეს. მაგრამ იოსების გადარჩენის მიზნით რეუბენმა ძმებს ურჩია, ის ამომშრალ ჭაში ჩაეგდოთ. ისინი ასეც მოიქცნენ (დბ. 37:2—24).
ისმაელელთა ქარავანი რომ გამოჩნდა, როგორც ჩანს, რეუბენი ძმებთან ერთად არ იყო. იუდამ დაარწმუნა ძმები, რომ უკეთესი იქნებოდა, მოკვლის ნაცვლად, იოსები ვაჭრებისთვის მიეყიდათ (დბ. 37:25—27). იოსების მუდარის მიუხედავად, ის 20 ვერცხლად გაყიდეს (თუ შეკელი იყო, $44) (დბ. 37:28; 42:21). მიუხედავად იმისა, რომ იუდას მთავარი საზრუნავი იოსების გადარჩენა იყო და მისი გაყიდვაც ყველასთვის კურთხევა აღმოჩნდა, იუდა, სხვების მსგავსად, დამნაშავე იყო სერიოზულ ცოდვაში, რის გამოც სინდისი წლების მანძილზე ქენჯნიდა (დბ. 42:21, 22; 44:16; 45:4, 5; 50:15—21) (მოგვიანებით, მოსეს კანონის თანახმად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი სიკვდილით ისჯებოდა; გმ. 21:16). ამის შემდეგ იუდამ სხვებთან ერთად შეცდომაში შეიყვანა იაკობი და აფიქრებინა, რომ იოსები ნადირმა დაგლიჯა (დბ. 37:31—33). იუდა იმ დროს დაახლოებით 20 წლისა იქნებოდა.
იუდას ოჯახი. როგორც ჩანს, ამ შემთხვევის შემდეგ დაშორდა იუდა ძმებს, ადულამელი ხირას მეზობლად გაშალა კარავი და დაუმეგობრდა მას. მან ცოლად მოიყვანა ქანაანელი შუას ასული, რომელმაც სამი ვაჟი — ერი, ონანი და შელა გაუჩინა. უმცროსი ვაჟი შელა აქციბში დაიბადა (დბ. 38:1—5).
მოგვიანებით იუდამ თავის პირმშოს, ერს, ცოლად მოუყვანა თამარი. მაგრამ ერი ბოროტი ადამიანი იყო და იეჰოვამ მოკლა. მეორე ვაჟს, ონანს, იუდამ უთხრა, რომ მაზლის ვალდებულება შეესრულებინა. მართალია, ონანი წვებოდა თამართან, მაგრამ „თესლს მიწაზე ღვრიდა, თავისი ძმისთვის შთამომავლობა რომ არ აღედგინა“. ამიტომ იეჰოვამ ისიც მოკლა. იუდამ უთხრა თამარს, რომ მამამისის სახლში წასულიყო და შელას გაზრდას დალოდებოდა. შელა გაიზარდა, მაგრამ იუდამ იმის შიშით, რომ უმცროსი ვაჟიც არ მომკვდარიყო, არ დააქორწინა ის თამარზე (დბ. 38:6—11, 14).
იუდა დაქვრივდა. როცა თამარმა გაიგო, რომ მისი მამამთილი თიმნაში მიდიოდა, ჩაიცვა მეძავის ტანსაცმელი და დაჯდა ენაიმის შესასვლელთან, სადაც იუდას უნდა გაევლო. იუდამ ვერ იცნო თავისი რძალი, მეძავი ეგონა და დაწვა მასთან. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ თამარი ორსულად იყო, იუდამ მოითხოვა, ის მეძაობისთვის დაეწვათ. მაგრამ სამხილის წარდგენის შემდეგ, რომ მისგან იყო ორსულად, იუდამ თქვა: „ის ჩემზე მართალია, რადგან არ მივეცი იგი ჩემს ვაჟს, შელას“. ამგვარად, იუდამ უნებურად დაიკავა შელას ადგილი და კანონიერი მემკვიდრეების მამა გახდა. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ თამარს ტყუპი ბიჭი — ფერეცი და ზერახი შეეძინა. იუდა მას შემდეგ აღარ დაწოლილა თამართან (დბ. 38:12—30).
საკვებისთვის წასვლა ეგვიპტეში. ქანაანში ჩამოვარდნილი შიმშილობიდან გარკვეული ხნის შემდეგ ქანაანელებმა გაიგეს, რომ საკვები ეგვიპტეში იშოვებოდა. იაკობის მითითებით მისი ათი ვაჟი, მათ შორის იუდა, საკვებისთვის ეგვიპტეში წავიდა. ამ დროს მათი ნახევარძმა იოსები იქ საკვების გამნაწილებელი იყო. იოსებმა მაშინვე იცნო ნახევარძმები, მათ კი ვერ იცნეს. მან მზვერაობა დააბრალა მათ და გააფრთხილა, რომ უკან არ დაბრუნებულიყვნენ ბენიამინის გარეშე, რომელიც ბრალდების უარყოფის დროს ახსენეს. იოსებმა ერთ-ერთი ნახევარძმა, სიმონი, შებორკა და მძევლად დაიტოვა (დბ. 42:1—25).
იაკობი ფიქრობდა, რომ ორი შვილი, იოსები და სიმონი, აღარ ჰყავდა და გასაგებია, რატომ არ უნდოდა ბენიამინის ძმებთან ერთად ეგვიპტეში გაშვება. რეუბენის სიტყვები, რომ იაკობს მისი ორი ვაჟი შეეძლო მოეკლა, თუ ბენიამინს უკან არ ჩამოუყვანდა, იაკობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაძლოა იმიტომ, რომ მის ხარჭასთან დაწოლის გამო აღარ ენდობოდა (დბ. 35:22). ბოლოს იუდა დაუდგა თავდებად და დაითანხმა კიდეც იაკობი (დბ. 42:36—38; 43:8—14).
იაკობის ვაჟებმა იყიდეს ეგვიპტეში მარცვლეული. სახლისკენ მიმავალ გზაზე მათ იოსების სახლის მმართველი დაეწია და ქურდობა დააბრალა (სინამდვილეში ეს იოსების ფანდი იყო). როცა ვითომდა მოპარული ნივთი ბენიამინის ტომარაში იპოვეს, ყველანი დაბრუნდნენ იოსებთან. სწორედ იუდამ უპასუხა ბრალდებაზე და ბენიამინისა და თავისი მამის გამო გულწრფელად ევედრებოდა, რომ ის დაეტოვებინათ მონად. იუდას გულწრფელმა ვედრებამ ისე აუჩუყა გული იოსებს, რომ მეტად ვეღარ შეიკავა თავი. როცა ძმებთან მარტო დარჩა, თავისი ვინაობა გაუმჟღავნა. იოსებმა აპატია ძმებს, რომ მონად გაყიდეს. მან დაარიგა ნახევარძმები, წასულიყვნენ იაკობთან და ყველანი ეგვიპტეში წამოეყვანათ, რადგან შიმშილობა კიდევ ხუთ წელს გაგრძელდებოდა (დბ. 44:1—45:13).
მოგვიანებით, როცა იაკობი მთელ თავის სახლეულობასთან ერთად ეგვიპტეს მიუახლოვდა, „გაუგზავნა ... იუდა იოსებს, რომ წინასწარ ჩაეტანა ამბავი გოშენში“ (დბ. 46:28).
ძმებს შორის ძლიერი. იუდამ დაამტკიცა, რომ ძლიერი იყო თავის ძმებს შორის, რადგან წუხდა ასაკოვან მამაზე და ცდილობდა, საკუთარი თავისუფლების ფასად ეხსნა ბენიამინი (1მტ. 5:2). იუდა აღარ იყო ის ახალგაზრდა, რომელმაც სხვებთან ერთად გაძარცვა შექემელები, უბოროტა თავის ნახევარძმას, იოსებს, და შემდეგ შეცდომაში შეიყვანა მამა. წინამძღოლობის შესანიშნავი თვისებების გამო იუდამ, როგორც ისრაელის 12 ტომის ერთ-ერთმა თავკაცმა, სიკვდილის პირას მყოფი მამისგან ყველაზე დიდი კურთხევა მიიღო (დბ. 49:8—12). ქვემოთ განხილულია, როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება.
2. იუდასგან წამოსული ტომი. ეგვიპტეში იაკობის სახლეულობასთან ერთად იუდას ჩასვლიდან დაახლოებით 216 წლის შემდეგ იუდას ტომში 20 წლიდან ზემოთ ლაშქარში გამსვლელი მამაკაცების რიცხვი 74 600-მდე გაიზარდა. ისრაელის ტომებს შორის სხვა არც ერთ ტომში არ იყო ამდენი მამაკაცი (რც. 1:26, 27). უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის მიწურულს იუდას ტომში აღრიცხულ მამაკაცთა რიცხვი 1 900-ით მეტი იყო (რც. 26:22).
იუდეველი ბეცალელის ხელმძღვანელობით და დანელი ოჰოლიაბის დახმარებით ააგეს კარავი, დაამზადეს მისი მოწყობილობა და ნივთები (გმ. 35:30—35). კარვის დადგმის შემდეგ იუდა ისაქარისა და ზებულონის ტომებთან ერთად საწმინდრის აღმოსავლეთით დაბანაკდა (რც. 2:3—8).
იუდა, როგორც წინამძღოლი, ერის ისტორიის ადრეულ ეტაპზე. იაკობის წინასწარმეტყველურ კურთხევაში იუდას წინამძღოლის როლი დაეკისრა (დბ. 49:8; შდრ. 1მტ. 5:2). ეს წინასწარმეტყველება ტომის ჩამოყალიბებისთანავე შესრულდა. თავკაცი ნახშონის მეთაურობით იუდას ტომი წინ მიუძღოდა ისრაელს უდაბნოში (რც. 2:3—9; 10:12—14). აგრეთვე ამ ტომიდან იყო ქალებ იეფუნეს ძე, ერთ-ერთი იმ ორი ერთგული მზვერავიდან, რომელთაც აღთქმულ მიწაზე კიდევ ერთხელ შესვლის პატივი ხვდათ წილად. ხანდაზმული ქალები აქტიურად მონაწილეობდა იუდას კუთვნილი მიწების დაპყრობაში. ღვთის მითითებით ეს ტომი პირველი უნდა გასულიყო ქანაანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლაში მათ სიმონელები ეხმარებოდნენ (რც. 13:6, 30; 14:6—10, 38; იეს. 14:6—14; 15:13—20; მსჯ. 1:1—20; შდრ. კნ. 33:7). მოგვიანებით იუდა, ისევ ღვთის მითითებით, პირველი გავიდა ბენიამინელების დასასჯელად (მსჯ. 20:18).
იუდას სამკვიდრო. იუდას ტომის კუთვნილ ტერიტორიას ჩრდილოეთით ბენიამინისა და დანის ტერიტორიები ესაზღვრებოდა (იეს. 15:5—11; 18:11), აღმოსავლეთით — მარილოვანი ზღვა, იგივე მკვდარი ზღვა (იეს. 15:5), ხოლო დასავლეთით — დიდი ზღვა, იგივე ხმელთაშუა ზღვა (იეს. 15:12). სამხრეთით საზღვარი, როგორც ჩანს, მკვდარი ზღვის უკიდურესი სამხრეთიდან სამხრ.-დას.-ით აკრაბიმის მაღლობამდე მიდიოდა. აქედან ის გადიოდა ცინს და კადეშ-ბარნეამდე ადიოდა; გადიოდა ხეცრონს, ადარს, კარკას, აცმონს, ეგვიპტის ხევს და ხმელთაშუა ზღვასთან მთავრდებოდა (იეს. 15:1—4). ამ ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი, ძირითადად ბეერ-შებას შემოგარენი, სიმონელებს მისცეს (იეს. 19:1—9). იუდას ტერიტორიაზე დასახლდნენ არაისრაელი კენიელებიც, მოსეს ცოლის ნათესავები (მსჯ. 1:16).
ძველი იუდას კუთვნილ ტერიტორიაზე არაერთი განსხვავებული გეოგრაფიული ზონა იყო. სამხრეთით მდებარეობდა ნეგები, რომლის დიდ ნაწილსაც შეადგენდა ზღვის დონიდან ერთ მხარეს 450 მეტრის, ხოლო მეორე მხარეს 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პლატო. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იყო ფილისტიმის ველი, რომლის სილის ბორცვებიც ზოგჯერ ნაპირიდან დაახლოებით 6 კმ-ით იჭრებოდა ხმელეთზე. ძველად ამ ბორცვიან რელიეფზე გაშენებული იყო ვენახები, ზეთისხილის ბაღები და ყანები (მსჯ. 15:5). ის აღმოსავლეთით მთაგორიანი ხდებოდა, ველებად იყო დაყოფილი და სამხრეთით ზღვის დონიდან 450 მეტრს აღწევდა. მას ეწოდებოდა შეფელა (ნიშნავს ბარს), რომელიც ძველად სიკომოროს ხეებით იყო დაფარული (1მფ. 10:27). ის დაბლობად ითვლებოდა იუდას მთიან რეგიონთან შედარებით, რომელიც უფრო შორს, აღმოსავლეთით იყო და ბორცვების სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 600—1000 მეტრს შორის მერყეობდა. იუდეის მთიანეთის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე უნაყოფო ბორცვები იუდას უდაბნოს ქმნიდა.
იესო ნავეს ძის წინამძღოლობის პერიოდში იუდას კუთვნილ ტერიტორიაზე ქანაანელების გავლენა აშკარად შესუსტდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დაპყრობილი ქალაქები ვერ გაამაგრეს ჯარით, ამიტომ, როცა ისრაელები სხვაგან იბრძოდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდა ხებრონსა და დებირში. ასე რომ, ეს ტერიტორიები ხელახლა გახდა დასაპყრობი (შდრ. იეს. 12:7, 10, 13; მსჯ. 1:10—15). მაგრამ მათ ვერ განდევნეს დაბლობში მცხოვრებნი, რომელთაც კარგად შეიარაღებული საომარი ეტლები ჰქონდათ. უეჭველია, მათ შორის იყვნენ გათსა და აშდოდში მცხოვრები ფილისტიმელები (იეს. 13:2, 3; მსჯ. 1:18, 19).
მსაჯულებიდან საულამდე. მსაჯულების მშფოთვარე პერიოდის განმავლობაში იუდა, სხვა ტომების მსგავსად, არაერთხელ გაება კერპთაყვანისმცემლობის მახეში. ამიტომ იეჰოვამ ნება დართო გარშემო მცხოვრებ ერებს, განსაკუთრებით ამონელებსა და ფილისტიმელებს, რომ იუდას ტერიტორიაზე ეთარეშათ (მსჯ. 10:6—9). სამსონის დროს იუდეველებმა არა მხოლოდ გავლენა დაკარგეს ფილისტიმელთა ქალაქებზე — ღაზაზე, ეკრონსა და აშკელონზე, არამედ, ფაქტობრივად, ფილისტიმელთა უღელქვეშ მოექცნენ (მსჯ. 15:9—12). როგორც ჩანს, იუდეველებმა თავიანთი ტერიტორია სამუელის დრომდე ვერ დაიბრუნეს (1სმ. 7:10—14).
მას შემდეგ, რაც სამუელმა ბენიამინის ტომიდან საული სცხო ისრაელის პირველ მეფედ, იუდეველები ერთგულად იბრძოდნენ მისი წინამძღოლობით (1სმ. 11:5—11; 15:3, 4). ბრძოლები ყველაზე ხშირად ფილისტიმელების წინააღმდეგ იმართებოდა (1სმ. 14:52), რადგან, როგორც ჩანს, ისინი ისევ ბატონობდნენ ისრაელებზე (1სმ. 13:19—22). მაგრამ თანდათანობით მათი ძალაუფლება შესუსტდა. იეჰოვას დახმარებით საულმა და მისმა ვაჟმა, იონათანმა, დაამარცხეს ისინი მიქმაშიდან აიალონამდე (1სმ. 13:23—14:23, 31). როცა მოგვიანებით ფილისტიმელები იუდაში შეიჭრნენ, ახალგაზრდა იუდეველმა მწყემსმა, დავითმა, მოკლა მათი ძლიერი მებრძოლი გოლიათი და ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდნენ (1სმ. 17:4, 48—53). ამის შემდეგ მეფე საულმა ლაშქრის მეთაურად დანიშნა დავითი, რომელიც სამუელმა ადრე ისრაელის მომავალ მეფედ სცხო. ის ერთგულად ემსახურებოდა საულს და არაერთი გამარჯვება მოიპოვა ფილისტიმელებზე (1სმ. 18:5—7). იმ დროს იუდას ტომი „ლომის ბოკვერს“ ჰგავდა, რადგან დავითს ჯერ არ ჰქონდა სამეფო ძალაუფლება (დბ. 49:9).
როცა საულმა დავითი თავის მეტოქედ მიიჩნია და დევნა დაუწყო, დავითი მაინც მისი, როგორც იეჰოვას ცხებულის, ერთგული დარჩა. ის არასდროს გადასულა ისრაელის მტრების მხარეს, არც პირადად დაუშავებია რამე საულისთვის და ამის უფლება არც სხვებისთვის მიუცია (1სმ. 20:30, 31; 24:4—22; 26:8—11; 27:8—11; 30:26—31). პირიქით, ის იბრძოდა ისრაელის მტრების წინააღმდეგ. ერთხელ მან იუდეველთა ქალაქი კეილა იხსნა ფილისტიმელებისგან (1სმ. 23:2—5).
იაკობის კურთხევის შესრულება დავითზე. ბოლოს დადგა ღვთის მიერ დანიშნული დრო, როცა სამეფო ძალაუფლება ბენიამინის ტომიდან იუდას ტომზე უნდა გადასულიყო. საულის სიკვდილის შემდეგ იუდეველებმა დავითი ხებრონში მეფედ სცხეს. მაგრამ სხვა ტომები საულის სახლს მიემხრნენ და მისი ვაჟი, იშ-ბოშეთი გაამეფეს. ამ ორ სამეფოს შორის არაერთი ბრძოლა მოხდა, ვიდრე იშ-ბოშეთის ძლიერი მხარდამჭერი აბნერი დავითს არ მიემხრო. ამის შემდეგ იშ-ბოშეთი მალევე მოკლეს (2სმ. 2:1—4, 8, 9; 3:1—4:12).
როცა დავითი მთელ ისრაელზე გამეფდა, იაკობის ყველა ვაჟი, ანუ ისრაელის ყველა ტომი, ხოტბას ასხამდა იუდას და ემხობოდა მისგან წარმოშობილი მმართველის წინაშე. შედეგად, დავითს შეეძლო, გაელაშქრა იერუსალიმის წინააღმდეგ, რომელიც ბენიამინის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სიონის ციხესიმაგრის დაპყრობის შემდეგ დავითმა ის დედაქალაქად გამოაცხადა. დავითი უმეტესწილად მოწონებას იმსახურებდა, ამიტომ იუდას ტომს, იაკობის მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველების თანახმად, ხოტბას ასხამდნენ მისი სამართლიანობის, სიმართლისა და ერისთვის გაწეული სამსახურისთვის, მათ შორის ქვეყნის დაცვისთვის. იუდამ მართლაც ჩაავლო მტრებს კისერში ხელი მაშინ, როცა დავითმა დაამარცხა ფილისტიმელები (რომლებიც ორჯერ შეეცადნენ ტახტიდან მის ჩამოგდებას), მოაბელები, სირიელები, ედომელები, ამალეკელები და ამონელები. ამგვარად, დავითის მმართველობის დროს ისრაელის ტერიტორია საბოლოოდ გაფართოვდა ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებამდე (დბ. 49:8—12; 2სმ. 5:1—10, 17—25; 8:1—15; 12:29—31).
დავითთან სამეფოს შესახებ დადებული მარადიული შეთანხმების საფუძველზე იუდას ტომი სამეფო კვერთხსა და მთავრის კვერთხს 470 წელს ფლობდა (დბ. 49:10; 2სმ. 7:16). თუმცა მხოლოდ დავითისა და სოლომონის მეფობის პერიოდში იყო ისრაელი გაერთიანებული სამეფო და ყველა ტომი იუდას წინაშე ემხობოდა. სოლომონი თავისი მეფობის მიწურულს განუდგა იეჰოვას, ამიტომ იეჰოვამ იუდას მომდევნო მეფე რობოამს გამოსტაცა ათი ტომი და იერობოამს მისცა (1მფ. 11:31—35; 12:15—20). დავითის სახლის ერთგულები მხოლოდ ბენიამინისა და იუდას ტომები და ლევიანები დარჩნენ (1მფ. 12:21; 2მტ. 13:9, 10).
3. იუდას სამეფო, რომელშიც ბენიამინის ტომიც შედიოდა (2მტ. 25:5). სოლომონის სიკვდილის შემდეგ სხვა ათი ტომისგან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამეფო, რომელზეც ეფრემელი იერობოამი გამეფდა.
არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რობოამის მეფობის მეხუთე წელს, ეგვიპტის მეფე შიშაკი შეიჭრა იუდას სამეფოში, გზად გამაგრებული ქალაქები დაიპყრო და იერუსალიმს მიადგა (1მფ. 14:25, 26; 2მტ. 12:2—9).
იუდას მეფეების — რობოამის, აბიამის (აბია) და ასას მეფობის დაახლოებით 40-წლიან პერიოდში იუდასა და ისრაელის სამეფოებს შორის გაუთავებელი ომი იყო (1მფ. 14:30; 15:7, 16). ასას მემკვიდრე, იეჰოშაფატი, ისრაელის ბოროტ მეფე ახაბს დაუმოყვრდა. თუმცა ეს ორ სამეფოს შორის მშვიდობას ნიშნავდა, იეჰოშაფატის ძის, იეჰორამის, ახაბის ასულ ათალიაზე დაქორწინება იუდასთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ათალიას გავლენით იეჰორამი განუდგა იეჰოვას. მისი მმართველობის დროს ფილისტიმელები და არაბები შეიჭრნენ იუდაში. უმცროსი ვაჟის, იეჰოახაზის (ახაზია) გარდა, მათ დაატყვევეს და დახოცეს ყველა მისი ვაჟი. გამეფებული ახაზიაც უჯერებდა ბოროტ ათალიას. ახაზიას მკვლელობის შემდეგ ათალიამ მთელი სამეფო შთამომავლობა გაანადგურა. მაგრამ, ეჭვგარეშეა, ღმერთი ჩაერია, რომ პატარა იეჰოაში, დავითის ტახტის კანონიერი მემკვიდრე, დაემალათ და გადაერჩინათ. ათალია უკანონოდ მეფობდა, ვიდრე მღვდელმთავარ იეჰოიადას ბრძანებით სიკვდილით არ დასაჯეს (2მტ. 18:1; 21:1, 5, 6, 16, 17; 22:1—3, 9—12; 23:13—15).
იეჰოაშმა კარგად დაიწყო თავისი მმართველობა, თუმცა მღვდელმთავარ იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ განუდგა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (2მტ. 24:2, 17, 18). იეჰოაშის ვაჟმა, ამაციამაც გადაუხვია სწორი გზიდან. მისი მმართველობის დროს, ხანგრძლივი მშვიდობიანი თანაცხოვრების შემდეგ, იუდას სამეფო კვლავ შეებრძოლა ისრაელის ათტომიან სამეფოს და დამამცირებელი მარცხი განიცადა (2მტ. 25:1, 2, 14—24). იუდას მომდევნო მეფე უზია (აზარია) სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, თუ არ ჩავთვლით საწმინდარში შეჭრას. მისი მემკვიდრე იოთამი ერთგული მეფე იყო. მაგრამ იოთამის ვაჟმა, ახაზმა, სახელი ფართომასშტაბიანი კერპთაყვანისმცემლობით გაითქვა (2მტ. 26:3, 4, 16—20; 27:1, 2; 28:1—4).
ახაზის მეფობის დროს იუდას თავს დაესხნენ ედომელები და ფილისტიმელები, აგრეთვე ჩრდილოეთი სამეფო და სირია. სირიელები და ისრაელები გაერთიანდნენ და ემუქრებოდნენ ახაზს, რომ ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და იუდას მეფედ დასვამდნენ კაცს, რომელიც დავითის საგვარეულო ხაზიდან არ იქნებოდა. წინასწარმეტყველი ესაია არწმუნებდა, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ურწმუნო ახაზმა ძღვენი გაუგზავნა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს, რათა მის დასახმარებლად მისულიყო. ამ უგუნურმა ნაბიჯმა იუდას ასურეთის მძიმე უღელი დაადგა (2მტ. 28:5—21; ეს. 7:1—12).
ახაზის ვაჟმა, ხიზკიამ აღადგინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და განუდგა ასურეთს (2მფ. 18:1—7). შედეგად, სინახერიბი იუდაში შეიჭრა და ბევრი გამაგრებული ქალაქი აიღო. თუმცა ასურელებმა იერუსალიმი ვერ აიღეს, რადგან ერთ ღამეში იეჰოვას ანგელოზმა ასურელთა ბანაკში 185 000 კაცი გაჟლიტა. დამცირებული სინახერიბი ნინევეში დაბრუნდა (2მფ. 18:13; 19:32—36). დაახლოებით რვა წლის შემდეგ, ძვ. წ. 740 წელს, ასურელებმა ათტომიანი სამეფოს დედაქალაქი სამარია გაანადგურეს. ჩრდილოეთ სამეფომ არსებობა შეწყვიტა (2მფ. 17:4—6).
იუდას შემდგომი მეფე, ხიზკიას ვაჟი მენაშე, კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ასურეთის მეფემ დაატყვევა და ბაბილონში წაიყვანა, მენაშემ მოინანია. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ მან რელიგიური რეფორმები გაატარა (2მტ. 33:10—16). მაგრამ მისი ვაჟი ამონი ისევ დაუბრუნდა კერპთაყვანისმცემლობას (2მტ. 33:21—24).
კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბოლო გალაშქრება ამონის ვაჟის, იოშიას მეფობის დროს მოხდა. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო, რომ ამ გულწრფელ მონანიებას მთელ მოსახლეობაზე ემოქმედა. ამიტომ იეჰოვამ გამოაცხადა, რომ გააპარტახებდა იუდასა და იერუსალიმს. ბოლოს იოშია მოკლეს, როცა ქარხემიშთან დაბანაკებული ასურეთის მეფის დასახმარებლად გავიდა და მეგიდოსთან ეგვიპტის ჯარების შეჩერებას ცდილობდა (2მფ. 22:1—23:30; 2მტ. 35:20).
იუდას ბოლო ოთხი მეფე — იეჰოახაზი, იეჰოიაკიმი, იეჰოიაქინი და ციდკია ცუდი მმართველები იყვნენ. ფარაონმა ნექომ ტახტიდან ჩამოაგდო იეჰოახაზი, მის ნაცვლად მისი ძმა იეჰოიაკიმი გაამეფა და იუდას მძიმე ხარკი დააკისრა (2მფ. 23:31—35). მოგვიანებით, როგორც ჩანს, მისი გამეფებიდან რვა წლის შემდეგ, იეჰოიაკიმი გახდა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის ვასალი, რომელმაც მანამდე ქარხემიშთან დაამარცხა ეგვიპტელები. სამი წელი ემორჩილებოდა იეჰოიაკიმი ბაბილონის მეფეს, შემდეგ კი განუდგა (2მფ. 24:1; იერ. 46:2). ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის წინააღმდეგ გაილაშქრა, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ეს ურჩი მეფე დაეტყვევებინა და ბაბილონში წაეყვანა (2მტ. 36:6). მაგრამ იეჰოიაკიმი არ წაუყვანიათ ბაბილონში, რადგან მოკვდა. მისი სიკვდილის მიზეზი ბიბლიაში მოხსენიებული არ არის. მის შემდეგ იეჰოიაქინი გამეფდა. მან მხოლოდ სამი თვე და ათი დღე იმეფა. ის ნებაყოფლობით დანებდა ნაბუქოდონოსორს. სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან და ათასობით ქვეშევრდომთან ერთად ის ბაბილონში გადაასახლეს. ნაბუქოდონოსორმა იუდას ტახტზე მის ნაცვლად ბიძამისი, ციდკია დასვა (2მფ. 24:6, 8—17; 2მტ. 36:9, 10).
თავისი მეფობის მეცხრე წელს ეგვიპტის ჯარზე დაიმედებული ციდკია განუდგა ბაბილონს (2მფ. 24:18—25:1; 2მტ. 36:11—13; ეზკ. 17:15—21). ამიტომ ნაბუქოდონოსორის ჯარი იუდასკენ დაიძრა. მათ იერუსალიმი 18 თვის მანძილზე ალყაში ჰყავდათ მოქცეული, ვიდრე გალავანი არ გაარღვიეს. ციდკია გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს, ვაჟები თვალწინ დაუხოცეს, თვითონ კი დააბრმავეს. მომდევნო თვეს გადარჩენილთა უმეტესობა ბაბილონში გადაასახლეს. იუდაში დარჩენილ მცირერიცხოვან ხალხს გამგებლად გედალია დაუყენეს. მისი მკვლელობის შემდეგ ხალხი ეგვიპტეში გაიქცა. ასე რომ, ძვ. წ. 607 წლის მეშვიდე თვეს იუდას მიწა სრულიად გაუდაბურდა (2მფ. 25:1—26; დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. სტატიები ამ მეფეებზე).
სამეფო ხაზი არ დაკარგულა. იუდას სამეფოს ტრაგიკული აღსასრული არ ნიშნავდა, რომ ტომმა სამუდამოდ დაკარგა სამეფო კვერთხი და მთავრის კვერთხი. სიკვდილის წინ იაკობის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების თანახმად, იუდას ტომიდან წამოვიდოდა სამეფოს მარადიული მემკვიდრე, შილო (ნიშნავს: მისი მფლობელი; ის, ვისიც არის) (დბ. 49:10). ამიტომ იუდას სამეფოს დამხობამდე იეჰოვამ ეზეკიელის მეშვეობით ციდკიას მართებულად უთხრა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი! ყველაფერი სხვაგვარად იქნება. აამაღლე დაბალი და დაამდაბლე მაღალი! ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი, — მას გადავცემ“ (ეზკ. 21:26, 27). დაახლოებით 600 წლის შემდეგ ანგელოზმა გაბრიელმა ებრაელ ქალწულ მარიამს უთხრა, რომ ის, ვისაც ამის კანონიერი უფლება ჰქონდა, იყო ღვთის ძე, იესო (ლკ. 1:31—33). ამიტომ იესო ქრისტეს მართებულად ეწოდება „ლომი იუდას ტომიდან“ (გმც. 5:5).
ჩრდილოეთ სამეფოსთან შედარება. იუდას სამეფო გამოირჩეოდა სტაბილურობით. ჩრდილოეთ სამეფოსთან შედარებით ის დაახლოებით 133 წლით მეტხანს არსებობდა. ამას ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა: 1) ღვთის მიერ დავითთან დადებული შეთანხმების თანახმად, სამეფო ხაზი არ გაწყვეტილა, მაშინ როცა ჩრდილოეთი სამეფოს მეფეების ნახევარზე ნაკლებმა მიიღო მამისგან მემკვიდრეობით მეფობა. 2) ღვთის კურთხევით იერუსალიმის ტაძარში მღვდლებად აარონის შთამომავლები მსახურობდნენ, რაც ორგული ერის ღვთისკენ შემობრუნებას აადვილებდა (2მტ. 13:8—20). მეორე მხრივ, ჩრდილოეთ სამეფოში შემოიღეს ხბოს თაყვანისმცემლობა იმ მოსაზრებით, რომ ეს აუცილებელი იყო იუდასგან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და, როგორც ჩანს, ამის გამო ისინი არც კი ცდილობდნენ მის აღმოფხვრას (1მფ. 12:27—33). 3) იუდას 19 მეფიდან ოთხი — ასა, იეჰოშაფატი, ხიზკია და იოშია — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. ქვეყანაში მათ მასშტაბური რელიგიური რეფორმები გაატარეს.
მაგრამ ორივე სამეფოს ისტორია ცხადყოფს, რამხელა უგუნურება იყო იეჰოვას მითითებების უგულებელყოფა და სამხედრო მოკავშირეებზე იმედის დამყარება. აგრეთვე კარგად ჩანს, რაოდენ სულგრძელი იყო იეჰოვა თავისი ურჩი ხალხის მიმართ. ის ისევ და ისევ გზავნიდა თავის წინასწარმეტყველებს, რომ ხალხი მონანიებისკენ აღეძრა, მაგრამ მის გაფრთხილებებს ხშირად უგულებელყოფდნენ (იერ. 25:4—7). იუდაში წინასწარმეტყველებდნენ: შემაია, იდო, აზარია, ოდედი, ხანანი, იეჰუ, ელიეზერი, იახაზიელი, მიქა, ოსია, ესაია, სოფონია, აბაკუმი და იერემია (იხ. ისრაელი №2 და №3).
გადასახლების შემდეგ. ძვ. წ. 537 წელს ძალაში შევიდა კიროსის ბრძანება, რომლის თანახმადაც ისრაელებს შეეძლოთ, იუდას მიწაზე დაბრუნებულიყვნენ და ტაძარი აღედგინათ. როგორც ჩანს, ამ დროს თავიანთ სამშობლოში ისრაელის სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები დაბრუნდნენ (ეზრ. 1:1—4; ეს. 11:11, 12). შესრულდა ეზეკიელის 21:27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულ ხალხს აღარ უხელმძღვანელებდა დავითის შთამომავალი მეფე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტომებს შორის აღარ იყო შური, რაც ეფრემისა და იუდას ერთიანობაზე მოწმობდა (ეს. 11:13).
4. როგორც ჩანს, იგივე ლევიანი ჰოდავია ანუ ჰოდევა, რომლის ვაჟებიც ზერუბაბელთან ერთად დაბრუნდნენ იერუსალიმში (ეზრ. 2:40; 3:9; ნემ. 7:43).
5. ზერუბაბელთან ერთად დაბრუნებულთა შორის მოხსენიებული ლევიანი (ნემ. 12:1, 8).
6. ლევიანი, რომელმაც სხვებთან ერთად გაუშვა უცხოელი ცოლი და ვაჟები (ეზრ. 10:23, 44).
7. იერუსალიმის მკვიდრი ბენიამინელი, რომელიც გადასახლების შემდეგ ქალაქის ერთ-ერთი ზედამხედველი იყო (ნემ. 11:7, 9).
8. იერუსალიმის კედლების აღდგენის შემდეგ ნეემიას მიერ მოწყობილი საზეიმო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე (ნემ. 12:31, 34).
9. საზეიმო მსვლელობაში მონაწილე მუსიკოსი მღვდელი (ნემ. 12:31, 35, 36).
10. იესოს წინაპარი მარიამის მხრიდან ნათანის ხაზით; იუდა იყო იოსების ძე და სიმონის მამა. ის დავითის ვაჟის, ნათანის შემდეგ მეშვიდე თაობა იყო და ისრაელის ბაბილონში გადასახლებამდე ცხოვრობდა (ლკ. 3:30, 31).
11. გალილეელი იუდა, რომელიც გამალიელმა სინედრიონის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს მოიხსენია (სქ. 5:37). იუდა ახ. წ. 6 წელს სირიის გამგებლის, კვირინიუსის მიერ ჩატარებული აღწერის დროს იუდეველთა აჯანყებას ედგა სათავეში. იოსებ ფლავიუსმა არაერთხელ მოიხსენია ის და თქვა, რომ იუდა „თანამემამულეებს აჯანყებისკენ მოუწოდებდა და ლაჩრებს უწოდებდა მათ, რადგან რომაელებს ხარკს უხდიდნენ და მოკვდავ მოძღვრებს ემორჩილებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფალი ღმერთი იყო. ეს კაცი ფილოსოფოსი იყო. მან დააფუძნა სექტა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო სხვა შეხედულებებთან“ („იუდეველთა ომი“, II, 118 (viii, 1), ინგლ.). ერთგან იოსებ ფლავიუსი იუდას გაულანიტელს უწოდებს. ზოგი ფიქრობს, რომ გაულანიტელები გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მკვიდრობდნენ. მიუხედავად ამისა, იგივე ისტორიკოსი სხვა ადგილას გამალიელის მსგავსად ამბობს, რომ იუდა გალილეელი იყო („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, 4 (i, 1); XVIII, 23 (i, 6), ინგლ.). აჯანყებულებს თავისუფლება სურდათ, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს. იუდა „დაიღუპა და ყველა, ვინც მას ემორჩილებოდა, გაიფანტა“ (სქ. 5:37). მის შთამომავალთაგან ზოგიერთიც იღებდა მონაწილეობას აჯანყებებში („იუდეველთა ომი“, II, 433—440 (xvii, 8); VII, 253 (viii, 1), ინგლ.).
12. თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი, რომელსაც აგრეთვე ეწოდებოდა თადეოზი და „იაკობის ვაჟი იუდა“. მათეს 10:3-სა და მარკოზის 3:18-ში მოციქულთა ჩამონათვალში ალფეს ვაჟი იაკობი და თადეოზი გვერდიგვერდ არიან მოხსენიებულნი. ლუკას 6:16-სა და საქმეების 1:13-ში თადეოზი არ მოიხსენიება; ამის ნაცვლად, მოხსენიებულია „იუდა, იაკობის ვაჟი“ და „იაკობის ვაჟი იუდა“, რასაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მოციქულ იუდას თადეოზიც ერქვა. როგორც ჩანს, იუდას მხოლოდ მაშინ მოიხსენიებდნენ თადეოზად, როცა შეიძლებოდა ერთმანეთში არეოდათ ორი მოციქული იუდა. ზოგ თარგმანში ლუკას 6:16-სა და საქმეების 1:13-ში წერია, რომ „იუდა იაკობის ძმა“ იყო, თუმცა ბერძნული ტექსტი ამას არ აკონკრეტებს. მაგრამ სირიული ფეშიტა მოიხსენიებს სიტყვა „ვაჟს“. შესაბამისად, ბევრ თანამედროვე თარგმანში წერია: „იუდა, იაკობის ვაჟი“ (RS, AT, La, აქ). ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც მარტო იუდაა მოხსენიებული, არის იოანეს 14:22. ამ მუხლში მას ეწოდება „იუდა, არაისკარიოტელი“, საიდანაც ჩანს, თუ რომელი იუდა ლაპარაკობს.
„საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ მათეს 10:3-ში ვკითხულობთ: „ლებეოსი, თადეოსად სახელდებული“. ეს გამოცემა ითარგმნა საყოველთაოდ მიღებული ტექსტიდან, თუმცა ეს სახელი გამოტოვებულია უესტკოტისა და ჰორტის ტექსტში, რადგან ის არ გვხვდება სინურ და სხვა ხელნაწერებში.
13. იუდა ისკარიოტელი, სიმონის ვაჟი; იესოს გამცემი მოციქული; ბიბლია იუდას ოჯახისა და წარსულის შესახებ მწირ ინფორმაციას გვაწვდის. იუდაც და მამამისიც ისკარიოტელად არიან მოხსენიებულნი (ლკ. 6:16; ინ. 6:71). ჩვეულებრივ, ეს სახელი იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი იუდეის ქალაქ კერიოთ-ხეცრონიდან იყვნენ. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ იუდა ერთადერთი იუდეველი იყო იესოს 12 მოციქულს შორის, დანარჩენები კი გალილეელები იყვნენ.
სახარებებში იუდა პირველად მოიხსენიება მოციქულთა ჩამონათვალში ახ. წ. 31 წლის პასექის შემდეგ მალევე, იესოს მიერ მსახურების დაწყებიდან თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ (მრ. 3:19; ლკ. 6:16). ლოგიკურია, რომ იუდა მოციქულად არჩევამდე უკვე იყო იესოს მოწაფე. ბევრი მწერალი იუდას მუქ ფერებში გვიხატავს, მაგრამ აშკარაა, ის მოწაფეობის დროს ღვთისა და იესოს მოწონებას იმსახურებდა, რაზეც მისი მოციქულად არჩევა მიანიშნებს. უფრო მეტიც, მას მიანდეს იესოსა და 12 მოციქულის ფული, რაც მის სანდოობაზე, უნარიანობასა და განათლებულობაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ მათე უფრო გამოცდილი იყო ამ საქმეში, მას არ დაავალეს ამის კეთება (ინ. 12:6; მთ. 10:3). მაგრამ იუდა მთლიანად გაიხრწნა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაიტოვა. უეჭველია, ამ მიზეზით მოიხსენიებს ბიბლია მას მოციქულთა შორის ბოლოს და ამბობს, რომ ეს იყო იუდა, „რომელმაც გასცა იგი“ და „რომელიც გამცემი გახდა“ (მთ. 10:4; ლკ. 6:16).
იუდას გახრწნა. ახ. წ. 32 წლის პასექის დღესასწაულამდე იესომ სხვა მოციქულებთან ერთად იუდაც გაგზავნა საქადაგებლად (მთ. 10:1, 4, 5). იუდას დაბრუნებიდან მალევე, მისი მოციქულობის პირველ წელს, იესომ ის სახალხოდ გაკიცხა, თუმცა სახელით არ უხსენებია. იესოს სწავლებით აღშფოთებულმა ზოგმა მოწაფემ მიატოვა ის, მაგრამ პეტრემ უთხრა მას, რომ თორმეტივე მასთან დარჩებოდა. იესომ დაუდასტურა, რომ 12 აირჩია, თუმცა თქვა: „ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია [ბერძ. დიაბოლოს, ნიშნავს ეშმაკს ან ცილისმწამებელს]“. იქვე ახსნილია, რომ ამას იუდაზე ამბობდა, რომელიც „იესოს გაცემას აპირებდა, თუმცა თორმეტს შორის იყო“ (ინ. 6:66—71).
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით იოანე ამბობს, რომ „იესომ თავიდანვე იცოდა ... ვინ გასცემდა მას“ (ინ. 6:64). ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებებიდან ქრისტემ იცოდა, რომ ახლობელი გასცემდა (ფს. 41:9; 109:8; ინ. 13:18, 19). ღმერთმაც წინასწარ განჭვრიტა, როგორი ადამიანი იქნებოდა გამცემი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ღვთის თვისებებსა და წარსულ საქმეებს, არ იქნებოდა სწორი იმის თქმა, რომ მან წინასწარ განსაზღვრა, რომ იუდა შეცდებოდა (იხ. წინასწარგანჭვრეტა, წინასწარგანწესება). როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, თავისი მოციქულობის დასაწყისში იუდა ღვთისა და იესოს ერთგული იყო. ამგვარად, იოანეს ნათქვამი იმას ნიშნავდა, რომ იესომ თავიდანვე შენიშნა, რომ იუდამ გახრწნა დაიწყო, ანუ აჰყვა არასრულყოფილებასა და ცოდვილ მიდრეკილებებს (ინ. 2:24, 25; გმც. 1:1; 2:23). იუდა მიხვდებოდა, რომ თავად იყო იესოს მიერ მოხსენიებული ცილისმწამებელი, მაგრამ განაგრძობდა იესოსა და ერთგულ მოციქულებთან ერთად სიარულს და არ იცვლებოდა.
ბიბლიაში არ არის ახსნილი, რა მოტივებმა გამოიწვია მისი გახრწნა, მაგრამ იესოს სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, ახ. წ. 33 წლის 9 ნისანს მომხდარი შემთხვევა ნათელს ჰფენს ამ საკითხს. ბეთანიაში სიმონ კეთროვნის სახლში ლაზარეს დამ, მარიამმა, იესოს სურნელოვანი ზეთი სცხო, რაც 300 დინარის ღირებულებისა იყო და მუშის დაახლოებით ერთი წლის გასამრჯელოს შეადგენდა (მთ. 20:2). იუდა აღშფოთდა და თქვა, რომ ზეთი შეეძლოთ გაეყიდათ და ფული ღარიბებისთვის დაერიგებინათ. როგორც ჩანს, სხვა მოციქულები ერთხმად დაეთანხმნენ ამ ერთი შეხედვით საფუძვლიან შენიშვნას, მაგრამ იესომ გაკიცხა ისინი. იუდას შენიშვნის ნამდვილი მიზეზი ის იყო, „რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ჰქონდა და მასში ჩაყრილ ფულს იღებდა“. იუდა ხარბი იყო და ქურდობა ჩვევად ექცა (ინ. 12:2—7; მთ. 26:6—12; მრ. 14:3—8).
ღალატის საფასური. იუდას, უეჭველია, გულზე მოხვდებოდა იესოსგან ფულის გამო გაკიცხვა. ამ დროს „შევიდა სატანა იუდაში“, როგორც ჩანს, იმ გაგებით, რომ გამცემმა მოციქულმა სატანას მისი ნების შესრულებისა და ქრისტეს შესაჩერებლად საკუთარი თავის იარაღად გამოყენების უფლება მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ, 12 ნისანს, იუდა მივიდა უფროს მღვდლებთან და ტაძრის მცველთა უფროსებთან იმის გასაგებად, რამდენს მისცემდნენ იესოს გაცემაში, რითაც კიდევ ერთხელ გამოავლინა სიხარბე (მთ. 26:14—16; მრ. 14:10, 11; ლკ. 22:3—6; ინ. 13:2). იმავე დღეს შეიკრიბნენ უფროსი მღვდლები, „ხალხის უხუცესები“ და სინედრიონის გავლენიანი კაცები (მთ. 26:3). ტაძრის მცველთა უფროსები ამ შეხვედრაზე, შესაძლოა, იმიტომ მიიწვიეს, რომ გავლენა ჰქონდათ და იესოს დაპატიმრების ნებისმიერ გეგმას კანონიერ ელფერს მიანიჭებდნენ.
რატომ შესთავაზეს იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იუდას მხოლოდ 30 ვერცხლი იესოს გაცემაში?
იუდას 30 ვერცხლი შესთავაზეს (თუ შეკელი იყო, $66). რელიგიური წინამძღოლების შეთავაზებული თანხიდან გამოჩნდა, რომ სძულდათ იესო და მათ თვალში ის მეტი არ ღირდა. გამოსვლის 21:32-ის თანახმად, 30 შეკელი მონის საფასური იყო. მოგვიანებით ზაქარიას, როგორც ხალხის მწყემსს, თავისი სამუშაოსთვის „ოცდაათი ვერცხლი“ გადაუხადეს. იეჰოვამ ეს უპატივცემულობად ჩათვალა, რადგან ზაქარიასთვის მიცემული გასამრჯელოდან გამოჩნდა, როგორ აფასებდა ეს ორგული ხალხი თავად მას (ზქ. 11:12, 13). შესაბამისად, რელიგიური წინამძღოლების მიერ მხოლოდ 30 ვერცხლის შეთავაზება იმას ნიშნავდა, რომ ისინი არაფრად აგდებდნენ იესოს. ამავე დროს, მათ შეასრულეს ზაქარიას 11:12-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება — ისრაელის დასამწყემსად წარგზავნილი კაცისადმი უპატივცემულობით იეჰოვასადმი უპატივცემულობა გამოხატეს. გახრწნილი „იუდა დათანხმდა [საფასურს] და ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყო, რათა ისე გადაეცა იესო მათთვის, რომ ახლომახლო ხალხი არ ყოფილიყო“ (ლკ. 22:6).
იესოსთან ერთად გატარებული ბოლო საღამო. მიუხედავად იმისა, რომ ზურგი აქცია ქრისტეს, იუდა მაინც განაგრძობდა მასთან ურთიერთობას. ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს ის იესოსთან და სხვა მოციქულებთან ერთად აღნიშნავდა პასექის დღესასწაულს. ვახშმის დროს იესო მოემსახურა მოციქულებს და თავმდაბლად დაჰბანა მათ ფეხები. თვალთმაქცმა იუდამაც დააბანინა ფეხები მას. თუმცა იესომ თქვა: „ყველა არა ხართ სუფთა“ (ინ. 13:2—5, 11). მან ისიც თქვა, რომ სუფრასთან მჯდომი ერთ-ერთი მოციქული გასცემდა. ალბათ, დამნაშავე რომ არ გამოჩენილიყო, იუდამ ჰკითხა, ის ხომ არ იყო გამცემი. კიდევ ერთი ამოსაცნობი ნიშნის საჩვენებლად იესომ ლუკმა მიაწოდა იუდას და უთხრა, მალე გააკეთე, რასაც აკეთებო (მთ. 26:21—25; მრ. 14:18—21; ლკ. 22:21—23; ინ. 13:21—30).
იუდა დაუყოვნებლივ წავიდა. მათეს 26:20—29-ის იოანეს 13:21—30-თან შედარება ცხადყოფს, რომ იუდამ მანამდე დატოვა ოთახი, ვიდრე იესო უფლის ვახშამს დააწესებდა. ეს შემთხვევა ლუკამ, როგორც ჩანს, თანამიმდევრობით არ გადმოსცა, რადგან იუდა უეჭველად წასული იქნებოდა, როცა იესომ მოციქულები ერთგულებისთვის შეაქო. იესო არც სამეფოს შესახებ შეთანხმებას დადებდა მასთან (ლკ. 22:19—30).
მოგვიანებით იუდამ იესო და ერთგული მოციქულები გეთსემანეს ბაღში იპოვა. ეს ადგილი მან კარგად იცოდა, რადგან იქ მათთან ერთად მიდიოდა ხოლმე. ის მიუძღოდა დიდ ბრბოს, რომელთა შორის ათასისთავი და რომაელი ჯარისკაცებიც იყვნენ. მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებულ ბრბოს ხელში ჩირაღდნები და ლამპრები ეჭირა, რომლებიც იმ შემთხვევაში დასჭირდებოდათ, თუ სავსე მთვარეს ღრუბელი მოეფარებოდა ან იესო ბნელში იქნებოდა. შეიძლებოდა რომაელებს ვერ ეცნოთ იესო, ამიტომ, წინასწარ დათქმული ნიშნის თანახმად, იუდა მიესალმა ქრისტეს და თვალთმაქცურად ეამბორა (მთ. 26:47—49; ინ. 18:2—12). მოგვიანებით იუდამ გააცნობიერა, რა საშინელი დანაშაული ჩაიდინა. დილით ის შეეცადა, უკან დაებრუნებინა უფროსი მღვდლებისთვის 30 ვერცხლი, მაგრამ მათ არ აიღეს. ბოლოს მან ფული ტაძარში დაყარა (მთ. 27:1—5).
სიკვდილი. მათეს 27:5-ის თანახმად, იუდამ თავი ჩამოიხრჩო. მაგრამ საქმეების 1:18-ში ნათქვამია, რომ ის „მიწაზე თავით დაენარცხა, შუაზე გასკდა და ნაწლავები გადმოსცვივდა“. როგორც ჩანს, მათემ მხოლოდ ის დაწერა, როგორ მოიკლა იუდამ თავი, საქმეებში კი შედეგია დანახვებული. ამ ორი მუხლიდან ჩანს, რომ იუდა, შესაძლოა, ციცაბო კლდეზე ცდილობდა თავის ჩამოხრჩობას, მაგრამ ან თოკი გაწყდა, ან ხის ტოტი მოტყდა, ამიტომ უეცრად ჩავარდა და კლდეზე დაენარცხა. ამის თქმის საშუალებას იერუსალიმის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა.
აგრეთვე წამოიჭრება კითხვა: ვინ იყიდა 30 ვერცხლად უცხოთა დასამარხი მინდორი? მათეს 27:6, 7-ის თანახმად, უფროსმა მღვდლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ფული წმინდა საგანძურში არ ჩაეყარათ, ამიტომ ამ ფულით მათ მინდორი იყიდეს. მაგრამ საქმეების 1:18, 19-ში, სადაც იუდაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ „ამ კაცმა უმართლობის საზღაურით შეიძინა მინდორი“. როგორც ჩანს, მღვდლებმა იყიდეს მინდორი, მაგრამ ფული იუდასი იყო, ამიტომ მინდორი მისი ნაყიდი გამოვიდა. დრ. ა. ედერშაიმი აღნიშნავს: „უმართლობით მოპოვებული ფულის ტაძრის საგანძურში ჩაყრა, საიდანაც წმინდა ნივთებს ყიდულობდნენ, კანონიერი არ იყო. ასეთ შემთხვევაში იუდეველთა კანონით ფული უნდა დაბრუნებოდა შემწირველს. თუ ის უარს იტყოდა, ფული ხალხის საკეთილდღეოდ უნდა დახარჯულიყო ... კანონის თანახმად, ფული იუდასი იყო, ამიტომ მისი სახელით იყიდეს ყველასთვის ცნობილი მეთუნის მინდორი“ (The Life and Times of Jesus the Messiah, 1906, ტ. II, გვ. 575). ამით შესრულდა ზაქარიას 11:13-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება.
იუდამ შეგნებულად აირჩია ცხოვრების ასეთი კურსი და ღვარძლიანი, ხარბი, ამაყი, თვალთმაქცი და მზაკვარი გახდა. შედეგად, მძიმე დანაშაულის გამო ის სინდისმა შეაწუხა, როგორც განზრახ მკვლელობის ჩამდენს შეაწუხებდა დანაშაულის შემდეგ. იუდა თავისი ნებით გაურიგდა მათ, ვისზეც იესომ თქვა, რომ პროზელიტებს საკუთარ თავზე ორჯერ მეტად აქცევდნენ გეენის კერძად და რომლებიც ვერ გაექცეოდნენ „გეენის სასჯელს“ (მთ. 23:15, 33). დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს იესომ იუდაზე თქვა: „მისთვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“. მოგვიანებით ქრისტემ მას „დაღუპვის ძე“ უწოდა (მრ. 14:21; ინ. 17:12; ებ. 10:26—29).
იუდას შემცვლელი. იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ და ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე პეტრემ ფსალმუნის 109:8-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების საფუძველზე დაახლოებით 120 მოწაფეს აუხსნა, რომ მართებული იქნებოდა, იუდას ნაცვლად სხვა აერჩიათ მოციქულად. დაასახელეს ორი მოწაფე და წილი ჰყარეს. შედეგად, მატთიამ მიიღო „ეს მსახურება და მოციქულობა, რომელსაც იუდა განუდგა, რათა თავის ადგილზე წასულიყო“ (სქ. 1:15, 16, 20—26).
14. „იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა“; ასე გვაცნობს თავს იუდას სახელით ცნობილი ღვთივშთაგონებული წერილის დამწერი. მან ეს წერილი დაახლოებით ახ. წ. 65 წელს დაწერა. როგორც ჩანს, ის არ არის „იუდა, იაკობის ვაჟი“, იესო ქრისტეს 11 ერთგული მოციქულიდან ერთ-ერთი (ლკ. 6:16). ის საკუთარ თავს იესო ქრისტეს მონას უწოდებს და არა მოციქულს; აგრეთვე მოციქულებს ის მესამე პირში მოიხსენიებს (იუდ. 1, 17, 18).
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთი იუდაა მოხსენიებული, ბიბლიის ეს დამწერი სხვებისგან იმით განარჩევს საკუთარ თავს, რომ თავისი ძმის, იაკობის სახელს ასახელებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქრისტიანები კარგად იცნობდნენ მის ძმას. ქრისტიანულ კრებაში მხოლოდ ერთი იაკობი იყო გამორჩეული. მოციქულმა პავლემ ამ იაკობს იერუსალიმის კრების ერთ-ერთი ბურჯი და „უფლის ძმა“ უწოდა (გლ. 1:19; 2:9; იხ. აგრეთვე სქ. 12:17; 15:13—21). ამგვარად, იუდა იესო ქრისტეს ნახევარძმა იყო (მთ. 13:55; მრ. 6:3). მიუხედავად ამისა, ის ყურადღებას არ ამახვილებს ღვთის ძესთან ნათესაურ კავშირზე და საკუთარ თავს „იესო ქრისტეს მონას“ უწოდებს.
იუდას ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს, ის თავის სამ ძმასა და დედამის მარიამთან ერთად იყო, როდესაც იესომ მსახურების დასაწყისში სასწაული მოახდინა კანაში. მოგვიანებით ის იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად ცოტა ხნით ჩავიდა კაპერნაუმში (ინ. 2:1—12). წელიწადზე მეტი იყო გასული, როცა იუდა, როგორც ჩანს, მარიამთან და თავის ძმებთან ერთად ეძებდა იესოს (მთ. 12:46). შესაძლოა, ისიც მათ შორის იყო, ვინც ამბობდა, იესო „ჭკუაზე შეიშალაო“ (მრ. 3:21). როგორც უნდა ყოფილიყო, ახ. წ. 32 წლისთვის იუდასა და მის ძმებს „არ სწამდათ“ ქრისტე იესო (ინ. 7:5). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ მოციქულ იოანეს თავის მორწმუნე დედაზე ზრუნვა დაავალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იუდა და მისი ძმები ჯერ არ იყვნენ იესოს მოწაფეები (ინ. 19:26, 27).
მიუხედავად ამისა, აღდგომის შემდეგ იესო თავის ნახევარძმას, იაკობს ეჩვენა (1კრ. 15:7). უეჭველია, ამის წყალობით არა მხოლოდ იაკობმა, არამედ იუდამაც და სხვა ძმებმაც ირწმუნეს, რომ იესო მართლა მესია იყო. ამიტომ იესოს ზეცად ამაღლებიდან ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ 11 ერთგულ მოციქულსა და სხვებთან ერთად იერუსალიმში, ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში. როგორც ჩანს, ისინი დაახლოებით 120 მოწაფეს შორის იყვნენ, როცა წილისყრით ორგული იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მატთია აირჩიეს (სქ. 1:13—26). ლოგიკურია, იუდა იმ მორწმუნეებს შორის იქნებოდა, რომლებმაც პირველებმა მიიღეს წმინდა სული ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (სქ. 2:1—4).
15. დამასკოელი კაცი; ცხოვრობდა ქუჩაზე, რომელსაც სწორი ერქვა. მის სახლში დარჩა გაქრისტიანების დროს დაბრმავებული სავლე (პავლე) და სწორედ იქ გაგზავნა უფალმა ანანია მისთვის ხელების დასადებად (სქ. 9:11, 17). ბიბლიაში ნათქვამი არ არის, იყო თუ არა იუდა იმ დროს მოწაფე, მაგრამ, როგორც ჩანს, არ იყო, რადგან ანანიასა და სხვებს, რომლებიც მოწაფეები იყვნენ, მდევნელის რეპუტაციის გამო ეშინოდათ სავლესი, იუდამ კი მიიღო ის თავის სახლში (სქ. 9:13, 14, 26).
16. მას ბარსაბაც ეწოდებოდა. ის ერთ-ერთი იყო ორი მოწაფიდან, რომლებიც ხელმძღვანელმა საბჭომ იერუსალიმიდან პავლესა და ბარნაბასთან ერთად გაგზავნა კრებებისთვის წინადაცვეთის საკითხზე წერილების გადასაცემად (დაახლ. ახ. წ. 49). იუდაც და მისი თანამგზავრი სილაც „ხელმძღვანელი ძმები“ იყვნენ (სქ. 15:22). წერილი მიმართული იყო „ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში“ მცხოვრები ძმებისადმი. ბიბლიაში წერია, რომ იუდა და სილა მხოლოდ ანტიოქიაში ჩავიდნენ და სხვაგან წასვლაზე არაფერია ნათქვამი. წერილში ჩაწერილი მათ სიტყვიერადაც უნდა გადაეცათ. იუდა წინასწარმეტყველი იყო და არაერთი მოხსენება წარმოთქვა ანტიოქიაში, რითაც გაამხნევა და გააძლიერა ძმები (სქ. 15:22, 23, 27, 30—32).
საქმეების 15:33-ში ნათქვამია, რომ იუდამ და სილამ „რამდენიმე ხანი“ დაჰყვეს ანტიოქიელ ქრისტიანებთან, შემდეგ კი იერუსალიმში დაბრუნდნენ. ზოგი ხელნაწერი (მაგ., ეფრემის კოდექსი და ბეზის კოდექსი) შეიცავს 34-ე მუხლს, სადაც განსხვავებული აზრი წერია: „მაგრამ სილამ მოისურვა იქვე დარჩენა; ამიტომ იუდა მარტო დაბრუნდა იერუსალიმში“. ეს მუხლი გამოტოვებულია უფრო ძველ და სანდო ხელნაწერებში (სინური, ალექსანდრიული, ვატიკანური მანუსკრ. №1209). შესაძლოა, ეს იყო მე-40 მუხლის ამხსნელი მარგინალური შენიშვნა, რომელიც დროთა განმავლობაში ძირითად ტექსტში ჩაამატეს.
ბიბლიის ზოგი კომენტატორი ფიქრობს, რომ ბარსაბად წოდებული იუდა იმ იოსების ძმა იყო, „რომელსაც ერქვა ბარსაბა“ და რომლის არჩევაც იუდა ისკარიოტელის ნაცვლად უნდოდათ (სქ. 1:23). მაგრამ სახელების დამთხვევის გარდა, ამ აზრს არაფერი ამტკიცებს. იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ იუდა მეტად აღარ მოიხსენიება ბიბლიაში.