იესო — ხელმწიფე, ‘ვისი წარმოშობაც ძველითგანაა’
ამაღელვებელი გრძნობა გეუფლებათ, როდესაც დიდი ხნის უნახავ ნათესავს ელით. ბოლოს ხვდებით მას და თბილად იხუტებთ გულში. ყურადღებით უსმენთ, როცა გეუბნებათ, თუ რატომ გამოაგზავნა მამამ თქვენთან. მალე მისი უკან გამგზავრების დროც მოდის. სევდიანად ემშვიდობებით. უკმარისობის გრძნობა, რომელსაც მისი წასვლით განიცდით, ქარწყლდება, როდესაც იგებთ, რომ შინ მშვიდობით მივიდა.
მოგვიანებით, ძველი საბუთების ქექვისას, აღმოაჩენთ წერილებს, რომლებშიც მოკლედ მოხსენიებულია თქვენი ნათესავის ის საგმირო საქმეები, რომლებიც მან დიდი ხნით ადრე ჩაიდინა, ვიდრე თქვენთან წამოსვლას დააპირებდა. ეს წერილები საინტერესო ინფორმაციას გაწვდით მის წარსულზე და უფრო დიდი მადლიერებით განგაწყობთ მისი ვიზიტისა და იმ საქმიანობის გამო, რასაც ის დღესდღეობით ეწევა.
„ძველითგან“
უხსოვარი დროის საბუთებს შორის, რომლებმაც პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველებამდე მოაღწია, იყო ღვთის წინასწარმეტყველ მიქას მიერ დაახლოებით 700 წლის წინ დაწერილი წინასწარმეტყველება. ის ზუსტად მიანიშნებს მესიის დაბადების ადგილზე. „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქა 5:1). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ძვ. წ. 2 წელს იუდეველთა ქალაქ ბეთლემში დაიბადა იესო. მაგრამ როგორ შეიძლება მისი წარმოშობა „ძველითგან“ ყოფილიყო?
იესო განკაცებამდეც ცხოვრობდა. მოციქულმა პავლემ კოლასელთა მიმართ მიწერილ წერილში იესო მოიხსენია როგორც „უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:15).
მეფე სოლომონის მიერ წიგნ „იგავნში“ ჩაწერილი ინსპირირებული გამონათქვამის თანახმად, ძე იეჰოვას, სიბრძნის წყაროს, უპირველესი ‘ქმნილება’ იყო. დედამიწაზე დროებითი ცხოვრებისა და ზეცაში დაბრუნების შემდეგ იესომ დაადასტურა, რომ ის იყო, სინამდვილეში, „დასაბამი ღვთის ქმნილებისა“. როგორც გაპიროვნებულმა სიბრძნემ, იესომ განკაცებამდე განაცხადა: „როდესაც იგი [იეჰოვა] ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი“ (იგავნი 8:22, 23, 27; გამოცხადება 3:14).
დასაბამიდანვე, ღვთის ძემ თავისი მამის გვერდით ‘ოსტატად’ მსახურების განსაკუთრებული დანიშნულება მიიღო. რა დიდ სიხარულს ანიჭებდა ეს იეჰოვას! იგავნის 8:30-ში ნათქვამია: „დღენიადაგ [მისი, იეჰოვას] სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი“.
მოგვიანებით, იეჰოვამ თავისი პირმშო ძე კაცობრიობის შექმნის საოცრებას აზიარა. „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“, — განაცხადა მან (დაბადება 1:26). შედეგად ამას სხვა თბილი გრძნობები მოჰყვა. განკაცებამდე ცხოვრებისას იესომ თქვა: „ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული“ (იგავნი 8:31). სახარების დასაწყისში მოციქულმა იოანემ დაადასტურა, შემოქმედებაში განკაცებამდე მცხოვრები იესოს წვლილის შესახებ: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა“ (იოანე 1:3).
იეჰოვას წარმომადგენელი
იოანეს სიტყვები ყურადღებას ამახვილებს ღვთის ძის მეორე უპირატესობაზე და — იეჰოვას წარმომადგენლად ყოფნაზე. დასაწყისიდანვე მას ერქვა „სიტყვა“. ამგვარად, როდესაც იეჰოვა ადამს ესაუბრებოდა, მოგვიანებით კი მას ევასთან ერთად მიმართა, მოსალოდნელია, რომ „სიტყვის“ მეშვეობით აკეთებდა ამას. ვის შეეძლო უკეთესად გადაეცა ადამიანთა კეთილდღეობისთვის საჭირო ღვთის მითითებები, თუ არა მას, ვისაც მათდამი დიდი სიყვარული ჰქონდა? (იოანე 1:1, 2).
როგორი გულნატკენი იქნებოდა „სიტყვა“, როდესაც ევა და მოგვიანებით ადამი არ დაემორჩილნენ შემოქმედს! და რა დიდი სურვილი უნდა ჰქონოდა განეკურნა ავადმყოფობები, რომლებიც მათმა დაუმორჩილებლობამ მოუტანა შთამომავლობას! (დაბადება 2:15–17; 3:6, 8; რომაელთა 5:12). როდესაც სატანამ ევა ამბოხებისკენ წააქეზა, იეჰოვამ განუცხადა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის“ (დაბადება 3:15). რადგან „სიტყვა“ ედემის ბაღში მომხდარი მოვლენების თვითმხილველი იყო, მიხვდა, რომ, როგორც დედაკაცის თესლის უმთავრესი ნაწილი ძლიერი სიძულვილის სამიზნე უნდა გამხდარიყო. მან იცოდა, რომ სატანა კაცისმკვლელი იყო (იოანე 8:44).
მოგვიანებით, როდესაც სატანამ ეჭვი შეიტანა ერთგული იობის უმწიკვლოებაში, „სიტყვა“ აღშფოთებული უნდა ყოფილიყო, მამამისის მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდების გამო (იობი 1:6–10; 2:1–4). მართლაც, როგორც მთავარანგელოზი, „სიტყვა“ „მიქაელის“ სახელითაა ცნობილი, რაც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“ და ხაზს უსვამს, თუ როგორ იცავს იეჰოვას ყველასგან, ვინც ღვთის უზენაესი ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას ცდილობს (დანიელი 12:1; გამოცხადება 12:7–10).
როგორც ისრაელის ისტორია ცხადყოფს, „სიტყვა“ აკვირდებოდა სატანის მცდელობებს, ჩამოეცილებინა კაცობრიობა წმინდა თაყვანისმცემლობისგან. ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით უთხრა: „აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარავდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე. უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი სახელი“ (გამოსვლა 23:20, 21). ვინ იყო ის ანგელოზი? სარწმუნოა, რომ განკაცებამდე არსებული იესო.
ერთგული მორჩილება
მოსე ძვ. წ. 1473 წელს გარდაიცვალა და მისი სხეული „ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ“ დაკრძალეს (მეორე რჯული 34:5, 6). ცხადია, სატანას უნდოდა, გვამი კერპთაყვანისმცემლობის საგნად ექცია. მიქაელი შეეწინააღმდეგა, მაგრამ სამსჯავროსთვის მორჩილად გადასცა თავის მამა იეჰოვას. „[მიქაელმა] ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა“, მაგრამ უთხრა სატანას: „შეგრისხოს უფალმა“ (იუდა 9).
შემდეგ ისრაელმა დაიწყო აღთქმული, ქანაანის, მიწისთვის ბრძოლა. ქალაქ იერიხონის მახლობლად იესო ნავეს ძე დარწმუნდა, რომ „სიტყვა“ იცავდა მათ. იქ შეხვდა კაცს, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. იესო ნავეს ძე მიუახლოვდა უცნობს და ჰკითხა: „მტერი ხარ თუ მოყვარე“? წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც უცნობმა ვინაობა გაუმხილა: „არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი“. გასაკვირი არაა, რომ იესო ნავეს ძე იეჰოვას წარმომადგენლის წინაშე პირქვე დაემხო — ეჭვგარეშეა, ის განკაცებამდე მცხოვრები იესო იყო, რომელიც მოგვიანებით ‘ცხებული მეფე’ გახდებოდა (იესო ნავეს ძე 5:13–15; დანიელი 9:25).
სატანასთან შემდგომი დაპირისპირება ღვთის წინასწარმეტყველ დანიელის დღეებში მოხდა. როცა დემონი, სპარსეთის სამეფოს მთავარი, სამი კვირის განმავლობაში ‘ეწინააღმდეგებოდა’ ანგელოზს, მიქაელი დაეხმარა მას. ანგელოზმა თქვა: „აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი“ (დანიელი 10:13, 21).
დიდება — განკაცებამდე და განკაცებისას
იუდეველთა მეფე ყუზიას სიკვდილისას, ძვ. წ. 778 წელს, ღვთის წინასწარმეტყველმა ესაიამ ხილვაში იხილა ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა. „ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება?“ — იკითხა იეჰოვამ. ესაიამ სურვილი გამოთქვა მოხალისედ წასულიყო, თუმცა იეჰოვამ გააფრთხილა, რომ მისი თანამემამულე ისრაელები მის განაცხადს არაფრად ჩააგდებდნენ. მოციქულმა იოანემ პირველ საუკუნეში მცხოვრები ურწმუნო იუდეველები ესაიას თანამედროვეებს შეადარა და შენიშნა: „ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება“. ვისი დიდება? იეჰოვასა და განკაცებამდე ზეციერ ეზოებში მის გვერდით მყოფი იესოსი (ესაია 6:1, 8–10; იოანე 12:37–41).
რამდენიმე საუკუნის შემდეგ იესოს უდიდესი დანიშნულების შესრულების დრო მოვიდა. იეჰოვამ თავისი საყვარელი ძის სასიცოცხლო ძალა ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ცხრა თვის შემდეგ მან შვა ძე, სახელად, იესო (ლუკა 2:1–7, 21). მოციქულმა პავლემ თქვა: „როცა მოვიდა აღვსება დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა“ (გალატელთა 4:4). მსგავსადვე, მოციქულმა იოანემ დაადასტურა: „სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდშობილის დიდება“ (იოანე 1:14).
მესიის გამოჩენა
სულ მცირე, 12 წლის ასაკში იესომ შეიცნო, რომ ზეციერი მამის საქმეები უნდა ეკეთებინა (ლუკა 2:48, 49). დაახლოებით 18 წლის შემდეგ იესო მდინარე იორდანესთან მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და მოინათლა. როცა იესო ლოცულობდა, ცა გაიხსნა და სულიწმინდა გადმოვიდა მასზე. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ გაუელვებდა გონებაში, როცა გაახსენდა მამის გვერდით ოსტატად, მის წარმომადგენლად, უფლის მხედრობის თავად და მთავარანგელოზ მიქაელად მსახურების ათასობით წელი. შემდეგ გაისმა მამის ხმა, მიმართული იოანე ნათლისმცემლისადმი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:16, 17; ლუკა 3:21, 22).
იოანე ნათლისმცემელს, ცხადია, ეჭვი არ ეპარებოდა იესოს განკაცებამდე ცხოვრებაში. იესოს მიახლოებისას იოანემ განაცხადა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“. შემდეგ დაამატა: „ეს არის, რომელზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი“ (იოანე 1:15, 29, 30). მოციქულმა იოანემაც იცოდა იესოს უწინდელი არსებობის შესახებ. მან დაწერა: „მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა. . . ციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს“ (იოანე 3:31, 32).
ჩვ. წ. დაახლოებით 61 წელს მოციქული პავლე დაჟინებით სთხოვდა ებრაელ ქრისტიანებს, დაეფასებინათ დედამიწაზე მესიის მოსვლისა და მღვდელმთავრად მისი მსახურების მნიშვნელობა. პავლე ყურადღებას ამახვილებდა იესოს წარმომადგენლად მსახურებაზე, როცა წერდა: „ღმერთი. . . ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ძეში. . . ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“. რაზეც უნდა მოწმობდეს ეს — შემოქმედებაში იესოს „ოსტატის“ როლსა თუ მის მონაწილეობაზე ღვთის თანმიმდევრული ღონისძიების განხორციელებაში, ადამიანის შემორიგების მიზნით — პავლე ადასტურებს, რომ იესო განკაცებამდე ცხოვრობდა (ებრაელთა 1:1–6; 2:9).
„ძველითგანვე“ ერთგული
პირველ საუკუნეში მცხოვრებ ფილიპელებს, პავლემ მოუწოდა: «რადგან ის აზრები, რაც ქრისტეშია, იყოს თქვენს შორისაც. ის, თუმცა ღვთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას [„არც უფიქრია მიტაცებაზე, სახელდობრ, ყოფილიყო ღვთის თანასწორი“, აქ]. არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე» (ფილიპელთა 2:5–8). იეჰოვამ სიყვარულით უპასუხა იესოს ერთგულების გამოვლენას, მისი აღდგენითა და შემდგომ კი კვლავ ზეცაში დაბრუნებით. მარადიული უმწიკვლოების რა სრულფასოვანი მაგალითი დაგვიტოვა იესომ! (1 პეტრე 2:21).
რაოდენ მადლიერები ვართ, რომ ბიბლია გვთავაზობს იესოს განკაცებამდე ცხოვრების ცნობებს! ისინი უდავოდ აძლიერებენ ჩვენს გადაწყვეტილებას, მივბაძოთ მას ერთგულად მსახურებაში, განსაკუთრებით კი ახლა, როცა იესო ღვთის მესიანური სამეფოს მეფეა. მოდით მივესალმოთ „მშვიდობის მთავარს“, ქრისტე იესოს, ჩვენს მმართველსა და მეფეს, ‘რომლის წარმოშობაც ძველითგანაა’ (ესაია 9:5; მიქა 5:2).
[ჩარჩო 24 გვერდზე]
მტკიცებები იესოს განკაცებამდე ცხოვრების შესახებ
თავად იესოს ქვემოთ მოცემული სიტყვები ადასტურებს მის ცხოვრებას განკაცებამდე:
◻ „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა“. (იოანე 3:13).
◻ „მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს. . . ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა“ (იოანე 6:32, 33, 38).
◻ „ეს არის პური, ჩამომავალი ზეციდან, რათა კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს“ (იოანე 6:50, 51).
◻ „თუ კი იხილავთ კაცის ძეს იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო?“ (იოანე 6:62).
◻ „ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. . . თქვენ ქვენანი ხართ, მე კი ზემოთიდან ვარ; თქვენ წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ“ (იოანე 8:14, 23).
◻ „ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა“ (იოანე 8:42).
◻ „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ“ (იოანე 8:58).
◻ „შენ განმადიდე მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან წუთისოფლის გაჩენამდე. მამაო, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე წუთისოფლის შექმნამდე“ (იოანე 17:5, 24).
[სურათი 23 გვერდზე]
იესო ნავეს ძე ხვდება იეჰოვას მხედრობის თავს.