სიცოცხლე
განმარტება: აქტიური მდგომარეობა, რითაც მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და სულიერი ქმნილებები განსხვავდებიან უსულო საგნებისგან. ცოცხალ არსებებს აქვთ ზრდის, ნივთიერებათა ცვლის, გარემოს ზემოქმედებაზე რეაგირებისა და გამრავლების უნარი. მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმებია, მაგრამ მათ არა აქვთ შეგრძნების უნარი. ცხოველები და ადამიანები სულდგმულობენ სასიცოცხლო ძალით, რომელსაც სუნთქვით ინარჩუნებენ.
სიცოცხლე, ამ სიტყვის სრული გაგებით, ნიშნავს სრულყოფილ და სრულუფლებიან არსებობას. ასეთი სიცოცხლე შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მოაზროვნე არსებებს. ადამიანი უკვდავი არ არის. მაგრამ ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს აძლევს მარადიული, სრულყოფილი სიცოცხლის შესაძლებლობას: ზოგს დედამიწაზე, ხოლო „მცირე სამწყსოს“, ღვთის სამეფოს მემკვიდრეებს — ზეცაში. სამეფოს ეს მემკვიდრეები ზეცაში ცხოვრებისთვის აღდგენის შემდეგ იღებენ უკვდავებას, რის შედეგადაც მათი არსებობა აღარ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.
რა არის ადამიანის სიცოცხლის აზრი?
ადამიანის სიცოცხლეს აზრი რომ ჰქონდეს, პირველ რიგში ის უნდა აღიარებდეს სიცოცხლის წყაროს. სიცოცხლე რომ ნამდვილად შემთხვევით გაჩენილიყო, ჩვენი არსებობა უმიზნო იქნებოდა და გაურკვეველი მომავლის მოლოდინში აზრი არ ექნებოდა რამის დაგეგმვას. მაგრამ საქმეების 17:24, 25, 28-ში ვკითხულობთ: „ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია . . . თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს. რადგან მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“. გამოცხადების 4:11-ში კი ღვთის შესახებ ნათქვამია: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (იხილეთ აგრეთვე გვერდები 378—384, „ღმერთი“).
იმ მითითებებისა და რჩევების უგულებელყოფას, რომლებსაც შემოქმედი ჩვენი ბედნიერებისთვის გვაძლევს, იმედგაცრუება მოაქვს. გალატელების 6:7, 8-ში წერია: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“ (აგრეთვე გალატელების 5:19—21) (იხილეთ აგრეთვე „დამოუკიდებლობა“).
ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო დღეს ჩვენ არა გვაქვს ისეთი სიცოცხლე, როგორიც ღმერთს ჰქონდა განზრახული. რომაელების 8:20-ში ნათქვამია, რომ ადამის ცოდვის შემდეგ, ღვთის განაჩენით, „ქმნილება [კაცობრიობა] . . . დაემორჩილა ამაოებას“. თავის ცოდვილ მდგომარეობაზე მოციქული პავლე წერდა: „ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული. რადგან კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ, ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს. საწყალი ადამიანი ვარ!“ (რომ. 7:14, 19, 22—24).
ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განვიცდით და ყველაზე მეტად ჩვენს ცხოვრებას მაშინ აქვს აზრი, როცა ბიბლიური პრინციპებით ვცხოვრობთ და ღვთის ნების შესრულებას პირველ ადგილზე ვაყენებთ. ღმერთს მისი მსახურებით ვერაფერს შევმატებთ; ის ‘ჩვენივე სასიკეთოდ გვასწავლის’ (ეს. 48:17). ბიბლია გვირჩევს: „ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორ. 15:58).
ბიბლია გვპირდება, რომ სრულყოფილ და მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ, თუ რწმენას გამოვავლენთ იმის მიმართ, რასაც იეჰოვა ჩვენი სიცოცხლისთვის აკეთებს და მივყვებით მის მითითებებს. ეს იმედი უსაფუძვლო არ არის და იმედგაცრუებამდე არ მიგვიყვანს. ამ იმედით ცხოვრება ჩვენს სიცოცხლეს დღესვე სძენს ნამდვილ აზრს (იოან. 3:16; ტიტ. 1:2; 1 პეტ. 2:6).
მხოლოდ ხანმოკლე სიცოცხლისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი?
დაბ. 2:15—17: «იეჰოვა ღმერთმა აიყვანა ადამიანი [ადამი] და დაასახლა ედემის ბაღში, რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე. უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“» (ღვთის სიტყვების თანახმად, სიკვდილი არ იყო გარდაუვალი; ადამი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკვდებოდა, თუ შესცოდავდა. როგორც ღვთის სიტყვებიდან ჩანს, მას არ სურდა, რომ ადამს შეეცოდა. შეადარეთ რომაელების 6:23).
დაბ. 2:8, 9: „გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა. იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი, აგრეთვე სიცოცხლის ხე ბაღის შუაგულში“ (დაბადების 3:22, 23-დან ვიგებთ, რომ ადამის შეცოდების შემდეგ პირველი ადამიანები ღმერთმა გააძევა ედემის ბაღიდან, რათა სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ ეჭამათ. თუ ადამი დაემორჩილებოდა ღმერთს, როგორც ჩანს, გარკვეული დროის შემდეგ ამ ხის ნაყოფის ჭამის უფლებას მიიღებდა. ეს იმის სიმბოლო იქნებოდა, რომ ადამმა მარადიული სიცოცხლე დაიმსახურა. ედემის ბაღში ამ ხის არსებობა იმაზე მიუთითებდა, რომ ადამს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ჰქონდა).
ფსალმ. 37:29: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს არ შეუცვლია თავდაპირველი განზრახვა დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით).
იხილეთ აგრეთვე გვერდი 313 („სიკვდილი“).
მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ხანმოკლე სიცოცხლითა და წვალებით ამოიწურება ყველაფერი?
რომ. 5:12: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (ეს ხდება ადამის ცოდვის გამო და არა ღვთის განზრახვით) (იხილეთ აგრეთვე „ბედისწერა“).
იობ. 14:1: „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (ეს სიტყვები კარგად აღწერს, თუ როგორია ბევრისთვის ცხოვრება ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში).
მაგრამ ასეთ პირობებშიც კი ჩვენს სიცოცხლეს შეიძლება ჰქონდეს აზრი. იხილეთ 326-ე და 327-ე გვერდებზე მოცემული მასალა სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით.
იმიტომ ცხოვრობენ ადამიანები დედამიწაზე, რომ გადაწყდეს, თუ ვინ წავა ზეცაში?
იხილეთ გვერდები 157—163 („ზეცა“).
აქვს თუ არა ადამიანს უკვდავი სული, რომელიც განაგრძობს არსებობას სხეულის სიკვდილის შემდეგ?
იხილეთ გვერდები 336—341 („სული“).
რის საფუძველზე უნდა გვქონდეს მარადიული სიცოცხლის იმედი?
მათ. 20:28: „კაცის ძეც [იესო ქრისტე] არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“.
იოან. 3:16: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
ებრ. 5:9: „მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა [იესო ქრისტე], თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (აგრეთვე იოანეს 3:36).
როგორ შესრულდება ღვთის დაპირება სიცოცხლესთან დაკავშირებით?
საქ. 24:15: „მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (აღდგებიან წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებიც და ისინიც, ვისაც არ ჰქონდა არჩევნის გასაკეთებლად საჭირო ცოდნა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ).
იოან. 11:25, 26: «იესომ უთხრა [იმ კაცის დას, რომელიც აღადგინა]: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება, და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება. გწამს ეს?“» (ასე რომ, აღდგომის იმედის გარდა, იესო კიდევ ერთ იმედს აძლევს ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის დროს მცხოვრებ ადამიანებს. მათ, ვინც ელის ცხოვრებას მომავალში დედამიწაზე, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადაურჩნენ აღსასრულს და არასოდეს მოკვდნენ).
შეიძლება ადამიანის ორგანიზმზე იმის თქმა, რომ ის მარადიული სიცოცხლისთვის არის შექმნილი?
აღიარებული ფაქტია, რომ ადამიანის ტვინს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ჩვენ ვიყენებთ 70 ან თუნდაც 100 წლის განმავლობაში. როგორც „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ აღნიშნავს, ადამიანის ტვინს „იმდენად დიდი პოტენციალი აქვს, რომ შეუძლებელია მისი რეალიზება მთელი ცხოვრების განმავლობაში“ (1976, ტ. XII, გვ. 998). მეცნიერ კარლ საგანის სიტყვების თანახმად, ადამიანის ტვინს შეუძლია დაიტიოს ინფორმაცია, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა „დაახლოებით ოცი მილიონი ტომი — ამდენი წიგნი კი მხოლოდ მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებშია“ („Cosmos“, 1980, გვ. 278). ბიოქიმიკოსი აიზეკ აზიმოვი ადამიანის ტვინის შესაძლებლობების შესახებ წერდა, რომ მას „შეუძლია განუსაზღვრელად დაიტიოს მთელი ცხოვრების მანძილზე ნასწავლი თუ დამახსოვრებული ინფორმაცია — და ამაზე მილიარდჯერ მეტიც“ („The New York Times Magazine“, 9 ოქტომბერი, 1966, გვ. 146) (რა აზრი ჰქონდა ასეთი შესაძლებლობების მქონე ტვინის შექმნას, თუ ადამიანი ამას ვერ გამოიყენებდა? განა ლოგიკური არ არის, რომ ადამიანი, რომელსაც შეუზღუდავი სწავლის უნარი აქვს, მარადიული სიცოცხლისთვის იყო შექმნილი?).
არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტებზე?
„ნიუ-იორკ ტაიმზი“ იუწყებოდა: „სამყაროში გონიერი არსებების ძიება . . . 25 წლის წინათ დაიწყეს . . . ეს გრანდიოზული საქმე ასობით მილიარდი ვარსკვლავის შესწავლას მოითხოვს. დღემდე მოპოვებული მონაცემებით არ დასტურდება, რომ დედამიწის გარდა სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს“ (2 ივლისი, 1984, გვ. A1).
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „[მზის სისტემის გარდა] სხვა პლანეტების არსებობის დამადასტურებელი სარწმუნო ფაქტები არ მოგვეპოვება. მაგრამ თითოეულ პლანეტაზე, რომლებიც სავარაუდოდ უნდა არსებობდეს მზის სისტემის გარეთ, დასაშვებია [ევოლუციის გზით წარმოშობილი] სიცოცხლისა და განვითარებული ცივილიზაციის არსებობა“ („The Encyclopedia Americana“, 1977, ტ. 22, გვ. 176) (ამ სიტყვების დაწერის შემდეგ მრავალი პლანეტა აღმოაჩინეს მზის სისტემის გარეთ, მაგრამ მათგან რომელიმეზე სიცოცხლის არსებობას არაფერი ამტკიცებს. ზემოხსენებული სიტყვებიდან გამომდინარე, ძირითადად რა მიზნით ეძებენ სამყაროში სიცოცხლეს, რაზეც ასტრონომიული თანხები იხარჯება? იმ მიზნით ხომ არა, რომ ევოლუციურ მოძღვრებას დაუჭირონ მხარი, გააბათილონ ღვთის მიერ ადამიანის შექმნის იდეა და დაამტკიცონ, რომ არ არიან მის წინაშე პასუხისმგებელნი?!).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზე არ არსებობს. სამყაროში არიან სულიერი არსებებიც — ღმერთი და ანგელოზები, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით ბევრად აღემატებიან ადამიანებს. ბიბლია მოგვითხრობს, რომ მათ ჰქონდათ ურთიერთობა ადამიანებთან. ამის წყალობით შეგვიძლია გავიგოთ, თუ საიდან წარმოიშვა სიცოცხლე და როგორ გადაიჭრება მსოფლიოში არსებული პრობლემები (იხილეთ „ბიბლია“ და „ღმერთი“).