ქადაგება, მქადაგებელი
სიტყვა „ქადაგების“ ზუსტი ბიბლიური მნიშვნელობის დადგენაში მისი ებრაული და ბერძნული ეკვივალენტების მნიშვნელობების გამოკვლევა გვეხმარება. ბერძნული კერისსო, რომელიც ზოგადად ქადაგებად ითარგმნება, ნიშნავს მაცნის მიერ გაცხადებას, მაცნედ ყოფნას, მაცნის მოვალეობის შესრულებასა და გაცხადებას (მაგ., დამპყრობლის მიერ). მისი მონათესავე არსებითი სახელია კერიქს, რაც ნიშნავს მაცნეს, სახალხო მაუწყებელს, დესპანს, განმცხადებელს (ის, ვინც საჯაროდ აცხადებდა რამეს, წესრიგს ამყარებდა თავყრილობებზე და ა.შ.). კიდევ ერთი მონათესავე არსებითი სახელია კერიგმა. მისი მნიშვნელობებია: „ის, რასაც მაცნე აცხადებს; განცხადება, უწყება (თამაშში გამარჯვების), ბრძანება“ („ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი“, ჰ. ლიდელი და რ. სკოტი, გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ, ოქსფორდი, 1968, გვ. 949). მაშასადამე, კერისსო მოწაფეების მცირე ჯგუფისთვის ქადაგებას კი არ გულისხმობს, არამედ ღიად და საჯაროდ რაღაცის გაცხადებას. ამას მოწმობს შემდეგი მუხლი: «ძლიერი ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა აუწყებდა [კერისსონტა]: „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“» (გმც. 5:2; შდრ. აგრეთვე მთ. 10:27).
სიტყვა ევაგგელიზომე სასიხარულო ცნობის უწყებას ნიშნავს (მთ. 11:5). მსგავსი სიტყვებია დიაგგელლო: „ყველგან უწყება, გაცხადება“ (ლკ. 9:60; სქ. 21:26; რმ. 9:17) და კატაგგელლო: „გაცხადება, ლაპარაკი, უწყება“ (სქ. 13:5; რმ. 1:8; 1კრ. 11:26; კლ. 1:28). კერისსოსა და ევაგგელიზომეს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ პირველი უწყების ფორმას უსვამს ხაზს, კერძოდ იმას, რომ უწყება არის საჯარო და ნებადართული, ხოლო მეორე — უწყების შინაარსს, კერძოდ, ევაგგელიონის, ანუ სასიხარულო ცნობის, იგივე სახარების გაცხადებას.
კერისსო ნაწილობრივ შეესატყვისება ებრაულ სიტყვა ბასარს, რაც ნიშნავს ამბის მიტანას; გამოცხადებას (1სმ. 4:17; 2სმ. 1:20; 1მტ. 16:23). თუმცა კერისსოსგან განსხვავებით ბასარ ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას რაღაცის ოფიციალურად გაცხადებაზე.
ებრაულ წერილებში. პირველი ადამიანი, რომელსაც „მქადაგებელი“ ეწოდა, ნოე იყო (2პტ. 2:5). თუმცა ნოემდე ენოქი წინასწარმეტყველებდა, რასაც ალბათ ქადაგების სახე ჰქონდა (იუდ. 14, 15). ნოეს მიერ წარღვნამდე სიმართლის ქადაგებაში, როგორც ჩანს, შედიოდა მონანიებისკენ მოწოდება და მოსალოდნელი განადგურების შესახებ იმ ხალხის გაფრთხილება, ვისზეც იესომ თქვა, რომ „არაფერი ანაღვლებდათ“ (მთ. 24:38, 39). მაშასადამე, ის, რასაც ნოე ღვთის დავალებით საჯაროდ აუწყებდა, არ ყოფილა სასიხარულო ცნობა.
წარღვნის შემდეგ ბევრი, მათ შორის აბრაამი, წინასწარმეტყველებდა, ანუ ღვთის ცნობას აუწყებდა (ფს. 105:9, 13—15). მაგრამ აღთქმულ ქვეყანაში ისრაელი ერის დამკვიდრებამდე საჯარო ქადაგებას არ ჰქონია ოფიციალური სახე. პატრიარქებს ღვთისგან არ ჰქონდათ მიღებული მაცნის მოვალეობის შესრულების მითითება. ისრაელის სამეფოს არსებობის პერიოდში წინასწარმეტყველები თავშეყრის ადგილებში საჯაროდ აცხადებდნენ ღვთის დადგენილებებს, განაჩენსა და ბრძანებებს (ეს. 58:1; იერ. 26:2). სიტყვა კერიგმა თავისი მნიშვნელობით კარგად გადმოსცემს იმ ცნობის არსს, რომელსაც იონა ღვთის დავალებით ნინევეს უცხადებდა; ამიტომაც არის ეს სიტყვა ამ კონტექსტში ნახმარი (შდრ. იონ. 3:1—4; მთ. 12:41). მაგრამ წინასწარმეტყველთა მსახურება, როგორც წესი, მაცნისა და მქადაგებლის საქმეზე მეტს მოიცავდა. ზოგჯერ წინასწარმეტყველები თავიანთ ცნობას სხვების პირით გადასცემდნენ (2მფ. 5:10; 9:1—3; იერ. 36:4—6). ზოგი ცნობა და ხილვა წერილობით გადაიცემოდა და არა ზეპირსიტყვიერად (იერ. 29:1, 30, 31; 30:1, 2; დნ. თ-ები 7—12), ზოგიც — პირისპირ შეხვედრისას. ზოგჯერ წინასწარმეტყველები სიმბოლური მნიშვნელობის სცენებს დგამდნენ ამა თუ იმ აზრის გადმოსაცემად (იხ. წინასწარმეტყველება; წინასწარმეტყველი).
შეგონება, გაფრთხილება, განაჩენი, აგრეთვე სასიხარულო ამბავი გამარჯვების, ხსნისა თუ კურთხევების შესახებ საჯაროდ ცხადდებოდა. იეჰოვა ღმერთსაც ხშირად საჯაროდ განადიდებდნენ (1მტ. 16:23; ეს. 41:27; 52:7; ყველა ამ მუხლში გამოყენებულია ებრაული ბასარ). ზოგჯერ ბრძოლაში გამარჯვებისა თუ მოახლოებული ხსნის შესახებ ქალები ხმამაღალი შეძახილებით ან სიმღერით აუწყებდნენ (ფს. 68:11; ეს. 40:9; შდრ. 1სმ. 18:6, 7).
ებრაული წერილები იმაზეც მიანიშნებდა, რომ სამქადაგებლო საქმიანობას ქრისტე იესო და ქრისტიანული კრება განახორციელებდნენ. იესომაც დაადასტურა, რომ ღვთის დავალებითა და უფლებამოსილებით იქადაგებდა, როცა ესაიას 61:1, 2-დან წინასწარმეტყველება ამოიკითხა (ლკ. 4:16—21). ფსალმუნის 40:9-ის თანახმად (წინა მუხლებს მოციქული პავლე ებრალების 10:5—10-ში იესოს უკავშირებს), იესო „სასიხარულო ცნობას [ბასარის ერთ-ერთი ფორმა] სიმართლეზე“ დიდ კრებულში გააცხადებდა. როცა პავლე მოციქულმა ესაიას 52:7-დან ციტატა მოიყვანა (სადაც საუბარია სიონის ტყვეობიდან გათავისუფლების მახარობელზე), იგი ქრისტიანთა საჯაროდ ქადაგებას დაუკავშირა (რმ. 10:11—15).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და საჯარო მაცნე იყო. მასთან უდაბნოში მისულ იუდეველებს ის მესიისა და ღვთის სამეფოს მოსვლას აუწყებდა და მონანიებისკენ მოუწოდებდა (მთ. 3:1—3, 11, 12; მრ. 1:1—4; ლკ. 3:7—9). იოანე წინასწარმეტყველად, მასწავლებლად (რადგან მოწაფეები ჰყავდა) და მახარობლადაც მსახურობდა (ლკ. 1:76, 77; 3:18; 11:1; ინ. 1:35). ის იყო „ღვთისგან გამოგზავნილი კაცი“ და მისი მოწმე (ინ. 1:6, 7).
იესო 40-დღიანი მარხვის შემდეგ იუდეის უდაბნოში არ დარჩენილა და განდეგილი არ გამხდარა. მას კარგად ესმოდა, რომ ღვთისგან მიღებული დავალება ქადაგებასაც მოიცავდა. ის საჯაროდ ქადაგებდა ქალაქად თუ სოფლად, ტაძარში, სინაგოგებში, ბაზრებში, ქუჩებსა და დაბებში (მრ. 1:39; 6:56; ლკ. 8:1; 13:26; ინ. 18:20). იოანეს მსგავსად, ის მხოლოდ მქადაგებელი არ იყო. მას მასწავლებლად უფრო იცნობდნენ. სწავლება (დიდასკო) ქადაგებისგან განსხვავებით უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე რაღაცის გაცხადებას. მასწავლებლის მოვალეობაში შედის ახსნა-განმარტება, დარიგება, არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოყვანა. აქედან გამომდინარე, მოწაფეების საქმიანობა იესოს სიკვდილამდე თუ სიკვდილის შემდეგ ქადაგებასაც მოიცავდა და სწავლებასაც (მთ. 4:23; 11:1; 28:18—20).
„მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“, — ეს იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა (მთ. 4:17). როგორც ოფიციალური მაცნე, ის მსმენელებს უზენაესი ღვთის განზრახვაზე, ხელსაყრელ დროსა და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე უმახვილებდა ყურადღებას (მრ. 1:14, 15). ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, გარდა იმისა, რომ იესო სასიხარულო ცნობას აუწყებდა და ანუგეშებდა თვინიერებს, გულგატეხილებსა და მგლოვიარეებს, ხოლო პატიმრებს თავისუფლებას უცხადებდა, ის „ღვთის შურისძიების დღის“ შესახებაც აცხადებდა (ეს. 61:2). მმართველებსა თუ ხალხს იესო გაბედულად ამცნობდა ღვთის განზრახვებს, გადაწყვეტილებებს, განკარგულებებსა და განაჩენს.
იესოს სიკვდილის შემდეგ. იესოს სიკვდილის შემდეგ, განსაკუთრებით კი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული, მისი მოწაფეები ჯერ ებრაელებთან, მოგვიანებით კი უცხოტომელებთან ქადაგებდნენ. მათ, როგორც წმინდა სულით ცხებულებს, გათავისებული ჰქონდათ, რომ ღვთისგან უფლებამოსილი მაცნეები იყვნენ, რაც არაერთხელ უთქვამთ მსმენელებისთვის (სქ. 2:14—18; 10:40—42; 13:47; 14:3; შდრ. რმ. 10:15). იესოც ამბობდა, რომ ღვთისგან იყო გამოგზავნილი (ლკ. 9:48; ინ. 5:36, 37; 6:38; 8:18, 26, 42) და მისგან ჰქონდა მცნება, რა ეთქვა და რა ელაპარაკა (ინ. 12:49). ამიტომ, როცა მოწაფეებს ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს, მათ უპასუხეს: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ ... ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (სქ. 4:19, 20; 5:29, 32, 42). ქადაგება მათი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი, ღვთის განდიდების საშუალება და გადარჩენის წინაპირობა იყო (რმ. 10:9, 10; 1კრ. 9:16; ებ. 13:15; შდრ. ლკ. 12:8). აქედან გამომდინარე, „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ მასში ყველა მოწაფეს უნდა მიეღო მონაწილეობა (მთ. 28:18—20; ლკ. 24:46—49; სქ. 2:17; შდრ. სქ. 18:26; 21:9; რმ. 16:3).
პირველ ქრისტიან მქადაგებლებს იმდროინდელი ქვეყნიური განათლება არ ჰქონდათ მიღებული. სინედრიონის წევრებმა მოციქულ პეტრესა და იოანეს შეატყვეს, რომ „უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ“ (სქ. 4:13). იუდეველები კი იესოზე გაკვირვებით ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ცოდნა უსწავლელად?“ (ინ. 7:15). იმავეს ამბობდნენ ისტორიკოსებიც. „ქრისტიანობის პირველი კრიტიკოსი, ცელსუსი დაცინვით წერდა, რომ სახარების თავგამოდებული მქადაგებლები მხოლოდ მუშები, ხარაზები, გლეხები, ყველაზე უვიცი და გაუთლელი ადამიანები იყვნენ“ (Allgemeine Geschichte der christlichen Religion und Kirche, ა. ნეანდერი, 1842, ტ. 1, გვ. 120). პავლე ამას შემდეგი სიტყვებით ხსნიდა: „თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მისგან მოწოდებულნი: ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი, ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად“ (1კრ. 1:26, 27).
მართალია, პირველ ქრისტიან მქადაგებლებს განათლება ქვეყნიურ სკოლებში არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ისინი არ იყვნენ გაუნათლებლები. ვიდრე საქადაგებლად გაგზავნიდა, იესომ 12 მოციქული საფუძვლიანად მოამზადა (მთ. 10). თუმცა ამაში მხოლოდ მითითებების მიცემა არ შედიოდა. ეს იყო პრაქტიკული მომზადების კურსი (ლკ. 8:1).
ქრისტიანების ქადაგების თემად კვლავაც „ღვთის სამეფო“ რჩებოდა (სქ. 20:25; 28:31). მაგრამ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ ამ ცნობას სხვა დეტალებიც დაემატა, მაგალითად: ღვთის განზრახვის „წმინდა საიდუმლო“ ქრისტეს მეშვეობით გაცხადდა; იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი ნამდვილი რწმენის განუყოფელი ნაწილი გახდა (1კრ. 15:12—14); ყველას, ვისაც სურდა ღვთის მოწონების დამსახურება და სიცოცხლე, უნდა ეღიარებინა ქრისტე და დამორჩილებოდა მას, როგორც ღვთის მიერ დანიშნულ მეფესა და მოსამართლეს (2კრ. 4:5). ამიტომ მოწაფეების შესახებ არაერთხელ ვკითხულობთ, რომ ისინი ქრისტე იესოს შესახებ ქადაგებდნენ (სქ. 8:5; 9:20; 19:13; 1კრ. 1:23). თუ დავუკვირდებით მათი ქადაგების შინაარსს, დავინახავთ, რომ ქრისტე, ღვთის სამეფო და მისი განზრახვა ერთმანეთისგან განუყოფელი თემები იყო. ისინი იმას აუწყებდნენ, რაც იეჰოვა ღმერთმა თავისი ძისთვის და მისი მეშვეობით გააკეთა, როგორ სრულდებოდა და როგორ შესრულდებოდა ღვთის განზრახვები იესოში (2კრ. 1:19—21). ამგვარად, მათი ქადაგების ძირითადი მიზანი „იესო ქრისტეს მეშვეობით“ ღვთის განდიდება იყო (რმ. 16:25—27).
მოწაფეები მოვალეობის მოხდის მიზნით არ ქადაგებდნენ და არც მხოლოდ ფორმალურად გადასცემდნენ ღვთის ცნობას. მათ ნამდვილი რწმენა, ღვთის განდიდების სურვილი და სხვების გადარჩენის იმედი ალაპარაკებდათ (რმ. 10:9—14; 1კრ. 9:27; 2კრ. 4:13). მქადაგებლები მზად იყვნენ აეტანათ დაცინვა ე. წ. ბრძენთაგან, რომლებიც მათ უგუნურებად თვლიდნენ, და — დევნა იუდეველთაგან, რომლებიც მათ ერეტიკოსებად მიიჩნევდნენ (1კრ. 1:21—24; გლ. 5:11). სწორედ ამიტომ ისინი დამაჯერებლად ქადაგებდნენ და მსჯელობდნენ და ეხმარებოდნენ მსმენელებს, ერწმუნათ იესო (სქ. 17:2; 28:23; 1კრ. 15:11). მაგალითად, პავლე თავის თავს „მქადაგებლად, მოციქულად და მასწავლებლად“ დანიშნულს უწოდებდა (2ტმ. 1:11). ქრისტიანები მაცნის მოვალეობის შესრულებაში გასამრჯელოს არ იღებდნენ. ისინი ღმერთზე მიძღვნილი თაყვანისმცემლები იყვნენ და თავიანთ დროსა და ენერგიას სამქადაგებლო საქმეს ახმარდნენ (1თს. 2:9).
ვინაიდან იესოს ყველა მოწაფე მქადაგებელი გახდა, სასიხარულო ცნობა სწრაფად გავრცელდა. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში (დაახლ. ახ. წ. 60-61 წლებში, ანუ იესოს სიკვდილიდან დაახლ. 27 წლის შემდეგ) პავლემ აღნიშნა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კლ. 1:23). ამიტომ ქრისტეს წინასწარმეტყველება, რომ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ ყველა ხალხს ექადაგებოდა, გარკვეულწილად იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებამდე, კერძოდ, ახ. წ. 70 წლამდე შესრულდა (მთ. 24:14; მრ. 13:10; რუკა, ტ. 2, გვ. 744). იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები, აგრეთვე წიგნი „გამოცხადება“, რომელიც იერუსალიმის განადგურების შემდეგ დაიწერა, ამ წინასწარმეტყველების უფრო მასშტაბურ შესრულებაზე მიუთითებენ. ეს წინასწარმეტყველება უნდა შესრულებულიყო ქრისტეს მმართველობის დაწყების დროიდან მისი სამეფოს ყველა მტრის განადგურებამდე, რაც ლოგიკურად შესაფერისი დროა მსოფლიო მასშტაბის სამქადაგებლო საქმის განსახორციელებლად (გმც. 12:7—12, 17; 14:6, 7; 19:5, 6; 22:17).
რის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს, როცა სასიხარულო ცნობას ქადაგებენ? პავლეს ქადაგების შედეგად „ზოგმა ირწმუნა მისი ნათქვამი, ზოგმა — არა“ (სქ. 28:24). ღვთის სიტყვაზე დაფუძნებულ ქრისტიანულ ქადაგებას ხალხისგან ესა თუ ის რეაქცია მოჰყვება. სამქადაგებლო საქმე აქტიურად მიმდინარეობს და ადამიანებს არჩევანის წინაშე აყენებს. ზოგი სამეფოს შესახებ ცნობას აგრესიულად ეწინააღმდეგება (სქ. 13:50; 18:5, 6), ზოგი თავიდან ისმენს მას, მაგრამ შემდეგ ამა თუ იმ მიზეზის გამო უარს ამბობს მასზე (ინ. 6:65, 66), ზოგი კი ისმენს და შესაბამისად იწყებს ცხოვრებას (სქ. 17:11; ლკ. 8:15).
„კარდაკარ“. სამეფოს შესახებ ცნობა იესოს თავად მიჰქონდა ადამიანებთან — ასწავლიდა მათ საჯაროდ და სახლებში (მთ. 5:1; 9:10, 28, 35). როცა თავისი პირველი მოწაფეები საქადაგებლად გაგზავნა, იესომ დაარიგა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“ (მთ. 10:7, 11—14). ძებნა ადამიანებთან სახლში მისვლასაც გულისხმობდა, სადაც ღირსეულები მოისმენდნენ სასიხარულო ცნობას და მოწაფეებს ღამეს გაათევინებდნენ (ლკ. 9:1—6).
მოგვიანებით იესომ „სამოცდაათი ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ-ორი ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას“. მოწაფეებს მხოლოდ თავშეყრის ადგილებში კი არ უნდა ექადაგათ, არამედ სახლებშიც. იესომ უთხრა მათ: «სახლში შესვლისას თქვით: „მშვიდობა ამ სახლს“» (ლკ. 10:1—7).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იესოს მოწაფეებმა განაგრძეს კარდაკარ სასიხარულო ცნობის ქადაგება. მიუხედავად იმისა, რომ ნაბრძანები ჰქონდათ, აღარ ელაპარაკათ, ისინი „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (სქ. 5:40—42; შდრ. აფ). სიტყვა „კარდაკარ“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან კატ ეკონ, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „სახლის მიხედვით“. ბერძნული წინდებული კატა მიმართულებას აღნიშნავს და მხოლოდ ადგილის გარემოების ფუნქცია არ აკისრია (სახლში, იხ. სქ. Rbi8). ადამიანების მოძებნის ამ მეთოდმა — მათთან უშუალოდ სახლში მისვლამ — არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა“ (სქ. 6:7; შდრ. სქ. 4:16, 17; 5:28).
პავლე მოციქულმა ეფესოელ უხუცესებს მისწერა: „აზიაში მოსვლის პირველივე დღიდან ... თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ, საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ“ (სქ. 20:18—21). პავლე ლაპარაკობდა იმ ძალისხმევაზე, რომელიც მან ამ მამაკაცებთან ქადაგებას მოახმარა, ვიდრე ისინი მორწმუნენი გახდებოდნენ. მათ უნდა გაეგოთ „ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ“. ამრიგად, აზიაში მისიონერული მოგზაურობის დაწყებისთანავე პავლე კარდაკარ ეძებდა სულიერი მოთხოვნილებების მქონე ადამიანებს და როცა იპოვიდა, უდავოდ, კვლავ აკითხავდა მათ სახლებში და ასწავლიდა, ხოლო თუ მორწმუნენი გახდებოდნენ, რწმენაში აძლიერებდა. ბიბლეისტი ა. თ. რობერტსონი თავის წიგნში საქმეების 20:20-ზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „სახლების გავლით (მიხედვით). უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დროის ეს გამორჩეული მქადაგებელი კარდაკარ ქადაგებდა; ის უბრალოდ ნაცნობებს არ ინახულებდა“ (Word Pictures in the New Testament, 1930, ტ. III, გვ. 349, 350).
კრებაში. როგორც ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან ჩანს, ქრისტიანები ძირითადად კრების გარეთ ქადაგებდნენ. თუმცა, როცა პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა, ექადაგა „სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“, ის გულისხმობდა კრებაში ქადაგებას, რასაც ზედამხედველები აკეთებდნენ კიდეც (2ტმ. 4:2). ტიმოთესადმი მიწერილი პავლეს წერილი პასტორალური ხასიათისაა, ანუ პავლე ტიმოთეს, როგორც ქრისტიანული კრების მწყემსს, შესაფერის რჩევებს აძლევს. ვიდრე სიტყვის ქადაგებას ურჩევდა, პავლემ ტიმოთე გააფრთხილა, რომ განდგომილება უკვე დაწყებული იყო და ის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევდა (2ტმ. 2:16—19; 3:1—7). მას შემდეგ, რაც ტიმოთეს მოუწოდა, ქადაგების დროს „ჭეშმარიტების სიტყვას“ ჩასჭიდებოდა და არ გადაეხვია მისგან, პავლემ მას შეახსენა, რატომ იყო ეს დროული: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ“. პავლეს მხედველობაში ჰყავდა კრების წევრები და არა უცხოები (2ტმ. 4:3, 4). ამიტომ ტიმოთეს არ უნდა მოედუნებინა სულიერი სიფხიზლე და გაბედულად უნდა გადაეცა ძმებისთვის ღვთის სიტყვა (და არა ფილოსოფიური შეხედულებები ან უსაფუძვლო ვარაუდები), თუმცა ამის გამო ის შეიძლება პრობლემებს შეხვედროდა კრების უარყოფითად განწყობილი წევრებისგან (შდრ. 1ტმ. 6:3—5, 20, 21; 2ტმ. 1:6—8, 13; 2:1—3, 14, 15, 23—26; 3:14—17; 4:5). ამგვარად, ტიმოთე შეაჩერებდა განდგომილებას, და პავლეს მსგავსად, არც მას დაედებოდა ვინმეს სისხლი ბრალად (სქ. 20:25—32).
რატომ უქადაგა იესომ „საპყრობილეში სულებს“?
მას შემდეგ, რაც იესოს მკვდრეთით აღდგომა მოიხსენია, პეტრე მოციქულმა დასძინა: „წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებს, რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა“ (1პტ. 3:19, 20). ვაინის ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში აღნიშნულია: „1პტ. 3:19-ში, როგორც ჩანს, საუბარია არა სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე (არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ნოემ სასიხარულო ცნობა იქადაგა ან წარღვნამდელი ხალხის სულები საპყრობილეში არიან), არამედ იმაზე, რომ ქრისტემ აღდგომის შემდეგ თავისი გამარჯვების შესახებ აუწყა დაცემულ სულებს, ანგელოზებს“ (Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words, 1981, ტ. 3, გვ. 201). როგორც უკვე აღვნიშნეთ, კერისსო მიუთითებს არა მხოლოდ კარგი ამბის, არამედ ცუდი ამბის უწყებაზეც, როგორც მაგალითად, იონა აუწყებდა ნინევეს მოახლოებული განადგურების შესახებ. ბიბლია მხოლოდ ნოეს დროს შემცოდველ ანგელოზებს მოიხსენიებს საპყრობილეში მყოფ სულებად, რომლებიც „უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებში“ იმყოფებიან (2პტ. 2:4, 5) და „უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში“ არიან შემონახულნი „გასამართლების დიდი დღისათვის“ (იუდ. 6). ამიტომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ამ ბოროტ ანგელოზებს მხოლოდ გასამართლების შესახებ თუ აუწყებდა. წიგნი „გამოცხადება“, რომელიც იოანემ ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს ქრისტე იესოსგან მიღებული ხილვების საფუძველზე დაწერა, ბევრს მოგვითხრობს სატანა ეშმაკის, მისი დემონებისა და მათი საბოლოო განადგურების შესახებ, რაც მათთვის განაჩენის გაცხადების ტოლფასი იყო (გმც. თ-ები 12—20). ის ფაქტი, რომ პეტრემ სიტყვა „ქადაგება“ წარსულ დროში გამოიყენა, იმაზე მიუთითებს, რომ იესომ დაცემულ ანგელოზებს პეტრეს პირველი წერილის დაწერამდე უქადაგა.