ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ ᲓᲦᲔ
განსაზღვრული „დღე“ ანუ პერიოდი, როცა ღვთის წინაშე წარდგება კონკრეტული ჯგუფი, ერი ან მთელი კაცობრიობა. ამ დროს ხდება სიკვდილმისჯილთა განაჩენის სისრულეში მოყვანა ან გათავისუფლება და მარადიული სიცოცხლის მიცემა. იესო ქრისტესა და მისი მოციქულების სიტყვების თანახმად, მომავალი „სასამართლოს დღე“ ცოცხლებსაც შეეხება და მკვდრებსაც (მთ. 10:15; 11:21—24; 12:41, 42; 2ტმ. 4:1, 2).
გასამართლება ძველად. წარსულში, სხვადასხვა დროს, იეჰოვამ პასუხი მოსთხოვა ხალხებსა და ერებს თავიანთი საქციელისთვის და თავისი სამართლის აღსასრულებლად გაანადგურა ისინი. ეს სულაც არ იყო ძალის ბოროტად გამოყენება. „გასამართლებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა (მიშფატ) აგრეთვე გადმოტანილია როგორც „სამართალი“ და „სიმართლე“ (ეზრ. 7:10; ეს. 28:26). ბიბლიაში აღნიშნულია, რომ იეჰოვა „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“. ასე რომ, სამართლის აღსრულებისას ის ორივე თვისებას იყენებს (ფს. 33:5).
ზოგჯერ ღმერთი ადამიანებს თავიანთი ბოროტი საქმეების გამო სჯიდა. ამის მაგალითია სოდომისა და გომორის შემთხვევა. იეჰოვამ შეამოწმა ეს ქალაქები და დაინახა, რომ მათი ცოდვა მეტისმეტად მძიმე იყო, ამიტომ მათი განადგურება გადაწყვიტა (დბ. 18:20, 21; 19:14). მოგვიანებით იუდამ დაწერა, რომ ეს ქალაქები „საუკუნო ცეცხლით დაისაჯნენ“ [ბერძ. დიკენ; „სასჯელი“, აფ; „დასჯა“, კს; „დასჯილნი“, სსგ] (იუდ. 7). ამგვარად, ამ ქალაქებს სასამართლოს დღე დაუდგა.
იეჰოვამ გაასამართლა ძველი ბაბილონი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მტრობდა ღმერთსა და მის ხალხს. ბაბილონი უნდა დასჯილიყო, რადგან სასტიკად ექცეოდა ებრაელებს, 70-წლიანი გადასახლების შემდეგაც არ სურდა მათი გათავისუფლება და მათზე გამარჯვებას მარდუქს უმადლოდა (იერ. 51:36; ეს. 14:3—6, 17; დნ. 5:1—4). განაჩენი ძვ. წ. 539 წელს აღსრულდა, როცა ის მიდიელებმა და სპარსელებმა დაიპყრეს. ვინაიდან ეს განაჩენი იეჰოვასგან იყო, შეგვიძლია ამ პერიოდს „იეჰოვას დღე“ ვუწოდოთ (ეს. 13:1, 6, 9).
მსგავსად, იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა თავად განსჯიდა ედომს სხვა ხალხებთან ერთად (იერ. 25:17—31). ამგვარად, ამ ერმა, რომელსაც ეზიზღებოდა იეჰოვა და მისი ხალხი, გამანადგურებელი სასჯელი დაიტეხა „იეჰოვას დღეს“ (აბდ. 1, 15, 16).
როცა იუდამ და იერუსალიმმა უორგულეს ღმერთს და მისი კეთილგანწყობა დაკარგეს, იეჰოვა დაჰპირდა, რომ აღასრულებდა მათზე თავის სამართალს (ეზკ. 5:8). გამანადგურებელი განაჩენი მათზე ძვ. წ. 607 წელს „იეჰოვას რისხვის დღეს“ აღსრულდა (ეზკ. 7:19). მაგრამ იერუსალიმზე განაჩენის აღსრულების სხვა „დღეც“ იყო ნაწინასწარმეტყველები. იოელმა იწინასწარმეტყველა, რომ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის მოსვლამდე“ ღმერთი თავის სულს გადმოღვრიდა თავის მსახურებზე (იოლ. 2:28—31). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ ღვთივშთაგონებით ახსნა, რომ ეს წინასწარმეტყველება ამ დროს შესრულდა (სქ. 2:16—20). „იეჰოვას დღე“ ახ. წ. 70 წელს დადგა, როცა რომის ჯარმა ებრაელებზე ღვთის გამანადგურებელი განაჩენი აღასრულა. ამის შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა: „ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი“ (ლკ. 21:22; იხ. ᲒᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲐ, ᲛᲝᲡᲞᲝᲑᲐ.
ღვთის განაჩენის აღსრულება მომავალში. ბიბლიაში ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების გარდა, მოხსენიებულია არაერთი სასამართლო დღე, რომლებიც მომავალში უნდა დადგეს. წიგნ „გამოცხადებაში“ ყურადღება მახვილდება დროზე, როცა „დიდი ბაბილონი“ ცეცხლით განადგურდება. ის ამ სასჯელს იმიტომ იმსახურებს, რომ ერებთან მეძაობს და იესოს მოწმეების სისხლით არის მთვრალი (გმც. 17:1—6; 18:8, 20; 19:1, 2). სხვა განაჩენის აღსრულებაზე საუბრისას პეტრემ ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენები მოიხსენია და „უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღე“ იწინასწარმეტყველა (2პტ. 3:7). „გამოცხადებაში“ ნათქვამია, რომ ასეთი გამანადგურებელი განაჩენი „ღვთის სიტყვით“ აღსრულდება და ღმერთი დიდ მახვილს დასცემს ხალხებს (გმც. 19:11—16; შდრ. იუდ. 14, 15). აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ საუკუნეში ეშმაკისთვის უკვე გამოტანილი იყო განაჩენი და დემონებმაც იცოდნენ, რომ სატანის ხვედრს გაიზიარებდნენ და უფსკრულში ჩაიყრებოდნენ (1ტმ. 3:6; ლკ. 8:31; გმც. 20:1—3). აქედან გამომდინარე, მათთვის შემონახული სასამართლო არის იმ განაჩენის აღსრულება, რომელიც უკვე გამოტანილი ჰქონდათ (იუდ. 6; 2პტ. 2:4; 1კრ. 6:3).
განაჩენი ან გამამტყუნებელია, ან არა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „სასამართლოდ“ და „გასამართლებად“ (ბერძ. კრისის და კრიმა) ნათარგმნი სიტყვები გამამტყუნებელი ანუ არახელსაყრელი განაჩენის გამოტანას უკავშირდება. იოანეს 5:24, 29-ში გამოყენებული სიტყვები „გასამართლება“ და „სასამართლო“ უპირისპირდება სიტყვებს „სიცოცხლე“ და „მარადიული სიცოცხლე“ და პირდაპირ მიანიშნებს გამამტყუნებელ განაჩენზე, რაც სიცოცხლის დაკარგვას — სიკვდილს ნიშნავს (2პტ. 2:9; 3:7; ინ. 3:18, 19). მაგრამ ყველა არახელსაყრელი განაჩენი არ ნიშნავს სიკვდილს. ეს კარგად ჩანს 1 კორინთელების 11:27—32-დან, სადაც პავლე უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნაზე საუბრობს. მისი სიტყვების თანახმად, თუ ადამიანი არ უკვირდება თავის საქმეებს, ის შეიძლება „საკუთარი თავის გასასამართლებლად“ ჭამდეს და სვამდეს. პავლე დასძენს: „როცა ვსამართლდებით, იეჰოვა გვსჯის, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ დაგვედოს მსჯავრი“. ასე რომ, იეჰოვამ შეიძლება ადამიანს არახელსაყრელი განაჩენი გამოუტანოს, მაგრამ თუ მოინანიებს, არ განადგურდება.
განაჩენი რომ ყოველთვის გამამტყუნებელი არ არის, 2 კორინთელების 5:10-დანაც ჩანს. მათზე, ვინც სასამართლო ტახტის წინაშე წარდგებიან, ნათქვამია: „თითოეულმა [უნდა] მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი“. გამოცხადების 20:13-ში მოხსენიებული გასამართლება, როგორც ჩანს, ბევრისთვის სასიკეთოდ დასრულდება. მკვდრების გასამართლებისას ისინი, ვისაც არახელსაყრელ განაჩენს გამოუტანენ, „ცეცხლის ტბაში“ ჩაიყრებიან, დანარჩენები კი „სიცოცხლის წიგნში“ ჩაიწერებიან (გმც. 20:15).
თითოეული პასუხს ვაგებთ სასამართლოს დღეს. ებრაელებისთვის ცნობილი იყო, რომ თავიანთი საქმეებისთვის პირადად აგებდნენ პასუხს ღვთის წინაშე (ეკ. 11:9; 12:14). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში საუბარია, რომ დადგებოდა დრო ანუ „დღე“, როცა ყველა ადამიანი, ცოცხალი თუ მკვდარი, ინდივიდუალურად გასამართლდებოდა (2ტმ. 4:1, 2).
მოსამართლეების ვინაობა. ებრაულ წერილებში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის არის „მთელი დედამიწის მოსამართლე“ (დბ. 18:25). მსგავსად, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მას ეწოდება „ყველას მოსამართლე“ (ებ. 12:23). მაგრამ ღმერთმა გასამართლების უფლება თავის ძეს გადასცა (ინ. 5:22). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა ის „მოსამართლედ დანიშნა“ და იესომ „უნდა გაასამართლოს“ (სქ. 10:42; 17:31; 2ტმ. 4:1). ამგვარად, ის ფაქტი, რომ ღმერთმა ქრისტე ამ უფლებით აღჭურვა, გვეხმარება ორი, ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო, მუხლის გაგებაში. ამ მუხლებიდან ერთში ნათქვამია, რომ ადამიანები წარდგებიან „ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“, ხოლო მეორეში წერია, რომ ისინი გამოცხადდებიან „ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე“ (რმ. 14:10; 2კრ. 5:10).
იესომ მოციქულებს უთხრა, რომ „ხელახლა შექმნისას“, როცა თავის ტახტზე დაჯდებოდა, ისინიც დასხდებოდნენ „თორმეტ ტახტზე“ გასასამართლებლად (მთ. 19:28; ლკ. 22:28—30). პავლეს სიტყვების თანახმად, „წმინდებად მოწოდებული“ ქრისტიანები ქვეყნიერებას გაასამართლებენ (1კრ. 1:2; 6:2). აგრეთვე, მოციქულმა იოანემ იხილა, რომ ზოგს „გასამართლების უფლებამოსილება მიეცა“ (გმც. 20:4). ზემოხსენებული მუხლებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მოციქულები და სხვა წმინდები. ამ დასკვნამდე მივყავართ ბოლო მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ ათას წელს. ასე რომ, ისინი იესოსთან ერთად მეფეებიც იქნებიან და მოსამართლეებიც.
იეჰოვა ღმერთის სამართალი „ჭეშმარიტი და მართალია“, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ სასამართლოს დღეს გასამართლება საუკეთესოდ მოხდება (გმც. 19:1, 2). ღვთისგან უფლებამოსილი მოსამართლეც სამართლიანად და ჭეშმარიტებით ასამართლებს (ინ. 5:30; 8:16; გმც. 1:1; 2:23). ამ დროს არავინ გაამრუდებს სამართალს და არ დამალავს ფაქტებს.
სასამართლოს დღე მკვდრეთით აღდგომასაც გულისხმობს. სასამართლოს დღეზე საუბრისას ქრისტემ მკვდრეთით აღდგომაც მოიხსენია. მან თქვა, რომ რომელიმე ქალაქს შეიძლებოდა არ მიეღო მოციქულები და მათი ცნობა, შემდეგ კი დასძინა: „სოდომისა და გომორას მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის“ (მთ. 10:15). როგორც ჩანს, იესომ ჰიპერბოლა გამოიყენა (ვინაიდან სოდომი და გომორა უკვე სამუდამოდ იყო განადგურებული), თუმცა მისი სიტყვები მომავალ სასამართლოზე მიანიშნებდა, რომელიც პირველი საუკუნის იმ ებრაული ქალაქის რამდენიმე მკვიდრს მაინც შეეხებოდა (შდრ. მთ. 11:22—24; ლკ. 10:13—15; იუდ. 7). ეს საკითხი უფრო ნათლად ჩანს იესოს სიტყვებიდან: „სამხრეთის დედოფალი ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე“ (მთ. 12:41, 42; ლკ. 11:31, 32). ბიბლიაში იესოს შესახებ ჩაწერილი სიტყვების გასაგებად, რომ ის „ცოცხლებისა და მკვდრების“ მოსამართლეა, ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოს დღეს მკვდრეთით აღდგომა იქნება (სქ. 10:42; 2ტმ. 4:1).
ბოლო მინიშნება იმის შესახებ, რომ სასამართლოს დღეს მკვდრეთით აღდგენილებიც გასამართლდებიან, გამოცხადების 20:12, 13-შია ჩაწერილი. იოანემ იხილა „ტახტის წინ“ მდგომნი. მან თქვა, რომ სიკვდილმა და სამარემ მისცეს მათში მყოფი მკვდრები და ისინი გასამართლდნენ.
როდის დადგება სასამართლოს დღე. იოანეს 12:48-ში ქრისტე ადამიანების გასამართლებას „უკანასკნელ დღეს“ უკავშირებს. გამოცხადების 11:17, 18-ის თანახმად, მკვდრების გასამართლება მას შემდეგ მოხდება, რაც ღმერთი გამოიყენებს თავის დიდ ძალას და განსაკუთრებული სახით დაიწყებს მეფობას. გამოცხადების მე-19 და მე-20 თავებში ჩაწერილი მოვლენები მეტ ნათელს ჰფენს ამ საკითხს. იქ ვკითხულობთ, რომ „მეფეთა მეფე“ ომში გაანადგურებს „დედამიწის მეფეებსა და მათ ლაშქრებს“ (მანამდე, გამოცხადების 16:14-ში, ამ ომს ეწოდება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“). შემდეგ სატანა შეიბოჭება ათასი წლით. ამ ათასწლიან პერიოდში სამეფო ძალაუფლებით აღჭურვილი მოსამართლეები ქრისტესთან ერთად აღასრულებენ სამართალს. ამავე კონტექსტში მოხსენიებულია მკვდრების აღდგომა და გასამართლება. ამგვარად, ეს სასამართლოს დღის დადგომაზე მიანიშნებს. ათასწლიანი პერიოდის ერთ დღესთან შედარება გასაკვირი არ არის, რადგან ბიბლიაში ასეთი შედარება არაერთხელ გვხვდება (2პტ. 3:8; ფს. 90:4).
გასამართლების საფუძველი. გამოცხადების 20:12-ში აღწერილია, რა მოხდება დედამიწაზე გასამართლების პერიოდში და ნათქვამია, რომ მკვდრეთით აღდგენილები „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან. ისინი არ გასამართლდებიან ძველი საქმეების მიხედვით, რადგან რომაელების 6:7-ში ნათქვამია: „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“.
მაგრამ იესომ თქვა, რომ მათთვის, ვინც არ ირწმუნებდა სასწაულებს, არ მოინანიებდა და ყურს არ ათხოვებდა ღვთის ცნობას, უფრო რთული ასატანი იქნებოდა სასამართლოს დღე (მთ. 10:14, 15; 11:21—24).