განადგურება, მოსპობა
განადგურება და მოსპობა ძირითადად მიუთითებს საგნის ან ცოცხალი არსების ფიზიკურ განადგურებაზე (2მფ. 21:3; იერ. 18:7; დნ. 2:12, 14, 18). ამ სიტყვებში შეიძლება სულიერი განადგურებაც იგულისხმებოდეს (1კრ. 3:17; იხ. ტაძარი [ცხებული ქრისტიანებისგან აშენებული ტაძარი]).
ებრაული ზმნა ʼავად ხშირად განადგურებად და მოსპობად ითარგმნება (ლვ. 23:30; რც. 24:19; ფს. 21:8, 10). მისი ძირითადი მნიშვნელობებია „დაკარგვა“ და „დაღუპვა“. მისი ბერძნული ეკვივალენტია აპოლლიმი (გმ. 10:7; 1სმ. 9:20; მრ. 3:6; 4:38; ლკ. 15:4). ʼავადიდან ნაწარმოები არსებითი სახელი ʼავადდონ განადგურებას ნიშნავს (იობ. 28:22; იხ. აბადონი; აპოლიონი). ებრაული სიტყვა ხარამ ნიშნავს გასანადგურებელს და მიუთითებს ისეთ რამეზე, რისი ჩვეულებრივ გამოყენება ან შებღალვა აკრძალულია (გმ. 22:20; იხ. გასანადგურებელი, მიძღვნილი).
დროდადრო იეჰოვა თავისი სახელისა და სიმართლის ნორმების დასაცავად განაჩენს აღასრულებდა მათზე, ვინც განადგურებას იმსახურებდა. ნოეს დროში მცხოვრები ხალხის ბოროტების გამო იეჰოვამ მოავლინა წარღვნა და გაანადგურა იმდროინდელი ქვეყნიერება (2პტ. 3:5, 6). ვინაიდან დიდი იყო „ჩივილის ხმა სოდომსა და გომორაზე“ და მეტისმეტად მძიმე იყო მათი ცოდვა, იეჰოვამ გაანადგურა ეს ქალაქები და მათი მოსახლეობა (დბ. 18:20; 19:13, 24, 25). სხვადასხვა სტიქიის გარდა, იეჰოვა ადამიანებსაც იყენებდა თავისი განაჩენის აღსასრულებლად. მაგალითად, მან თავისი ხალხის, ისრაელის მეშვეობით ქანაანში მცხოვრებ ბოროტ ერებზე აღასრულა განაჩენი და გაანადგურა ისინი (კნ. 9:1, 3, 4; 20:15—18).
იეჰოვა სამართლიანად ანადგურებდა მათ, ვინც განზრახ არღვევდა კანონს, იტყუებოდა და მის მსახურებს ემტერებოდა (ლვ. 23:30; ფს. 5:6; 143:12). ცრუ რელიგიისა და კერპების წინააღმდეგ ის მკაცრ ზომებს იღებდა (რც. 33:52; კნ. 12:2, 3). იეჰოვამ თავისი ხალხიც კი დასაჯა, როცა მათ დაარღვიეს მასთან დადებული შეთანხმება (კნ. 8:19, 20; 28:63; იერ. 31:28).
სამუდამოდ განადგურდა ყველა, ვინც ღმერთმა წარსულში სიკვდილით დასაჯა?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ განადგურება ყოველთვის სამუდამო არ არის. ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ებრაული სიტყვა ʼავადდონ („ხრწნის ადგილი“) ორჯერ არის გამოყენებული სამარის სინონიმად (იობ. 26:6; იგ. 15:11). წინასწარმეტყველი სოფონია ასურეთის განადგურებაზე საუბრობდა, ეზეკიელი კი ამბობდა, რომ ასურელები სამარეში ჩავიდოდნენ (სფ. 2:13; ეზკ. 32:21, 22). ურჩი დათანისა და აბირამის განადგურების შესახებ მოსემ დაწერა, რომ ისინი „ცოცხლად ჩაცვივდნენ სამარეში“ (რც. 16:31, 33). ვინაიდან ბიბლიაში სამარე გამოყენებულია კაცობრიობის საერთო სამარის მნიშვნელობით, რომელში მყოფნიც მკვდრეთით აღდგებიან, აშკარაა, რომ განადგურება ყოველთვის სამუდამო არ არის, თუნდაც ეს ღვთის ხელით ხდებოდეს.
სამუდამო განადგურება. ბიბლიიდან შეუძლებელია ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ ყველა მკვდარი აღდგება. იესომ ამაზე მიანიშნა, როცა საუბრობდა მათზე, „ვინც მომავლისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად ითვლება“ (ლკ. 20:35). იესოს მიერ მათეს 10:28-ში წარმოთქმული სიტყვებიდანაც ვიგებთ, რომ ზოგი სამუდამოდ განადგურდება. მან თქვა: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“. ამ მუხლის შესახებ ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „მათეს 10:28 იმას კი არ გვასწავლის, რომ სულის უკვდავება შესაძლებელია, არამედ იმას, რომ მოუნანიებლებისთვის ღვთის გამოტანილი განაჩენი შეუცვლელია“ (The New International Dictionary of New Testament Theology, კ. ბრაუნის რედაქციით, 1978, ტ. 3, გვ. 304). ბაუერის „ახალი აღთქმის“ ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, მათეს 10:28-ში გამოყენებულ ბერძნულ ფრაზაში, „სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“, იგულისხმება სამუდამო სიკვდილი (Greek-English Lexicon of the New Testament, გადამუშავებულია ფ. ვ. გინგრიხისა და ფ. დანკერის მიერ, 1979, გვ. 95). ამგვარად, გეენაში მოხვედრილები საბოლოოდ განადგურდებიან. მათ აღდგომის პერსპექტივა არ გააჩნიათ (იხ. გეენა).
„სოდომი და გომორა და მათ გარშემო მდებარე ქალაქები ... საუკუნო ცეცხლით დაისაჯნენ და ჩვენთვის გამაფრთხილებელ მაგალითებად არიან დადგენილები“ (იუდ. 7). აშკარაა, ეს სასჯელი არა მხოლოდ ქალაქებს, არამედ მათ მოსახლეობასაც შეეხო, რადგან სწორედ ამ ხალხის მძიმე ცოდვების გამო მოხდა ამ ქალაქების განადგურება.
საბოლოო განადგურების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ქვეყნიერების აღსასრულის დროს. მოწაფეების კითხვის საპასუხოდ, თუ რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი, იესომ ცხვრებისა და თხების იგავი მოიყვანა (მთ. 24:3; 25:31—46). „თხებს“ ზეციერი მეფე ეტყვის: „წადით აქედან, დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის არის გამზადებული“. როგორც იესომ თქვა, ისინი „მარადიულად მოიკვეთებიან“. აშკარაა, რომ ადამიანების დამოკიდებულება და მოქმედება განაპირობებს მათ სამუდამო განადგურებას.
მაგრამ იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2პტ. 3:9; შდრ. ეზკ. 18:23, 32). იეჰოვამ ისე შეიყვარა ადამიანები, რომ თავისი ძე, იესო ქრისტე გაიღო გამოსასყიდად (ინ. 3:16; შდრ. იაკ. 4:12). ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარულის მიუხედავად, უმრავლესობა სიცოცხლემდე მიმავალ გზაზე სიარულის ნაცვლად, დაღუპვამდე მიმავალ გზას ირჩევს (მთ. 7:13, 14).
ბიბლიიდან ჩანს, რომ არაერთი ადამიანი, ორგანიზაცია თუ მრავალი რამ სამუდამოდ განადგურდება. იესომ იუდას „დაღუპვის ძე“ უწოდა (ინ. 17:12). იუდამ შეგნებულად გასცა ღვთის ძე, რის გამოც სამუდამო განადგურება დაიმსახურა. იმავეს თქმა შეიძლება მათზე, ვინც წმინდა სულს გმობს. ისინი „მარადიულ ცოდვაში“ არიან დამნაშავენი და არ ეპატიებათ „არც ახლა და არც მომავალში“ (მრ. 3:28, 29; მთ. 12:32; იხ. მკრეხელობა). სამუდამო განადგურება მათაც შეეხება, ვინც თავისი ნებით „არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას“ (2თს. 1:8, 9). „დაღუპვის ძედ“ აგრეთვე მოხსენიებულია განდგომილ ადამიანთა ჯგუფი, „უკანონობის კაცი“ (2თს. 2:3; იხ. უკანონობის კაცი). სამუდამო განადგურების განაჩენი გამოეტანა სატანას, მის დემონებს, სიმბოლურ „მხეცს“, ცრუწინასწარმეტყველებს და სიკვდილსა და სამარესაც კი (მთ. 25:41; გმც. 20:10, 14, 15; 21:8). ყველანი „ცეცხლის ტბაში“ ჩაიყრებიან, რაც სამუდამო განადგურებას ნიშნავს (იხ. ცეცხლის ტბა).
ბიბლიურ დროში ცეცხლი განადგურების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. ამიტომ იესომ ბოროტთა საბოლოო განადგურების სიმბოლოდ ცეცხლი გამოიყენა (მთ. 13:40—42, 49, 50; იხ. ცეცხლი).