42-ე გაკვეთილი
რას ამბობს ბიბლია ქორწინებასა თუ დაუქორწინებლობაზე
ბევრ კულტურაში მიჩნეულია, რომ ქორწინება ბედნიერების საწინდარია. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველა დაქორწინებული ბედნიერია, ყველა დაუქორწინებელი კი — უბედური. სინამდვილეში, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, დაუქორწინებლობაც და ქორწინებაც იეჰოვასგან ბოძებული ძღვენია.
1. რა უპირატესობა აქვს დაუქორწინებლობას?
ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც ქორწინდება, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ქორწინდება — უკეთესად“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:32, 33, 38). რა გაგებით იქცევა უკეთესად ის, ვინც დაუქორწინებელი რჩება? დაუქორწინებლებს არ უწევთ მეუღლის საჭიროებებზე ზრუნვა და, როგორც წესი, მათ ნაკლები ვალდებულება და მეტი თავისუფალი დრო აქვთ. ამის გამო, ზოგი ქრისტიანი მეტის გაკეთებას ახერხებს იეჰოვასთვის. მაგალითად, სასიხარულო ცნობის საქადაგებლად სხვა ქვეყანაში მიემგზავრება. რაც მთავარია, მათ მეტი დრო აქვთ იმისთვის, რომ იეჰოვას დაუახლოვდნენ.
2. რა უპირატესობა აქვს ქორწინებას?
როგორც დაუქორწინებლობას, ისე ქორწინებას თავისი უპირატესობა აქვს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას“ (ეკლესიასტე 4:9). ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია იმ დაქორწინებულ ქრისტიანებზე, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ისინი, ვინც კანონიერად ქორწინდებიან, დებენ პირობას, რომ ეყვარებათ მეუღლე, პატივს სცემენ და იზრუნებენ მასზე. ამის დამსახურებაა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ვიდრე ის წყვილები, რომლებიც უბრალოდ ერთად ცხოვრობენ. ეს მათი ოჯახური ცხოვრებისთვის კარგი საძირკველია.
3. როგორია იეჰოვას თვალსაზრისი ქორწინებაზე?
როდესაც იეჰოვამ პირველი მამაკაცი და ქალი შეაუღლა, ასეთი რამ თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). იეჰოვას სურვილია, ცოლსაც და ქმარსაც უყვარდეთ თავიანთი მეორე ნახევარი და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულონ მას. ის გაყრის უფლებას მხოლოდ ღალატის შემთხვევაში აძლევს მათ. თუმცა ასეთ დროს ერთგული მეუღლის გადასაწყვეტია, განქორწინდება თუ არა (მათე 19:9).a აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვა არ იწონებს მრავალცოლიანობას (1 ტიმოთე 3:2).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, თუ როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს და დაუქორწინებლებს, თავადაც ბედნიერები იყვნენ და იეჰოვასაც გაუხარონ გული.
4. დაუქორწინებლებო, საუკეთესოდ ისარგებლეთ თქვენი მდგომარეობით
იესო დაუქორწინებლობას ძღვნად მიიჩნევდა (მათე 19:11, 12). წაიკითხეთ მათეს 4:23 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
იესო დაუქორწინებელი იყო. როგორ სარგებლობდა ის თავისი მდგომარეობით, რათა იეჰოვასთვისაც ემსახურა და სხვებსაც დახმარებოდა?
დაუქორწინებელ ქრისტიანებს შეუძლიათ მიჰბაძონ იესოს და ბედნიერები იყვნენ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ შეუძლიათ დაუქორწინებელ ქრისტიანებს, საუკეთესოდ ისარგებლონ თავიანთი მდგომარეობით?
იცოდით?
ბიბლია არ ადგენს მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს ქორწინებისთვის. თუმცა ის მოუწოდებს ქრისტიანებს, მანამ მოიცადონ, სანამ „სიყმაწვილის ასაკს“ არ გადასცდებიან, რადგან ამ დროს მოზღვავებული აქვთ სექსუალური სურვილები და ამან შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღება გაურთულოთ (1 კორინთელები 7:36).
5. ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას გონიერება გამოიჩინეთ
მეორე ნახევრის არჩევა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. წაიკითხეთ მათეს 19:4—6, 9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ არ უნდა იჩქაროს ქრისტიანმა დაქორწინება?
ბიბლიური რჩევები დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, როგორი ადამიანი იქნება კარგი მეუღლე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მას იეჰოვა უყვარდეს.b წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:39 და 2 კორინთელების 6:14; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, რომ მხოლოდ თანაქრისტიანზე ვიქორწინოთ?
თქვენი აზრით, რას იგრძნობს იეჰოვა, თუ არჩევანს ისეთ ადამიანზე გავაკეთებთ, რომელსაც ის არ უყვარს?
6. გაიზიარეთ იეჰოვას თვალსაზრისი ქორწინებაზე
ძველად ისრაელში ზოგი ცოლს ეგოისტური მიზეზების გამო ეყრებოდა. წაიკითხეთ მალაქიას 2:13, 14, 16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომაა იეჰოვასთვის ყოვლად მიუღებელი, თუ ცოლ-ქმარი ისე განქორწინდება, რომ ამისთვის ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია?
ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
როგორ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ოჯახის ბედნიერებას, თუ თქვენი მეუღლე არ ემსახურება იეჰოვას?
7. იხელმძღვანელეთ იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმებით
იმ ნორმების თანახმად რომ ვიცხოვროთ, რომლებიც იეჰოვამ ქორწინებასთან მიმართებით დაადგინა, შეიძლება დიდი ცვლილებების მოხდენა მოგვიწიოს.c მაგრამ იეჰოვა დაგვიფასებს ძალისხმევას. ნახეთ ვიდეო.
წაიკითხეთ ებრაელების 13:4 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რამდენად გონივრულად გეჩვენებათ ქორწინებასთან მიმართებით იეჰოვას დადგენილი ნორმები? ახსენით.
იეჰოვა მოელის, რომ ქრისტიანები დაქორწინებისა თუ განქორწინების შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოებს მიმართავენ, რადგან უმეტეს ქვეყნებში სწორედ სახელმწიფო ახდენს მათ რეგისტრაციას. წაიკითხეთ ტიტეს 3:1 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თუ დაქორწინებული ხართ, არის თქვენი ქორწინება რეგისტრირებული?
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ერთად ცხოვრებისთვის რა საჭიროა ქორწინების რეგისტრაცია?!“.
თქვენ რას ეტყვით?
შეჯამება:
ქორწინებაც და დაუქორწინებლობაც იეჰოვასგან ნაბოძები ძღვენია. თუ ადამიანი იეჰოვას ნორმებით ხელმძღვანელობს, ორივე შემთხვევაში შეძლებს, ბედნიერი იყოს.
გასამეორებელი კითხვები:
როგორ შეუძლიათ დაუქორწინებლებს, საუკეთესოდ ისარგებლონ თავიანთი მდგომარეობით?
რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, მხოლოდ თანაქრისტიანზე ვიქორწინოთ?
რა არის გაყრის ერთადერთი ბიბლიური საფუძველი?
გაიგეთ მეტი:
რას ნიშნავს მოწოდება, ვიქორწინოთ მხოლოდ „უფალში“?
უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ, რომელი პრინციპები დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, თუ დაქორწინებაზე ფიქრობთ.
გაიგეთ, რატომ თვლის ერთი ძმა, რომ იეჰოვასგან გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე დათმო.
„იმედს არ ვკარგავდი, რომ ის ჭეშმარიტებით დაინტერესდებოდა“ (1:56)
რაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი, სანამ გაყრას ან განცალკევებით ცხოვრებას გადაწყვეტს?
„ღირსეულად მიიჩნიეთ ღვთის მიერ დაფუძნებული ქორწინება!“ („საგუშაგო კოშკი“, დეკემბერი, 2018)
a იხილეთ დამატებითი ინფორმაცია №4 და გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია განცალკევებით ცხოვრებაზე მაშინ, როცა ღალატს არ ჰქონია ადგილი.
b ზოგიერთ კულტურაში მიღებულია, რომ მშობლები ურჩევენ თავიანთ შვილებს მეუღლეს. ამ შემთხვევაში მოსიყვარულე მშობლებისთვის უმთავრესი უნდა იყოს არა ამ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა თუ სოციალური სტატუსი, არამედ ის, უყვარს თუ არა იეჰოვა.
c თუ ხელმოუწერლად ცხოვრობთ, პირადად უნდა გადაწყვიტოთ, ოფიციალურად დაარეგისტრირებთ თქვენს ქორწინებას თუ ურთიერთობას გაწყვეტთ.