რელიგია
განმარტება: თაყვანისმცემლობის ფორმა; რელიგიური დამოკიდებულების, წარმოდგენებისა და წეს-ჩვეულებების ერთობლიობა. რელიგიური შეხედულებები ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დამოუკიდებლად ან რომელიმე რელიგიური ჯგუფის გავლენით. როგორც წესი, რელიგია დაკავშირებულია ღვთის ან ღვთაებების რწმენასთან, ზოგჯერ კი ადამიანების, საგნების, სურვილებისა და ბუნების ძალების თაყვანისცემასთან. რელიგიათა უმრავლესობა ემყარება ადამიანის წარმოდგენებს გარემომცველ სამყაროზე. გარდა ამისა, რელიგია შეიძლება იყოს ღვთისგან გაცხადებული. არსებობს ჭეშმარიტი და ცრუ რელიგია.
რატომ არსებობს ამდენი რელიგიური მიმდინარეობა?
უკანასკნელი მონაცემებით, დღეისათვის არსებობს 10 ძირითადი რელიგია და დაახლოებით 10 000 რელიგიური მიმდინარეობა. აქედან დაახლოებით 6 000 აფრიკის ქვეყნებშია, 1 200 შეერთებულ შტატებში, ასობით სხვა მიმდინარეობა კი სხვა ქვეყნებში.
ახალი რელიგიური ჯგუფების ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ზოგი თვლის, რომ რელიგიები, უბრალოდ, სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენენ რელიგიურ ჭეშმარიტებას. მაგრამ მათი სწავლებებისა და წეს-ჩვეულებების ბიბლიასთან შედარებისას აშკარა ხდება, რომ რელიგიების მრავალფეროვნებას სინამდვილეში ეს არ განაპირობებს. რელიგიათა სიმრავლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი ღვთის ნაცვლად ადამიანის მიმდევარი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ მათი სწავლებების უმეტესობა, რომლებიც ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული, ძველი ბაბილონიდან იღებს სათავეს (იხილეთ გვერდები 128, 129, „დიდი ბაბილონი“).
ვინ არის დაინტერესებული ასეთი რელიგიური ქაოსის არსებობით? ბიბლია სატანა ეშმაკს „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს (2 კორ. 4:4). როგორც ბიბლია ამბობს, „ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ, და არა ღმერთს“ (1 კორ. 10:20). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, ნამდვილად ვეთაყვანებით თუ არა ჭეშმარიტ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, და მისაღებია თუ არა მისთვის ჩვენი თაყვანისცემა.
ყველა რელიგია მოსწონს ღმერთს?
მსაჯ. 10:6, 7: „კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა ისრაელის ძეებმა იეჰოვას თვალში. ემსახურებოდნენ ბაალებს, აშთორეთებს, სირიის ღმერთებს, სიდონის ღმერთებს, მოაბის ღმერთებს, ამონის ძეების ღმერთებსა და ფილისტიმელთა ღმერთებს. მიატოვეს მათ იეჰოვა და აღარ ემსახურებოდნენ მას. აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე“ (თუ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის, სამყაროს შემოქმედის ნაცვლად რამეს ან ვინმეს სცემს თაყვანს, მისი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მიუღებელია).
მარ. 7:6, 7: «[იესომ მიუგო ფარისევლებსა და მწიგნობრებს:] სწორად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე, თვალთმაქცებო, როგორც დაწერილია: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან, როგორც სწავლებებს“» (ვისაც არ უნდა თვლიდნენ ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრები თაყვანისცემის ობიექტად, მათი თაყვანისცემა ღვთისთვის მიუღებელი იქნება, თუ ბიბლიის ნაცვლად ადამიანთა სწავლებებს მიჰყვებიან).
რომ. 10:2, 3: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით, რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე და საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ, არ დაემორჩილნენ ღვთის სიმართლეს“ (შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ბიბლია, მაგრამ საფუძვლიანად არ იცოდეს იმის გამო, რომ სათანადოდ არავის უსწავლებია. იგი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ღმერთს გულმოდგინედ ემსახურება, მაგრამ არ აკეთებდეს იმას, რასაც ღმერთი მოითხოვს. მოიწონებს ღმერთი ასეთ თაყვანისცემას?).
მისაღებია ნებისმიერი რელიგია იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ყველა სიკეთეს ქადაგებს?
რელიგიების უმეტესობა თავის მიმდევრებს ასწავლის, რომ არ მოიტყუონ, არ მოიპარონ და ასე შემდეგ. მაგრამ საკმარისია ეს? დალევთ ერთ ჭიქა მოწამლულ წყალს, თუ ვინმე გეტყვით, რომ მასში წყალი გაცილებით მეტია, ვიდრე საწამლავი?
2 კორ. 11:14, 15: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ“ (აქედან ვხედავთ, რომ ის, რაც სატანისგან მომდინარეობს, ერთი შეხედვით, შეიძლება ცუდი არ იყოს. შენიღბული რელიგიური სიცრუე ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომლითაც მას ხალხი შეცდომაში შეჰყავს).
2 ტიმ. 3:5: „გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთებს ზურგი აქციე“ (ბიბლია მოგვიწოდებს, რომ არ ვიყოთ მათ შორის, ვინც გარეგნულად ღვთისმოსავია, მაგრამ არ ითვალისწინებს ბიბლიის რჩევებს).
გამართლებულია წინაპართა რელიგიის მიტოვება?
ჩვენ არ უნდა მივატოვოთ მშობლების რელიგია, თუ ის, რაც მათ გვასწავლეს, ნამდვილად ბიბლიაზეა დაფუძნებული. ჩვენი მშობლები და წინაპრები იმ შემთხვევაშიც იმსახურებენ პატივისცემას, თუ მათი რელიგიური მრწამსი და წეს-ჩვეულებები არ შეესაბამება ბიბლიას. მაგრამ როგორ მოიქცევით, თუ გაიგებთ, რომ თქვენი მშობლები ისეთ რამეს აკეთებდნენ, რაც საზიანო იყო ჯანმრთელობისთვის და საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს? მიჰბაძავთ მათ და ასწავლით შვილებსაც იმავეს კეთებას? თუ ტაქტიანად აუხსნით ყველაფერს? მსგავსად ამისა, ბიბლიიდან ჭეშმარიტების გაგება გარკვეულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. თუ შესაძლებელია, ეს ჭეშმარიტება ოჯახის წევრებს უნდა გავუზიაროთ. უნდა დავფიქრდეთ: ნამდვილად გვიყვარს ღმერთი? ნამდვილად გვსურს, დავემორჩილოთ ღვთის ძეს? ჩვენ ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად შეიძლება საჭირო გახდეს წინაპართა რელიგიის მიტოვება და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს დადგომა. იქნება სწორი, თუ მხოლოდ წინაპრებს ვუერთგულებთ და ღვთისა და ქრისტეს სიყვარულს უკანა პლანზე გადავწევთ? იესომ თქვა: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის, და ვისაც ვაჟი ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, არც ის არის ჩემი ღირსი“ (მათ. 10:37).
იესო 24:14: „გეშინოდეთ იეჰოვასი და უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას, მოიშორეთ ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და იეჰოვას ემსახურეთ“ (ფაქტობრივად, ეს მამა-პაპის რელიგიის შეცვლას ნიშნავდა. მათი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მისაღები რომ ყოფილიყო, უნდა მოეშორებინათ კერპები და აღარ უნდა ჰქონოდათ ასეთი საგნების თაყვანისცემის სურვილი).
1 პეტ. 1:18, 19: „იცით, რომ მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული უსარგებლო საქციელისგან ხრწნადმა ვერცხლმა ან ოქრომ კი არ დაგიხსნათ, არამედ თვით ქრისტეს ძვირფასმა სისხლმა, როგორც უმანკო და უმწიკვლო კრავისა“ (პირველმა ქრისტიანებმა ზურგი აქციეს წინაპრების ტრადიციებს, რომელთა მიყოლაც მათ მარადიულ სიცოცხლეს ვერ მოუტანდა. ისინი აფასებდნენ ქრისტეს მსხვერპლს და ამიტომ სურდათ, პატივი მიეგოთ ღვთისთვის, რათა მათი ცხოვრება უსარგებლო და უმიზნო არ ყოფილიყო. განა ჩვენი სურვილიც ეს არ უნდა იყოს?).
როგორია ბიბლიის თვალსაზრისი სხვადასხვა სარწმუნოების გაერთიანებაზე?
როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს რელიგიური წინამძღოლების მიმართ, რომლებსაც თავი მართლებად მოჰქონდათ, მაგრამ ღმერთს პატივს არ მიაგებდნენ? «იესომ უთხრა მათ: „ღმერთი რომ მამათქვენი ყოფილიყო, გეყვარებოდით, რადგან მე ღვთისგან გამოვედი და ახლა აქა ვარ. არც ჩემით მოვსულვარ აქ, არამედ მან გამომგზავნა . . . თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა. ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას გეუბნებით, არა გწამთ ჩემი . . . თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისგან არა ხართ“» (იოან. 8:42—47).
უერთგულებს ადამიანი ღმერთს და მის სამართლიან ნორმებს, თუ შეუერთდება მათ თაყვანისმცემლობას, ვინც შემწყნარებლურად ეკიდება ან აკეთებს იმას, რასაც ღმერთი გმობს? „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ . . . ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორ. 5:11; 6:9, 10). „ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკ. 4:4). „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება. ის იცავს თავის ერთგულთა სულებს“ (ფსალმ. 97:10).
2 კორ. 6:14—17: «ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? . . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“».
გამოცხ. 18:4, 5: «სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ, რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები“» (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „დიდი ბაბილონი“).
აუცილებელია რომელიმე რელიგიაში გაერთიანება?
რელიგიების უმეტესობამ კარგი არაფერი მოუტანა კაცობრიობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიური მიზნით ადამიანთა გაერთიანება თავისთავად ცუდია. სამწუხაროდ, ბევრი რელიგიური მიმდინარეობა ემყარება ცრუმოძღვრებებს, ძირითადად წეს-ჩვეულებებით შემოიფარგლება და არ ზრუნავს ხალხის სულიერ განათლებაზე; რელიგიებს ხშირად ხალხის სამართავად და პირადი მიზნებისთვის იყენებენ; სულიერ ღირებულებებზე დიდი მნიშვნელობა ფულის შეგროვებასა და თაყვანისმცემლობის ადგილების მდიდრულად გაფორმებას ენიჭება. ასეთი რელიგიების მიმდევრები ხშირ შემთხვევაში ფორმალურად არიან მორწმუნეები. ბუნებრივია, რომ არც ერთ სიმართლის მოყვარულ ადამიანს არ ენდომება ასეთ რელიგიურ მიმდინარეობაში გაერთიანება. მაგრამ ჭეშმარიტი რელიგია რადიკალურად განსხვავებულია. ორგანიზებული რელიგიის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს ბიბლიური მოთხოვნების შესრულება.
ებრ. 10:24, 25: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ამ რჩევის გათვალისწინება რომ შევძლოთ, რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ქრისტიანული შეხვედრები, რომლებზეც შეგვეძლება დასწრება. ასეთი შეხვედრები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიფიქროთ და სხვების მიმართაც გამოვავლინოთ სიყვარული).
1 კორ. 1:10: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“ (ასეთი ერთიანობისათვის აუცილებელია ერთად შეკრება, საერთო სულიერი საზრდოს მიღება და იმ „არხის“ დაფასება, რომლის მეშვეობითაც ეს ხდება შესაძლებელი. იხილეთ აგრეთვე იოანეს 17:20, 21).
1 პეტ. 2:17: „გიყვარდეთ მთელი საძმო“ („საძმოში“ იგულისხმება საერთაშორისო საძმო და არა თაყვანისმცემლობის მიზნით მხოლოდ ერთ ბინაში შეკრებილი ხალხი. ეს კარგად ჩანს გალატელების 2:8, 9-დან და 1 კორინთელების 16:19-დან).
მათ. 24:14: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (ყველა ხალხს რომ მიეცეს სასიხარულო ცნობის მოსმენის საშუალება, სათანადო ორგანიზება უნდა გაეწიოს სამქადაგებლო საქმიანობას. მთელ მსოფლიოში ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მრავალი ადამიანი გააერთიანა ამ საქმეში).
იხილეთ აგრეთვე „ორგანიზაცია“.
საკმარისია მოყვასის სიყვარული?
ფაქტია, რომ მოყვასის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია (რომ. 13:8—10). მაგრამ ქრისტიანობა უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მოყვასისთვის სიკეთის კეთებას. იესოს თქმით, მისი ჭეშმარიტი მოწაფეები გამორჩეულნი იქნებოდნენ ერთმანეთის სიყვარულით (იოან. 13:35). ამაზე არაერთხელ მახვილდება ყურადღება ბიბლიაში (გალ. 6:10; 1 პეტ. 4:8; 1 იოან. 3:14, 16, 17). მაგრამ იესოს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ღვთის სიყვარულია, რაც მისი მცნებების გათვალისწინებაში ვლინდება (მათ. 22:35—38; 1 იოან. 5:3). ამისათვის კი აუცილებელია ბიბლიის შესწავლა, მისი რჩევების გამოყენება და ღვთის თაყვანისცემისთვის თანამორწმუნეებთან ერთად შეკრება.
ნამდვილად მნიშვნელოვანია ღმერთთან პირადი ურთიერთობა?
დიახ, ეს მნიშვნელოვანია. რელიგიურ მსახურებაზე ფორმალურად დასწრება ღმერთთან ურთიერთობის მაგივრობას ვერ გაგვიწევს. თუმცა სიფრთხილე გვმართებს. რატომ? პირველ საუკუნეში ზოგი ფიქრობდა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. მაგრამ, იესოს თქმით, ისინი ცდებოდნენ (იოან. 8:41—44). პავლე მოციქულმა თავის წერილში ახსენა ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც გულმოდგინე მორწმუნეები იყვნენ და, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან. მაგრამ მათ არ იცოდნენ, სინამდვილეში რას მოითხოვდა ღმერთი (რომ. 10:2—4).
გვექნება კარგი ურთიერთობა ღმერთთან, თუ სერიოზულად არ მოვეკიდებით მის მითითებებს? ღვთის ერთ-ერთი მითითება ის არის, რომ რეგულარულად შევიკრიბოთ თანამორწმუნეებთან ერთად (ებრ. 10:24, 25).
საკმარისია ბიბლიის კითხვა?
ბიბლიის კითხვით მართლაც ბევრი რამის გაგება შეიძლება. ძალიან კარგია, თუ ადამიანი იმ მიზნით კითხულობს ბიბლიას, რომ ჭეშმარიტება გაიგოს ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ (საქ. 17:11). მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, შევძლებთ დამოუკიდებლად ყველაფრის გაგებას ბიბლიაში? ბიბლია მოგვითხრობს ერთი მამაკაცის შესახებ, რომელსაც მაღალი მდგომარეობის მიუხედავად ეყო თავმდაბლობა იმის სათქმელად, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების გასაგებად დახმარება სჭირდებოდა. ეს წინასწარმეტყველება მას ქრისტიანული კრების ერთმა წევრმა აუხსნა (საქ. 8:26—38; ფილიპესთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე საქმეების 6:1—6; 8:5—17).
ცხადია, ბიბლიის კითხვა ადამიანს ბევრს არაფერს მოუტანს, თუ წაკითხულს ცხოვრებაში არ გამოიყენებს. თუ სჯერა ბიბლიის და ითვალისწინებს მის რჩევებს, მას რეგულარულად ექნება ურთიერთობა ღვთის მსახურებთან კრების შეხვედრებზე (ებრ. 10:24, 25). ის მათ „სასიხარულო ცნობის“ ქადაგებაშიც შეუერთდება (1 კორ. 9:16; მარ. 13:10; მათ. 28:19, 20).
როგორ უნდა გავიგოთ, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?
1) რაზეა დაფუძნებული მისი სწავლებები? ღვთისგან მომდინარეობს ეს სწავლებები თუ ადამიანისგან? (2 ტიმ. 3:16; მარ. 7:7). მაგალითად, სად წერია ბიბლიაში, რომ ღმერთი სამებაა? სად არის ნათქვამი, რომ ადამიანის სული უკვდავია?
2) ამახვილებს თუ არა ყურადღებას ღვთის სახელზე? იესომ ლოცვის დროს ღმერთს უთხრა: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან“ (იოან. 17:6). სხვა დროს მან თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათ. 4:10). გასწავლით თქვენი რელიგია, რომ იეჰოვას უნდა სცეთ თაყვანი? იცით მისი განზრახვები და თვისებები? გაქვთ მასთან ახლო ურთიერთობა?
3) ნამდვილად სწამთ მის მიმდევრებს იესო ქრისტე? საჭიროა ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის დაფასება და იმის ცოდნა, რომ ის დღეს ზეცაში მეფეა (იოან. 3:36; ფსალმ. 2:6—8). ვისაც ნამდვილად სწამს ქრისტე, დაემორჩილება მის მითითებას და გულმოდგინედ მიიღებს მონაწილეობას საქმეში, რომლის შესრულებაც მან თავის მიმდევრებს დაავალა. ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ასეთ რწმენას საქმეებით ამტკიცებენ (იაკ. 2:26).
4) ძირითადად ფორმალური წეს-ჩვეულებებით შემოიფარგლება თუ გავლენას ახდენს მისი მიმდევრების ცხოვრებაზე? ღმერთი მკაცრად გმობს ფორმალურ თაყვანისმცემლობას (ეს. 1:15—17). მათგან განსხვავებით, ვინც არ ჩამორჩება ცხოვრების დინებას, ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ბიბლიური ნორმებით ცხოვრობენ. ეს ვლინდება მათ საქციელსა და მეტყველებაში (1 კორ. 5:9—13; ეფეს. 5:3—5). ისინი ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენენ (გალ. 5:22, 23). ამრიგად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები გულწრფელად ცდილობენ ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებას არა მარტო შეხვედრის ადგილებზე, არამედ ოჯახში, სამსახურში, სასწავლებელში და გართობის თუ დასვენების დროსაც კი.
5) ნამდვილად უყვართ მის მიმდევრებს ერთმანეთი? იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). ასეთი სიყვარული აერთიანებს ნებისმიერი რასის, სოციალური ფენისა თუ ეროვნების ადამიანებს. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მათ ყველასგან გამოარჩევს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს უყვართ სხვა ქვეყნებში მცხოვრები თანაქრისტიანები და ომის დროს არ იღებენ იარაღს ხელში მათ მოსაკლავად. ასე იქცეოდნენ პირველი ქრისტიანებიც.
6) ნამდვილად ცალკე დგას ქვეყნიერებისგან? იესომ თქვა, რომ მისი ჭეშმარიტი მიმდევრები არ იქნებოდნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 15:19). ღმერთს მის მოსაწონად რომ ვცეთ თაყვანი, „უმანკოდ [უნდა] დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკ. 1:27). შეიძლება ამის თქმა იმ რელიგიებზე, რომელთა სამღვდელოება და მრევლი ერევა პოლიტიკაში და უარს არ ამბობს მატერიალისტურ თუ ხორციელ მისწრაფებებზე? (1 იოან. 2:15—17).
7) ქადაგებენ მისი მიმდევრები ღვთის სამეფოს შესახებ? იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14). რომელი რელიგია ქადაგებს, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის და არა ადამიანთა მიერ შექმნილი რომელიმე ხელისუფლება? გეხმარებათ თქვენი რელიგია იმაში, რომ შეძლოთ ამ საქმის შესრულება და იქადაგოთ კარდაკარ, რისკენაც იესომ მოუწოდა თავის მოციქულებს? (მათ. 10:7, 11—13; საქ. 5:42; 20:20).
სჯერათ იეჰოვას მოწმეებს, რომ მხოლოდ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი?
იხილე გვერდები 191, 192 („იეჰოვას მოწმეები“).
რატომ არის, რომ ზოგს სწამს ღმერთის, ზოგს — არა?
იხილე „რწმენა“.
თუ ვინმე გეუბნება. . .
„მე რელიგია არ მაინტერესებს“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „დღეს ბევრს არ აინტერესებს რელიგია. არასდროს ყოფილხართ რელიგიით დაინტერესებული?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „პირადად მე ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ეკლესიების ძირითადი სწავლებების უმეტესობა არ არის დაფუძნებული ბიბლიაზე“ (შეგიძლია მოიხსენიო აზრები 191-ე და 192-ე გვერდებიდან [„იეჰოვას მოწმეები“] და ყურადღება გაამახვილო ღვთის სამეფოზე. შედარებისთვის აღნიშნე, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო 187-ე და 188-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
იხილე აგრეთვე გვერდი 16.
„რელიგიები სავსეა ფარისევლობით“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „გეთანხმებით. ბევრი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. მაგრამ ბიბლიაზე რას ფიქრობთ?“ (ფსალმ. 19:7—10).
„მე პატიოსნად ვცხოვრობ და სხვებს სიკეთეს ვუკეთებ. ჩემი რელიგია ეს არის“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „როგორც ჩანს, სიცოცხლეს აფასებთ . . . არ ისურვებდით ცხოვრებას ასეთ პირობებში? (გამოცხადების 21:4) . . . ნახეთ, რა არის ამისთვის საჭირო“ (იოანეს 17:3).
იხილე აგრეთვე გვერდი 261.
„მე პირადად მწამს ღმერთი და ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის რომელიმე რელიგიაში გაერთიანება“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „ყოველთვის ასე ფიქრობდით? . . ყოფილხართ რომელიმე რელიგიის წევრი? . .“ (შემდეგ შეგიძლია გამოიყენო 260—262-ე გვერდებზე მოცემული მასალა).
„ჩემს რელიგიაში ყველაფერს არ ვეთანხმები, მაგრამ რელიგიის შეცვლას არ ვაპირებ. ვცდილობ, მე თვითონ ვიყო კარგი მორწმუნე“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „გმადლობთ გულწრფელობისთვის. ალბათ დამეთანხმებით, რომ მთავარია, ღმერთი იწონებდეს ჩვენს თაყვანისცემას“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ღმერთი ძალიან დამაფიქრებელ სიტყვებს ამბობს გამოცხადების 18:4, 5-ში . . . შეიძლება არაფერს ვაკეთებთ ცუდს, მაგრამ ბიბლიის თანახმად ჩვენც დაგვედება ბრალი, თუ ასეთ რელიგიებს დავუჭერთ მხარს“ (იხილე აგრეთვე „დიდი ბაბილონი“). 2) (შეგიძლია გამოიყენო 262-ე და 263-ე გვერდებზე მოცემული მასალა). 3) „ღმერთი ეძებს სიმართლის მოყვარულ ხალხს, რათა ერთ თაყვანისმცემლობაში გააერთიანოს“ (იოან. 4:23, 24).
„ყველა რელიგია კარგია. მე ჩემი რელიგია მაქვს, თქვენ — თქვენი“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „როგორც ვხედავ, შემწყნარებლურად ეკიდებით სხვა რელიგიებს. ალბათ, თქვენ ხედავთ ბიბლიით ხელმძღვანელობის საჭიროებას და ამიტომაც გაქვთ თქვენი რელიგია“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: „იესო ძალიან საინტერესო რჩევას გვაძლევს მათეს 7:13, 14-ში (წაუკითხე) . . . რატომ ამბობს იესო ამას?“
იხილე აგრეთვე გვერდები 256, 257.
„მთავარია ქრისტე გწამდეს და რა მნიშვნელობა აქვს, რომელ რელიგიაში იქნები“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „გეთანხმებით, რომ ქრისტეს რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ალბათ ყველაფრის გწამთ, რასაც ის ასწავლიდა. შეიძლება თქვენც ამჩნევთ, რომ ბევრი თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ ქრისტეს სიტყვებს არ ითვალისწინებს“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იესო მათეს 7:21—23-ში“. 2) „შესანიშნავი მომავალი ელით მათ, ვინც ცდილობს ღვთის ნების გაგებას და შესრულებას“ (ფსალმ. 37:10, 11; გამოცხ. 21:4).
„რატომ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ერთი რელიგიაა სწორი?“
შეგიძლია ასე უპასუხო: „უდავოა, რომ გულწრფელი მორწმუნეები ყველა რელიგიაში არიან. მაგრამ მთავარი ის არის, თუ რას ამბობს ბიბლია. ბიბლიის თანახმად, რამდენი უნდა იყოს ჭეშმარიტი სარწმუნოება? ნახეთ, რა წერია ეფესოელების 4:4, 5-ში“. შემდეგ შეგიძლია უთხრა: 1) „ამის დანახვა ბიბლიის სხვა მუხლებიდანაც შეიძლება“ (მათ. 7:13, 14, 21; იოან. 10:16; 17:20, 21). 2) „მთავარია ჩვენ შევძლოთ ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა. რა დაგვეხმარება ამაში?“ (შეგიძლია გამოიყენო 262-ე და 263-ე გვერდებზე მოცემული მასალა). 3) (იხილე აგრეთვე 187-ე და 188-ე გვერდებზე მოცემული მასალა [„იეჰოვას მოწმეები“]).
„სწორედ ახლა ვკითხულობდი ბიბლიას და ვთხოვდი ღმერთს, რომ დამხმარებოდა მის გაგებაში“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „მთლიანად გაქვთ წაკითხული ბიბლია?“ შემდეგ შეგიძლია უთხრა: „ბიბლიის კითხვისას ალბათ ყურადღებას მიაქცევდით მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილ სიტყვებს . . . აქედან ვხედავთ, რომ ქრისტე თავის მოწაფეების მეშვეობით გვეხმარება ბიბლიის უკეთ გაგებაში. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები უსასყიდლოდ სთავაზობენ სხვებს ყოველკვირეულად ბიბლიური თემების განხილვას. ასეთი განხილვები დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. თუ გსურთ, რამდენიმე წუთში გაჩვენებთ, როგორ ხდება ეს“.
იხილე აგრეთვე გვერდი 262.
„რელიგია აქ სალაპარაკო თემა არ არის“.
შეგიძლია ასე უპასუხო: „დღეს ბევრი ფიქრობს ასე. ჩვენ არავის ვაიძულებთ ბიბლიაზე საუბარს. მაგრამ თქვენთან მოსვლით ვცდილობ იმის გაკეთებას, რაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა . . .“ (მათ. 24:14; 28:19, 20; 10:40).