ბიბლიის წიგნი 47 — 2 კორინთელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: მაკედონია
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 55
1, 2. ა) რატომ მისწერა პავლემ კორინთელებს მეორე წერილი? ბ) სად დაწერა პავლემ ეს წერილი და რა საკითხი აღელვებდა მას?
სავარაუდოდ, ახ. წ. 55 წლის ზაფხულის მიწურული ან შემოდგომის დასაწყისი იყო. კორინთის კრებაში ჯერ კიდევ მოუგვარებელი ზოგიერთი საკითხი კვლავ აფიქრებდა მოციქულ პავლეს. პირველი წერილის დაწერიდან მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გასული. ამ პერიოდში კორინთში ჩასული იყო ტიტე, რათა ძმებისთვის ხელი შეეწყო იუდეაში მცხოვრებ წმინდათა დახმარების ორგანიზებაში. მისი იქ ჩასვლის მიზანი შესაძლოა ისიც იყო, რომ ენახა, როგორ გამოეხმაურნენ კორინთელები პავლეს პირველ წერილს (2 კორ. 8:1—6; 2:13). როგორ იმოქმედა ამ წერილმა მათზე? პავლეს ძალიან გაახარებდა იმის გაგება, რომ მისმა წერილმა ისინი დაანაღვლიანა და მონანიებისკენ აღძრა. ეს სასიხარულო ამბავი ტიტემ პავლეს მაკედონიაში აცნობა. ამან მოციქულ პავლეს თანაქრისტიანების მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გაუძლიერა (7:5—7; 6:11).
2 პავლემ კვლავ მისწერა წერილი კორინთელებს. ეს თბილი და მოქმედებისკენ აღმძვრელი წერილი პავლემ მაკედონიაში დაწერა და, როგორც ჩანს, ტიტეს ხელით გაგზავნა (9:2, 4; 8:16—18, 22—24). ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც პავლემ წერილი დაწერა და რაც მას აღელვებდა, დაკავშირებული იყო „უაღმატებულეს მოციქულებთან“, რომლებსაც მან „ცრუმოციქულები, ცბიერი მუშები“ უწოდა (11:5, 13, 14). ამ შედარებით ახალჩამოყალიბებული კრების სულიერ კეთილდღეობას საფრთხე ემუქრებოდა. ზოგი ეჭვქვეშ აყენებდა პავლეს, როგორც მოციქულის, უფლებამოსილებას. კორინთელებისთვის მეორე წერილის მიწერა ნამდვილად დროული იყო.
3, 4. ა) რამდენჯერ იყო პავლე კორინთში? ბ) რა მხრივ არის სასარგებლო „მეორე კორინთელები“ ჩვენთვის?
3 პავლე წერდა: „მესამედ გავემზადე თქვენთან მოსასვლელად“ (2 კორ. 12:14; 13:1). ის აპირებდა კორინთში მეორედ ჩასვლას, როცა პირველ წერილს წერდა. მაგრამ მზადყოფნის მიუხედავად, სურვილი სურვილად დარჩა და კორინთელებს არ მიეცათ მისი ნახვით „მეორედ გახარების“ შესაძლებლობა (1 კორ. 16:5; 2 კორ. 1:15). ასე რომ, ამ დროისთვის პავლე კორინთში მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, ახ. წ. 50—52 წლებში, როცა იქ 18 თვე დაჰყო და კრება ჩამოაყალიბა (საქ. 18:1—18). თუმცა მოგვიანებით პავლემ აისრულა კორინთში ჩასვლის სურვილი. საბერძნეთში სამი თვით ყოფნის დროს, შესაძლოა ახ. წ. 56 წელს, ის გარკვეული დროით ეწვია კორინთს, საიდანაც მან წერილი მისწერა რომაელებს (რომ. 16:1, 23; 1 კორ. 1:14).
4 „პირველ კორინთელებთან“ და პავლეს სხვა წერილებთან ერთად, „მეორე კორინთელებიც“ ყოველთვის კანონიკურ წიგნად იყო მიჩნეული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გავიგოთ, რა მდგომარეობა იყო კორინთის კრებაში. მათთვის მიცემული მნიშვნელოვანი რჩევები ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება.
შინაარსი
5. ა) რას წერს პავლე ნუგეშზე? ბ) რა სრულდება იესოს მეშვეობით და რისი საწინდარია ეს?
5 დახმარება ‘ყოველგვარი ნუგეშის ღმერთისგან’ (1:1—2:11). წერილის დასაწყისში პავლე კორინთელებს ტიმოთეს სახელითაც ესალმება. პავლე ამბობს: „კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“. პავლე და მისი თანამსახურები არაერთხელ იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში და სიკვდილის საფრთხის წინაშე, მაგრამ ღმერთმა დაიხსნა ისინი. კორინთელებსაც შეუძლიათ მათი დახმარება ლოცვებით. პავლეს დამაჯერებლობას მატებს საკუთარი გულწრფელობა და ღვთის წყალობა. ღვთის დაპირებები „დიახ“ ხდება იესოს მეშვეობით. ღმერთმა სცხო ქრისტესნი და ‘მისცა სული მათ გულებში, რაც მომავლის საწინდარია’ (1:3, 4, 20, 22).
6. პავლეს რჩევის თანახმად, როგორ უნდა მოქცეოდნენ მომნანიე შემცოდველს კორინთელები?
6 როგორც ჩანს, პავლეს პირველი წერილის მეხუთე თავში მოხსენიებული კაცი გაირიცხა კრებიდან. ბოლოს მან მოინანია თავისი დანაშაული. ამიტომ პავლე კორინთელებს სთხოვს, რომ გულწრფელად აპატიონ მას და დაარწმუნონ თავიანთ სიყვარულში.
7. რას ამბობს პავლე საკუთარ თავზე და კორინთელებზე?
7 ახალი შეთანხმების მსახურნი (2:12—6:10). პავლე ამბობს, რომ ის და კორინთელი ქრისტიანები საზეიმო სვლაში მონაწილეობენ ქრისტესთან ერთად (კორინთელებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ გამარჯვებული ჯარის საზეიმო სვლის დროს საკმეველს აკმევდნენ, რის შედეგადაც ტკბილი სურნელება იფრქვეოდა). ქრისტიანების „სურნელება“ ტკბილი სურნელებაა მათთვის, ვინც სიცოცხლის გზას ადგას და სიკვდილის სურნელებაა მათთვის, ვინც დაღუპვის გზაზეა. „ღვთის სიტყვით . . . არ ვვაჭრობთ“, — წერს პავლე (2:16, 17).
8. ა) რა საშუამდგომლო წერილებით გახდნენ პავლე და მისი თანამსახურები გამოსადეგი მსახურები? ბ) რა უპირატესობა აქვს ახალი შეთანხმების მსახურებას?
8 პავლეს და მის თანამსახურებს არ სჭირდებათ საშუამდგომლო წერილები კორინთელებისთვის ან კორინთელებისგან. პავლეს თქმით, კორინთელი ქრისტიანები თავად არიან „მსახურთა მიერ დაწერილი“ საშუამდგომლო წერილები, დაწერილი არა ქვის ფილებზე, არამედ „ხორციელ ფილებზე — გულებზე“. ღვთის წყალობით ახალი შეთანხმების მსახურნი გამოსადეგნი გახდნენ. დაწერილი კანონები სიკვდილს ემსახურებოდა და უნდა გაუქმებულიყო. სულის მსახურებას კი სიცოცხლე მოაქვს და ბევრად მეტი დიდება აქვს. „როცა მოსეს კითხულობენ“, ისრაელის ძეებს რიდე აქვთ ჩამოფარებული გულზე, მაგრამ როცა იეჰოვას უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ და ‘იმავე სახედ გარდაიქმნებიან დიდებიდან დიდებაში’ (3:3, 15, 18).
9. რას ამბობს პავლე მსახურების განძზე?
9 პავლე აგრძელებს: ‘ჩვენ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებით მივიღეთ ეს მსახურება. უარვყავით ფარული სამარცხვინო საქმეები და ღვთის სიტყვას კი არ ვაყალბებთ, არამედ ჭეშმარიტების გამოცხადებით ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს. სასიხარულო ცნობა დაფარულია ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება. ჩვენი გულები გაბრწყინებულია ქრისტეს სახით ღვთის შესახებ დიდებული ცოდნით. ჩვენ დიდებულ განძს ვფლობთ. ეს განძი თიხის ჭურჭელში გვაქვს, რათა ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგან იყოს. დევნისა და ტანჯვის დროს, სიკვდილის პირისპირ ყოფნისას, რწმენას ვავლენთ და სულით არ ვეცემით, რადგან გასაჭირი ხანმოკლეა და მას ჩვენთვის დიდება მოაქვს. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება. ასე რომ, უხილავს ვუყურებთ’ (4:1—18).
10. ა) რას ამბობს პავლე მათზე, ვინც ერთობაშია ქრისტესთან? ბ) როგორ შუამდგომლობს პავლე საკუთარ თავს, ღვთის მსახური რომ იყოს?
10 პავლე წერს: ‘ვიცით, რომ ჩვენი მიწიერი სახლი მარადიული სახლით შეიცვლება ზეცაში. ამასობაში კი რწმენით დავდივართ და მხნედ ვართ. ამიტომ ქრისტესთან ვმკვიდრობთ თუ არა, მიზნად გვაქვს დასახული, მისთვის მოსაწონი ვიყოთ’ (5:1, 7—9). ვინც ქრისტესთან ერთობაშია, „ახალი ქმნილებაა“ და ღმერთმა მათ „შერიგების მსახურება“ მისცა. ისინი „ელჩები [არიან] ქრისტეს ნაცვლად“ (5:17, 20). პავლე ყოველმხრივ შუამდგომლობს საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახური იყოს. როგორ? ‘ბევრის მოთმენით, გასაჭირით, ცემით, შრომით, უძილო ღამეებით, სიწმინდით, ცოდნით, სულგრძელობით, სიკეთით, წმინდა სულით, უთვალთმაქცო სიყვარულით, ჭეშმარიტების ლაპარაკით, ღვთის ძალით’. ის ‘ღარიბია, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელი; უქონელია, მაგრამ ყველაფრის მქონე’ (6:4—10).
11. რა რჩევასა და გაფრთხილებას აძლევს პავლე კორინთელებს?
11 „ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (6:11—7:16). პავლე კორინთელებს ეუბნება: ‘გული გაფართოებული გვაქვს თქვენთვის’. ისინიც უნდა გაფართოვდნენ სათუთ გრძნობებში. შემდეგ პავლე აფრთხილებს მათ: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (6:11, 14). რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან ან ქრისტეს ბელიართან? ისინი არიან ცოცხალი ღვთის ტაძარი, ამიტომ უწმინდურს აღარ უნდა მიეკარონ. პავლე ამბობს: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (7:1).
12. რატომ ხარობს პავლე კორინთიდან მიღებული ამბებით?
12 პავლე აგრძელებს: „ნუგეშცემული ვარ და სიხარულით აღვსილი ჩვენს ყოველ გასაჭირში“ (7:4). პავლეს ნუგეშის მიზეზი მხოლოდ ტიტეს იქ ყოფნა არ არის. ის ნუგეშცემულია კორინთიდან მიღებული კარგი ამბებით — მათი ძლიერი სურვილის, გლოვისა და მისთვის მოშურნეობის გამო. მან იცის, რომ მისმა პირველმა წერილმა მცირე ხნით დაანაღვლიანა კორინთელები, მაგრამ ახლა ხარობს, რადგან დანაღვლიანებამ წარმოშვა მონანიება ხსნისთვის. ის აქებს მათ ტიტესთან თანამშრომლობისთვის.
13. ა) ვისი გულუხვობის მაგალითი მოჰყავს პავლეს? ბ) რა პრინციპებზე მსჯელობს პავლე გაცემასთან დაკავშირებით?
13 გულუხვობა ჯილდოვდება (8:1—9:15). პავლეს მოჰყავს მაკედონელთა მაგალითი, რომლებმაც სიღარიბის მიუხედავად იმაზე მეტი გულუხვობა გამოავლინეს წმინდებისთვის, ვიდრე სინამდვილეში შეეძლოთ. პავლე იმედოვნებს, რომ კორინთელებიც მსგავს სულს გამოავლენენ, რითაც გამოიცდება უფალ იესო ქრისტესადმი მათი წრფელი სიყვარული. იესო მათი გულისთვის გაღარიბდა, რათა ისინი გამდიდრებულიყვნენ. გაცემა მოიტანს თანასწორობას. ასე რომ, ბევრის მქონეს ზედმეტი არ ექნება და მცირეს მქონეს არ დააკლდება. ის მათთან ტიტეს და სხვებს გზავნის ამ სამადლო საქმის მოსაგვარებლად. პავლე ამაყობს კორინთელების გულუხვობითა და მზადყოფნით, და დარწმუნებულია, რომ ისინი გაიღებენ გულუხვ ძღვენს. „ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“. გაცემა გულით უნდა ხდებოდეს, რადგან „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. ღმერთს შეუძლია უხვად გამოავლინოს მათ მიმართ წყალობა, რათა გამდიდრდნენ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის. „მადლობა ღმერთს ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის“ (9:1, 6, 7, 15).
14. რა მტკიცებები მოჰყავს პავლეს თავისი მოციქულობის დასამტკიცებლად?
14 პავლეს მტკიცებები მოჰყავს იმის საჩვენებლად, რომ ნამდვილად მოციქულია (10:1—13:14). პავლე ამბობს, რომ თავმდაბალია. ქრისტიანები ხორციელად არ იბრძვიან; მათი საომარი იარაღი სულიერია და ‘ღვთისგან აქვთ მიცემული ძალა’ ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ გამოთქმული ყოველგვარი აზრის დასამხობად (10:4). ზოგი ყველაფერს გარეგნულად აფასებს და ამბობს, რომ პავლეს წერილები დამაჯერებელია, მაგრამ მისი საუბარი არარაობაა. ასეთებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როგორიც წერილებშია პავლე, ისეთივე იქნება საქმეში. კორინთელებს უნდა ესმოდეთ, რომ პავლე არ იამაყებს სხვისი ტერიტორიით. მათ პირადად პავლესგან მოისმინეს სასიხარულო ცნობა. თუ ვინმე ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს.
15. ა) რას ამბობს პავლე ცრუმოციქულებზე? ბ) რისი გადატანა მოუწია პავლეს?
15 პავლე თავს ვალდებულად თვლის, რომ კორინთის კრება წმინდა ქალწულად წარუდგინოს ქრისტეს. როგორც ევა აცდუნა გველმა თავისი ცბიერებით, მათი გონებაც შეიძლება გაირყვნას. ამიტომ პავლე გაბედულად გამოდის კორინთის კრების „უაღმატებულესი მოციქულების“ წინააღმდეგ (11:5). ისინი ცრუმოციქულები არიან. სატანა სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, ამიტომ რა გასაკვირია, რომ მისი მსახურებიც მსგავსად იქცევიან. განა შეედრებოდნენ კორინთელები პავლეს ღვთის მსახურებაში? მან ბევრი რამ გადაიტანა: პატიმრობა, ცემა, სამჯერ ხომალდის მსხვრევა, მრავალი საფრთხე, უძილო ღამეები და შიმშილი. მიუხედავად ამისა, მას არ ავიწყდებოდა კრების წევრები და ზრუნავდა მათზე; ყოველთვის წუხდა, როცა ვინმე ბრკოლდებოდა.
16. ა) რით შეეძლო ეამაყა პავლეს, მაგრამ რატომ არჩევდა თავის სისუსტეებზე ლაპარაკს? ბ) როგორ ამტკიცებს პავლე თავის მოციქულობას?
16 ასე რომ, პავლეს ნამდვილად აქვს საამაყო. კორინთის კრების ეგრეთ წოდებული მოციქულებიდან რომელი იტყოდა, რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში და მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები? პავლე თავის სისუსტეებზეც საუბრობს. რომ არ გამედიდურებულიყო, პავლეს „სხეულში ეკალი“ მიეცა. ის ევედრებოდა უფალს, რომ მოეშორებინა ეკალი, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო: „გეყოფა ჩემი წყალობა“. პავლე ამაყობს თავისი სისუსტეებით, რათა ‘კარავივით გადაეფაროს ქრისტეს ძალა’ (12:7, 9). პავლე არაფრით ჩამოუვარდება „უაღმატებულეს მოციქულებს“. კორინთელებმა თავად იხილეს, როგორ დაამტკიცა მან თავისი მოციქულობა „ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, საკვირველებებითა და სასწაულებით“. პავლე მათ ქონებას არ ეძებდა, ისევე როგორც მათთან გაგზავნილი ტიტე და სხვა თანამშრომელნი არ ეძებდნენ გამორჩენას (12:11, 12).
17. რას ეუბნება წერილის დასასრულს პავლე კორინთელებს?
17 ყველაფერი კორინთელი ქრისტიანების აღსაშენებლად არის. მაგრამ პავლე შიშობს, რომ კორინთში მას შეიძლება დახვდნენ ისეთებიც, რომლებსაც არ მოუნანიებიათ ხორცის საქმეები. ის წინასწარ აფრთხილებს ცოდვილებს, რომ თვალს არ დახუჭავს მათ ცოდვებზე და არ დაინდობს. კრების ყველა წევრს ის ურჩევს, შეამოწმონ საკუთარი თავი, რწმენაში არიან თუ არა ქრისტესთან ერთობაში. პავლე და ტიმოთე ლოცულობენ მათთვის. პავლეს სიტყვების თანახმად, მათ უნდა იხარონ და ერთი აზრი ჰქონდეთ, რათა სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იყოს მათთან. დასასრულს ის კორინთელებს მოკითხვებს უთვლის ყველა წმინდისგან და სულიერ კურთხევებს უსურვებს.
რატომ არის სასარგებლო
18. როგორ უნდა უყურებდნენ ქრისტიანები მსახურებას?
18 „მეორე კორინთელებიდან“ ჩანს, როგორ აფასებდა პავლე ქრისტიანულ მსახურებას. ამის ცოდნა ჩვენც გვეხმარება მსახურების დაფასებაში. პავლე მოციქული, რომელიც ღმერთმა ‘გახადა გამოსადეგი’, გულწრფელად მსახურობდა და არ ვაჭრობდა ღვთის სიტყვით. მას „შუამდგომლობდა“ არა საშუამდგომლო წერილები, არამედ მსახურების შედეგები. ის არ ტრაბახობდა მიუხედავად იმისა, რომ დიდებულ მსახურებას ასრულებდა. ღვთის მსახურებს, რომლებიც არასრულყოფილები არიან, მსახურების განძი თიხის ჭურჭელში აქვთ, რათა აშკარა გახდეს ღვთის ძალა. აქედან გამომდინარე, თავმდაბლობის გამოვლენა მართებს ყველას, ვისაც ღვთის მსახურება მიენდო. მართლაც დიდ წყალობას ავლენს ღმერთი მათ მიმართ, ვისაც ‘ქრისტეს ნაცვლად ელჩებად’ მსახურების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს: „ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი“ (2:14—17; 3:1—5; 4:7; 5:18—20; 6:1).
19. რა მხრივ აძლევს პავლე მაგალითს დღევანდელ ქრისტიანებს, განსაკუთრებით კი ზედამხედველებს?
19 პავლემ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა ქრისტიანებს. უპირველესად, ის აფასებდა და იკვლევდა ებრაულ წერილებს, საიდანაც მრავალი ციტატა მოჰყავდა. ის ხელმძღვანელობდა ამ წერილებით (2 კორ. 6:2, 16—18; 7:1; 8:15; 9:9; 13:1; ეს. 49:8; ლევ. 26:12; ეს. 52:11; ეზეკ. 20:41; 2 სამ. 7:14; ოს. 1:10). პავლე სამაგალითო ზედამხედველი იყო, რადგან ყოველმხრივ ზრუნავდა სამწყსოზე. ეს კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან: „უდიდესი სიამოვნებით გავიღებ ყველაფერს და მთლიანად დავიხარჯები თქვენი სულებისთვის“. ის თავს არ ზოგავდა ძმებისთვის (2 კორ. 12:15; 6:3—10). პავლე დაუღალავად შრომობდა სხვების სწავლების, შეგონების, აგრეთვე კორინთის კრებაში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. ის პირდაპირ აფრთხილებდა კორინთელებს, რომ საერთო არ ჰქონოდათ სიბნელესთან და ეუბნებოდა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“. მას უყვარდა კორინთელები და არ სურდა, რომ მათი გონება ვინმეს გაერყვნა ისე, „როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი ცბიერებით“. ამიტომ მთელი გულით შეაგონებდა მათ: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“. პავლე გულუხვობისკენაც მოუწოდებდა ქრისტიანებს და ამბობდა, რომ „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. თავის მხრივ, ის უდიდეს მადლიერებას გამოხატავდა ღვთისადმი „ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვნისთვის“. კორინთელი თანაქრისტიანები პავლეს ‘ხორციელ ფილაზე, გულზე ჰყავდა დაწერილი’. ის გულმოდგინე და ყურადღებიანი ზედამხედველი იყო და ყველაფერს აკეთებდა მათ საკეთილდღეოდ, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა (6:14; 11:3; 13:5; 9:7, 15; 3:2).
20. ა) რას შეგვახსენებს პავლე? ბ) რა იმედზე მახვილდება ყურადღება „მეორე კორინთელებში“?
20 მოციქული პავლე შეგვახსენებს, რომ განსაცდელის დროს „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას“ უნდა მივმართავდეთ საჭირო ძალების მისაღებად. ის „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“, რათა შევინარჩუნოთ სიმტკიცე და გადავიდეთ ახალ ქვეყნიერებაში. პავლე ყურადღებას ამახვილებს ‘ხელთუქმნელი შენობის, ზეცაში მარადიული სახლის’ მიღების იმედზეც. ის ამბობს: „მაშასადამე, ვინც ქრისტესთან ერთობაშია, ის ახალი ქმნილებაა. ყოველივე ძველი მოისპო და აი, ახალი გაჩნდა“. „მეორე კორინთელებში“ ნამდვილად გამამხნევებელი სიტყვებია მათთვის, ვინც პავლეს მსგავსად ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებს (1:3, 4; 5:1, 17).