ემსახურეთ იეჰოვას მუდამ მტკიცე გულით
„მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული“ (ფსალმუნი 56:8, აქ).
1. რატომ შეგვიძლია ისევე ვიყოთ დარწმუნებული, როგორც დავითი?
იეჰოვას შეუძლია გაგვამტკიცოს ქრისტიანულ რწმენაში, რათა, როგორც მისი მიძღვნილი მსახურები, ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ ქრისტიანობას (რომაელთა 14:4). ამიტომ, ჩვენც შეგვიძლია ისევე ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ფსალმუნმომღერალი დავითი. ის მღეროდა: „მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო“ (ფსალმუნი 107:2, აქ). მტკიცე გული აღგვძრავს, რომ ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ, ხოლო თუ ღმერთს მივმართავთ ხელმძღვანელობისა და სიმტკიცისთვის, ურყევნი ვიქნებით გადაწყვეტილებებსა და რწმენაში, და როგორც უმწიკვლობის დამცველები, ‘მუდამ ვიუხვებთ უფლის საქმეში’ (1 კორინთელთა 15:58).
2, 3. როგორ განმარტავდით 1 კორინთელთა 16:13-ში ჩაწერილ პავლეს მოწოდებას?
2 პავლე მოციქულმა ძველ კორინთში მცხოვრებ იესოს მიმდევრებსა და, მათ შორის, დღევანდელ ქრისტიანებსაც მოუწოდა: „იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი“ (1 კორინთელთა 16:13). ბერძნულ ენაში, თითოეული ეს მოწოდება აწმყო დროშია და უწყვეტ მოქმედებაზე მიანიშნებს. რას ნიშნავს ეს მოწოდება?
3 ჩვენ შეგვიძლია „ვიფხიზლოთ“ სულიერად, თუ შევეწინააღმდეგებით სატანას და მივუახლოვდებით ღმერთს (იაკობი 4:7, 8). იეჰოვაზე მინდობა შესაძლებელს გახდის, რომ შევინარჩუნოთ ერთობა და ‘ვიდგეთ ქრისტიანულ რწმენაში’. ყველანი — ქალებიც და კაცებიც — ‘ვაჟკაცურად ვიქნებით’, თუ უშიშრად ვემსახურებით ღმერთს, როგორც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მაუწყებლები (ფსალმუნი 67:12, აქ). ჩვენ „გავძლიერდებით“, თუ განუწყვეტლივ მივმართავთ ზეციერ მამას სიმტკიცისთვის, რომელიც მისი ნების შესასრულებლად გვჭირდება (ფილიპელთა 4:13).
4. რა ნაბიჯები გადავდგით ქრისტიანად მონათვლამდე?
4 ჩვენ ჭეშმარიტების მხარე დავიკავეთ, როდესაც სრულიად მივუძღვენით თავი იეჰოვას და წყალში ჩაძირვით მოვინათლეთ. მაგრამ, როგორ მივედით ნათლობამდე? პირველ რიგში, ჩვენ მივიღეთ ღვთის სიტყვის ზუსტი შემეცნება (იოანე 17:3). ამ შემეცნებამ მოგვცა რწმენა, აღგვძრა მონანიებისკენ და წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო გულწრფელი სინანული დაგვეუფლა (საქმეები 3:19; ებრაელთა 11:6). ამას მოჰყვა ღვთისკენ ჩვენი მოქცევა, ანუ არასწორი ჩვევების თავიდან მოშორება და ღვთის ნებასთან შეთანხმებით ცხოვრების დაწყება (რომაელთა 12:2; ეფესელთა 4:23, 24). შემდგომი ნაბიჯი — ლოცვაში იეჰოვასადმი მთელი სულითა და გულით მიძღვნა იყო (მათე 16:24; 1 პეტრე 2:21). ჩვენ ვთხოვეთ ღმერთს სუფთა სინდისი და მოვინათლეთ მისადმი მიძღვნის ნიშნად (1 პეტრე 3:21). ამ ყოველივეზე ფიქრი დაგვეხმარება, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და განუწყვეტლივ ვცდილობდეთ მიძღვნის თანახმად ცხოვრებას, მუდამ მტკიცე გულით ვემსახურებოდეთ იეჰოვას.
განუწყვეტლივ ეძებეთ ზუსტი შემეცნება
5. რატომ გვმართებს ბიბლიური შემეცნების განუწყვეტლივ მიღება?
5 იმისათვის რომ ვიცხოვროთ ღვთისადმი ჩვენი მიძღვნის თანახმად, გვმართებს რწმენის განმამტკიცებელი ბიბლიური შემეცნების განუწყვეტლივ მიღება. რაოდენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა სულიერი საზრდო, როდესაც პირველად გავეცანით ღვთის ჭეშმარიტებას! (მათე 24:45—47). ეს „საჭმელი“ ძალიან გემრიელი იყო და ხელს უწყობდა კარგ სულიერობას. ახლა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოყიერი სულიერი საზრდოს რეგულარულად მიღება, რათა შევინარჩუნოთ მტკიცე გული, როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილმა მსახურებმა.
6. როგორ დაგეხმარნენ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი გულწრფელი მადლიერების განვითარებაში?
6 უფრო ღრმა ბიბლიური შემეცნების მისაღებად აუცილებელია გულმოდგინება. ეს დაფარული განძის ძიებას ჰგავს და გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ რაოდენ ძვირფასია ასეთი „ღვთის შემეცნების“ პოვნა! (იგავნი 2:1—6). როდესაც სამეფოს მაუწყებელმა პირველად დაიწყო თქვენთან ბიბლიის შესწავლა, შესაძლოა ის ხელმძღვანელობდა წიგნით: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. თითოეული თავის განხილვას, ალბათ, საკმარისი დრო დაუთმეთ; შესაძლოა, ერთ შეხვედრაზე მეტიც კი. დიდი სარგებლობა მოგიტანათ იმანაც, რომ შესასწავლ მასალაში საღვთო წერილიდან მითითებულ ადგილებს კითხულობდით და არჩევდით. განმარტავდნენ თქვენთვის რთულად გასაგებ საკითხებსაც. ის, ვინც თქვენთან ბიბლიის შესწავლას ატარებდა, კარგად მომზადებული იყო, ლოცულობდა ღვთის სულისთვის და გეხმარებოდათ ჭეშმარიტებისადმი გულწრფელი მადლიერების განვითარებაში.
7. რა დაგეხმარებათ ღვთის ჭეშმარიტების მასწავლებლად მომზადებაში?
7 ასეთი ძალისხმევა მართლაც შესაფერისი იყო, როგორც პავლე წერდა: „სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სიკეთეს უზიარებდეს მოძღვარს“ (გალატელთა 6:6). აქ, ბერძნული ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ ბიბლიის სწავლებები უნდა ჩაიბეჭდოს ‘სიტყვაში დამოძღვრილთა’ გულსა და გონებაში. ასეთი სახით დამოძღვრა გამზადებთ, რომ სხვებსაც ასწავლოთ (საქმეები 18:25). თქვენი მიძღვნის ერთგულები რომ იყოთ, ღვთის სიტყვის განუწყვეტელი სწავლით უნდა შეინარჩუნოთ სულიერი ჯანმრთელობა და სიმტკიცე (1 ტიმოთე 4:13; ტიტე 1:13; 2:2).
გახსოვდეთ მონანიება და ღვთისკენ მოქცევა
8. როგორ შეგვიძლია ღვთისმოსაწონად ცხოვრება?
8 შეგიძლიათ გაიხსენოთ ის შვება, რომელიც დაგეუფლათ მაშინ, როცა შეისწავლეთ ჭეშმარიტება, მოინანიეთ და დარწმუნდით, რომ ღმერთმა გაპატიათ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი თქვენი რწმენის საფუძველზე? (ფსალმუნი 31:1—5; რომაელთა 5:8; 1 პეტრე 3:18). ცხადია, არ გსურთ დაუბრუნდეთ ცოდვილ ცხოვრებას (2 პეტრე 2:20—22). სხვა ყველაფერთან ერთად, იეჰოვასადმი რეგულარული ლოცვა დაგეხმარებათ ღვთისმოსაწონად მოქცევაში, მიძღვნის თანახმად ცხოვრებასა და იეჰოვასადმი ერთგულად მსახურების შენარჩუნებაში (2 პეტრე 3:11, 12).
9. რა მიმართულება უნდა ავირჩიოთ მას მერე, რაც მივატოვეთ ცოდვილი გზები?
9 რადგან ღვთისკენ მოიქეცით და უკვე მიატოვეთ ცოდვილი საქმეები, განაგრძეთ ღვთის დახმარების ძებნა, რათა განიმტკიცოთ გული. სინამდვილეში, ერთ დროს დადიოდით არასწორი გზებით, მაგრამ შემდეგ მიმართეთ საიმედო რუკას და დაიწყეთ სწორი გზით სიარული. ნუ გადაუხვევთ ახლა ამ გზიდან. ენდეთ ღვთის ხელმძღვანელობას და მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი სიცოცხლისკენ მიმავალ ამ გზაზე დარჩენა (ესაია 30:20, 21; მათე 7:13, 14).
ნურასდროს დაივიწყებთ მიძღვნასა და ნათლობას
10. რა უნდა გვახსოვდეს ღვთისადმი ჩვენი მიძღვნის შესახებ?
10 ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავი იეჰოვას მიუძღვენით ლოცვაში და პირობა მიეცით, მარადიულად და მთელი გულით გემსახურათ მისთვის (იუდა 20, 21). მიძღვნა ნიშნავს წმინდა მიზნებისთვის თავის გადადებას (ლევიანნი 15:31; 22:2). ჩვენი მიძღვნა არც დროებითი შეთანხმება ყოფილა და არც ადამიანის წინაშე აღებული ვალდებულებაა. ეს იყო თავის სამუდამოდ მიძღვნა სამყაროს სუვერენისადმი და მის თანახმად რომ ვიცხოვროთ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ღმერთს უნდა ვუერთგულოთ. მართლაც, ‘ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ’ (რომაელთა 14:7, 8). ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია ღვთის ნებისადმი მორჩილებაზე და მტკიცე გულით მისადმი მსახურების გაგრძელებაზე.
11. რატომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ნათლობა და მისი მნიშვნელოვნება?
11 ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მთელი გულით ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლეთ. ძალით არავის მოუნათლიხართ; ეს იყო პირადი სურვილი. გადაწყვიტეთ თუ არა მტკიცედ, რომ თქვენი სურვილები შეუსაბამოთ ღვთის ნებას მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში? თქვენ სთხოვეთ ღმერთს სუფთა სინდისი და მოინათლეთ მისადმი მიძღვნის ნიშნად. თუ მიძღვნის თანახმად იცხოვრებთ და ასეთნაირად გაუფრთხილდებით სუფთა სინდისს, იეჰოვასგან უხვი კურთხევები არ მოგაკლდებათ (იგავნი 10:22).
საკუთარი ნება
12, 13. როგორ არის დაკავშირებული საკუთარი ნება მიძღვნასა და ნათლობასთან?
12 მართლაცდა, მიძღვნამ და ნათლობამ მთელ დედამიწაზე მცხოვრებ მილიონობით ადამიანს უამრავი კურთხევა მოუტანა. ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მონათვლისას ჩვენ მოვაკვდინეთ წარსული ცხოვრების გზა, მაგრამ არა საკუთარი ნება. როგორც კარგად განსწავლულმა მორწმუნეებმა, ფაქტობრივად, საკუთარი ნება გამოვავლინეთ, როდესაც ღმერთს მივუძღვენით თავი ლოცვაში და მოვინათლეთ. მიძღვნა და ნათლობა მოითხოვს, რომ განვსაზღვროთ, რა არის ღვთის ნება და შემდეგ მიზანდასახულად შევასრულოთ იგი (ეფესელთა 5:17). ამგვარად, ჩვენ ვბაძავთ იესოს, რომელიც საკუთარი ნებით შეეშვა დურგლობას, მოინათლა და მთელი გულმოდგინებით შეუდგა თავისი ზეციერი მამის ნების შესრულებას (ფსალმუნი 39:8, 9; იოანე 6:38—40).
13 იეჰოვა ღმერთს განზრახული ჰქონდა, რომ თავისი ძე „სრულეყო ტანჯვით“. ამიტომ იესოს ნებისყოფა უნდა გამოევლინა, რათა ასეთი ტანჯვა ერთგულად გადაეტანა. ამისათვის მან „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას... და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 2:10, 18; 5:7, 8). თუ ვავლენთ მსგავს ღვთისმოშიშებას, ჩვენც უეჭველად ‘შესმენილ ვიქნებით’ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ იეჰოვა მოგვცემს მტკიცე გულს, როგორც მისადმი მიძღვნილ მოწმეებს (ესაია 43:10).
თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მტკიცე გული
14. რატომ უნდა ვიკითხოთ ბიბლია ყოველდღე?
14 რა დაგეხმარებათ მტკიცე გულის შენარჩუნებასა და ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებაში? ღვთის სიტყვის მუდამ მზარდი შემეცნების მისაღებად იკითხეთ ბიბლია ყოველდღე. „ერთგული და გონიერი მონა“ ამას გამუდმებით მოგვიწოდებს. ეს საკმაოდ ყურადსაღები რჩევაა, ვინაიდან თუ გვსურს ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება, მუდამ უნდა ვიაროთ ღვთის ჭეშმარიტებით. იეჰოვას ორგანიზაცია რომ შეგნებულად უჭერდეს მხარს ცრუ სწავლებებს, მაშინ ის არც იეჰოვას მოწმეებსა და არც მათ, ვისაც ისინი უქადაგებენ, არ ურჩევდა მის კითხვას.
15. ა) რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილებების მიღებისას? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნიური სამუშაო მეორეხარისხოვანი საქმეა?
15 გადაწყვეტილებების მიღებისას ყოველთვის დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენს ეს იეჰოვასადმი შენს მიძღვნაზე. შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ქვეყნიურ სამუშაოსაც ეხება. ცდილობთ თუ არა, რომ თქვენი სამსახურით ჭეშმარიტი თაყვანისცემა განადიდოთ? დამსაქმებლები ჩვეულებრივ რწმუნდებიან, რომ მიძღვნილი ქრისტიანები საიმედონი და შრომისმოყვარენი არიან, მაგრამ იმასაც ატყობენ, რომ იეჰოვას მოწმეები სრულიად არ ისწრაფვიან რაიმე მდგომარეობის მისაღწევად და არა აქვთ შეჯიბრების სული, რომ სხვებზე სარფიანი თანამდებობა დაიკავონ. ეს იმიტომ, რომ მოწმეების მიზანი არ არის სიმდიდრის, სახელის, პრესტიჟის ან ძალაუფლების მოპოვება. ისინი, ვინც მიძღვნის თანახმად ცხოვრობენ, ღვთის ნების შესრულებას აყენებენ პირველ ადგილზე. ქვეყნიური სამუშაო, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებისა თუ საგნების შეძენის შესაძლებლობას იძლევა, მეორეხარისხოვანი საქმეა. მოციქულ პავლეს მსგავსად, მათი ძირითადი საქმეც ქრისტიანული მსახურებაა (საქმეები 18:3, 4; 2 თესალონიკელთა 3:7, 8; 1 ტიმოთე 5:8). აყენებ თუ არა სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე? (მათე 6:25—33).
16. რა უნდა გავაკეთოთ, თუ მეტისმეტი საზრუნავი ხელს გვიშლის ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებაში?
16 ზოგიერთი, შესაძლოა, ჭეშმარიტების გაგებამდე სხვადასხვა საზრუნავით თუ პრობლემით იყო გატანჯული. მაგრამ, მათი გული სიხარულით, მადლიერებითა და ღვთისადმი სიყვარულით აივსო მაშინ, როდესაც სამეფოსთან დაკავშირებული იმედის შესახებ გაიგეს! მას შემდეგ მიღებულ კურთხევებზე ფიქრი, ალბათ, ეხმარება კიდეც მათ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებაში. მეორე მხრივ კი, როგორ მოვიქცეთ, თუ ახლანდელი სისტემისთვის დამახასიათებელი გადაჭარბებული ცხოვრებისეული საზრუნავი აშთობს „ღვთის სიტყვას“, მსგავსად ეკლებისა, რომლებიც ნერგს არ აძლევს სრული განვითარების საშუალებას? (ლუკა 8:7, 11, 14; მათე 13:22; მარკოზი 4:18, 19). თუ გრძნობთ, რომ ასეთი რამ გემართებათ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს, მიანდეთ საზრუნავი იეჰოვას და ილოცეთ, რათა ღმერთი დაგეხმაროთ სიყვარულისა და მადლიერების განვითარებაში. თუ მიანდობთ თქვენს ტვირთს ღმერთს, ის დაგიცავთ და მოგცემთ ძალას, რომ ემსახუროთ მას სიხარულით და მტკიცე გულით (ფსალმუნი 54:23; ფილიპელთა 4:6, 7; გამოცხადება 2:4).
17. როგორ შეიძლება მძიმე განსაცდელებთან გამკლავება?
17 განუწყვეტლივ ილოცეთ იეჰოვა ღმერთისადმი, ისევე როგორც მიძღვნისას ლოცულობდით (ფსალმუნი 64:3). ცოდვის ჩადენის ცდუნების ან მძიმე განსაცდელისას ეძებეთ ღვთის ხელმძღვანელობა და მისი დახმარება. თუ რაოდენ აუცილებელია ამ შემთხვევაში რწმენა, ამას კარგად გვანახვებს მოწაფე იაკობი, რომელმაც დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რამეს. ორჭოფი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:5—8). თუკი გეჩვენებათ, რომ განსაცდელი უზომოდ დამრთგუნველია, დარწმუნებული იყავით, რომ: „არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა. და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“ (1 კორინთელთა 10:13).
18. რა უნდა გავაკეთოთ თუ სერიოზული ცოდვის დაფარვა ასუსტებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიცხოვროთ იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად?
18 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მძიმე ცოდვის დაფარვა ტანჯავს თქვენს სინდისს და ასუსტებს გადაწყვეტილებას, იცხოვროთ ღვთისადმი მიძღვნის თანახმად? თუ ინანიებთ, შეგიძლიათ თავი ინუგეშოთ იეჰოვას სიტყვებით, რომ ‘არ დაამცირებს მოდრეკილისა და მორჩილის გულს’ (ფსალმუნი 50:19). დახმარებისთვის მიმართეთ მოსიყვარულე ქრისტიან უხუცესებს. ისინი ჰბაძავენ იეჰოვას და გულგრილად არ შეხედავენ თქვენს სურვილს, რომ კარგი ურთიერთობა აღადგინოთ ზეციერ მამასთან (ფსალმუნი 102:10—14; იაკობი 5:13—15). შემდეგ განახლებული სულიერი ძალებითა და მტკიცე გულით შეძლებთ თქვენი სავალი გზების გასწორებას და დარწმუნდებით, რომ ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრება შესაძლებელია (ებრაელთა 12:12, 13).
ემსახურეთ იეჰოვას მუდამ მტკიცე გულით
19, 20. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება?
19 დღევანდელ მძიმე დროს გვმართებს დიდი ძალისხმევა, რომ ვიცხოვროთ ჩვენი მიძღვნის თანახმად და ვემსახუროთ ღმერთს მუდამ მტკიცე გულით. იესომ თქვა: „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13). ვინაიდან „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, ამ სისტემის აღსასრული, შეიძლება, ნებისმიერ წუთს დადგეს (2 ტიმოთე 3:1). უფრო მეტიც, არც ერთი ჩვენგანი არ არის დარწმუნებული, იქნება ხვალ ცოცხალი თუ არა (იაკობი 4:13, 14). ასე რომ, მნიშვნელოვანია, დღესვე ვიცხოვროთ ჩვენი მიძღვნის თანახმად!
20 მოციქულმა პეტრემ ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი თავის მეორე წერილში. მან აჩვენა, რომ უღვთო კაცობრიობის წარღვნით განადგურების მსგავსად, სიმბოლური მიწა, ანუ ბოროტი საზოგადოებაც, განადგურდება ‘იეჰოვას დღეს’. შემდეგ პეტრე ამბობს: „როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში“? მან, აგრეთვე მოუწოდა მათ: „საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს [ცრუ მასწავლებლებსა და უღვთო მამაკაცებს] და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე“ (2 პეტრე 3:5—17). რა სამწუხარო იქნებოდა, თუკი მონათლული გადაუხვევდა ჭეშმარიტების გზიდან და სიცოცხლეს დაასრულებდა, როგორც ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ვერ შეძლო მტკიცე გულის შენარჩუნება!
21, 22. როგორ მართლდება ფსალმუნის 56:8-ში ჩაწერილი სიტყვები დავითზე და ჭეშმარიტ ქრისტიანებზე?
21 თქვენი გადაწყვეტილება — იცხოვროთ ღვთისადმი მიძღვნის თანახმად — უფრო გაძლიერდება, თუ გემახსოვრებათ ის ბედნიერი დღე, როდესაც მოინათლეთ და მიმართავთ ღმერთს დახმარებისთვის. ასეთი სახით, თქვენი სიტყვითა თუ საქმით გაახარებთ მის გულს (იგავნი 27:11). იეჰოვა არასდროს ტოვებს თავის ხალხს და მართლაც ერთგულები უნდა ვიყოთ მისადმი (ფსალმუნი 93:14). მან გამოავლინა გულმოწყალება და თანაგრძნობა იმით, რომ ჩაშალა დავითის მტრების გეგმები და დაიხსნა ის. ამ ყოველივესთვის მადლიერების გრძნობით აღვსილმა დავითმა თავისი მხსნელისადმი მტკიცე და ურყევი სიყვარული გამოავლინა. დავითი მთელი გრძნობით მღეროდა: „მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ“ (ფსალმუნი 56:8, აქ).
22 დავითის მსგავსად, დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანებიც უშიშრად ავლენენ ღვთისადმი ერთგულებას. მათ მტკიცე გულით სწამთ, რომ მხსნელი და დამცველი იეჰოვაა და სიხარულით უმღერიან სადიდებელს. თუ მტკიცე გული გაქვთ, მაშინ ღმერთს მიენდობით და მისი დახმარებით შეძლებთ მიძღვნის თანახმად ცხოვრებას. დიახ, თქვენ იქნებით, როგორც „მართალი“, რომლის შესახებაც ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე“ (ფსალმუნი 111:6, 7). ღვთისადმი რწმენით და მასზე სრული მინდობით, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ მიძღვნის თანახმად და მუდამ მტკიცე გულით ემსახუროთ იეჰოვას.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ უნდა განვაგრძოთ ზუსტი ბიბლიური შემეცნების მიღება?
• რატომ უნდა გვახსოვდეს მონანიება და ღვთისკენ მოქცევა?
• რა სარგებლობას მოგვიტანს ჩვენს მიძღვნასა და მონათვლაზე ფიქრი?
• რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვას მუდამ მტკიცე გულით ვემსახუროთ?
[სურათები 18 გვერდზე]
ქრისტიანული მსახურების უმთავრეს საქმედ ქცევა იეჰოვასადმი მუდამ მტკიცე გულით მსახურებაში გვეხმარება.
[სურათი 18 გვერდზე]
ინარჩუნებთ თუ არა სულიერ ჯანმრთელობას ღვთის სიტყვის ყოველდღიური კითხვით?