ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 39
ჩაწერილია შენი სახელი „სიცოცხლის წიგნში“?
„სამახსოვრო წიგნი იწერებოდა მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის“ (ᲛᲐᲚ. 3:16).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 61 მოწმეებო, წინ!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. მალაქიას 3:16-ის თანახმად, რა წიგნი იწერება იეჰოვას წინაშე და რა წერია მასში?
ᲣᲙᲕᲔ ათასწლეულებია, იეჰოვას წინაშე განსაკუთრებული წიგნი იწერება, რომელშიც შესულია პირველი მოწმიდან, აბელიდან, მოყოლებული ყველა მისი ერთგული მსახურის სახელიb (ლუკ. 11:50, 51). დროთა განმავლობაში ამ სიას ახალ-ახალი სახელები ემატებოდა და დღეს უკვე მილიონობით სახელია მასში. ბიბლიაში ამ წიგნს ეწოდება „სამახსოვრო წიგნი“, „სიცოცხლის წიგნი“ და „სიცოცხლის გრაგნილი“. ამ სტატიაში მას „სიცოცხლის წიგნად“ მოვიხსენიებთ (წაიკითხეთ მალაქიას 3:16; გამოცხ. 3:5; 17:8).
2. ვისი სახელებია ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“ და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელიც ჩაიწეროს მასში?
2 ამ წიგნში მათი სახელებია ჩაწერილი, ვინც კრძალვითა და შიშით ეთაყვანება იეჰოვას და ვისაც უყვარს მისი სახელი. ასეთებს მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ. თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს, რის საშუალებასაც იესოს გამოსასყიდი გვაძლევს, გამოდის, რომ ჩვენი სახელიც ამ წიგნშია ჩაწერილი (იოან. 3:16, 36). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყველას გვინდა, ჩვენი სახელი ამ წიგნში მოხვდეს.
3, 4. ა) გარანტირებული გვაქვს მარადიული სიცოცხლე, თუ ჩვენი სახელი „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი? ახსენით. ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიებში?
3 ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა, ვისი სახელიც „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს? პასუხს ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან, რომლებიც მოსეს უთხრა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან“ (გამ. 32:33). ასე რომ, ამ წიგნიდან შეიძლება სახელები ამოიშალოს კიდეც. იეჰოვას თითქოსდა ფანქრით აქვს ამ წიგნში სახელები ჩაწერილი (გამოცხ. 3:5). ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელი არ ამოიშალოს „სიცოცხლის წიგნიდან“ და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მელნით ჩაიწეროს.
4 შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები. მაგალითად, რას ამბობს ბიბლია მათ შესახებ, ვისი სახელებიც არის ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“ და ვისიც — არა? როდის მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს ისინი, ვისი სახელებიც „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი? რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ისე მოკვდა, რომ იეჰოვას გაცნობის საშუალება არ ჰქონია? შეიძლება მათი სახელებიც ჩაიწეროს „სიცოცხლის წიგნში“? ამ კითხვებზე წინამდებარე და მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.
ᲕᲘᲡᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘᲐ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲚᲘ „ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲨᲘ“?
5, 6. ა) ფილიპელების 4:3-ის თანახმად, ვისი სახელებია ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“? ბ) როდის ჩაიწერება მათი სახელები საბოლოოდ ამ წიგნში?
5 ვისი სახელებია ჩაწერილი ამ სიმბოლურ წიგნში? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ვისაუბროთ ადამიანთა ხუთ კატეგორიაზე. მათგან ზოგის სახელი ჩაწერილია „სიცოცხლის წიგნში“, ზოგის კი — არა.
6 პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, ვინც იეჰოვამ ქრისტეს თანამმართველებად აირჩია. არის მათი სახელები ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“? დიახ. ეს ჩანს პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც მან ფილიპეში მცხოვრებ თანამსახურებს მისწერა (წაიკითხეთ ფილიპელების 4:3). თუმცა მათ ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ ერთგულება, რომ მათი სახელები არ ამოიშალოს ამ სიმბოლური წიგნიდან. ცხებულების სახელები მაშინ ჩაიწერება „მელნით“ ამ წიგნში, როცა მათ საბოლოოდ დაესმებათ ბეჭედი სიკვდილამდე ან „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე (გამოცხ. 7:3).
7. გამოცხადების 7:16, 17-დან გამომდინარე, როდის ჩაიწერება საბოლოოდ „სიცოცხლის წიგნში“ მათი სახელები, ვინც „უამრავ ხალხს“ მიეკუთვნება?
7 მეორე კატეგორიას მიეკუთვნება „უამრავი ხალხი“. მათი სახელებიც ჩაწერილია „სიცოცხლის წიგნში“. არმაგედონის შემდეგაც იქნება მათი სახელები „სიცოცხლის წიგნში“? დიახ (გამოცხ. 7:14). ამ ცხვრისმაგვარ ადამიანებზე იესომ თქვა, რომ „მარადიულად იცოცხლებენ“ (მათ. 25:46; იოან. 10:16). მაგრამ ისინი არმაგედონის შემდეგ მაშინვე არ მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს. მათი სახელები ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ფანქრით იქნება ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“. თავისი ათასწლიანი მეფობის დროს იესო „დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება“. მათი სახელები, ვინც მორჩილად გაჰყვება იესოს და საბოლოოდ იეჰოვას ერთგულად ჩაითვლება, აღარასდროს ამოიშლება „სიცოცხლის წიგნიდან“ (წაიკითხეთ გამოცხადების 7:16, 17).
8. ვისი სახელები არ არის ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“ და რა ელის მათ?
8 მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან თხისმაგვარი ადამიანები, რომლებიც განადგურდებიან არმაგედონში. მათი სახელები არ წერია „სიცოცხლის წიგნში“. იესომ ასეთებზე თქვა, რომ „სამუდამოდ განადგურდებიან“ (მათ. 25:46). ღვთივშთაგონებით პავლემაც დაწერა მათზე, რომ „სასჯელად მარადიულ განადგურებას დაიტეხენ“ (2 თეს. 1:9; 2 პეტ. 2:9). იგივე ხვედრი ელის მათაც, ვინც სიცოცხლეში განზრახ მიდიოდა ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგ. ისინი აღდგომას არ დაექვემდებარებიან (მათ. 12:32; მარ. 3:28, 29; ებრ. 6:4—6). მოდი ახლა ვისაუბროთ ადამიანთა იმ ორ კატეგორიაზე, რომლებიც დედამიწაზე აღდგებიან.
ᲕᲘᲜ ᲐᲦᲓᲒᲔᲑᲐ?
9. საქმეების 24:15-ის თანახმად, რა ორი კატეგორიის ხალხი აღდგება დედამიწაზე და რა განსხვავებაა მათ შორის?
9 ბიბლია ორი კატეგორიის ადამიანებზე საუბრობს, რომლებიც მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობით აღდგებიან. ესენი არიან „მართლები“ და „უმართლოები“ (წაიკითხეთ საქმეების 24:15). „მართლები“ არიან ისინი, ვინც სიცოცხლეში ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. „უმართლოები“ კი ისინი არიან, ვინც სიკვდილამდე არ ემსახურებოდნენ მას. ხშირ შემთხვევაში მათი საქციელი ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას ნორმებს. რახან ორივე კატეგორია აღდგება, ნიშნავს ეს იმას, რომ მათი სახელები უკვე წერია „სიცოცხლის წიგნში“? პასუხის გასაგებად განვიხილოთ ორივე კატეგორია.
10. რატომ აღდგებიან „მართლები“ და რას გააკეთებს ზოგი მათგანი? (იხილეთ „მკითხველთა შეკითხვები“ ამავე ნომერში მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით).
10 „მართლები“ შეადგენენ მეოთხე კატეგორიას. სანამ დაიხოცებოდნენ, მათი სახელები უკვე ჩაწერილი იყო „სიცოცხლის წიგნში“. ამოიშალა სიკვდილის შემდეგ მათი სახელები ამ წიგნიდან? არა, რადგან ისინი კვლავაც ცოცხლობენ იეჰოვას მეხსიერებაში. იეჰოვა „მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკ. 20:38). ასე რომ, მათი სახელები „სიცოცხლის წიგნში“ აღდგომის შემდეგაც იქნება ჩაწერილი, ოღონდ, ასე ვთქვათ, ფანქრით (ლუკ. 14:14). ეჭვი არ გვეპარება, რომ მკვდრეთით აღმდგართაგან ზოგი მთავრად დაინიშნება მთელ დედამიწაზე (ფსალმ. 45:16).
11. რა შემთხვევაში მოხვდება „უმართლოების“ სახელები „სიცოცხლის წიგნში“?
11 მეხუთე კატეგორიას „უმართლოები“ შეადგენენ. შესაძლოა სიცოცხლეში მათ არ მიეცათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა, შესაბამისად ისინი ვერ იცხოვრებდნენ მისი ნორმების თანახმად და ვერც მათი სახელები ჩაიწერებოდა „სიცოცხლის წიგნში“. ამიტომ აღდგომის შემდეგ იეჰოვა მათ იმის შანსს მისცემს, რომ მათი სახელები „სიცოცხლის წიგნში“ მოხვდეს. მკვდრეთით აღმდგარ „უმართლოებს“ დიდი დახმარება დასჭირდებათ. სიკვდილამდე ზოგი მათგანი საშინელ საქმეებს სჩადიოდა, ამიტომ მათ უნდა ისწავლონ იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრება. სწორედ ამ მიზნით ღვთის სამეფო არნახულ საგანმანათლებლო საქმიანობას წამოიწყებს.
12. ა) ვინ ასწავლის „უმართლოებს“? ბ) რა დაემართება მათ, ვინც ყურად არ იღებს ნასწავლს?
12 ვინ ასწავლის „უმართლოებს“? „უამრავი ხალხი“ და მკვდრეთით აღმდგარი „მართლები“. „უმართლოთა“ სახელები მხოლოდ მაშინ ჩაიწერება „სიცოცხლის წიგნში“, თუ ისინი დაუახლოვდებიან იეჰოვას და თავს მიუძღვნიან მას. მათ სულიერ წინსვლას გულდასმით დააკვირდებიან იესო ქრისტე და მისი თანამმართველები (გამოცხ. 20:4). ვინც ყურად არ იღებს ნასწავლს და არ შეიცვლება, ასი წლისაც რომ იყოს, განადგურდება (ეს. 65:20). იეჰოვა და იესო გულებს ხედავენ, ამიტომ არავის მისცემენ უფლებას, რომ რამე დააშავოს ან ვინმეს ზიანი მიაყენოს ახალ ქვეყნიერებაში (ეს. 11:9; 60:18; 65:25; იოან. 2:25).
ᲐᲦᲓᲒᲝᲛᲐ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲘᲡ ᲛᲘᲡᲐᲦᲔᲑᲐᲓ ᲓᲐ ᲒᲐᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲚᲐᲓ
13, 14. ა) წარსულში როგორ გვესმოდა იოანეს 5:29-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები? ბ) რატომ საჭიროებს ეს მუხლი ახლებურ ახსნას?
13 იესომაც ისაუბრა მათზე, ვინც დედამიწაზე აღდგებოდა. მან თქვა: „მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება: კარგის მოქმედი — სიცოცხლის მისაღებად, ცუდის მოქმედი კი — გასასამართლებლად“ (იოან. 5:28, 29). რა იგულისხმა იესომ ამაში?
14 წარსულში გვეგონა, რომ იესო საუბრობდა იმაზე, რასაც მკვდრები აღდგომის შემდეგ გააკეთებდნენ, ანუ ზოგი კარგის მოქმედი იქნებოდა, ზოგი კი — ცუდის. მაგრამ იესოს არ უთქვამს, რომ ისინი აღდგომის შემდეგ იქნებოდნენ კარგის ან ცუდის მოქმედნი. დედნისეულ ტექსტში აქ წარსული დროა გამოყენებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სიკვდილამდე იყვნენ კარგის მოქმედნი ან ცუდის მოქმედნი. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ახალ ქვეყნიერებაში არავის მიეცემა უფლება, რომ ცუდი აკეთოს. ასე რომ, „ცუდის მოქმედნი“ ის უმართლოები არიან, რომლებიც სიკვდილამდე სჩადიოდნენ ცუდ საქმეებს. მაშ, როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები, რომ იქნება აღდგომა სიცოცხლის მისაღებად და გასასამართლებლად?
15. ვინ აღდგება სიცოცხლის მისაღებად და რატომ?
15 „მართლები“, რომლებიც სიკვდილამდე კარგ საქმეებს აკეთებდნენ, სიცოცხლის მისაღებად აღდგებიან, რადგან მათი სახელები „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ იოანეს 5:29-ში მოხსენიებული „კარგის მოქმედნი“ და საქმეების 24:15-ში მოხსენიებული „მართლები“ ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანები არიან. ეს ახლებური ახსნა სრულ თანხმობაშია რომაელების 6:7-ში ჩაწერილ სიტყვებთანაც: „ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა“. სიკვდილით მართალთა ცოდვები წაიშალა, მაგრამ ღმერთს არ დავიწყებია ის კარგი საქმეები, რაც მისთვის გაუკეთებიათ (ებრ. 6:10). თუმცა ცხადია, მათ აღდგომის შემდეგაც უნდა უერთგულონ ღმერთს, რომ მათი სახელები არ ამოიშალოს „სიცოცხლის წიგნიდან“.
16. რა იგულისხმება გასასამართლებლად აღდგომაში?
16 რისი თქმა შეიძლება მათზე, ვინც სიკვდილამდე ცუდის მოქმედი იყო? მართალია, მათი ცოდვებიც წაიშალა, მაგრამ სიკვდილამდე ისინი არ ყოფილან ღვთის ერთგული მსახურები. მათი სახელები არ არის ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“. გამოდის, რომ „ცუდის მოქმედნი“ და საქმეების 24:15-ში მოხსენიებული „უმართლოები“ ერთი და იგივე კატეგორიის ხალხია, რომელიც გასასამართლებლად აღდგება.c ისინი იმ გაგებით გასამართლდებიან, რომ იესო დააკვირდება და შეაფასებს მათ საქმეებს (ლუკ. 22:30). დრო გამოაჩენს, დაიმსახურებენ თუ არა ისინი „სიცოცხლის წიგნში“ მოხვედრას. მათი სახელები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიწერება „სიცოცხლის წიგნში“, თუ ისინი არ დაუბრუნდებიან მანკიერ ცხოვრებას და იეჰოვას მიუძღვნიან თავს.
17, 18. რისი გაკეთება მოუწევს ყველა მკვდრეთით აღმდგარს და რა საქმეებზეა საუბარი გამოცხადების 20:12, 13-ში?
17 ყველა მკვდრეთით აღმდგარი, „მართალიც“ და „უმართლოც“, უნდა დაემორჩილოს იმ „გრაგნილებში“ ჩაწერილ ახალ მითითებებს, რომლებიც ათასწლიანი მმართველობის დროს გაიშლება. აი, ასე აღგვიწერს ამას მოციქული იოანე: „ვიხილე ტახტის წინ მდგომი მკვდრები, დიდი და მცირე, და გაშლილი გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“ (გამოცხ. 20:12, 13).
18 რომელი საქმეების მიხედვით გასამართლდებიან მკვდრეთით აღმდგრები? რაც სიკვდილამდე უკეთებიათ? არა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სიკვდილით მათი ცოდვები წაიშალა. ასე რომ, ამაში სიკვდილამდე გაკეთებული საქმეები კი არა, ის საქმეები იგულისხმება, რომლებსაც ისინი ახალ ქვეყნიერებაში ღვთისგან დამოძღვრის შემდეგ გააკეთებენ. თუკი ისეთი ღვთისმოშიში მამაკაცებიც კი, როგორებიც იყვნენ ნოე, სამუელი, დავითი და დანიელი, უნდა გაეცნონ იესო ქრისტეს და ირწმუნონ, რომ მის მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს, მით უმეტეს „უმართლოებს“ მოუწევთ ამის გაკეთება!
19. რა ელის მათ, ვინც ღვთისგან ბოძებულ შესანიშნავ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს?
19 რა ელის მათ, ვინც ხელიდან გაუშვებს ღვთისგან ბოძებულ შესანიშნავ შესაძლებლობას? გამოცხადების 20:15-ში ვკითხულობთ: „ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სამუდამოდ განადგურდებიან. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელი ჩაიწეროს „სიცოცხლის წიგნში“ და არასდროს ამოიშალოს იქიდან.
20. რა გასაოცარი საქმე შესრულდება ათასწლიანი მმართველობის პერიოდში? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
20 ათასწლიანი მმართველობით დედამიწაზე გასაოცარი ეპოქა დაიწყება. იმ დროს მსოფლიო მასშტაბით არნახული საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება. ამ პერიოდში „მართლებისა“ და „უმართლოების“ საქმეებიც შეფასდება (ეს. 26:9; საქ. 17:31). რას მოიცავს ეს საგანმანათლებლო პროგრამა? ამ საკითხზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 147 ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება
a ამ სტატიაში მოცემულია იოანეს 5:28, 29-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების განახლებული ახსნა. გავიგებთ, რა ორი ტიპის აღდგომაზე საუბრობს იესო და ვის ეხება ეს აღდგომა.
b ეს წიგნი „ქვეყნიერების დასაბამიდან“ იწერება. „ქვეყნიერებაში“ იგულისხმება ხალხი, რომელიც გამოსყიდვას ექვემდებარება (მათ. 25:34; გამოცხ. 17:8). გამოდის, რომ მართალი აბელი პირველი იყო, ვისი სახელიც „სიცოცხლის წიგნში“ ჩაიწერა.
c უწინ ვფიქრობდით, რომ „გასამართლება“ ამ კონტექსტში გამამტყუნებელი განაჩენის მნიშვნელობით იყო გამოყენებული. ამ სიტყვას ასეთი მნიშვნელობაც აქვს. მაგრამ ამ კონტექსტში იესო, როგორც ჩანს, მას ზოგადი მნიშვნელობით იყენებს და გულისხმობს ადამიანზე დაკვირვებასა და მის შემოწმებას. ერთი-ერთი ბერძნული ლექსიკონის თანახმად, ამ სიტყვაში ვინმეს საქციელის შეფასებაც იგულისხმება.