რატომ არ უნდა გავურბოდეთ რელიგიაზე საუბარს
„რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავნი 27:17, ბიბლია).
დანები არ ილესება ერთმანეთზე დარტყმით. ლესვა სრულიად განსხვავებული პროცესია. მსგავსად ამისა, არსებობს სწორი და არასწორი მეთოდები საუბრით ვინმეს აზროვნების „გალესვისა“, განსაკუთრებით კი ისეთ საფრთხილო თემებზე საუბრით, როგორიცაა რელიგია.
პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ სხვის პირად ღირსების გრძნობას, რაც ჩვენს სიტყვებსა და მანერებში უნდა ვლინდებოდეს. „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“, — ნათქვამია ბიბლიაში (კოლასელთა 4:6). თავაზიან და „შეზავებულ“ საუბარს არ ახლავს კატეგორიულობა მაშინაც კი, როდესაც მოსაუბრე დარწმუნებულია, რომ თვითონ მართალია, მეორე კი ცდება.
ჩვენი თავაზიანობა მოსმენის მანერიდანაც ჩანს. ვერ ვიქნებით თავაზიანები, თუ ვინმეს ლაპარაკს ვაწყვეტინებთ ან ყურადღებით არ ვართ, რადგან გულში პასუხს ვამზადებთ. მან, ვისაც ვესაუბრებით, სრულიად შესაძლებელია იგრძნოს, რომ არ გვაინტერესებს მისი თვალსაზრისი, და შეწყვიტოს საუბარი. გარდა ამისა, არასდროს უნდა ვაიძულოთ ან დავაშინოთ სხვა, შეიცვალოს თვალსაზრისი. ბოლოს და ბოლოს, ‘ღმერთი ზრდის ჭეშმარიტების მარცვალს’ გულწრფელი მსმენელების გულებში (1 კორინთელთა 3:6).
მოციქული პავლე კარგი მაგალითია ჩვენთვის, რადგან მსახურებისას ის „ელაპარაკებოდა“ და „არწმუნებდა“ სხვებს (საქმეები 17:17; 28:23, 24). ის რელიგიის შესახებ ყველგან ესაუბრებოდა ხალხს — სავაჭრო მოედანზეც და სახლებშიც (საქმეები 17:2, 3; 20:20). იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიბაძონ მის მაგალითს იმით, რომ მიდიან ყველგან, სადაც კი ხალხი ცხოვრობს, და ბიბლიურ თემებზე ესაუბრებიან მათ.
გაუგებრობისთვის თავის არიდება
ისრაელები ახალი დასახლებული იყვნენ აღთქმულ მიწაზე, როდესაც საკურთხეველთან დაკავშირებით გაუგებრობამ სამოქალაქო ომის ზღურბლამდე მიიყვანა ისინი. მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით დასახლებულებმა საკურთხეველი ააგეს, სხვა ტომებს კი ის ცრუ თაყვანისმცემლობის საკურთხეველი ეგონათ. ამიტომ გასალაშქრებლად მოემზადნენ, რომ დაესაჯათ თავიანთი ძმები. მაგრამ კეთილგონიერებამ გაიმარჯვა. მათ, რომლებიც შეიძლება თავდამსხმელები გამხდარიყვნენ, ჯერ ელჩები გაგზავნეს, რომ გაეგოთ, რატომ ააგეს ეს საკურთხეველი. მათდა დამამშვიდებლად, გაიგეს, რომ ეს იყო, უბრალოდ, ძეგლი — „მოწმე“ — რომელიც ყველა ტომს იეჰოვა ღმერთის წინაშე მათს ერთიანობას შეახსენებდა. საუბარმა მათ თავიდან აარიდა შეტაკება და ბევრს სიცოცხლე შეუნარჩუნა (იესო ნავეს ძე 22:9–34).
მსგავსად ამისა, გაუგებრობებს დღეს ხშირად გაუცხოება და წინასწარაკვიატებული აზრი მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, ზოგს იეჰოვას მოწმეები სისხლის გადასხმის უარყოფის შესახებ ცნობების გამო ფანატიკოსებად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, ისინი, ვინც პირადად ესაუბრა მოწმეებს ამ საკითხზე, გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ თავიანთი პოზიციისთვის მათ ბიბლიური საფუძველი აქვთ და რომ არსებობს მკურნალობის უსაფრთხო ეფექტური ალტერნატიული მეთოდები (ლევიანნი 17:13, 14; საქმეები 15:28, 29). სისხლის მარაგთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთ-ერთი გაზეთის მიმომხილველმა დაწერა: „მადლობა ღმერთს, რომ იეჰოვას მოწმეები ინიციატივას იჩენენ სისხლის შემცვლელების ძიებაში“.
ზოგი უარს ამბობს იეჰოვას მოწმეებთან საუბარზე, რადგან გაგონილი აქვთ, თითქოს მათ არ სწამთ იესო ქრისტე. ეს კი ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს! იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ იესოს როლს ჩვენს გადარჩენაში და ამბობენ, რომ ის ღვთის ძეა, რომელიც დედამიწაზე გამოიგზავნა ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის გამოსასყიდად. მოწმეებთან ამ საკითხზე საუბრისას ხალხმა გაარკვია გაუგებრობები (მათე 16:16; 20:28; იოანე 3:16; 14:28; 1 იოანე 4:15).
ჭეშმარიტება საყოველთაოდაა აღიარებული?
შეიძლება ბევრს აკვირვებს ის, რომ, როდესაც საქმე რელიგიას ეხება, აღიარებული ხშირად არასწორია. თვითონ იესო ქრისტე ასწავლიდა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).
ნოეს დღეებში მხოლოდ რვანი — ნოე, მისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი ცოლები — აცხადებდნენ ღვთიურ ჭეშმარიტებას. გამაფრთხილებელი ცნობისა და კიდობნის შენების გამო მათ დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ კიდეც. მიუხედავად ამისა, ნოესა და მის ოჯახს არ ეშინოდათ; ისინი განაგრძობდნენ ქადაგებასა და შენებას (დაბადება 6:13, 14; 7:21–24; 2 პეტრე 2:5). მსგავსად ამისა, მხოლოდ სამი კაცი ემორჩილებოდა ღვთის მითითებებს და გადაურჩა სოდომისა და გომორის განადგურებას (დაბადება 19:12–29; ლუკა 17:28–30).
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? „ქრისტე დღეს რომ ისევ ადამიანად მოსულიყო, ხალხი, ალბათ, ხელმეორედ მოკლავდა მას“, — უთხრა იეჰოვას მოწმეს ერთმა კაცმა. მან დაინახა, რომ იესოს მოძღვრება და მაღალი ზნეობრივი ნორმები დღესაც არაა საყოველთაოდ აღიარებული ისევე, როგორც 2 000 წლის წინ. თქვენც ასე ფიქრობთ?
თუ დიახ, მართალი ხართ, რადგან იესო აფრთხილებდა თავის მოწაფეებს: „მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“; ეს წინასწარმეტყველება გამართლდა (მათე 24:9). იუდეველმა ბელადებმა მოციქულ პავლეს ქრისტიანობასთან დაკავშირებით უთხრეს: „ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:22). იმის გამო, რომ ქრისტიანობა არ იყო საყოველთაოდ აღიარებული რელიგია, ქრისტეს მიმდევრებს არ შეუწყვეტიათ სხვებისთვის თავისი რწმენის გაზიარება და არც გულწრფელ ადამიანებს შეუწყვეტიათ ამის გამო ქრისტიანებთან საუბარი (საქმეები 13:43–49).
დღეს იესოს ცნობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. რატომ? იმიტომ რომ, როგორც მსოფლიოში არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს, ამ სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ და ეს დღეები თავის კულმინაციას ბოროტმოქმედებისგან დედამიწის განწმენდისას მიაღწევს. იესომ ჩვენი დრო ნოეს დღეებს შეადარა (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 24:37–39). მაშასადამე, ახლა იმის დრო არ არის, რომ ბრმად მივყვეთ ჩვენს რწმენას, რადგან მარადიულ სიცოცხლეს მხოლოდ ის მიიღებს, ვინც გაიცნობს ღმერთს და ‘თაყვანს სცემს სულითა და ჭეშმარიტებით’ (იოანე 4:24; 2 თესალონიკელთა 1:6–9).
როგორ ვიპოვოთ სწორი გზა
ფრანსის ბეკონი, XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, ესეისტი, იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე, ჭეშმარიტების მაძიებლებს ურჩევდა, ყველაფერი „აეწონ-დაეწონათ და დაფიქრებულიყვნენ“. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ჯეფერსონმა თქვა: „მხოლოდ საუბარი და თავისუფალი გამოკვლევაა შეცდომაში შესვლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. . . ეს ორი რამ შეცდომის ნამდვილი მტრებია“. ასე რომ, თუ გულწრფელად ვეძებთ ჭეშმარიტებას, ყველაფერს „ავწონ-დავწონით, დავუფიქრდებით“ და განვაგრძობთ „საუბარსა და თავისუფალ გამოკვლევას“.
როდესაც ხსნიდა, რატომ იყო ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანი, ინგლისელმა მეცნიერმა სერ ჰერმან ბონდიმ, აღნიშნა: „რადგანაც მხოლოდ ერთი რწმენა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, სრულიად შესაძლებელია, ადამიანებს მტკიცედ და გულწრფელად სწამდეთ რომელიღაც არასწორი რელიგია. ადამიანი უნდა ხვდებოდეს ამ ნათელ ფაქტს, რათა გამოავლინოს გარკვეული თავმდაბლობა და აღიაროს, რომ, მიუხედავად ღრმა რწმენისა, შეიძლება ცდებოდეს“.
მაგრამ როგორ შეუძლია ადამიანს განსაზღვროს, დადის თუ არა ნამდვილად „ვიწრო გზით, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს“? იესო ასწავლიდა, რომ ხალხმა ღმერთს „ჭეშმარიტებით“ უნდა სცეს თაყვანი. გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რელიგიიდან ორივე ვერ იქნება ჭეშმარიტი. მაგალითად, ადამიანს ან აქვს სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს, ან არა; ღმერთი ან ერევა კაცობრიობის საქმეებში, ან არა; ღმერთი ან არის სამება, ან არა. ჭეშმარიტების მაძიებლებს ასეთ მნიშვნელოვან კითხვებზე ფაქტებზე დაფუძნებული პასუხების გაგება სურთ. იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღმერთი მათზე თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვპასუხობსa.
რადგანაც „მთელი წერილი ღვთივსულიერია“, სხვადასხვა რელიგიის გამოკვლევის ძირითადი მეთოდი მათი ბიბლიასთან შედარებაა (2 ტიმოთე 3:16). ასეთნაირად ‘შეიცნობთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ (რომაელთა 12:2). დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი რწმენა ბიბლიასთანაა შეთანხმებული? მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ, რადგან ღმერთს არ სურს, რომ „მთელ წუთისოფელთან“ ერთად ცდებოდეთ (გამოცხადება 12:9).
საჭირო არიან მასწავლებლები?
იესოს არ გადაუცია თავისი მოწაფეებისთვის რამდენიმე გრაგნილი და არ უთქვამს: „თქვენს კითხვებზე პასუხები ამ გრაგნილებშია. წადით სახლებში და თქვენ თვითონ მოძებნეთ ისინი“. ნაცვლად ამისა, ის მოთმინებითა და სიყვარულით ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას. თავის მხრივ, ისინი, ვისაც ის ასწავლიდა, სხვების სწავლებისას იყენებდნენ ამ მეთოდს. გადავხედოთ მოციქულ ფილიპეს მაგალითს. ის ელაპარაკა გულწრფელ ეთიოპიელ მოხელეს, რომელიც მანამდე იუდეველებთან ურთიერთობისას გაეცნო საღვთო წერილს. მაგრამ ეს კაცი დახმარებას საჭიროებდა. ამიტომ ფილიპე — ქრისტიანული კრების წარმომადგენელი — ღვთის სულიწმინდამ მის დასახმარებლად გაგზავნა. თავი რომ აერიდებინა რელიგიაზე საუბრისთვის, ეს მოხელე ვერ გაიგებდა იესოს როლს ღვთის განზრახვაში. ეს ეთიოპიელი, მართლაც, მშვენიერი მაგალითია ჭეშმარიტების ყველა მაძიებლისთვის! (საქმეები 8:26–39).
გსურთ ისაუბროთ თქვენს რწმენაზე და დასვათ კითხვები, როგორც ამ ეთიოპიელმა? ამით ბევრს მოიგებთ. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ესაუბრებიან ბიბლიის შესახებ მათ, ვისაც გულწრფელად სურს, გაიგონ, რა წერია მასში. იეჰოვას მოწმეები არ სთავაზობენ ხალხს თავიანთ პირად აზრებს; პირიქით, ცდილობენ დაანახვონ სხვებს, რას ამბობს თვითონ ბიბლია.
იმ ეთიოპიელმა მოხელემ გაიგო ზოგი მნიშვნელოვანი რამ იესო ქრისტეს შესახებ; მაგალითად, ის, თუ როგორ გამოიყენებდა მას ღმერთი ჩვენს გადასარჩენად. დღეს ღვთის განზრახვის შესრულება ბევრად უფრო ახლოსაა. შიშის მომგვრელი და, ამავე დროს, შესანიშნავი მოვლენები მალე უნდა მოხდეს აქ, დედამიწაზე. შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, რომ ეს ყველას შეეხება. რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი დამოკიდებული იქნება ჩვენს განწყობილებასა და მოქმედებაზე.
[სქოლიო]
a იმის დამადასტურებლად, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.), რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 7 გვერდზე]
ეთიოპიელი მოხელე არ გაურბოდა ბიბლიურ საუბარს.