ქრისტიანული რწმენა გამოიცდება
„ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2).
1. როგორ აჩვენა ისტორიამ, რომ ყველას არა აქვს ჭეშმარიტი რწმენა?
მთელი ისტორიის მანძილზე არსებობენ ჭეშმარიტი რწმენის მქონე მამაკაცები, ქალები და ბავშვები. მართებულია, განვსაზღვროთ ის, როგორც „ჭეშმარიტი“, ვინაიდან მილიონობით სხვა ადამიანის რწმენას უფრო გულუბრყვილობა შეიძლება ვუწოდოთ, რადგანაც ისინი მზად არიან, ყოველგვარი საფუძვლისა და მიზეზის გარეშეც ირწმუნონ რამე. ასეთ რწმენას ხშირად ცრუ ღვთაებების მიმართ ავლენენ და ის თაყვანისმცემლობის ისეთ ფორმებს მოიცავს, რომლებსაც ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, თავის სიტყვაში გმობს. ამიტომ მოციქული პავლე წერდა: „ყველაში როდია რწმენა“ (2 თესალონიკელთა 3:2).
2. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შევამოწმოთ ჩვენი რწმენა?
2 მაგრამ პავლეს სიტყვებიდან ის ჩანს, რომ იმ დროს იყვნენ ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანები, და ასეთები დღესაც არიან. ამ ჟურნალის მკითხველთა უმეტესობას სურს, ჰქონდეს და კიდევ უფრო გაიძლიეროს ასეთი ჭეშმარიტი რწმენა — რწმენა, რომელიც ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების ზუსტ შემეცნებასთანაა შეთანხმებული (იოანე 18:37; ებრაელთა 11:6). შენც გაქვს მსგავსი სურვილი? მაშინ უნდა გვესმოდეს და მზად იყო იმისთვის, რომ შენი რწმენა გამოიცდება. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?
3, 4. რატომ უნდა გვახსოვდეს იესოს მაგალითი რწმენის გამოცდასთან დაკავშირებით?
3 რასაკვირველია, იესო ქრისტე უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ჩვენთვის. ფაქტიურად, ბიბლიაში ის რწმენის სრულმყოფლად არის მოხსენიებული. ეს მან თავისი სიტყვითა და საქმით დაამტკიცა, განსაკუთრებით კი იმით, თუ როგორ აღასრულა მასზე ნაწინასწარმეტყველები. მან განამტკიცა კაცობრიობის ჭეშმარიტი რწმენის საფუძველი (ებრაელთა 12:2; გამოცხადება 1:1, 2). მიუხედავად ამისა, ვკითხულობთ, რომ იესო „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, გარდა ცოდვისა“ (ებრაელთა 4:15, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). დიახ, იესოს რწმენა გამოიცადა. ეს ფაქტი იმედგაცრუებისა და შიშის მიზეზს კი არ წარმოადგენს, არამედ მანუგეშებელია.
4 უდიდესი განსაცდელების გადატანით, თვით წამების ძელზე სიკვდილით, იესომ „ისწავლა მორჩილება“ (ებრაელთა 5:8). მან დაამტკიცა, რომ, ნებისმიერი გამოცდის მიუხედავად, ადამიანებს ჭეშმარიტი რწმენის შენარჩუნება შეუძლიათ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რა თქვა იესომ თავის მიმდევრებზე: „გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი“ (იოანე 15:20). სინამდვილეში, თავისი მიმდევრების შესახებ, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობენ, იესომ იწინასწარმეტყველა: „მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9).
5. როგორ მიუთითებს საღვთო წერილი, რომ გამოვიცდებით?
5 ამ საუკუნის დასაწყისში დაიწყო განკითხვა ღვთის სახლიდან. საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველები იყო: „დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა და, თუ ჩვენგან დაიწყება, რა აღსასრული ელით ღვთის სახარების ურჩებს? თუ მართალი ძლივას გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?“ (1 პეტრე 4:17, 18).
რატომ იცდება რწმენა?
6. რატომ არის გამოცდილი რწმენა ძვირფასი?
6 გარკვეულწილად, გამოცდის გარეშე შეუძლებელია დამტკიცდეს რწმენის სიმტკიცე, უცნობი რჩება, თუ რამდენად ძლიერია ის. ასეთი რწმენა შეგვიძლია შევადაროთ ჩეკს, რომელიც ჯერ არაა განაღდებული. დავუშვათ, რომ ჩეკით აგინაზღაურეს შესრულებული სამუშაო ან გაყიდული საქონელი ან სულაც საჩუქრად მიიღე ის. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩეკი ყალბი არაა, მაგრამ ასეა ეს? ნამდვილად აქვს ის ფასი, რაც გამოწერილია? მსგავსად ამისა, ვერც ჩვენი რწმენა შეფასდება ერთი შეხედვით და მხოლოდ იმით, რომ საქვეყნოდ ვაცხადებთ მას. გამოცდა აუცილებელია, თუ გვსურს დამტკიცდეს, რომ ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს. როდესაც ჩვენი რწმენა გამოცდილია, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ის მტკიცე და ძვირფასია. გამოცდამ შეიძლება ისიც გამოავლინოს, თუ რა მხრივ გვესაჭიროება რწმენის გაძლიერება.
7, 8. ვინ და რა არის ჩვენი რწმენის გამოცდის გამომწვევი?
7 ღმერთი უშვებს დევნასა და რწმენის სხვა გამოცდებს, რომლებსაც ვხვდებით. მაგრამ საღვთო წერილში ვკითხულობთ: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). ვინ ან რა არის ამგვარი განსაცდელების გამომწვევი? სატანა, ქვეყნიერება და საკუთარი არასრულყოფილი სხეული.
8 ალბათ, ვეთანხებით იმ აზრს, რომ სატანა დიდ ზეგავლენას ახდენს წუთისოფელზე, ადამიანების აზროვნებასა და მოქმედებაზე (1 იოანე 5:19). და, რაღა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის იწვევს ქრისტიანების დევნას (გამოცხადება 12:17). მაგრამ გვესმის თუ არა ასევე, რომ სატანა ჩვენს არასრულყოფილ სხეულზე ზემოქმედებითაც ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს, ქვეყნიურ საცდურებსაც იყენებს და იმედოვნებს, რომ ანკესზე წამოვეგებით, ღმერთს განვუდგებით და იეჰოვას კეთილგანწყობილებას დავკარგავთ? რასაკვირველია, სატანის ხრიკები ჩვენთვის უცნობი არაა, რადგანაც ვიცით, თუ როგორ ცდილობდა იესოს შეცდენას (მათე 4:1–11).
9. როგორ შეგვიძლია სარგებლობის მიღება რწმენის მაგალითებიდან?
9 იეჰოვა თავისი სიტყვისა და ქრისტიანული კრების საშუალებით მისაბაძი რწმენის მაგალითებით უზრუნველგვყოფს. პავლე ამბობდა: „ძმებო, იყავით ჩემი მომბაძავნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ“ (ფილიპელთა 3:17). პავლე, პირველ საუკუნეში ღვთის ერთ-ერთი ცხებული მსახური, მიუხედავად იმისა, რომ დიდი განსაცდელების გადატანა უხდებოდა, წინ უძღოდა რწმენის საქმეებს. დღესაც, XX საუკუნის ბოლოს, მრავლად გვაქვს რწმენის მსგავსი მაგალითები. ებრაელთა 13:7-ში ჩაწერილი სიტყვები დღესაც ისეთივე საგულისხმოა, როგორც მაშინ, როდესაც პავლემ დაწერა: „გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას“.
10. რწმენის რა განსაკუთრებული მაგალითები გვაქვს ამ უკანასკნელ ჟამს?
10 ეს შეგონება განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რა შედეგი გამოიღო ცხებულთა დარჩენილი ნაწილის საქმეებმა. შეგვიძლია დავფიქრდეთ ამ მაგალითზე და მივბაძოთ მათს რწმენას. ცხებულების რწმენა ჭეშმარიტი იყო, რომელიც განსაცდელებმა განამტკიცა. 1870-იან წლებში არსებული მცირე ჯგუფიდან ქრისტიანების მსოფლიო ძმობა ჩამოყალიბდა. ცხებული ქრისტიანების რწმენისა და სიმტკიცის შედეგია, რომ დღეს იეჰოვას ხუთ-ნახევარ მილიონზე მეტი მოწმე ქადაგებს და ასწავლის ღვთის სამეფოს შესახებ. მთელ მსოფლიოში გულმოდგინე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების არსებობა იმ რწმენის მოწმობაა, რომელმაც გამოცდებს გაუძლო (ტიტე 2:14).
რწმენის გამოცდა 1914 წელთან დაკავშირებით
11. რით იყო ჩ. ტ. რასელისთვისა და სხვა ძმებისთვის 1914 წელი მნიშვნელოვანი?
11 პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე ცხებული ქრისტიანები ქადაგებდნენ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულების მხრივ 1914 წელი მნიშვნელოვანი იქნებოდა. მაგრამ მათი ზოგიერთი მოლოდინი ნაადრევი იყო და მომავლის შესახებ თვალსაზრისი ზუსტი არ აღმოჩნდა. მაგალითად, ჩ. ტ. რასელი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტი, და საზოგადოების სხვა წევრები ხედავდნენ, რომ უდიდესი მასშტაბის სამქადაგებლო სამუშაო იყო შესასრულებელი. ისინი კითხულობდნენ: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). მაგრამ როგორ შეძლებდა მათი მცირე ჯგუფი ოდესმე ამის შესრულებას?
12. როგორ გამოეხმაურა ბიბლიურ ჭეშმარიტებას რასელის ერთ-ერთი თანამშრომელი?
12 განვიხილოთ როგორი ზეგავლენა მოახდინა ამან ა. ჰ. მაკმილანზე, რომელიც რასელთან თანამშრომლობდა. კანადაში დაბადებული მაკმილანი ოცი წლისაც არ იყო, როდესაც შეიძინა რასელის წიგნი „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ (1886 წელი) (ეს წიგნი ფართოდ გავრცელებული „საღვთო წერილის გამოკვლევის“ [ინგლ.] I ტომი გახდა. II ტომი, „დრო ახლოსაა“ [1889 წელი], მიუთითებდა 1914 წელზე, როგორც ‘წარმართთა ჟამის’ დასასრულზე [ლუკა 21:24]). იმ ღამეს, როდესაც მაკმილანმა კითხვა დაიწყო, ფიქრობდა: „ეს ჭეშმარიტებაა!“ 1900 წლის ზაფხულში, ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე — როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს ეწოდებოდათ — ის რასელს შეხვდა. მცირე ხანში მაკმილანი მოინათლა და მუშაობა დაიწყო ძმა რასელთან, საზოგადოების მთავარ სამმართველოში, ნიუ-იორკში.
13. რა პრობლემას ხედავდნენ მაკმილანი და მისი თანამშრომლები მათეს 24:14-ის შესრულებასთან დაკავშირებით?
13 ეს ცხებული ქრისტიანები ფიქრობდნენ, რომ, ბიბლიის თანახმად, ღვთის განზრახვების შესრულების მხრივ 1914 წელი გარდამტეხი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაკმილანსა და ასევე სხვებსაც აინტერესებდათ, თუ როგორ უნდა შესრულებულიყო მათეს 24:14-ში ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო მასშტაბით ყველა ხალხისთვის ქადაგება დარჩენილ მცირე დროში. მოგვიანებით მან თქვა: «მახსოვს, რომ ხშირად, როდესაც მე და ძმა რასელი ვმსჯელობდით ამ საკითხზე, ის ამბობდა: „ძმაო, აქვე, ნიუ-იორკში, უფრო ბევრი ებრაელი ცხოვრობს, ვიდრე იერუსალიმში, იმაზე მეტი ირლანდიელი, ვიდრე დუბლინში, და იმაზე მეტი იტალიელი, ვიდრე რომში. თუ მათ აქ ვუქადაგებთ, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ცნობა მთელ მსოფლიოს მისწვდა“. მაგრამ ასეთი ახსნა დამაკმაყოფილებლად არ გვეჩვენებოდა. ამიტომ, შემდეგ „ფოტოდრამის“ იდეა დაიბადა».
14. რა მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყეს 1914 წლამდე?
14 რა დიდებული წამოწყება იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“! ეს იყო კინოფილმი და ფერადი სლაიდები ბიბლიური მოხსენებებისა და ფონოგრაფზე ჩაწერილი მუსიკის თანხლებით. 1913 წელს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ არკანზასში (აშშ) ჩატარებული კონგრესის შესახებ წერდა: „ერთხმად გადაწყდა, რომ დროა ბიბლიური ჭეშმარიტებების სასწავლებლად კინოფილმი გამოვიყენოთ. . . [რასელმა] განაცხადა, რომ ამ გეგმაზე მისი სამი წლის მუშაობის შემდეგ თითქმის მზადაა ასობით მშვენიერი სურათი, რომლებიც აუცილებლად მიიზიდავს ხალხის მასებს, აუწყებს სახარებას და ადამიანებს ღვთის რწმენას დაუბრუნებს“.
15. როგორი შედეგები მოჰყვა „შემოქმედების ფოტოდრამას“?
15 „ფოტოდრამის“ პრემიერას 1914 წლის იანვარში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აი, რამდენიმე ცნობა „საგუშაგო კოშკის“ 1914 წლის ნომრებიდან:
1 აპრილი: «ერთმა პიროვნებამ ორი ნაწილის ნახვის შემდეგ თქვა: „მე მხოლოდ „შემოქმედების ფოტოდრამის“ ნახევარი ვნახე, მაგრამ ბიბლიის შესახებ უკვე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე სასულიერო სემინარიაში სამი წლის მანძილზე“. ერთმა ებრაელმა კაცმა ნახვის შემდეგ აღნიშნა: „ახლა უკეთესი იუდეველი ვარ, ვიდრე მანამდე ვიყავი“. რამდენიმე კათოლიკე მღვდელი და მონაზონი დაესწრო დრამას, რომლებმაც დიდი მადლიერება გამოხატეს. . . დრამის ჯერ მხოლოდ თორმეტი კომპლექტია დასრულებული. . . მიუხედავად ამისა, უკვე ოცდათერთმეტ ქალაქში ვაჩვენებთ. . . ყოველდღიურად ოცდათხუთმეტ ათასზე მეტი ადამიანი ნახულობს, ისმენს, იხიბლება, ფიქრდება და კურთხევას ღებულობს».
15 ივნისი: «ამ სურათების ნახვის შედეგად ჭეშმარიტების უფრო გულმოდგინე მქადაგებელი გავხდი და ჩვენი ზეციერი მამის და ჩვენი უფროსი ძმის, იესოს მიმართ, ჩემი სიყვარული გაიზარდა. ღმერთს ყოველდღე ვევედრები, რომ უხვად აკურთხოს „შემოქმედების ფოტოდრამა“ და ყველა, ვინც წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში. . . მეც თქვენი თანამსახური ვარ (ფ. უ. ნოჩი, აიოვა)».
15 ივლისი: «სიხარულით აღვნიშნავთ, რომ სურათებმა ამ ქალაქის მცხოვრებლებზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა და გვჯერა, რომ ეს დამოწმებაც შეუწყობს ხელს მათ შეკრებას, რომლებიც უფლის თვალში რჩეულ ძვირფასეულობას წარმოადგენენ. აქ მრავალი პიროვნება გახდა ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი მას შემდეგ, რაც „შემოქმედების ფოტოდრამას“ დაესწრო. . . თქვენი სულიერი და უფალში, ემა ლ. ბრიკერი».
15 ნოემბერი: «დარწმუნებული ვართ გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ საუცხოო დამოწმებაა „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენება ლონდონის ოპერის თეატრში, კინგზუეიში. უფლის ხელმძღვანელობა იმდენად აშკარად იგრძნობა გამოფენის თითოეულ წვრილმანში, რომ ძმები უსაზღვროდ ხარობდნენ. . . აუდიტორია სხვადასხვა ფენის ადამიანებისგან შედგებოდა; დამსწრეთა შორის მრავალი სასულიერო პირიც შევნიშნეთ. ერთმა მღვდელმა. . . ბილეთები მოითხოვა, რომ მეუღლესთან ერთად კვლავ მოსულიყო სანახავად. ანგლიკანური ეკლესიის ერთი მოძღვარი რამდენჯერმე დაესწრო „შემოქმედების ფოტოდრამას“ და. . . მის სანახავად ბევრი მეგობარი მოიყვანა. ასევე ორმა ეპისკოპოსმა და რამდენიმე საპატიო პიროვნებამაც ნახა ის».
1 დეკემბერი: «მე და ჩემი მეუღლე მადლობას ვწირავთ ჩვენს ზეციერ მამას ამ დიდებული და უძვირფასესი კურთხევისთვის, რომელიც თქვენი მეშვეობით მივიღეთ. თქვენი არაჩვეულებრივი „ფოტოდრამის“ საშუალებით შევიცანით ჭეშმარიტება. . . ჩვენ გვაქვს თქვენი ექვსტომიანი ნაშრომი „წერილების გამოკვლევა“. ის დიდ დახმარებას გვიწევს».
როგორ შეხვდნენ მაშინდელ გამოცდებს
16. რატომ იყო 1914 წელი რწმენის გამოცდის დრო?
16 რა მოხდა მაშინ, როდესაც ამ გულწრფელი და ერთგული ქრისტიანების მოლოდინი 1914 წელს უფალთან შეერთების შესახებ არ გამართლდა? ამ ცხებულმა ქრისტიანებმა განსაკუთრებული გამოცდა გადაიტანეს. 1914 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „არ დაგვავიწყდეს, რომ გამოცდის დრო დაგვიდგა“. ამის შესახებ წიგნში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ ([ინგლ.], 1993 წელი) ნათქვამია: „1914—1918 წლები მართლაც „გამოცდის დრო“ იყო ბიბლიის მკვლევარებისთვის“. განიმტკიცებდნენ ისინი საკუთარ რწმენას და შეიცვლიდნენ აზროვნებას, რომ უდიდესი სამუშაოს წამოწყება შეძლებოდათ?
17. რა რეაქცია ჰქონდათ ერთგულ ცხებულებს 1914 წლის შემდეგ დედამიწაზე დარჩენასთან დაკავშირებით?
17 „საგუშაგო კოშკის“ 1916 წლის 1 სექტემბრის ნომერში ნათქვამი იყო: „ჩვენი წარმოდგენით ეკლესიის წევრების [ცხებულების] მკა წარმართთა დროის დასასრულამდე უნდა დამთავრებულიყო; მაგრამ ბიბლიაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. . . სინანულს ხომ არ ვგრძნობთ, რომ მკა გრძელდება? . . დღეს, ძვირფასო ძმებო, ღვთისადმი უდიდეს მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ, უფრო მეტად უნდა ვაფასებდეთ ამ არაჩვეულებრივ ჭეშმარიტებას, რომლის გაგებისა და შეცნობის უპირატესობაც ღმერთმა გვიბოძა, და უფრო მონდომებული უნდა ვიყოთ, რომ ჭეშმარიტება ხალხამდე მივიტანოთ“. მათი რწმენა გამოიცადა, მაგრამ ისინი გაბედულად შეხვდნენ გამოცდას და შეძლეს მისი გადატანა. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებს, უნდა გვესმოდეს, რომ რწმენის გამოცდა შეიძლება უამრავი და სხვადასხვაგვარი იყოს.
18, 19. რწმენის კიდევ რა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა ღვთის ხალხი ძმა რასელის სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ?
18 მაგალითად, ძმა ჩარლზ ტ. რასელის სიკვდილიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი სხვაგვარად გამოიცადა. ეს იყო მათი ურყევი ერთგულებისა და რწმენის გამოცდა. ვინ წარმოადგენდა მათეს 24:45-ში მოხსენიებულ ‘ერთგულ და გონიერ მონას’? ზოგის აზრით, ეს თვით ძმა რასელი იყო და ისინი უარზე იყვნენ, რომ ორგანიზაციაში ცვლილებებს კეთილგანწყობილებით შეხვედროდნენ. თუ ის იყო მონა, მაშინ რა უნდა გაეკეთებინათ ძმებს მისი სიკვდილის შემდეგ? უნდა გაჰყოლოდნენ რომელიმე სხვა პიროვნებას თუ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ იეჰოვა არა ერთ პიროვნებას, არამედ ქრისტიანებიდან მთელ ჯგუფს იყენებდა როგორც მონას?
19 ჭეშმარიტი ქრისტიანები კიდევ ერთხელ გამოიცადნენ, როდესაც ქრისტიანული სამყაროს მიერ აღძრულმა პოლიტიკოსებმა 1918 წელს იეჰოვას ორგანიზაციის საზიანოდ ‘უსამართლობა ჩაიდინეს’ (ფსალმუნი 93:20). ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ბიბლიის მკვლევარების სასტიკი დევნა დაიწყო. სამღვდელოების მიერ გამოწვეულმა წინააღმდეგობამ კულმინაციას 1918 წლის 7 მაისს მიაღწია, როდესაც ამერიკის ფედერალურმა ბიურომ ჯ. ფ. რუტერფორდისა და სხვების, მათ შორის ა. ჰ. მაკმილანის, დასაპატიმრებელი ორდერი გასცა. მათ ანტისამთავრობო მოღვაწეობაში უსამართლოდ დასდეს ბრალი და ხელისუფლებმა უარი განაცხადეს, დაეცვათ ისინი.
20, 21. რა შესრულდა ცხებულებზე, რაც მალაქიას 3:1–3-ში იყო ნაწინასწარმეტყველები?
20 მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვერ ხვდებოდნენ, დაწყებული იყო განწმენდა, რომელიც მალაქიას 3:1–3-ში იყო აღწერილი: „ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან [აღთქმის ანგელოზი] გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი“.
21 პირველ მსოფლიო ომთან ერთად ბიბლიის ზოგი მკვლევარი რწმენის სხვა გამოცდას შეხვდა — დარჩებოდნენ თუ არა სრულიად ნეიტრალურები ქვეყნიურ სამხედრო საქმეებთან დაკავშირებით (იოანე 17:16; 18:36). ზოგმა ეს ვერ შეძლო. ამგვარად, 1918 წელს იეჰოვამ „აღთქმის ანგელოზი“, იესო ქრისტე, თავის სულიერ ტაძარში გამოგზავნა, რათა თავისი თაყვანისმცემლების მცირე ჯგუფი წუთისოფლის საქმეებისაგან გაეთავისუფლებინა და განეწმინდა. ვინც ჭეშმარიტი რწმენა გამოავლინა, ამ შემთხვევიდან გამოცდილება მიიღო და გულმოდგინედ განაგრძო ქადაგება.
22. რას განვიხილავთ რწმენის გამოცდასთან დაკავშირებით?
22 ჩვენ მიერ განხილული მხოლოდ ისტორია არ არის. ეს პირდაპირ კავშირშია იეჰოვას მსოფლიო კრების დღევანდელ სულიერ მდგომარეობასთან. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ რწმენის ზოგ გამოცდას, რომლებსაც ღვთის ხალხი ხვდება დღეს, და ვნახავთ, თუ როგორ შეგვიძლია მსგავს გამოცდებთან გამკლავება.
გახსოვს თუ არა?
◻ რატომ უნდა მოელოდეს იეჰოვას ხალხი, რომ მათი რწმენა გამოიცდება?
◻ როგორ ცდილობდნენ ღვთის ცნობის გავრცელებას 1914 წლამდე?
◻ რა იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“ და რა შედეგები გამოიღო მან?
◻ რა გამოცდების წინაშე აყენებდა ცხებულ ქრისტიანებს 1914—1918 წლების მოვლენები?
[სურათი 12 გვერდზე]
XIX —XX საუკუნის მიჯნაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები ბიბლიას სწავლობდნენ მრავალტომეულის საშუალებით, რომელიც „ათასწლეულის დასაწყისის“ სახელწოდებით იყო ცნობილი, ხოლო მოგვიანებით „წერილების გამოკვლევა“ ეწოდა.
[სურათი 13 გვერდზე]
ჩ. ტ. რასელის წერილი ფირფიტის შესავალ ტექსტთან ერთად, სადაც ამბობდა: «„შემოქმედების ფოტოდრამა“ წარმოადგინა ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციამ. მისი მიზანია ბიბლიის მიხედვით ხალხის რელიგიურ-მეცნიერული განათლება».
[სურათი 15 გვერდზე]
დემეტრიუს პაპაჯორჯი მოგზაურობდა, რათა „შემოქმედების ფოტოდრამის“ ჩვენებისთვის ორგანიზება გაეწია. მოგვიანებით ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ის დააპატიმრეს.