ებრაელებისთვის მიწერილი წერილი
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთ-ერთი ღვთივშთაგონებული წერილი. არსებობს მტკიცებები, რომ ის პავლე მოციქულმა იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს დაახლ. ახ. წ. 61 წელს მისწერა. ებრაელი ქრისტიანებისთვის წერილი მართლაც დროული იყო. იესო ქრისტეს სიკვდილიდან და აღდგომიდან გასული იყო დაახლ. 28 წელი. ამ მოვლენებიდან ძალიან მალე იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იერუსალიმსა და იუდეაში ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყეს. ზოგი ქრისტიანი მოკლეს, უმრავლესობა კი იერუსალიმიდან გაიქცა (სქ. 8:1). აქეთ-იქით გაფანტულები სასიხარულო ცნობას ყველგან ქადაგებდნენ (სქ. 8:4). მოციქულები იერუსალიმში დარჩნენ და კრებას მხარში ედგნენ. მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობისა, კრება იზრდებოდა (სქ. 8:14). ამის შემდეგ კრებას მშვიდობიანი პერიოდი დაუდგა (სქ. 9:31). მოგვიანებით ჰეროდე აგრიპა I-მა სიკვდილით დასაჯა მოციქული იაკობი, იოანეს ძმა, და კრების სხვა წევრებს სასტიკად ექცეოდა (სქ. 12:1—5). მალევე იუდაში ქრისტიანებს მატერიალურად ძალიან გაუჭირდათ და აქაიისა და მაკედონიის კრებებს (დაახლ. ახ. წ. 55) მათთვის მატერიალური დახმარების გაგზავნით სიყვარულისა და ერთობის დამტკიცების საშუალება მიეცათ (1კრ. 16:1—3; 2კრ. 9:1—5). ასე რომ, იერუსალიმის კრებას არაერთი სირთულის გადატანა მოუწია.
მიზანი. იერუსალიმის კრება შედგებოდა, ძირითადად, იუდეველებისა და იუდეველი პროზელიტებისგან. უმეტესობა მათგანმა ჭეშმარიტება ყველაზე სასტიკი დევნის დროს გაიგო. წერილის მიწერის დროს კრებას შედარებით მშვიდობიანი პერიოდი ედგა, რადგან პავლემ მათ უთხრა: „ჯერ კიდევ სისხლამდე არ შეწინააღმდეგებიხართ მას“ (ებ. 12:4). მართალია, იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ქრისტიანების მოკვლას აღარ ცდილობდნენ, მაგრამ ეს სასტიკი დევნის საბოლოოდ შეწყვეტას არ ნიშნავდა. კრების ახალ წევრებსაც მოუწევდათ დევნის ატანა ისევე, როგორც სხვები იტანდნენ. ზოგიერთი არ იყო მოწიფული ქრისტიანი და მოსალოდნელ წინსვლას არ განიცდიდა (5:12). იუდეველების მხრიდან ყოველდღიური წინააღმდეგობა მათთვის რწმენის გამოცდა იყო. მათ მოთმინება უნდა ესწავლათ (12:1, 2).
იერუსალიმის დღეები დათვლილი იყო. არც მოციქულმა პავლემ იცოდა და არც იერუსალიმის კრებამ, როდის მოხდებოდა ნაწინასწარმეტყველები განადგურება, თუმცა ღმერთმა იცოდა (ლკ. 21:20—24; დნ. 9:24, 27). ქრისტიანებს სიფხიზლე და რწმენა მოეთხოვებოდათ, რომ ჯარით გარშემორტყმული იერუსალიმის დანახვისას ქალაქიდან გაქცეულიყვნენ. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების გამო კრებაში ყველას სჭირდებოდა საკუთარი თავის გაძლიერება. როგორც ცნობილია, ამ წერილის დაწერიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ ცესტუს გალუსის ჯარებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე, შემდეგ კი უკან დაიხიეს. ოთხი წლის შემდეგ რომაელებმა გენერალ ტიტუსის მეთაურობით მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი და მისი ტაძარი. მაგრამ, ვიდრე ეს მოვლენები მოხდებოდა, იეჰოვამ შთაგონებული და დროული რჩევები მისცა თავის მსახურებს.
იუდეველების წინააღმდეგობა. იუდეველი რელიგიური წინამძღოლები სიცრუეს ავრცელებდნენ, რომ ქრისტეს მიმდევრების მიმართ ხალხში სიძულვილი გაეღვივებინათ. როგორც საქმეების 22:22; 23:12—15, 23, 24; 24:1—4; 25:1—3-ში ვკითხულობთ, მათი საქმეებიდან ჩანდა მათი გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი საშუალებით შებრძოლებოდნენ ქრისტიანებს. მხარდამჭერებთან ერთად ისინი გამუდმებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს და, როგორც ჩანს, არგუმენტებით ცდილობდნენ ქრისტესადმი მათი ერთგულების შერყევას. ისინი თავს ესხმოდნენ ქრისტიანობას ებრაელების თვალში ერთი შეხედვით დამაჯერებელი მსჯელობით, რასთან დაპირისპირებაც ადვილი არ იყო.
იმ დროს იუდაიზმს ბევრი რამ ჰქონდა სატრაბახო: მატერიალური საგნები, რიტუალები თუ გარეგნული ნიშნები. შესაძლოა, იუდეველები ამის გამო ამბობდნენ, რომ იუდაიზმი აღმატებული იყო, ქრისტიანობა კი — უგუნურება. მათ უთხრეს იესოს, რომ ჰყავდათ აბრაამი, რომელიც მათი მამა იყო და რომელსაც დაპირებები მიეცა (ინ. 8:33, 39). აგრეთვე მოსე, რომელსაც ღმერთი პირისპირ ელაპარაკებოდა, ღვთის უდიდესი მსახური და წინასწარმეტყველი იყო (რც. 12:7, 8). იუდეველებს დასაბამიდანვე ჰქონდათ კანონი და წინასწარმეტყველური სიტყვა. ისინი შესაძლოა ამბობდნენ: „განა ეს სიძველეები არ ცხადყოფს, რომ იუდაიზმი ჭეშმარიტი რელიგიაა?!“. კანონის შეთანხმების დადებისას ღმერთი ანგელოზების მეშვეობით ელაპარაკებოდა მათ. ფაქტობრივად, კანონი ანგელოზების მეშვეობით გადაეცა შუამავალ მოსეს (სქ. 7:53; გლ. 3:19). ამ შემთხვევის დროს ღმერთმა შიშის მომგვრელი ძალის დემონსტრირება მოახდინა — სინას მთა შეირყა, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა და ამ დიდებულ სანახაობას თან ახლდა კვამლი, ქუხილი და ელვა (გმ. 19:16—19; 20:18; ებ. 12:18—21).
გარდა ამ სიძველეებისა, მათ ჰქონდათ შთამბეჭდავი ტაძარი და ჰყავდათ იეჰოვას მიერ დანიშნული სამღვდელოება. მღვდლები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ ტაძარში და ყოველდღე უამრავ შესაწირავს სწირავდნენ. ამასთან შთამბეჭდავი იყო მღვდლების ძვირფასი ტანსაცმელი და ტაძარში მიმდინარე მსახურების ბრწყინვალება. შესაძლოა, იუდეველები ამბობდნენ: „განა იეჰოვამ არ ბრძანა საწმინდარში ცოდვის შესაწირავის მიტანა და განა მღვდელმთავარი, მოსეს ძმის, აარონის შთამომავალი, არ შედის წმინდათაწმინდაში გამოსყიდვის დღეს მთელი ერის ცოდვის შესაწირავით?! და განა ამ დროს არ წარდგება ის ღვთის წინაშე, როგორც წარმომადგენელი?! (ლვ. 16). უფრო მეტიც, განა სამეფო იუდეველების საკუთრება არ არის, რომლის მეფეც (მესია, რომელიც მათი სიტყვების თანახმად, მოგვიანებით მოვიდოდა) იერუსალიმის ტახტზე დაჯდება და იმმართველებს?!“.
თუ ებრაელებისთვის მიწერილი წერილი იმ მიზნით დაიწერა, რომ ქრისტიანებს პასუხი გაეცათ მოწინააღმდეგე იუდეველების კონკრეტული კითხვებისთვის, მაშინ მათი კითხვები ასეთი იქნებოდა: „რით დაამტკიცებენ ეს ახალი ერეტიკოსები თავიანთი სწავლებების ნამდვილობასა და ღვთის კეთილგანწყობას? სად არის მათი ტაძარი და სამღვდელოება? სად არის მათი წინამძღოლი? ეს იესო, გალილეელი, დურგლის ვაჟი, რომელსაც რაბინული განათლება არ ჰქონდა, წარმოადგენდა ერის წინამძღოლებს შორის რამეს თავისი სიცოცხლის განმავლობაში? და განა ის სამარცხვინო სიკვდილით არ მოკვდა?! სად არის მისი სამეფო და ვინ არიან მისი მოციქულები და მიმდევრები?! უბრალო მეთევზეები და გადასახადების ამკრეფები. უფრო მეტიც, ძირითადად, ვის იზიდავს ქრისტიანობა? ღარიბ და მდაბიო ადამიანებს და, რაც უფრო უარესია, წინადაუცვეთელ უცხოტომელებს, რომლებიც აბრაამის შთამომავლები არ არიან. რატომ უნდა სწამდეს ვინმეს იესოსი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, როგორც ღვთისმგმობელი და მეამბოხე? რატომ უნდა მოვუსმინოთ მის მოწაფეებს, რომლებიც უსწავლელები და უბრალო ადამიანები არიან?“ (სქ. 4:13).
ქრისტიანობის აღმატებულება. ზოგი სულიერად სუსტი ქრისტიანი შეიძლება უგულებელყოფდა იმ ფაქტს, რომ ხსნა იესოს მეშვეობით იყო შესაძლებელი (ებ. 2:1—4), ან მათ გარშემო ურწმუნო იუდეველების გავლენაში ექცეოდა. მათ დასახმარებლად მოციქულმა ოსტატურად მოიყვანა არგუმენტები ებრაული წერილებიდან, რომელსაც იუდეველები ენდობოდნენ, და დაამტკიცა ქრისტიანობისა და იესო ქრისტეს სამეფოსა და სამღვდელოების აღმატებულება. წმინდა წერილებიდან მან დაამტკიცა, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა და უფრო დიდია, ვიდრე ანგელოზები (1:4—6), აბრაამი (7:1—7), მოსე (3:1—6) და წინასწარმეტყველები (1:1, 2). ფაქტობრივად, ქრისტე არის ყოვლის მემკვიდრე, დიდებისა და პატივის გვირგვინით შემოსილი და იეჰოვას ნახელავზე დანიშნული (1:2; 2:7—9).
ქრისტეს მღვდლობა ბევრად აღემატება ლევის ტომში აარონის ხაზით მოსულთა მღვდლობას. მღვდლობა მან ცოდვილი ადამიანისგან კი არ მიიღო მემკვიდრეობით, არამედ ღვთის ფიცით (ებ. 6:13—20; 7:5—17, 20—28). მაშ, რატომ აიტანა მან ამდენი გასაჭირი და რატომ მოკვდა ტანჯვით? ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორც კაცობრიობის ხსნისა და მისი მღვდელმთავრობისთვის აუცილებელი, რათა ღმერთს მისთვის დაემორჩილებინა ყველაფერი (2:8—10; 9:27, 28; შდრ. ეს. 53:12). ის სისხლი და ხორცი უნდა გამხდარიყო და მათ გასათავისუფლებლად მომკვდარიყო, ვინც სიკვდილის შიშის მონობაში იყო. თავისი სიკვდილით მას შეუძლია ბოლო მოუღოს ეშმაკს, რის გაკეთებაც არც ერთ სხვა მღვდელს არ შეუძლია (ებ. 2:14—16). ტანჯვის შემდეგ ის გახდა მღვდელმთავარი, რომელიც ყველაფერში გამოიცადა, თანაგვიგრძნობს ჩვენს სისუსტეებში და მზად არის დასახმარებლად (ებ. 2:17, 18; 4:15).
უფრო მეტიც, მოციქული ამბობს, რომ ამ მღვდელმთავარმა „ზეცა გაიარა“ და ღვთის წინაშე წარდგა. ის არ შევიდა ხელთქმნილ კარავში ან შენობაში, რაც უბრალოდ ზეციურის პირველსახე იყო (ებ. 4:14; 8:1; 9:9, 10, 24). მას მხოლოდ ერთხელ დასჭირდა თავისი სრულყოფილი, უცოდველი შესაწირავის წარდგენა და არა მრავალჯერ (7:26—28; 9:25—28). მას არ ჰყავს მემკვიდრეები, როგორც აარონის მემკვიდრე მღვდლებს, რადგან მარად ცოცხალია და ბოლომდე გადაარჩენს მათ, ვისაც ემსახურება (7:15—17, 23—25). ქრისტე არის იერემიას პირით ნაწინასწარმეტყველები უკეთესი შეთანხმების შუამავალი, რისი მეშვეობითაც ხდება ცოდვების ნამდვილად მიტევება და სინდისის განწმენდა, რაც კანონით ვერასდროს მიიღწეოდა. ათი მცნება, რომლებიც კანონის შეთანხმების ძირითადი კანონები იყო, ქვის ფილებზე დაიწერა, ახალი შეთანხმების კანონები კი — გულებზე. იერემიას პირით იეჰოვას მიერ ნაწინასწარმეტყველებმა სიტყვამ კანონის შეთანხმება დრომოჭმული გახადა, რომელიც დროთა განმავლობაში აღარ იარსებებდა (8:6—13; იერ. 31:31—34; კნ. 4:13; 10:4).
წერილის დამწერი აგრძელებს, რომ თუმცა სინას მთაზე ძალის შთამბეჭდავი გამოვლინება ადასტურებდა, რომ ღმერთი იწონებდა კანონის შეთანხმებას, ღმერთმა უფრო შთამბეჭდავად დაამოწმა ახალი შეთანხმების ძალაში შესვლა ნიშნებით, საკვირველებებით, სასწაულებითა და კრების წევრებისთვის წმინდა სულის განაწილებით (ებ. 2:2—4; შდრ. სქ. 2:1—4). რაც შეეხება ქრისტეს სამეფოს, მისი ტახტი თვით ზეცაშია, ბევრად აღმატებულ ადგილზე, ვიდრე დავითის ხაზში მოსული მეფეების ტახტი, რომელიც მიწიერ იერუსალიმში იდგა (ებ. 1:9). ღმერთი არის ქრისტეს ტახტის საძირკველი და მისი სამეფო არასოდეს შეირყევა, როგორც იერუსალიმის სამეფო შეირყა ძვ. წ. 607 წელს (1:8; 12:28). უფრო მეტიც, ღმერთმა თავისი ხალხი შეკრიბა გაცილებით შიშის მომგვრელი სანახაობის წინაშე, ვიდრე ეს სინას მთაზე იყო. ის საშუალებას აძლევს ცხებულ ქრისტიანებს, ზეციერი სიონის მთას მიუახლოვდნენ და შეძრავს არა მხოლოდ დედამიწას, არამედ — ზეცასაც (12:18—27).
ებრაელების მიმართ მიწერილი წერილი ქრისტიანებისთვის ფასდაუდებელია. მის გარეშე ქრისტესთან დაკავშირებული მრავალი სინამდვილე, რომელთა პირველსახეც კანონი იყო, ბუნდოვანი იქნებოდა. მაგალითად, ებრაელებმა იცოდნენ ებრაული წერილებიდან, რომ როცა მათი მღვდელმთავარი საწმინდრის წმინდათაწმინდაში შევიდოდა, ის მათი წარმომადგენელი იყო იეჰოვას წინაშე. მაგრამ იმის სინამდვილე არასოდეს დაუფასებიათ, რომ ერთხელაც ნამდვილი მღვდელმთავარი ზეცაში იეჰოვას წინაშე წარდგებოდა. რომ არა ეს წერილი, ებრაული წერილების კითხვისას როგორ ჩავწვდებოდით მელქისედეკთან აბრაამის შეხვედრის უდიდეს მნიშვნელობას ან როგორ გავიგებდით, ვის განასახიერებდა ეს მეფე-მღვდელი? ეს არის ორი მაგალითი იმ უამრავი სინამდვილიდან, რომლებსაც ამ წერილის კითხვისას წარმოვიდგენთ.
ამ წერილით გაძლიერებული რწმენა ქრისტიანებს ეხმარება, ჩაეჭიდონ იმედს „უხილავი სინამდვილის“ შესახებ „აშკარა მტკიცების“ მეშვეობით (ებ. 11:1). მაშინ როცა მრავალი იმედს ამყარებს სიძველეებზე, ორგანიზაციათა ძალასა და მატერიალურ ქონებაზე, შთამბეჭდავ რიტუალებსა და ცერემონიებზე და ღვთიური სიბრძნის ნაცვლად, ქვეყნიერების სიბრძნეს მიმართავს, ებრაელების მიმართ ღვთივშთაგონებით დაწერილი წერილი ჩინებულად ეხმარება ადამიანს, „ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2ტმ. 3:16, 17).
დამწერი. სად და როდის დაიწერა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაელების მიმართ მიწერილი წერილი მოციქულმა პავლემ დაწერა. ადრინდელი მწერლები მას პავლეს ეპისტოლედ მიიჩნევდნენ. ჩესტერ ბიტის პაპირუსი №2 (P46) (დაახლ. ახ. წ. 200) შეიცავს პავლეს ცხრა წერილს, რომელთა შორის ებრაელების წერილიც არის. აგრეთვე ეს წერილი მოხსენიებულია ახ. წ. მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ათანასეს კანონში მოციქული პავლეს თოთხმეტ წერილს შორის.
ებრაელების წერილში ავტორი საკუთარ თავს არ ასახელებს. პავლეს ყველა სხვა წერილისგან განსხვავებით, ეს წერილი არ შეიცავს მის სახელს, თუმცა ეს მის ავტორობას არ გამორიცხავს. წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ ის პავლემ დაწერა იტალიაში, შესაძლოა, რომში (ებ. 13:24). პავლე პირველად რომში იხდიდა სასჯელს ახ. წ. 59—61 წლებში. ტიმოთე პავლესთან იყო რომში და მოციქული მას ფილიპელების, კოლოსელებისა და ფილიმონის მიმართ მიწერილ წერილებში მოიხსენიებს, რომლებიც რომში პატიმრობის დროს დაწერა (ფლ. 1:1; 2:19; კლ. 1:1, 2; ფლმ. 1). ეს მოვლენა ეთანხმება ებრაელების 13:23-ში ტიმოთეს ციხიდან გათავისუფლების შესახებ ჩანაწერს და ჩანს მოციქულის სურვილი, კვლავ ესტუმროს იერუსალიმს.
წერილი დაიწერა იერუსალიმის განადგურებამდე (ახ. წ. 70), რადგან მასში მოყვანილი არგუმენტების თანახმად, იერუსალიმის ტაძარი ჯერ კიდევ იდგა და მასში ღვთისმსახურება სრულდებოდა. ხოლო პავლეს სიტყვებს, რომ ტიმოთე იმ დროს უკვე გათავისუფლებული იყო, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ წერილი იერუსალიმის განადგურებამდე ცხრა წლით ადრე, ახ. წ. 61 წელს დაიწერა. როგორც მიიჩნევენ, ამ დროს პავლე თავადაც გათავისუფლებული იყო პირველი პატიმრობიდან (ებ. 13:23).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ებრაელებიდან
წერილი, რომელმაც გააძლიერა ებრაელი ქრისტიანები და იუდეველთა სისტემის ბოლო წლებში მათ თანამემამულეთა დახმარების შესაძლებლობა მისცა.
როგორც ჩანს, დაწერა მოციქულმა პავლემ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე დაახლ. ათი წლით ადრე.
ღვთის ძის აღმატებული მდგომარეობა (1:1—3:6)
ის არის განსაკუთრებული ძე, დანიშნული მემკვიდრე, რომელიც ზუსტად წარმოგვიდგენს მამას და ყოველივე მისი მეშვეობით განაგრძობს არსებობას.
ძესთან შედარებით ანგელოზები მხოლოდ მსახურები არიან. მამა მხოლოდ მას უწოდებს „ჩემს ძეს“, პირმშოს, რომელსაც ანგელოზებიც კი მდაბლად თაყვანს სცემენ. ანგელოზებზე კი არა, მასზე ითქვა, რომ ღმერთია მისი სამეფო ტახტი. მისი მარადიულობა აღემატება მისი შექმნილი ცისა და დედამიწის მარადიულობას. ის მამის მარჯვნივ ზის.
თუ ანგელოზების გადმოცემული კანონის დარღვევა არ რჩებოდა დაუსჯელი, მაშ, რამხელა ყურადღება უნდა მივაქციოთ ანგელოზებზე აღმატებული ძის პირით ნათქვამ მამის სიტყვებს.
თუმცა იესო ქრისტეს, როგორც ადამიანს, ანგელოზებზე ოდნავ დაბალი მდგომარეობა ეკავა, ღმერთმა ის მათზე მაღლა დააყენა და მთელი დედამიწა მას დაუმორჩილა.
მოსე ღვთის სახლში იყო როგორც მსახური, იესო კი მთელ სახლზე იყო დაყენებული.
ღვთის დასვენებაში შესვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია (3:7—4:13)
ურჩობისა და ურწმუნოების გამო ეგვიპტიდან გამოსული ისრაელები ვერ შევიდნენ ღვთის დასვენებაში.
თუ ქრისტიანები ისრაელების მსგავსად ურჩები არ იქნებიან და ერთგულებას შეინარჩუნებენ, მათ შეუძლიათ შევიდნენ ღვთის დასვენებაში.
ღვთის დასვენებაში შესვლის დაპირებული ცოცხალი სიტყვა ორლესულ მახვილზე ბასრია და აღწევს (თუ ადამიანი ეხმაურება მას) ხორცისა და სულის გაყოფის ადგილამდე.
ქრისტეს მღვდლობის აღმატებულება და ახალი შეთანხმება (4:14—10:31)
ვინაიდან ყოველმხრივ გამოიცადა და უცოდველი დარჩა, იესო ქრისტეს, როგორც მღვდელმთავარს, შეუძლია თანაუგრძნოს ცოდვილ ადამიანებს.
ის არის ღვთის მიერ დანიშნული მღვდელი მელქისედეკის წესით, რომლის მღვდლობაც ლევიანების მღვდლობაზე აღმატებულია.
აარონის ხაზში მოსული ლევიანი მღვდლებისგან განსხვავებით, იესო ქრისტე მარადიულად იცოცხლებს და საქმის გასაგრძელებლად მემკვიდრეები არ სჭირდება. ის უცოდველია და მსხვერპლის შეწირვას არ საჭიროებს. მან ცხოველები კი არა, საკუთარი სხეული შესწირა მსხვერპლად და შევიდა არა მიწიერ საწმინდარში, არამედ თვით ზეცაში თავისი დაღვრილი სისხლის საფასურით, რითაც ძალაში შეიყვანა ახალი შეთანხმება.
ახალი შეთანხმება იესოს შუამავლობით აღემატება კანონის შეთანხმებას, რადგან შეთანხმებაში მონაწილეთ ღვთის კანონი გულებზე უწერიათ და მათ ნამდვილად ეპატიათ ცოდვები.
ამის გამო მადლიერებამ უნდა აღძრას ქრისტიანები, სახალხოდ განაცხადონ იმედის შესახებ და რეგულარულად შეიკრიბონ.
ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად რწმენაა საჭირო (10:32—12:29)
იეჰოვა არ იწონებს მათ, ვინც უკან იხევს ურწმუნოების გამო, ნაცვლად იმისა, რომ მოითმინონ დანაპირების მისაღებად.
განსაცდელების დროს ქრისტიანებს აძლიერებს ერთგულების დამცველთა სამაგალითო რწმენა (აბელიდან მოყოლებული) და იესო ქრისტესა და განსაცდელების დროს მის მიერ შენარჩუნებულ უმწიკვლობაზე ფიქრი.
ღვთის მიერ ერთგულ ქრისტიანებზე დაშვებული განსაცდელები შეიძლება აღზრდად მივიჩნიოთ, რასაც სიმართლის მშვიდობიანი ნაყოფი გამოაქვს.
ერთგულების შენარჩუნების შესახებ მოწოდება (13:1—25)
გამოავლინეთ ძმური სიყვარული, იყავით სტუმართმოყვარენი, გახსოვდეთ განსაცდელებში მყოფი თანამორწმუნეები, თქვენი ქორწინება ღირსეული იყოს, დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, და იეჰოვას დახმარების იმედი გქონდეთ.
მიჰბაძეთ მათ რწმენას, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია და მოერიდეთ უცხო სწავლებებს.
მზად იყავით, ქრისტეს მსგავსად აიტანოთ შეურაცხყოფა. ყოველთვის შესწირეთ ღმერთს ქების მსხვერპლი მისი მეშვეობით.
დაემორჩილეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია.