ებრაელების მიმართ
13 ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ!+ 2 ნუ მოიშლით სტუმართმოყვარეობას,+ რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან+ ისე, რომ არ სცოდნიათ. 3 გახსოვდეთ საპყრობილეში მყოფნი,+ თითქოს თქვენც მათთან ერთად იყოთ შეპყრობილნი,+ და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან, რადგან თქვენც ისევ ხორციელ სხეულში იმყოფებით*. 4 ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და სარეცელი — შეუბილწავი,+ რადგან მეძავებსა* და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.+ 5 იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე+ და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ,+ რადგან ღმერთმა თქვა: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“.+ 6 ამიტომ გულდაჯერებულნი ვამბობთ: „იეჰოვაა* ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“+
7 გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია,+ ვინც ღვთის სიტყვა გადმოგცათ. დაუკვირდით მათი კარგი საქციელის შედეგებს და მათ მიჰბაძეთ რწმენაში!+
8 იესო ქრისტე იგივე იყო გუშინ, იგივეა დღეს და იგივე იქნება მარადიულად.
9 ნუ გაგიტაცებთ უცხო მოძღვრებები, რადგან უმჯობესია, ღვთის წყალობით გაიმაგროთ გული და არა საკვებით*, რადგან ამაზე გადაყოლას არავისთვის მოუტანია ხეირი.+
10 ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, რომელზე შეწირულიდანაც ჭამის უფლება არ აქვთ კარავში მომსახურეთ.+ 11 რაც შეეხება მსხვერპლად შეწირულ ცხოველებს, რომელთა სისხლიც მღვდელმთავარს წმინდათაწმინდაში შეაქვს ცოდვის შესაწირავად, მათ ბანაკის გარეთ წვავენ.+ 12 ამიტომ იესოც ქალაქის კარიბჭის გარეთ იტანჯა,+ რათა საკუთარი სისხლით განეწმინდა ხალხი.+ 13 მაშ, ჩვენც გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მის მსგავსად ავიტანოთ შეურაცხყოფა.+ 14 დედამიწაზე არ გვაქვს ქალაქი, რომელიც მუდმივად იარსებებს, ამიტომ მთელი გულით ველით ქალაქს, რომელიც მომავალში დაფუძნდება.+ 15 იესოს მეშვეობით მუდამ შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება,+ ჩვენი ბაგეთა ნაყოფი,+ ანუ სახალხოდ ვაუწყოთ მისი სახელი.+ 16 გარდა ამისა, ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას,+ რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი.+
17 გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია,+ და დაემორჩილეთ,+ რადგან ისინი მუდამ ზრუნავენ თქვენზე, როგორც ანგარიშვალდებულნი,+ რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის.
18 ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ;+ 19 ამას განსაკუთრებით იმიტომ გთხოვთ, რომ მალე დაგიბრუნდეთ.
20 მშვიდობის ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, ცხვრის დიდებული მწყემსი,+ რომელმაც მარადიული შეთანხმების სისხლი წარუდგინა მას. დაე სწორედ მან, მშვიდობის ღმერთმა, 21 გიბოძოთ ყოველივე აუცილებელი თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით იმის საკეთებლად აღგვძრას, რაც მოსაწონია მისთვის. მას დიდება მარადიულად! ამინ!
22 მოგიწოდებთ, ძმებო, ყურად იღოთ ჩემი გამამხნევებელი წერილი, რადგან ბევრი არაფერი მომიწერია თქვენთვის. 23 მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლებულია და, თუ მალე დაბრუნდება, ერთად გინახულებთ.
24 მომიკითხეთ ყველა, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია თქვენ შორის, და ყველა წმინდა! მოკითხვას გითვლიან ძმები იტალიიდან!+
25 ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ თითოეულ თქვენგანს!