უმწიკვლობა
ზნეობრივი სიჯანსაღე, ბრალდაუდებლისა და უნაკლოს თვისება.
უმწიკვლობის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვების (თომ, თუმმაჰ, თამ, თამიმ) ფუძის მნიშვნელობაა სრული, მთელი, მთლიანი (შდრ. ლვ. 23:15; იეს. 10:13; იგ. 1:12). სიტყვა თამ, რომელიც „ბრალდაუდებლად“ ითარგმნება, გამოიყენება იობზე საუბრისას, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა უმწიკვლობა (იობ. 1:1, 8). ბიბლიაში იაკობს უმწიკვლო ეწოდება, ვინაიდან ძმისგან განსხვავებით, რომელიც მონადირე იყო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას ეწეოდა, მშვიდად ცხოვრობდა კარვებში (დბ. 25:27). სიტყვა თამიმ ხშირად ფიზიკური უნაკლობისა და სიჯანსაღის მნიშვნელობითაც გამოიყენება, მაგალითად, როდესაც საუბარია შესაწირავ ცხოველზე (გმ. 12:5; 29:1; ლვ. 3:6). თუმცა ამ სიტყვებით უმეტესწილად ზნეობრივი სიჯანსაღე და ბრალდაუდებლობა აღიწერება. აქედან გამომდინარე, სიტყვა თამიმ ითარგმნება, როგორც უმწიკვლო, რაც ბრალდაუდებლის, სრულყოფილისა და ჯანსაღის მნიშვნელობას ატარებს (იგ. 2:21; 11:5, 20). ებრაული სიტყვები თამ და თამიმ ნაწარმოებია ზმნური ფუძიდან თამამ, რაც ნიშნავს დასრულებას, დამთავრებას (კნ. 34:8; იეს. 4:10; 1მფ. 6:22; ფს. 102:27; შდრ. 1სმ. 16:11, სადაც ფრაზა „ყველა ვაჟი აქ არის?“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „სრულად არიან ვაჟები?“). ებრაული სიტყვა თამ ბერძნულ სეპტუაგინტაში ზოგან ნათარგმნია სიტყვით ამემპტოს (იობ. 1:1, 8; 2:3; 9:20), რომლის ზოგიერთი ფორმა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც გვხდება და ნიშნავს უმწიკვლოს, უნაკლოს (ლკ. 1:6; ფლ. 3:6; ებ. 8:7).
როცა იეჰოვასთან დაკავშირებით გამოიყენება და აღწერს მის საქმეებს, ცოდნასა და კანონებს, სიტყვა თამიმ მართებულად ითარგმნება როგორც „სრულყოფილი“ (კნ. 32:4; იობ. 36:4; 37:16; ფს. 18:30; 19:7). იქიდან გამომდინარე, რომ ღვთის საქმეები სრულყოფილი, უბადლო და უნაკლოა, მათ უკან ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის გარდა სხვა ვერავინ იდგება (რმ. 1:20; იხ. სრულყოფილება).
მართალია სიტყვა „უმწიკვლო“ ადამიანებთან დაკავშირებითაც გამოიყენება, მაგრამ არა ამ სიტყვის სრული გაგებით. მაგალითად, ტანჯვაში მყოფმა იობმა იეჰოვას შესახებ მცდარი დასკვნები გააკეთა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ უყურებს ყოვლისშემძლე ღმერთი უმწიკვლოებს (იობ. 9:20—22). ზაქარიამ, იოანე ნათლისმცემლის მამამ, ანგელოზ გაბრიელის მეშვეობით იეჰოვას მიერ გადაცემული ცნობისადმი რწმენის ნაკლებობა გამოავლინა (ლკ. 1:18—20). მიუხედავად ამისა, იობიც და ზაქარიაც უმწიკვლოებად არიან მოხსენიებულნი, რადგან ისინი იეჰოვას ნებისამებრ იქცეოდნენ და არასრულყოფილების მიუხედავად მისი ერთგულები რჩებოდნენ (იობ. 1:1; ლკ. 1:6).
ადამიანთა უმწიკვლობის მნიშვნელობა. ებრაული სიტყვა თომ ზოგ შემთხვევაში იხმარება კარგი მოტივის ანუ ბოროტი ზრახვის უქონლობის აღსანიშნავად (შდრ. დბ. 20:5, 6; 2სმ. 15:11). მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთის მონათესავე ზემოხსენებული ებრაული სიტყვები სიმართლისადმი ურყევ ერთგულებას გულისხმობს. ბიბლიურ კონტექსტებსა თუ მაგალითებში ამ სიტყვებით ხაზგასმულია, რომ იეჰოვა ღმერთის, როგორც პიროვნების, აგრეთვე მისი ნებისა და განზრახვის მიმართ ურყევი ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია.
საკამათო საკითხის მნიშვნელოვანი მხარე. ედემის ბაღში ადამიანთა პირველ წყვილს ჰქონდა უმწიკვლობის გამოვლენის შესაძლებლობა. სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვამ შემოქმედისადმი მათი ერთგულება გამოსცადა. ადამმა და ევამ ღვთის მოწინააღმდეგის გავლენას ვერ გაუძლეს, გაუჩნდათ ეგოისტური სურვილები და ღმერთს ეურჩნენ. მათ შერცხვათ, დაემალნენ შემოქმედს და მასთან ლაპარაკს გაურბოდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უმწიკვლობის შენარჩუნება ვერ შეძლეს (შდრ. ფს. 119:1, 80). თუმცა პირველი, ვინც უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა, იყო ის სულიერი ქმნილება, რომელმაც პირველ წყვილს ურჩობისკენ უბიძგა (დბ. 3:1—19; შდრ. სატანის მოქმედება ეზკ. 28:12—15-ში ჩაწერილ ტვიროსის მეფის მოქმედებას; იხ. სატანა).
სატანის ურჩობამ, რომელიც ედემის ბაღში გამოვლინდა, საყოველთაო მნიშვნელობის საკამათო საკითხი წამოჭრა — ჰქონდა თუ არა ღმერთს უფლება, ყოფილიყო უზენაესი ხელისუფალი და ჰქონდა თუ არა მას უფლება, თავისი ქმნილებებისგან სრული მორჩილება მოეთხოვა. ვინაიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა ის, რომ იეჰოვას აღმატებული ძალა აქვს, აღნიშნული საკამათო საკითხი ძალის გამოყენებით — სატანისა და ადამიანთა პირველი წყვილის მოსპობით — ვერ მოგვარდებოდა. ამით აიხსნება ის, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ბოროტებას და მის „სულისჩამდგემლს“, სატანას ამდენ ხანს ეარსებათ (იხ. ბოროტება). თავდაპირველად ღვთის მტერმა ურჩობაში ადამიანები აიყოლია (ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, აუბეს თუ არა მხარი სატანას ღვთის სხვა სულიერმა ძეებმა წარღვნის წინა პერიოდამდე; დბ. 6:1—5; შდრ. 2პტ. 2:4, 5), აქედან გამომდინარე, ადამიანების მიერ ღვთისადმი, როგორც უზენაესი მმართველისადმი უმწიკვლობის შენარჩუნების საკითხი ავტომატურად გახდა საყოველთაო საკამათო საკითხის მნიშვნელოვანი ნაწილი (თუმცა იეჰოვას უზენაესობა არ არის დამოკიდებული იმაზე, შეინარჩუნებენ თუ არა მისი ქმნილებები უმწიკვლობას). ეს კარგად გამოჩნდა იობის შემთხვევიდან.
იობი. იობი, რომელიც, სავარაუდოდ, იოსების სიკვდილის მერე დაიბადა და მოსეს მოღვაწეობამდე ცხოვრობდა, ბიბლიაში აღწერილია, როგორც „უმწიკვლო [ებრ. თამ], მართალი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან შორს მდგარი კაცი“ (იობ. 1:1; იხ. იობი). ის, რომ ღვთისადმი ადამიანის უმწიკვლობა იეჰოვა ღმერთსა და სატანას შორის არსებული საკამათო საკითხის მნიშვნელოვანი ნაწილია, ნათლად ჩანს იქიდან, თუ რა ჰკითხა იეჰოვამ იობზე თავის მოწინააღმდეგეს, როდესაც ის ზეცაში მის წინაშე შეკრებილ ანგელოზებთან ერთად დადგა. სატანამ იობს არასწორი მოტივი მიაწერა და ბრალი დასდო იმაში, რომ ის ღმერთს არა გულწრფელად, არამედ გამორჩენის მიზნით სცემდა თაყვანს. ამგვარად, მან ეჭვქვეშ დააყენა ღვთისადმი იობის უმწიკვლობა. სატანას ნება მიეცა, რომ იობისთვის დიდძალი ქონება და შვილებიც კი წაერთმია, მაგრამ მისი უმწიკვლობა მაინც ვერ შეარყია (იობ. 1:6—2:3). ამის შემდეგ სატანამ ღმერთს უთხრა, რომ მართალია იობმა ქონება და შვილები დაკარგა, მაგრამ ღვთის თაყვანისცემას მხოლოდ იმიტომ აგრძელებდა, რომ საკუთარი სიცოცხლე შეენარჩუნებინა (იობ. 2:4, 5). იობს მძიმე და მტკივნეული დაავადება შეეყარა, ცოლი უმწიკვლობის დათმობისკენ უბიძგებდა, და მეგობრები, რომლებსაც ღვთის ნორმებსა და განზრახვებზე მცდარი შეხედულება ჰქონდათ, მწვავედ აკრიტიკებდნენ (იობ. 2:6—13; 22:1, 5—11). მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არ დაეთმო უმწიკვლობა. მან თქვა: „ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო! სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას! ჩავეჭიდე ჩემს სიმართლეს და არ დავთმობ; არც ერთი ჩემი დღის გამო არ დამცინებს ჩემი გული“ (იობ. 27:5, 6). უმწიკვლობის ბოლომდე შენარჩუნებით იობმა დაამტკიცა, რომ ღვთის მოწინააღმდეგე მატყუარაა.
იობის შესახებ ნათქვამი სატანის სიტყვებიდან გამოჩნდა მისი დამოკიდებულება, რომ ღვთისგან ნებისმიერი ადამიანის ჩამოშორება შეიძლებოდა და რომ ღმერთს სრულიად უანგაროდ არავინ ემსახურებოდა. ამიტომ ადამიანებსაც და ღვთის სულიერ ძეებსაც ღვთისადმი უმწიკვლობის შენარჩუნების და ამგვარად, მისი უზენაესობის დამტკიცებისა და მისი სახელის განწმენდის უდიდესი პატივი ხვდათ წილად. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „უმწიკვლოდ მავალი სასურველია“ იეჰოვასთვის (იგ. 11:20; შდრ. იობ. 22:1—3-ში ჩაწერილ ელიფაზის მცდარ შეხედულებას).
გასამართლების საფუძველი. ის, თუ როგორ განაჩენს გამოუტანს იეჰოვა ადამიანს, დამოკიდებულია იმაზე, შეინარჩუნებს თუ არა იგი უმწიკვლობას (ფს. 18:23—25). მეფე დავითი წერდა: „იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს. იეჰოვა, გამასამართლე ჩემი სიმართლისა და ჩემი უმწიკვლობისამებრ! გთხოვ, ბოლო მოუღე ბოროტთა უკეთურებას; განამტკიცე მართალი“ (ფს. 7:8, 9; შდრ. იგ. 2:21, 22). ტანჯვაში მყოფმა იობმა თქვა: „ზუსტ სასწორზე ამწონის და გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ“ (იობ. 31:6). შემდეგ იობმა ჩამოთვალა, თუ რა შემთხვევებში ვერ გამოავლენდა უმწიკვლობას (იობ. 31:7—40).
რას მოიცავს უმწიკვლობის შენარჩუნება არასრულყოფილი ადამიანების შემთხვევაში?
უმწიკვლობის შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილად ვსაუბრობდეთ და ვიქცეოდეთ, რადგან ყველა ადამიანი არასრულყოფილია და ღვთის მოთხოვნებს სრულყოფილად ვერავინ აკმაყოფილებს. წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ უმწიკვლობა ღვთისადმი მთელი გულით ერთგულებას ნიშნავს. სულიერი სისუსტის გამო დავითმა რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ვინაიდან იღებდა შეგონებას და სწორდებოდა, რითაც ცხადყოფდა, რომ კვლავაც მთელი გულით უყვარდა იეჰოვა ღმერთი (ფს. 26:1—3, 6, 8, 11), დავითზე ნათქვამია, რომ „სუფთა გულით“ დადიოდა (1მფ. 9:4). მოგვიანებით დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს უთხრა: „იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას“. თუმცა მამამისისგან, დავითისგან განსხვავებით, სოლომონი „მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან“ (1მტ. 28:9; 1მფ. 11:4; სიტყვა „მთელი“ ამ ორ მუხლში ნათარგმნია სხვა ებრაული სიტყვიდან შალემ და აგრეთვე გვხვდება 2მტ. 15:17-სა და 1მფ. 15:14-ში).
ადამიანს უმწიკვლობის გამოვლენა მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ, მაგალითად რელიგიურ სფეროში არ მოეთხოვება. ღვთის მსახურისთვის უმწიკვლობა ცხოვრების წესი უნდა იყოს; იგი მუდმივად უნდა იკვლევდეს იეჰოვას ნებას (ფს. 119:1—3). დავითი ისრაელ ერს „თავისი გულის უმწიკვლობით“ ხელმძღვანელობდა როგორც იეჰოვას თაყვანისცემის საკითხებში, ისე სახელმწიფოებრივ საქმეებში. მას სურდა, რომ მისი გარშემომყოფნიც და მისი მსახურებიც უმწიკვლონი და „უბიწო გზით მავალნი“ ყოფილიყვნენ (ფს. 78:72; 101:2—7). ღვთისადმი უმწიკვლობის დამტკიცებას დრო სჭირდება, რაც კარგად ჩანს ნოეს, აბრაამისა თუ ღვთის სხვა მსახურთა მაგალითებიდან (დბ. 6:9; 17:1; 2სმ. 22:24).
უმწიკვლობის შენარჩუნება მოითხოვს ღვთისადმი ურყევ ერთგულებასა და სიმართლით ცხოვრებას, თუმცა არა მხოლოდ მაშინ, როცა ეს იოლია, არამედ ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ დროს. ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა, რომ იეჰოვა იწონებს მხოლოდ მათ, „ვინც უბიწოდ დადის“ და „ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში“, და დასძინა, რომ ასეთი ადამიანი „არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს“, ანუ იგი, მაშინაც კი, როცა პირობას დებს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მის მიერ დადებული პირობის შესრულებას მისივე ინტერესები ეწირება, თავისი სიტყვის ერთგული რჩება (ფს. 15:1—5; შდრ. რმ. 1:31; 1ტმ. 1:10). ადამიანის უმწიკვლობა ყველაზე მეტად მაშინ ვლინდება, როცა მისი ერთგულება იცდება და ის სწორი გზის მიტოვების საშიშროების წინაშე დგება. იობის მსგავსად, უმწიკვლობა მან ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს (იობ. 2:3), თუნდაც დასცინონ (იობ. 12:4; შდრ. იერ. 20:7), მწარე სიტყვების მოსმენა მოუწიოს (ფს. 64:3, 4), სიძულვილისა და დევნის მსხვერპლი გახდეს (იგ. 29:10; ამ. 5:10), ჯანმრთელობა შეერყას ან სხვაგვარ რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს.
ადამიანი უმწიკვლობის შენარჩუნებას შეძლებს არა საკუთარი ძალით, არამედ მტკიცე რწმენით და იეჰოვაზე და მის მხსნელ ძალაზე მინდობით (ფს. 25:21). უმწიკვლოდ მავალთ ღმერთი ჰპირდება, რომ ის იქნება მათი ფარი და ციხესიმაგრე (იგ. 2:6—8; 10:29; ფს. 41:12). მათი მთავარი საზრუნავი იეჰოვას გულის გახარებაა, რაც უმწიკვლოდ მავალთა ცხოვრებას უფრო სტაბილურს ხდის და მათ დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება (ფს. 26:1—3; იგ. 11:5; 28:18). როგორც დაბნეულობაში მყოფმა იობმა აღნიშნა, უმწიკვლო ადამიანები შეიძლება დაიტანჯონ ბოროტ ქვეყნიერებაში და ბოროტებთან ერთად დაიღუპონ, თუმცა იეჰოვა გვარწმუნებს, რომ კარგად იცის უმწიკვლო ადამიანის გზა და გვპირდება, რომ მისი მემკვიდრეობა „მარადიულად დარჩება“, მას „მშვიდობიანი მომავალი“ ექნება და „ყოველივე კარგს“ მოიმკის (იობ. 9:20—22; ფს. 37:18, 19, 37; 84:11; იგ. 28:10). ადამიანი სახელს მოიხვეჭს და პატივისცემას დაიმსახურებს არა სიმდიდრით, არამედ უმწიკვლობის შენარჩუნებით, რაც იობის მაგალითიდანაც გამოჩნდა (იგ. 19:1; 28:6). ბიბლია ბედნიერს უწოდებს უმწიკვლობით მავალი მშობლების შვილებს (იგ. 20:7), რადგან ერთი მხრივ, მშობლები მათ მისაბაძ მაგალითს აძლევენ და მეორე მხრივ, სხვები ისეთი ადამიანების შვილებად იცნობენ, რომლებმაც კარგი სახელი მოიხვეჭეს და პატივისცემა დაიმსახურეს.
ებრაულ წერილებში იობისა და დავითის გარდა მრავლად არის უმწიკვლობის დამცველ სხვა ადამიანთა მაგალითებიც. აბრაამი მზად იყო თავისი ვაჟის, ისაკის შესაწირავად, რითაც ღვთისადმი ურყევი ერთგულება გამოიჩინა (დბ. 22:1—12). დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა, ახალგაზრდობაშიც და მერეც, განსაცდელების დროს უმწიკვლობა შეინარჩუნეს, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (დნ. 1:8—17; 3:13—23; 6:4—23). ებრაელების მე-11 თავში პავლე მოციქულმა ჩამოთვალა ქრისტიანობამდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომლებმაც სხვადასხვა სირთულის დროს მტკიცე რწმენის წყალობით უმწიკვლობა შეინარჩუნეს (ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით 33—38 მუხლებს).
უმწიკვლობა ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, უმწიკვლობისა და თავისი ზეციერი მამისადმი სრული ნდობის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. იგი „სრულყოფილი გახდა“, რათა მღვდელმთავრად და ზეციერი სამეფოს, დავითის სამეფოზე დიდი სამეფოს ცხებულ მეფედ დანიშნულიყო (ებ. 5:7—9; 4:15; 7:26—28; სქ. 2:34, 35). იესომ ყველაზე დიდ მცნებად იეჰოვა ღმერთის მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით სიყვარული დაასახელა, რაც უმწიკვლობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობაა (მთ. 22:36—38). მისი მითითება — „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მთ. 5:48) — ხაზს უსვამს სიმართლისადმი სრული ერთგულების აუცილებლობას (სრულყოფილად ნათარგმნი ბერძნული სიტყვები სისრულეში მოყვანის აზრს ატარებს და მნიშვნელობით გარკვეულწილად მსგავსია ზემოთ განხილული ებრაული სიტყვებისა).
იესომ თავის ქადაგებაში ხაზი გაუსვა სუფთა გულის, სუფთა თვალისა და უთვალთმაქცობის აუცილებლობას. ეს ყოველივე უმწიკვლო ადამიანის დამახასიათებელია (მთ. 5:8; 6:1—6, 16—18, 22, 23; ლკ. 11:34—36). პავლეს, ვიდრე იესოს მოწაფე გახდებოდა, იუდეველები უმწიკვლოდ თვლიდნენ. იგი კანონის თანახმად მოქმედებდა — დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა და არ აკეთებდა იმას, რასაც კანონი კრძალავდა (ფლ. 3:6). მაგრამ იეჰოვას თვალში პავლე არ იყო უმწიკვლო. როგორც ქრისტეს ძმების მდევნელი, იგი მძიმე ცოდვაში დამნაშავე, ღვთისმგმობელი და შეურაცხმყოფელი იყო (1ტმ. 1:13, 15). თუმცა გაქრისტიანების შემდეგ პავლე დავითისა და ღვთის სხვა ძველი დროის მსახურების მსგავსად უმწიკვლობისკენ ისწრაფოდა. მას ვერავინ დასდებდა ბრალს უპატიოსნო თუ მზაკვრულ საქციელში — გინდ მსახურებაში და გინდ სხვებთან ურთიერთობაში (2კრ. 4:1, 2; 6:3—10; 8:20, 21; 1თს. 1:3—6).
პავლე მოციქული უმწიკვლობის დამცველ სხვა ქრისტიანებთან ერთად ღვთისგან დაკისრებული დავალებების შესასრულებლად თავს არ ზოგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ღვთისადმი ერთგულების გამო მას წინააღმდეგობების, გაჭირვების, ტანჯვისა და დევნის ატანა უწევდა (სქ. 5:27—41; 2კრ. 11:23—27).
უზენაესი ხარობს, როცა ხედავს, რომ მის მსახურებს ახასიათებთ სულიერი მოწიფულობა, სიწმინდე და უმწიკვლობა (იგ. 11:20). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანებმა უმწიკვლოდ იარონ და არ დაიმსახურონ გაკიცხვა (ფლ. 2:15; 1თს. 5:23).