იესოს განსაკუთრებული როლი იეჰოვას განზრახვაში
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 14:6).
1, 2. რატომ უნდა დავინტერესდეთ იმით, რა განსაკუთრებულ როლს ასრულებს იესო ღვთის განზრახვაში?
საუკუნეების განმავლობაში მრავალი ადამიანი ამაოდ ცდილობდა, სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო. ცოტა თუ იტყვის, რომ აქვს რაღაც განსაკუთრებული, რითაც ნამდვილად გამოირჩევა. მაგრამ იესო ქრისტეზე, ღვთის ძეზე, შეიძლება იმის თქმა, რომ ის განსაკუთრებულია მრავალი მიზეზის გამო.
2 რატომ უნდა დავინტერესდეთ იესოს განსაკუთრებული როლით? იეჰოვასთან, ზეციერ მამასთან, ჩვენი ურთიერთობა სწორედ ამის ცოდნაზეა დამოკიდებული. იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 14:6; 17:3). განვიხილოთ, რატომ არის იესო განსაკუთრებული. ეს დაგვეხმარება, უკეთესად დავინახოთ, რა როლს ასრულებს ის ღვთის განზრახვაში.
„მხოლოდშობილი ძე“
3, 4. ა) რა მხრივ არის იესო ღვთის ძეებს შორის განსაკუთრებული? ბ) რა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იესომ შემოქმედებაში?
3 იესო უბრალოდ „ღვთის ძე“ არ არის — ის ღვთის „მხოლოდშობილი ძეა“ (იოან. 3:16, 18). ბერძნული სიტყვა, რომელიც „მხოლოდშობილად“ ითარგმნა, ნიშნავს „ერთადერთს“, „გვარის ან ოჯახის ერთადერთ წარმომადგენელს“, ან „განსაკუთრებულს“. იეჰოვას მილიარდობით სულიერი ძე ჰყავს. მაშ, რა გაგებით არის იესო „გვარის ან ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი“?
4 იესო განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ის უშუალოდ მამამ შექმნა. ის არის მისი პირმშო ანუ „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (კოლ. 1:15). ის არის „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხ. 3:14). მხოლოდშობილმა ძემ განსაკუთრებული როლი შეასრულა შემოქმედებაში. მართალია, ის არ ყოფილა შემოქმედი, მაგრამ იეჰოვამ სწორედ მისი მეშვეობით შექმნა სამყაროში სხვა ყველაფერი (წაიკითხეთ იოანეს 1:3). მოციქული პავლე წერდა: „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ, და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ“ (1 კორ. 8:6).
5. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იესო განსაკუთრებულია?
5 იესო მრავალმხრივ არის გამორჩეული. ბიბლიაში ის მოიხსენიება სხვადასხვა სახელითა და წოდებით, რაც ღვთის განზრახვაში მის განსაკუთრებულ როლზე გვიქმნის წარმოდგენას. განვიხილოთ იესოს ხუთი სახელი, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშია მოხსენიებული.
„სიტყვა“
6. რატომ არის „სიტყვა“ შესაფერისი წოდება იესოსთვის?
6 წაიკითხეთ იოანეს 1:14. რატომ ეწოდება იესოს სიტყვა ანუ ლოგოსი? ამ სახელწოდებიდან ჩანს, რა როლს ასრულებდა იესო გონიერი ქმნილებების შექმნის შემდეგ. სხვა სულიერ ძეებს იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით გადასცემდა ინფორმაციასა და მითითებებს. მან ადამიანებსაც თავისი ძის პირით გადასცა სათქმელი. იესო რომ ღვთის წარმომადგენელია, იუდეველებისთვის ნათქვამი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა. ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება თუ ჩემით ვლაპარაკობ“ (იოან. 7:16, 17). იესოს ზეცაში დაბრუნების შემდეგაც „ღვთის სიტყვა“ ეწოდება (გამოცხ. 19:11, 13, 16).
7. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
7 მოდი დავფიქრდეთ, რაზე მიანიშნებს ეს წოდება. იეჰოვას ქმნილებებს შორის იესო ყველაზე ბრძენია, მაგრამ თავის სიბრძნეზე არ არის დაიმედებული. ის იმას ლაპარაკობს, რასაც მამა ეუბნება. ის მხოლოდ მამას მიაგებს პატივს და არა საკუთარ თავს (იოან. 12:50). იესო შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! მის მსგავსად, ჩვენც ვასრულებთ საპატიო დავალებას და ვახარებთ სასიხარულო ცნობას (რომ. 10:15). თუ ვბაძავთ მას თავმდაბლობაში, მოვერიდებით საკუთარი აზრების გავრცელებას. საქმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობის გადაცემას ეხება, ამიტომ არ გვინდა, ‘გადავიდეთ დაწერილს’ (1 კორ. 4:6).
„ამინი“
8, 9. ა) რას ნიშნავს სიტყვა „ამინ“ და რატომ ეწოდება იესოს „ამინი“? ბ) როგორ გაამართლა იესომ ეს სახელი?
8 წაიკითხეთ გამოცხადების 3:14. რატომ ეწოდება იესოს „ამინი“? „ამინ“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა და ნიშნავს „დაე იყოს ასე, ჭეშმარიტად“. ამ ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს „ერთგულს ან სანდოს“. იგივე სიტყვა გამოიყენება იეჰოვას მიმართ (კან. 7:9; ეს. 49:7). რა მხრივ არის იესო განსაკუთრებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას „ამინი“ ეწოდება? პასუხს 2 კორინთელების 1:19, 20-ში ვკითხულობთ: «ღვთის ძე, ქრისტე იესო, რომელიც . . . გიქადაგეთ, არ გამხდარა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, არამედ „დიახ“ გახდა „დიახ“ მის შემთხვევაში. რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით. ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“».
9 ღმერთი თავის დაპირებებს იესოს მეშვეობით ასრულებს. დედამიწაზე იესოს უზადო ცხოვრებისა და სიკვდილის წყალობით შესაძლებელი გახდა იეჰოვა ღმერთის ყველა განზრახვის შესრულება. იესო ბოლომდე ერთგული დარჩა და გამოააშკარავა სატანის სიცრუე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ღმერთს მისი მსახურები გაჭირვებისა და განსაცდელების დროს ზურგს შეაქცევდნენ (იობ. 1:6—12; 2:2—7). ღვთის ქმნილებებიდან მხოლოდ მის პირმშოს შეეძლო ერთხელ და სამუდამოდ გაეცა პასუხი სატანისთვის. და რაც მთავარია, იესომ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხი იეჰოვას სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო.
10. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
10 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იეჰოვას და მხარი დავუჭიროთ მის უზენაეს ხელისუფლებას. ამგვარად გავითვალისწინებთ იგავების 27:11-ში ჩაწერილ მოწოდებას: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“.
„ახალი შეთანხმების შუამავალი“
11, 12. რით არის განსაკუთრებული იესოს, როგორც შუამავლის როლი?
11 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:5, 6. იესო არის „ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი“ და „ახალი შეთანხმების შუამავალი“ (ებრ. 9:15; 12:24). ბიბლიაში მოსესაც ეწოდება კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების შუამავალი (გალ. 3:19). მაშ, რით არის განსაკუთრებული იესოს, როგორც შუამავლის როლი?
12 „შუამავლად“ ნათარგმნი დედნისეული სიტყვა სამართლებრივი ტერმინია და მიუთითებს იმაზე, რომ იესო ახალი შეთანხმების ოფიციალური შუამავალია, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ (გალ. 6:16). ამ ერს მიეკუთვნებიან სულითცხებული ქრისტიანები, რომლებიც ქმნიან ზეციერ „სამეფო სამღვდელოებას“ (1 პეტ. 2:9; გამ. 19:6). მოსე არ ყოფილა ისეთი შეთანხმების შუამავალი, რომლის შედეგადაც ასეთი ერი წარმოიშვებოდა.
13. რა გაგებით არის იესო შუამავალი?
13 რა გაგებით არის იესო შუამავალი? იეჰოვა იესოს დაღვრილ სისხლს იყენებს მათ სასარგებლოდ, ვისთანაც ახალი შეთანხმება უნდა დადოს. ამის წყალობით იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს (რომ. 3:24; ებრ. 9:15). შედეგად, ისინი ხდებიან ახალი შეთანხმების მონაწილენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მომავალში მეფეები და მღვდლები იქნებიან ზეცაში. როგორც შუამავალი, იესო ეხმარება მათ, სიწმინდე შეინარჩუნონ იეჰოვას თვალში (ებრ. 2:16).
14. რატომ უნდა დააფასოს ყველა ქრისტიანმა იესოს, როგორც შუამავლის როლი?
14 რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ამ ახალი შეთანხმების მონაწილე არ არის და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს? თუმცა ისინი არ მონაწილეობენ ახალ შეთანხმებაში, ეს შეთანხმება მათ სასიკეთოდაც მოქმედებს. ღმერთი მათ პატიობს ცოდვებს და მართლებად აღიარებს, როგორც მეგობრებს (იაკ. 2:23; 1 იოან. 2:1, 2). ჩვენ უნდა დავაფასოთ იესოს, როგორც შუამავლის როლი, იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე.
„მღვდელმთავარი“
15. რით გამოირჩევა იესო სხვა მღვდელმთავრებისგან?
15 მღვდელმთავრად ბევრს უმსახურია, მაგრამ იესო განსაკუთრებული მღვდელმთავარია. პავლე გვიხსნის მიზეზს: „მას არ სჭირდება იმ მღვდელმთავრების მსგავსად ყოველდღიურად ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის (რადგან ეს მან ერთხელ გააკეთა, სამუდამოდ, როცა საკუთარი თავი შესწირა); ვინაიდან კანონი სისუსტეების მქონე ადამიანებს ნიშნავს მღვდელმთავრებად, ხოლო კანონის შემდეგ მოსული ფიცის სიტყვა ნიშნავს ძეს, მარადიულად გასრულყოფილებულს“ (ებრ. 7:27, 28)a.
16. რატომ არის იესოს მხვერპლი განსაკუთრებული?
16 იესო სრულყოფილი იყო, სწორედ ისეთი, როგორიც ადამი შეცოდებამდე (1 კორ. 15:45). ამიტომ მხოლოდ იესოს შეეძლო გაეღო სრულყოფილი, უნაკლო მსხვერპლი, რომლის გაღებაც მეტად აღარ გახდებოდა საჭირო. მოსეს კანონის თანახმად, მსხვერპლშეწირვა ყოველდღიურად მოითხოვებოდა. ყველა ეს შესაწირავი და მღვდელმსახურება იმის პირველსახე იყო, რასაც იესო მომავალში გააკეთებდა (ებრ. 8:5; 10:1). იესო ყველა მღვდელმთავარზე აღმატებულია — მას მათზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია და, სხვა მღვდელმთავრებისგან განსხვავებით, მარადიულია.
17. რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ იესოს, როგორც მღვდელმთავრის როლი?
17 იესო, როგორც მღვდელმთავარი, გვეხმარება, რომ მართლებად წარვდგეთ ღვთის წინაშე. ჩვენ არაჩვეულებრივი მღვდელმთავარი გვყავს, რაც პავლეს სიტყვებიდანაც ჩანს: „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“ (ებრ. 4:15). ამის კარგად გაანალიზება დაგვეხმარება, ‘საკუთარი თავისთვის კი აღარ ვიცოცხლოთ, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა’ (2 კორ. 5:14, 15; ლუკ. 9:23).
აღთქმული შთამომავალი
18. რა იწინასწარმეტყველა ღმერთმა ადამის შეცოდების შემდეგ და მოგვიანებით რას მოეფინა ნათელი?
18 ედემის ბაღში შეცოდების შემდეგ ადამიანებმა დაკარგეს თითქმის ყველაფერი — ღმერთთან ურთიერთობა, მარადიული სიცოცხლე, ბედნიერება და სამოთხე; ამიტომ იეჰოვა ღმერთმა მხსნელის გამოჩენა იწინასწარმეტყველა. სწორედ ის იქნებოდა აღთქმული შთამომავალი (დაბ. 3:15). საუკუნეების განმავლობაში ამ უცნობი შთამომავლის შესახებ მრავალი წინასწარმეტყველი წერდა. ის უნდა ყოფილიყო აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავალი. ის დავითის სამეფო ხაზიდან უნდა მოსულიყო (დაბ. 21:12; 22:16—18; 28:14; 2 სამ. 7:12—16).
19, 20. ა) ვინ არის აღთქმული შთამომავალი? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ აღთქმულ შთამომავალში იესოს გარდა სხვებიც შედიან?
19 ვინ იყო აღთქმული შთამომავალი? პასუხს გალატელების 3:16-ში ვკითხულობთ (წაიკითხეთ). იმავე თავში მოციქული პავლე ცხებულ ქრისტიანებს სწერს: „თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (გალ. 3:29). თუ აღთქმული შთამომავალი ქრისტეა, რატომღა ეწოდებათ მათაც შთამომავლები?
20 ბევრი ირწმუნება, რომ აბრაამის შთამომავალია, ზოგი წინასწარმეტყველებს კიდეც. მრავალ რელიგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მათი წინასწარმეტყველები აბრაამის შთამომავლები არიან. მაგრამ არიან ისინი აღთქმული შთამომავლები? არა. ღვთის შთაგონებით მოციქული პავლე წერდა, რომ აბრაამის შთამომავლებიდან ყველა არ იქნებოდა აღთქმული შთამომავალი; ის არც აბრაამის ყველა ვაჟისგან წარმოიშვებოდა. შთამომავალი, რომლისგანაც ყველა ერი იკურთხებოდა, მხოლოდ ისაკისგან წარმოიშვებოდა (ებრ. 11:18). იესო ქრისტე, რომლის გენეალოგიაც ბიბლიაშია ჩაწერილი და აბრაამით იწყება, აღთქმული შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელიაb. მოგვიანებით გამოჩნდნენ აბრაამის შთამომავლობის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც ‘ქრისტესნი არიან’. იესომ მართლაც განუმეორებელი როლი შეასრულა ამ წინასწარმეტყველების შესრულებაში.
21. იესოს განსაკუთრებულ როლზე ფიქრისას ყველაზე მეტად რა გხიბლავთ იეჰოვას განზრახვაში?
21 რა დაგვანახვა იეჰოვას განზრახვაში იესოს განსაკუთრებულ როლზე მსჯელობამ? შექმნის დღიდან ღვთის მხოლოდშობილი ძე მართლაც განსაკუთრებული იყო. მიუხედავად ამისა, ღვთის ეს განსაკუთრებული ძე ყოველთვის თავმდაბლად ემსახურებოდა მამას და არასდროს ეძებდა საკუთარ დიდებას (იოან. 5:41; 8:50). ის ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია. მოდი, იესოს მსგავსად, ჩვენც მიზნად დავისახოთ, რომ „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ ვაკეთოთ (1 კორ. 10:31).
[სქოლიოები]
a ერთი ბიბლეისტი აღნიშნავს, რომ ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც ‘ერთხელ და სამუდამოდ’, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იესოს მხვერპლი განსაკუთრებულია და საჭირო არ არის მისი მრავალგზის შეწირვა.
b მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეში იუდეველები, როგორც აბრაამის პირდაპირი შთამომავლები, თავს რჩეულ ერად თვლიდნენ, ისინი ელოდებოდნენ ერთ ადამიანს — მესიას ანუ ქრისტეს (იოან. 1:25; 7:41, 42; 8:39—41).
გახსოვთ?
• რას ვიგებთ იესოს განსაკუთრებულ როლზე მისი წოდებებიდან? (იხილეთ ჩარჩო)
• როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას განსაკუთრებულ ძეს?
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
ზოგიერთი წოდება, რომლებიც ღვთის განზრახვაში იესოს განსაკუთრებულ როლზე მეტყველებს
◼ მხოლოდშობილი ძე (იოან. 1:3). იესო ერთადერთია, ვინც უშუალოდ მამამ შექმნა.
◼ სიტყვა (იოან. 1:14). იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით გადასცემს ინფორმაციასა თუ სხვა მითითებებს თავის ქმნილებებს.
◼ ამინი (გამოცხ. 3:14). დედამიწაზე იესოს უზადო ცხოვრებისა და სიკვდილის წყალობით შესაძლებელი გახდა იეჰოვა ღმერთის ყველა განზრახვის შესრულება.
◼ ახალი შეთანხმების შუამავალი (1 ტიმ. 2:5, 6). იესო ახალი შეთანხმების ოფიციალური შუამავალია, რის შედეგადაც წარმოიშვა ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“. ის შედგება ქრისტიანებისგან, რომლებიც შექმნიან ზეციერ „სამეფო სამღვდელოებას“ (გალ. 6:16; 1 პეტ. 2:9).
◼ მღვდელმთავარი (ებრ. 7:27, 28). იესო ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო გაეღო სრულყოფილი მსხვერპლი, რომლის გაღებაც მეტად აღარ გახდებოდა საჭირო. ის განგვწმენდს ცოდვისგან და ცოდვის შედეგად გამოწვეული სიკვდილისგან დაგვიხსნის.
◼ აღთქმული შთამომავალი (დაბ. 3:15). აღთქმული შთამომავლის მთავარი წარმომადგენელი მხოლოდ იესო ქრისტეა. აბრაამის შთამომავლობის სხვა წარმომადგენლები ‘ქრისტესნი არიან’ (გალ. 3:29).