ტაძარი
ღვთის სამყოფელი, თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ფიზიკური ან სულიერი წმინდა ადგილი, საწმინდარი; ტაძრად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ჰექალ სასახლესაც ნიშნავს. ტაძრად აგრეთვე ითარგმნება ბერძნული სიტყვები ჰიერონ და ნაოს, რომლებიც შეიძლება მთლიან სატაძრო კომპლექსზე ან მის მთავარ შენობაზე მიუთითებდეს. ზოგჯერ ნაოს (ნიშნავს საწმინდარს ან ღვთის სამყოფელს) გამოიყენება მხოლოდ ტაძრის შიდა წმინდა ოთახების აღსანიშნავად (იხ. წმინდა ადგილი).
სოლომონის ტაძარი. მეფე დავითს ძალიან უნდოდა იეჰოვასთვის სახლის აგება და იქ შეთანხმების კიდობნის შეტანა, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროისთვის კარავში იდგა. იეჰოვამ მოიწონა დავითის სურვილი, თუმცა უთხრა, რომ მას ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი, ამიტომ ტაძარს მისი ვაჟი (სოლომონი) აუშენებდა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იეჰოვა არ იწონებდა მისი სახელისა და ხალხის გულისთვის დავითის მიერ წარმოებულ ომებს, მაგრამ ტაძარი მშვიდობიანობის ჟამს მშვიდობისმყოფელ კაცს უნდა აეშენებინა (2სმ. 7:1—16; 1მფ. 5:3—5; 8:17; 1მტ. 17:1—14; 22:6—10).
ღირებულება. მოგვიანებით დავითმა ტაძრის ასაშენებლად მორიას მთაზე იებუსელი ორნანის (არავნა) კალო შეიძინა (2სმ. 24:24, 25; 1მტ. 21:24, 25). მან 100 000 ტალანტი ოქრო, 1 000 000 ტალანტი ვერცხლი, დიდი რაოდენობით სპილენძი და რკინა შეაგროვა. გარდა ამისა, საკუთარი ქონებიდან 3 000 ტალანტი ოქრო და 7 000 ტალანტი ვერცხლი გაიღო. მთავრებმა შესაწირავად გაიღეს 5 000 ტალანტის ღირებულების ოქრო, 10 000 დარიკი, 10 000 ტალანტის ღირებულების ვერცხლი და დიდძალი რკინა და სპილენძი (1მტ. 22:14; 29:3—7). მთლიანობაში შეწირული იყო 108 000 ტალანტი ოქრო, 10 000 ოქროს დარიკი და 1 017 000 ტალანტი ვერცხლი, რაც დაახლოებით $48 337 047 000 ღირებულებისა იქნებოდა. დავითის ვაჟს, სოლომონს მთელი ეს თანხა არ გამოუყენებია ტაძრის ასაშენებლად. დარჩენილი თანხა მან ტაძრის საგანძურში შეიტანა (1მფ. 7:51; 2მტ. 5:1).
მუშები. მეფე სოლომონმა იეჰოვას ტაძრის მშენებლობა თავისი მმართველობის მეოთხე წელს (ძვ. წ. 1034), წლის მეორე თვეს (ზივი) დაიწყო იმ არქიტექტურული გეგმის მიხედვით, რომელიც დავითმა ღვთივშთაგონებით მიიღო (1მფ. 6:1; 1მტ. 28:11—19). სამუშაოები 7 წელზე მეტხანს გაგრძელდა (1მფ. 6:37, 38). ხორბლის, ქერის, ზეთისა და ღვინის სანაცვლოდ ტვიროსის მეფე ხირამმა ხესა და ქვაზე მომუშავე ოსტატებთან ერთად მას ლიბანიდან ხის მასალა გაუგზავნა. მან აგრეთვე სოლომონს გაუგზავნა ტვიროსელი კაცისა და ნაფთალისტომელი ისრაელი ქალის ვაჟი ხირამი, რომელიც დახელოვნებული ოსტატი იყო და ოქრო-ვერცხლზე, სპილენძზე, რკინაზე, ხეზე, ქვებსა და ქსოვილებზე მუშაობდა (1მფ. 5:8—11, 18; 7:13, 14, 40, 45; 2მტ. 2:13—16).
სამუშაოს შესასრულებლად სოლომონმა ისრაელიდან 30 000 კაცი აიყვანა და მათგან სამი 10 000-კაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბა. თითო ჯგუფი თითო თვეს მუშაობდა ლიბანში, რის შემდეგაც ისინი სახლში ბრუნდებოდნენ ორი თვით (1მფ. 5:13, 14). იმ მიწაზე მცხოვრები ხიზნებიდან მან 70 000 კაცი გამოიყვანა მზიდავებად, 80 000 კაცი კი — ქვის მჭრელებად (1მფ. 5:15; 9:20, 21; 2მტ. 2:2). სამუშაოების ზედამხედველებად სოლომონმა 550 კაცი დანიშნა, 3 300 კაცი კი მათ დამხმარეებად დააყენა (1მფ. 5:16; 9:22, 23). როგორც ჩანს, მათგან 250 კაცი ისრაელი იყო, 3 600 კი — ისრაელში მცხოვრები ხიზანი (2მტ. 2:17, 18).
წყრთის სიგრძე. ამ სტატიაში სოლომონის, ზერუბაბელისა და ჰეროდეს ტაძრების საზომად გამოყენებულია წყრთა, რომელიც უდრის 44,5 სმ-ს. თუმცა შესაძლებელია, ეს წყრთა უფრო გრძელი იყო და 51,8 სმ-ს უდრიდა (შდრ. 2მტ. 3:3 (ამ მუხლში მოხსენიებული წყრთა, „ძველი საზომით“, შესაძლოა გავრცელებულ წყრთაზე უფრო გრძელი იყო) და ეზკ. 40:5; იხ. წყრთა).
გეგმა და მასალები. ტაძარი, ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა, ძირითადად კარვის გეგმის მიხედვით იყო დაპროექტებული. თუმცა წმინდისა და წმინდათაწმინდის შიდა ზომები შედარებით დიდი იყო. წმინდის სიგრძე 40 წყრთა (17,8 მ), სიგანე 20 წყრთა (8,9 მ), სიმაღლე კი, როგორც ჩანს, 30 წყრთა (13,4 მ) იყო (1მფ. 6:2, 17). წმინდათაწმინდის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე 20-20 წყრთა იყო (1მფ. 6:20; 2მტ. 3:8). ამასთან, წმინდათაწმინდას ზემოდან დაახლოებით 10 წყრთა (4,5 მ) სიმაღლის ოთახები ჰქონდა დაშენებული (1მტ. 28:11). ტაძარს სამ მხარეს მიდგმული ჰქონდა ნაგებობა სათავსოებითა და სხვა ოთახებით (1მფ. 6:4—6, 10).
ტაძარი ძირითადად ქვისა და ხისგან იყო ნაგები. იატაკი ღვიის ფიცრებისა ჰქონდა, შიდა კედლები კი — კედრისა. კედლებზე ამოკვეთილი იყო ქერუბიმები, პალმები და ყვავილები. კედლები და ჭერი მთლიანად მოოქროვილი იყო (1მფ. 6:15, 18, 21, 22, 29). წმინდის შესასვლელი კარები ღვიისა იყო, მთლიანად მოჩუქურთმებული და ოქროთი მოვარაყებული (1მფ. 6:34, 35). წმინდისა და წმინდათაწმინდის გამყოფი კარები ზეთის ხისგან იყო დამზადებული, მთლიანად მოჩუქურთმებული და ოქროთი მოვარაყებული. მიუხედავად იმისა, თუ სად ეკიდა ეს კარები, ისინი სრულად ვერ ცვლიდა ფარდას, რომელიც ჯერ კიდევ კარავში იყო გათვალისწინებული (შდრ. 2მტ. 3:14). წმინდათაწმინდაში იდგა ზეთის ხისგან დამზადებული ორი უზარმაზარი ქერუბიმი, რომლებიც ოქროთი იყო მოვარაყებული. შეთანხმების კიდობანი მათ ფრთებქვეშ იდგა (1მფ. 6:23—28, 31—33; 8:6; იხ. ქერუბიმი).
ყველაფერი, რაც წმინდაში იდგა — საკმევლის სამსხვერპლო, წარსადგენი პურების ათი მაგიდა, ათი სალამპრე და დანარჩენი მოწყობილობა — ოქროსი იყო. წმინდის შესასვლელთან (პირველი ოთახი) ორი სპილენძის სვეტი იდგა, რომლებსაც იაქინი და ბოაზი ერქვა (1მფ. 7:15—22, 48—50; 1მტ. 28:16; 2მტ. 4:8; იხ. ბოაზი (II)). შიდა ეზო მოპირკეთებული იყო თლილი ქვებითა და კედრის ხით (1მფ. 6:36). ყველაფერი, რაც ეზოში იდგა — სამსხვერპლო, დიდი „ზღვა“, ათი საზიდარი წყლის ავზებისთვის და დანარჩენი მოწყობილობა — სპილენძისა იყო (1მფ. 7:23—47). ეზოს ირგვლივ განლაგებული იყო სასადილო ოთახები (1მტ. 28:12).
ეს მშენებლობა გამოირჩეოდა იმით, რომ ტაძრის ყველა ქვა სამტეხლოში ითლებოდა და ზუსტად ერგებოდა ერთმანეთს. „სახლის მშენებლობის დროს არც ჩაქუჩის ხმა ისმოდა, არც ცულის და არც არანაირი რკინის იარაღის“ (1მფ. 6:7). მშენებლობა შვიდწელიწად-ნახევარს გაგრძელდა (ძვ. წ. 1034 წლის გაზაფხულიდან ძვ. წ. 1027 წლის შემოდგომამდე [ბული, მერვე თვე]) (1მფ. 6:1, 38).
მიძღვნა. წლის მეშვიდე თვეს (ეთანიმი), სავარაუდოდ თავისი მმართველობის მე-12 წელს (ძვ. წ. 1026), სოლომონმა ტაძრის მიძღვნისა და კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში შეკრიბა ისრაელი მამაკაცები. იქ გადაიტანეს კარავი და მისი წმინდა მოწყობილობა და შეთანხმების კიდობანი წმინდათაწმინდაში დადგეს (იხ. წმინდათაწმინდა). ამის შემდეგ იეჰოვას ღრუბელმა აავსო ტაძარი. სოლომონმა აკურთხა იეჰოვა და ისრაელის კრებული. შემდეგ სპილენძის სამსხვერპლოს წინ (იხ. სამსხვერპლო) კვარცხლბეკზე მდგომმა ლოცვით მიმართა იეჰოვას, განადიდა ის და სთხოვა, სიკეთე და წყალობა არ მოეკლო იმ ისრაელისა თუ უცხოტომელისთვის, რომელიც ლოცვაში აღუთქვამდა, რომ მისი შიში ექნებოდა და მას ემსახურებოდა. შემდეგ დიდძალი მსხვერპლი შესწირეს — 22 000 ხარი და 120 000 ცხვარი. მიძღვნა და კარვობის დღესასწაული ერთმანეთის მიყოლებით 7-7 დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც თვის 23-ე დღეს სოლომონმა თავიანთ სახლებში გაუშვა იეჰოვას სიკეთითა და გულუხვობით გახარებული და მადლიერი ხალხი (1მფ. 8; 2მტ. 5:1—7:10; იხ. სოლომონი [ტაძრის მიძღვნა]).
ისტორია. ტაძარმა ძვ. წ. 607 წლამდე იარსება, ვიდრე მეფე ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ბაბილონელთა ჯარმა არ გაანადგურა ის (2მფ. 25:9; 2მტ. 36:19; იერ. 52:13). ვინაიდან ისრაელი კერპთაყვანისმცემლობაში ებმებოდა, ღმერთი ნებას რთავდა ერებს, შეევიწროებინათ იუდა და იერუსალიმი. ისინი ზოგჯერ ძარცვავდნენ ტაძარს და მიჰქონდათ საგანძური. ზოგჯერ ისრაელებიც უპატრონოდ ტოვებდნენ ტაძარს. მიძღვნიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ (ძვ. წ. 993), სოლომონის ვაჟის, რობოამის მმართველობის დროს, ეგვიპტის მეფე შიშაკმა ტაძრის მთელი საგანძური წაიღო (1მფ. 14:25, 26; 2მტ. 12:9). თუმცა მეფე ასა (ძვ. წ. 977—937) აფასებდა იეჰოვას სახლს, ის უგუნურად მოიქცა და იერუსალიმის დასაცავად სირიის მეფე ბენჰადად I-ს ტაძრის საგანძურიდან ოქრო-ვერცხლი მისცა ქრთამად, რათა მას შეთანხმება დაერღვია ისრაელის მეფე ბააშასთან (1მფ. 15:18, 19; 2მტ. 15:17, 18; 16:2, 3).
არეულობისა და ტაძრის უპატრონოდ მიტოვებიდან გარკვეული ხნის შემდეგ იუდას მეფე იეჰოაშმა (ძვ. წ. 898—859) მისი შეკეთება დაიწყო (2მფ. 12:4—12; 2მტ. 24:4—14). მისი ვაჟის, ამაციას მმართველობის დროს ისრაელის მეფე იეჰოაშმა გაძარცვა ტაძარი (2მფ. 14:13, 14). მეფე იოთამმა (ძვ. წ. 777—762) ტაძრის ტერიტორიაზე მშენებლობა წამოიწყო; მან ააშენა „ზემო კარიბჭე“ (2მფ. 15:32, 35; 2მტ. 27:1, 3). იუდას მეფე ახაზმა (ძვ. წ. 761—746) არა მხოლოდ ტაძრის საგანძურიდან ქრთამი მისცა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს, არამედ შებღალა კიდეც ტაძარი იმით, რომ სპილენძის სამსხვერპლოს ნაცვლად იქ დამასკოში ნანახი სამსხვერპლოს მსგავსი სამსხვერპლო დადგა (2მფ. 16:5—16). საბოლოოდ, მან დაკეტა იეჰოვას სახლის კარები (2მტ. 28:24).
ხიზკიამ (ძვ. წ. 745—717) ყველაფერი გააკეთა მამამისი ახაზის ბოროტი საქმეების შედეგების აღმოსაფხვრელად. თავისი მმართველობის დასაწყისში მან გახსნა ტაძრის კარები და გააწმენდინა ის (2მტ. 29:3, 15, 16). თუმცა მოგვიანებით ასურეთის მეფე სინახერიბის შიშით ჩამოხსნა ტაძრის კარები და წირთხლები, რომლებიც მანამდე ოქროთი მოავარაყებინა, და სინახერიბს გაუგზავნა (2მფ. 18:15, 16).
მაგრამ ხიზკიას სიკვდილის შემდეგ ტაძარს ნახევარი საუკუნის მანძილზე ბღალავდნენ და არ უვლიდნენ. მისი ვაჟი მენაშე (ძვ. წ. 716—662) თავის წინამორბედ მეფეებზე უარესად იქცეოდა. მან „ცის ლაშქარს აუგო სამსხვერპლოები იეჰოვას სახლის ორივე ეზოში“ (2მფ. 21:1—5; 2მტ. 33:1—4). მენაშეს შვილიშვილ იოშიას გამეფებისას (ძვ. წ. 659—629) ერთ დროს დიდებული შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს, ტაძარში ყველაფერი იმდენად მიყრილ-მოყრილი იყო, რომ მღვდელმთავარ ხილკიას მიერ კანონის წიგნის პოვნამ (როგორც ჩანს, მოსეს დაწერილი გრაგნილი) დიდი აღტაცება გამოიწვია (2მფ. 22:3—13; 2მტ. 34:8—21). ტაძრის შეკეთებისა და განწმენდის შემდეგ ხალხმა პასექი აღნიშნა. ასე დიდებულად პასექი წინასწარმეტყველი სამუელის შემდეგ არ აღუნიშნავთ (2მფ. 23:21—23; 2მტ. 35:17—19). ეს მოხდა იერემია წინასწარმეტყველის მსახურების დროს (იერ. 1:1—3). ამ დროიდან მოყოლებული ტაძრის განადგურებამდე შენობა აღარ დაკეტილა და მღვდლები ასრულებდნენ მასში მსახურებას, თუმცა ბევრი მათგანი უპატიოსნოდ იქცეოდა.
ზერუბაბელის ტაძარი. როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, ღმერთმა აირჩია სპარსეთის მეფე კიროსი, რათა ისრაელი ბაბილონის ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა (ეს. 45:1). იეჰოვამ თავისი ხალხიც აღძრა, რომ იუდასტომელ ზერუბაბელთან ერთად დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში. როგორც იერემიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, ისინი 70-წლიანი გაპარტახების შემდეგ, ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდნენ იერუსალიმში ტაძრის აღსადგენად (ეზრ. 1:1—6; 2:1, 2; იერ. 29:10). ამ შენობამ, მიუხედავად იმისა, რომ დიდებით სოლომონის ტაძარს ვერ შეედრებოდა, უფრო დიდხანს, თითქმის 500 წელი იარსება ძვ. წ. 515 წლიდან ძვ. წ. პირველი საუკუნის მიწურულამდე (სოლომონის ტაძარმა იარსება დაახლოებით 420 წელი, ძვ. წ. 1027—607).
კიროსის ბრძანებაში ნათქვამი იყო: „დანარჩენებმა, რომლებიც მისი ხიზნობის ადგილებზე ცხოვრობენ ... [გაიღონ] ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ნივთი, პირუტყვი და ნებაყოფლობითი შესაწირავი ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის, იერუსალიმში რომ იყო“ (ეზრ. 1:1—4). კიროსმა აგრეთვე დააბრუნა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წაღებული ოქროსა და ვერცხლის 5 400 ნივთი (ეზრ. 1:7—11).
ძვ. წ. 537 წლის მეშვიდე თვეს (ეთანიმი ანუ თიშრი) იუდეველებმა ააგეს სამსხვერპლო, შემდეგ წელს კი ახალი ტაძრის საძირკველი ჩაყარეს. სოლომონის მსგავსად, მშენებლებმა დაიქირავეს სიდონელები და ტვიროსელები მათთვის ლიბანიდან კედრის მორების ჩასატანად (ეზრ. 3:7). წინააღმდეგობამ (განსაკუთრებით სამარიელების მხრიდან) გული გაუტეხა მშენებლებს და დაახლოებით 15 წლის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა სპარსეთის მეფეც კი აღძრეს, რომ მშენებლობა აეკრძალა (ეზრ. 4).
იუდეველებმა შეწყვიტეს ტაძრის მშენებლობა და სხვა საქმეების კეთებას შეუდგნენ. ამიტომ დარიოს I-ის მეფობის მეორე წელს (ძვ. წ. 520) იეჰოვამ ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველების მეშვეობით აღძრა იუდეველები, განეახლებინათ სამუშაოები. ამის შემდეგ გამოვიდა განკარგულება, რომლის თანახმადაც კიროსის თავდაპირველი ბრძანება ძალაში რჩებოდა. ამ განკარგულებაში ნათქვამი იყო, რომ ტაძრის მშენებლობისთვის სამეფო საგანძურიდან იმდენი თანხა უნდა გაეცათ, რამდენიც მშენებლებსა და მღვდლებს დასჭირდებოდათ (ეზრ. 5:1, 2; 6:1—12). იუდეველები შეუდგნენ მშენებლობას და იეჰოვას სახლი დარიოსის მეფობის მეექვსე წლის სამ ადარს დაასრულეს (სავარაუდოდ, ძვ. წ. 515 წლის 6 მარტი). ამის შემდეგ მოხდა ტაძრის მიძღვნა და პასექის აღნიშვნა (ეზრ. 6:13—22).
თითქმის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ იყო დაპროექტებული მეორე ტაძარი. კიროსის ბრძანებით, უნდა აგებულიყო 60-60 წყრთის (დ. 27 მ) სიმაღლისა და სიგანის ნაგებობა „სამი წყება მიგორებული ქვებისგან და ერთი წყება ხის ძელებისგან“. შენობის სიგრძე დაკონკრეტებული არ იყო (ეზრ. 6:3, 4). მას ჰქონდა სასადილო ოთახები, სათავსოები (ნემ. 13:4, 5), ზემოთა ოთახები და შესაძლოა, სოლომონის ტაძრის მსგავსად, სხვა ნაგებობები.
მეორე ტაძარში არ იყო შეთანხმების კიდობანი, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორის მიერ სოლომონის ტაძრის გაძარცვამდე გაქრა. აპოკრიფულ წიგნ „პირველ მაკაბელებში“ (1:21—24, 57; 4:38, 44—51) ნათქვამია, რომ ამ ტაძარში ერთი სალამპრე იყო და არა ათი, როგორც სოლომონის ტაძარში. ეს წიგნი აგრეთვე მოიხსენიებს ოქროს სამსხვერპლოს, წარსადგენი პურების მაგიდას, სხვა მოწყობილობებს, აგრეთვე დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს, რომელიც სოლომონის ტაძრის სამსხვერპლოსგან განსხვავებით ქვისა იყო და არა სპილენძის. მას შემდეგ, რაც ანტიოქე ეპიფანემ (ძვ. წ. 168) შებღალა ეს სამსხვერპლო, იუდა მაკაბელის ხელმძღვანელობით ის ახალი ქვებით ააშენეს.
ჰეროდეს აღდგენილი ტაძარი. ბიბლიაში არსად ვხვდებით ამ ტაძრის დაწვრილებით აღწერილობას. ძირითადად, მის შესახებ ვიგებთ იოსებ ფლავიუსისგან, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა და აღწერა ის თავის ნაშრომებში: „იუდეველთა ომი“ (ინგლ.) და „იუდეველთა სიძველენი“. გარკვეულ ცნობებს მიშნაც გვაწვდის. ზოგიერთ დეტალს არქეოლოგიურმა გათხრებმაც მოჰფინა ნათელი. ქვემოთ მოყვანილი აღწერილობა ეფუძნება ამ წყაროებს, რომლებმაც შეიძლება კითხვები დაბადოს (სურათი, ტ. 2, გვ. 543).
„იუდეველთა ომში“ (I, 401 [xxi, 1], ინგლ.) იოსებ ფლავიუსი წერს, რომ ჰეროდემ ეს ტაძარი თავისი მმართველობის მე-15 წელს აღადგინა, „იუდეველთა სიძველენის“ თანახმად კი (წ. XV, თ. 11, აბზ. 1), ეს ჰეროდეს მმართველობის მე-18 წელს მოხდა. მეცნიერთა უმეტესობა უკანასკნელ თარიღს ემხრობა, თუმცა ზუსტად არ ვიცით ჰეროდეს მმართველობის დაწყების წელი და არც ის, თუ როგორ გამოთვალა ის იოსებმა. საწმინდრის მშენებლობა 18 თვეს გაგრძელდა, ეზოებისა და სხვა ნაგებობების შენებას კი 8 წელი დასჭირდა. როცა ახ. წ. 30 წელს იუდეველებმა იესო ქრისტეს უთხრეს, რომ „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა“ (ინ. 2:20), მათ, როგორც ჩანს, სატაძრო კომპლექსის ეზოებსა და ნაგებობებზე იმ დრომდე ჩატარებული სამუშაოები იგულისხმეს. ეს სამუშაოები ახ. წ. 70 წელს ტაძრის განადგურებამდე ექვსი წლით ადრე დასრულდა.
ჰეროდესადმი სიძულვილისა და უნდობლობის გამო იუდეველები მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდნენ ტაძრის აღდგენაზე, რაც ჰეროდემ ყველაფერი მოამზადა მის ასაშენებლად. იმავე მიზეზით ისინი ამ ტაძარს მესამე ტაძრად კი არა, აღდგენილ ტაძრად მიიჩნევდნენ და მხოლოდ პირველ და მეორე ტაძარს მოიხსენიებდნენ (სოლომონისა და ზერუბაბელის ტაძრები).
იოსებ ფლავიუსის დასახელებულ ზომებთან დაკავშირებით ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „მის მიერ ზუსტად და დაწვრილებით აღწერილი ჰორიზონტალური ზომები გვაფიქრებინებს, რომ მას წინ ედო ამ შენობის გეგმა, რომელიც ტიტუსის ჯარის გენერალ-კვარტირმაისტერის შტაბში იყო დამზადებული. ეს ზომები ძალიან განსხვავდება მის მიერ დასახელებული ვერტიკალური ზომებისგან, რომლებიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გაზვიადებულია, უმეტესწილად გაორმაგებული. ვინაიდან ეს შენობები ალყის დროს დაინგრა, ვერავინ დაადანაშაულებდა მას არასწორი ვერტიკალური ზომების მოყვანაში“ (Smith’s Dictionary of the Bible, 1889, ტ. IV, გვ. 3203).
კოლონადები და კარიბჭეები. იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ ჰეროდემ ტაძრის ტერიტორია ორჯერ გაზარდა და მორიას მთის ფერდობებზე ააშენა ქვის მაღალი კედლები, მთის მწვერვალის ნაწილი კი გადაასწორა („იუდეველთა ომი“, I, 401 [xxi, 1], ინგლ.; „იუდეველთა სიძველენი“, წ. XV, თ. 11, აბზ. 3). მიშნაში (მიდოთი 2:1) ნათქვამია, რომ ტაძრის მთის ყველა გვერდი 500 წყრთა, ანუ 223 მეტრი იყო. ტერიტორიის ირგვლივ იდგა კოლონადები. სოლომონისა და ზერუბაბელის ტაძრების მსგავსად, ამ ტაძარსაც აღმოსავლეთიდან ჰქონდა შესასვლელი. აღმოსავლეთ მხარეს იყო სოლომონის კოლონადა, რომელშიც სამ წყებად იდგა მარმარილოს სვეტები. ერთხელ ზამთარში სწორედ აქ ჰკითხა ზოგმა იუდეველმა იესოს, ქრისტე იყო თუ არა (ინ. 10:22—24). ჩრდილოეთითა და დასავლეთით აგრეთვე იდგა კოლონადები, რომლებიც სამხრეთით მდებარე სამეფო კოლონადასთან შედარებით ჯუჯებს ჰგავდა. სამეფო კოლონადაში ოთხ წყებად იდგა 162 კორინთული სვეტი, რომლებიც სამ დერეფანს ქმნიდა. სვეტების გარშემოწერილობა იმდენად დიდი იყო, რომ სამი კაცი უნდა დამდგარიყო მისთვის ხელების შემოსაწვდენად. ამასთან, სხვა კოლონადების სვეტებთან შედარებით ისინი გაცილებით მაღალი იყო.
ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა, როგორც ჩანს, რვა კარიბჭით შეიძლებოდა. ოთხი დასავლეთით იყო, ორი — სამხრეთით, ერთი — აღმოსავლეთით და ერთიც — ჩრდილოეთით (იხ. კარიბჭე [ტაძრის კარიბჭეები]). ამ კარიბჭეების გამო, პირველი ეზო (უცხოტომელთა ეზო) მოკლე გზა გახდა. ტაძრის ტერიტორიის შემოვლის ნაცვლად ხალხი ამ გზას იყენებდა.
უცხოტომელთა ეზო. კოლონადები გარს ერტყა უცხოტომელთა ეზოდ წოდებულ დიდ ტერიტორიას, სადაც უცხოტომელებისთვის ნებადართული იყო შესვლა. დედამიწაზე მსახურების დასაწყისში და დასასრულს იესომ ორჯერ განდევნა ამ ეზოდან ხალხი, რომლებმაც მამამისის სახლი სავაჭრო სახლად აქციეს (ინ. 2:13—17; მთ. 21:12, 13; მრ. 11:15—18).
მთავარ შენობასთან ანუ საწმინდართან მისასვლელად რამდენიმე ეზოს გავლა იყო საჭირო. ყოველი შემდგომი ეზო უფრო წმინდა იყო. უცხოტომელთა ეზოდან გასვლისას ადამიანი მიადგებოდა სამი წყრთის (1,3 მ) სიმაღლის კედელს, რომელშიც გასასვლელები იყო გაკეთებული. კედელს ზემოდან ეწყო ლოდები ლათინური და ბერძნული წარწერებით. ბერძნულად ეწერა: „არც ერთი უცხოელი არ გადავიდეს საწმინდარს შემოვლებულ ღობეს იქით. ვისაც წაასწრებენ, დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯიან“ (The New Westminster Dictionary of the Bible, ჰ. გემანის რედაქციით, 1970, გვ. 932). ერთხელ ტაძარში მოციქულ პავლეს ბრბო დაესხა თავს, რადგან იუდეველებში ხმა დაირხა, რომ მან უცხოტომელი შეიყვანა აკრძალულ ტერიტორიაზე. ამ კედელს გვახსენებს პავლეს ნათქვამი, რომ ქრისტემ დაანგრია უცხოტომელებისა და იუდეველების გამყოფი კედელი (მან „კედელი“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა) (ეფ. 2:14; სქ. 21:20—32).
ქალთა ეზო. უცხოტომელთა ეზოსთან შედარებით 14 საფეხურით მაღლა იყო ქალთა ეზო, სადაც ქალები შედიოდნენ თაყვანსაცემად. სხვა რამეებთან ერთად ამ ეზოში ფულის ჩასაყრელებიც იდგა. ასეთ ჩასაყრელთან მდგომმა იესომ ერთხელ შეაქო ქვრივი ქალი იმისთვის, რომ მან ყველაფერი გაიღო, რაც კი ჰქონდა (ლკ. 21:1—4). ამ ეზოში რამდენიმე ნაგებობაც იდგა.
ისრაელთა ეზო და მღვდელთა ეზო. განწმენდილ ისრაელ მამაკაცებს თხუთმეტი დიდი ნახევარწრის ფორმის საფეხურით შეეძლოთ ისრაელთა ეზოში ასვლა. ამ ეზოს ირგვლივ საწყობი ოთახები იყო.
ამ ეზოს იქით მდებარეობდა მღვდელთა ეზო, რომელიც კარვის ეზოს შესაბამისი იყო. იქ იდგა გაუთლელი ქვებისგან აგებული სამსხვერპლო. მიშნის თანახმად, სამსხვერპლო კვადრატული ფორმისა იყო და თითოეული გვერდი საძირკველთან 32 წყრთას (14,2 მ) შეადგენდა (მიდოთი 3:1). იოსებ ფლავიუსი სამსხვერპლოს უფრო დიდ ზომებს ასახელებს („იუდეველთა ომი“, V, 225 [v, 6], ინგლ.; იხ. სამსხვერპლო [სამსხვერპლოები ბაბილონის ტყვეობის შემდეგ]). სამსხვერპლოსთან მღვდლები დახრილი ბაქნით ადიოდნენ. მიშნის თანახმად, იქ განსაბანი აუზიც იდგა (მიდოთი 3:6). ამ ეზოსაც ერტყა სხვადასხვა ნაგებობა.
ტაძრის შენობა. ტაძარი ჩვეულებრივ შედგებოდა ორი ნაწილისგან — წმინდისა და წმინდათაწმინდისგან. ეს შენობა მღვდელთა ეზოდან 12 საფეხურით მაღლა იდგა. სოლომონის ტაძრის მსგავსად, შენობას ჰქონდა მიშენებული ოთახები და ზემოთა ოთახი. შენობის შესასვლელი კარები ოქროსი იყო. მისი სიმაღლე 55 წყრთა (24,5 მ) იყო, თითოეული ფრთის სიგანე კი — 16 წყრთა (7,1 მ). შენობის წინა ნაწილი უკანა ნაწილზე განიერი იყო, რადგან გვერდებში იყო გაწეული 20-20 წყრთით (8,9 მ). წმინდა შიგნიდან სიგრძით 40 წყრთა (17,8 მ), სიგანით კი — 20 წყრთა იყო. იქ იდგა ოქროსგან დამზადებული სალამპრე, წარსადგენი პურების მაგიდა და საკმევლის სამსხვერპლო.
წმინდათაწმინდის შესასვლელს ფარავდა ლამაზად მოქარგული სქელი ფარდა. იესოს სიკვდილის დროს ეს ფარდა შუაზე გაიხა ზემოდან ძირამდე და გამოჩნდა, რომ წმინდათაწმინდაში შეთანხმების კიდობანი არ იდგა. მის ადგილას იდო ქვის ფილა, რომელსაც მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს სისხლს აპკურებდა (მთ. 27:51; ებ. 6:19; 10:20). წმინდათაწმინდა სიგრძითა და სიგანით 20-20 წყრთა იყო.
ახ. წ. 70 წელს რომაელების ალყაში მყოფი იუდეველები ტაძრის ტერიტორიას ციხესიმაგრედ იყენებდნენ. მათ თავად დაწვეს კოლონადები, ტაძარი კი, რომის მთავარსარდალ ტიტუსის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომაელმა მეომარმა გადაწვა. ამით შესრულდა იესოს მიერ ტაძარზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება: „ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“ (მთ. 24:2; „იუდეველთა ომი“, VI, 252—266 (iv, 5—7); VII, 3, 4 (i, 1)).
იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი. მოსეს მიერ აგებულ კარავს და სოლომონის, ზერუბაბელისა და ჰეროდეს აშენებულ ტაძრებს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს მოციქული პავლეს სიტყვები. ის წერდა, რომ კარავი, რომლის ძირითადი თავისებურებები მოგვიანებით აშენებულ ტაძრებშიც შენარჩუნდა, „ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი“ იყო (ებ. 8:1—5; იხ. აგრეთვე 1მფ. 8:27; ეს. 66:1; სქ. 7:48; 17:24). ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ნათელს ჰფენს იმას, თუ რისი სიმბოლო იყო ყველა ეს ნაგებობა. ბერძნული წერილებიდან ჩანს, რომ ისინი ყველა თავისებურებით განასახიერებდა იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარს, „ჭეშმარიტ კარავს, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“ (ებ. 8:2). ამ სულიერი ტაძრის თავისებურებები ცხადყოფს, რომ მასში იგულისხმება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესო ქრისტეს შერიგების მსხვერპლის საფუძველზე თაყვანი ვცეთ და დავუახლოვდეთ იეჰოვას (ებ. 9:2—10, 23).
ებრაელებისთვის მიწერილ ღვთივშთაგონებულ წერილში ნათქვამია, რომ ამ სულიერი ტაძრის წმინდათაწმინდა „თვით ზეცაა“, ანუ ღვთის სამკვიდრო (ებ. 9:24). თუკი მხოლოდ წმინდათაწმინდა განასახიერებს „თვით ზეცას“, მაშინ წმინდა და მღვდელთა ეზო ყველა თავისებურებით უნდა უკავშირდებოდეს დედამიწას, ამ შემთხვევაში იმ დეტალებს, რომლებიც დაკავშირებულია იესო ქრისტესთან (დედამიწაზე მსახურებისას) და მის მიმდევრებთან, „ზეციური მოწოდების მოზიარეებთან“ (ებ. 3:1).
ფარდა წმინდათაწმინდას წმინდისგან ყოფდა. იესოს შემთხვევაში ეს ფარდა იყო მისი ხორციელი სხეული, რომელიც მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეღო მსხვერპლად. მხოლოდ ასე შეძლებდა ის ზეცაში შესვლას, რომლის სიმბოლოსაც წმინდათაწმინდა წარმოადგენდა (ებ. 10:20). სულით ცხებულმა ქრისტიანებმაც ზეცაში ღვთის წინაშე წარსადგომად უნდა გადალახონ ბარიერი, რომელსაც ხორციელი სხეული უქმნით. აქედან გამომდინარე, წმინდა წარმოადგენს ამ ქრისტიანთა მდგომარეობას, რაშიც იგულისხმება ის, რომ ისინი სულითშობილი ღვთის ძეები არიან და ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი ზეციურ ჯილდოს მაშინ მიიღებენ, როცა სიკვდილის დროს ხორციელ სხეულებს გამოეთხოვებიან (1კრ. 15:50; ებ. 2:10).
ჯერ კიდევ წმინდაში ყოფნისას სულით ცხებულები, რომლებიც ქრისტეს დამხმარე მღვდლებად მსახურობენ, თითქოსდა ლამპრის შუქით განათებულნი, სულიერ სინათლეში არიან, წარსადგენი პურების მაგიდიდან სულიერი საკვებით იკვებებიან და მათი ლოცვები, ქების სიტყვები და ღვთისმსახურება ტკბილსურნელოვანი საკმეველივით აღევლინება ოქროს სასაკმევლიდან. ტაძარში წმინდა გარეშეების თვალთაგან დაფარული იყო. მსგავსად ამისა, მიწიერი იმედის მქონენი ბოლომდე ვერ ჩასწვდებიან იმას, თუ საიდან იგებს ადამიანი, რომ სულით იშვა და რას განიცდის ის, როგორც ღვთის ძე (გმც. 14:3).
ძველი ტაძრის ეზოში იდგა სამსხვერპლო. ის განასახიერებდა ღვთის ნებას, კერძოდ, მის მზადყოფნას, მიეღო ადამის შთამომავლების გამოსასყიდად გაღებული სრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე (ებ. 10:1—10; 13:10—12; ფს. 40:6—8). სულიერი ტაძრის ეზო მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ეს მსხვერპლი. იესო სრულყოფილი ადამიანი იყო, ამიტომაც მოიწონა ღმერთმა მის მიერ გაღებული მსხვერპლი. რაც შეეხება მის ცხებულ მიმდევრებს, ისინი ქრისტეს მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე მართლებად არიან აღიარებულნი და, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ხორციელ სხეულში ყოფნისას ღვთის მიერ უცოდველებად მიჩნეულნი (რმ. 3:24—26; 5:1, 9; 8:1).
ღვთის დიდებული სულიერი ტაძარი, „ჭეშმარიტი კარავი“, თავისი თავისებურებებით ახ. წ. I საუკუნეში უკვე არსებობდა. ამაზე მიანიშნებს პავლე, რომელიც მოსეს მიერ აგებულ კარავზე წერდა, რომ ის „დანიშნული დროის სიმბოლოა, რომელიც უკვე დადგა“, ანუ ის იყო სიმბოლო იმისა, რაც პავლეს დროს უკვე არსებობდა (ებ. 9:9). ფაქტია, ეს სულიერი ტაძარი უკვე იყო, როცა იესომ თავისი მსხვერპლის საფასური წარუდგინა ღმერთს წმინდათაწმინდაში ანუ „თვით ზეცაში“. მან არსებობა დაიწყო ახ. წ. 29 წლიდან, როცა იესო იეჰოვამ წმინდა სულით სცხო, რათა დიდებულ მღვდელმთავრად ემსახურა (ებ. 4:14; 9:11, 12).
იესო სულითშობილ ქრისტიანებს ჰპირდება, რომ მძლეველს, ანუ ბოლომდე ერთგულს, სვეტად აქცევს თავისი „ღვთის ტაძარში და ის აღარასოდეს გავა გარეთ“ (გმც. 3:12). ის მუდმივ სამკვიდროს მიიღებს „თვით ზეცაში“, რომელსაც წმინდათაწმინდა განასახიერებდა.
ესაიას 2:1—4-სა და მიქას 4:1—4-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა“ მაღლა აღიმართებოდა და ხალხი „ყველა ერიდან“ შეიკრიბებოდა „იეჰოვას სახლში“. ახ. წ. 70 წლიდან იერუსალიმში იეჰოვას ტაძარს არ უარსებია, ამიტომ ამ წინასწარმეტყველებაში კონკრეტული ნაგებობა კი არ იგულისხმებოდა, არამედ ის, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთავარ ადგილს დაიკავებდა იეჰოვას ხალხის ცხოვრებაში და იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში ღვთის თაყვანსაცემად დიდძალი ხალხი შეიკრიბებოდა ყველა ერიდან.
იეჰოვას ტაძარი დეტალურად არის აღწერილი ეზეკიელის 40—47-ე თავებში. მაგრამ მასში არ იგულისხმება იერუსალიმში მორიას მთაზე აგებული რომელიმე ტაძარი. ამ ზომის ტაძარი იქ ვერც დაეტეოდა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ღვთის დიდებული სულიერი ტაძრის კიდევ ერთი აღწერილობა. ამ თავებში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ტაძარში მიმდინარე თაყვანისცემაზე, ტაძრიდან მომდინარე კურთხევებსა და იმ ღონისძიებებზე, რომელთა წყალობითაც უღირსები ვერ მოხვდებიან ღვთის თაყვანისმცემლებთან ერთად ამ ტაძრის ეზოებში.
ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძარი. ძვ. წ. 593 წელს, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის განადგურებიდან მე-14 წელს, ხილვაში მაღალ მთაზე გადაყვანილმა ეზეკიელმა, მღვდელმა და წინასწარმეტყველმა, იეჰოვას დიდებული ტაძარი იხილა (ეზკ. 40:1, 2). გადასახლებული იუდეველები რომ შეერცხვინა და მონანიებისკენ აღეძრა, ერთგული იუდეველები კი ენუგეშებინა, ეზეკიელს „ისრაელის სახლისთვის“ უნდა გადაეცა ყველაფერი, რასაც იხილავდა (ეზკ. 40:4; 43:10, 11). ამ ხილვაში დიდი ყურადღება ექცეოდა ზუსტ ზომებს. სიგრძის საზომ ერთეულებად გამოყენებული იყო „ლერწამი“ (გრძელი ლერწამი=3,11 მ) და „წყრთა“ (გრძელი წყრთა=51,8 სმ) (ეზკ. 40:5). ზოგის აზრით დეტალურად მოცემული ზომები იმაზე მიუთითებს, რომ ხილვაში ნანახი ეს ტაძარი გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ზერუბაბელის მიერ აშენებული ტაძრის ნიმუში უნდა ყოფილიყო. მაგრამ არ არსებობს ამ მოსაზრების დამადასტურებელი საფუძვლიანი მტკიცება.
ტაძრის ტერიტორია, როგორც ჩანს, კვადრატული იყო. თითო გვერდი 500 წყრთა იყო. ეს ტერიტორია მოიცავდა გარეთა ეზოს, ამაღლებულ შიდა ეზოს, ტაძარს, სამსხვერპლოს, სხვადასხვა სასადილო ოთახსა და ტაძრის უკან, დასავლეთით მდგარ შენობას. ტაძრის გარეთა და შიდა ეზოებში შესვლა შესაძლებელი იყო ექვსი დიდი კარიბჭით, რომელთაგან სამი გარეთა ეზოში იყო, სამი კი — შიდა ეზოში. ერთმანეთის პირისპირ განლაგებული კარიბჭეები ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთს გაჰყურებდა (ეზკ. 40:6, 20, 23, 24, 27). გარეთა ეზოს ქვედა ქვაფენილი ჰქონდა, რომლის სიგანეც კარიბჭის სიგრძეს უტოლდებოდა და 50 წყრთა (25,9 მ) იყო (ეზკ. 40:18, 21). ამ ქვაფენილზე იდგა ოცდაათი სასადილო ოთახი, სადაც ხალხი, სავარაუდოდ, მშვიდობის მსხვერპლს ჭამდა (ეზკ. 40:17). გარეთა ეზოს ოთხივე კუთხეში მოწყობილი იყო ეზოები, სადაც მღვდლები კანონის მოთხოვნისამებრ ხალხისთვის განკუთვნილ შესაწირავს ხარშავდნენ. ამ შესაწირავს, როგორც ჩანს, ზემოთ მოხსენიებულ სასადილო ოთახებში ჭამდნენ (ეზკ. 46:21—24). გარეთა ეზოს სიგანე ქვედა ქვაფენილიდან შიდა ეზოს კარიბჭემდე, სავარაუდოდ, 100 წყრთა იყო (ეზკ. 40:19, 23, 27).
მღვდელთა სასადილო ოთახები ხალხის სასადილო ოთახებისგან განცალკევებით, ტაძართან ახლოს იდგა. ორი მათგანი ტაძრის მგალობელთა ორ სასადილო ოთახთან ერთად შიდა ეზოს კარიბჭეების გვერდით იდგა (ეზკ. 40:38, 44—46). სასადილო ოთახები მღვდლებს საწმინდრის ჩრდილოეთითაც ჰქონდათ და სამხრეთითაც (ეზკ. 42:1—12). ამ ოთახებს მხოლოდ სასადილო ოთახებად არ იყენებდნენ, იქ მღვდლები გარეთა ეზოში გასვლამდე იცვლიდნენ სელის ტანსაცმელს, რომელიც ტაძარში მსახურების დროს ეცვათ (ეზკ. 42:13, 14; 44:19). როგორც გარეთა ეზოში, აქაც, სასადილო ოთახების უკან იყო ადგილები, სადაც მხოლოდ მღვდლებისთვის განკუთვნილ შესაწირავს ხარშავდნენ და აცხობდნენ (ეზკ. 46:19, 20).
გარეთა ეზოდან შიდა ეზოში შესასვლელად შიდა კარიბჭის გავლა იყო საჭირო. აღმოსავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით გარეთა ეზოს კიდიდან შიდა ეზოს კიდემდე 150 წყრთა (77,7 მ) იყო. შიდა ეზოს სიგანე 200 წყრთა (103,6 მ) იყო (ეზეკიელის 40:47-ში ნათქვამია, რომ შიდა ეზოს კვადრატის ფორმა ჰქონდა და თითო გვერდი 100 წყრთა იყო. როგორც ჩანს, ამაში იგულისხმება უშუალოდ ტაძრის წინ მდებარე ტერიტორია, სადაც შიდა კარიბჭის გავლით ხვდებოდნენ). შიდა ეზოში სამსხვერპლო იდგა (ეზკ. 43:13—17; იხ. სამსხვერპლო [ეზეკიელის ტაძრის სამსხვერპლო]).
საწმინდრის პირველი ოთახი სიგრძით 40 წყრთა (20,7 მ) იყო, სიგანით კი — 20 წყრთა (10,4 მ). მასში ორი ორფრთიანი კარით შედიოდნენ (ეზკ. 41:23, 24). ამ ოთახში იდგა ხის სამსხვერპლო, „მაგიდა, რომელიც იეჰოვას წინაშეა“ (ეზკ. 41:21, 22).
საწმინდრის გარეთა კედლებში ჩაყოლებული იყო განით ოთხწყრთიანი (2 მ) გვერდითი ოთახები. ეს ოთახები დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით სამ სართულად იყო განლაგებული, თითო სართულზე 30 ოთახი (ეზკ. 41:5, 6). ზემოთ ასასვლელად, ჩრდილოეთითა და სამხრეთით, ხვეული კიბე იყო (ეზკ. 41:12). ტაძრის უკან, დასავლეთით, მართკუთხედი შენობა იდგა, რომლის ერთი ბოლო, როგორც ჩანს, ჩრდილოეთს გაჰყურებდა, მეორე კი — სამხრეთს. მას ბინჲანს უწოდებდნენ (ეზეკ. 41:12). ზოგი სწავლული ამ შენობას ტაძართან აიგივებს, მაგრამ წიგნი „ეზეკიელი“ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ იძლევა. დასავლეთით მდგარი ეს შენობა ტაძრისგან განსხვავებული ფორმისა და ზომისა იყო. როგორც ჩანს, მისი დანიშნულება საწმინდარში მიმდინარე მსახურებას უკავშირდებოდა. მსგავსი შენობა ან შენობები, შესაძლოა, სოლომონის ტაძრის დასავლეთითაც იდგა (შდრ. 2მფ. 23:11 და 1მტ. 26:18).
წმინდათაწმინდას ისეთივე ფორმა ჰქონდა, როგორიც სოლომონის ტაძრის წმინდათაწმინდას. კვადრატული იყო და თითო გვერდი 20 წყრთა ჰქონდა. ხილვაში ეზეკიელმა იხილა აღმოსავლეთიდან მომავალი იეჰოვას დიდება, რომელმაც ტაძარი აავსო. იეჰოვამ ამ ტაძარზე თქვა: „ეს არის ადგილი ჩემი ტახტისთვის“ (ეზკ. 43:1—7).
ეზეკიელი ამბობს, რომ ტაძრის ტერიტორიას ოთხივე მხრიდან კედელი ჰქონდა შემოვლებული. თითო გვერდი 500 ლერწამი (1,555 მ) იყო. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ეს კედელი გარეთა ეზოდან 600 მ-ის დაშორებით იყო შემოვლებული, რაც „წმინდას უწმინდურისგან ყოფდა“ (ეზკ. 42:16—20).
ეზეკიელმა აგრეთვე იხილა წყლის ნაკადი, რომელიც „ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ“ მიედინებოდა და სამხრეთის მხრიდან გვერდს უვლიდა სამსხვერპლოს. ის თანდათან ღრმავდებოდა და არაბას გავლით მარილოვან ზღვაში ჩრდილოეთიდან ეშვებოდა. ამ მდინარის წყალმა მლაშე წყალი განკურნა და ზღვა თევზებით აივსო (ეზკ. 47:1—12).
ცხებული ქრისტიანებით ნაშენები ტაძარი. დედამიწაზე მყოფი ცხებული ქრისტიანები ბევრ რამესთან არიან შედარებულნი, მათ შორის ტაძართან. ეს შედარება მართებულია, რადგან ღვთის სული მკვიდრობს ცხებულთა კრებაში. „ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფ“ ეფესოელ ქრისტიანებს, რომლებიც ბეჭედდასმული იყვნენ „დაპირებული წმინდა სულით“, პავლე სწერდა: „[თქვენ ხართ] მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაშენებულნი, თვითონ ქრისტე იესო კი ამ საძირკვლის ქვაკუთხედია. მასთან ერთობაში მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის. მასთან ერთობაში თქვენც შენდებით სამკვიდრებლად, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით“ (ეფ. 1:1, 13; 2:20—22). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ბეჭედდასმულთა და ქრისტეს საძირკველზე აშენებულთა რიცხვი 144 000-ს შეადგენს (გმც. 7:4; 14:1). მოციქული პეტრე მათ „ცოცხალ ქვებს“ უწოდებს და ეუბნება: „სულიერ სახლად შენდებით, რათა გახდეთ წმინდა სამღვდელოება“ (1პტ. 2:5).
ქრისტეს ეს დამხმარე მღვდლები „ღვთის შენობა“ არიან, ამიტომ ღმერთი ამ სულიერი ტაძრის წაბილწვას არ დაუშვებს. პავლე ყურადღებას ამახვილებს ამ ტაძრის სიწმინდეზე და აფრთხილებს მისი წაბილწვის მსურველთ: „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში? თუ ვინმე ღვთის ტაძარს დააქცევს, ღმერთი დააქცევს მას, რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენა ხართ“ (1კრ. 3:9, 16, 17; იხ. აგრეთვე 2კრ. 6:16).
„მისი ტაძარია ... იეჰოვა ღმერთი და კრავი“. მას შემდეგ, რაც იოანემ ზეციდან ჩამომავალი ახალი იერუსალიმი იხილა, თქვა: „ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე იეჰოვა ღმერთი და კრავი“ (გმც. 21:2, 22). ახალი იერუსალიმის წევრებს პირადად შეუძლიათ წარდგნენ იეჰოვას წინაშე, ამიტომ ღმერთთან მისაახლოებლად ტაძარი არ სჭირდებათ (1ინ. 3:2; გმც. 22:3, 4). ისინი ღმერთს წმინდა მსახურებას უშუალოდ კრავის, მღვდელმთავარ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით შეუსრულებენ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ახალი იერუსალიმის ტაძარს იეჰოვასთან ერთად კრავიც წარმოადგენს.
თვითმარქვია. მოციქულმა პავლემ მოსალოდნელი განდგომილების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ „უკანონობის კაცი“ ღვთის ტაძარში დაჯდებოდა და თავს ღმერთად გაასაღებდა (2თს. 2:3, 4). „უკანონობის კაცი“ განდგომილი და ცრუმასწავლებელია, ამიტომ, სინამდვილეში, ის ჯდება ადგილზე, რომელსაც თავად ასაღებს ღვთის ტაძრად (იხ. უკანონობის კაცი).
გადატანითი მნიშვნელობით. ერთხელ იესომ იუდეველებს, რომლებმაც ნიშანი მოსთხოვეს, უთხრა: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ“. მათ ეგონათ, რომ იესო იერუსალიმის ტაძარზე საუბრობდა, მაგრამ მოციქული იოანე გვიხსნის, რომ „ტაძარში ის თავის სხეულს გულისხმობდა“. როცა იესო მამამ, იეჰოვამ, მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა, მოწაფეებს გაახსენდათ იესოს სიტყვები, ჩასწვდნენ მათ მნიშვნელობას და ირწმუნეს (ინ. 2:18—22; მთ. 27:40). იესო აღდგა, მაგრამ არა ხორციელ სხეულში, რადგან ეს სხეული მან გამოსასყიდად გაიღო. მისი ხორციელი სხეული არ გახრწნილა; ღმერთმა გააქრო ის, როგორც სამსხვერპლოზე აღვლენილი მსხვერპლი. აღდგომის შემდეგ იესო იგივე პიროვნება იყო, მხოლოდ ახალ სხეულში, რომლითაც ის შეძლებდა ახალ სამკვიდროში, ზეცაში ცხოვრებას (ლკ. 24:1—7; 1პტ. 3:18; მთ. 20:28; სქ. 2:31; ებ. 13:8).
[სურათი]
იერუსალიმის ტაძრის ეზოში გაკეთებული წარწერა აფრთხილებდა უცხოტომელებს, არ მიახლოებოდნენ ტაძარს