ᲗᲔᲐᲢᲠᲘ
ნაგებობა (ბერძ. თეატრონ), სადაც იდგმებოდა დრამები, ტრაგედიები, კომედიები და საცეკვაო თუ მუსიკალური ნაწარმოებები. ხშირად თეატრში უზნეო სცენები იყო წარმოდგენილი, რომელთა ყურებასაც ერთგული ქრისტიანები თავს არიდებდნენ (ეფ. 5:3—5). თეატრებში აგრეთვე იმართებოდა სხვა სახის საზოგადოებრივი შეკრებები.
პავლე თანამსახურებთან ერთად ეფესოს თეატრში მიიყვანეს მას შემდეგ, რაც ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა ხალხი მათ წინააღმდეგ წააქეზა. მოციქული მზად იყო, თეატრში შეკრებილი ხალხისთვის მიემართა, მაგრამ მოწაფეებმა და ზეიმებისა და თამაშების ზოგიერთმა ორგანიზატორმა, რომლებიც მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილი, გადააფიქრებინეს (სქ. 19:23—31).
საბერძნეთში თეატრების შენება დაახლ. ძვ. წ. V საუკუნეში დაიწყეს და დროთა განმავლობაში ბევრ დიდ ქალაქში ააგეს. ბერძნული თეატრების უმეტესობა ფერდობზე იყო აშენებული. მაყურებელთა ადგილები ნახევარწრიულ რიგებად იყო განლაგებული და იარუსიან სექტორებად იყოფოდა. სკამები ხის ან ქვის იყო. ცენტრში მდებარეობდა ორქესტრა, გუნდისა და მოცეკვავეების სამოქმედო ადგილი. მის უკან იყო ამაღლებული სცენა, რომელსაც ებჯინებოდა სკენე ანუ ფონი.
ზოგიერთი თეატრის ნანგრევები აღმოჩენილია ეფესოში, ათენსა და კორინთში. ეფესოს დიდ თეატრს 66 რიგი ჰქონდა და დაახლ. 25 000 მაყურებელს იტევდა. თეატრების აკუსტიკა დღემდე იმდენად კარგია, რომ სცენაზე ჩურჩულით ნათქვამი ბოლო რიგშიც კი გარკვევით ისმის.
ბერძნებისგან განსხვავებით, რომაელები, უმეტესწილად, ფერდობებზე არ აშენებდნენ თეატრებს. ზოგ შემთხვევაში რომაული თეატრის სცენა და ტრიბუნის გარკვეული ნაწილი გადახურული იყო. რაც შეეხება ამფითეატრს, ის ოვალური ან წრიული ფორმის უსახურავო ნაგებობას წარმოადგენდა, რომლის ცენტრშიც ღია არენა იყო. არენის ირგვლივ საფეხურებად განლაგებული იყო მაყურებელთა ადგილები. დღემდე მოაღწია ერთ-ერთი ცნობილი ამფითეატრის, რომის კოლოსეუმის, ნანგრევებმა, რომლის მშენებლობაც ახ. წ. 80 წელს დასრულდა. ჰეროდე დიდმა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დამასკოსა და კესარეაში, ააშენა თეატრები. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ჰეროდემ ჯერ იერუსალიმში ააშენა თეატრი, შემდეგ კი ქალაქგარეთ ველზე ააგო უზარმაზარი ამფითეატრი („იუდეველთა სიძველენი“, წ. XV, თ. 8, აბზ. 1).
ბერძნული სიტყვა თეატრონ შეიძლება მიუთითებდეს ადგილზე, სადაც სანახაობა იმართება ან თავად სანახაობაზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვფიქრობ, ღმერთმა ჩვენ, მოციქულები, ბოლოები გამოგვიყვანა არენაზე, როგორც სიკვდილმისჯილნი, რადგან სანახაობად [თეატრონ] ვიქეცით ქვეყნიერებისთვის, ანგელოზებისა და ადამიანებისთვის“ (1კრ. 4:9). ამგვარად პავლემ მიანიშნა იმაზე, რაც, ჩვეულებისამებრ, გლადიატორთა ბრძოლის დასასრულს ხდებოდა — ამფითეატრის არენაზე გამოჰყავდათ ზოგიერთი შიშველი და შეუიარაღებელი მონაწილე, რომელთაც სასტიკად ხოცავდნენ.
ბერძნებსა და რომაელებს ჩვევად ჰქონდათ, სიკვდილმისჯილები თეატრში მაყურებლების წინაშე ჩამოეტარებინათ, რომლებიც აბუჩად იგდებდნენ მათ. როგორც ჩანს, პავლეს სწორედ ეს ჩვეულება ჰქონდა მხედველობაში, როცა ებრაელების 10:32, 33-ში ჩაწერილი სიტყვები დაწერა: „გახსოვდეთ წინანდელი დრო: მას შემდეგ, რაც სინათლეს ეზიარეთ, დიდი ბრძოლა გადაიტანეთ და მრავალ სატანჯველს გაუძელით; ხან საქვეყნოდ [სიტყვასიტყვით — „როგორც თეატრში გამოყვანილებს“] შეურაცხგყოფდნენ და გასაჭირში გყრიდნენ, ხანაც თავად ედექით მხარში მსგავს განსაცდელში მყოფთ“. მართალია, ებრაელი ქრისტიანების შესახებ მსგავსი ცნობები არ არსებობს, თუმცა ის, რისი ატანაც მათ მოუწიათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ზემოხსენებულ ჩვეულებას.