რწმენა სულგრძელობისა და ლოცვისკენ აღგვძრავს
„ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოვებულია უფლის მოსვლა“ (იაკობი 5:8).
1. რატომ უნდა დავფიქრდეთ იაკობის 5:7, 8-ზე?
იესო ქრისტეს დიდი ხნის ნალოდინევი „თანდასწრება“ დღეს უკვე რეალობაა (მათე 24:3–14, აქ). ყველას, ვინც აცხადებს, რომ სწამს ღმერთი და ქრისტე, ახლა ყველაზე მეტი მიზეზი აქვს, რომ დაფიქრდეს მოწაფე იაკობის შემდეგ სიტყვებზე: „ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოვებულია უფლის მოსვლა“ (იაკობი 5:7, 8).
2. რა პრობლემების წინაშე იდგნენ ისინი, ვისაც იაკობი სწერდა?
2 მათ, ვისაც იაკობი სწერდა ინსპირირებულ წერილს, მოთმინების გამოვლენა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარება სჭირდებოდათ. მრავალი იმის საპირისპიროდ იქცეოდა, რაც უნდა გაეკეთებინათ მათ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ღვთისადმი რწმენა აქვთ. მაგალითად, საჭირო იყო რაღაც ზომების მიღება იმ გარკვეულ სურვილებთან დაკავშირებით, რაც ზოგიერთის გულში განვითარდა. იმ ადრინდელ ქრისტიანებს შორის სიმშვიდე უნდა აღმდგარიყო. აგრეთვე საჭირო იყო რჩევა, ყოფილიყვნენ მომთმენნი და ელოცათ. მათთვის იაკობის ნათქვამის განხილვისას, ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მისი სიტყვების ცხოვრებაში გამოყენება.
არასწორი სურვილები დამღუპველია
3. რა მიზეზები იწვევდა კრებებში დავას და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
3 ზოგიერთებს შორის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, არ იყო მშვიდობა, ხოლო ამის მიზეზი არასწორი სურვილები იყო (იაკობი 4:1–3, სსგ). შარიანობა განხეთქილებას იწვევდა, ხოლო ზოგი ყოველგვარი სიყვარულის გარეშე განსჯიდა თავის ძმას. ამის მიზეზი იყო ვნებები, რომლებიც მათ ასოებს შორის იბრძოდნენ. შეიძლება ჩვენთვისაც აუცილებელია, ლოცვაში დახმარება ვითხოვოთ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ პრესტიჟთან, ძალაუფლებასა და ქონებასთან დაკავშირებულ ხორციელ გულისთქმებს, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც კრების მშვიდობას დაარღვევდა (1 პეტრე 2:11; რომაელთა 7:21–25). პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანის სიხარბემ იმ დონეს მიაღწია, რომ სიძულვილით სავსე მომაკვდინებელი სული განავითარა. რადგან ღმერთი მათ არასწორ სურვილებს არ უსრულებდა, ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. თუ ჩვენც მსგავსი არასწორი სურვილები გვაქვს, შეიძლება ვითხოვოთ, მაგრამ არ მივიღებთ, ვინაიდან ჩვენი წმინდა ღმერთი ასეთ ლოცვებზე არ პასუხობს (გოდება იერემიასი 3:44; 3 იოანე 9, 10).
4. რატომ უწოდებს იაკობი ზოგიერთს ‘მრუშს’ და როგორ უნდა იმოქმედოს ამ განაცხადმა ჩვენზე?
4 ადრინდელ ქრისტიანთაგან ზოგს ხორციელი სურვილები, შური და სიამაყე ჰქონდა (იაკობი 4:4–6). იაკობი ზოგს ‘მრუშს’ უწოდებს, რადგან ისინი წუთისოფლის მეგობრები და, ამგვარად, სულიერ მრუშობაში დამნაშავენი იყვნენ (ეზეკიელი 16:15–19, 25–45). რასაკვირველია, ჩვენ არ გვინდა, რომ წუთისოფლისთვის დამახასიათებელი თვალსაზრისი, საუბრები და მოქმედებები გვქონდეს, რადგან ეს ღვთის მტრებად გვაქცევდა. მისი სიტყვა გვიჩვენებს, რომ ‘შური’ არის ცოდვილი ადამიანის ბოროტისკენ მიდრეკილების, ანუ ‘სულის’ ნაწილი (დაბადება 8:21; რიცხვნი 16:1–3; ფსალმუნი 105:16, 17; ეკლესიასტე 4:4). ამიტომ, თუ გვესმის, რომ საჭიროა ვებრძოლოთ შურს, სიამაყესა და სხვა ცუდ მიდრეკილებას, ვეძიოთ იეჰოვას დახმარება, რომელსაც ის სულიწმიდის მეშვეობით გაგვიწევს. ეს ძალა, რომლის უკანაც ღვთისგან ბოძებული მადლი დგას, უფრო ძლიერია, ვიდრე ‘შურისადმი’ მიდრეკილება. მაშინ, როდესაც იეჰოვა ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თუ ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლას ვეწევით, ის შეგვიწყალებს.
5. რა მოთხოვნები უნდა შევასრულოთ, ღვთის მადლით რომ ვისარგებლოთ?
5 როგორ შეგვიძლია ღვთისგან წყალობის მიღება? (იაკობი 4:7–10). იეჰოვას წყალობით რომ ვისარგებლოთ, უნდა დავემორჩილოთ მას, მივყვეთ მის ღონისძიებებს და შევასრულოთ მისი ნება (რომაელთა 8:28). აგრეთვე უნდა ‘წინაღვუდგეთ’, ანუ წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს. თუ იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერაში მტკიცენი დავრჩებით, სატანა ‘გაიქცევა ჩვენგან’. ჩვენ გვეხმარება იესო, რომელიც აკავებს წუთისოფლის ბოროტ ძალებს, რათა ვერავითარი უსაშველო ზიანი ვერ მოგვაყენონ. და არასოდეს დაგვავიწყდეს შემდეგი: ლოცვით, მორჩილებითა და რწმენით იეჰოვას ვუახლოვდებით და ისიც ჩვენს გვერდით იქნება (მეორე ნეშტთა 15:2).
6. რატომ უწოდებს იაკობი ზოგ ქრისტიანს ‘ცოდვილს’?
6 რატომ იყენებს იაკობი გამოთქმას „ცოდვილნო“ მათ მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისადმი რწმენა აქვთ? ისინი დამნაშავეები იყვნენ ‘ბრძოლებსა’ და მომაკვდინებელ სიძულვილში, რაც ქრისტიანებისთვის მიუღებელია (ტიტე 3:3). მათი „ხელები“ ცუდი საქმეებით იყო სავსე და განწმენდას საჭიროებდნენ. მათ ‘გულების’, აღძვრების ადგილსამყოფელის, გასუფთავებაც სჭირდებოდათ (მათე 15:18, 19). ის ‘ორჭოფები’ ყოყმანობდნენ ღმერთთან ერჩიათ მეგობრობა, თუ წუთისოფელთან. მათი ცუდი მაგალითით გაფრთხილებულებმა, დაე გამოვავლინოთ მოუდუნებელი სიფხიზლე, რათა ასეთმა საკითხებმა არ დაამსხვრიონ ჩვენი რწმენა (რომაელთა 7:18–20).
7. რატომ ეუბნება ზოგს იაკობი, ‘იგლოვოს და იტიროს’?
7 იაკობი მკითხველს ეუბნება: „დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ“. თუ ისინი ღვთის გულისთვის დანაღვლიანდებოდნენ, ეს მონანიების მაჩვენებელი იქნებოდა (2 კორინთელთა 7:10, 11). დღეს ზოგიერთი, ვინც ამბობს, რომ მორწმუნეა, წუთისოფელთან მეგობრობას ეძებს. თუ რომელიმე ჩვენგანს მსგავსი გეზი აქვს აღებული, ნუთუ არ უნდა ვიგლოვოთ ჩვენი სუსტი სულიერი მდგომარეობის გამო და დაუყოვნებლივ არ უნდა მივიღოთ ზომები მათ გამოსასწორებლად? საჭირო შესწორებების შეტანა და ღვთისგან მიტევების მიღება, რომელსაც შედეგად სუფთა სინდისი და მარადიული ცხოვრების სასიხარულო იმედი მოჰყვება, ჩვენში სიხარულის გრძნობას წარმოშობს (ფსალმუნი 50:12–19; 1 იოანე 2:15–17).
ნუ განიკითხავთ ერთმანეთს
8, 9. რატომ არ უნდა დავძრახოთ და განვსაჯოთ?
8 თანამორწმუნის წინააღმდეგ ლაპარაკი ცოდვაა (იაკობი 4:11, 12). მაგრამ ზოგი თანამორწმუნის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რაც შესაძლოა საკუთარი თავის მართლად მიჩნევის ან სხვების დამცირებით საკუთარი თავის განდიდების სურვილით იყოს გამოწვეული (ფსალმუნი 49:20; იგავნი 3:29). ბერძნული გამოთქმა, რომელიც გადმოთარგმნილია სიტყვით „ძრახავთ“, მტრულ განწყობილებაზე მიუთითებს და მასში გაზვიადება ან ცრუ ბრალდება იგულისხმება. ეს ძმის განსჯის ტოლფასია. როგორ ‘ძრახავს რჯულს და განიკითხავს მას’ ასე მოქმედი? ფარისევლები და მწიგნობრები ‘ღვთის მცნებებს აუქმებდნენ’ და სხვებს საკუთარი ნორმებით განსჯიდნენ (მარკოზი 7:1–13). მსგავსად ამისა, თუ მსჯავრს დავდებდით ძმას, რომლისთვისაც იეჰოვას არ დაუდია მსჯავრი, განა არ ‘განვიკითხავდით ღვთის რჯულს’, განა ამით არ შევცოდავდით და გადაკვრით იმას არ ვიტყოდით, რომ რჯული არასრულფასოვანია? განა ძმის უსამართლოდ გაკრიტიკებით, შევასრულებდით რჯულს სიყვარულის შესახებ? (რომაელთა 13:8–10).
9 გვახსოვდეს: „ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი“ — იეჰოვა. მისი ‘რჯული სრულყოფილია’ და არა არასრულფასოვანი (ფსალმუნი 18:8; ესაია 33:22). მხოლოდ ღმერთს აქვს გადარჩენისთვის საჭირო ნორმებისა და კანონების დადგენის უფლება (ლუკა 12:5). ამიტომ იაკობი სვამს კითხვას: „შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?“ ჩვენთვის არავის მოუცია სხვების განსჯისა და გაკიცხვის უფლება (მათე 7:1–5; რომაელთა 14:4, 10). ღვთის უზენაესობაზე და მიუკერძოებლობასა და ჩვენს ცოდვილიანობაზე დაფიქრება, თავმომწონედ სხვების განსჯისგან თავშეკავებაში უნდა დაგვეხმაროს.
მოერიდე თავდაჯერებულად ტრაბახს
10. რატომ უნდა გვახსოვდეს იეჰოვა ყოველდღიურ ცხოვრებაში?
10 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იეჰოვა და მისი რჯული (იაკობი 4:13–17). თავდაჯერებული ადამიანები უგულებელყოფენ ღმერთს და ამბობენ: „დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო“. თუ ‘ჩვენთვის ვიუნჯებთ და ღმერთში არ ვმდიდრდებით’, შესაძლოა ხვალ მოვკვდეთ და აღარ გვექნეს იეჰოვასადმი მსახურების შესაძლებლობა (ლუკა 12:16–21). იაკობი ამბობს, რომ ჩვენ დილის ნისლის მსგავსნი ვართ, რომელიც „ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება“ (პირველი ნეშტთა 29:15). მხოლოდ იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენით შეგვიძლია ხანგრძლივი სიხარულისა და მარადიული ცხოვრების იმედი გვქონდეს.
11. რას ნიშნავს თქმა: „თუ ინებებს უფალი“?
11 კვეხნისა და ღვთის უგულებელყოფის ნაცვლად, ასეთი პოზიცია უნდა გვეჭიროს: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო“. იმის თქმა: „თუ ინებებს უფალი“ ცხადყოფს, რომ მის ნებასთან შესაბამისად მოქმედებას ვცდილობთ. შეიძლება ოჯახის სარჩენად, სამეფოს საქმეებთან დაკავშირებით, სამოგზაუროდ ან სხვა მსგავსი საქმეებისთვის ფულის გამომუშავება დაგვჭირდეს. მაგრამ მოდი ნუ ვიკვეხნით. „ამგვარი ამპარტავნობა ბოროტებაა“, რადგან ის უგულებელყოფს, რომ ღმერთზე ვართ დამოკიდებული (ფსალმუნი 36:5; იგავნი 21:4; იერემია 9:22, 23).
12. რას ნიშნავს იაკობის 4:17-ის სიტყვები?
12 როგორც ჩანს, თავდაჯერებულობისა და კვეხნის შესახებ თავის განაცხადს იაკობი შემდეგი სიტყვებით ასკვნის: „ვინც სიკეთის ქმნა იცის და არ იქმს, ეს ცოდვად ეთვლება მას“. ყველა ქრისტიანმა თავმდაბლურად უნდა აღიაროს, რომ ღმერთზეა დამოკიდებული. თუ ასე არ იქცევა, „ეს ცოდვად ეთვლება მას“. რასაკვირველია, იგივე პრინციპი ვრცელდება იმ ყველაფრის შეუსრულებლობაზე, რასაც ღვთისადმი რწმენა მოითხოვს ჩვენგან (ლუკა 12:47, 48).
გაფრთხილება მდიდრებთან დაკავშირებით
13. რას ამბობს იაკობი სიმდიდრის უმართებულოდ გამომყენებელთა შესახებ?
13 ადრინდელი ქრისტიანებიდან ზოგი სიმდიდრის მოყვარული ხდებოდა, ზოგს კი მდიდრები ხიბლავდა და ამიტომ იაკობმა ზოგი მდიდრის შესახებ მკაცრი განაცხადი გააკეთა (იაკობი 5:1–6). წუთისოფლის ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიმდიდრეს არასწორად იყენებდნენ, ‘ივაგლახებდნენ იმ უბედურებაზე, მათზე რომ მოვიდოდა’ იმ დროს, როდესაც ღმერთი მათი საქმეების მიხედვით მიაგებდა. იმ დღეებში, მრავალი ადამიანის სიმდიდრეს ძირითადად ტანსაცმელი, ხორბალი და ღვინო წარმოადგენდა (იოველი 2:19; მათე 11:8). ამ სიმდიდრიდან ზოგი შეიძლება დალპეს ან ‘ჩრჩილმა შეჭამოს’, მაგრამ იაკობი აქ ყურადღებას ამახვილებს სიმდიდრის უსარგებლობაზე და არა მის ხრწნადობაზე. თუმცა ოქრო-ვერცხლს ჟანგი არ ეკიდება, თუ მათ სადმე ჩავფლავთ, ისინიც ისეთივე უსარგებლო იქნება, როგორც ის ლითონები, რომლებსაც ჟანგი ეკიდება. „ჟანგი“ მატერიალური სიმდიდრის არასათანადო გამოყენებაზე მიუთითებს. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ სიმდიდრეზე დაიმედებულთათვის ‘უკანასკნელი დღეებისთვის დაუნჯებული’ ქონება „ცეცხლივით“ იქნება მათზე ღვთის რისხვის გადმოსვლისას. ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვინაიდან ‘უკანასკნელ ჟამს’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4; რომაელთა 2:5).
14. რას აკეთებენ ხშირად მდიდრები და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენ ამის მიმართ?
14 მდიდრები ხშირად უკავებენ თავიანთი ყანების მომკელთ საზღაურს, რაც ‘ღაღადებს’, რომ ჯეროვნად მიეზღოთ მჩაგვრელებს (შეადარე დაბადება 4:9, 10). წუთისოფლის მდიდრები ‘განცხრომით’ ცხოვრობენ. ხორციელი სიამოვნებებით მეტისმეტად ნებივრობით მათ გულები გაისუქეს, უგრძნობი გაიხადეს და მშვიდად განაგრძობენ ამის გაკეთებას თავიანთი დაკვლის დღემდე’. ისინი ‘მსჯავრს სდებენ და ხოცავენ მართლებს’. იაკობი ამბობს: „მართალი. . . არ გაგიძალიანდათ [თქვენ, მდიდრებს]“. ნებისმიერ შემთხვევაში, მდიდრებს მიკერძოებით არ უნდა მოვექცეთ. ცხოვრებაში პირველ ადგილზე სულიერი ინტერესები უნდა დავაყენოთ (მათე 6:25–33).
რწმენა სულგრძელობის გამოვლენაში გვეხმარება
15, 16. რატომ არის სულგრძელობის გამოვლენა ასე მნიშვნელოვანი?
15 წუთისოფლის მდიდართა მჩაგვრელი კლასის შესახებ აზრის გამოთქმის შემდეგ იაკობი ჩაგრულ ქრისტიანებს სულგრძელობის გამოვლენისკენ მოუწოდებს (იაკობი 5:7, 8). თუ მორწმუნეები მოთმინებით იტანენ გაჭირვებას, ქრისტეს თანდასწრების პერიოდში გამოვლენილი ერთგულებისთვის ისინი დაჯილდოვდებიან, მაშინ როცა მათი მოწინააღმდეგეები განისჯებიან (მათე 24:37–41). ადრინდელი ქრისტიანები ებრაელი მიწის მუშაკების მსგავსები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ შემოდგომის საადრეო წვიმას, რათა დაეთესათ, და გაზაფხულის საგვიანო წვიმას, რათა ნაყოფი მოეწიათ (იოველი 2:23). ჩვენთვისაც აუცილებელია სულგრძელობის გამოვლენა და გულის გამაგრება, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ უკვე დაწყებულია იესო ქრისტეს ‘თანდასწრება’ (აქ).
16 რატომ უნდა ვიყოთ სულგრძელნი? (იაკობი 5:9–12). სულგრძელობა დაგვეხმარება, არ ვიკვნესოთ ან არ ვჩიოდეთ თანაქრისტიანზე, როცა ის გვაწყენინებს. თუ ბოროტების სულით ამოძრავებულნი ‘ერთმანეთზე ვჩივივართ’, მოსამართლე იესო ქრისტე მსჯავრს დაგვდებს (იოანე 5:22). ახლა, როდესაც მისი ‘თანდასწრება’ დაწყებულია და „განმკითხავი კარზეა მომდგარი“, მოდი სულგრძელნი ვიყოთ ძმების მიმართ, რომლებსაც მრავალი განსაცდელის ატანა უწევთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობას. ჩვენი რწმენაც ძლიერდება, როდესაც გვახსოვს, რომ ღმერთმა იობი განსაცდელის მოთმინებით ატანისთვის დააჯილდოვა (იობი 42:10–17). თუ რწმენასა და სულგრძელობას გამოვავლენთ, ვნახავთ, რომ „მრავალმოწყალე და შემბრალებელია უფალი“ (მიქა 7:18, 19).
17. რატომ ამბობს იაკობი „ნუ დაიფიცებთ“-ო?
17 თუ სულგრძელნი არა ვართ, რთულ სიტუაციებში ვერ შევძლებთ ენის ალაგმვას. მაგალითად, შეიძლება დაუფიქრებლად დავიფიცოთ. „ნუ დაიფიცებთ“, ამბობს იაკობი და დაუფიქრებლად ფიცის დადებისგან თავშეკავების შესახებ გვაფრთხილებს. ნათქვამის გამუდმებით ფიცით დამტკიცებაც ფარისევლური ჩანს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ჩვენი ჰო იყოს ჰო და არა — არა (მათე 5:33–37). რა თქმა უნდა, იაკობი არ ამბობს, რომ სასამართლოზე სიმართლის თქმაზე ფიცის დადება შეცდომაა.
რწმენა და ჩვენი ლოცვები
18. რა სიტუაციებში უნდა ‘ვილოცოთ’ და ‘ვიგალობოთ’?
18 ენის ალაგმვის, სულგრძელობის გამოვლენისა და ღვთისადმი რწმენაში შეუბღალავად დარჩენისთვის, ლოცვა უდიდეს როლს უნდა ასრულებდეს ჩვენს ცხოვრებაში (იაკობი 5:13–20). განსაკუთრებით კი განსაცდელისას უნდა ‘ვილოცოთ’. თუ ვხარობთ, ‘ვიგალობოთ’, როგორც ამას იესო და მისი მოციქულები აკეთებდნენ მაშინ, როდესაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა (მარკოზი 14:26). ზოგჯერ შეიძლება ღვთისადმი ისეთი მადლიერებით ავივსოთ, რომ გულშიც კი ვმღეროდეთ საგალობლებს (1 კორინთელთა 14:15; ეფესელთა 5:19). და რამდენად სასიხარულოა, ქრისტიანულ შეხვედრებზე სიმღერებით განვადიდოთ იეჰოვა!
19. რა უნდა გავაკეთოთ, თუ სულიერად დაავადებულები ვართ და რატომ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი?
19 თუ სულიერად დაავადებულები ვართ, რაც შეიძლება ცუდი საქციელის ან იეჰოვას მაგიდიდან არარეგულარული კვების შედეგი იყოს, არ გვემღერება. თუ ასეთ მდგომარეობაში ვართ, მოდი თავმდაბლურად მოვუხმოთ უხუცესებს, რათა ‘ილოცონ ჩვენზე’ (იგავნი 15:29). ისინი ‘ნელსაცხებელსაც გვცხებენ უფლის სახელით’. როგორც ნელსაცხებელი აამებს ჭრილობას, ისე მათი მანუგეშებელი სიტყვები და ბიბლიური რჩევები იმოქმედებს დამამშვიდებლად დეპრესიაში ჩავარდნილ, ეჭვითა და შიშით შეპყრობილ პიროვნებებზე. ‘რწმენის ლოცვა გვიხსნის’, თუ ის რწმენაზეა დაფუძნებული. როცა უხუცესები ხედავენ, რომ ჩვენი სულიერად დაუძლურება სერიოზული ცოდვითაა გამოწვეული, ისინი კეთილმოსურნეობის სულში ნათლად დაგვანახებენ ჩვენს შეცდომას და ეცდებიან, დაგვეხმარონ (ფსალმუნი 140:5). და თუ ვინანიებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი შეისმენს მათ ლოცვებს და მოგვიტევებს.
20. რატომ უნდა ვაღიაროთ ცოდვები და ვილოცოთ ერთმანეთისთვის?
20 ‘ერთმანეთის წინაშე ცოდვების აღიარება’ ხელმეორედ შეცოდების არიდებაში უნდა დაგვეხმაროს. ამან ჩვენში უნდა აღძრას ურთიერთთანაგრძნობა, თვისება, რომელიც ‘ერთმანეთისთვის ლოცვისკენ’ აღგვძრავს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს სასარგებლო აღმოჩნდება, ვინაიდან ‘მართლის’, ისეთი პიროვნების ლოცვას, რომელიც რწმენას ავლენს და რომელსაც ღმერთი მართლად თვლის, დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე (1 პეტრე 3:12). წინასწარმეტყველ ელიას ისეთივე სისუსტეები ახასიათებდა, როგორც ჩვენ, მაგრამ მისმა ლოცვებმა გაჭრა. მან ილოცა და სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში წვიმა არ მოსულა. როცა მან კვლავ ილოცა, გაწვიმდა (მესამე მეფეთა 17:1; 18:1, 42–45; ლუკა 4:25).
21. რის გაკეთება შეგვიძლია, თუ თანაქრისტიანი ‘ჭეშმარიტებას გადასცდა’?
21 მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ კრების რომელიმე წევრი ‘ჭეშმარიტებას გადასცდა’ და სწორი სწავლებიდან და მოქმედებიდან გადაუხვია? ბიბლიური რჩევით, ლოცვითა და სხვა დახმარებით მოსალოდნელია, შევძლოთ მისი მცდარი გზიდან მობრუნება. თუ ამ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, ეს მას ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მფარველობაში ტოვებს და სულიერი სიკვდილისა და განადგურების განაჩენისგან იხსნის. როცა ვეხმარებით პიროვნებას, რომელმაც შეცდომა დაუშვა, მის მრავალ ცოდვას ვფარავთ. როცა გამოსწორებული შემცოდე თავისი ცოდვილი გზებიდან მობრუნდება, მოინანიებს და მიტევების ძიებას იწყებს, ჩვენ გავიხარებთ იმით, რომ მისი ცოდვების დასაფარავად ვიმოქმედეთ (ფსალმუნი 31:1, 2; იუდა 22, 23).
ყველა ჩვენგანისთვის
22, 23. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იაკობის სიტყვებმა?
22 აშკარაა, რომ იაკობის წერილი ყველა ჩვენგანისთვის რაღაც სასარგებლოს შეიცავს. ის გვიჩვენებს, როგორ გავუმკლავდეთ განსაცდელს, გვარიგებს მიკერძოების წინააღმდეგ და სწორად მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. იაკობი გვირჩევს, ავლაგმოთ ენა, წინააღმდეგობა გავუწიოთ წუთისოფლის გავლენას და ხელი შევუწყოთ მშვიდობას. მისმა სიტყვებმა სულგრძელობისა და ლოცვისკენაც უნდა აღგვძრას.
23 მართალია, იაკობის წერილი თავდაპირველად ცხებული ქრისტიანებისადმი იყო მიწერილი, მაგრამ ყველა ჩვენგანმა მისი რჩევა რწმენის განსამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთ. იაკობის სიტყვებს შეუძლია გააძლიეროს ჩვენი რწმენა, რომელიც ღვთის მსახურებაში გადამწყვეტი მოქმედებისკენ აღგვძრავს. მისი ღვთივსულიერი წერილი აგებს მტკიცე რწმენას, რომელიც იეჰოვას სულგრძელ, მისადმი ხშირად ლოცვით მიმმართველ მოწმეებად გვხდის დღეს, იესო ქრისტეს ‘ჩვენი უფლის თანდასწრებისას’ (აქ).
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ იყო ზოგი ადრინდელი ქრისტიანისთვის აუცილებელი თვალსაზრისისა და მოქმედების შეცვლა?
◻ რა გაფრთხილებას აძლევს იაკობი მდიდრებს?
◻ რატომ უნდა გამოვავლინოთ სულგრძელობა?
◻ რატომ უნდა ვილოცოთ რეგულარულად?
[საავტორო უფლება 19 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 23 გვერდზე]
ზოგი ადრინდელი ქრისტიანისთვის აუცილებელი იყო, მეტი სულგრძელობა გამოევლინა თანამორწმუნის მიმართ.
[სურათი 24 გვერდზე]
ქრისტიანები სულგრძელები, მოსიყვარულეები უნდა იყვნენ და გამუდმებით უნდა ლოცულობდნენ.