თავი შეაფარეთ ღვთის ორგანიზაციას
„უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“ (იგავნი 18:10).
1. იესოს ლოცვის თანახმად, როგორ რთულ მდგომარეობაში არიან ქრისტიანები?
სიკვდილამდე იესო ზეციერ მამას თავის მიმდევრებზე ევედრებოდა. მის სიტყვებში სიყვარული და მზრუნველობა ჩანდა: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17:14, 15). იესომ იცოდა, რომ წუთისოფელი საშიში ადგილი იქნებოდა ქრისტიანებისთვის. წუთისოფლის მათდამი სიძულვილი გამოჩნდებოდა ცილისწამებითა და დევნით (მათე 5:11, 12; 10:16, 17). ის აგრეთვე გახრწნილების ბუდე იქნებოდა (2 ტიმოთე 4:10; 1 იოანე 2:15, 16).
2. სად შეუძლიათ ქრისტიანებს სულიერი თავშესაფრის პოვნა?
2 წუთისოფელში, რომელიც ქრისტიანებს შეიძულებდა, არიან ისინი, რომლებმაც კავშირი გაწყვიტეს ღმერთთან და რომლებსაც სატანა მმართველობს (1 იოანე 5:19, აქ). წუთისოფელი ქრისტიანულ კრებაზე გაცილებით დიდია და სატანაც ნებისმიერ ადამიანზე — გაცილებით ძლიერი. ამიტომ წუთისოფლის სიძულვილი ნამდვილად საშიშია. სად შეუძლიათ იესოს მოწაფეებს სულიერი თავშესაფრის პოვნა? პასუხს ვნახულობთ 1922 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“: „ბოროტ დღეს ვცხოვრობთ. სატანის ორგანიზაციასა და ღვთის ორგანიზაციას შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ეს გაცხარებული ბრძოლაა“. ამ ბრძოლის დროს ღვთის ორგანიზაცია სულიერი თავშესაფარია. სიტყვა „ორგანიზაცია“ ბიბლიაში საერთოდ არაა მოხსენიებული და წარსულში, 20-იან წლებში, „ღვთის ორგანიზაცია“ ახალი გამოთქმა იყო. მაშ, რა არის ეს ორგანიზაცია? და როგორ შეგვიძლია თავი შევაფაროთ მას?
იეჰოვას ორგანიზაცია
3, 4. ა) რას ნიშნავს ორგანიზაცია ერთ-ერთი ლექსიკონისა და „საგუშაგო კოშკის“ თანახმად? ბ) რა მნიშვნელობით შეიძლება ეწოდოს იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო საძმოს ორგანიზაცია?
3 „ოქსფორდის მოკლე ლექსიკონის“ (Concise Oxford Dictionary) თანახმად, ორგანიზაცია ნიშნავს „ორგანიზებულ საბჭოს“. აქედან გამომდინარე, გვესმის, რომ რადგან მოციქულებმა ჩამოაყალიბეს პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება, რომელსაც იერუსალიმის ხელმძღვანელი საბჭო ზედამხედველობდა, შესაფერისი იქნებოდა, ‘საძმოსთვის’ ორგანიზაცია გვეწოდებინა (1 პეტრე 2:17). იეჰოვას მოწმეებს დღეს იგივე ორგანიზაციული სტრუქტურა აქვთ. პირველი საუკუნის საბჭოს ერთობა გაძლიერდა ‘ადამიანთა სახით ძღვენის’ წყალობით, რომლებიც „მწყემსებად და მოძღვრებად“ მსახურობდნენ. ზოგ მათგანს კრებების მონახულება ევალებოდა, ზოგი კი ადგილობრივ კრებაში უხუცესად მსახურობდა (ეფესელთა 4:8, აქ, 11, 12; საქმეები 20:28). მსგავსი „ძღვენით“ ძლიერდება იეჰოვას მოწმეთა ერთობაც დღეს.
4 „საგუშაგო კოშკის“ 1922 წლის 1 ნოემბრის გამოცემაში სიტყვა „ორგანიზაციაზე“ ნათქვამი იყო: „ორგანიზაცია არის ადამიანთა კავშირი დასახული მიზნის მისაღწევად“. შემდეგ „საგუშაგო კოშკი“ ხსნიდა: „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციად მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ისინი წარმოადგენენ „სექტას, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ ნიშნავს, რომ ბიბლიის მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები] მონდომებით ცდილობენ, შეასრულონ ღვთის განზრახვები, თანაც ისე, როგორც ღმერთი აკეთებს ყველაფერს, მოწესრიგებულად“ (1 კორინთელთა 14:33). პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, მისი თანამედროვე ქრისტიანებიც ანალოგიურად მოქმედებდნენ. მან ცხებული ქრისტიანების საძმო შეადარა სხეულს, რომლის ყოველი ორგანო თავის დანიშნულებას ისე ასრულებს, რომ სხეულმა სათანადოდ იფუნქციონიროს (1 კორინთელთა 12:12–26). ეს ორგანიზაციის ნამდვილად თვალსაჩინო მაგალითია! რატომ იყვნენ ქრისტიანები ორგანიზებულნი? „ღვთის განზრახვებისა“ და ნების შესასრულებლად.
5. რას ეწოდება ღვთის ხილული ორგანიზაცია?
5 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ სადღეისოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები გაერთიანებული იქნებოდნენ, იშვებოდნენ ერთ ‘მიწად’, ერთიან ‘ხალხად’ და ‘გაანათებდნენ, როგორც მნათობები სამყაროში’ (ესაია 66:8; ფილიპელთა 2:15). ამ ორგანიზებული ‘ხალხის’ ოდენობა ამჟამად ხუთ-ნახევარ მილიონზე მეტს ითვლის (ესაია 60:8–10, 22). მაგრამ ღვთის ორგანიზაცია მხოლოდ ადამიანებით არ შემოიფარგლება; მისი წევრები ანგელოზებიც არიან.
6. ვინ წარმოადგენენ ღვთის ორგანიზაციის წევრებს ფართო გაგებით?
6 მრავალი შემთხვევაა აღწერილი ბიბლიაში, როდესაც ანგელოზები ღვთის მიწიერ მსახურებთან თანამშრომლობდნენ (დაბადება 28:12; დანიელი 10:12–14; 12:1; ებრაელთა 1:13, 14; გამოცხადება 14:14–16). „საგუშაგო კოშკის“ 1925 წლის 15 მაისის გამოცემაში მართებულადაა ნათქვამი: „ყველა წმინდა ანგელოზი ღვთის ორგანიზაციის წევრია. — შემდეგ დასძენს, — ღვთის ორგანიზაციას მთელი ძალაუფლებითა და უფლებამოსილებით სათავეში უდგას უფალი იესო ქრისტე“ (მათე 28:18). მაშასადამე, ფართო გაგებით, ღვთის ორგანიზაცია შედგება ზეციერი და მიწიერი წარმომადგენლებისგან, რომლებიც ღვთის ნების შესასრულებლად თანამშრომლობენ (იხილეთ ჩარჩო). რა შესანიშნავია ამ ორგანიზაციის წევრად ყოფნა! და რა დიდებულია, როცა ფიქრობ, რომ მალე ზეციერი და მიწიერი არსებები გაერთიანდებიან იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად! (გამოცხადება 5:13, 14). მაგრამ, როგორ გვიცავს ღვთის ორგანიზაცია დღეს?
ღვთის ორგანიზაცია დამცველია — რა გაგებით?
7. როგორ გვიცავს ღვთის ორგანიზაცია?
7 ღვთის ორგანიზაცია გვეხმარება სატანისა და მისი ხრიკებისგან თავის დაცვაში (ეფესელთა 6:11). სატანა დევნის, გასაჭირსა და განსაცდელში ყრის იეჰოვას თაყვანისმცემლებს მხოლოდ ერთი მიზნით: ჩამოაცილოს ისინი ‘სავალ გზას’ (ესაია 48:17; შეადარეთ მათე 4:1–11). შეუძლებელია, ამ სისტემაში სავსებით ავირიდოთ თავიდან მისი თავდასხმები, მაგრამ ღმერთთან და მის ორგანიზაციასთან ახლო ურთიერთობა გვაძლიერებს და გვიცავს, რაც გვეხმარება, რომ არ გადავუხვიოთ ‘გზას’. შედეგად კი, ვიხილავთ ჩვენი იმედის განხორციელებას.
8. როგორ უდგას იეჰოვას უხილავი ორგანიზაცია მის მიწიერ მსახურებს მხარში?
8 რაში გამოიხატება, რომ ღვთის ორგანიზაცია დამცველია? უპირველესად, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იეჰოვას ზეციერი მსახურების მხარდაჭერა. როდესაც იესო ძლიერ განსაცდელში იყო მას ანგელოზი ამოუდგა მხარში (ლუკა 22:43). როდესაც პეტრეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ანგელოზმა გადაარჩინა სასწაულით (საქმეები 12:6–11). მართალია, დღეს ასეთი სასწაულები არ ხდება, მაგრამ იეჰოვას ხალხმა, დანაპირების თანახმად, იცის, რომ სამქადაგებლო მსახურებაში ანგელოზები მხარში უდგანან (გამოცხადება 14:6, 7). რთულ სიტუაციებში მათ ხშირად აქვთ აღმატებული ძლიერება (2 კორინთელთა 4:7). გარდა ამისა, მათ იციან, რომ ‘დაბანაკებულია ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ’ (ფსალმუნი 33:8).
9, 10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია“ და როგორ გამოიყენება ეს პრინციპი ღვთის ორგანიზაციასთან მთლიანობაში?
9 იეჰოვას ხილული ორგანიზაციაც დამცველია. როგორ? იგავნის 18:10-ში ვკითხულობთ: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ, უბრალოდ, ღვთის სახელის გამეორება გადაგვარჩენს. ღვთის სახელს რომ თავი შევაფაროთ, ნიშნავს, რომ თავად იეჰოვას მივენდოთ (ფსალმუნი 19:2; 121:4). ეს ნიშნავს მისი უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერას, მისი კანონებისა და პრინციპების შესრულებასა და მისი აღთქმების რწმენას (ფსალმუნი 8:2–10; ესაია 50:10; ებრაელთა 11:6). ამაში შედის იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება. იეჰოვას მხოლოდ ასეთ ერთგულ თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ფსალმუნმომღერალთან ერთად თქვან: „მისით [იეჰოვათი] ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს“ (ფსალმუნი 32:21; 123:8).
10 დღეს ღვთის ხილული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიქასთან ერთად ამბობენ: „ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“ (მიქა 4:5). თანამედროვე ორგანიზაცია შემოკრებილია ‘ღვთის ისრაელის’ გარშემო, რომელსაც ბიბლიაში ეწოდება „ხალხი თავისი [ღვთის] სახელისთვის“ (გალატელთა 6:16; საქმეები 15:14; ესაია 43:6, 7; 1 პეტრე 2:17). მაშასადამე, იეჰოვას ორგანიზაციის წევრად ყოფნა, ნიშნავს იმ ხალხის ნაწილად ყოფნას, რომელიც ეძებს გადარჩენას და ღებულობს კიდეც იეჰოვას სახელში.
11. რა განსაკუთრებული საშუალებებით იცავს იეჰოვას ორგანიზაცია საკუთარ წევრებს?
11 ამასთანავე, ღვთის ხილული ორგანიზაცია არის რწმენის ერთიანობა, ახლო ურთიერთობა თანამორწმუნეებისა, რომლებიც აღაშენებენ და ამხნევებენ ერთიმეორეს (იგავნი 13:20; რომაელთა 1:12). ამ ორგანიზაციაში ზრუნავენ ქრისტიანი მწყემსები ცხვარზე, ამხნევებენ სნეულსა და დამწუხრებულს, კურნავენ დაცემულს (ესაია 32:1, 2; 1 პეტრე 5:2–4). ამ ორგანიზაციის მეშვეობით ‘ერთგული და გონიერი მონა დროულად იძლევა საზრდოს’ (მათე 24:45). ეს „მონა“, რომელიც ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, გვკვებას საუკეთესო სულიერი საზრდოთი, რაც მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ზუსტი, ბიბლიაზე დაფუძნებული შემეცნებაა (იოანე 17:3). ‘მონის’ ხელმძღვანელობის წყალობით ინარჩუნებენ ქრისტიანები ამ საშიშ გარემოში მაღალზნეობრივ ნორმებს და არიან „გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათე 10:16). მათ ყოველთვის ეწევათ დახმარება, რომ ‘იუხვონ უფლის საქმეში’, რაც თავისთავად ძლიერი დამცველია (1 კორინთელთა 15:58).
ვინ წარმოადგენენ ღვთის ორგანიზაციის წევრებს?
12. ვინ წარმოადგენენ ღვთის ზეციერი ორგანიზაციის წევრებს?
12 საინტერესოა, თუ ვინ შედის ღვთის ორგანიზაციაში, რადგან, როგორც ცნობილია, მხოლოდ მისი წევრები არიან დაცული. ზეციერ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ყველაფერი ცხადია. სატანა და მისი ანგელოზები ზეცაში აღარ არიან. ერთგული ანგელოზები კი კვლავ იქ, ‘კრებულში’ არიან. იოანე მოციქულმა იხილა, რომ უკანასკნელ დღეებში „კრავი“, ქერუბიმები (‘ოთხი ცხოველი’) და ‘მრავალი ანგელოზი’ ღვთის ტახტთან იქნებოდნენ. მათთანვე იქნებოდა 24 უხუცესი, — ცხებული ქრისტიანები, რომლებიც უკვე შევიდნენ დიდებულ ზეციურ სამემკვიდროში (ებრაელთა 12:22, 23; გამოცხადება 5:6, 11; 12:7–12). ნათელია, რომ ყველა ღვთის ორგანიზაციის წევრს წარმოადგენს. ადამიანებთან დაკავშირებით კი საქმე არც თუ ისე მარტივადაა.
13. იესოს სიტყვების თანახმად, ვინ არის და ვინ არ არის ღვთის ორგანიზაციის წევრი?
13 იესომ მათზე, რომლებიც იტყოდნენ, რომ მის მიმდევრებს წარმოადგენდნენ, თქვა: „ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა’“ (მათე 7:22, 23). ურჯულოების მოქმედი, ცხადია, რომ მისი მტკიცებებისა და თაყვანისმცემლობის მიუხედავად, ღვთის ორგანიზაციის წევრს არ წარმოადგენს. იესომ ისიც თქვა, თუ როგორ შეიძლება გაირკვეს, ვინ არის ღვთის ორგანიზაციის წევრი. მან თქვა: „ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს“ (მათე 7:21).
14. ღვთის ნება-სურვილის რა მხარეების შესრულება ევალებათ ღვთის ორგანიზაციის წევრებს?
14 მაშასადამე, ღვთის ორგანიზაციის წევრი რომ იყო, რომლის მთავარ ნაწილსაც ‘ცათა სასუფეველი’ წარმოადგენს, უნდა შეასრულო ღვთის ნება. რა არის მისი ნება? პავლემ მოიხსენია მნიშვნელოვანი მხარე: „[ღმერთს] ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ვინც ნამდვილად ცდილობს, შეიძინოს ზუსტი ბიბლიური შემეცნება, გამოიყენოს ცხოვრებაში და ‘ყველა ადამიანს’ გააგებინოს, ასრულებს ღვთის ნება-სურვილს (მათე 28:19, 20; რომაელთა 10:13–15). ისიც ღვთის ნებაა, რომ ცხვარი დაპურებული და მოვლილი იყოს (იოანე 21:15–17). ამაში უმთავრეს როლს ქრისტიანული შეხვედრები ასრულებს. ვისაც შეუძლია ასეთ შეხვედრებზე დასწრება, მაგრამ არ ესწრება, არ აფასებს ღვთის ორგანიზაციაში ყოფნას (ებრაელთა 10:23–25).
წუთისოფლის მეგობრობა
15. რა გაფრთხილება მისცა იაკობმა იმდროინდელ კრებებს?
15 ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მისმა ნახევარძმამ, იაკობმა, აღნიშნა, თუ რამ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს ღვთის ორგანიზაციაში ყოფნის საკითხი. ის წერდა: „მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა, ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4). ღვთის მტერი, რასაკვირველია, არ წარმოადგენს ღვთის ორგანიზაციის წევრს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას წუთისოფლის მეგობრობასთან დაკავშირებით? რამდენადაც ცნობილია, წუთისოფლის მეგობრობა შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგალითად ცუდ წრეში გარევა. გარდა ამისა, იაკობმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ საკითხზე: არასწორ აზროვნებაზე, რასაც არასწორი მოქმედება სდევს თან.
16. რა კონტექსტი აქვს იაკობის გაფრთხილებას, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა?
16 იაკობის 4:1–3-ში ვკითხულობთ: „საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან. გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ“. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ იძლეოდა იაკობი გაფრთხილებას წუთისოფლის მეგობრობასთან დაკავშირებით.
17. რა გაგებით იყო „ბრძოლები“ და „შუღლი“ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში?
17 იაკობის გარდაცვალებიდან საუკუნეების შემდეგ ცრუ ქრისტიანები, პირდაპირი გაგებით, იბრძოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს. იაკობი კი პირველი საუკუნის ‘ღვთის ისრაელს’, მომავალ ზეციერ ‘მეფეებსა და მღვდლებს’ სწერდა (გამოცხადება 20:6). მათ არასოდეს დაუხოცავთ ერთმანეთი და არც, პირდაპირი გაგებით, უბრძოლიათ. მაგრამ რატომ საუბრობდა იაკობი ასეთ საკითხებზე ქრისტიანებთან? მოციქული იოანე საკუთარი ძმის მოძულეს კაცისმკვლელად მოიხსენიებდა. პავლე კრებაში გამართულ კონფლიქტებსა და შუღლს, «დავას [„ბრძოლას“, აქ]» და ‘კინკლაობას’ უწოდებდა (ტიტე 3:9; 2 ტიმოთე 2:14; 1 იოანე 3:15–17). ამასთან დაკავშირებით იაკობსაც, როგორც ჩანს, მხედველობაში ქრისტიანის თანაქრისტიანის მიმართ უსიყვარულო დამოკიდებულება ჰქონდა. ქრისტიანები ერთმანეთში ისე მოქმედებდნენ, როგორც ქვეყნიერებაში ეპყრობოდა ხალხი ერთმანეთს.
18. რას მიჰყავს ზოგი ქრისტიანი უსიყვარულო დამოკიდებულებასა და გრძნობამდე?
18 რატომ ხდებოდა ეს ქრისტიანულ კრებაში? არასწორი აზროვნების, მაგალითად, შურისა და ‘გულისთქმების დაკმაყოფილების’ გამო. სიამაყე, შური და პატივმოყვარეობაც ასუსტებს კრების წევრებს შორის მოსიყვარულე ურთიერთობას (იაკობი 3:6, 14). ასეთი აზროვნება ნებისმიერს წუთისოფლის მეგობრად აქცევს და, მაშასადამე, ღვთის მტრად. ასეთი აზროვნების მქონე ადამიანი არც უნდა ელოდეს, რომ ღვთის ორგანიზაციის წევრად დარჩება.
19. ა) ვინ არის მთავარი დამნაშავე, თუ ქრისტიანს არასწორი აზროვნება უვითარდება გულში? ბ) როგორ შეუძლია ქრისტიანს, სძლიოს არასწორ აზროვნებას?
19 ვინაა დამნაშავე, თუ ასეთი ცუდი აზროვნება ფესვებს იდგამს ჩვენს გულში? სატანა? გარკვეულწილად, დიახ. ისაა წუთისოფლის ‘ჰაერის ძალთა მთავარი’, სადაც ასეთი აზროვნებაა გაბატონებული (ეფესელთა 2:1, 2; ტიტე 2:12). მაგრამ, ჩვეულებრივ, არასწორი აზროვნების ფესვები ჩვენს არასრულყოფილ სხეულშია გამდგარი. იაკობი, მას შემდეგ, რაც წუთისოფელთან მეგობრობაზე იძლევა გაფრთხილებას, წერს: «ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია ჩვენში დავანებულ სულს?“ » (იაკობი 4:5). ყველა ჩვენგანს აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება ბოროტისაკენ (დაბადება 8:21; რომაელთა 7:18–20). თუმცა, როცა საკუთარ სისუსტეებს ვაღიარებთ, შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ მიდრეკილებას და დასახმარებლად იეჰოვას მივენდოთ. იაკობი ამბობს: „[ღმერთი] უფრო მეტ მადლსაც იძლევა [ბოროტისადმი ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკილებებთან შედარებით]“ (იაკობი 4:6). იეჰოვას სულიწმიდის დახმარების, ერთგული ქრისტიანი ძმების მხარდაჭერისა და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით, ერთგული ქრისტიანები იმარჯვებენ თავიანთი სხეულის სისუსტეებზე (რომაელთა 7:24, 25). ისინი, როგორც ღვთის და არა წუთისოფლის მეგობრები, დაცული არიან ღვთის ორგანიზაციაში.
20. რა უხვ კურთხევებს ღებულობენ ღვთის ორგანიზაციის წევრები?
20 ბიბლია გვპირდება: „უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით“ (ფსალმუნი 28:11). თუ ჩვენ ნამდვილად ღვთის დღევანდელი ‘ხალხის’, ხილული ორგანიზაციის წევრები ვართ, ჩვენც მივიღებთ მისგან ბოძებულ ძალასა და მშვიდობას, რასაც თავისი ხალხისთვის არ იშურებს. ცხადია, სატანის წუთისოფელი იეჰოვას ხილულ ორგანიზაციაზე გაცილებით დიდია და სატანა ყოველ ჩვენგანზე გაცილებით ძლიერი. მაგრამ იეჰოვა ყოვლისშემძლეა. მისი მოქმედი ძალა უძლეველია. მისი ძლიერი ანგელოზები გვიერთდებიან ღვთისადმი მსახურებაში. ამიტომ, ჩვენდამი სიძულვილის მიუხედავად, შეგვიძლია ვიყოთ მტკიცენი. იესოს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვძლიოთ წუთისოფელს (იოანე 16:33; 1 იოანე 4:4).
შეგიძლიათ განმარტოთ?
◻ რას ნიშნავს ღვთის ხილული ორგანიზაცია?
◻ რა მხრივ გვიცავს ღვთის ორგანიზაცია?
◻ ვინ წარმოადგენენ ღვთის ორგანიზაციის წევრებს?
◻ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გავხდეთ წუთისოფლის მეგობრები?
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რას ნიშნავს ღვთის ორგანიზაცია?
იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურაში გამოთქმა „ღვთის ორგანიზაცია“ სამ შემთხვევაში გამოიყენება:
1 იეჰოვას ზეციერ, უხილავ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც შედგება ერთგული სულიერი ქმნილებებისგან. მას ბიბლიაში „ზენა იერუსალიმი“ ეწოდება (გალატელთა 4:26).
2 იეჰოვას მიწიერ, ხილულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს ეს მიწიერი ორგანიზაცია შედგება ცხებულთა დარჩენილი ნაწილისა და მათთან ერთად უამრავი ხალხისგან.
3 იეჰოვას მთელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს ის შედგება იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციისა და მასთან ერთად ცხებული, ნაშვილები მიწიერი ძეებისგან, რომლებსაც ზეციური იმედი აქვთ. თავის დროზე მათთან ერთად იქნებიან გასრულყოფილებული ადამიანები დედამიწაზე.
[სურათი 10 გვერდზე]
იეჰოვას ორგანიზაციის საშუალებით ადამიანებს საუკეთესო სულიერი საზრდო ეძლევათ.