იოანეს პირველი წერილი
4 საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას+ ნუ დაიჯერებთ; შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რომ გაიგოთ, ღვთისგან არის თუ არა,+ რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა.+
2 აი, როგორ უნდა მიხვდეთ, შთაგონებული სიტყვები ღვთისგანაა თუ არა: ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის,+ 3 ხოლო ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც იესოს არ აღიარებს, ღვთისგან არ არის.+ პირიქით, ეს ანტიქრისტეს შთაგონებული სიტყვაა; თქვენ იცით, რომ მას უნდა წარმოეთქვა ეს სიტყვები+ და წარმოითქმება კიდეც ქვეყნიერებაში.+
4 შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და უკვე სძლიეთ ასეთ ადამიანებს,+ რადგან თქვენთან ერთობაში მყოფი+ ქვეყნიერებასთან ერთობაში მყოფზე დიდია.+ 5 ისინი ქვეყნიერებისგან არიან;+ ამიტომაც ლაპარაკობენ ისე, როგორც ქვეყნიერებას სჩვევია და ქვეყნიერებაც უსმენს მათ.+ 6 ჩვენ ღვთისგან ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ;+ ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს.+ ასე ვიგებთ, შთაგონებული სიტყვა ჭეშმარიტია თუ ცრუ.+
7 საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული ღვთისგანაა. ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.+ 8 ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია.+ 9 ღმერთმა სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე+ გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე.+ 10 სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამო+ შერიგების მსხვერპლად+ გამოგზავნა.
11 საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.+ 12 ღმერთი არასოდეს არავის უხილავს.+ თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენთან რჩება და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.+ 13 ჩვენ რომ მასთან ვართ ერთობაში და ის — ჩვენთან, იმით ვიგებთ, რომ მან თავისი სული მოგვცა. 14 გარდა ამისა, ჩვენ თავად ვიხილეთ და ვამოწმებთ იმის შესახებ, რომ მამამ თავისი ძე ქვეყნიერების მხსნელად გამოგზავნა.+ 15 ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა,+ ღმერთი ერთობაში რჩება მასთან, ის კი — ღმერთთან.+ 16 ჩვენ დავინახეთ და გვჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ.+
ღმერთი სიყვარულია+ და ის, ვინც სიყვარულში რჩება, ერთობაში რჩება ღმერთთან, ღმერთი კი — მასთან.+ 17 ამგვარად, სიყვარულმა სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში, რათა გასამართლების დღეს შევძლოთ თამამად ლაპარაკი,+ რადგან ჩვენც მისი მსგავსნი ვართ ამ ქვეყნიერებაში. 18 სიყვარულს შიში არ ახასიათებს;+ სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს, რადგან შიში შემბოჭველია. მშიშარა ვერ აღწევს სრულყოფილებას სიყვარულში.+ 19 ჩვენ გვიყვარს, რადგან ჯერ მან შეგვიყვარა.+
20 თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა,+ რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა,+ რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.+ 21 აი, რა მცნება მოგვცა მან: ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.+