ქორწინება უნდა იქცეს მუდმივ კავშირად
როგორც მრავალი კინოფილმიდან ჩანს, ქორწინება ერთობ სასურველი მიზანია. ხშირად ასეთი სურათია ხოლმე წარმოდგენილი: მამაკაცი და ქალი ილტვიან ერთმანეთისკენ, ქორწინდებიან და ბედნიერად ცხოვრობენ. ფილმებში, ჩვეულებრივ, ისტორია ამით მთავრდება.
ხოლო სინამდვილეში, ქორწინება დასასრული კი არა, ახალი, ერთობლივი ცხოვრების დასაწყისია. ყოველთვის გვინდა ვიმედოვნებდეთ, რომ როგორც ეკლესიასტეს 7:8-შიც წერია, „საქმის ბოლო სჯობს მის დასაწყისს“.
მუდმივი კავშირი
უაღრესად მნიშვნელოვანია შორსმჭვრეტელობის გამოჩენა. ქორწინება რომ ხანგრძლივი და კმაყოფილების მომტანი იყოს, მას მყარი საძირკველი უნდა ჩაეყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტრესი, რომელიც წყვილმა შეიძლება ქორწინების შემდგომ განიცადოს, ქორწინებამდელზე გაცილებით მეტი იქნება. ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს: „თუ არ გამიმართლებს, გავეყრები“. ქორწინებას ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც მუდმივ კავშირს.
როდესაც იესოს დაუსვეს კითხვა გაყრის მართებულობის თაობაზე, მან ცხადყო, რომ ქორწინება მუდმივი უნდა ყოფილიყო. მან თქვა: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად’. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:4—6).
ქორწილის შემდეგ
სრულიად სამართლიანად არის ნათქვამი, რომ ქორწინება ქრისტიანის ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილზეა ღვთისადმი მიძღვნის შემდეგ. მიძღვნის შემთხვევაში ადამიანი მარადიულ კავშირს კრავს შემოქმედთან, რის საჯარო გამოხატულებაც ნათლობაა. ქორწინება კი სხვა ადამიანის მიმართ მუდმივი ერთგულების საჯარო განაცხადია. წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა თავი უძღვნას ღმერთს ან დაქორწინდეს, თუკი რაიმე სერიოზული დამაბრკოლებელი მიზეზები აქვს. ამიტომაც, ისინი, ვინც დაქორწინებას აპირებენ, მომავალი მეუღლის მრწამსს, მიზნებს, სხვადასხვა საკითხის მიმართ მის დამოკიდებულებასა და ხასიათს უნდა გაეცნონ.
ქორწილისთვის მზადებისას მნიშვნელოვანია სიკეთის, ყურადღებიანობისა და თანამშრომლობის სულის გამოვლენა. ეს თვისებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქორწინების შემდეგ, რათა ეს კავშირი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი იყოს. ახალდაქორწინებულები ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ, მაგრამ ქორწინების შემდეგ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარული „თავისას არ ეძიებს“. თუკი წყვილი წლიდან წლამდე განუწყვეტლივ გამოხატავს ერთმანეთისადმი ამ გრძნობას, ‘სიყვარული არასოდეს დამთავრდება’ (1 კორინთელთა 13:5, 8). უსაზღვრო სიყვარული გააადვილებს ღვთის ისეთი სულის ნაყოფის გამოვლენას, როგორიცაა სულგრძელობა, სიკეთე, გულკეთილობა, რბილი ხასიათი და თავშეკავება. ეს თვისებები არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქორწინება წარმატებული იყოს (გალატელთა 5:22, 23, აქ).
ყველაზე რთული ისაა, რომ ქორწილის დღის შემდეგაც განაგრძოთ ამ თვისებების გამოვლენა. აი, რაში მდგომარეობს ამ შესანიშნავი თვისებების გამოვლენის საიდუმლო: გიყვარდეთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი და მზად იყავით, მისთვის მსხვერპლი გაიღოთ.
იესომ თქვა, რომ ადამიანთათვის მიცემული ყველაზე დიდი მცნება იმაში მდგომარეობს, რომ გვიყვარდეს იეჰოვა, და დასძინა, რომ ამ მცნების შემდეგ მეორე უდიდესი მცნებაა — „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:39). დაქორწინებული ადამიანისთვის არ არსებობს მეუღლეზე ახლობელი მოყვასი, ვინაიდან დედამიწაზე არსებული კავშირებიდან ვერც ერთი ვერ აერთიანებს ორ ადამიანს ისე, როგორც ქორწინება.
თუმცა მხოლოდ ფიზიკური ერთიანობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ წყვილი ემოციურადაც შეერწყმება ერთმანეთს. ორი სხეულის კავშირი მაინცდამაინც ორი აზროვნების კავშირს არ ნიშნავს. სექსუალური ურთიერთობა რომ მაქსიმალური სიამოვნების მომგვრელი იყოს, ცოლ-ქმარს შორის ხასიათებისა და მიზნების ერთიანობაც უნდა არსებობდეს. ქორწინება რომ ბედნიერი იყოს, თითქმის ყოველთვის აუცილებელია სხვა ადამიანისთვის მსხვერპლის გაღება. ვინ უნდა გაიღოს ეს მსხვერპლი? ქმარმა თუ ცოლმა?
სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა
ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10). თუ შეგიძლიათ, მანამ გაიღეთ მეუღლისთვის მსხვერპლი, სანამ ის ამას გთხოვდეთ, თორემ განუწყვეტელი მუდარის შემდეგ შესრულებულ თხოვნას ფასი უკვე ნაწილობრივ ეკარგება. ქმარსაც და ცოლსაც მართებთ იმ ჩვევის განვითარება, რომ პატივისცემის გამომჟღავნებაში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ.
ქმრებს, მაგალითად, მოეთხოვებათ, რომ ‘პატივი სცენ [ცოლს]’ „როგორც უუძლურეს ჭურჭელს“, რათა ‘ლოცვა არ დაუბრკოლდეთ’ (1 პეტრე 3:7). თუკი ქმარი პატივს არ მიაგებს ცოლს, ღმერთი მის ლოცვებსაც კი არ შეისმენს. მაშ, რა იგულისხმება ცოლის პატივისცემაში? ამაში იგულისხმება ის, რომ ქმარი ყოველთვის ყურადღებიანი იყოს ცოლის მიმართ, მოისმინოს მისი აზრი, სხვადასხვა საკითხის გადასაწყვეტად უმეტესწილად მას მისცეს არჩევნის გაკეთების საშუალება. ასევე ცოლსაც შეუძლია პატივი მიაგოს ქმარს, თუკი მთელი გულითა და სულით შეეცდება მის მხარში ამოდგომას (დაბადება 21:12; იგავნი 31:10—31).
ღვთის სიტყვაში ნათქვამია: «ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი [„ქრისტე“, აქ] ეკლესიას». რამდენად დიდია ქრისტეს სიყვარული თავისი მიმდევრებისადმი? ის მზად იყო, მათი გულისთვის სიკვდილზეც კი წასულიყო. ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „ყოველ თქვენთაგანს [ქმარს] უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით“ (ეფესელთა 5:28—33). ღვთის სიტყვა ცოლებსაც ეუბნება, რომ „უყვარდეთ ქმრები. . . [იყვნენ] თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტე 2:4, 5).
აპატიეთ ერთმანეთს
ყველა ადამიანი არასრულყოფილია, ამიტომაც ყველას მოსდის შეცდომები (რომაელთა 3:23; 5:12; 1 იოანე 1:8—10). მაგრამ, შეცდომების გაზვიადების ნაცვლად, ყურად იღეთ ბიბლიური რჩევა: „უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:8). კარგი იქნება, თუ მცირე შეცდომებზე სულაც თვალს დახუჭავთ. ეს მიდგომა შესაძლოა უფრო სერიოზულ საკითხებშიც გამოგადგეთ. კოლასელთა 3:12—14-ში ნათქვამია: „შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია“.
რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრს შეცდომები? პეტრემ ჰკითხა იესოს: «„უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს? შვიდჯერ?“. უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“» (მათე 18:21, 22). თუმცა იესოს ეს სიტყვები უშუალოდ დაქორწინებულთა მისამართით არ უთქვამს, მისი სიტყვებიდან ის აზრი გამოსჭვივის, რომ მიმტევებლობის გამოვლენა განსაკუთრებით დაქორწინებულ წყვილებს ესაჭიროებათ!
მართალია, ბოლო წლებში ქორწინების ინსტიტუტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას ვერაფერი შეარყევს, ვინაიდან ის ღმერთმა დააფუძნა, ხოლო ყოველივე, რაც მან შექმნა — „ძალიან კარგია“ (დაბადება 1:31). ქორწინების ინსტიტუტი არასოდეს მოძველდება — ის განსაკუთრებით წარმატებული და ბედნიერების მომტანი იქნება მათთვის, ვინც პატივს სცემს და იცავს ღვთის მცნებებს. მაგრამ ორი ადამიანის წინაშე დგას ამოცანა: შეასრულებენ თუ არა ისინი ქორწინების დღეს დადებულ პირობას, რომ ეყვარებათ ერთმანეთი და თავს შემოევლებიან ერთმანეთს? შეიძლება ეს ნამდვილად სირთულეს წარმოადგენდეს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი დაძლევა და გამარჯვების მოპოვება. ამისათვის კი ღირს, ძალ-ღონე არ დაიშუროთ!
[ჩარჩო 10 გვერდზე]
განქორწინება და განცალკევებით ცხოვრება
ღმერთმა ქორწინება მარადიული კავშირისთვის დააფუძნა. მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე ბიბლიური საფუძველი, რომელიც ადამიანს განქორწინებისა და ხელმეორედ დაქორწინების უფლებას მისცემდა? იესო ზუსტად ამ საკითხს შეეხო, როდესაც თქვა: „მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს“ (მათე 19:9). ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც უდანაშაულო მეუღლეს განქორწინებისა და კვლავ დაქორწინების უფლებას აძლევს, ცოლ-ქმრული ღალატია.
ამასთანავე, ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომლებსაც 1 კორინთელთა 7:10—16-ში ვნახულობთ, მართალია, დაქორწინებულ წყვილებს ერთად დარჩენისკენ მოუწოდებს, მაგრამ განცალკევებით ცხოვრების ნებასაც რთავს. ზოგმა ქორწინების შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ დაიშურა, მაგრამ ბოლოს დაინახა, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალიღა დარჩა — განცალკევებით ცხოვრება. საღვთო წერილის საფუძველზე, რა სიტუაციებში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
ერთ-ერთია ოჯახზე ზრუნვის მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობა. ქორწინებისას ქმარი საკუთარ თავზე იღებს ცოლ-შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. მამაკაცი, რომელიც განზრახ არ ასრულებს ამ მოვალეობას და არ ზრუნავს ოჯახის მატერიალურ საჭიროებებზე, „განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). ასე რომ, ამ შემთხვევაში განცალკევებით ცხოვრება დასაშვებია.
კიდევ ერთი მიზეზია მეუღლის მიმართ სასტიკი მოპყრობა. იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ცოლზე ხშირად აღმართავს ხოლმე ხელს, ცოლს შეუძლია განცალკევებით ცხოვრება ირჩიოს (გალატელთა 5:19—21; ტიტე 1:7). „ძალადობის მოყვარული სძულს მის [ღვთის] სულს“ (ფსალმუნი 10:5).
განცალკევებით ცხოვრების უფლებას იძლევა ის სიტუაციაც, როდესაც მორწმუნის სულიერობას რეალური საფრთხე ემუქრება (იგულისხმება ღმერთთან მისი ურთიერთობა). როდესაც მეუღლე იმდენად ეწინააღმდეგება და ავიწროებს მორწმუნე ცოლს ან ქმარს, რომ ამ უკანასკნელისთვის შეუძლებელი ხდება ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობა და მისი სულიერობა საფრთხეში ვარდება, ზოგმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრება ამჯობინოსa (მათე 22:37; საქმეები 5:27—32).
მაგრამ, თუკი განშორება ასეთი გარემოებების გამო მოხდა, ქრისტიანს უფლება არა აქვს სხვაზე დაქორწინდეს. ბიბლიის თანახმად, ერთადერთი კანონიერი საფუძველი განქორწინებისა და ხელმეორედ დაქორწინებისთვის არის „სიძვა“ (მათე 5:32).
[სქოლიო]
a განცალკევებით ცხოვრებასთან დაკავშირებით იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვ. 160, 161.
[სურათი 9 გვერდზე]
ქორწინებას ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც მუდმივ კავშირს.
[სურათი 10 გვერდზე]
იესომ თქვა, რომ ერთმანეთს „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ უნდა ვაპატიოთ.