ᲡᲮᲔᲣᲚᲘ
ადამიანის ან ცხოველის ფიზიკური აგებულება. ებრაული სიტყვა გევია ნიშნავს როგორც ცოცხალ (დბ. 47:18), ისე მკვდარ სხეულს (1სმ. 31:10; ფს. 110:6). ებრაული სიტყვა ნეველა, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან ნაველ („ჭკნობა“, ფს. 1:3), ითარგმნება როგორც „მკვდარი“, „ლეში“ და „გვამი“ (ლვ. 5:2; კნ. 14:8; ეს. 26:19). ებრაულ სიტყვაში ბასარ, რომელიც ხორცს ნიშნავს, შეიძლება იგულისხმებოდეს მთელი სხეული (შდრ. ფს. 16:9; იხ. ᲮᲝᲠᲪᲘ). ბერძნულ ენაში სხეულის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა სომა (მთ. 5:29). თუმცა საქმეების 19:12-ში სხეულად ითარგმნა სიტყვა ხროს, რაც სიტყვასიტყვით კანს ნიშნავს. ბერძნული სიტყვა პტომა, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან პიპტო (დავარდნა), მიუთითებს დავარდნილ სხეულზე ანუ ცხედარზე (მთ. 14:12). სხვადასხვა სახის ფიზიკური სხეული შედგება სხვადასხვაგვარი ხორცისა და სასიცოცხლო ძალის ერთობლიობისგან (1კრ. 15:39; იაკ. 2:26; დბ. 7:22; იხ. ᲡᲣᲚᲘ).
სულიერი სხეული. ფიზიკური სხეულის გარდა, რომელიც ხილულია და რომელზე შეხებაც შეიძლება, არსებობს სულიერი სხეული, რომელიც უხილავია თვალისთვის და არ აღიქმება ადამიანის გრძნობის ორგანოებით (1კრ. 15:44). სულიერი პიროვნებების სხეულები (ღმერთი, ქრისტე და ანგელოზები) დიდებულია. „ღმერთი არასოდეს არავის უხილავს“ (1ინ. 4:12). „შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“ (გმ. 33:20). როცა მოციქულმა პავლემ მკვდრეთით აღმდგარ იესოს მხოლოდ და მხოლოდ თვალი მოჰკრა, მიწაზე დაეცა და კაშკაშა სინათლისგან დაბრმავდა. მხედველობის დასაბრუნებლად სასწაულის მოხდენა გახდა საჭირო (სქ. 9:3—5, 17, 18; 26:13, 14). მსგავსად, ანგელოზები ადამიანებზე გაცილებით ძლიერები არიან (2პტ. 2:11). ისინი დიდებით და ბრწყინვალებით არიან შემოსილნი და ასეთებად ევლინებოდნენ ადამიანებს ფიზიკურ სხეულებში (მთ. 28:2—4; ლკ. 2:9). ღვთის ამ სულიერ შვილებს შეუძლიათ უყურონ ყოვლისშემძლე ღვთის დიდებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს მათ მხედველობას (ლკ. 1:19).
ვინაიდან ღვთის დანახვა ფიზიკურად არ შეგვიძლია, ის ისეთ გამოთქმებს იყენებს საკუთარი თავის აღსაწერად, რომელთაც ადამიანის აღსაწერად იყენებენ (ანთროპომორფიზმი). ამგვარად ღმერთი გვეხმარება, ჩავწვდეთ მის არსებობას და დავაფასოთ მისი საქმეები. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთს აქვს თვალები (ფს. 34:15; ებ. 4:13), მკლავები (იობ. 40:9; ინ. 12:38), ფეხები (ფს. 18:9; ზქ. 14:4), გული (დბ. 8:21; იგ. 27:11), ხელები (გმ. 3:20; რმ. 10:21), თითები (გმ. 31:18; ლკ. 11:20), ცხვირი, ნესტოები (ეზკ. 8:17; გმ. 15:8) და ყურები (1სმ. 8:21; ფს. 10:17). ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პირდაპირი გაგებით აქვს სხეულის ეს ნაწილები ადამიანის მსგავსად. იოანე მოციქულმა, რომელსაც ზეციერი იმედი ჰქონდა, თავის თანამემკვიდრეებს ასეთი სიტყვები მისწერა: „საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით. თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის“ (1ინ. 3:2). მათ ექნებათ იესო ქრისტეს „დიდებული სხეულის“ მსგავსი სხეული (ფლ. 3:21), რომელიც „უხილავი ღვთის ანარეკლია“, „ღვთის დიდების ანარეკლი და მისი განსახიერება“ (კლ. 1:15; ებ. 1:3). შესაბამისად, ისინი მიიღებენ უხრწნელ სხეულებს და უკვდავებას, რითაც განსხვავებულები იქნებიან ანგელოზებისა და ადამიანებისგან, რომლებიც მოკვდავები არიან (1კრ. 15:53; 1ტმ. 1:17; 6:16; მრ. 1:23, 24; ებ. 2:14).
ქრისტეს ხორციელი სხეული. უფლის გახსენების საღამოს დაწესების დროს იესომ 11 ერთგულ მოციქულს უსაფუვრო პური მიაწოდა და უთხრა: „ეს ჩემს სხეულს განასახიერებს, რომელიც თქვენთვის უნდა გავიღო“ (ლკ. 22:19). მოგვიანებით პეტრე მოციქულმა თქვა: „მან [იესომ] თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები“ (1პტ. 2:24; ებ. 10:10; იხ. ᲣᲤᲚᲘᲡ ᲕᲐᲮᲨᲐᲛᲘ).
იმისთვის, რომ იესო გამხდარიყო „უკანასკნელი ადამი“ (1კრ. 15:45) და „შესაბამისი გამოსასყიდი“ გაეღო ყველასთვის [კაცობრიობისთვის], მისი ხორციელი სხეული ნამდვილი ადამიანის სხეული უნდა ყოფილიყო და არა განსხეულება (1ტმ. 2:5, 6; მთ. 20:28). ვინაიდან ეს სხეული განკუთვნილი იყო მსხვერპლშეწირვისთვის, რათა იეჰოვა ღმერთის წინაშე გამოსასყიდის საფასური წარდგენილიყო, ის სრულყოფილი უნდა ყოფილიყო (1პტ. 1:18, 19; ებ. 9:14). არცერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეეძლო ასეთი საფასურის გადახდა (ფს. 49:7—9). ამიტომ, როცა იესო მოინათლა და დაიწყო ამ მსხვერპლის გასაღებად მზადება, მამას უთხრა: „სხეული გამიმზადე“ (ებ. 10:5).
იესო ქრისტეს ფიზიკური სხეული არ უნდა გახრწნილიყო ისე, როგორც მოსეს და დავითის სხეულები გაიხრწნა, რომლებიც ქრისტეს პირველსახეს წარმოადგენდნენ (კნ. 34:5, 6; სქ. 13:35, 36; 2:27, 31). როცა კვირის პირველ დღეს დილაადრიან იესოს მოწაფეები მივიდნენ მის სამარხთან, მისი სხეული იქ არ აღმოჩნდა, სახვევები კი, რომელშიც მისი სხეული იყო გახვეული, სამარხში ეყარა; ეჭვგარეშეა, იესოს სხეული ისე დაიშალა, რომ ხრწნის პროცესი არ გაუვლია (ინ. 20:2—9; ლკ. 24:3—6).
მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო სხვადასხვა სხეულით ეჩვენებოდა ხალხს. მარიამს ის მებაღე ეგონა (ინ. 20:14, 15). იესო ოთახის ჩაკეტილ კარში შევიდა მოწაფეებთან ნაჭრილობევი სხეულით (ინ. 20:24—29). რამდენჯერმე ის გარეგნობით კი არა, სიტყვებითა და საქმეებით იცნეს (ლკ. 24:15, 16, 30, 31, 36—45; მთ. 28:16—18). ერთხელ მხოლოდ სასწაულის მოხდენის დროს მიხვდნენ მოწაფეები მის ვინაობას (ინ. 21:4—7, 12). იესოს, რომელიც სულიერ სხეულში გაცოცხლდა (1პტ. 3:18), შეეძლო კონკრეტულ შემთხვევაში ხორცი შეესხა, როგორც ამას ძველ დროში ანგელოზები აკეთებდნენ, რომლებიც ადამიანებს მაცნეებად ეცხადებოდნენ (დბ. 18:2; 19:1, 12; იეს. 5:13, 14; მსჯ. 13:3, 6; ებ. 13:2). წარღვნამდე ანგელოზებმა, „რომლებმაც დათმეს თავიანთი მდგომარეობა და მიატოვეს კუთვნილი სამკვიდრო“, ხორცი შეისხეს და ადამიანთა ასულები შეირთეს ცოლად. ღვთის ეს ძეები სინამდვილეში ადამიანები კი არ იყვნენ, არამედ ხორცი ჰქონდათ შესხმული. ეს იქიდან ჩანს, რომ წარღვნის დროს ეს ანგელოზები არ განადგურებულან, მათ დატოვეს ხორციელი სხეულები და სულიერ სამყაროს დაუბრუნდნენ (იუდ. 6; დბ. 6:4; 1პტ. 3:19, 20; 2პტ. 2:4).
სიმბოლური მნიშვნელობა. იესო ქრისტე დაყენებულია „ყველაფრის თავად კრებაში, რომელიც მისი სხეულია“ (ეფ. 1:22, 23; კლ. 1:18). ქრისტიანები, რომლებიც ამ სხეულს შეადგენენ, არ არიან დაყოფილნი რასობრივი, ეროვნული თუ სხვა ნიშნით; ებრაელებთან ერთად მათ შორის ყველა ეროვნების ადამიანია (გლ. 3:28; ეფ. 2:16; 4:4). ყველანი წმინდა სულით არიან მონათლულნი ქრისტეში და მის სიკვდილში და შესაბამისად, ერთ სხეულად არიან ქცეულნი (1კრ. 12:13). ამგვარად, მთელი სხეული ემორჩილება თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სიკვდილით და მსგავსი აღდგომით არიან გაერთიანებულნი (რმ. 6:3—5; იხ. ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ; ნათლობა ქრისტე იესოსა და მის სიკვდილში).
პავლე მოციქული პარალელს ავლებს ქრისტიანულ კრებასა და ადამიანის სხეულს შორის და დედამიწაზე დროის კონკრეტულ მონაკვეთში მცხოვრებ ქრისტიანებს სხეულს ადარებს, რომლის უხილავი თავიც ქრისტეა (რმ. 12:4, 5; 1კრ. 12). ის ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითოეულ მათგანს კრებაში — ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი, აერთიანებთ სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნავენ და ასრულებენ საერთო საქმეს. ამ „სხეულში“ ღმერთმა თითოეულ ნაწილს თავისი როლი მიანიჭა და წმინდა სულის მოქმედებით ეს „სხეული“ იმას აკეთებს, რაც საჭიროა. კრების მეთაური, იესო ქრისტე, რომელიც ამ სხეულის თავია, დანარჩენ ნაწილებს აძლევს ყოველივე საჭიროს „სახსრებითა და იოგებით“, ანუ ყველა იმ საშუალებითა და ღონისძიებით, რომელსაც იესო იყენებს სულიერი საზრდოს მისაწოდებლად და ხელმძღვანელობის გასაწევად, რათა „სხეული“ სულიერად კარგად იყოს გამოკვებილი და თითოეულმა ნაწილმა იცოდეს თავისი გასაკეთებელი საქმე (კლ. 2:19; ეფ. 4:16).
სხეულის სწორად გამოყენება. ქრისტიანი უნდა აფასებდეს სხეულს, რომელიც ღმერთმა უბოძა, უნდა უყვარდეს საკუთარი თავი და სათანადოდ იზრუნოს თავის სხეულზე, რათა ის ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად წარადგინოს (რმ. 12:1). ეს გულისხმობს სხეულზე ზრუნვას საკვებითა და სხვა აუცილებლით, აგრეთვე ფიზიკური სისუფთავის დაცვას; თუმცა უფრო მნიშვნელოვანია სულიერობაზე ზრუნვა, უპირველესად ღვთის სამეფოსა და მისი სიმართლის ძიება და ზნეობრივი სიწმინდის დაცვა (მთ. 6:25, 31—33; კლ. 2:20—23; 3:5). მოციქული პავლე გვირჩევს: „ფიზიკური ვარჯიში თუ მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება ყოველმხრივ სასარგებლოა, რადგან სიცოცხლეს მოასწავებს ჩვენთვის ახლაც და მომავალშიც“ (1ტმ. 4:8).
ის, ვინც ქრისტეს სხეულის, ქრისტიანული კრების ცხებული წევრია და სიძვას სჩადის, ვეღარ იქნება ქრისტეს სხეულის ნაწილი და მეძავის სხეულის ნაწილი გახდება. თუ ცხებული ქრისტიანი გარყვნილებას სჩადის, ის ზნეობრივად ბილწავს კრებას და „საკუთარ სხეულს ბღალავს“. ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, რომ ჩამოშორდეს ქრისტეს სხეულს, რომელსაც ტაძარი ეწოდება და საშინელი დაავადებებით დაინფიცირების საშიშროების წინაშე დგება (1კრ. 6:13, 15—20; იგ. 7:1—27). ასეთი ადამიანი შესაძლოა სატანას გადაეცეს „ხორციელი გავლენის აღმოსაფხვრელად“ (1კრ. 5:5).
ქრისტეს სხეულის სულითშობილი წევრები, ისევე როგორც სხვა მიძღვნილი ქრისტიანები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, უნდა მოერიდონ არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით სიძვას, არამედ სულიერი გაგებით სიძვასაც. მათ, ვინც ქვეყნიერებასთან მეგობრობს, წმინდა წერილები „მრუშებად“ მოიხსენიებს (იაკ. 4:4). იესომ თავის მოწაფეებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (ინ. 17:16). ამიტომ იესო თვალყურს ადევნებს, რომ მისი სხეულის ნაწილები ინარჩუნებდნენ ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს (ეფ. 5:26, 27). ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ „სუფთა წყლით“ განიბანეს სხეული (ებ. 10:22). ქმრებზე საუბრის დროს პავლე მოციქული ამბობს: „ქმარსაც ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან ჯერ არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას, რაკი მისი სხეულის ნაწილები ვართ. „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. დიდია ეს წმინდა საიდუმლო; ამას ქრისტესა და კრებაზე ვამბობ“ (ეფ. 5:28—32).
იხილეთ სხეულის ნაწილები სახელების მიხედვით.