თავი 9
სინამდვილეში არსებობს თუ არა „ჯოჯოხეთი“?
1. რას ასწავლიან რელიგიები ჯოჯოხეთის შესახებ?
მილიონობით ადამიანს მათი რელიგიები ასწავლიან, რომ არსებობს მარადიული წამების ადგილი, რომელსაც „ჯოჯოხეთი“ ეწოდება. იქ მხოლოდ ცოდვილები მიდიან. „ენციკლოპედია ბრიტანიკა“-ს (Encyclopœdia Britannica) თანახმად, „რომის კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ ჯოჯოხეთი. . . მარადიულად იარსებებს; ეს არის წამება, რომელსაც არასოდეს ექნება დასასრული“. ენციკლოპედია ამბობს, რომ ეს კათოლიკური მოძღვრება „ჯერ კიდევ არსებობს მრავალ კონსერვატიულ პროტესტანტულ ჯგუფში“. ასევე მაჰმადიანები, ბუდისტები და ინდუსები ასწავლიან, რომ ჯოჯოხეთი არის საწამებელი ადგილი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებს, რომლებსაც ასწავლეს, რომ ჯოჯოხეთი არის საშინელი ადგილი, არ სურთ ამ თემაზე საუბარი.
2. რას ფიქრობდა ღმერთი ისრაელების მიერ ბავშვების ცეცხლში დაწვის შესახებ?
2 ამის გამო წამოიჭრება კითხვა: ნუთუ ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა ასეთი საწამებელი ადგილი? როგორი იყო ღმერთის თვალსაზრისი, როდესაც ისრაელებმა მიბაძეს მეზობელ ერებს და დაიწყეს თავიანთი ბავშვების ცეცხლში დაწვა? ღმერთი თავის სიტყვაში განმარტავს: „ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები დ ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია“ (იერემია 7:31).
3. რატომ არ შეესაბამება ბიბლიას და რატომ არის არაგონივრული ვიფიქროთ, რომ ღმერთი აწამებს ადამიანებს?
3 დაფიქრდი ამის შესახებ. თუ ღმერთს აზრადაც არ მოსვლია ადამიანების ცეცხლში დაწვა, ნუთუ გონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის შექმნიდა ცეცხლოვან ჯოჯოხეთს მათთვის, ვინც არ ემსახურება? ბიბლია ამბობს: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ნუთუ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად აწამებდა ადამიანებს? მოიქცეოდი შენ ასე? რადგან ვიცით, რომ ღმერთი სიყვარულია, ამიტომ უნდა მივმართოთ მის სიტყვას, რომ გავიგოთ, ნამდვილად არსებობს თუ არა „ჯოჯოხეთი“, როგორც მარადიული წამების ადგილი.
შეოლი და ჰადესი
4. ა) როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ შეოლი და ჰადესი ნიშნავს ერთსა და იმავეს? ბ) რას გვიჩვენებს ის ფაქტი, რომ იესო იყო ჰადესში?
4 როდესაც ბიბლია მოიხსენიებს იმ ადგილს, სადაც ადამიანი სიკვდილის შემდეგ მიდის, ებრაულ წერილებში იყენებს სიტყვას „შეოლი“, ხოლო ბერძნულ წერილებში — „ჰადესი“. ეს ორი სიტყვა შინაარსობრივად რომ ერთია, ცხადი გახდება თუ ვნახავთ ფსალმუნის 15:10-სა და საქმეების 2:31-ს. ეს მუხლები მოცემულია მომდევნო გვერდზე. დაუკვირდი, რომ ფსალმუნის 15:10-ის (16:10, American standard Version) ციტირების დროს, სადაც მოცემულია სიტყვა „შეოლი“ (Sheol), საქმეების 2:31-ში გამოყენებულია სიტყვა „ჰადესი“ (Hades). ზოგიერთების მტკიცების თანახმად, აქ გამოყენებული სიტყვა „ჰადესი“ ნიშნავს მარადიული წამების ადგილს. მაგრამ დაუფიქრდი, რომ იესო ჰადესში იყო. უნდა გვწამდეს თუ არა, რომ ღმერთი „ჯოჯოხეთის“ ცეცხლში აწამებდა იესო ქრისტეს? რასაკვირველია, არა! მკვდარი იესო, უბრალოდ, სამარხში იყო.
5, 6. როგორ მტკიცდება იაკობისა და მისი ძის იოსების, აგრეთვე იობის შესახებ ნათქვამით, რომ შეოლი არ არის საწამებელი ადგილი?
5 დაბადების 37:35-ში მოთხრობილია მგლოვიარე იაკობის შესახებ, რომელსაც ეგონა, რომ მისი საყვარელი შვილი იოსები მოკლეს. ბიბლია იაკობის შესახებ ამბობს: „არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში [შეოლში, აქ]!“ ახლა ერთი წუთით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ. არის თუ არა შეოლი საწამებელი ადგილი? სწამდა თუ არა იაკობს, რომ იოსები, თავისი ძე, იმყოფებოდა ასეთი მარადიული წამების ადგილზე და სურდა თუ არა თავადაც იქ მოხვედრილიყო, რომ შეხვედროდა მას? თუ ის მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ თავისი საყვარელი შვილი მკვდარი იყო, იწვა სამარხში და ამიტომ იაკობს თვითონაც სიკვდილი სურდა?
6 დიახ, კარგი ადამიანები სიკვდილის შემდეგ შეოლში არიან. განვიხილოთ იობის მაგალითი, რომელიც ღმერთის წინაშე ცნობილი იყო ერთგულებითა და პატიოსნებით. განსაცდელში ყოფნის დროს ის ღმერთს ევედრებოდა დახმარებისთვის. მისი ვედრება ჩაწერილია იობის 14:13-ში: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [შეოლში, აქ] დამმალავდე, შემინახავდე . . .დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!“ დაფიქრდი, თუ შეოლი არის ცეცხლოვანი საწამებელი ადგილი, ნუთუ იობი ისურვებდა, იქ ყოფილიყო, ვიდრე ღმერთი გაიხსენებდა? ნათელია, რომ იობს უნდოდა მომკვდარიყო, რათა მის ტანჯვას ბოლო მოღებოდა.
7. ა) რა მდგომარეობაში არიან ისინი, რომლებიც შეოლში იმყოფებიან? ბ) რა არის შეოლი და ჰადესი?
7 ბიბლიაში სიტყვა შეოლი არსად მოიხსენიება სიცოცხლესთან, მოქმედებასა თუ ტანჯვასთან კავშირში. ხშირად, შეოლი დაკავშირებულია სიკვდილსა და უმოქმედობასთან. მაგალითად, დაუფიქრდი ეკლესიასტეს 9:10-ს, სადაც წერია: „რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“. ამით საკითხი ძალზე ნათელი ხდება. შეოლი და ჰადესი საწამებელ ადგილს კი არ ნიშნავს, არამედ მთელი კაცობრიობის სამარხს (ფსალმუნი 138:8). შეოლში, ანუ ჰადესში მიდიან როგორც კარგი, ასევე ცუდი ადამიანები.
ჯოჯოხეთიდან გამოსვლა
8, 9. რატომ თქვა თევზის მუცელში მყოფმა იონამ, რომ ჯოჯოხეთში იმყოფებოდა?
8 შეუძლიათ თუ არა ადამიანებს შეოლიდან (ჰადესიდან) გამოსვლა? განვიხილოთ იონას შემთხვევა. იონა რომ არ დამხრჩვალიყო, ღმერთის ნებით დიდმა თევზმა გადაყლაპა, ის თევზის მუცელში მყოფი ლოცულობდა: „ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის [შეოლის, აქ] მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება“ (იონა 2:3).
9 რას გულისხმობდა იონა სიტყვებით „შეოლის მუცლიდან“? ცხადია, რომ თევზის მუცელი არ იყო ცეცხლოვანი საწამებელი ადგილი. მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ის იონას სამარედ ქცეულიყო. ფაქტიურად, იესო ქრისტემ საკუთარი თავის შესახებ თქვა: „როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“ (მათე 12:40).
10. ა) რა მტკიცება არსებობს, რომ ჯოჯოხეთში მყოფნი დახსნილი იქნებიან? ბ) კიდევ რა მტკიცება არსებობს, რომ „ჯოჯოხეთი“ ნიშნავს „სამარხს“?
10 მკვდარი იესო სამი დღის განმავლობაში სამარხში იყო. მაგრამ ბიბლია აღნიშნავს: „მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში. . . ეს იესო აღადგინა ღმერთმა“ (საქმეები 2:31, 32). მსგავსად, ღმერთის ხელმძღვანელობით იონა თევზის მუცლიდან იქნა ამოყვანილი, თევზის მუცელი კი შეიძლებოდა, მის სამარედ ქცეულიყო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც თევზმა ხმელეთზე ამოანთხია იონა. დიახ, ადამიანებს შეუძლიათ შეოლიდან გამოსვლა! გამოცხადების 20:13-ში („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა) ვკითხულობთ სასიხარულო სიტყვებს: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები“. რამდენად განსხვავებულია ბიბლიის სწავლება იმისგან, რასაც მრავალი რელიგია ასწავლის მკვდრების მდგომარეობის შესახებ!
გეენა და ცეცხლის ტბა
11. თარგმანში „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ რომელი ბერძნული სიტყვა ითარგმნება ოთხჯერ „ჯოჯოხეთად“?
11 ზოგიერთი შეიძლება შეგვეკამათოს: „ბიბლია ხომ ლაპარაკობს ჯოჯოხეთის ცეცხლისა და ცეცხლის ტბის შესახებ. ნუთუ ეს არ ამტკიცებს, რომ არსებობს საწამებელი ადგილი?“ ფაქტია, რომ ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი, მაგალითად, თარგმანი „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ (კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი) მოიხსენიებს ‘ცეცხლოვან გეენასა’ და ‘ჯოჯოხეთის დაუშრეტელ ცეცხლს’ (მათე 18:9; მარკოზი 9:43). ამ თარგმანში ბერძნული სიტყვა „გეენა“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ოთხ მუხლში თარგმნილია სიტყვით „ჯოჯოხეთი“. არის თუ არა სინამდვილეში გეენა ცეცხლოვანი საწამებელი ადგილი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჰადესი, უბრალოდ, სამარხს ნიშნავს?
12. რა არის გეენა და რა კეთდებოდა იქ?
12 ნათელია, რომ ებრაული სიტყვა „შეოლი“ და ბერძნული სიტყვა „ჰადესი“ ნიშნავს სამარხს. მაგრამ რას ნიშნავს გეენა? ებრაულ წერილებში გეენა არის „ჰინომის ველი“. გაიხსენე, რომ ჰინომი იყო იერუსალიმის კედლებს მიღმა მდებარე ველი, სადაც ისრაელები ცეცხლში სწირავდნენ მსხვერპლად შვილებს. მოგვიანებით კარგმა მეფე იოშიამ ამ ველზე აღარ დაუშვა ასეთი შემზარავი საქმიანობა (მეოთხე მეფეთა 23:10). ის გადაიქცა უზარმაზარ სანაგვედ.
13. ა) რისთვის იყენებდნენ გეენას იესოს დროს? ბ) რას არ ყრიდნენ იქ არასოდეს?
13 ასე რომ, იმ დროს, როდესაც იესო დედამიწაზე იმყოფებოდა, გეენა იყო იერუსალიმის სანაგვე. იქ გამუდმებით ენთო ცეცხლი, რადგან ნაგვის დასაწვავად უმატებდნენ გოგირდს. „სმიტის ბიბლიური ლექსიკონი“ (Smith’s Dictionary of the Bible), ტომი I განმარტავს: „ის გადაიქცა ქალაქის საერთო სანაგვედ, სადაც იყრებოდა ბოროტმოქმედთა გვამები, მკვდარი ცხოველები და ნებისმიერი სახის ნარჩენები“. როგორც ჩანს, ცოცხალ არსებებს, იქ არ ყრიდნენ.
14. რა მტკიცება არსებობს, რომ გეენა გამოიყენებოდა მარადიული განადგურების სიმბოლოდ?
14 რადგან იცოდნენ ამ სანაგვის არსებობა, იერუსალიმის მცხოვრებლებისთვის გასაგები იყო, თუ რას გულისხმობდა იესო, როდესაც მიმართავდა ბოროტ რელიგიურ ბელადებს: „იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:33). აშკარაა, იესოს ამ სიტყვებით არ უთქვამს, რომ იმ რელიგიურ ბელადებს აწამებდნენ. გავიხსენოთ, როდესაც ისრაელები თავიანთ ბავშვებს ჰინომის ველზე ცეცხლში წვავდნენ, ღმერთმა თქვა, რომ ასეთი საშინელი რამ ფიქრადაც კი არ მოსვლია! ამიტომ ნათელია, რომ იესომ გეენა გამოიყენა მარადიული, სრული განადგურების სიმბოლოდ. ის გულისხმობდა, რომ ბოროტი რელიგიური ბელადები არ იყვნენ აღდგენის ღირსნი. იესოს მსმენელებისთვის გასაგები იყო რომ გეენაში მოხვედრილები იქნებოდნენ იმ ნაგვის მსგავსნი, რომელიც სამუდამოდ ნადგურდება.
15. რა არის „ცეცხლის ტბა“ და რა მტკიცება არსებობს ამის შესახებ?
15 მაგრამ რა არის „ცეცხლის ტბა“, რომელიც მოხსენიებულია ბიბლიის წიგნში „გამოცხადება“? მას გეენას მსგავსი მნიშვნელობა აქვს. ეს პიროვნებისთვის მარადიული წამების შეგრძნებას კი არ ნიშნავს, არამედ მარადიულ სიკვდილსა და განადგურებას. დაუკვირდი, როგორ ამბობს ამას ბიბლია გამოცხადების 20:14-ში: „სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა“. დიახ, ცეცხლის ტბა ნიშნავს ‘მეორე სიკვდილს’, სიკვდილს, საიდანაც არ არის აღდგომა. ნათელია, რომ ეს „ტბა“ არის სიმბოლური, იმიტომ რომ სიკვდილი და ჯოჯოხეთი (ჰადესი) ჩაყრილ იქნენ მასში. შეუძლებელია, სიკვდილი და ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით დაიწვას. მაგრამ შესაძლებელია მათი მოცილება, ანუ განადგურება, რაც მოხდება კიდეც.
16. რას ნიშნავს ეშმაკის მარადიული ტანჯვა „ცეცხლის ტბაში“?
16 „მაგრამ ბიბლია ხომ ამბობს, რომ ეშმაკი ცეცხლის ტბაში მარადიულად დაიტანჯება“ — შესაძლოა, მიუთითოს ვინმემ (გამოცხადება 20:10). რას ნიშნავს ეს? როდესაც იესო დედამიწაზე იყო, ციხის ზედამხედველებს ზოგჯერ „მტანჯველებს“ უწოდებდნენ. როგორც იესომ თქვა ერთ კაცზე თავის იგავში: „განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაიხდიდა“ (მათე 18:34). რადგანაც ისინი, რომლებიც ჩაგდებულ იქნენ ‘ცეცხლის ტბაში’, ‘მეორე სიკვდილს’ დაექვემდებარებიან, საიდანაც არ არის აღდგომა, მათზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი მარადიულად იქნებიან სიკვდილის ტყვეობაში. ისინი დარჩებიან მკვდრებად, როგორც ტუსაღები მარადიულ პატიმრობაში. ბოროტები, რასაკვირველია, პირდაპირი გაგებით არ იქნებიან წამებული, იმიტომ რომ, როგორც ვნახეთ, როდესაც პიროვნება კვდება, მას არავითარი კავშირი აქვს არსებობასთან. ის ვეღარაფერს გრძნობს.
მდიდარი და ლაზარე
17. რა გვიჩვენებს, რომ იესოს მონათხრობი მდიდარსა და ლაზარეზე იგავია?
17 რას გულისხმობდა იესო ერთ-ერთ იგავში, როდესაც თქვა: „მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს. და ჯოჯოხეთში [ჰადესში, აქ], ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში“? (ლუკა 16:19–31). ვინაიდან ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჰადესი ნიშნავს ადამიანთა სამარხს და არა საწამებელ ადგილს, ამიტომ ნათელია, რომ იესო ამბობდა იგავს. როგორც შემდგომი ფაქტები გვიჩვენებენ, ეს არ არის მოვლენების სიტყვა-სიტყვით აღწერა, ეს არის იგავი. მაგალითად, განვიხილოთ შემდეგი: არის თუ არა ჯოჯოხეთი, პირდაპირი გაგებით, სალაპარაკო მანძილზე დაშორებული ზეციდან, ისე რომ ჯოჯოხეთში მყოფს რეალურად შესძლებოდა ცაში მყოფთან საუბარი? გარდა ამისა, მდიდარი რომ პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლის ტბაში ყოფილიყო, როგორ შეძლებდა აბრაამი ლაზარეს გაგზავნას, რომ მდიდრის ენა გაეგრილებინა მხოლოდ ერთი წვეთი წყლით, რომელიც ლაზარეს თითზე იყო? რისი თქმა სურდა ამით იესოს?
18. რას ასიმბოლოებს თვალსაჩინოდ ამ იგავში: ა) მდიდარი, ბ) ლაზარე, გ) ორივეს სიკვდილი, დ) მდიდრის ტანჯვა-წამება?
18 მდიდარი ასიმბოლოებდა ამპარტავან რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებმაც უარყვეს იესო და მოგვიანებით მოკლეს. ლაზარე კი — უბრალო ხალხს, რომლებმაც მიიღეს ღმერთის ძე. მდიდრისა და ლაზარეს სიკვდილით ნაჩვენები იყო მათი მდგომარეობის შეცვლა. ეს ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც უყურადღებოდ მიტოვებულ ლაზარეს მსგავს ადამიანებს იესო სულიერად კვებავდა, ამით მათ მიაღწიეს დიდი აბრაამის, იეჰოვა ღმერთის, კეთილგანწყობილებას. ამავე დროს, ცრუ რელიგიის წინამძღოლები ‘მოკვდნენ’. ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ღმერთის კეთილგანწყობილება. ღმერთის მიერ უარყოფილები იტანჯებოდნენ, როდესაც იესოს მიმდევრებმა ამხილეს მათი ბოროტი საქმეები (საქმეები 7:51–57). მაშასადამე, ეს იგავი არ ასწავლის, რომ თითქოს ზოგიერთი მკვდარი, პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში იტანჯება.
ეშმაკის მიერ შთაგონებული მოძღვრება
19. ა) რა სიცრუე გაავრცელა ეშმაკმა? ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მოძღვრება განსაწმენდელის შესახებ სიცრუეა?
19 ეს იყო ეშმაკი, ევას რომ უთხრა: „არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4; გამოცხადება 12:9). მაგრამ ევა მაინც მოკვდა და სიკვდილის შემდეგ მისგან არაფერს გაუგრძელებია სიცოცხლე. იდეა, რომ სული აგრძელებს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ — ეშმაკისგან გამომდინარე სიცრუეა. ასევე სიცრუეა ეშმაკის მიერ გავრცელებული მოძღვრება, რომ ბოროტი ადამიანის სული იტანჯება ჯოჯოხეთში ან განსაწმენდელში. რადგანაც ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან, ეს სწავლებები შუძლებელია ჭეშმარიტი იყოს. სინამდვილეში, ბიბლიაში ვერსად ნახავ ვერც სიტყვა „განსაწმენდელს“ და ვერც რაიმე მითითებას განსაწმენდელის შესახებ.
20. ა) რა ვისწავლეთ ამ თავიდან? ბ) როგორ იმოქმედა ამ შემეცნებამ შენზე?
20 ჩვენ ვნახეთ, რომ შეოლი, ანუ ჰადესი არის ადგილი, სადაც მკვდრები განისვენებენ და საიდანაც შეიძლება, რომ ისინი აღდგენილი იქნენ. იქ ხვდებიან როგორც ცუდი, ასევე კარგი ადამიანები, რომ შემდეგ აღდგნენ. ჩვენ ასევე შევიტყვეთ, რომ გეენა სატანჯველი ადგილი კი არ არის, არამედ ბიბლიაში მარადიული განადგურების სიმბოლოდ არის გამოყენებული. არც „ცეცხლის ტბაა“ პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლოვანი ადგილი, არამედ ასიმბოლოებს „მეორე სიკვდილს“, საიდანაც არ იქნება აღდგომა. შეუძლებელია, რომ ის იყოს სატანჯველი ადგილი, რადგან მსგავსი რამ ღმერთს არც აზრად მოსვლია და არც გულში გაუვლია. გარდა ამისა, უსამართლობაა, დედამიწაზე ხანმოკლე, ცოდვილი სიცოცხლის გამო, ადამიანებს მარადიული ტანჯვა მიეზღოთ. რა კარგია მკვდრების მდგომარეობის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა! ჭეშმარიტებას ნამდვილად შეუძლია ჩვენი გათავისუფლება შიშისა და ცრუ რწმენისაგან (იოანე 8:32).
[ჩარჩო 83-ე გვერდზე]
ებრაული სიტყვა „შეოლი“ და ბერძნული სიტყვა „ჰადესი“ ნიშნავს ერთსა და იმავეს.
[სურათი 84, 85 გვერდზე]
როდესაც იონა თევზმა ჩაყლაპა, რატომ თქვა: „ქვესკნელის [შეოლის, აქ] მუცლიდან შველა ვითხოვე“?
[სურათი 86-ე გვერდზე]
გეენა იყო იერუსალიმის მიღმა მდებარე ველი და გამოიყენებოდა მარადიული სიკვდილის სიმბოლოდ.