ჩარჩო 19ა
იეჰოვას კურთხევების მდინარე
განვიხილოთ ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთი, რომლებშიც „წყალი“ და „მდინარე“ იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებს აღნიშნავს. ამ მონაკვეთების განხილვა უკეთ დაგვანახვებს, თუ რა სახით გვაკურთხებს იეჰოვა.
იოელის 3:18-ში საუბარია წყაროზე, რომელიც იეჰოვას ტაძრიდან გამოედინება და დამშრალ „აკაციის ხევს“ რწყავს. ასე რომ, იოელიცა და ეზეკიელიც საუბრობენ მდინარეზე, რომელიც აცოცხლებს უნაყოფო ადგილს. ორივე წინასწარმეტყველებაში წყალი იეჰოვას ტაძრიდან გამოედინება.
ზაქარიას 14:8-ის თანახმად, წინასწარმეტყველი ხედავს „სიცოცხლის წყალს“, რომელიც იერუსალიმიდან გამოედინება, ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ ანუ მკვდარი ზღვისკენ მიედინება, ნახევარი კი — დასავლეთის ზღვისკენ ანუ ხმელთაშუა ზღვისკენ. იერუსალიმი „დიდი მეფის“ ანუ იეჰოვა ღმერთის ქალაქი იყო (მათ. 5:35). ზაქარიას მიერ ქალაქ იერუსალიმის მოხსენიება იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას მმართველობა მთელ დედამიწაზე განივრცობა. უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენს პუბლიკაციებში იხსნება, რომ ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „წყალი“ იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა სამოთხეში ადამიანთა ორ ჯგუფს აკურთხებს — არმაგედონგადატანილებს და მკვდრეთით აღდგენილებს.
გამოცხადების 22:1, 2-ის თანახმად, მოციქული იოანე ხედავს მდინარეს, რომელიც ძალიან ჰგავს ეზეკიელის მიერ ნანახ მდინარეს. თუმცა ის გამოედინება არა ტაძრიდან, არამედ იეჰოვას ტახტიდან. ზაქარიას წინასწარმეტყველების მსგავსად, ეს ხილვაც ყურადღებას იმ კურთხევებზე ამახვილებს, რომელთაც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა მოიტანს.
მართალია, უმნიშვნელო სხვაობაცაა იმ კურთხევებს შორის, რომელთაც იეჰოვას მმართველობა და ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი მდინარე მოიტანს, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი იეჰოვასგან მომდინარეობს და მათით ღვთის ყველა ერთგული მსახური გაიხარებს.
ფსალმუნის 46:4-ში საუბარია როგორც თაყვანისმცემლობაზე, ისე მმართველობაზე. ამ მუხლში მოხსენიებული მდინარე „ახალისებს ღვთის ქალაქს“ („ქალაქი“ ღვთის მმართველობაზე მიუთითებს) და „უზენაესის წმინდა და დიდებულ კარავს“ („კარავი“ წმინდა თაყვანისმცემლობაზე მიუთითებს).
მთლიანობაში ეს ბიბლიური მონაკვეთები იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ერთგულ ადამიანებს მარადიულად აკურთხებს თავისი მმართველობისა და წმინდა თაყვანისმცემლობის მეშვეობით. მოდი ყოველთვის დავეწაფოთ „სიცოცხლის წყალს“, რომელსაც იეჰოვა და მისი ძე ჩვენივე მარადიული კეთილდღეობისთვის გვთავაზობენ! (იერ. 2:13; იოან. 4:10).