სული (II)
ბერძნული სიტყვა პნევმა მომდინარეობს სიტყვიდან პნეო, რაც ნიშნავს სუნთქვას ან ბერვას, ხოლო ებრაული სიტყვა რუახ, სავარაუდოდ, მომდინარეობს მსგავსი მნიშვნელობის ფუძიდან. აქედან გამომდინარე, რუახ და პნევმა, ძირითადად, ნიშნავს სუნთქვას, თუმცა ისინი უფრო ფართო მნიშვნელობითაც გამოიყენება (შდრ. აბკ. 2:19; გმც. 13:15). ეს სიტყვები აგრეთვე აღნიშნავს ქარს, ცოცხალ არსებათა სასიცოცხლო ძალას, სულისკვეთებას, სულიერ არსებებს, მათ შორის ღმერთსა და ანგელოზებს, და ღვთის მოქმედ ძალას ანუ წმინდა სულს (შდრ. Lexicon in Veteris Testamenti Libros, კელერი და ბაუმგარტნერი, ლეიდენი, 1958, გვ. 877—879; Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ბრაუნი, დრაივერი, ბრიგზი, 1980, გვ. 924—926; Theological Dictionary of the New Testament, გ. ფრიდრიხის რედაქციით, ინგლისური თარგმანი ჯ. ბრომილისა, 1971, ტ. VI, გვ. 332—451). ამ მნიშვნელობებს საერთო ის აქვთ, რომ ადამიანისთვის უხილავ მოძრავ ძალაზე მიუთითებენ, რომელსაც ხილული შედეგების გამოწვევა შეუძლია.
სუნთქვის აღსანიშნავად გამოიყენება სხვა ებრაული სიტყვაც, ნეშამაჰ (დბ. 2:7), მაგრამ რუახთან შედარებით მას უფრო ვიწრო მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, ბერძნულ სიტყვა პნოესაც ვიწრო მნიშვნელობა აქვს (სქ. 17:25); სეპტუაგინტის მთარგმნელებმა სწორედ ეს სიტყვა გამოიყენეს ნეშამაჰის შესატყვისად.
ქარი. განვიხილოთ ამ სიტყვების პირველივე მნიშვნელობა. ბევრ შემთხვევაში კონტექსტიდან ჩანს, რომ რუახ ნიშნავს ქარს, მაგალითად ფრაზებში: „აღმოსავლეთის ქარი“ (გმ. 10:13) და „ქარის ოთხი მიმართულება“ (ზქ. 2:6). როცა კონტექსტში საუბარია მოქუფრულ ცაზე, ქარიშხალზე, ბზის გაფანტვასა თუ მსგავს მოვლენებზე, აშკარაა, რომ რუახში ქარი იგულისხმება (რც. 11:31; 1მფ. 18:45; 19:11; იობ. 21:18). ვინაიდან ქარის ოთხი მიმართულება გამოიყენება აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის აღსანიშნავად, რუახ ზოგჯერ შეიძლება „მიმართულებად“ ან „მხარედ“ ითარგმნოს (1მტ. 9:24; იერ. 49:36; 52:23; ეზკ. 42:16—20).
იობის 41:15, 16-ში ნათქვამია, რომ ლევიათანის „ჯავშანთა წყება“ იმდენად მჭიდროდ ეკვრის ერთიმეორეს, რომ „ჰაერიც [ვერუახ] კი ვერ ატანს მათ შორის“. აქაც რუახ მიუთითებს მოძრავ ჰაერზე (ჰაერის ნაკადზე) და არა უმოძრაოზე. ამ შემთხვევაშიც ის უხილავ მოქმედ ძალაზე მიანიშნებს, რაც რუახის ძირითადი მნიშვნელობაა.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში პნევმა ქარის მნიშვნელობით მხოლოდ იოანეს 3:8-ში გვხვდება.
ადამიანს არ შეუძლია გააკონტროლოს, მართოს ან შეაკავოს ქარი. სწორედ ამის გამო „ქარი“ (რუახ) ხშირად გამოიყენება იმის გამოსახატავად, რაც ადამიანისთვის უმართავი ან მიუწვდომელია, ანუ მოუხელთებელი, გარდამავალი, ამაო და უსარგებლოა (შდრ. იობ. 6:26; 7:7; 8:2; 16:3; იგ. 11:29; 27:15, 16; 30:4; ეკ. 1:14, 17; 2:11; ეს. 26:18; 41:29). ვრცლად იხ. ქარი.
სულიერი არსებები. ღმერთი ადამიანებისთვის უხილავია (გმ. 33:20; ინ. 1:18; 1ტმ. 1:17), მაგრამ ის ცოცხალია და მისი უბადლო ძალა მთელ სამყაროზე ვრცელდება (2კრ. 3:3; ეს. 40:25—31). „ღმერთი სულია [პნევმა]“, — თქვა იესო ქრისტემ. პავლემაც დაწერა: „იეჰოვა სულია“ (ინ. 4:24; 2კრ. 3:17, 18). ქრისტეზე აგებულ ტაძარში „ღმერთი დამკვიდრდება სულით“ (ეფ. 2:22).
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი ქარივით უპიროვნო ძალაა. ბიბლია ცალსახად ადასტურებს, რომ ღმერთი პიროვნებაა და სამყოფელიც აქვს. ამიტომაც თქვა ქრისტემ, რომ მამასთან მიდიოდა, რათა „ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე“ წარმდგარიყო (ინ. 16:28; ებ. 9:24; შდრ. 1მფ. 8:43; ფს. 11:4; 113:5, 6; იხ. იეჰოვა [განსაკუთრებული სახელის მქონე პიროვნება]).
დაბადების 6:3-ში მოხსენიებული ღვთის სიტყვები „ჩემი სული [რუხი]“, შეიძლება ნიშნავდეს „მე, როგორც სულიერი პიროვნება“ (იხ. სული (I) [ღვთის სული]), რითაც ღმერთი თავის ზეციერ სულიერ მდგომარეობას უპირისპირებს მიწიერ, ხორციელ ადამიანთა მდგომარეობას.
ღვთის ძე. ღვთის „მხოლოდშობილი ძე“, იგივე „სიტყვა“, მამის მსგავსად სულიერი პიროვნება იყო ანუ „ისე არსებობდა, როგორც ღმერთი“ (ფლ. 2:5—8), მაგრამ მოგვიანებით „ხორცი გახდა“ და ადამიანებს შორის დამკვიდრდა (ინ. 1:1, 14). მიწიერი ცხოვრების დასასრულს იესო „მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში“ (1პტ. 3:18). ზეციერმა მამამ აღადგინა ის და მისი თხოვნისამებრ განადიდა იმავე დიდებით, რაც განკაცებამდე ჰქონდა (ინ. 17:4, 5); ღვთის ნებით ის „მაცოცხლებელი სული“ გახდა (1კრ. 15:45). ამგვარად, ღვთის ძე ადამიანთათვის კვლავ უხილავი გახდა და დამკვიდრდა „მიუწვდომელ სინათლეში, [ის] კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1ტმ. 6:14—16).
სხვა სულიერი ქმნილებები. ბიბლიის ბევრ მუხლში ანგელოზებთან მიმართებით გამოყენებულია სიტყვები რუახ და პნევმა (1მფ. 22:21, 22; ეზკ. 3:12, 14; 8:3; 11:1, 24; 43:5; სქ. 23:8, 9; 1პტ. 3:19, 20). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში პნევმა უმეტესწილად ბოროტ სულიერ ქმნილებებთან, დემონებთან გამოიყენება (მთ. 8:16; 10:1; 12:43—45; მრ. 1:23—27; 3:11, 12, 30).
ფსალმუნის 104:4-ში ნათქვამია: „სულებად ქმნი ანგელოზებს, შთამნთქმელი ცეცხლივით არიან შენი მსახურები“. ზოგ თარგმანში ეს მუხლი შემდეგნაირად არის გადმოტანილი: „რომელმაც შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი — თავის მსახურებად“ (იხ. ბსგ [103:4], RS, JP, AT, JB). ებრაული ტექსტის ასეთი თარგმანი შეცდომა არ არის (შდრ. ფს. 148:8); მაგრამ მოციქული პავლეს მიერ ციტირებული მუხლი (ებრ. 1:7) ემთხვევა სეპტუაგინტას და შეესაბამება აბზაცის დასაწყისში მოყვანილ თარგმანს (ებრაელების 1:7-ის ბერძნულ ტექსტში განსაზღვრული არტიკლი [ტუს] წინ უძღვის სიტყვა „ანგელოზებს“ და არა „სულებს [პნევმატა]“, რაც ცხადყოფს, რომ მსჯელობა ანგელოზებზე მიდის). ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „უნდა ვივარაუდოთ, რომ [პავლეს], რომელიც კარგად ფლობდა ებრაულ ენას, ჩვენზე უკეთ ეცოდინებოდა ამ მუხლის [ფსალმუნის 104:4-ის] სწორი წყობა; უეჭველია, ის ისე გამოიყენებდა მას არგუმენტაციისთვის, როგორც მისი მკითხველი აღიქვამდა ანუ ისინი, ვინც კარგად იცოდნენ ებრაული ენა და ლიტერატურა“ (Barnes’ Notes on the New Testament, 1974; შდრ. ებ. 1:14).
მართალია, ღვთის ანგელოზებს შეუძლიათ ხორცი შეისხან და ადამიანებს ეჩვენონ, მაგრამ ბუნებით არ არიან ფიზიკური ანუ ხორციელი ქმნილებები და, შესაბამისად, უხილავები არიან. ისინი ცოცხალი, აქტიური არსებები არიან და დიდი ძალის გამოვლენა შეუძლიათ; ამიტომ რუახ და პნევმა სავსებით მიესადაგება მათ.
ეფესოელების 6:12-ის თანახმად, ქრისტიანები იბრძვიან არა „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ ... არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“. მართალია, დედანში ამ მუხლის ბოლო ნაწილში გამოყენებულია აბსტრაქტული ცნების გამომხატველი სიტყვა (ბერძ. პნევმატიკა), მაგრამ თანამედროვე თარგმანთა უმეტესობა მას ბოროტ სულიერ ძალებს უკავშირებს. ამგვარად, ეს ნაწილი შემდეგნაირად ითარგმნა: „ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“ (კს), „ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ“ (სსგ), „ბოროტების ზეციური სულიერი ლაშქრის წინააღმდეგ“ (JB), „ბოროტების ზეციური ზეადამიანური ძალების წინააღმდეგ“ (NE).
ღვთის მოქმედი ძალა; წმინდა სული. ბიბლიაში რუახ და პნევმა ყველაზე ხშირად ღვთის სულთან, მის მოქმედ ძალასთან, იგივე წმინდა სულთან გამოიყენება.
არ არის პიროვნება. სწავლება იმის შესახებ, რომ წმინდა სული პიროვნებაა და ღვთაების ნაწილია, მხოლოდ ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გახდა საეკლესიო დოგმა. ადრინდელი ეკლესიის „მამები“ არ ასწავლიდნენ ამას. ახ. წ. მეორე საუკუნეში მცხოვრები იუსტინე წამებული ასწავლიდა, რომ წმინდა სული იყო ღვთაების გავლენა ან მოქმედების გამოვლინება; არც იპოლიტე რომაელი აღწერდა წმინდა სულს პიროვნებად. მთლიანი ბიბლიიდან ჩანს, რომ ღვთის წმინდა სული პიროვნება კი არა, ღვთის მოქმედი ძალაა, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ახორციელებს თავის განზრახვას და ასრულებს თავის ნებას.
აღსანიშნავია, რომ 1 იოანეს 5:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (სსგ), სინამდვილეში ჩამატებულია ძველი თარგმანების ბერძნულ დედანში. ერთ-ერთი კათოლიკური თარგმანის სქოლიოში ნათქვამია, რომ ეს სიტყვები „არ გვხვდება არც ერთ ძველ ბერძნულ მანუსკრიპტში, არც ერთ უძველეს თარგმანში და არც ვულგატის საუკეთესო მანუსკრიპტებში“ (The Jerusalem Bible). ბიბლეისტი ბრუს მეცგერი თავის ნაშრომში (A Textual Commentary on the Greek New Testament, 1975, გვ. 716—718) დეტალურად აღწერს, როგორ მოხდა ამ მონაკვეთის ჩამატება თარგმანებში. მის წიგნში აღნიშნულია, რომ ეს მონაკვეთი პირველად გვხვდება მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ტრაქტატში Liber Apologeticus, შემდეგ კი — მეექვსე საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ წმინდა წერილების ძველ ლათინურ თარგმანებსა და ვულგატაში. ვინაიდან დღეს მთარგმნელები აღიარებენ, რომ ეს მონაკვეთი ჩამატებულია, თანამედროვე თარგმანთა უმეტესობაში ის არ გვხვდება ძირითად ტექსტში (აფ-ში ეს სიტყვები კავებშია; შდრ. RS, NE, NAB).
წმინდა სულის გაპიროვნება არ ნიშნავს, რომ ის პიროვნებაა. იესომ წმინდა სული დამხმარედ მოიხსენია და თქვა, რომ ის ასწავლიდა, დაამოწმებდა, მტკიცებას წარადგენდა, წინ წაუძღვებოდა, ილაპარაკებდა, მოისმენდა და ა. შ. ბერძნული დედნიდან ჩანს, რომ იესო ზოგჯერ დამხმარეზე (პარაკლეტი) საუბრისას მამრობითი სქესის ნაცვალსახელს იყენებდა (შდრ. ინ. 14:16, 17, 26; 15:26; 16:7—15). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილებში უსულო საგნების გაპიროვნება ჩვეულებრივი მოვლენაა. „იგავებში“ სიბრძნეა გაპიროვნებული (1:20—33; 8:1—36) და ებრაულ დედანში ის მდედრობითი სქესის ნაცვალსახელით გვხვდება, ისევე როგორც სხვა ენებზე შესრულებულ ბევრ თარგმანში. სიბრძნე აგრეთვე გაპიროვნებულია მათეს 11:19-სა და ლუკას 7:35-ში, სადაც აღნიშნულია, რომ სიბრძნეს „საქმეებიც“ აქვს და „შვილებიც“ ჰყავს. მოციქულმა პავლემ გააპიროვნა ცოდვა, სიკვდილი და წყალობა და თქვა, რომ ისინი მეფობდნენ (რმ. 5:14, 17, 21; 6:12). ის ამბობდა, რომ ცოდვას ეძლეოდა საბაბი, ის წარმოქმნიდა ყოველგვარ სურვილს, აცდენდა და კლავდა (რმ. 7:8—11). თუმცა აშკარაა, რომ პავლე ცოდვას პიროვნებად არ მიიჩნევდა.
მსგავსად, როცა იოანეს სახარებაში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ წმინდა სულზე, გასათვალისწინებელია კონტექსტი. იესომ გააპიროვნა წმინდა სული და დამხმარედ მოიხსენია (ბერძნულად მამრობითი სქესის არსებითი სახელი პარაკლეტოს). აქედან გამომდინარე, იესოს სიტყვების ციტირებისას იოანემ მართებულად გამოიყენა მამრობითი სქესის ნაცვალსახელები, როცა წმინდა სულის, როგორც „დამხმარის“ როლზე წერდა. მაგრამ იმავე კონტექსტში, სადაც წმინდა სულთან დაკავშირებით პნევმაა მოხსენიებული, იოანემ საშუალო სქესის ნაცვალსახელი გამოიყენა, რადგან პნევმა საშუალო სქესის სიტყვაა. ასე რომ, იოანე პარაკლეტოსთან მამრობითი სქესის ნაცვალსახელს გრამატიკული წესის დასაცავად იყენებდა და არა დოქტრინის ჩამოსაყალიბებლად (ინ. 14:16, 17; 16:7, 8).
არ არის წარმოდგენილი პიროვნებად. თავად ღმერთი სულია და წმინდაა, ერთგული ანგელოზებიც სულები არიან და წმინდები, ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ, თუ წმინდა სული პიროვნებაა, ბიბლიაში ზემოხსენებული წმინდა სულებისგან მის განსასხვავებლად მინიშნება იქნებოდა. სულ მცირე მას განსაზღვრული არტიკლი უნდა უძღოდეს წინ ყველა იმ ადგილას, სადაც არ მოიხსენიება „ღვთის წმინდა სულად“ ან სხვა განსაზღვრება არ უძღვის. სინამდვილეში, ბერძნულ დედანში ბევრ ადგილას ის უარტიკლოდ გვხვდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ წმინდა სული პიროვნება არ არის (შდრ. სქ. 6:3, 5; 7:55; 8:15, 17, 19; 9:17; 11:24; 13:9, 52; 19:2; რმ. 9:1; 14:17; 15:13, 16, 19; 1კრ. 12:3; ებ. 2:4; 6:4; 2პტ. 1:21; იუდ. 20, Int და სხვა სტრიქონობრივი თარგმანები).
რა გაგებით ხდება ნათლობა „წმინდა სულის სახელით“. მათეს 28:19-ში მოხსენიებულია „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ ნათლობა. სიტყვა „სახელს“ პირველი მნიშვნელობის გარდა სხვა მნიშვნელობაც აქვს. მაგალითად, როცა ვამბობთ „კანონის სახელით“, პიროვნებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ კანონის ძალას. ბერძნული სიტყვა ონომაც მსგავსად გამოიყენება. ზოგ თარგმანში მათეს 10:41 ბერძნულიდან სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი: „ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს“ (სსგ, კს); მაგრამ უფრო თანამედროვე თარგმანებში ეს მონაკვეთი შემდეგნაირად ითარგმნა: „ვინც წინასწარმეტყველს იმიტომ იღებს, რომ ის წინასწარმეტყველია“ და „ვინც მართალ კაცს იმიტომ იღებს, რომ ის მართალია“ (RS, AT, JB, აქ). ბიბლეისტი ა. რობერტსონი კომენტარს უკეთებს მათეს 28:19-ს: „სიტყვა სახელის (ონომა) ამგვარად გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა სეპტუაგინტასა და პაპირუსებში ძალისა და ავტორიტეტის საჩვენებლად“ (Word Pictures in the New Testament, 1930, ტ. I, გვ. 245). აქედან გამომდინარე, „წმინდა სულის სახელით“ ნათლობა იმის აღიარებაა, რომ წმინდა სული ღვთისგან მომდინარეობს და ღვთის ნების თანახმად მოქმედებს.
სხვა მტკიცებულებები. წმინდა სული ხშირად მოიხსენიება უსულო საგნებთან, მაგალითად წყალთან და ცეცხლთან, რაც იმაზე მოწმობს, რომ ის პიროვნება არ არის (მთ. 3:11; მრ. 1:8). ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი „წმინდა სულით“ ინათლებიან (სქ. 1:5; 11:16). ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, სულით აივსონ და არა ღვინით (ეფ. 5:18). აგრეთვე ზოგიერთზე ნათქვამია, რომ ისინი სავსენი იყვნენ წმინდა სულით, სიბრძნით, რწმენითა (სქ. 6:3, 5; 11:24) და სიხარულით (სქ. 13:52). 2 კორინთელების 6:6-ში წმინდა სული სხვადასხვა თვისებას შორის არის მოხსენიებული. წმინდა სული პიროვნება რომ ყოფილიყო, ბიბლიის დამწერები მას ასეთ კონტექსტებში არ გამოიყენებდნენ. რაც შეეხება იმას, რომ წმინდა სული „მოწმობს“ (სქ. 5:32; 20:23), უნდა აღვნიშნოთ, რომ 1 იოანეს 5:6—8-ში იგივეა ნათქვამი წყალსა და სისხლზე. მართალია, ზოგ მუხლში წერია, რომ წმინდა სული მოწმობს ან ლაპარაკობს, მაგრამ სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ ამას ადამიანების მეშვეობით აკეთებს და არა საკუთარი ხმით (შდრ. ებ. 3:7; 10:15—17; ფს. 95:7; იერ. 31:33, 34; სქ. 19:2—6; 21:4; 28:25). ეს შეგვიძლია შევადაროთ რადიოტალღებს, რომელთა მეშვეობითაც შორეულ მანძილზე გადაიცემა მიკროფონში მოლაპარაკე ადამიანის სიტყვები; რადიოტალღები, ასე ვთქვათ, რადიომიმღების მეშვეობით „ლაპარაკობენ“. ღმერთი თავისი სულის მეშვეობით გადასცემს ცნობებს და აგებინებს თავის ნებას მიწიერ მსახურებს, რომლებიც თავის მხრივ სხვებს გადასცემენ ღვთის ცნობებს.
განსხვავდება ძალისგან. ამგვარად, როცა სიტყვები რუახ და პნევმა ღვთის წმინდა სულის აღსანიშნავად გამოიყენება, ისინი ღვთის უხილავ მოქმედ ძალაზე მიუთითებს, რისი მეშვეობითაც ღმერთი თავის განზრახვასა და ნებას ასრულებს. ის წმინდაა, რადგან მომდინარეობს ღვთისგან და, როგორც „სიწმინდის სული“, თავისუფალია ყოველგვარი გამხრწნელი გავლენისგან (რმ. 1:4). ის არ არის, უბრალოდ, იეჰოვას ძალა, რადგან დედნისეულ ენებში ღვთის ძალის აღსანიშნავად სხვა სიტყვებიც გამოიყენება (ებრ. ქოახ; ბერძ. დინამის). რუახ და პნევმა ძალის აღმნიშვნელ სიტყვებთან ერთადაც გამოიყენება, რაც ცხადყოფს, რომ ამ სიტყვებს შორის მჭიდრო კავშირიც არის და გარკვეული განსხვავებაც (მქ. 3:8; ზქ. 4:6; ლკ. 1:17, 35; სქ. 10:38). „ძალა“ რაიმეს კეთების უნარზე, მოქმედების შესაძლებლობაზე მიუთითებს, მაგრამ ის შეიძლება გამოუვლენელი, უმოქმედო იყოს. „მოქმედი ძალა“ კი მიუთითებს ვინმეს ან რაიმეს მიმართ გამოვლენილ ენერგიაზე. მას შეგვიძლია ვუწოდოთ „ზეგავლენა, რომელიც იწვევს მოძრაობას ან მის შეცვლას“. „ძალა“ შეგვიძლია შევადაროთ აკუმულატორში დაგროვილ ენერგიას, ხოლო „მოქმედი ძალა“ — აკუმულატორიდან გამავალ ენერგიას. ასე რომ, „მოქმედი ძალა“ უფრო ზუსტად გადმოსცემს ზემოხსენებული ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობას, როცა ისინი ღვთის სულთან გამოიყენება. ამას ადასტურებს ბიბლიური მუხლების გამოკვლევა.
წმინდა სულის როლი შემოქმედებაში. იეჰოვამ ფიზიკური სამყარო თავისი სულით ანუ მოქმედი ძალით შექმნა. დედამიწის საცხოვრებლად მომზადების ადრეული ეტაპის აღწერისას ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღვთის მოქმედი ძალა [ანუ სული (რუახ)] იძვროდა წყლის ზევით“ (დბ. 1:2). ფსალმუნის 33:6-ში წერია: „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეთა სულით — ზეცის ლაშქარი“. ძლიერი ამოსუნთქვის მსგავსად, ღვთის სულს ფიზიკური შეხების გარეშე შეუძლია ზემოქმედება (შდრ. გმ. 15:8, 10). ღმერთი ისევე იყენებს თავის სულს, როგორც ხელოსანი ქმნის თავისი ხელებითა და თითებით რაიმე ნაკეთობას. ამიტომაც ადარებს ბიბლია ამ სულს ღვთის „ხელს“ და „თითებს“ (შდრ. ფს. 8:3; 19:1; მთ. 12:28 შდრ. ლკ. 11:20-ს).
თანამედროვე მეცნიერება მატერიას ორგანიზებულ ენერგიად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „მატერია შეიძლება გარდაიქმნას ენერგიად, ენერგია კი — მატერიად“ (The World Book Encyclopedia, 1987, ტ. 13, გვ. 246). უკიდეგანო სამყაროს შესახებ ტელესკოპებით მიღებული ცოდნა მხოლოდ მწირ წარმოდგენას გვიქმნის იეჰოვას უშრეტ ენერგიაზე. წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „ვინ გაზომა იეჰოვას სული?“ (ეს. 40:12, 13, 25, 26).
სიცოცხლის წყარო და წარმომქმნელი ძალა. უსულო ქმნილებების გარდა, ყველა სულიერი ქმნილებაც იეჰოვას სულის მოქმედების შედეგად არსებობს. მისი მეშვეობით შეიქმნა დედამიწაზე პირველი ცოცხალი ქმნილებები, რომელთაგანაც წარმოიშვა დღეს არსებული ყველა ცოცხალი არსება (შდრ. იობ. 33:4; იხ. ქვესათაური „სუნთქვა; სიცოცხლის სუნთქვა; სასიცოცხლო ძალა“). იეჰოვამ თავისი წმინდა სულით აღუდგინა აბრაამსა და სარას გამრავლების უნარი; ამიტომ შეიძლება ითქვას ისაკზე, რომ ის „სულით შობილი“ იყო (გლ. 4:28, 29). ამ სულით იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან დედამიწაზე ებრაელი ქალწული მარიამის საშვილოსნოში გადმოიტანა (მთ. 1:18, 20; ლკ. 1:35).
სული ეხმარება ღვთის მსახურებს. ღვთის სულის ძირითადი დანიშნულებაა აცნობოს, განმარტოს და გაამჟღავნოს. ამიტომაც სთხოვდა დავითი ღმერთს ლოცვაში: „მასწავლე შენი ნების შესრულება, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი. კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი სიმართლის ქვეყანაში“ (ფს. 143:10). დიდი ხნით ადრე იოსებმა ფარაონის წინასწარმეტყველური სიზმრები ღვთის დახმარებით ახსნა. ეგვიპტელმა მმართველმა აღიარა, რომ მასზე ღვთის სული მოქმედებდა (დბ. 41:16, 25—39). ღვთის წმინდა სულს რომ განმარტება შეუძლია, განსაკუთრებით წინასწარმეტყველებებიდან ჩანს. როგორც მოციქულმა პეტრემ თქვა, წინასწარმეტყველების ახსნა არ მომდინარეობს რაიმე ვითარებასა თუ მოვლენაზე ადამიანის შეხედულებიდან. ეს არ არის დამოკიდებული არც წინასწარმეტყველთა თანდაყოლილ უნარზე, ახსნან მოვლენების მნიშვნელობა ან იწინასწარმეტყველონ მათი განვითარება. ასეთი მამაკაცები „წმინდა სულით აღძრულები“ განმარტავდნენ წინასწარმეტყველებებს (2პტ. 1:20, 21; 2სმ. 23:2; ზქ. 7:12; ლკ. 1:67; 2:25—35; სქ. 1:16; 28:25; იხ. წინასწარმეტყველება; წინასწარმეტყველი). მსგავსად, მთელი წმინდა წერილი „ღვთისგან არის შთაგონებული“. ეს ფრაზა ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან თეოპნევსტოს, რაც სიტყვასიტყვით ღვთისგან შთაბერილს ნიშნავს (2ტმ. 3:16). ეს სული სხვადასხვაგვარად, ზოგჯერ ხილვებითა და სიზმრებით, აწვდიდა ცნობებს ამ მამაკაცებს და ხელმძღვანელობდა მათ (ეზკ. 37:1; იოლ. 2:28, 29; გმც. 4:1, 2; 17:3; 21:10). თითოეულ შემთხვევაში წმინდა სული ღვთის განზრახვის თანახმად მოქმედებდა ამ ადამიანების გულსა და გონებაზე, რათა აღეძრა ისინი და ეხელმძღვანელა მათთვის (დნ. 7:1; სქ. 16:9, 10; გმც. 1:10, 11; იხ. შთაგონება).
ღვთის სული არა მხოლოდ ღვთის ნებას ამჟღავნებს და მის გაგებაში ეხმარება ადამიანებს, არამედ აძლიერებს კიდეც მათ ღვთის ნების შესასრულებლად. როგორც მარკოზმა თქვა, სულმა აღძრა იესო, ნათლობის შემდეგ უდაბნოში წასულიყო; ასე რომ, წმინდა სული მამოძრავებელი ძალაცაა (მრ. 1:12; შდრ. ლკ. 4:1). ის შეიძლება ცეცხლივით იყოს ღვთის მსახურებში და აანთოს ისინი (1თს. 5:19; სქ. 18:25; რმ. 12:11), თითქოს სული მოაწვათო საქმის შესასრულებლად (შდრ. იობ. 32:8, 18—20; 2ტმ. 1:6, 7). მათზე ღვთის სულის ძალა მოქმედებდა (ლკ. 2:27; ეფ. 3:16; შდრ. მქ. 3:8). ეს არ არის გაუცნობიერებელი, გაუკონტროლებელი ზემოქმედება; წმინდა სული ისე მოქმედებს მათ გულსა და გონებაზე, რომ შეუძლიათ შეგნებულად ითანამშრომლონ მათთვის ბოძებულ მოქმედ ძალასთან. ამიტომაც თქვა მოციქულმა პავლემ ქრისტიანულ კრებაში წინასწარმეტყველების ძღვნის მქონეებზე, რომ „სულის ძღვენი ... წინასწარმეტყველებმა უნდა დაიმორჩილონ“, რათა კრებაში წესრიგი შენარჩუნდეს (1კრ. 14:31—33).
სხვადასხვაგვარი მოქმედება. როგორც ელექტროენერგიას შეუძლია აამუშაოს სხვადასხვა ხელსაწყო, ისე ღვთის სული ავალებს და აკეთებინებს ადამიანებს სხვადასხვა საქმეს (ეს. 48:16; 61:1—3). ქრისტიანებისთვის ბოძებული წმინდა სულის სხვადასხვაგვარ ძღვენზე პავლე წერდა: „ძღვენი სხვადასხვაგვარია, სული კი იგივეა. მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ უფალი იგივეა. მოქმედებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ იგივეა ღმერთი, რომელიც ყველა ამ მოქმედებას ასრულებს ყველაში. სულის გამოვლინება კი თითოეულს სასიკეთოდ ეძლევა“ (1კრ. 12:4—7).
წმინდა სულს შეუძლია ადამიანი კვალიფიცირებული გახადოს რაიმე სამუშაოს ან პასუხისმგებლობის შესასრულებლად. შესაძლოა, ბეცალელი და ოჰოლიაბი ფლობდნენ რაიმე ხელობას, ვიდრე კარვის მოწყობილობებისა და მღვდლების ტანსაცმლის დამზადებას დაავალებდნენ, მაგრამ ღვთის სულმა აავსო ისინი „სიბრძნით, გაგების უნარითა და ცოდნით“, რათა ეს საქმე იეჰოვას ნებისამებრ შეესრულებინათ. წმინდა სულმა დახვეწა მათი შესაძლებლობები, გაუღრმავა ცოდნა და სხვების სწავლების უნარიც მისცა (გმ. 31:1—11; 35:30—35). მოგვიანებით დავითმა ღვთის შთაგონებით ანუ წმინდა სულის მოქმედებით მიიღო ტაძრის გეგმა. შედეგად, მან დიდძალი მასალა დააგროვა მის ასაშენებლად (1მტ. 28:12).
მოსე ღვთის სულით წინასწარმეტყველებდა და სასწაულებს ახდენდა, მიუძღოდა ერს და სამართალს უჩენდა, რითაც ის იესო ქრისტეს განასახიერებდა (ეს. 63:11—13; სქ. 3:20—23). მაგრამ არასრულყოფილ მოსეს ეს პასუხისმგებლობა ტვირთად ექცა. ამიტომ ღმერთმა აიღო მისი სულის ნაწილი და 70 უხუცესს მოაფინა, რათა მოსეს ტვირთის ტარებაში დახმარებოდნენ (რც. 11:11—17, 24—30). იმ დღიდან, როცა სამუელმა სცხო დავითი, წმინდა სული ამოქმედდა მასზე, რათა ეხელმძღვანელა და მომავალი მეფობისთვის მოემზადებინა (1სმ. 16:13).
მოსეს საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე „სიბრძნის სულით“ აივსო. მართალია, სულის ძალით მას იმდენი წინასწარმეტყველება არ წარმოუთქვამს და იმდენი სასწაული არ მოუხდენია, რამდენიც მოსეს (კნ. 34:9—12), მაგრამ მისი დახმარებით იესო ნავეს ძემ ბრძოლებში უწინამძღოლა ისრაელს და საბოლოოდ დაიპყრო ქანაანი. მსგავსად, იეჰოვას სულმა მოიცვა სხვა მამაკაცებიც, მათ შორის ოთნიელი, გედეონი, იფთახი და სამსონი, და აღძრა ისინი, ღვთის ხალხისთვის ებრძოლათ (მსჯ. 3:9, 10; 6:34; 11:29; 13:24, 25; 14:5, 6, 19; 15:14).
ღვთის სული აძლიერებს მის მსახურებს, რომ საფრთხის მიუხედავად, უშიშრად და გაბედულად გაუცხადონ ჭეშმარიტება მოწინააღმდეგეებს (მქ. 3:8).
თავის ხალხზე წმინდა სულის გადმოღვრა ღვთის კეთილგანწყობაზე მოწმობს, რასაც კურთხევები და წარმატება მოჰყვება (ეზკ. 39:29; ეს. 44:3, 4).
გასამართლება და განაჩენის აღსრულება. ღმერთი თავისი სულით ასამართლებს ადამიანებსა თუ ერებს და თავის განაჩენსაც აღასრულებს — სჯის ან ანადგურებს (ეს. 30:27, 28; 59:18, 19). ასეთ კონტექსტებში რუახ შეიძლება მართებულად ითარგმნოს „დაბერვად“ (ეს. 25:4; 27:8). ღვთის სული ყველგან აღწევს და მათ სასიკეთოდ ან საუბედუროდ მოქმედებს, ვინც ღვთის ყურადღებას იპყრობს (ფს. 139:7—12).
გამოცხადების 1:4-ში ნათქვამია, რომ ღვთის ტახტის წინ „შვიდი სული“ იყო; შემდეგი მუხლებიდან ვიგებთ, რომ კრებებს მიეცა „შვიდი ცნობა“, რომელთაგან თითოეული მთავრდება მოწოდებით: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გმც. 2:7, 11, 17, 29; 3:6, 13, 22). ეს ცნობები შეიცავდა დამაფიქრებელ გაფრთხილებებს, აგრეთვე დაპირებებს, რომ ერთგულების შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდებოდნენ. ღვთის ძეს აქვს „ღვთის შვიდი სული“ (გმც. 3:1). ისინი გაიგივებულნი არიან „ცეცხლის შვიდ ლამპართან“ (გმც. 4:5) და დაკლული კრავის „შვიდ თვალთან“, რომლებიც „მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“ (გმც. 5:6). სხვა წინასწარმეტყველებებში „შვიდი“ სისრულის სიმბოლოდ არის გამოყენებული (იხ. რიცხვები, ციფრები). როგორც ჩანს, ეს შვიდი სული განასახიერებს ღვთის კრავის ანუ განდიდებული იესო ქრისტეს სრულ შესაძლებლობებს, დააკვირდეს, განჭვრიტოს და გამოიძიოს მთელი დედამიწის შესამოწმებლად.
ღვთის სიტყვა არის „სულის მახვილი“ (ეფ. 6:17). ის ააშკარავებს ადამიანის ნამდვილ სახეს, მის დაფარულ თვისებებსა თუ გულის ზრახვებს. ღვთის სიტყვა ადამიანს აღძრავს ან გული მოიდრიკოს და ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ნებას დაემორჩილოს, ან გული გაიჯიუტოს (შდრ. ებ. 4:11—13; ეს. 6:9, 10; 66:2, 5). აქედან გამომდინარე, ღვთის სიტყვას მნიშვნელოვანი როლი აკისრია განაჩენის წინასწარ გაცხადებაში. ღვთის სიტყვის შესრულება გარდაუვალია, ამიტომ წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც ცეცხლს, ბზეს რომ აცამტვერებს, და უროს, კლდეს რომ ამტვრევს (იერ. 23:28, 29). იესო ქრისტე, ღვთის მთავარი წარმომადგენელი და „სიტყვა“, აცხადებს ღვთის განაჩენს და უფლებამოსილია, განაჩენის აღსრულების ბრძანება გასცეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს იგულისხმება მასზე ნათქვამ სიტყვებში, რომ „თავისი ბაგის სულით [მამოძრავებელი ძალით]“ ბოლოს მოუღებს ღვთის მტრებს (შდრ. 2თს. 2:8; ეს. 11:3, 4; გმც. 19:13—16, 21).
ღვთის სული, როგორც კრების „დამხმარე“. თავისი დაპირებისამებრ იესომ ზეცად ამაღლების შემდეგ მამას სთხოვა წმინდა სული ანუ ღვთის მოქმედი ძალა. ღმერთმაც მისცა მას წმინდა სულის გამოყენების უფლება. იესომ სული პირველად თავის ერთგულ მოწაფეებზე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გადმოაფრქვია, შემდეგ კი მათზე, ვინც იესოს მეშვეობით ღმერთს უბრუნდებოდა (ინ. 14:16, 17, 26; 15:26; 16:7; სქ. 1:4, 5; 2:1—4, 14—18, 32, 33, 38). წყალში ნათლობის შემდეგ ისინი „ერთ სხეულში“ ინათლებოდნენ „ერთი სულით“, როგორც, მაგალითად, რკინა თავსდება მაგნიტურ ველში და იმუხტება მაგნიტური ძალით (1კრ. 12:12, 13; შდრ. მრ. 1:8; სქ. 1:5). ღვთის სული მანამდეც მოქმედებდა იესოს მოწაფეებზე, რაზეც დემონების განდევნის შემთხვევები მოწმობს (შდრ. მთ. 12:28; მრ. 3:14, 15), მაგრამ ახლა ღვთის სულის მოქმედება უფრო ძლიერი, ინტენსიური და განსხვავებული იყო (შდრ. ინ. 7:39).
იესოს, როგორც მესიასა და მეფეს, აქვს „სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული“ (ეს. 11:1, 2; 42:1—4; მთ. 12:18—21). ეს სიმართლისკენ აღმძვრელი ძალა ჩანს იქიდან, თუ როგორ ხელმძღვანელობდა ქრისტიანულ კრებას ღვთის მოქმედი ძალით ანუ სულით იესო — ღვთის მიერ დაყენებული კრების თავი, ბატონი და უფალი (კლ. 1:18; იუდ. 4). ეს სული, როგორც „დამხმარე“, ღვთის ნების, განზრახვებისა და წინასწარმეტყველური სიტყვის გაგებაში ეხმარებოდა ქრისტიანებს (1კრ. 2:10—16; კლ. 1:9, 10; ებ. 9:8—10). სულის ძალით ისინი მთელ დედამიწაზე ამოწმებდნენ (ლკ. 24:49; სქ. 1:8; ეფ. 3:5, 6); მათ მიეცათ სულის სასწაულებრივი ძღვენი, რისი წყალობითაც ლაპარაკობდნენ უცხო ენებზე, წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ და აკეთებდნენ სხვა საქმეებს, რომლებიც სასიხარულო ცნობის გაცხადებას უწყობდა ხელს და ღვთის მხარდაჭერაზე მოწმობდა (რმ. 15:18, 19; 1კრ. 12:4—11; 14:1, 2, 12—16; შდრ. ეს. 59:21; იხ. ძღვენი ღვთისგან [სულის ძღვენი]).
იესო, როგორც კრების ზედამხედველი, სულის მეშვეობით მართავდა კრების საქმეებს — ხელმძღვანელობდა მამაკაცების არჩევას განსაკუთრებული დავალებების შესასრულებლად, კრებისთვის ზედამხედველობის გასაწევად და მისი წევრების სასწავლებლად თუ გამოსასწორებლად (სქ. 13:2—4; 20:28; ეფ. 4:11, 12). იესო აჩვენებდა მათ, სად ემსახურათ და სად არა (სქ. 16:6—10; 20:22). მისი დახმარებით ისინი წერდნენ „ქრისტეს წერილებს“ „ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე, არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე“ (2კრ. 3:2, 3; 1თს. 1:5). დაპირებისამებრ სულმა ყველაფერი გაახსენა მათ, გააძლიერა მათი გონებრივი შესაძლებლობები და მმართველთა წინაშე დამოწმების გაბედულებაც მისცა (შდრ. მთ. 10:18—20; ინ. 14:26; სქ. 4:5—8, 13, 31; 6:8—10).
ისინი, როგორც „ცოცხალი ქვები“, ქრისტეს საძირკველზე აგებულ სულიერ ტაძრად შენდებოდნენ, სადაც „სულიერ მსხვერპლს“ შესწირავდნენ (1პტ. 2:4—6; რმ. 15:15, 16), სულიერ სიმღერებს იმღერებდნენ (ეფ. 5:18, 19) და სადაც ღმერთი დამკვიდრდებოდა სულით (1კრ. 3:16; 6:19, 20; ეფ. 2:20—22; შდრ. ანგ. 2:5). ღვთის სული უდიდესი გამაერთიანებელი ძალაა. ვიდრე ქრისტიანები მას დაუბრკოლებლად მოქმედების საშუალებას აძლევდნენ, მშვიდობა ჰქონდათ ერთმანეთში და გაერთიანებულნი იყვნენ ღმერთთან, მის ძესა და ერთმანეთთან სიყვარულითა და ერთგულებით (ეფ. 4:3—6; 1ინ. 3:23, 24; 4:12, 13; შდრ. 1მტ. 12:18). სულს მათთვის რაიმე ხელობა არ უსწავლებია, როგორც ეს ბეცალელისა და სხვების შემთხვევაში მოხდა, რომელთაც ნაგებობები და სხვადასხვა მოწყობილობა დაამზადეს, მაგრამ ღვთის სულმა ისინი სულიერი საქმეებისთვის მოამზადა, რათა ესწავლებინათ, ეხელმძღვანელათ, დაემწყემსათ და რჩევები მიეცათ. სულიერი ტაძარი, რომელსაც ისინი ქმნიდნენ, მორთული უნდა ყოფილიყო ღვთის სულის შესანიშნავი ნაყოფით — სიყვარულით, სიხარულით, მშვიდობით, სულგრძელობით, სიკეთით, სიკარგით, რწმენითა თუ სხვა თვისებებით; ეს აშკარად ადასტურებდა ღვთის სულის მოქმედებას (გლ. 5:22, 23; შდრ. ლკ. 10:21; რმ. 14:17). სწორედ ის იყო წესრიგისა და კარგი ხელმძღვანელობის ხელშემწყობი უმთავრესი ფაქტორი (გლ. 5:24—26; 6:1; სქ. 6:1—7; შდრ. ეზკ. 36:26, 27). ისინი ემორჩილებოდნენ „სულის კანონს“ ანუ სიმართლისკენ აღმძვრელ ძალას, რომელიც ეხმარებოდა მათ, შორს დაეჭირათ თავი ხორცის საქმეებისგან (რმ. 8:2; გლ. 5:16—21; იუდ. 19—21). მათ ღვთის სულის დახმარების იმედი ჰქონდათ და არა საკუთარი უნარის, გამოცდილების ან სტატუსის (1კრ. 2:1—5; ეფ. 3:14—17; ფლ. 3:1—8).
წმინდა სული მათ სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში ეხმარებოდა. მაგალითად, როცა წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, იერუსალიმში მოციქულებისა და უხუცესებისგან შემდგარმა საბჭომ სულის დახმარებით მიიღო გადაწყვეტილება. პეტრე მოუყვა მათ, თუ როგორ მისცა ღმერთმა წმინდა სული წინადაუცვეთელ უცხოტომელებს; პავლემ და ბარნაბამ უამბეს, როგორ მოქმედებდა წმინდა სული უცხოტომელებთან მსახურების დროს, ხოლო იაკობმა, რომელსაც შესაძლოა წმინდა სულმა გაახსენა ბიბლიური მუხლები, ყურადღება გაამახვილა ამოსის მიერ ღვთივშთაგონებით წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაზე, რომ უცხოტომელები ღვთის სახელით იწოდებოდნენ. ამგვარად, ღვთის წმინდა სულმა მათ ერთი მიმართულება მისცა. საბჭომ აღიარა ეს და წერილობით გამოქვეყნებულ თავის გადაწყვეტილებაში თქვა: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა“ (სქ. 15:1—29).
სულით ცხება, სულით შობა, „სულიერი ცხოვრება“. ნათლობის დროს ღმერთმა იესო წმინდა სულით სცხო (მრ. 1:10; ლკ. 3:22; 4:18; სქ. 10:38), მოგვიანებით კი იმავე სულით ქრისტეს მოწაფეები სცხო. სულით ცხება მათთვის ზეციური მემკვიდრეობის „საწინდარი“ იყო (2კრ. 1:21, 22; 5:1, 5; ეფ. 1:13, 14). სული უმოწმებდა მათ, რომ ღვთისგან შობილნი იყვნენ და, როგორც მის შვილებს, ზეციური ცხოვრების იმედი ჰქონდათ (ინ. 3:5—8; რმ. 8:14—17, 23; ტიტ. 3:5; ებ. 6:4, 5). ღმერთმა ისინი განწმინდა და მართლებად აღიარა „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“. სწორედ ამ სულით შეძლო იესომ გამოსასყიდის გაღება და ღვთის დანიშნულ მღვდელმთავრად გახდომა (1კრ. 6:11; 2თს. 2:13; ებ. 9:14; 1პტ. 1:1, 2).
მართალია, იესოს სულითცხებული მიმდევრები არასრულყოფილი ხორციელი ქმნილებები არიან, მაგრამ ზეციერი მოწოდებისა და მემკვიდრეობის წყალობით ისინი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. როგორც ჩანს, მოციქულს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მიწიერი მამები იეჰოვა ღმერთს, „ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას“ (სიტყვასიტყვით „სულების მამას“) შეადარა (ებ. 12:9; შდრ. 12:23). ქრისტეს თანამემკვიდრეები, ვიდრე ზეციური ცხოვრებისთვის აღდგებიან და ისეთივე სხეული ექნებათ, როგორიც ქრისტეს, ჯერ კიდევ დედამიწაზე ერთი სულით უნდა იყვნენ გაერთიანებულნი ქრისტესთან, თავიანთ „თავთან“, და არ უნდა დაემონონ ხორცის სურვილებსა და უზნეო მიდრეკილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლება მეძავს შეუერთდნენ და მისი „ერთხორცი“ გახდნენ (1კრ. 6:15—18; 15:44—49; რმ. 8:5—17).
ღვთის სულის მიღება და შენარჩუნება. წმინდა სული ღვთის „უსასყიდლო ძღვენია“, რომელსაც ის სიხარულით აძლევს გულწრფელ მაძიებლებსა და მთხოვნელებს (სქ. 2:38; ლკ. 11:9—13). სულის მისაღებად გულის მდგომარეობა უმნიშვნელოვანესია (სქ. 15:8), თუმცა ცოდნის მიღება და ღვთის მოთხოვნების თანახმად ცხოვრება არანაკლებ მნიშვნელოვანია (შდრ. სქ. 5:32; 19:2—6). როცა ქრისტიანი წმინდა სულს მიიღებს, არ უნდა „დაანაღვლიანოს“ ანუ არ უნდა უგულებელყოს იგი (ეფ. 4:30; შდრ. ეს. 63:10), მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს, წმინდა სულის მითითებების საწინააღმდეგო მიზნები არ უნდა დაისახოს და არ უნდა უარყოს ღვთივშთაგონებით დაწერილი სიტყვა და მასში მოცემული რჩევები (სქ. 7:51—53; 1თს. 4:8; შდრ. ეს. 30:1, 2). თვალთმაქცობით ადამიანი შეიძლება იმ სულის მოტყუებას შეეცადოს, რომლის მეშვეობითაც ქრისტე კრებას ხელმძღვანელობს. ვინც ამგვარად ცდის წმინდა სულს, დაღუპვის გზას ადგება (სქ. 5:1—11; შდრ. რმ. 9:1). ღვთის სულის აშკარა გამოვლინების წინააღმდეგ განზრახ წასვლა სულის წინააღმდეგ მკრეხელობას ნიშნავს, რაც უპატიებელი ცოდვაა (მთ. 12:31, 32; მრ. 3:29, 30; შდრ. ებ. 10:26—31).
სუნთქვა; სიცოცხლის სუნთქვა; სასიცოცხლო ძალა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა, „ჩაჰბერა [ნაფახის ერთ-ერთი ფორმა] ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა] და ადამიანი ცოცხალ სულად [ნეფეშ] იქცა“ (დბ. 2:7; იხ. სული (I)). ნეფეშ სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს როგორც „მსუნთქავი“ ანუ „მსუნთქავი არსება“, ადამიანი ან ცხოველი. ნეშამაჰიც ამავე მნიშვნელობით გამოიყენება და, ფაქტობრივად, ნეფეშის სინონიმია (შდრ. კნ. 20:16; იეს. 10:39, 40; 11:11). დაბადების 2:7-ში ნეშამაჰით აღწერილია, როგორ გააცოცხლა ღმერთმა ადამის სხეული, რის შედეგადაც ის „ცოცხალ სულად“ იქცა. სხვა მუხლებიდან ჩანს, რომ ამ სიტყვაში სუნთქვაზე, ანუ ფილტვებში ჰაერის შეშვება-გამოშვებაზე მეტი იგულისხმება. ამგვარად, წარღვნის დროს კიდობნის გარეთ დარჩენილი ადამიანებისა და ცხოველების განადგურებაზე დაბადების 7:22 ამბობს: „მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა], რასაც სასიცოცხლო ძალა [ანუ „სული“ (რუახ)] ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო“. როგორც დავინახეთ, ნეშამაჰ ანუ სუნთქვა პირდაპირ უკავშირდება რუახს ანუ სასიცოცხლო ძალას, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას, ადამიანსა თუ ცხოველს, აცოცხლებს.
ერთ თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია: „სუნთქვა მხოლოდ მოძრაობით შეიმჩნევა [გულმკერდის მოძრაობითა და ნესტოების გაფართოებით]. ის აგრეთვე არის სიცოცხლის ნიშანი, წინაპირობა და შემნარჩუნებელი. სიცოცხლესა და სუნთქვას შორის განსაკუთრებული კავშირია“ (Theological Dictionary of the New Testament, ტ. VI, გვ. 336). აქედან გამომდინარე, ნეშამაჰ ანუ სუნთქვა არა მხოლოდ რუახის ანუ სასიცოცხლო ძალის შედეგია, არამედ ცოცხალ არსებებში ამ სასიცოცხლო ძალის უმთავრესი შემნარჩუნებელიც. მეცნიერული კვლევების შედეგად ცნობილია, რომ ადამიანის სხეულის ასი ტრილიონი უჯრედიდან ყველა ცოცხალია და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს ათასობით მილიონი უჯრედი კვდება, ახალი უჯრედების წარმოქმნა უწყვეტად მიმდინარეობს. უჯრედებს სასიცოცხლო ძალას უნარჩუნებს სისხლში არსებული ჟანგბადი, რომელიც ორგანიზმში სუნთქვის შედეგად ხვდება. უჟანგბადოდ ზოგი უჯრედი რამდენიმე წუთში კვდება, ზოგი კი უფრო მეტხანს ძლებს. მართალია, სუნთქვის გარეშე ადამიანს შეუძლია რამდენიმე წუთი გაძლოს, მაგრამ უჯრედებში სასიცოცხლო ძალა თუ აღარ იქნება, მისი გადარჩენა უკვე ადამიანის ძალას აღემატება. ებრაულ წერილებში, რომელიც ადამიანის შემოქმედის შთაგონებით დაიწერა, რუახ ამ სასიცოცხლო ძალის ანუ სიცოცხლის აღსანიშნავად გამოიყენება, ნეშამაჰ კი — მისი შემნარჩუნებელი სუნთქვის აღსანიშნავად.
ნეშამაჰსა და რუახს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გამო ისინი ხშირად სხვადასხვა მუხლში ერთი და იმავე აზრის გამოსახატავად არის გამოყენებული. იობმა თქვა: „სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა] და ღვთის სული [ვერუახ] მიდგას ნესტოებში ... არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:3—5). ელიჰუმ ღმერთზე თქვა: „თუ ... თავისთან წაიღებს მის სულსა [რუახის ერთ-ერთი ფორმა] და სუნთქვას [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა], ყველა ხორციელი მოკვდება და მტვერს დაუბრუნდება ადამიანი“ (იობ. 34:14, 15). ფსალმუნის 104:29 ცოცხალ ქმნილებებზე, ადამიანებსა და ცხოველებზე ამბობს: „სულს თუ წაართმევ [ღმერთო], დაიხოცებიან და მტვერს დაუბრუნდებიან“. ესაიას 42:5-ში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის არის „დედამიწისა და მისი ნაყოფის გადამშლელი, მასზე მცხოვრები ხალხისთვის სუნთქვის მიმცემი და მასზე მოარულთათვის სულის ჩამდგმელი“. სუნთქვა (ნეშამაჰ) მათ სიცოცხლეს უნარჩუნებს, სული (რუახ) კი აცოცხლებს. სწორედ სულის ანუ სასიცოცხლო ძალის წყალობით შეუძლია ადამიანს მოძრაობა და სხვადასხვა საქმის კეთება (შდრ. სქ. 17:28), რასაც ვერ ვიტყვით ადამიანის ხელით დამზადებულ უსიცოცხლო, უსულო კერპებზე (ფს. 135:15, 17; იერ. 10:14; 51:17; აბკ. 2:19).
თუმცა ნეშამაჰ (სუნთქვა) და რუახ (სული; მოქმედი ძალა; სასიცოცხლო ძალა) ზოგჯერ მსგავსი აზრების გადმოსაცემად გამოიყენება, მათ იდენტური მნიშვნელობა არა აქვს. ზოგჯერ სული (რუახ) გამოყენებულია სუნთქვის (ნეშამაჰ) სინონიმად, როგორც ჩანს იმის გამო, რომ სუნთქვა ორგანიზმში სასიცოცხლო ძალის უმთავრესი ხილული ნიშანია (იობ. 9:18; 19:17; 27:3).
ეზეკიელის 37:1—10-ში ჩაწერილია სიმბოლური მნიშვნელობის ხილვა გამომშრალი ძვლებით სავსე ველზე. ხილვაში ძვლებმა ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს, ძარღვები და ხორცი შეესხათ და კანმა დაფარა ისინი, მაგრამ „სუნთქვა [ვერუახ] არ იყო მათში“. ეზეკიელს უთხრეს: «უწინასწარმეტყველე ქარს [ჰარუახ] ... „ოთხივე ქართაგან [რუახის ერთ-ერთი ფორმა] მოდი, ქარო, და დაუბერე ამ დახოცილ ხალხს, რომ გაცოცხლდნენ ისინი“». ქართან მოხსენიებული ციფრი „ოთხი“ იმაზე მიანიშნებს, რომ ამ შემთხვევაში რუახ მართებულად ითარგმნა „ქარად“. როცა ქარი ანუ მოძრავი ჰაერი დახოცილი ხალხის ნესტოებში შევიდა, ის სუნთქვად იქცა, რაც აგრეთვე მოძრავი ჰაერია. ამგვარად, ხილვის ამ მონაკვეთში (მუხლ. 10) რუახის „სუნთქვად“ თარგმნა უფრო მართებულია, ვიდრე „სულად“ ან „სასიცოცხლო ძალად“. გარდა ამისა, ეზეკიელს შეეძლო დაენახა, რომ სხეულებმა სუნთქვა დაიწყეს, მაგრამ ის ვერ დაინახავდა სასიცოცხლო ძალას ანუ სულს, რომელმაც ისინი გააცოცხლა. როგორც მე-11—14 მუხლებიდან ჩანს, ხილვა ეხებოდა ისრაელი ერის სულიერ (და არა ფიზიკურ) გამოცოცხლებას. ბაბილონში გადასახლების გამო გარკვეულ ხანს ისინი სულიერად მკვდრები იყვნენ. ვინაიდან პირდაპირი გაგებით ისინი ცოცხლები იყვნენ და სუნთქავდნენ, ლოგიკურია, რომ მე-14 მუხლში რუახ „სულად“ ითარგმნა, სადაც ღმერთი ამბობს, რომ თავის სულს ჩაუდგამს თავის ხალხს, რათა სულიერი გაგებით გაცოცხლდნენ.
მსგავსი სიმბოლური მნიშვნელობის ხილვა ჩაწერილია გამოცხადების მე-11 თავში. იქ აღწერილია, როგორ მოკლეს „ორი მოწმე“, რომელთა გვამები სამდღე-ნახევარი ქუჩაში ეყარა. შემდეგ „შევიდა მათში სიცოცხლის სული [ანუ სუნთქვა, პნევმა] ღვთისგან“ და ფეხზე დადგნენ (გმც. 11:1—11). ამ ხილვაშიც ფიზიკური გამოცოცხლებით ნაჩვენებია სულიერი გამოცოცხლება. ხილვიდან ისიც ჩანს, რომ ბერძნული პნევმა ებრაული რუახის მსგავსად შეიძლება წარმოადგენდეს ღვთის სასიცოცხლო ძალას, რომელიც აცოცხლებს ადამიანს. იაკობის 2:26-ში მართებულად არის აღნიშნული, რომ სხეული „სულის [პნევმატოს] გარეშე“ მკვდარია.
ასე რომ, როცა ღმერთმა ედემის ბაღში ადამიანი შექმნა და ნესტოებში „სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა]“ ჩაჰბერა, მან არა მხოლოდ მისი ფილტვები გაავსო ჰაერით, არამედ ადამის სხეულის უჯრედები სასიცოცხლო ძალით ანუ სულით (რუახ) გააცოცხლა (დბ. 2:7; შდრ. ფს. 104:30; სქ. 17:25).
ეს სასიცოცხლო ძალა ჩასახვის დროს მშობლებისგან შვილებს გადაეცემა. იეჰოვამ ადამიანში ჩადო სასიცოცხლო ძალა და მისცა გამრავლების უნარი, ამიტომ სიცოცხლეს ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ ღვთისგან კი არა, მშობლებისგან მივიღეთ (შდრ. იობ. 10:9—12; ფს. 139:13—16; ეკ. 11:5).
სასიცოცხლო ძალა ანუ სული უპიროვნოა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიბლიის თანახმად, რუახ ანუ სასიცოცხლო ძალა ადამიანების გარდა ცხოველებსაც აქვთ (დბ. 6:17; 7:15, 22). ეკლესიასტეს 3:18—22-დან ჩანს, რომ ადამიანი და პირუტყვი ერთნაირად კვდება, რადგან „ყველას ერთი სული [ვერუახ] აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს“. ეს ნიშნავს, რომ მათ ერთნაირი სასიცოცხლო ძალა აქვთ. აშკარაა, რომ ასეთ კონტექსტებში გამოყენებული სიტყვა „სული“ ანუ სასიცოცხლო ძალა (რუახ) უპიროვნოა. ის შეგვიძლია შევადაროთ სხვა უხილავ ძალას — ელექტროენერგიას, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობას ამუშავებს, მაგალითად: ღუმელს — გასათბობად, ვენტილატორს — ჰაერის გასაწმენდად, კომპიუტერს — ინფორმაციის დასამუშავებლად, ტელევიზორს — გამოსახულების საჩვენებლად და ხმის გამოსაცემად. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგია არასდროს იძენს ამ მოწყობილობებისთვის დამახასიათებელ თვისებებს.
ფსალმუნის 146:3, 4-ში ნათქვამია, რომ ადამიანი, რომელსაც „ამოსდის სული [რუახის ერთ-ერთი ფორმა], ... უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“. სული ანუ სასიცოცხლო ძალა, რომელიც ადამიანის სხეულის უჯრედებს აცოცხლებდა, არ ინარჩუნებს ამ უჯრედებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, მაგალითად, არ განაგრძობს ტვინის უჯრედების ფუნქციის შესრულებას და ფიქრს. თუ სული ანუ სასიცოცხლო ძალა (რუახ; პნევმა) პიროვნებაა, ეს ნიშნავს, რომ ისრაელი ქალების ბავშვებს, რომლებიც ელია და ელისე წინასწარმეტყველებმა აღადგინეს, ფაქტობრივად, სიკვდილის შემდეგ სადღაც უნდა განეგრძოთ არსებობა. იმავეს თქმა შეიძლება ლაზარეზეც, რომელიც იესომ სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ აღადგინა (1მფ. 17:17—23; 2მფ. 4:32—37; ინ. 11:38—44). ასეთ შემთხვევაში მათ ემახსოვრებოდათ სიკვდილის შემდგომი პერიოდი და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოყვებოდნენ ამის შესახებ. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მათ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. ამგვარად, სული ანუ სასიცოცხლო ძალა, რომელიც წყვეტს მიცვალებულის უჯრედებში მოქმედებას, არ ინარჩუნებს ამ ადამიანის პიროვნულ თვისებებს.
ეკლესიასტეს 12:7-ში ნათქვამია, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული უბრუნდება მიწას, „სული კი — ჭეშმარიტ ღმერთს, მის მომცემს“. ადამიანი არასდროს ყოფილა ღმერთთან ზეცაში, ამიტომ ვერ დაუბრუნდება მას; ის, რაც ღმერთს უბრუნდება, არის სასიცოცხლო ძალა, რაც ამ ადამიანს აცოცხლებდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო ძალა უპიროვნოა, აშკარაა, რომ დავითის მიერ ფსალმუნის 31:5-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლებიც იესომ სიკვდილის წინ გაიმეორა: „შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (ლკ. 23:46), იმას ნიშნავდა, რომ მან ღმერთს ჩააბარა სასიცოცხლო ძალა (შდრ. სქ. 7:59). ამისთვის აუცილებელი არ იყო, რომ ეს ძალა პირდაპირი გაგებით ასულიყო ღვთის ზეციერ სამყოფელში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი გრძნობდა შეწირული ცხოველების სურნელებას (დბ. 8:20, 21), მაგრამ უეჭველია, ეს სურნელება არ სცდებოდა დედამიწის ატმოსფეროს. მსგავსად, ღმერთს შეუძლია სიმბოლური გაგებით წაიღოს მისთვის მინდობილი სული ანუ სასიცოცხლო ძალა ისე, რომ დედამიწიდან ეს ძალა პირდაპირი გაგებით არსად წავიდეს (იობ. 34:14; ლკ. 23:46). ამგვარად, ღვთისთვის სულის ჩაბარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს იმედი აქვს, ღმერთი აღდგომის დროს კვლავ მისცემს სასიცოცხლო ძალას (შდრ. რც. 16:22; 27:16; იობ. 12:10; ფს. 104:29, 30).
გონების აღმძვრელი ძალა. რუახ და პნევმა გამოიყენება იმ ძალის აღსანიშნავად, რომელიც ადამიანს გარკვეულ განწყობას ან დამოკიდებულებას უყალიბებს, ემოციას უჩენს ან რაიმე მოქმედებისკენ აღძრავს. თუმცა ეს ძალა უხილავია, შედეგები ხილული აქვს. ამგვარად, ეს უხილავი ძალა ადამიანს აღძრავს, ისე ილაპარაკოს და იმოქმედოს, როგორც მისთვის არის დამახასიათებელი.
ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ ისაკსა და რებეკას „სულს უმწარებდნენ“ ესავის ხეთელი ცოლები (დბ. 26:34, 35); სულდამწუხრებულ ახაბს მადა ჰქონდა დაკარგული (1მფ. 21:5); „ეჭვიანობის სულით“ შეპყრობილი კაცი შეიძლებოდა ცოლის ერთგულებაში დაეჭვებულიყო და ის მრუშობაში დაედანაშაულებინა (რც. 5:14, 30).
სულში რაიმეს თქმის ან გაკეთებისკენ აღმძვრელი ძალაც რომ იგულისხმება, ბიბლიის იმ მონაკვეთებიდანაც ჩანს, რომლებშიც ნათქვამია, რომ იესო ნავეს ძე იყო „კაცი, რომელშიც სულია“ (რც. 27:18), ქალებ იეფუნეს ძეს კი, ათი მზვერავის მიტანილი ამბით გულგატეხილ ისრაელთა უმრავლესობისგან განსხვავებით, „სხვა სული“ ჰქონდა (რც. 14:24). ღვთის მსახურებაში ელია დიდი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით გამოირჩეოდა; ელისემ, როგორც მისი საქმის გამგრძელებელმა, მისი სულის „ორი წილი“ ითხოვა (2მფ. 2:9, 15). იოანე ნათლისმცემელი ელიას მსგავს გულმოდგინებასა და ენთუზიაზმს იჩენდა, რაც მის მსმენელზე უდიდეს გავლენას ახდენდა. ამიტომაც არის ბიბლიაში მასზე ნათქვამი, რომ ის „ელიას სულითა და ძალით“ დადიოდა (ლკ. 1:17). აღმძვრელი ძალის მნიშვნელობა ჩანს შემდეგ ფრაზებშიც: „სული აღუძრა“ (1მტ. 5:26; ეზრ. 1:1, 5; ანგ. 1:14; შდრ. ეკ. 10:4), „სული აუფორიაქდა“ (დბ. 41:8; დნ. 2:1, 3; ინ. 13:21), „სულშეწუხებული“, „სული დამიუძლურდა“ (იობ. 7:11; ფს. 142:2, 3; შდრ. ინ. 11:33), „გაუცოცხლდა სული“, „გამიხალისეს სული“ (დბ. 45:27, 28; ეს. 57:15, 16; 1კრ. 16:17, 18; 2კრ. 7:13; შდრ. 2კრ. 2:13).
გული და სული. ხშირად, გული მოხსენიებულია სულთან, რაც მათ შორის არსებულ კავშირზე მიანიშნებს. ვინაიდან სიმბოლურ გულს შეუძლია ფიქრი და რაიმესკენ აღძვრა, და მჭიდროდ უკავშირდება ემოციებსა და სიყვარულს (იხ. გული), ის მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ადამიანის სულისკვეთების განვითარებას. გამოსვლის 35:21-ში სული და გული მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება: „ყველა, ვისაც გულმა გაუწია ... ვინც სულმა აღძრა“, შესაწირავი მიიტანა კარვის გასაკეთებლად. ამის საპირისპიროდ, როცა ქანაანელებმა გაიგეს, რა სასწაულები მოახდინა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის, „გულები შეუკრთათ და მხნეობა დაკარგეს“ [„შეუდრკათ გული და აღარ შერჩათ სული“, ბსგ] (იეს. 5:1; შდრ. ეზკ. 21:7). ბიბლიაში აგრეთვე გვხვდება სიტყვები: „გულისტკივილი“, „სულგამწარებული“ და სხვ. (ეს. 65:14; შდრ. ფს. 34:18; 143:4, 7; იგ. 15:13). აღმძვრელი ძალა დიდ გავლენას ახდენს გონებაზე, ამიტომ პავლე მოგვიწოდებს, განვიახლოთ „გონების აღმძვრელი ძალა [პნევმას ერთ-ერთი ფორმა]“ და შევიმოსოთ „ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფ. 4:23, 24).
ბიბლია საკუთარი თავის კონტროლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. „რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს“ (იგ. 25:28). გაღიზიანებული ადამიანი შეიძლება მოიქცეს სულელივით, რომელიც „თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგ. 29:11; შდრ. 14:29, 30). ერთხელ მოსემ ვერ გაუწია საკუთარ თავს კონტროლი, როცა ისრაელებმა „სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“ თავისდა საუბედუროდ (ფს. 106:32, 33). ასე რომ, „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“ (იგ. 16:32; შდრ. ბსგ). ამისთვის აუცილებელია თავმდაბლობა (იგ. 16:18, 19; ეკ. 7:8, 9); „თავმდაბალი [სიტყვასიტყვით „სულით თავმდაბალი“] კაცი დიდებას მოიხვეჭს“ (იგ. 29:23). ცოდნა და გამჭრიახობა ადამიანს „მშვიდი სულის“ შენარჩუნებასა და ენის გაკონტროლებაში ეხმარება (იგ. 17:27; 15:4). „სულებს იეჰოვა აფასებს“ და განსჯის მათ, ვინც თავის სულს არ იცავს (იგ. 16:2; მლ. 2:14—16).
ადამიანთა ჯგუფის მიერ გამოვლენილი სული. როგორც ერთ ადამიანს, ისე ადამიანთა ჯგუფს, შეიძლება ახასიათებდეს გარკვეული განწყობა ანუ სული (გლ. 6:18; 1თს. 5:23). ქრისტიანული კრება ერთსულოვანი უნდა იყოს და კრების თავის, ქრისტე იესოს სულს უნდა ირეკლავდეს (2კრ. 11:4; ფლ. 1:27; შდრ. 2კრ. 12:18; ფლ. 2:19—21).
პავლემ „ქვეყნიერების სული“ ღვთის სულს დაუპირისპირა (1კრ. 2:12). ღვთის მოწინააღმდეგის (1ინ. 5:19) გავლენაში მყოფი ქვეყნიერება ავლენს ეგოისტურ სულს, რომელიც ცოდვილი ხორცის სურვილებს აღვივებს, რის გამოც ის ღვთის მტერი ხდება (ეფ. 2:1—3; იაკ. 4:5). როგორც ორგული ისრაელების შემთხვევაში იყო, დღესაც ქვეყნიერების უწმინდური სული ხორციელი თუ სულიერი გარყვნილებისკენ და კერპთაყვანისმცემლობისკენ უბიძგეს ადამიანებს (ოს. 4:12, 13; 5:4; ზქ. 13:2; შდრ. 2კრ. 7:1).