ტომი
რამდენიმე ოჯახისა თუ შტოსგან შემდგარი საერთო ეთნიკური წარმოშობისა და ადათ-წესების მქონე გაერთიანება, რომელსაც ჰყავს თავკაცი.
ტომად ნათარგმნი ებრაული სიტყვები (მატტე და შევეტ) „ჯოხს“ ნიშნავს (გმ. 7:12; იგ. 13:24). როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა ტომის მნიშვნელობა იმიტომ შეიძინა, რომ თავკაცი, რომელიც ადამიანთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, კვერთხს ატარებდა (შდრ. რც. 17:2—6). უმეტეს შემთხვევაში, სადაც კონტექსტი აჩვენებს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე სიტყვა ტომის მნიშვნელობითაა ნახმარი, ნაგულისხმევია ისრაელის ერთ-ერთი ტომი, მაგალითად, „გადის ტომი“ (მატტე) ან „ლევიანების ტომი“ (შევეტ) (იეს. 13:24, 33). თუმცა ფსალმუნის 74:2-ში მოხსენიებულ ტომში, რომელიც ღმერთმა თავის მემკვიდრეობად გამოისყიდა, იგულისხმება მთელი ისრაელი ერი, როგორც სხვა ერებისა და ხალხებისგან გამორჩეული. რიცხვების 4:18-ში (ბსგ) „ტომი“ უფრო ვიწრო მნიშვნელობით გვხვდება და გამოიყენება ლევის ტომის ერთი-ერთი შტოს, კერძოდ, კეჰათელების მიმართ. ესაიას 19:13-ში ნახსენებ ეგვიპტელ ტომებში იგულისხმება ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ადგილმდებარეობის თუ კასტის მიხედვით ან სხვა რაიმე ნიშნით გამოირჩევა. ებრაული სიტყვა შევეტ, რომელიც, როგორც წესი, ტომად ითარგმნება, რიცხვების 18:2-ში ნათარგმნია შტოდ, რადგან ამ მუხლში შევეტ ტომის აღმნიშვნელ მეორე ებრაულ სიტყვა მატტესთან ერთად გვხვდება.
კიდევ ერთი ებრაული სიტყვა ʼუმმაჰ, რომელიც ბიბლიაში სამჯერ გვხვდება, შტოდ და ტომად არის ნათარგმნი და გულისხმობს არაებრაელთა დიდ ჯგუფს. მაგალითად, ისმაელის 12 ვაჟის შთამომავლები მათი ეთნიკური ჯგუფის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ტომებად არიან მოხსენიებულნი (დბ. 25:16). მიდიანის შთამომავლები კი შტოებად იხსენიებიან (რც. 25:15). ეს სიტყვა აგრეთვე გვხვდება ებრაულ პოეზიაში, კერძოდ, ფსალმუნის 117:1-ში, სადაც ის ერებთან ერთადაა მოხსენიებული.
ტომად ნათარგმნ ბერძნულ სიტყვა ფილეში მოიაზრება ხალხის ჯგუფი, რომელსაც საერთო წინაპარი ჰყავს, აგრეთვე მისგან წარმოშობილი შტო ანუ საგვარეულო. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა ხშირად ისრაელი ერის ტომებს გულისხმობს (სქ. 13:21; რმ. 11:1; ფლ. 3:5; ებ. 7:13, 14; გმც. 5:5). ისეთ ფრაზაში, როგორიცაა „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“, „ტომი“, როგორც ჩანს, ნიშნავს საერთო წინაპრისგან წარმოშობილ ხალხის ჯგუფს (გმც. 5:9). ამგვარ ფრაზაში მოიაზრება ყველა ხალხი, იქნება ეს საერთო წარმოშობის მქონე ადამიანები, საერთო ენებზე მოლაპარაკე ჯგუფები, მსოფლიოს ხალხთა დიდი ჯგუფები თუ ის ხალხები, რომლებიც ამა თუ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დანაყოფს ეკუთვნიან (გმც. 7:9; 11:9; 13:7; 14:6). სიტყვა ფილეს აგრეთვე ვხვდებით გამოცხადების 1:7-ში, კერძოდ, ფრაზაში „დედამიწის ყველა ტომი“. მასში დედამიწის ყველა მკვიდრი იგულისხმება, რადგან იმავე მუხლში წერია: „დაინახავს მას ყოველი თვალი“ (შდრ. მთ. 24:30).
ისრაელის ტომები. ტომობრივი გაერთიანება ისრაელში იაკობის 12 ვაჟისგან წარმოიშვა (დბ. 29:32—30:24; 35:16—18). ამ „თორმეტმა მამამთავარმა [ბერძ. დოდეკა პატრიარქას]“ „ისრაელის თორმეტი ტომი“ წარმოშვა (დბ. 49:1—28; სქ. 7:8). აღსანიშნავია, რომ იაკობმა იოსების ორი ვაჟი, უფროსი მენაშე და უმცროსი ეფრემი, აკურთხა და თქვა: „ეფრემი და მენაშე ისევე გახდებიან ჩემები, როგორც რეუბენი და სიმონი“ (დბ. 48:5, 13—20). აღთქმულ მიწაზე სამკვიდროების განაწილებისას იოსების ტომზე არაფერია ნათქვამი (იეს. 13—19). თუმცა იოსების ვაჟები, მენაშე და ეფრემი ისრაელის ცალკეულ ტომებად ჩაითვალნენ და თავ-თავიანთი სამკვიდროები მიიღეს (იხ. საზღვარი; რუკა, ტ. 1, გვ. 744). მაგრამ სამკვიდროს მიმღებ ტომთა რიცხვი ცამეტამდე არ გაზრდილა, რადგან იეჰოვას მითითებისამებრ ლევიანებს სამკვიდრო არ მიუღიათ. იეჰოვამ ისრაელის სხვა ტომების პირმშოების სანაცვლოდ „ლევის ტომი“ აირჩია კარავში მსახურებისთვის (რც. 1:49; გმ. 13:1, 2; რც. 3:6—13, 41; კნ. 10:8, 9; 18:1; იხ. ლევიანები). ასე რომ, თუ არ ჩავთვლით ლევის ტომს, ისრაელი 12 ტომისგან შედგებოდა (იეს. 3:12, 13; მსჯ. 19:29; 1მფ. 11:30—32; სქ. 26:7).
როდესაც მოსემ ისრაელის ტომები აკურთხა (კნ. 33:6—24), სიმონი სახელით არ უხსენებია. მიზეზი შეიძლება ისაა, რომ ეს ტომი საგრძნობლად იყო შემცირებული და ამის გამო მას თავისი სამკვიდრო იუდას ტერიტორიაზე უნდა მიეღო. შეწირული წმინდა მიწისა და ისრაელის 12 ტომის შესახებ ეზეკიელის ხილვაში ის ტომებია ჩამოთვლილი, რომლებმაც წიგნ „იესო ნავეს ძის“ თანახმად სამკვიდრო მიიღეს (ეზკ. 48:1—8, 23—28). ამ ხილვაში ლევის ტომი „შეწირულ წმინდა მიწაზე“ იყო დამკვიდრებული (ეზკ. 48:9—14, 22).
ტომების ორგანიზება. ისრაელ ერს ორგანიზება ტომების მიხედვით ეწეოდა. უდაბნოში ისინი თავიანთ ტომებთან ერთად გადაადგილდებოდნენ და ბანაკდებოდნენ (რც. 2:1—31; 10:5, 6, 13—28). მათი სამკვიდროები ტომების მიხედვით განაწილდა. რომელიმეს სამკვიდრო ტომიდან ტომში რომ არ გადასულიყო, მათ კონკრეტული კანონები მიეცათ (რც. 36:7—9; იეს. 19:51).
მოგვიანებით თითოეულ ტომს თავკაცები დაუყენეს. ტომი ერის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ერთეული იყო. თავის მხრივ, თითოეული ტომი დიდ საგვარეულოებად იყოფოდა მათი მამამთავრების მიხედვით (რც. 3:20, 24; 34:14). თითოეულ საგვარეულოში მრავალი სახლეულობა შედიოდა. ეს ტომობრივი დაყოფა კარგად არის აღწერილი იესო ნავეს ძის 7:16—18-სა და 1 სამუელის 9:21; 10:20, 21-ში.
სულიერი ისრაელის ტომები. გამოცხადების 7:4—8-ში სულიერი ისრაელის 144 000 წევრი 12 ტომად არის დაყოფილი. თითოეული ტომი 12 000 წევრს აერთიანებს (იხ. ღვთის ისრაელი). მათი ჩამონათვალი ოდნავ განსხვავდება იაკობის ვაჟების (მათ შორის ლევი), ძველი ისრაელის ტომების მამამთავრების ჩამონათვალისგან (დბ. 49:28). სხვაობის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი: იაკობის პირმშომ, რეუბენმა სამარცხვინო საქციელის გამო პირმშოობა დაკარგა (დბ. 49:3, 4; 1მტ. 5:1, 2). იოსებს (იაკობის მეორე ცოლისგან, რახელისგან გაჩენილი პირმშო) გადაეცა პირმშოობის უფლება, მათ შორის ორმაგი წილი ისრაელის მიწაზე (დბ. 48:21, 22). წიგნ „გამოცხადების“ ჩამონათვალში, როგორც ჩანს, „იოსებით“ „ეფრემია“ წარმოდგენილი, რომელსაც სულიერ ისრაელში ერთი წილი ერგო, ხოლო მენაშეს — მეორე წილი. ნუსხაში შესულია ლევის ტომიც. ტომთა რიცხვი რომ არ გაზრდილიყო, დანი არ შევიდა გამოცხადების 7:4—8-ის ჩამონათვალში, მაგრამ, როგორც ჩანს, იმიტომ არა, რომ ის ამას არ იმსახურებდა. გარდა ამისა, ლევის ტომის მოხსენიება იმაზე მოწმობს, რომ სულიერ ისრაელში სამღვდელო ტომი არ იარსებებდა და რომ მთელი სულიერი ერი „სამეფო სამღვდელოება“ იქნებოდა (1პტ. 2:9).
ისრაელის თორმეტი ტომის გასამართლება. იესომ უთხრა მოციქულებს, რომ „ხელახლა შექმნისას“ ისინი თორმეტ ტახტზე დასხდებოდნენ და ისრაელის თორმეტ ტომს გაასამართლებდნენ (მთ. 19:28; იხ. შემოქმედება [ხელახლა შექმნა]). იესომ მსგავსი აზრი გამოთქვა, როცა თავის ერთგულ მოციქულებს სამეფოსთვის დაუდო შეთანხმება (ლკ. 22:28—30). ფაქტია, რომ 12 ტომში იესო არ გულისხმობდა „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ სულიერ ისრაელს, რადგან სულიერი ისრაელის წევრები თავად მოციქულები არიან (ეფ. 2:19—22; გმც. 3:21). „წმინდებად მოწოდებულები“ საკუთარ თავს კი არა, „ქვეყნიერებას“ გაასამართლებენ (1კრ. 1:1, 2; 6:2). ქრისტეს თანამეფეები ქმნიან მღვდელთა სამეფოს (1პტ. 2:9; გმც. 5:10). მაშასადამე, მათეს 19:28-სა და ლუკას 22:30-ში მოხსენიებულ „ისრაელის თორმეტ ტომში“ იგულისხმება „ქვეყნიერება“ ანუ კაცობრიობა, რომელიც არ განეკუთვნება სამეფო სამღვდელოებას და რომელსაც ზეციერ ტახტებზე მსხდომნი გაასამართლებენ (გმც. 20:4).