ᲠᲘᲪᲮᲕᲔᲑᲘ, ᲪᲘᲤᲠᲔᲑᲘ
ძველ ებრაულ ენაში რიცხვებს სიტყვიერად წერდნენ. ბაბილონში გადასახლებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ებრაელებმა გარკვეულწილად გადმოიღეს ბაბილონელთა ჩვეულება და ციფრების აღსანიშნავად ანბანის ასოების გამოყენება დაიწყეს. თუმცა ბიბლიურ ხელნაწერებში, რომლებიც დაწერილია ებრაულ ენაზე ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ციფრების წერის ეს სისტემა აღარ გვხვდება. ერთ-ერთი ჩვენამდე მოღწეული უძველესი ებრაული წარწერა აღმოჩენილია სილოამის წყლის გვირაბის კედელზე (სავარაუდოდ, მიეკუთვნება ხიზკიას მმართველობის პერიოდს [ძვ. წ. 745—717]) და მასში რიცხვები სიტყვიერად არის დაწერილი. ებრაული წერილების ხელნაწერებში რიცხვების სიტყვიერად წერა ამ ხელნაწერების სიზუსტისა და სარწმუნოობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რადგან მათი გადაწერა ბევრჯერ ხდებოდა და რიცხვების წერისას შეცდომის დაშვების ალბათობა უფრო დიდი იყო, ვიდრე სიტყვების წერისას.
ებრაულ ენაში ათის ზემოთ რიცხვები წარმოადგენს სიტყვების კომბინაციას, მაგალითად 12 — ორი და ათი (დბ. 14:4), გამონაკლისს წარმოადგენს 20 — ათის მრავლობითი ფორმა; 30 არის სიტყვა „სამისგან“ წარმოქმნილი სიტყვა მრავლობით რიცხვში; 40 არის სიტყვა „ოთხისგან“ წარმოქმნილი სიტყვა მრავლობით რიცხვში და ა. შ. 100 ცალკე მდგომი სიტყვაა, 200 კი — სიტყვა „ასის“ გაორმაგებული ფორმა. სხვა ასეულები, მაგალითად 300, ორი სიტყვისგან შედგება. ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც ერთი ებრაული სიტყვით გამოიხატება, არის 20 000, ის წარმოადგენს 10 000-ის (მირიადი) გაორმაგებულ ფორმას. უფრო დიდი რიცხვები კი სიტყვების კომბინაციითაა გადმოცემული. მაგალითად, 1 მატიანის 5:18-ში რიცხვი 44 760 სიტყვასიტყვით ასე წერია — ორმოცი ათასი, ოთხი ათასი, შვიდასი და სამოცი. 2 მატიანის 14:9-ში „მილიონი“ წერია, როგორც „ათასობით ათასი“. რებეკა მისმა ოჯახმა ასე აკურთხა: „ჩვენო დაო, შენგან გამოვიდეს ათასობით ათი ათასი [სიტყვასიტყვით, ათასობით მირიადი]“ (რებეკას შთამომავლობა სინამდვილეში არაერთი მილიონი გახდა) (დბ. 24:55, 60). დანიელმა ხილვაში იხილა, რომ იეჰოვას წინაშე „ათიათასობით ათი ათასი [სიტყვასიტყვით, მირიადობით მირიადი] იდგა“ (დნ. 7:10).
ზოგჯერ ბიბლიაში რიცხვები დაახლოებითი მნიშვნელობით გამოიყენება ანუ დამრგვალებულია, მაგალითად, ფსალმუნის 90:10-ში, სადაც ფსალმუნმომღერალი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საუბრობს, და შესაძლოა 1 მეფეების 19:18-ში, სადაც მოხსენიებულია 7 000 ადამიანი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე, და 2 მატიანის 14:9-ში, სადაც ნათქვამია, რომ ასამ ეთიოპთა მილიონიანი ჯარი დაამარცხა.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში რიცხვები, როგორც წესი, სიტყვებით არის დაწერილი. „მხეცის“ რიცხვი სიტყვებით წერია სინურ და ალექსანდრიის ხელნაწერებში (გმც. 13:18).
ბიბლიაში გამოყენებულ ციფრებს კავშირი არა აქვს ნუმეროლოგიასთან. ვინაიდან ბიბლია შეიცავს როგორც ისტორიულ მონაცემებს, ისე წინასწარმეტყველებებს, რიცხვებს მასში ან პირდაპირი დატვირთვა აქვს, ან სიმბოლური. ჩვეულებრივ, კონტექსტიდან ჩანს, რა გაგებით გამოიყენება რიცხვი. ზოგიერთი რიცხვი ხშირად გვხვდება ბიბლიაში გადატანითი ან სიმბოლური მნიშვნელობით, აგრეთვე მაგალითებში. ამ შემთხვევებში მათი მნიშვნელობის ცოდნა ტექსტის სწორად გაგებაში გვეხმარება. თუმცა ბიბლიაში რიცხვების ამგვარ გამოყენებას არანაირი კავშირი არა აქვს ნუმეროლოგიასთან, სადაც ციფრები, მათი კომბინაციები და ციფრების ჯამი მისტიკურ დატვირთვას ატარებს. როგორც ჩანს, ნუმეროლოგია სათავეს ძველი ბაბილონიდან იღებს და, მკითხაობის სხვა ფორმების მსგავსად, მკაცრად იგმობა ღვთისგან (კნ. 18:10—12).
ქვემოთ განხილულია რიცხვები, რომლებიც ბიბლიაში ხშირად გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული.
ერთი. როცა ეს რიცხვი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება, ის ატარებს განსაკუთრებულობის, უნიკალურობის ან მიზნებსა და საქმეებში ერთიანობისა და შეთანხმებულობის მნიშვნელობას. მოსემ თქვა: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კნ. 6:4). მხოლოდ ის არის უზენაესი. მისი მსგავსი არავინაა. წარმართული სამერთიანი ღვთაებებისგან განსხვავებით, ის არავის უყოფს თავის დიდებას (სქ. 4:24; გმც. 6:10; ეს. 42:8). იეჰოვასა და იესო ქრისტეს შორის ერთობაა განზრახვასა და საქმეში (ინ. 10:30) და ქრისტეს მიმდევრებიც სრულ ერთობაში უნდა იყვნენ ღმერთთან, მის ძესთან და ერთმანეთთან (ინ. 17:21; გლ. 3:28). მსგავსი ერთობა იგულისხმება ქორწინებაშიც (დბ. 2:24; მთ. 19:6; ეფ. 5:28—32).
ორი. რიცხვი ორი ხშირად გამოიყენება სამართლებრივ საკითხებში. როცა ორი მოწმის ნათქვამი ერთმანეთს ემთხვეოდა, ჩვენებას იურიდიული ძალა ენიჭებოდა. მსაჯულების წინაშე საქმის წარსადგენად საჭირო იყო ორი ან ზოგჯერ სამი მოწმის ჩვენება. ეს პრინციპი ქრისტიანულ კრებაშიც გამოიყენება (კნ. 17:6; 19:15; მთ. 18:16; 2კრ. 13:1; 1ტმ. 5:19; ებ. 10:28). ღმერთი ამ პრინციპის მიხედვით მოიქცა, როცა კაცობრიობას თავისი ძე მხსნელად მოუვლინა. იესომ თქვა: „თქვენს კანონშიც ხომ წერია, რომ ორი კაცის მოწმობა სარწმუნოა?! ჩემს თავზე ვმოწმობ მე და ჩემზე მოწმობს მამაც, რომელმაც გამომგზავნა“ (ინ. 8:17, 18).
რაღაცის გამეორება, მაგალითად, რაიმე განცხადების ან ხილვის, მაშინაც კი, თუ ის გადმოცემულია პარალელიზმის მეშვეობით, ადასტურებს მის სიმართლესა და უტყუარობას (მაგალითად, ფარაონის სიზმარში ნანახი ძროხები და თავთავები; დბ. 41:32). ებრაულ წერილებში პოეზია სავსეა აზრობრივი პარალელიზმებით, რის წყალობითაც ჭეშმარიტება ღრმად იბეჭდება გონებაში და აზრების სხვადასხვაგვარად გადმოცემა მეტ ნათელს ჰფენს საკითხებს (იხ. ფს. 2; 44 და სხვები).
დანიელის წინასწარმეტყველებაში „ორრქიანი“ მხეცი ასიმბოლოებს მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებულ მმართველობას (დნ. 8:20, 21; შდრ. გმც. 13:11).
სამი. მაშინ როცა ორი მოწმის ჩვენება საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა სამართლებრივი ქმედების დასაწყებად, სამი მოწმის ჩვენება ბრალდებას უფრო აძლიერებდა. ამიტომ რიცხვი სამი ზოგჯერ რაღაცის გასამძაფრებლად, ხაზგასასმელად ან გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. ბიბლია ამბობს: „ადვილად არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკ. 4:12). ხაზგასმის მაგალითია კითხვა, რომელიც იესომ სამჯერ დაუსვა პეტრეს მას შემდეგ, რაც მან სამჯერ უარყო იესო (მთ. 26:34, 75; ინ. 21:15—17). ხილვა, რომელშიც პეტრეს ებრძანა ყველანაირი ცხოველის ხორცის ჭამა, მათ შორის ისეთი ცხოველისაც, რომელიც კანონის თანახმად უწმინდურად მიიჩნეოდა, იმით იყო გაძლიერებული, რომ სამჯერ მიეცა ეს მითითება. უეჭველია, ეს ხილვა დაეხმარა პეტრეს; როცა დაინახა, რომ კორნელიუსმა და მისმა სახლეულობამ მიიღო სასიხარულო ცნობა, ის მიხვდა, რომ ღმერთმა ყურადღება მიმართა სხვა წინადაუცვეთელი ხალხებისკენ, რომელთაც იუდეველები უწმინდურებად თვლიდნენ (სქ. 10:1—16, 28—35, 47, 48).
იეჰოვას უდიდეს სიწმინდესა და სისპეტაკეს ხაზს უსვამს ზეციერი ქმნილებების სიტყვები: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“ (ეს. 6:3; გმც. 4:8). დავითის შთამომავალთაგან უკანასკნელი მიწიერი მეფის ტახტიდან ჩამოგდებამდე იეჰოვამ თქვა: „ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას! გვირგვინი არავის არ მიეცემა, სანამ არ მოვა უფლებამოსილი; მას გადავცემ“. ამ სიტყვებით იეჰოვამ ხაზი გაუსვა, რომ დავითის შთამომავალთაგან აღარავინ დაჯდებოდა იერუსალიმის ტახტზე მისი სახელით — ტახტს საერთოდ აღარავინ დაიკავებდა, ვიდრე დანიშნულ დროს ის სამეფო ძალაუფლებას არ მისცემდა მესიას (ეზკ. 21:27). გასაჭირის სიმძაფრის გამოსახატავად, რომელიც დედამიწის მკვიდრთ ელოდათ, გამოცხადების 8:13-ში სიტყვა „ვაი“ სამჯერ არის ნათქვამი.
ოთხი. რიცხვი „ოთხი“ ზოგჯერ გადმოსცემს ყოვლისმომცველობის ან ოთხკუთხედისთვის დამახასიათებელი სიმეტრიულობის აზრს. ეს რიცხვი სამჯერ არის მოხსენიებული გამოცხადების 7:1-ში. ამ მუხლის თანახმად, „ოთხი ანგელოზი“ (ყველა, რომელთაც უჭირავთ ოთხი გამანადგურებელი ქარი) დგას „დედამიწის ოთხ კუთხეში“ (ანგელოზები, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დაიგონალზე დგანან, გაუშვებენ ქარებს და დედამიწის არცერთი კუნჭული არ დარჩება გაუნადგურებელი) (შდრ. დნ. 8:8; ეს. 11:12; იერ. 49:36; ზქ. 2:6; მთ. 24:31). ახალი იერუსალიმი წარმოადგენს „ოთხკუთხედს“, ფაქტობრივად, კუბს, რომლის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია (გმც. 21:16). რიცხვი „ოთხის“ გადატანითი მნიშვნელობით გამოყენების სხვა მაგალითები ჩაწერილია ზაქარიას 1:18—21-ში, 6:1—3-სა და გამოცხადების 9:14, 15-ში.
ექვსი. ეს რიცხვი ზოგჯერ არასრულყოფილებას გამოხატავს. „მხეცის“ რიცხვია 666 და მას „ადამიანის რიცხვიც“ ეწოდება, რაც მიანიშნებს არასრულყოფილ, ცოდვილ ადამიანთან კავშირზე და, როგორც ჩანს, ასიმბოლოებს იმის არასრულყოფილებას, რასაც „მხეცი“ წარმოადგენს. ამიტომ რიცხვი „ექვსის“ სამჯერ გამეორება (ექვსი ასეული, ექვსი ათეული და ექვსი ერთეული) აძლიერებს იმის არასრულყოფილებასა და არასრულფასოვნებას, რასაც წარმოადგენს ან განასახიერებს მხეცი (გმც. 13:18).
შვიდი. ბიბლიაში რიცხვი „შვიდი“ ხშირად გამოიყენება სისრულის აღსანიშნავად. ზოგჯერ ის მიუთითებს საქმის ბოლომდე მიყვანაზე; ან უკავშირდება რაიმე სრულ ციკლს, რომელიც დაადგინა ან დაუშვა ღმერთმა. იმით, რომ იეჰოვამ დედამიწასთან დაკავშირებული სამუშაო ექვს შემოქმედებით დღეში დაასრულა და მეშვიდე დღეს დაისვენა, მან შექმნა შაბათის ღონისძიების ნიმუში, რომელსაც მიეკუთვნებოდა როგორც შვიდდღიანი კვირა, ისე საიუბილეო წელი, რომელიც მოსდევდა შვიდ შვიდწლიან პერიოდს (გმ. 20:10; ლვ. 25:2, 6, 8). უფუარობის დღესასწაული და კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს გრძელდებოდა (გმ. 34:18; ლვ. 23:34). რიცხვი „შვიდი“ ხშირად მოიხსენიება იმ მითითებებთან, რომლებიც ლევიანებს მიეცათ შესაწირავებსა (ლვ. 4:6; 16:14, 19; რც. 28:11) და განწმენდასთან დაკავშირებით (ლვ. 14:7, 8, 16, 27, 51; 2მფ. 5:10).
წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული „შვიდი კრება“ მათი თავისებურებებით სრულ წარმოდგენას გვიქმნის დედამიწაზე არსებულ ღვთის ყველა კრებაზე (გმც. 1:20—3:22).
„შვიდთავიანი მხეცი“ (გმც. 13:1) იმაზე მიუთითებს, რომ მერვე მსოფლიო მპყრობელი არ გამოჩნდება. თუმცა „ალისფერ მხეცს“ ეწოდება „მერვე მეფე“, ის შვიდიდან წარმოიშობა და შვიდთავიანი მხეცისგან დამოუკიდებლად არ იარსებებს (გმც. 17:3, 9—11); იმავეს თქმა შეიძლება „მხეცის ქანდაკებაზე“ (გმც. 13:14). მსგავსად, ორრქიანი „მხეცი“ არსებობს პირველ „მხეცთან“ ერთად, რომლის „ნიშნის“ დასმასაც ის ცდილობს ყველა ხალხზე (გმც. 13:11, 16, 17).
იეჰოვა დიდხანს უთმენდა ისრაელებს, მაგრამ აფრთხილებდა მათ, რომ, მიუხედავად მისი აღმზრდელობითი ზომებისა, თუ არ მოუსმენდნენ, ის „შვიდმაგად“ დასჯიდა მათ თავიანთი ცოდვებისთვის (ლვ. 26:18, 21, 28).
ბიბლიის იმ წიგნებში, სადაც ისტორიული მოვლენებია აღწერილი, რიცხვი „შვიდი“ ხშირად აღნიშნავს სისრულეს ან საქმის ბოლომდე მიყვანას. ისრაელები სრულ მორჩილებასა და რწმენას ავლენდნენ, როცა შვიდი დღის მანძილზე იერიხონს წრეს არტყამდნენ. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეს მას, რის შემდეგაც ქალაქის გალავანი ჩამოინგრა (იეს. 6:2—4, 15). ელიამ, რომელიც ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი შეისმენდა მის ლოცვას, ვიდრე წვიმა წამოვიდოდა, შვიდჯერ გაგზავნა თავისი მსახური, რომ ქარმელის მთის წვერზე ასულიყო და ცისთვის შეეხედა (1მფ. 18:42—44). წინასწარმეტყველმა ელისემ კეთროვან ნაამანს უთხრა, რომ შვიდჯერ განბანილიყო მდინარე იორდანეში. ამ მითითების შესასრულებლად ძლევამოსილ სირიელ მხედართმთავარს დიდი თავმდაბლობის გამოვლენა დასჭირდა, მაგრამ მორჩილების გამო იეჰოვამ განწმინდა ის (2მფ. 5:10, 12). იეჰოვას სიტყვების სიწმინდე, სისრულე, სრულყოფილება და სიმშვენიერე პოეტურად არის შედარებული ხალას ვერცხლთან, რომელიც თიხის ქურაში შვიდჯერ არის გადამდნარი და განწმენდილი (ფს. 12:6). იეჰოვას წყალობა კარგად ჩანს სიტყვებიდან: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, წამოდგება“ (იგ. 24:16). იეჰოვა იმსახურებს ქება-დიდებას, რასაც ფსალმუნმომღერლის სიტყვები ადასტურებს: „დღეში შვიდჯერ გაქებ და გადიდებ“ (ფს. 119:164).
წიგნ „გამოცხადებაში“ რიცხვი „შვიდი“ სიმბოლური მნიშვნელობით არაერთხელ გამოიყენება იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება ღვთის საქმეებსა და მის კრებულს, აგრეთვე ღვთის მტერს, სატანა ეშმაკს, რომელიც მთელი ძალებით ეწინააღმდეგება ღმერთს და მის ხალხს (გმც. 1:4, 12, 16; 5:1, 6; 8:2; 10:3; 12:3; 13:1; 15:1, 7; 17:3, 10; და სხვა ბიბლიური მუხლები).
შვიდზე გამრავლებით მიღებული რიცხვებიც სისრულის დატვირთვას ატარებს. სამოცდაათი (ათჯერ შვიდი) წინასწარმეტყველური მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვებში „სამოცდაათი კვირა“ დანიელის წინასწარმეტყველებაში, რომელიც მესიის მოსვლას უკავშირდება (დნ. 9:24—27; იხ. ᲡᲐᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ). ღვთისადმი დაუმორჩილებლობის გამო იერუსალიმი და იუდა 70 წლის განმავლობაში გაუკაცრიელებული იყო, რათა „მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები“ (2მტ. 36:21; იერ. 25:11; 29:10; დნ. 9:2; ზქ. 1:12; 7:5).
სამოცდაჩვიდმეტი, რიცხვი შვიდის გამეორება გულისხმობს „უსასრულობას“ ან „შეუზღუდაობას“. იესო ურჩევს ქრისტიანებს, რომ სწორედ ამდენჯერ აპატიონ თავიანთ ძმებს (მთ. 18:21, 22). ვინაიდან ღმერთმა ბრძანა, რომ ნებისმიერს, ვინც სიცოცხლეს გამოასალმებდა მკვლელ კაენს, შვიდმაგად მიეზღვებოდა, ლამექმა, რომელმაც, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით მოკლა ადამიანი, თქვა: „თუ კაენისთვის შვიდჯერ მიეზღვებათ, ლამექისთვის — სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (დბ. 4:15, 23, 24).
რვა. რიცხვი „რვა“ (ერთით მეტი რიცხვ შვიდზე, რომელიც, ძირითადად, სისრულეს აღნიშნავს) აგრეთვე გამოიყენება რაიმეს სისრულის ხაზგასასმელად და, ამგვარად, ზოგჯერ სიუხვეზე მიუთითებს. იეჰოვამ დაარწმუნა თავისი ხალხი, რომ მოსპობდა ასურეთის მხრიდან საშიშროებას და თქვა: „მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს გამოვიყვანთ, [არა უბრალოდ შვიდს, არამედ] რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან“ (მქ. 5:5). წმინდა წლის ბოლო დღესასწაულის, კარვობის დღესასწაულის, მერვე დღე იყო სრული დასვენების დღე, რაც შესაფერისი დასასრული იყო, რადგან ამ დღეს იმართებოდა ერთ-ერთი წმინდა შეკრება, საზეიმო შეკრება (ლვ. 23:36, 39; რც. 29:35).
ათი. რიცხვი ათი ნიშნავს სისრულეს, მთლიანობას, რაიმეს შემადგენელთა ერთობლიობას. აღსანიშნავია ისიც, რომ „შვიდისა“ და „ათის“ ერთად გამოყენების დროს, რიცხვი „შვიდი“ მიუთითებს უფრო ზემდგომზე ან აღმატებულზე, რიცხვი „ათი“ კი — მეორეხარისხოვანზე.
ათი სასჯელით ღმერთმა ბოლომდე აღასრულა ეგვიპტისთვის გამოტანილი განაჩენი — ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ეგვიპტის ცრუ ღმერთები ბოლომდე დამცირებულიყვნენ და ღვთის ხალხი, ისრაელი ეგვიპტის უღლისგან გათავისუფლებულიყო. კანონის შეთანხმებას საფუძვლად დაედო „ათი მცნება“, დაახლოებით 600 კანონი კი უბრალოდ განავრცობდა მათ, განმარტავდა და ხსნიდა, როგორ შეიძლებოდა მათი გამოყენება (გმ. 20:3—17; 34:28). იესომ რიცხვი „ათი“ რამდენიმე მაგალითში გამოიყენა რაიმეს მთლიანობის ან სრული რიცხვის აღსანიშნავად (მთ. 25:1; ლკ. 15:8; 19:13, 16, 17).
დანიელის ხილვაში ნანახ ერთ-ერთ მხეცს და წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილ ზოგიერთ მხეცს ათი რქა ჰქონდა. როგორც ჩანს, რქები განასახიერებს ყველა მიწიერ მმართველობას ანუ „მეფეებს“, რომლებიც მხეცის შემადგენლობაში შედიან (დნ. 7:7, 20, 24; გმც. 12:3; 13:1; 17:3, 7, 12). განსაცდელის ან გამოცდის პერიოდის სისრულეზე, რომელიც ღმერთმა განსაზღვრა თავისი მსახურებისთვის ან დაუშვა მათზე, საუბარია გამოცხადების 2:10-ში: „ნუ შეგაშინებს ის სატანჯველი, რისი ატანაც მოგიწევს. ეშმაკი ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ; თქვენი გასაჭირი ათი დღე გასტანს“.
თორმეტი. პატრიარქ იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა, რომელთაგანაც ისრაელის 12 ტომი წარმოიშვა. მათი შთამომავლებისგან ღმერთმა თავისი ერი ჩამოაყალიბა და მათ კანონის შეთანხმება დაუდო. ამიტომ რიცხვი „თორმეტი“, როგორც ჩანს, აღნიშნავს ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის მთლიანობას, სისრულეს (დბ. 35:22; 49:28). იეჰოვამ 12 მოციქული აირჩია, რომლებიც შეადგენდნენ იესო ქრისტეზე აგებული ახალი იერუსალიმის მეორეხარიხსოვან საძირკველს (მთ. 10:2—4; გმც. 21:14). წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულია სულიერი ისრაელის 12 ტომი, რომელთაგან თითოეული 12 000 წევრისგან შედგება (გმც. 7:4—8).
ზოგჯერ აგრეთვე მნიშვნელოვანია 12-ზე ნამრავლი რიცხვები. დავითმა მღვდლები 24 ჯგუფად დაყო, რომელთაც რიგრიგობით უნდა ემსახურათ იმ ტაძარში, რომელსაც მოგვიანებით სოლომონი ააგებდა (1მტ. 24:1—18). ეს გვეხმარება, გავიგოთ, ვინ არის წარმოდგენილი „ოცდაოთხი უხუცესით“, რომლებიც ღვთის ტახტის გარშემო სხედან, თეთრი სამოსელით არიან შემოსილნი და თავზე გვირგვინები ადგათ (გმც. 4:4). იესო ქრისტეს მიმდევრებს, მის სულიერ ძმებს, მიეცათ დაპირება, რომ ისინი მეფეები და მღვდლები იქნებიან მასთან ერთად ზეცაში. ეს უხუცესები განასახიერებენ არა მხოლოდ მოციქულებს, რომელთა რიცხვიც 12 იყო, არამედ, როგორც ჩანს, ისინი განასახიერებენ მთელ „სამეფო სამღვდელოებას“, 144 000-ს, რომლებიც ზეცაში მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ (144 000-ის პირველსახე იყო ტაძარში მომსახურე მღვდლებისგან შემდგარი 24 ჯგუფი) (1პტ. 2:9; გმც. 7:4—8; 20:6).
ორმოცი. ამ რიცხვს უკავშირდება ზოგიერთი განაჩენი ან სასჯელის ვადა (დბ. 7:4; ეზკ. 29:11, 12). ნინევეს 40 დღე მიეცა მოსანანიებლად (იონ. 3:4). რიცხვი 40 მოიხსენიება როგორც იესო ქრისტესთან, ისე მოსესთან დაკავშირებით, რომელიც ქრისტეს პირველსახე იყო. ორივე მათგანი 40 დღეს მარხულობდა (გმ. 24:18; 34:28; კნ. 9:9, 11; მთ. 4:1, 2).